მწვანე ეკონომიკური დოქტრინისთვის (თეზისები)

Share on Facebook9Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ვფიქრობთ მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება თუ როგორი იყო საქართველოს განვითარებაზე ხედვები პირველ პოსტსაბჭოთა საარჩევნო კამპანიის დროს(1990წ). გთავაზობთ

საარჩევნო ბლოკ „თავისუფლებაში“  შემავალ „მწვანეთა“ პარტიის ერთ–ერთი ლიდერის დავით ადეიშვილის(დღეს „სოციალ–დემოკრატების“  წევრი) წინასაარჩევნო „თეზისებს მწვანე ეკონომიკური დოქტრინისათვის“(გაზ. „დედამიწა“,1990,სექტ.).  ჩვენის აზრით(მემარცხენე–ცენტრისტული თვალთახედვით), ამ პუბლიკაციის ბევრი დებულება დღესაც აქტუალურია. 

დავით ადეიშვილი

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ დოცენტი.
დაამთავრა თსუ საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით, შემდეგ ასპირანტურა.
მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრაზე.
არის მწვანეთა პარტიის წევრი.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობაში ხელმძღვანელობს ეკონომიკურ ბიუროს.
31 წლისაა.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ვერ იქნება მყარი, მიზანმიმართული, ძლიერი და წარმატებული, თუ არ გვექნება ჩვენი იდეოლოგია  იდეათა, შეხედულებათა მწყობრი სისტემა ადამიანური და საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრეს საკითხებზე.

ეკოლოგიური პრობლემები, ეკოლოგიური თემა დღეს თითქოს ყველასათვის ნათელია და მოდურიც კია. ახლა თითქმის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობს, ყველას აქვს თავის პროგრამაში ეკოლოგიური ქვეპროგრამა და ა.შ. ჩვენი მიდგომა უნდა განსხვავდებოდეს ასეთი `დამატებითი~ მიდგომისაგან. ჩვენ მთლიანობაში “მწვანედ” რომ გამოვიყურებოდეთ, “მწვანედ” უნდა ვუყურებდეთ კიდეც მთლიანობას.

მწვანეთა პარტიას, საქართველოს მწვანეებს გარკვეულ თეორიულ დონეზე გააზრებული უნდა ჰქონდეს ის იდეალური მდგომარეობა, მოდელი, რომლისკენაც მიისწრაფვის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და კერძოდ ეკონომიკაში. მხოლოდ თეორიული ცოდნისა და კონცეპტუალური წარმოდგენის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მიზანდასახული, დამაჯერებელი, შორსგამიზნული მოქმედება ისევე, როგორც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ყოველ მოცემულ პრობლემაზე. ამდენად აუცილებელია, მიახლოებით შემუშავდეს შეხედულებათა სისტემა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც საფუძვლად დაედება მწვანე ეკონომიკურ დოქტრინას. დოქტრინა კი სახელმძღვანელო იქნება ეკონომიკური კანონპროექტების და პროგრამების შემუშავებისთვის, კრიტერიუმებისა და მიდგომების ჩამოსაყალიბებლად კონკრეტული გადაწყვეტილებებისათვის, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს გავატაროთ მწვანე ეკონომიკური პოლიტიკა.

საქართველოს მწვანე ეკონომიკური დოქტრინა უნდა შემუშავდეს იმ თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, რაც დღევანდელ მსოფლიო ეკოლოგიურ-ეკონომიკურ აზროვნებასა და რეალობას ახასიათებს, რისკენაც მიისწრაფვის მსოფლიო მწვანეთა მოძრაობა. ამასთან, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური ურთიერთობების მაქსიმალური ადაპტაცია ჩვენს რეალობასთან, ბუნებასთან, ტრადიციებთან, კულტურასთან, ფსიქოლოგიასთან, რადგანაც მწვანე მოძრაობა თავისი არსით უაღრესად ინტერნაციონალურია, რომლის საწყისს, საფუძველს, სწორედ ჭეშმარიტი ეროვნულობა უნდა წარმოადგენდეს. ნაციონალურობა მწვანე მსოფლმხედველობის იმანენტურ მახასიათებლებად, პრაქტიკულ მოქმედებაში კი ურთიერთშემავსებელ სასიცოცხლო აუცილებლობად მიმაჩნია.

როგორია დღევანდელი ინდუსტრიული საზოგადოების გენეზისი და საით მივყავართ მას?

