მიმართვა ევროპარლამენტისადმი

Share on Facebook115Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ მარტინ შულცს,

სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის

მიმართვა

გუშინ ევროპარლამენტის “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის (EPP) ვებგვერდზე გავრცელდა ჯგუფის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის და ამავე პარტიიდან ეურონესტის თანათავჯდომარის, ევ­რო­ნეს­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ვი­ცე–პ­რე­ზი­დენ­ტის ია­ცეკ სა­რი­უშ-ვოლ­სკის განცხადება.

პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება და მიუხედავად ხელისუფლების სასტიკი ზეწოლისა, საარჩევნო პროცესის არადემოკრატიულობისა, მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიღების უფლების ჩამორთმევისა, ოპონენტების ძალადობრივი დევნისა, მოახერხა არჩევნების გზით ხელისუფლების გადარჩევა. ეს შესაძლო გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ნება ურყევი და საბოლოო იყო, და იგი გამოიხატებოდა  ნაციონალური მოძრაობისათვის კატეგორიული ‘არა’–ს თქმაში. ამ ნების შეჩერება არანაირ ძალადობას არ შეეძლო.

martin 17ამ ვითარებაში ჩვენთვის შეურაცხმყოფელია ის უპასუხისმგებლო, პერმანენტული დაუბალანსებელი განცხადები, რომლებსაც ბატონი მარტენსი აკეთებს. იგი უარყოფს ახალ რეალობას, არ უსმენს მეორე მხარეს და აშკარად გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის – სრულიად დელეგიტიმირებული პოლიტიკური გუნდის ინტერესებს. ესპ–ის ხელმძღვანელის ამგვარი პოზიცია ხელს არ უწყობს ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანას, არამედ  აღრმავებს ნაცმოძრაობის მიერ წამოწყებულ ევროპის იდეის, ევროპულ ფასეულობათა დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში.

დღეს საქართველოში რეფომების პარალელურად მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენას ემსახურება. ძალადობრივი სისტემა, სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით, წლების განმავლობაში, საქართველოს ქუჩებსა თუ ციხეებში ახორციელებდა მრავალი ადამიანის მკვლელობას, ძალადობას, გაუპატიურებას, დემონსტრაციების დარბევას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ბუნებრივია, ამ მძიმე დანაშაულს კონკრეტული ადამიანები სჩადიოდნენ, რომელთა რიცხვი, სამწუხაროდ, არცთუ მცირეა. ღრმად ვართ დარწმუნებული, მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში ევროპაში არავინ დარჩებოდა დაუსჯელი, და გვსურს, ასე მოხდეს ჩვენთანაც. ქართველ ხალხს ახალი ხელისუფლებისთვის არ მიუცია ძალადობრივი დანაშაულის, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევების ვინმესთვის პატიების უფლება. ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო, დანაშაულის ორგანიზატორთა და  წამქეზებელთა გასამართლებას შეუძლია ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს დაუსჯელობის განცდა უმაღლესი ხელისუფლების მფლობელებში. ამდენად, ესაა არა მხოლოდ წარსული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის, არამედ – მომავალში მსგავსი დანაშაულისაგან პრევენციის საკითხი. ჩვენ გვსურს, რომ ყველა მომავალმა ხელისუფალმა იცოდეს – თუკი მსგავს დანაშაულს დაუშვებს, უმკაცრესად აგებს პასუხს. სხვაგვარად უბრალოდ ვერანაირად ვერ შეიქმნება პირობები საზოგადოებაში ცივილიზაციისა და ადამიანის ცნობიერების უზენაეს ფასეულობათა დასამკვიდრებლად.

იციან რა საკუთარი დანაშაულის სიმძიმე, და აცნობიერებენ რა სამართლებრივი გარემოს აღდგენის პირობებში მოსალოდნელ პასუხისმგებლობას,  ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სხვადასხვა მაპროვოცირებელი განცხადებებითა და ქმედებით ცდილობენ ხელი შეუშალონ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, შექმნან პოლიტიკური დევნისა და უსამართლობის ილუზია. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ, მათ შორის, ევროპელ ლობისტებს. და ეს მაშინ, როდესაც, დაინტერესებულ და მიუკერძოებელ ადამიანს შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს განსხვავება წინა ხელისუფლების დროს წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და დღეს მიმდინარე პროცესებს შორის. ნაციონალური მოძრაობის მართველობის დროს სასამართლო იყო აღმასრულებელი ხელისუფლების პირდაპირ დაქვემდებარებაში, დღეს დაცულია ყველა სამართლებრივი პროცედურა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჯერ ბრალის წაყენების მიუხედავად არცერთ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა  არ დაწყებულა.

