ერიკ ჰობსბაუმი: მემარცხენეობა და იდენტობის პოლიტიკა

Share on Facebook171Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

eric-hobsbawm-port_2516559b

► ავტორი: ერიკ ჰობსბაუმი – ცნობილი ბრიტანელი სოციალური თეორეტიკოსი;  ინდუსტრიული კაპიტალიზმის, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ისტორიკოსი. 

► თარგმნა გიორგი გუდაძემ 

► რედაქტორი: ალექსანდრა აროშვილი

რედ.შენიშვნა: წინამდებარე  სტატია  წარმოადგენს ერიკ ჰობსბაუმის მიერ ჩატარებული ლექციის ტრანსკრიპტს, რომელიც ლონდონში, განათლების ინსტიტუტში, 1996 წლის 2 მაისს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი არც ისე ახალია, ჩვენი აზრით, ის საინტერესოდ ეხმიანება მოვლენებს, რომლებიც დღევანდელ საქართველოში იკიდებს ფეხს: იდენტობის პოლიტიკისა და ეგრეთწოდებული “სექტანტური” სოციალური მოძრაობების, მათ შორის მემარცხენე ჯგუფებისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა ტენდენციების თვალსაზრისით. გამოწვევები, რომელთა წინაშეც 90-იან წლებში იდგნენ დასავლური საზოგადოებები : ნეოლიბერალური პოლიტიკების დამანგრეველი შედეგები, სოციალისტური რიტორიკის დღის წესრიგში დაბრუნების აუცილებლობა და იდენტობის პოლიტიკით განსაზღვრული მოძრაობების კრახი – ეს ის თემებია, რომლებიც, შესაძლოა,  სხვაგვარ აქტუალობას იძენდნენ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი პოსტ-ხავერდოვანი რევოლუციების პირობებში. ტექსტი განსაკუთრებით კრიტიკულად უახლოვდება იმ დისკურსებს, რომლებიც თბილისში უკანასკნელ კვირებში მიმდინარე მოვლენებმა – კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წინააღმდეგ აქციებმა, მათმა კონტრაქციებმა და მოგვიანებით, 17-მა მაისმა წარმოშვა.

© European.ge

ჩემი ლექცია შეეხება სრულიად ახალ საკითხს. ჩვენ უკვე იმდენად მივეჩვიეთ ტერმინებს “კოლექტიური იდენტობა”, “იდენტობის ჯგუფები”, “იდენტობის პოლიტიკა” ან თუნდაც “ეთნიკურობა”, რომ გვიჭირს გავიხსენოთ, სულ ახლახანს რომ დამკვიდრდნენ ისინი თანამედროვე ლექსიკონებსა თუ პოლიტიკური დისკურსის ჟარგონში. მაგალითად, თუ ჩაიხედავთ „სოციალური მეცნიერებების საერთაშორისო ენციკლოპედიაში“, რომელიც 1968 წელს გამოიცა (თუმცა დაიწერა 1960-იანების შუა წლებში) „იდენტობის“ სათაურის ქვეშ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩანაწერს, გარდა ერთისა – ჩანაწერს ფსიქოსოციალური იდენტობის შესახებ, რომელიც ერიკ ერიკსონს ეკუთვნის და ასევე, ზოგად ჩანაწერს ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის შესახებ.  ერიკსონს ძირითადად აინტერესებდა საკითხები, როგორიცაა ე.წ. “იდენტობის კრიზისი” მოზარდებში, რომლებიც ცდილობენ აღმოაჩინონ საკუთარი თავი. რაც შეეხება ეთნიკურობას, იგი ადრეული 1970-იანების ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში ჯერ კიდევ გვხვდება, როგორც იშვიათი სიტყვა, რომელიც „წარმართობასა და ცრუმორწმუნეობაზე“ მიუთითებს და XVIII საუკუნის ციტირებებით არის დოკუმენტირებული.

ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს ისეთ ტერმინებთან და ცნებებთან, რომელთა გამოყენებაც, რეალურად, მხოლოდ 1960-იან წლებიდან იწყება. მათი წარმოშობა ყველაზე მარტივად აშშ-ში შეგვიძლია ვიკვლიოთ, რადგან ეს საზოგადოება ყოველთვის უჩვეულო ინტერესით აკვირდებოდა საკუთარ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ტემპერატურას, სისხლის წნევასა და სხვა სიმპტომებს, მაგრამ, უპირველესი მიზეზი ამისათვის მაინც ის არის, რომ იდენტობის პოლიტიკის არა ერთადერთი, თუმცა ყველაზე ცხადი მაგალითი, სახელდობრ ეთნიკურობა – მას შემდეგ, რაც აშშ მასობრივი ევროპული მიგრაციის ქვეყნად იქცა -ყოველთვის ცენტრალურ ადგილს იკავებდა ამერიკის შიდა პოლიტიკაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ეთნიკურობა, ახალი მნიშვნელობით, პირველად საჯაროდ გვევლინება გლეიზერისა და მოინეჰენის 1963 წელს დაწერილ წიგნში “Beyond the Melting Pot”; შემდგომ კი მილიტანტურ პროგრამად გარდაიქმნება მაიკლ ნოვაკის 1972 წელს გამოცემულ წიგნში “The Rise of the Unmeltable Ethnics”. ალბათ არ გვჭირდება შეხსენება, რომ პირველი – ებრაელ პროფესორსა და ერთ ირლანდიელს, ამჟამად ნიუ იორკის უფროს დემოკრატ სენატორს –  მეორე კი სლოვაკური წარმოშობის კათოლიკეს ეკუთვნის. ჯერ-ჯერობით, არ საჭიროებს განხილვას, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი 1960-იანებში, მაგრამ ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ სტილის დამამკვიდრებელ აშშ-ში მაინც, იმავე დეკადამ იდენტობის პოლიტიკის სხვა ფორმების აღმოცენებაც იხილა – თანამედროვე (პოსტ-სუფრაჟისტული) ქალთა  და გეი მოძრაობების სახით.

არ ვამბობ, რომ 1960-იან წლებამდე არავის დაუსვამს კითხვები საკუთარი საჯარო იდენტობის შესახებ. ასეთი შეკითხვები არასტაბილურ სიტუაციებში ჩნდებოდა, მაგალითად საფრანგეთში, ლორენის ინდუსტრიულ ზოლში, სადაც ოფიციალური ენა და ეროვნული მიკუთვნებულობა ერთი საუკუნის განმავლობაში ხუთჯერ შეიცვალა, სადაც სოფლის ცხოვრების წესი ინდუსტრიულმა, ნახევრად-ურბანულმა ცხოვრების წესმა ჩაანაცვლა, ხოლო საზღვრები კი გასული საუკუნე-ნახევრის განმავლობაში შვიდჯერ გადაიხაზა. რა თქმა უნდა, ხალხი სვამდა კითხვას: “ბერლინელებმა იციან რომ ბერლინელები არიან, პარიზელებმა იციან რომ პარიზელები არიან, მაგრამ ჩვენ ვინ ვართ?” ან ერთ-ერთი ინტერვიუდან ციტატა რომ მოვიყვანოთ: “მე ლორენიდან ვარ, კულტურულად გერმანელი ვარ, ეროვნებით ფრანგი და ვაზროვნებ ჩვენს პროვინციულ დიალექტზე.”[i] სინამდვილეში, ამ ყველაფერმა მხოლოდ და მხოლოდ იდენტობის რეალური პრობლემები წარმოქმნა, როდესაც ხალხს არ შეეძლო ჰქონოდა რამდენიმე, შერეული იდენტობა, რაც  მრავალი ჩვენგანისათვის სრულიად ბუნებრივია. მეტიც, ისინი მოწყდნენ თავიანთ წარსულსა და ყველა საერთო კულტურულ პრაქტიკას.[ii] თუმცა, 1960-იან წლებამდე, მერყევი იდენტობის ამგვარი პრობლემები პოლიტიკის სპეციფიკურ პერიფერიულ ზონებს მიეკუთვნებოდა –  ისინი ჯერ კიდევ არ იყო ცენტრალური.

