როგორ შევინარჩუნოთ მუდმივად ფუნდამენტური ღირებულებები კონსტიტუციაში?

Share on Facebook71Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

anaავტორი: ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

► პლატფორმა European.ge გთავაზობთ ახალ სვეტს ჩვენს ვებგვერდზე – “საკონსტიტუციო ცვლილევების განხილვის პლატფორმა”. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა შემუშავების პროცესი უნდა გახდეს სახალხო პროცესი, რამეთუ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. არ შეიძლება საზოგადოების მოწყვეტა ამ საკითხის განხილვის დროს და არ შეიძლება ეს პროცესი იქცეს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ელიტების ხელში.

► პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა გაიგოს რატომ არის საჭირო კონსტიტუცია. ჩვენი მიზანიც ეს არის: გამოვიტანოთ დისკუსია კაბინეტებიდან და მასში ჩავრთოთ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და ავალაპარაკოთ ისინი იმ საკითხებზე, რომელიც პირველ რიგში მათ ცხოვრებას ეხება.

© European.ge

“მუდმივობის გარანტია, როგორც კონსტიტუციის თავდაცვითი ფუნქცია ფუნდამენტური ღირებულებების შენარჩუნებისათვის.”

„მუდმივობის გარანტიის“ მიღების მიზეზები:

კონსტიტუციონალიზმი დინამიური პროცესის ფარგლებში ვითარდება. საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საგარეო პროცესების განვითარებასთან ერთად, კონსტიტუცია ზოგჯერ გადასინჯვას საჭიროებს. ქართულ კონსტიტუციონალიზმში სამწუხარო ტრადიციად დამკვიდრდა ქვეყნის მმართველობის სისტემის პირად პოლიტიკურ ამბიციებზე მორგება. ამგვარი ორიენტაციით იყო წარმართული მრავალი კონსტიტუციური ცვლილება. თუკი საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ ზოგიერთ ისეთ ნორმას, რომელიც არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ პრინციპს. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგალითად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის 10 თვით გაგრძელება (2013 წლის ოქტომბრამდე) ან ცოტა ადრე 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციურ კანონი, რომლის საშუალებითაც პარლამენტის უფლებამოსილება 7 თვით გაგრძელდა, ხოლო პრეზიდენტის 4 თვით შემცირდა. 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციის ცვლილებები ცალსახად საეჭვოა მათი კონსტიტუციურობის თვალსაზრისით. პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ვადის გაგრძელება დემოკრატიის პრინციპის ფუნდამენტური მოთხოვნების დარღვევაა. დემოკრატია გულისხმობს ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევას და მათ ლეგიტიმაციას მხოლოდ გარკვეული უფლებამოსილებებითა და გარკვეული დროით. ეს ვადა არ შეიძლება პარლამენტის ან პრეზიდენტის ნებაზე იყოს დამოკიდებული. იგი ცალსახად ხალხის ნებას წარმოადგენს. მსგავსი კონსტიტუციური ცვლილებები მართალია, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მიერ იყო მიღებული, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბოროტად გამოიყენა ლეგიტიმაცია, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპის ძირითად მოთხოვნას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, უარს აცხადებს კონსტიტუციის ცვლილებების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვაზე. იგი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ კანონზე (რომელიც უკვე კონსტიტუციის ნაწილია) მსჯელობა ნიშნავს კონსტიტუციური ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას, რაც სცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას[1]. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს „მუდმივობის“/„უცვლელობის“ პრინციპს. სასამართლოს ამ კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ შეეძლო კონსტიტუციის „უცვლელი“ ნორმების თავად შექმნა[2]. სწორედ ასეთმა გარანტიამ და არა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფასეულობები, რომელთა ხელყოფა კონსტიტუციის შეცვლით დაუშვებელი იქნებოდა. მუდმივობის გარანტიის ჩამოყალიბება კანონმდებლის პრეროგატივაა და არა საკონსტიტუციო სასამართლოსი.