მწვანეები და არა მარტო მწვანეები თვლიან, რომ რენესანსის პერიოდიდან, დასავლეთის საზოგადოება `ღმერთის მიერ მოცემულ ღირებულებებს~ ცვლის ბუნების მექანიკურ-მატერიალისტური გაგებით (ნიუტონი, ბეკონი, ლოკი, დეკარტი და სხვა). კარტეზიანელობამ გამოაცხადა, რომ ცოდნა მიზანს მიაღწევს, თუ მეცნიერება შესძლებს გააძლიეროს ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე. მაგალითად, ბეკონის პოლიტიკური მრწამსი აისახა `ახალ ატლანტიდაში~ (1617 წ.). იგი ხატავს ეკონომიკურად აყვავებულ იდეალურ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრება ორგანიზებულია მაღალგანვითარებული ტექნიკის რაციონალურ საფუძველზე. კარტეზიანული მსოფლგაგებით (უტილიტარული სოციალური მექანიკა ლოკისა და სმიტისა) _ ადამიანთა ცხოვრება დაიყვანება ხარბ ეგოიზმზე, რომელიც ორიენტირებულია ძირითადად წარმოებაზე და მოხმარებაზე, უსაზღვრო მატერიალურ დაუსრულებლობაზე. ადამიანის აქტიურობის ბაზისად კი აღიარებულია მატერიალური დაინტერესება. პროგრესის ასეთმა მექანისტურმა, წრფივმა გაგებამ შექმნა ფილოსოფიური საფუძვლები თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოებისა და თანამედროვე მწარმოებელი და მომხმარებელი ინდივიდისა (ჰომო ფაბერ, ეცონომიც მან).

როგორ ვითარდება დღევანდელი მსოფლიო, რა პრობლემების წინაშე დგას იგი ეკოლოგიურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?
დასავლური ინდუსტრიული ცივილიზაციის განვითარება, რომელიც განმსაზღვრელია დანარჩენი მსოფლიოს მდგომარეობისა, თანდათან უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს. დედამიწის გამტარუნარიანობა იწურება _ უკონტროლო, მომხმარებლური ზემოქმედების შედეგად საგრძნობლად შეირყა პლანეტის (და ამდენად ადამიანის) სასიცოცხლო პარამეტრები. ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემო (ჰაერი, მიწა, წყალი) არა მარტო გაჭუჭყიანებულია, არამედ იცვლება პლანეტის ისეთი ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა. კაცობრიობა გლობალური ეკოლოგიური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ეკოლოგიური კრიზისი კი თავის მხრივ შეაფერხებს ან სულაც შეუძლებელს გახდის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან ეკონომიკა ეკოსფეროს, გარემოს ინტეგრალური ელემენტია და მათი განცალკევებულად განხილვა დამღუპველი შეცდომაა.

ეკოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისს აღრმავებს ის დისბალანსი, არაპროპორციულობა და უთანაბრობა, რომელიც ცნობილია `ჩრდილოეთ-სამხრეთის~ დაპირისპირებით, რაც გამოიხატება სამხრეთის სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობით და დემოგრაფიული აფეთქების ტენდენციით. ჩამორჩენილობა და სიღარიბე (დავალიანება) ხელს უწყობს ქვეყნის `გაჭუჭყიანებას~ (გარემოს დაბინძურება და რესურსების გამოლევა). სამხრეთის ჩამორჩენილობა (`გაჭუჭყიანება~), რაც ნაწილობრივ ჩრდილოეთის მისადმი გამოკიდებულებითაცაა განპირობებული, თავის მხრივ შემაფერხებელი ფაქტორი გახდება ჩრდილოეთის და საერთოდ განვითარებისა (ნედლეულის გამოლევა, ტროპიკული ტყეების განადგურება, ეკოლოგიური ლტოლვილებისა და უმუშევრების დაძვრა ჩრდილოეთით და სხვა). ანალოგიურად, განვითარების უთანაბრობის ასპექტით უნდა განიხილებოდეს აგრეთვე პრობლემა `დასავლეთი-აღმოსავლეთი~.