1960-იანი წლებიდან, ეს საკითხები ბევრად უფრო ცენტრალურ ადგილს იკავებენ. რატომ? ეჭვგარეშეა, რომ ცალკეული მიზეზები ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკითა და ინსტიტუტებითაა გამოწვეული. მაგალითად, აშშ-ს კონსტიტუციაში შეტანილი სპეციფიკური ცვლილებით – 1950-იან წლებში, სამოქალაქო უფლებების სასარგებლოდ მიღებული დადგენილებებით. ცვლილებები თავდაპირველად შავკანიანებს შეეხო და შემდეგ გავრცელდა ქალებზეც, რამაც, თავის მხრივ, სამოქმედო გეგმა სხვა იდენტობის ჯგუფებსაც მისცა. ქვეყნებში, სადაც პარტიები ამომრჩეველთა ხმებისთვის იბრძვიან, ასეთ, იდენტობის ჯგუფებად გაერთიანებას შესაძლოა კონკრეტული პოლიტიკური სარგებელიც ჰქონდეს, მაგალითად: პოზიტიური დისკრიმინაცია მათ სასარგებლოდ, დასაქმების კვოტები მათთვის – და ასე შემდეგ. სწორედ ასე მოხდა შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ. ინდოეთში, სადაც მთავრობას სოციალური თანასწორობის შექმნის დიდი სურვილი აქვს, საკუთარი თავის დაბალ კასტასთან კლასიფიცირებას ან აბორიგენული ტომური ჯგუფისადმი მიკუთვნებას  შესაძლოა გარკვეული სარგებელი მოეტანა, ვინაიდან ასეთი ჯგუფებისათვის არსებობდა დამატებითი სამუშაო შესაძლებლობები.

მრავალი იდენტობის უარყოფა

ჩემი აზრით, იდენტობის პოლიტიკა ამ საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში მომხდარი საზოგადოებრივი ტრანსფორმაციების, სწრაფი და სიღრმისეული ცვლილებების შედეგი უნდა იყოს, რის ახსნას და გაგებასაც შევეცადე ჩემი წიგნის –  „ხანმოკლე მეოცე საუკუნე, -უკიდურესობების ეპოქა“ – მეორე ნაწილში. ეს მხოლოდ ჩემი შეხედულება არ არის. მაგალითად, ამერიკელი სოციოლოგი დანიელ ბელი, 1975 წელს, ამტკიცებდა, რომ “ტრადიციული ძალაუფლებრივი სტრუქტურების ძველ ემოციურ სოციალურ ერთობებთან – ისტორიულად ერთან და კლასთან – განშორება, … უფრო შესამჩნევს ხდის ეთნიკურ კავშირებს.“[iii]

მართლაც, ჩვენ ვიცით, რომ ერი-სახელმწიფო და ძველი, კლასზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები თუ მოძრაობები დასუსტდნენ ზემოთ ნახსენები ტრანსფორმაციების შედეგად. უფრო მეტიც, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან დიდი “კულტურული რევოლუციის” ეპოქაში, ტრადიციული სოციალური ნორმების, ქსოვილებისა და ღირებულებების გასაოცარი რღვევის პირობებში, რამაც განვითარებული სამყაროს მაცხოვრებლების ძალიან დიდი ნაწილი ობლობისთვის და მარტოობისთის გაწირა. ნება მომეცით საკუთარი ციტატების მოშველიება განვაგრძო – “სიტყვა „თემი“ არასდროს ისე ხშირად არ გამოუყენებიათ გაურკვეველი და ცარიელი მნიშვნელობით, როგორც იმ პერიოდში, როდესაც თემები სოციოლოგიური თვალსაზრისით რეალურ ცხოვრებაში რთულად საპოვნნი გახდნენ.”[iv] სამყაროში, სადაც არაფერია განსაზღვრული, ყველაფერი მოძრავი და ცვალებადია, კაცები და ქალები ეძებენ ჯგუფებს, რომლებსაც თავს მიაკუთვნებენ უეჭველად და სამუდამოდ. სწორედ ამას პოულობენ ისინი იდენტობის ჯგუფებში. თუმცა ვაწყდებით უცნაურ პარადოქსს, რომელიც ბწყინვალედ და სრულიად შემთხვევით, კარიბული წარმოშობის ჰარვარდელმა სოციოლოგმა ორლანდო პატერსონმა აღმოაჩინა: ‘ხალხი ირჩევს იდენტობის ჯგუფს, რომელსაც თავს მიაკუთვნებს, მაგრამ “ეს არჩევანი მიღებულია მტკიცე,  ინტენსიურ რწმენაზე დაყრდნობით, რომ ინდივიდს არ აქვს არჩევანი, ის უბრალოდ მიეკუთვნება რომელიმე სპეციფიკურ ჯგუფს.” [v] ხანდახან, ნათელი ხდება, რომ ეს მართლაც არჩევანია – იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავიანთ თავს მოიხსენიებენ,  როგორც “ინდიელ ამერიკელს” ან “ადგილობრივ ამერიკელს”, თითქმის გაოთხმაგდა 1960 დან – 1990 წლამდე პერიოდში. მათი რიცხვი ნახევარი მილიონიდან დაახლოებით ორ მილიონამდე გაიზარდა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია იმისთვის, რომ პროცესი დემოგრაფიულად აიხსნას; და ვინაიდან “ადგილობრივი ამერიკელების” 70% სხვა რასის წარმომადგენელზე ქორწინდება,  გაუგებარი ხდება ზუსტად  ვინ არის ეთნიკურად “ადგილობრივი ამერიკელი“. [vi]