გავრცელებულ ტექსტში საუბარია 8 თებერვლის ინციდენტზე, როდესაც პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით შეკრებილ საზოგადოებას და ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგნლებს შორის მოხდა დაპირისპირება. უნდა აღინიშნოს, და არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ყოფილ პოლიტპატიმართა, არამედ – ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთა მხრიდანაც, ხოლო ნაციონალური მოძრობის წარმომადგენლები, მათ შორის, დედაქალაქის მოქმედი მერი, იქცეოდნენ პროვოკაციულად, პოლიტიკური ეთიკის ყველა სტანდარტის დარღვევით. რომ არა ეს მიზანმიმართული პროვოკაცია დეპუტატთა მხრიდან – რომლის მიზანიც, სავარაუდოდ, სწორედ მარტენსის მსგავსი განცხადებების მიღება იყო – დარწმუნებული ვართ, ასეთი ინციდენტი არ მოხდებოდა.

ბუნებრივია, ქვეყანაში წესრიგზე და ყველა შესაძლო ინციდენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება ახალ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს. ახალი ხელისუფლება არ გაურბის ამ პასუხისმგებლობას. მაგრამ სიტუაციის წარმოდგენა ისე, რომ ‘კრიმინალები’ თავს დაესხნენ უწყინარ და მშვიდობიან დეპუტატებს – წარმოადგენს სიტუაციის სრულ გაყალბებას და დეზინფორმირებას.

ქართველმა ხალხმა ხელისუფლების შესაცვლელად აირჩია არა რევოლუციის, არამედ არჩევნების გზა, ამიტომ მათი სურვილი არის მხოლოდ დამნაშავეების პასუხისმგებლობაში მიცემა და არა პოლიტიკური დევნა, რაც ზოგადად რევოლუციებს ახასიათებთ. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ  ფაქტების დადგენისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის გარეშე სამართლიანობა არ აღდგება, საზოგადოებას არ გაუჩნდება ნდობა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ნდობის გარეშე კი ჯანსაღი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა წარმოუდგენელია.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბატონი მარტენსი და მისი მეგობრები წარმოადგენენ მხოლოდ ნაწილს, ისიც მცირეს, ევროპული საზოგადოებისა, რომელიც საზრდოობს ზედაპირული ინფორმაციით, ღრმად არ აანალიზებს ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვერ გამოდის იმ სტერეოტიპების ტყვეობიდან, რომელიც მხოლოდ ნაცმოძრაობის ხედვით წარმოაჩენს ‘სინამდვილეს’.

ჩვენ ვთხოვთ ევროპარლამენტს, სიტუაციაში უკეთ გასარკვევად გამოაგზავნოს ყველა პოლიტიკური ჯგუფისა და  საზოგადოების წარმოამდგენლები, რომლებიც საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე მოუსმენენ ყველა მხარეს და საზოგადოებრივ ჯგუფს. გარწმუნებთ, ევროპის ობიექტური და მიუკერძოებელი პოზიცია ჩვენში მიმდინარე პროცესებისადმი არის ის, რაც რეალურად შედის ყველა ჩვენგანის, ქვეყნის განვითარების ინტერესებში.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ქვეყანას ძლიან ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპაში. ვიცით, რომ ევროპელთა უდიდესი უმრავლესობისათვის დემოკრატიის, სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალები უალტერნატივო საფუძველია საზოგადოებრივი ცხოვრებისა. ჩვენც სწორედ ამგვარი საზოგადოების აშენებისაკენ მივისწრაფით და გვსურს სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ უსამართლობა, მანიპულატორული მმართველობა, სიცრუის ტირაჟირება და ამაზე დაფუძნებული ‘ფასადური დემოკრატია’. ნამდვილი დემოკრატიის, პასუხისმგებელი, სამართლებრივი, სოლიდარული სახელმწიფოს მშენებლობა რთული საქმეა, მიზანმიმართულ ძალისხმევას, დაუღალავ შრომას და ზოგჯერ თავდადებასაც კი მოითხოვს. მაგრამ მიზანი იმდენად დიადია, რომ ღირს შრომად, ბრძოლად და თავდადებადაც კი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ უაღრესად რთული, მაგრამ საპატიო მისიის შესრულების დროს ჩვენ გვერდით იქნებიან, და როგორც ადრე, თანადგომას გამოგვიცხადებენ დემოკრატიისა და სამართლიანობის ჭეშმარიტი დამცველები, ჩვენი ევროპელი მეგობრები.

სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი

გია ჟორჟოლიანი

Share on Facebook115Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.