ნათელია, რომ დღევანდელი მდგომარეობით კონსტიტუცია არ ფლობს ექსპლიციტურ „თავდაცვის“ საშუალებას. ის, რომ კონსტიტუციის ჩანაწერით „ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“, ისტორიულად ხელისუფლებისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი თვითშეზღუდვის მექანიზმი. საჭიროა შემუშავდეს ისეთი უცვლელი დებულება, რომელიც ერთის მხრივ, მეტ პასუხისმგებლობას შესძენს კანონმდებელს და მეორეს მხრივ, შესაძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური ცვლილებების კონსტიტუციურობის შეფასება.

მუდმივობის გარანტიის არსი

„მუდმივობის გარანტია“ ყველა კონსტიტუციაში მისი ისტორიული განვითარების, სოციალური თუ პოლიტიკური წარსულის გამო აღმოჩნდა.

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის ზოგადი დებულებების ნაწილში პირველივე მუხლის მეორე პუნქტში განცხადებული იყო, რომ „მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“. ჯერ კიდევ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავებისას განიხილებოდა სხვა დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა უცვლელობის კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით[3]. ყოველივე ეს შემდგომ აისახა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურაზეც და საქართველოს პირველი კონსტიტუციის 148-ე მუხლმა დაუშვებლად მიიჩნია დემოკრატიული მართვა-გამგეობის გაუქმების შესახებ კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივის არამხოლოდ მიღება ან განხილვა, არამედ ინიცირებაც კი. 1921 წლის კონსტიტუციით დამკვიდრებული წესრიგის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მიიღო მუდმივობის მნიშვნელოვანი გარანტია. 148-ე მუხლით: „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მართვა–გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად“. მართალია, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული იყო უცვლელობის დებულება, მაგრამ იმდროინდელი „საპარლამენტო სუვერენიტეტის“ იდეიდან გამომდინარე, კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა შესაბამისი კონსტიტუციური კონტროლის მექანიზმს (მაგალითად საკონსტუტუციო სასამართლოს სახით).

დასავლურ კონსტიტუციონალიზმში ტრადიციულად მიღებულია „უცვლელობის გარანტიის“ იდეა. ერთმანეთისაგან განსხვავდება უცვლელობის გარანტიის ზოგადი და კონკრეტულ ფორმულირება. მაგალითად, შვეიცარიის 1798 წლის 12 აპრილის კონსტიტუციის მე-2 მუხლი მაშინდელი კონსტიტუციის ფარგლებში საპარლამენტო რესპუბლიკას ხდიდა შეუცვლელს. უცვლელობის გარანტიას ვხვდებით ასევე საფრანგეთის 1875 წლის კონსტიტუციის მე-8 მუხლში და ბრაზილიის 1891 წლის 90-ე მუხლში, პორტუგალიის 1911 წლის კონსტიტუციის 82-ე მუხლსა და თურქეთის 1924 წლის კონსტიტუციის 102-ე მუხლში[4].

უფრო ზოგადი სახის მუდმივობის გარანტია გვხვდება ნორვეგიის 1812 წლის კონსტიტუციაში, რომელიც 112-ე მუხლით კონსტიტუციის ისეთი სახის რევიზიას კრძალავდა, რომელიც კონსტიტუციის „სულს“ ცვლიდა. დაახლოებით იგივე სულისკვეთების გარანტიებს აწესებდა ეკვადორის 1861 წლის კონსტიტუცია 132-ე მუხლით და საბერძნეთის 1864 წლის კონსტიტუცია 107-ე მუხლით. აქ ძირითადად საუბარია კონსტიტუციის პრინციპებზე, მის „იდენტობაზე“[5].

შვეიცარიის ფედერაციის მოქმედი კონსტიტუციის 194-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, კონსტიტუციის ცვლილებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ius cogens დებულებებს[6].

გერმანიის ძირითადი კანონის 79-ე მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, დაუშვებელია მიწების, როგორც ფედერაციის სუბიექტების გაუქმება და გერმანიის ფედერაციული სახელმწიფოს რეორგანიზაცია. კანონის 79-ე მუხლის მე-3 აბზაცი გამორიცხავს ზოგიერთი საკითხის რევიზიას: „დაუშვებელია ამ ძირითადი კანონის შეცვლა იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც ეხება ფედერაციის მიწებად დაყოფას, კანონმდებლობაში მიწების მონაწილეობის პრინციპებს ან პრინციპებს, რომლებიც დადგენილია პირველ[7] და მე-20[8] მუხლებში“.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-5 მუხლი[9] გამორიცხავს ისეთ ცვლილებას, რომელიც რომელიმე შტატს მისი თანხმობის გარეშე, სენატში თანასწორი ხმის უფლებას წაართმევს.

