ნენსკრა ჰესის პოლიტიკური ეკონომია

ნენსკრაავტორი: ქეთი თადიაშვილი, ოტავას უნივერსიტეტის (კანადა) განვითარების მიმართულების (develoment studies) სტუდენტი.

© European.ge

თანამედროვე ენერგეტიკა თანამედროვე ეკონომიური სისტემის მამოძრავებელია. ინდუსტრიალიზაცია და ინდუსტრიურ კაპიტალიზმში გარდაქმნა, შესაბამისი ენერგეტიკული განვითარების შედეგად მოხდა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკა აბსტრაქტული და განცალკევებული ფენომენი არ არის, არამედ ფუნდამენტურად დაკავშირებულია არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ურთიერთობებთან.

დღეს საქართველოს მთავარი ენერგეტიკული სტრატეგია ჰიდროელეტროსადგურების განვითარებაა. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტრო ულტრა ლიბერტარიანულ პირობებს ქმნის უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. 2008 წლიდან, ენერგო ბაზრის დერეგულაცია მოიცავს შემდეგს: გადასახადების არარსებობა ახლად აშენებული ჰესებისთვის; ინვესტორზე პრეროგატივის მინიჭება, რომ აირჩიოს რომელი ქვეყნის ბაზარს მოამარაგებს, და რა ფასად; ინვესტორის გათავისუფლება გადასახდებისგან გადამცემი ხაზების მოხმარებისთვის, და ასევე გათავისუფლება დამატებითი ღირებულების გადასახადიდან.

დღესდღეობით, მხოლოდ ზემო სვანეთში 35 ჰესია დაგეგმილი. მათ შორის ყველაზე მეგა პროექტს ნენსკრა ჰესი წარმოადგენს, რომელიც სოფელ ჭუბერიდან 10 კმ-ში შენდება და ასევე სოფელი ნაკრადან (მესტიის მუნიციპალიტეტი) სატურბინე წყალსატარის და სადერივაციო გვირაბის მშენებლობას მოიცავს. მეგა ჰესი 135 მეტრის სიმაღლის და 280 მეგავატის სიმძლავრის იქნება, და ქართული საპარტრნიორო ფონდის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობას სამხრეთ კორეული კომპანია K Water-ი განაგებს. ნენსკრა ჰესი ნათელი მაგალითია თუ როგორ მანიფესტირდება და ვლინდება გლობალიზებური ნეოლიბერალური რეჟიმი საქართველოში, უფრო კერძოდ კი ენერგეტიკის ექტორში.

უცხოური კომპანია K Water-ის მეთვალყურეობის ქვეშ, ჰესის მშენებლობას ტენდერის თანახმად იტალიური კომპანია Salin Impregilo ახორციელებს. პროექტს საკმაო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა აქვს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან (EBRD), აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) და კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკისგან (KEXIM). ანუ, აქ აისახება რომ ნეოლიბერალურ, გლბალიზებურ წყობაში არსებობს დეცენტრალიზებული ძალაუფლების სისტემა, სადაც ფინანსური კაპიტალი გლობალურად თავისუფლად მოძრაობს, და სადაც  ლოკალური მთავრობების ერთადერთი ფუნქცია ამ კაპიტალის მიმოსვლის გაადვილება, და ამ კაპიტალის ინტერესების ოპტიმიზაციაა, ეკონომიკური დერეგულაციების საშუალებით. ამის ნათლად გამომხატველია ქართული კანონმდებლობა და ეკონომიკური მიმართულება, რომელიც არსებითად უცხოური კაპიტალის ინტერესების დაცვას ემსახურება, და არა სახელმწიფოებრივ განვითარებას საჭირო რეგულაციის ინსტრუმენტებით და მოსახლეობის ინტერესების დაცვით. ნენსკრა ჰესის სიტუაცია შემდეგია: სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობამ უნდა იტვირთოს მეგა ჰიდროელექტროსადგურის უკუ-ეფექტები, რომელიც ემპირიული მეცნიერული მტკიცებულებებით აისახება ადგილობრივი მიკრო კლიმატის შეცვლით; ტენიანობის, და შესაბამისად ადგილობრივად სისხლძარღვთა და რევმატიული დაავადებების მატულობით; მდინარის და მიწის ბიომრავალფეროვნების განადგურებით; ეკონომიკური ზარალით (ეს ვინაიდან, რომ სოციალურ და ეკოლოგიურ უკუ-გავლენებს თითქმის ყოველთვის თან ახლავს ეკონომიკური ზარალი) და ასე შემდეგ.

მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, სოფელი ნაკრას მოსახლეობას, – 300 კომლს, და ჭუბერის – 800 კომლს – არ გააჩნია რაიმენაირი ფორმალური გავლენა ნენსკრა ჰესის მშენებლობის პროცესზე, რომელიც ნეოლიბერალური ინვესტიციის და ენერგეტიკული რეჟიმის მაგალითია. მსგავს ენერგო სისტემაში, პირველ რიგში არ არსებობს დემოკრატიულობის ელემენტი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური ჩართულობა და ძალაუფლება იმ პროცესებზე, რაც მათ ფუნდამენტურად ეხებათ ფიზიკურ და სოციალურ დონეზე. ნენსკრა ჰესის მეგა პროექტი არ წარმოადგენს მხოლოდ ჰიდრო ელექტრო სადგურისგან გამოწვეულ გარემოს დეგრადაციის მაგალითს, ან დიდი ჰესის სახით ძველმოდური და ექსპლუატატური ენერგეტიკული წყაროს განვითარების მაგალითს. არამედ, ნენსკრა ჰესი ყველაზე ძირითადად  წარმოაჩენს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის სახეს, და შესაბამისად, ამ პროექტის და სხვა ნებისმიერი ენერგეტიკული ანალიზი ამ საწყისი წერტილიდან უნდა გამომდინარეობდეს.

დღეს, როდესაც კაცობრიობა უპრეცედენტო ეკოლოგიური კრზისის წინაშე დგას, როცა მსოფლიო მოსახლეობის რიცხვი და შესაბამისად ენერგო მოთხოვნილება იზრდება, როცა არსებობს კონსენსუსი რომ თანამედროვე ენერგეტიკაზე ხელმიწვდომა უნივერსალური უფლებაა და არა პრივილეგია, – ამის ფონზე, მსოფლიოს ყველა კუნჭულში, სხვადასხვა კონტექსტუალური განსხვავებებით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს არსებული ნეოლიბერალური და ლიბერტარიანული ენერგეტიკის მოდელის გადააზრება. დღეს მსოფლიო იდეოლოგიური მიმართულება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლიბერტარიანულ ეკონომიზმს, რომელიც კერძო მფლობელობის აბსოლუტიზმს მოიცავს. მსოფლიო მასშტაბით, მასობრივი პრივატიზაციის იდეოლოგია და არსებული გლობალიზებური წესრიგი აქტიურად კარგავს ლეგიტიმაციას. ამ ზოგადი კონტექსტის შებამისი კრიტიკის წარმოება სავალდებულოა საქართველოშიც, რომელიც ყველა საკითხს მოიცავს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკას.

გამოყენებული მასალა

[1] http://www.investingeorgia.org/en/keysectors/energy

[2]  http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0301421513010926 

McCully, P. (2001). Silenced Rivers: the Ecology and Politics of Large Dams. London: Zed Books.

http://scholarship.law.missouri.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1425&context=jesl


გამოყენებული ილუსტრაცია © The Economist

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