ყოველივე ზემოთქმული აიძულებს მოაზროვნე მსოფლიოს, ახლებურად, სხვაგვარად შეხედოს განვითარების, პროგრესის საკითხებს, ეკოლოგიური საკითხები აყვანილია საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის რანგში. ყალიბდება საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოწოდებულნი არიან დასახონ მსოფლიოს განვითარების პერსპექტივები და პრაქტიკულად იზრუნონ მათ განხორციელებაზე (რომის კლუბი, გაერო-სთან არსებული გარემოს დაცვისა და განვითარების კომისია (ჭჩED), რეკონსტრუქცია-განვითარების საერთაშორისო ბანკი (მსოფლიო ბანკი _ IBღD), საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA), მსოფლიო სავალუტო ფონდი (IMF) და სხვ.).

იქმნება თეორიები, კონცეფციები, მიდგომები _ მდგრადი განვითარება, ალტერნატიული განვითარება, მესამე გზის ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა და სხვა. (ამ თეორიების წინაპრად მე მალთუსიანელობა მიმაჩნია), მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ეს ჯერჯერობით ჩანასახის მდგომარეობაშია, ჩამოუყალიბებელია, ჩვენთვის კი _ ძნელად მისაწვდომი.

ისტორიამ, ცხოვრებამ დაადასტურა, რომ თავისუფალი ბაზარი (სუფთა სახით იგი არასდროს არსებულა და არც ახლა არსებობს) თავისთავად ვერ შექმნის ამ იდეალურ ვითარებას _ ღირებულებათა იმ ერთობლიობის რეალიზებას, რისკენაც საზოგადოება უნდა ისწრაფოდეს და რაც შეიძლება პროგრესად ჩაითვალოს (ღმერთი `არ ერევა~ ბაზრის კანონებში _ ბაზარი უღმერთო სისტემაა). პირიქით, მომხმარებლურ-ინდუსტრიულ საზოგადოებას, რომლის მარეალიზებელიცაა თავისუფალი ბაზრის ელემენტები, მივყავართ გლობალური ეკოლოგიური კატასტროფისაკენ. ბაზრის კანონები თავისთავად ვერ მუშაობენ ბუნების დასაცავად, პროგრესისათვის (არატრადიციული გაგებით), რადგან ბაზარში მომხმარებელია მთავარი ფიგურა, მასზეა ორიენტირებული ბაზარი (მარკეტინგი). მომხმარებელს (მეშჩანს) კი არ შეიძლება დაეკისროს განვითარების წარმართვა. მან, როგორც დავინახეთ, ვერ გამოიჩინა Hომო საპიენცე-ისათვის შესაფერისი კეთილგონიერება.

ამიტომ სახელმწიფომ უნდა იკისროს იმ მიმართულებების, სტრატეგიების განსაზღვრა და რეგულირება, რისკენაც უნდა ისწრაფოდეს საზოგადოება და ვითარდებოდეს ეკონომიკა. ეკონომიკაში, ბაზრის კანონებში ჩარევა მეტნაკლებად ყველა სახელმწიფოში ხდებოდა და ხდება სხვადასხვა დოზით. მწვანეებს, როგორც არატრადიციული, ალტერნატიული განვითარების მომხრეებს, გასაგებია, რომ უფრო მკვეთრი ჩარევა დასჭირდებათ ეკონომიკურ ცხოვრებაში თავისი პოლიტიკის გატარებისათვის, ვიდრე, ვთქვათ, ლიბერალებს ან კონსერვატორებს, მაგრამ არა ისე, იმ მეთოდებით, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ (ვოლუნტარისტულად და ავანტიურისტულად). ჩვენ იმიტომ ვერევით ბაზრის კანონებში, რომ არ ჩავერიოთ ბუნების კანონებში. უფრო ზუსტად, ჩვენ იძულებული ვართ ჩავერიოთ ბაზრის კანონებში, რათა შევზღუდოთ ჩარევა ბუნების წესრიგში. ეკონომიკაში სახელმწიფოს როლისა და მნიშვნელობის შესახებ ჩვენი მიდგომის სისწორის დამადასტურებელი არგუმენტებია: არსებული ინერცია (ტრადიცია) და საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენილობა, მისი ფაქტიური მდგომარეობის განვითარებადი ქვეყნების სტატუსთან შესაბამისობა, მით უმეტეს თუ გვინდა, რომ ჩვენი განვითარება `მწვანე გზით~ წავიდეს.