ამგვარად, რას ვიგებთ ამ კოლექტიური იდენტობით და სურვილით, მივეკუთვნებოდეთ პირველხარისხოვან ჯგუფს? თქვენს ყურადღებას ოთხს საკითხზე გავამახვილებ:

პირველ რიგში, კოლექტიური იდენტობები განისაზღვრება ნეგატიურად, სხვაგვარად რომ ვთქვათ – სხვებთან დაპირისპირებულობაში.  ჩვენ (we) ვაღიარებთ ჩვენს თავს, როგორც “ჩვენ” (us), იმიტომ რომ “ჩვენ” განვსხვავდებით ‘მათგან’. თუ არ იარსებებდნენ „სხვები“, რომელთაგანაც ჩვენ განვსხვავდებოდით, ჩვენ აღარ მოგვიწევდა გვეკითხა საკუთარი თავისთვის, ვინ ვართ „ჩვენ“. “აუთსაიდერების” გარეშე, არც “ინსაიდერები” იარსებებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოლექტიური იდენტობები დაფუძნებულია არა იმაზე, თუ რა აერთიანებს მათ წევრებს – მათ შეიძლება ძალიან ცოტა რამ ჰქონდეთ საერთო – არამედ იმაზე, რომ ისინი არ არიან “სხვები”. პროფკავშირების წევრები და ნაციონალისტები ბელფასტში; ან სერბი, ხორვატი და მუსლიმი ბოსნიელები, რომლებიც სხვაგვარად განუსხვავებლები იქნებოდნენ, – საუბრობენ ერთსა და იმავე ენაზე, აქვთ ერთნაირი ცხოვრების წესი, გამოიყურებიან და იქცევიან ერთნაირად, დაჟინებით იშველიებენ ერთ განმასხვავებელ ნიშანს – რელიგიას. ამის საწინააღმდეგოდ, რა აძლევს ერთობას პალესტინელებს, რომლებიც შერეულნი არიან სხვადასხვა განშტოების მუსლიმებს; რომაელსა და ბერძენ კათოლიკეებს, ბერძენ მართლმადიდებლებსა და სხვებს, რომლებიც თავისუფლად შეიძლება, გარკვეულ ვითარებაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კიდეც, როგორც ეს მეზობელ ლიბანში ხდება? მხოლოდ ის, რომ ისინი არ არიან ისრაელელები, რასაც ისრაელის პოლიტიკა მათ გამუდმებით შეახსენებს ხოლმე.

რა თქმა უნდა არსებობს კოლექტივები, რომლებიც დაფუძნებულია ობიექტურ მახასიათებლებზე, რაც აერთიანებთ მათ წევრებს, მაგალითად ბიოლოგიური სქესი ან ისეთი პოლიტიკურად სენსიტიური ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა კანის ფერი და სხვა.  თუმცა, კოლექტიური იდენტობების უმეტესობა უფრო მაისურებს ჰგავს, ვიდრე კანს. ისინი, სულ მცირე თეორიაში მაინც, არჩევითია და არა გარდაუვალი. მიუხედავად იმისა, რომ სხეულზე მანიპულაციები დღეს მოდაშია, მაინც უფრო მარტივია, მოირგო ახალი მაისური, ვიდრე ახალი მკლავი. იდენტობის ჯგუფების უმეტესობა სულაც არ არის დაფუძნებული ობიექტურ ფიზიკურ მსგავსებებსა თუ განსხვავებებზე, თუმცა ყველა მათგანს პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ისინი “ბუნებრივები” არიან და არა სოციალურად კონსტრუირებულები. მართლაც, ყველა ეთნიკური ჯგუფი ამას აკეთებს.