ჩამოთვლილთა გარდა უცვლელი დებულებები გვხვდება ასევე საბერძნეთის, იტალიის, სომხეთის, აზერბაიჯანის მოქმედ კონსტიტუციებშიც.

მუდმივობის გარანტიის შემოღების მიზანი

საქართველოს კონსტიტუციის „მუდმივობის დებულებით“ გამყარების მიზანია, რომ შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს კონსტიტუციის ცვლილებათა არაკონსტიტუციურობას, სხვაგვარად რომ ვთქვათ_ კონსტიტუციის ბოროტად გამოყენებას. ეს იქნება არამხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი კონსტიტუციის თავდაცვის ფუნქციისა ფუნდამენტალური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით, არამედ მოქმედი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მზაობა მუდმივი კომპრომისისათვის, რაც სწორედ, რომ დემოკრატიის არსს წარმოადგენს. კელზენის აზრით, „თუ დემოკრატიას განვიხილავთ არა როგორც უმრავლესობის შეუზღუდავ ბატონობას, არამედ მუდმივ კომპრომისს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, მაშინ კონსტიტუციური მართლმსაჯულება განსაკუთრებულად შესატყვისი საშუალებაა ამ იდეის განსახორციელებლად“.[10]

კონსტიტუციაში მუდმივობის გარანტიის ასახვის მიზანია, ისეთი კონსტიტუციური დებულების შექმნა, რომელიც კონსტიტუციის ნორმების ერთგვარ შიდა იერარქიას დაადგენს. ამისათვის უნდა მოხერხდეს კონსენსუსის ჩამოყალიბება იმაზე, თუ რომელი ღირებულებებია ყველაზე ფასეული და იგი ხელშეუხებელად გამოცხადდეს.

უფრო ზუსტად კი, მიზანია ისეთი კონსტიტუციური დებულების შექმნა, რომელიც იქნება გარანტია იმისა, რომ არსებული კონსტიტუციით დაცული იყოს ისეთი წესრიგი, რომელიც ფუნდამენტურ ფასეულობებს წარმოადგენს და რომელთა გაუქმება და ხელყოფა საფრთხეს შეუქმნის ამ ფუძემდებლურ ფასეულობებს. შესაბამისად, კონსტიტუცია თავისივე თავს უნდა იცავდეს მასში ისეთი ცვლილებების განხორციელებისაგან, რომელიც არღვევს დემოკრატიის, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს და ადამიანის ღირსებას. ზოგიერთი მეცნიერის აზრით,[11] მუდმივობის გარანტია შეიძლება ასევე გავრცელდეს კონსტიტუციის იმ ნორმაზე, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობაზე.

გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2013 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მსვლელობისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ჩართული უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს შესაძლოა განხორციელდეს წინასწარი, ან შემდგომი კონტროლით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს კონსტიტუციური ცვლილებების წინასწარი კონტროლის მექანიზმს. წინასწარ კონტროლს აქვს დადებითი მხარე – ამ დროს შესაძლო პრობლემის პრევენცია ხდება, რაც თავის მხრივ სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიას ქმნის[12] და არაკონსტიტუციური ნორმა სამართლებრივ შედეგებსაც აღარ წარმოშობს. თუმცა გასათვალისწინებელია მისი ნაკლიც. ნორმა, რომელიც რეალურად ჯერ არ მოქმედებს, რთული შესაფასებელია მისი სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ეფექტი. იგი შესაძლოა ამოქმედების შემდეგ გახდეს ცნობილი[13]. ამ დროს შეიქმნება სიტუაცია, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად არაკონსტიტუციურ ნორმას აუნთო „მწვანე შუქი“. წინასწარი კონტროლი ნაკლებად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც სასამართლო ორგანოს არსს[14].

შესაბამისად გაცილებით ეფექტიანი და გონივრულია კონსტიტუციური ცვლილებების კონსტიტუციურობის შემდგომი კონტროლი, რომელიც სწორედ „მუდმივობის გარანტიასთან“ ცვლილებების შეფასებით შეიძლება განხორციელდეს.