ჩვენი იდეალია ბაზარზე ორიენტირებული მწვანე ეკონომიკა, ანუ მწვანედ რეგულირებადი ბაზარი. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავიწყებთ ახალი ეკონომიკური და სოციალური რეგულატორების გამოგონებას, გამოვიყენებთ სწორედ ბაზრის რეგულატორებს, ყოველმხრივ გავითვალისწინებთ ბაზრის კანონებს და ამის საშუალებით აქცენტები გაკეთდება სასურველი მიმართულებით. მაგრამ ამისათვის საჭიროა მიმართულებების სწორად განსაზღვრა, ანუ იმ მიზნების, ღირებულებების, ფასეულობების კარგად გაცნობიერება როგორც ჩვენთვის, ისე ხალხისათვის, რისკენაც ვისწრაფვით. ამის საფუძველზე კი უნდა ჩამოყალიბდეს კრიტერიუმების, მიდგომების, შეფასებების სისტემა.

აუცილებელია ახლებურად (მწვანედ) იქნას გააზრებული ისეთი კატეგორიები და ცნებები, როგორიცაა: კულტურა, პროგრესი, ცივილიზაცია, განვითარება, ღირებულებები და ფასეულობები, სიმდიდრე, ფუფუნება, ღირებულებათა შორის უპირატესობა (ღირებულებრივი ორიენტაციები), ცხოვრების წესი.

პოლიტეკონომიურად მწვანე მიდგომით უნდა განიმარტოს: მოხმარება, მომხმარებელი, ბაზარი, ღირებულება, სარგებლიანობა, ფასი, ხარისხი, ეროვნული სიმდიდრე, ერთობლივი ეროვნული პროდუქტი, ზრდა, წონასწორობა (მდგრადობა), აუცილებელი საჭიროებები, დანახარჯები _ შედეგები, ეფექტი _ ეფექტიანობა, ოპტიმალობა და სხვა.

შემუშავდეს შესაბამისი მაჩვენებლები სხვადასხვა დონეზე (რაოდენობრივ-თვისებრივი), უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს ამ კატეგორიების გაგება და მოქმედება როგორც საბჭოთა რეჟიმის დროს, ისე დღევანდელი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების სინამდვილეში და უნდა მოხდეს მწვანე ალტერნატივების შემოთავაზება-შემოყვანა. ჩვენს მიერ გასაანალიზებელია და დასამუშავებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადამიანი _ საზოგადოება _ ტექნიკა _ ბუნება, ეკონომიკა _ ეკოლოგიის ურთიერთკავშირი, ეკონომიკა _ ეროვნული ხასიათი (ფსიქიკა) და ცხოვრების წესი.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით (რაც უაღრესად რთული პრობლემაა და, რასაკვირველია, არა მხოლოდ ეკონომისტების საქმე), უნდა შემუშავდეს საქართველოს ეკონომიკური მოწყობისა და განვითარების მწვანე ვარიანტი.

პრობლემების სირთულე იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვენ (მხედველობაში მაქვს საქართველო) აღმოსავლეთ ევროპია ქვეყნებისაგან განსხვავებით, მიზნად ვისახავთ არა მხოლოდ ცენტრალიზებულად გეგმიანი (მბრძანებლურ-ადმინისტრაციული) ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე გადასვლას, რაც თავისთავად რთული და უპტეცედენტოა, არამედ ფაქტიურად ნაციონალური ეკონომიკის თავიდან შექმნას (ნაციონალიზაცია პლუს ბაზისური სტრუქტურული ცვლილებები) გარე ფაქტორების ხელშემშლელ პირობებში (ბრძოლა სუვერენიტეტისათვის). ასეთ განუსაზღვრელ ვითარებაში მწვანეები მოწოდებულნი არიან, გაატარონ სხვებისაგან განსხვავებული მწვანე ეკონომიკური პოლიტიკა.

ერთი შეხედვით, გარდა ყოველმხრივ არახელსაყრელი ვითარებისა _ ეკოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ინტელექტუალურ-კულტურული, თეორიული და ა.შ. არსებობს დადებითი ფაქტორებიც. საქართველოს მწვანეებმა უნდა წამოაყენონ მწვანე ეკონომიკურ ზონად გამოცხადების იდეა და იღვაწონ მისი განხორციელებისათვის.
გამოცხადებას თავისთავად ექნება დიდი პოლიტიკურ-პროპაგანდისტული, მე ვიტყოდი საერთაშორისო მნიშვნელობა. უნდა შეიქმნას მწვანე სახელმწიფოს შენების ერთგვარი იმიჯი. ამით ჩვენ ფაქტობრივად უარს ვამბობთ ე.წ. დამწევ განვითარებაზე (რაც დასავლეთზე `ბრმა~ სწორებას გულისხმობს და რეალურად მესამე მსოფლიო ქვეყნების მდგომარეობაში გვაყენებს) და ვირჩევთ ალტერნატიული, თვითმყოფადი განვითარების გზას.

საქართველომ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში უნდა დაიმკვიდროს ეკოპროდუქციის (მწვანე პროდუქციის) მწარმოებლის და იმპორტიორ-ექსპორტიორის განსაკუთრებული ადგილი (იხ. ეკოსაქონლის ნუსხა).

ეს სტრატეგია ყველაზე უფრო მომგებიანი იქნება სწორედ ეკონომიკური თვალსაზრისით _ მწვანე კაპიტალი მოგვცემს ახლო მომავალში ყველაზე დიდ დივიდენდებს (მწვანე კაპიტალში ვგულისხმობ როგორც შენარჩუნებულ ბუნებას _ ეკოკაპიტალს, ისე ეკოპროდუქციის მწარმოებელ ფონდებს), რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და მომსახურება გახდება ყველაზე უფრო დეფიციტური და ხარისხიანი, შესაბამისად ძვირი და მომგებიანი. ამისათვის უნდა მოხდეს ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის მკვეთრი ცვლილება _ კონვერსია (ფართო გაგებით), შესაბამისი კადრების და ინსტიტუტების შექმნა-გადაკვალიფიცირება, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის მწვანე კრიტერიუმებით წარმართვა.

პირველ რიგში უნდა შეფასდეს საქართველოს ბუნებრივ-ეკონომიკური პოტენციალი, უნდა განისაზღვროს დარგობრივ-რეგიონალური სტრუქტურის პრიორიტეტები, სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემის შექმნის ფუძემდებლური პრინციპები, ანუ განისაზღვროს რით ვიარსებოთ, რა ვაკეთოთ და რა ურთიერთობებში ვიმუშაოთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბუნებრივ-ეკონომიკური პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. ამ მიმართულებით საჭიროა სამუშაოების ფორსირება. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წამოწყებას სჭირდება სწორ მეთოდოლოგიურ საფუძველზე დაყენება და წარმართვა. პოტენციალი, ეროვნული სიმდიდრე კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არ ჰქონდეს ცალმხრივი ხასიათი.

როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველოში სტრუქტურული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას პრიორიტეტები უნდა მიენიჭოს სოფლის მეურნეობას და მასთან დაკავშირებულ დარგებს _ მეცნიერებას, მრეწველობას, ინფრასტრუქტურას. ესე იგი აგროსამრეწველო კომპლექსს ამ ცნების ყველაზე ფართო გაგებით (ამჟამინდელი აღრიცხვით აგროსამრეწველო კომპლექსის ხვედრითი წილი `სახალხო მეურნეობის მატერიალურ სფეროში~ შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება _ ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტი _ 42%, ძირითადი საწარმოო ფონდები _ 38,3%, დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხოვნება _ 48,3%. 1988 წლის მონაცემები).

აღნიშნული თეზისის სისწორის საფუძველს გვაძლევს საქართველოს უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური პირობები, უძველესი და უახლესი ეკონომიკური ისტორია, ტრადიციები, გამოუყენებელი შესაძლებლობები და არა მხოლოდ ინტენსიური, არამედ ექსტენსიური მიმართულებებითაც. საბჭოთა იმპერიის ქვეყნების `ბაზრის~ დღევანდელი სტრუქტურა და სამომავლო პროგნოზები. ჩვენ უკვე გადავდგით კიდეც ნაბიჯები ამ მიმართულებით, მხედველობაში მაქვს ჩვენი `ბაზრის აქციები~ და მზადებაში მყოფი სამთავრობო დადგენილების პროექტი ე.წ. დამზოგავი სოფლის მეურნეობის (ეკოლოგიურად სუფთა, მოუწამლავი) პროდუქტების წარმოების შესახებ მთლიანად საქართველოში და განსაკუთრებით მის ოთხ რაიონში. გარდა ამისა, აგრარულ სფეროზე დიდადაა დამოკიდებული ეკონომიკის სხვა დარგები და ცხოვრების სხვა სფეროები.

დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა კრიზისულ მდგომარეობაშია, კრიტიკულ მიჯნაზეა დასული სოფლის კულტურის მემკვიდრეობითობა, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული განვითარება, რაზეც უნდა იყოს აგებული მთლიანად მწვანე ეკონომიკური სტრატეგია. იგი ვერ განხორციელდება, თუ კანონმდებლობით არ გადაწყდა საქართველოში მიწის საკითხი (მიწის საკუთრების და მფლობელობის ფორმები და სტრუქტურა), თუ არ გატარდა საგლეხო რეფორმა.

აგრარული სექტორის საფუძველი და ძირითადი სამეურნეო რგოლი უნდა გახდეს თავისუფალი გლეხური მეურნეობა, არ გამოვრიცხავთ, ზოგიერთ რეგიონში კი რეკომენდებულიცაა სოფლის მეურნეობის სხვა ორგანიზებული ფორმები (მაგ. სახელმწიფო მეურნეობები). უნდა აღინიშნოს, რომ გლეხური მეურნეობა თავად შეუწყობს ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობის დღევანდელი კოლონისტურ-მონოკულტურული სტრუქტურის გარდაქმნას და ოპტიმალური, კომბინირებული სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის მდგომარეობა, რასაც საქართველოს უნიკალური ბუნება იძლევა და ქმნის პირობებს მონოპოლიური რენტის მითვისებისა, რაც შესაძლებელია გაძლიერდეს ეკოლოგიური ფაქტორით (ხარისხი).

საქართველოში არის უდიდესი პოტენციური შესაძლებლობები და კიდეც უნდა განხორციელდეს მაღალგანვითარებული რეკრეაციული კომპლექსის შექმნის პოლიტიკა, რამაც უნდა მოიცვას: ჯანმრთელობის დაცვა (სამედიცინო და საკურორტე გამაჯანსაღებელი კომპლექსები, უნიკალური (მცენარეული) ფარმაცევტული მრეწველობა), ტურიზმი (`რბილი~), სპორტი (სპორტული კომპლექსები), სხვადასხვა სახის ნაკრძალები (ეროვნული პარკები, აღკვეთილები, ეკომუზეუმები და სხვა).
რეკრეაციული კომპლექსის განვითარება უშუალოდაა დაკავშირებული ეკოლოგიურად სუფთა სურსათის წარმოებასთან, ანუ ხდება `გადაბმა~ აგროსამრეწველო კომპლექსთან.

საქართველოში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს კულტურული ინდუსტრიის შექმნას _ კინოინდუსტრია, ფოლკლორული ანსამბლები, თეატრალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება და სხვა.

რეკრეაციას და კულტურას უნდა ჩამოშორდეს წლების მანძილზე დამკვიდრებული ე.წ. არასაწარმოო სფეროს სტატუსი და რეპუტაცია. სათანადოდ უნდა შეფასდეს ამ დარგების კომერციული მნიშვნელობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სფეროების განვითარება ხელს შეუწყობს მატერიალური ფასეულობების შეცვლას, ცხოვრების წესის აქეთ ორიენტაციას. ეს კი ჩვენი სტრატეგიაა.
საქართველოში გამოყენებით მეცნიერებას სპეციალურ, საშუალო და უმაღლეს განათლებას და მრეწველობას (მათ შორის განახლებულ სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსს) ძირითადად უნდა ჰქონდეს ზემოაღნიშნული სამი პრიორიტეტული მიმართულების მაუზრუნველმყოფელი, მომსახურე, დამხმარე ხასიათი).

მრეწველობის განვითარების პირობები უნდა იყოს მცირე ენერგო- და მასალატევადობა, მეცნიერებატევადობა, უნარჩენობა, მინიმალური ეკოლოგიური რისკი, სრული ტექნოლოგიური ციკლის საქართველოს ფარგლების შემოსაზღვრულობის სასურველობა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ტრანსპორტის ეკონომიკა-ორგანიზაციის პრობლემის ეკოლოგიური თვალთახედვით დამუშავებას.