„მუდმივობის გარანტიის“ ქართული ვერსია

ქართული, ისე როგორც სხვა თანამედროვე სახელმწიფოთა კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი, ეყრდნობა სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის, რესპუბლიკის, სოციალური სახელმწიფოს, ადამიანის ღირსების და ძირითადი უფლებებით ბოჭვის პრინციპებს. იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ მუდმივობის გარანტიის ფარგლები ვერ იქნება განუსაზღვრელი. მან უნდა უზრუნველყოს გარანტირებული სიკეთეების მხოლოდ ის ფუძემდებლური ნიშნები, რომლებიც მის განუყოფელ ელემენტს განეკუთვნება[15] და რომელთა დარღვევა გამოიწვევდა ამ პრინციპის არსის ხელყოფას. იგი უნდა განისაზღვროს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას. მას ორმაგი ფუნქცია დაეკისრება: პირველი, იგი უნდა იყოს კანონმდებლის ორიენტირი კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებისას და მეორე, კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობაზე (და პარალელურად „მუდმივობის გარანტიის“ ფარგლებზე) უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მუდმივობის გარანტია“ არ ანიჭებს სასამართლოს უფლებამოსილებას გადასინჯოს ნებისმიერი კონსტიტუციური ნორმა მუდმივობის დებულებასთან მიმართებით, არამედ განიხილოს მხოლოდ კონსტიტუციური კანონის კონსტიტუციურობა „მუდმივობის გარანტიასთან“ მიმართებით. სხვა შემთხვევაში არსებობს საფრთხე იმისა, რომ მივიღებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციის კონსტიტუციურობის დადგენის შეუზღუდავ მოდელს. მსგავსი კონტროლი კი არაპროპორციულად შეზღუდავს კანონმდებელს.

ქართული ვერსია „მუდმივობის გარანტიისა“ უნდა იყოს კონსტიტუციის მერვე თავის (კონსტიტუციის გადასინჯვა) ბოლო მუხლი, და შესაძლოა ამგვარად შეიძლება გამოიყურებიდეს: საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გარანტირებული დემოკრატიის, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპები და მე-7 მუხლით გარანტირებული ღირებულებანი მუდმივია. მათი არსი გადასინჯვას არ ექვემდებარება.

მეცნიერებს შორის ძალიან საინტერსო დისკუსიაა „მუდმივობის გარანტიასთან“ დაკავშირებით[16]. იგი არამხოლოდ იურისტების, არამედ ფილოსოფოსთა და პოლიტოლოგთა ფართო განსჯის საგანია. სავსებით ლეგიტიმურია კითხვები იმის შესახებ თუ ვის უნდა ჰქონდეს საბოლოო სიტყვის უფლებამოსილება კონსტიტუციის კონსტიტუციურობის განმარტებასთან დაკავშირებით, პარლამენტს თუ საკონსტიტუციო სასამართლოს? როგორ უნდა იყოს ფორმულირებული „მუდმივობის გარანტია“ ისე, რომ იგი არ იყოს, მხოლოდ დეკლარაციული, მაგრამ არც თუ ისე კონკრეტული საკითხებით შემოისაზღვროს; და საერთოდ, საჭიროა თუ არა მომავალი თაობის მაგივრად კანონმდებელმა დღეს მიიღოს გადაწყვეტილება, ხომ არ აფერხებს იგი ამით კონსტიტუციონალიზმის განვითარებას?

ამ კითხვაზე პასუხს, ჩვენი წარსული გამოცდილებიდან მივიღებთ. „მუდმივობის გარანტია“ არათუ ხელს შეუშლის ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებას, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს მის სწორ განვითარებას, და დაიცავს კონსტიტუციურ სიკეთეებს უხეში ჩარევებისგან. ამიტომაც, დღეს კანონმდებელმა გადაწვეტილება კონსტიტუციური ღირებულებების სასარგებლოდ უნდა მიიღოს. მათი დაცვა „მუდმივობის გარანტიის“ დაწესებითა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდომი კონტროლით ყველაზე ეფექტური და საიმედო საშუალებაა.