მწვანე ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა დამუშავდეს ისეთი რეგიონალურ-ეკონომიკური პროექტები, როგორიცაა: `შავი ზღვა~, `სვანეთი~, `ფშავ-ხევსურეთი~, `თბილისი~, `კავკასია~. სხვათა შორის, სემინარზე `კავკასია ჩვენი საერთო სახლია~ წაკითხულ იქნა საქართველოს მწვანეების პოზიცია კავკასიელ ხალხთა ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მწვანე ეკონომიკური პროგრამის რეალიზაციისათვის აუცილებელია შემუშავდეს ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმოს განვითარების პერსპექტივები, განისაზღვროს მათი ადგილი და როლი რესპუბლიკის ეკონომიკაში, დასაბუთდეს მათი სოციალ-ეკონომიკური ეფექტიანობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება, მატერიალურ-ტექნიკური და სანედლეულო უზრუნველყოფა, არსებული სახით მათი არსებობის უპერსპექტივობის დადასტურების შემთხვევაში უნდა შემუშავდეს მათი კონვერსიის პროექტები ან ლიკვიდაციის პროგრამა.
უნდა შემუშავდეს თბილისისა და რუსთავის დეურბანიზაციის პერსპექტიული გეგმა, რაც გულისხმობს მსხვილი სამრეწველო საწარმოების ქალაქიდან გატანას ეკოლოგიურად და დემოგრაფიულად შესაფერის რეგიონებში, ტექნიკური პროგრესის ხარჯზე მუშახელის გამოთავისუფლება და მათი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა. დეურბანიზაციას ხელს შეუწყობს საბაზრო კანონების ამოქმედება _ კონკურენციის შედეგად საწარმოების და ორგანიზაციების დახურვა-გაკოტრება, ბიუროკრატიული აპარატის მკვეთრი შემცირება.

საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პრობლემა არ უნდა იქნეს გაგებული არაკორექტულად _ როგორც ქართველების და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი მატება. ჩვენის აზრით, საქართველოში დემოგრაფიული პრობლემა უფრო მეტად თვისებრივი ხასიათისაა, ვიდრე რაოდენობრივი. ჩვენი უპირველესი ამოცანა მდგომარეობს დემოგრაფიული წონასწორობის აღდგენაში ეთნიკური და ტერიტორიული თვალსაზრისით.

ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში (მხედველობაში მაქვს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური კანონების, მექანიზმებისა და ინსტიტუტების შექმნა) საქართველოს მწვანეები უნდა გამოდიოდნენ იმ პრინციპიდან, რომ ეკონომიკა და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა ემსახურებოდნენ ადამიანთა თავისუფალ, ჰარმონიულ ცხოვრებასა და განვითარებას, ამიტომ ეკონომიკურთან შედარებით პრიორიტეტები უნდა ენიჭებოდეს სოციალურ-კულტურულ და ეკოლოგიურ კრიტერიუმებს. უნდა გამოიკვეთოს ორიენტაცია ადამიანზე, როგორც თვითმიზანზე და იმავდროულად ეკონომიკური განვითარების მთავარ ფაქტორზე, რაც იმაშიც უნდა გამოიხატოს, რომ `დაბანდებები ადამიანში~ (ჯანდაცვა, განათლება, სოცუზრუნველყოფა) არ ჩამორჩებოდეს დაბანდებებს წარმოების საშუალებებში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანდათან დრო გახდება სიმდიდრის ერთ-ერთი მთავარი ფორმა, ხოლო დანახარჯები `მოცალეობის სფეროში~ (ტურიზმი, სანახაობა, გართობა) გასავლების მთავარი პუნქტი. უნდა ინერგებოდეს ზომიერების ეთიკა. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევნის თავისუფლება და საკუთარი ბედის მაქსიმალური კონტროლის შესაძლებლობა.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ყველა ცივილიზებული ქვეყნის მსგავსად, ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა უნდა ემყარებოდეს რაციონალური პროპორციებით წარმოდგენილ საკუთრების (მიწაზე საკუთრების ჩათვლით) სხვადასხვა თანასწორუფლებიან ფორმებს _ ე.წ. შერეული ეკონომიკა (მიხედ სყსტემ). ამასთან დაკავშირებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრივატიზაციის პოლიტიკის გატარებას. კერძო საკუთრება, კერძო ინიციატივა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარება, ჩვენი კულტურის და ცოდნის დონე, ბაზრის კანონების ამოქმედების გარდაუვალი ნეგატიური შედეგები, და ამ ფონზე განვსაზღვროთ სახელმწიფოს ადგილი და როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით ეს შეეხება გარდამავალ პერიოდს. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის რეალური მოპოვება და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა. აქედან გამომდინარე _ სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს კონცენტრირებული ბუნებრივი რესურსები, საბაზისო დარგები და დღეისათვის მონოპოლიური წარმოებები (სსრკ ბაზარზე).
სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა აკონტროლებდეს საგარეო ეკონომიკურ, ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს. ასეთი მიდგომა სრულიად შეესაბამება ეკონომიკის მართვისადმი მწვანე მიდგომას.

როგორ უნდა მოხდეს ჩვენს მიერ დასახული მიზნების განხორციელება, რა მექანიზმებით, რეგულატორებით, ფორმებითა და მეთოდებითაა შესაძლებელი მწვანედ რეგულირებადი ბაზრის ფუნქციონირება, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის გატარება?
უწინარეს ყოვლისა, კარგად უნდა იქნეს გააზრებული ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური დაცვის დღევანდელი მიდგომა წარმოადგენს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამკურნალოს, ე.ი. ხდება დაავადებული გარემოს მკურნალობა პრინციპით `მილის ბოლოში~ (პიპე ენდ). იგი უნდა შეიცვალოს პროფილაქტიკური ბუნებათსარგებლობით, ე.ი. წინასწარ ზრუნვა-გაფრთხილება იმისათვის, რომ არ მოხდეს გარემოს დაავადება. საბოლოოდ არაა `ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა~ და `რაციონალური ბუნებათსარგებლობა~, არამედ მწვანე ეკონომიკა. ამისათვის საჭიროა:

გამოცხადდეს ფასეულობათა გადაფასება (უმთავრესად ლიდერების მიერ); შეიქმნას სტიმულები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალ ფასეულობებს; შეიქმნას ინსტიტუტები, რომლებიც გამოიყენებენ ამ სტიმულებს; განხორციელდეს მეცნიერებისა და პოლიტიკის მჭიდრო კავშირი;

სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალებები, მეთოდები და რეგულატორები, როგორიცაა: სახელმწიფო პროგრამები, სტრატეგიული დაგეგმვა, ფისკალური პოლიტიკა (სუბსიდიები, კრედიტი, ფონდები), სანქციები, საგადასახადო პოლიტიკა (ეკობეგარა), პროტექციონისტული პოლიტიკა, ლიცენზიები, ქვოტები, ბაჟები, ფასების რეგულირება, მაღალი სტანდარტები (გარემო პლუს სოციალური), ხალხის ინფორმირება (ინტერესთა ფორმირება), ახალი სამომხმარებლო კალათა.
როგორ ფორმებში წარმოგვიდგება მწვანე ეკონომიკა?

ოპტიმალური საწარმოო ციკლები (ჩაკეტილი საწარმოო ეკოსისტემა _ უნარჩენო წარმოება), მცირე საწარმოები და მცირე ბიზნესი, ტრადიციული შინარეწვის აღორძინებულ-მოდერნიზებული ფორმები, განვითარებული საშინაო მეურნეობა, თვითმომსახურება (არაფორმალური ეკონომიკა), ბიორეგიონები (ეკომუზეუმები), ეკოპროდუქტების ბირჟები, საერთაშორისო ეკობაზრობები, ეკობანკები, განვითარებული ეკომარკეტინგი, მწვანე მაღაზიებისა და კვების ობიექტების (კაფე-რესტორნების) ქსელი, ნარჩენების ბირჟები (შეგროვება-დახარისხების ინფრასტრუქტურები, დიდი პარტიებით ვაჭრობა), მაკონტროლებელი უწყებების სისტემა განვითარებული ინფრასტრუქტურით.

რით ვაჭრობენ მწვანე ბაზარზე?

ეკოპროდუქტებით (ეკოსაქონლით): სურსათი, მედიკამენტები, პარფიუმერია, რეკრეაცია, ტექნიკა (მაგ. გამწმენდი მოწყობილობა, საზომი აპარატურა, უვნებელი მანქანა-დანადგარები), ტექნოლოგია (KNOჭ HOჭ), მეცნიერება, ინფორმაცია-რეკლამა, ეკოფონდები.
კარგად გვესმის ჩვენს მიერ დაყენებულ საკითხთა პრობლემურობა და სირთულე, არაცალსახოვნება და სითამამე, მაგრამ ღრმად ვართ დარწმუნებულნი ამ მიმართულების ძალისხმევის არა მხოლოდ სარგებლიანობაში, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობაშიც. დრო არ ითმენს _ საჭიროა მეცნიერების, პრაქტიკის და პოლიტიკის პარალელურად ამოქმედება და ინტეგრირება, რათა დროზე დავძლიოთ ჩვენი მძიმე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და კულტურული მდგომარეობა.

გაზეთი “დედამიწა”, 1991, N

Share on Facebook9Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*