ბიბლიოგრაფია:

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის N1/1/549 განჩინება, 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური ცვლილებები მესამედ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის N1/1/549 განჩინება, გვ. 13.

[3] საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა, თავი პირველი კონსტიტუციის პროექტის ზოგადი დებულებანი, 1919–1921 დაუთარიღებელი, სამოქალაქო განათლების განყოფილება, სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 66-68.

[4] დეტალური მიმოხილვა იხ. Haug., Die Schranken der Verfassungsrevision, S. 179; Carmen Thiele Regeln und Verfahren der Entscheidungsfindung innerhalb von Staaten und Staatsverbindungen S. 72.

[5] შედარებით სამართლებრივად: Häberle,P., Verfassungsrechtliche Ewigkeitsklauseln als verfassungsstaatliche Identitätsgarantien, in: Yvo Hangartner/Stefan Trechsel (Hrsg.), Völkerrecht im Dienste des Menschen. Festschrift für Hans Haug, Bern-Stuttgart 1986, S. 81.

[6] Die Änderungen der Bundesverfassung dürfen nicht den Bestimmungen des ius cogens widersprechen (Artikel 194 Absatz 2 BV).

[7] მუხლი 1. (1) ადამიანის ღირსება და სხვა ძირითადი უფლებები.

[8] მუხლი 20. დემოკრატიული და სოციალური ფედერაციული სახელმწიფოს პრინციპი. მიწების (ლანდების) უფლებამოსილებები.

[9] შტატებს მათი თანხმობის გარეშე, არ უნდა წაერთვათ სენატში თანასწორი ხმის უფლება.

[10] Kelsen, H., Wesen und Entwicklung der Staatsgerichtsbarkeit, in: Ooyen, Robert Christian van (Hrsg.): Wer soll der Hüter der Verfassung sein? Abhandlungen zur Theorie der Verfassungsgerichtsbarkeit in der pluralistischen, parlamentarischen Demokratie, Tübingen 2008, S. 51.

[11] Loladze, B., Das Rechtsstaatsprinzip in der Verfassung Georgiens und in der Rechtsprechung des Verfassungsgerichts Georgiens, Potsdam 2015, S. გვ. 238-247.

[12] შვარცი, ჰ.: კონსტიტუციური მართლმსაჯულების დამკვიდრება პოსტკომუნისტურ ევროპაში, თბილისი 2003, გვ. 70.

[13] Doehring, Karl: Allgemeine Staatslehre. Eine systematische Darstellung, 3., neu bearbeitete Auflage, Heidelberg 2004, S. 202; შვარცი: კონსტიტუციური მართლმსაჯულების დამკვიდრება, იქვე.

[14] Benda/Klein: Verfassungsprozessrecht, S. 144. ლოლაძე, ბ., კანონმდებლის მიერ კონსტიტუციის უზენაესობის იგნორირება და მისი პრევენცია, კორკელია, კონსტანტინე (რედ.), ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა, თბილისი 2013, გვ. 187-203.

[15] საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მუდმივობის შესახებ იხ. ლოლაძე, ბ., კანონმდებლის მიერ კონსტიტუციის უზენაესობის იგნორირება და მისი პრევენცია, კორკელია, კონსტანტინე (რედ.), ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა, თბილისი 2013, გვ. 187-203.

[16] Eberl, M., Verfassung und Richterspruch: Rechtsphilosophische Grundlegungen zur Souveränität, Justiziabilität und Legitimität der Verfassungsgerichtsbarkeit: … Legitimitat Der Verfassungsgerichtsbarkeit 2006. S. 29 Näher darüber in: Badura: Verfassungsänderung, S. 57 (66); Dreier: Grenzen demokratischer Freiheit, S. 741 (743); Evers, in: Bonner Kommentar, Art. 79 Abs. 3, Rn. 1.1.3. ff., 66; Maurer: Verfassungsänderung im Parteienstaat, S. 821 (829 ff.); Klaus Stern: Die Bedeutung der Unantastbarkeitsgarantie des Art. 79 III GG für die Grundrechte, in: Stern, Klaus/Siekmann, Helmut (Hrsg.), Der Staat des Grundgesetzes. Ausgewählte Schriften und Vorträge, Köln/Berlin/Bonn/München 1992, S. 269 (271).

Share on Facebook71Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.