მეორე საკითხი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს. რეალურ ცხოვრებაში, იდენტობები ტანისამოსის მსგავსად ურთიერთმონაცვლე ან ერთმანეთთან შეხამებით ჩაცმადი არიან და არა უნიკალური, როგორც სხეულის რომელიმე ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებრივი აზრის მკვლევარმა იცის, რომ არავის აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდენტობა. ადამიანების აღწერა, თუნდაც ეს ბიუროკრატიული მიზნებისთვის იყოს საჭირო, მხოლოდ სხვადასხვა მახასიათებლების კომბინაციითაა შესაძლებელი. თუმცა, იდენტობის პოლიტიკის თანახმად, ჩვენი მრავალი იდენტობიდან არსებობს ერთი, რომელიც ჩვენ განგვსაზღვრავს, ან როგორც მინიმუმ, დომინირებს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში, ასეთებია: ქალად ყოფნა, თუ თქვენ ფემინისტი ხართ;  პროტესტანტობა, თუ თქვენ ანტრიმელი პროფკავშირის წევრი ხართ, კატალონიელობა თუ თქვენ კატალონიელი ნაციონალისტი ხართ და ჰომოსექსუალობა, თუ თქვენ გეი მოძრაობის წევრი ხართ. ამასთან ერთად საჭიროა, რომ თქვენ უარი თქვათ ყველა სხვა იდენტობაზე, რადგან ეს ყველაფერი შეუთავსებელია თქვენს „რეალურ“ მესთან. დევიდ სელბურნი, „ყველაფრის მცოდნე“ იდეოლოგი და მთავარი მამხილებელი მოუწოდებს “ინგლისში მცხოვრებ ებარაელებს”, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ინგლისელებად თავის გასაღება და აღიარონ თავიანთი „ნამდვილი“ ებრაული იდენტობა. ეს ერთდროულად საშიშიცაა და აბსურდიც. პრაკტიკული შეუთავსებლობა  იმაში, რომ  იყო ორივე არ არსებობს მანამ, სანამ გარეშე ავტორიტეტი არ გეტყვის, რომ შენ  ეს არ შეგიძლია, ან თუ კი ეს ფიზიკურადაა შეუძლებელი. თუ მე მინდა, რომ ვიყო ერთდროულად და ეკუმენურად ღვთისმოშიში კათოლიკე, ღვთისმოშიში ებრაელი და ღვთისმოშიში ბუდისტი, რატომ არ შეიძლება ვიყო? ერთადერთი მიზეზი რაც ფიზიკურად მაჩერებს არის ის, რომ სათანადო რელიგიურმა ავტორიტეტებმა შეიძლება მითხრან, რომ არ შემიძლია მათი ერთმანეთთან შეთავსება, ან უბრალოდ შეუძლებელია ყველა რიტუალი აღვასრულო, რადგან ისინი ერთმანეთს ხელს შეუშლიდნენ.

როგორც წესი, ადამიანებს  სხვადასხვა იდენტობების შეთავსების პრობლემა არ აქვთ და სწორედ ეს არის საყოველთაო პოლიტიკის საფუძველიც და მისი განსხვავებაც ჯგუფური იდენტობის პოლიტიკისგან. ხშირად ადამიანები თავსაც კი არ იწუხებენ იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთონ იდენტობებს შორის, რადგან მათ ან არავინ სთხოვს ამას, ან – ეს ბევრად უფრო რთულია. როდესაც შეერთებული შტატების მაცხოვრებლებს ჰკითხეს, თუ რომელ ეთნიკურ წარმომავლობას მიაკუთვნებდენ თავს, 54%-მა უარი განაცხადა პასუხზე, ან უბრალოდ არ ჰქონდა პასუხი. მოკლედ, ექსკლუზიური იდენტობის პოლიტიკა არ არის ბუნებრივი მოცემულობა ადამიანებისთვის. ის, როგორც წესი, გარედანაა დაძალებული. ისე, როგორც ბოსნიის სერბ ხორვატ და მუსლიმ მაცხოვრებლებს, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ, სოციალიზდებოდნენ და ქმნიდნენ შერეულ ოჯახებს, აიძულეს,  ერთმანეთს განშორებოდნენ. თუმცა ეს ნაკლებად სასტიკი გზებითაც ხდებოდა.

მესამე საკითხი უკავშირდება იმას, რომ იდენტობები ან მათი გამოვლინებები არ არის უცვლელი, თუნდაც თქვენი მრავალი პოტენციური „მე“-დან ერთ-ერთი აირჩიოთ, როგორც ეს მაიკლ პორტილომ გააკეთა, როდესაც ბრიტანელობა ამჯობინა ესპანელობას. ისინი ურთიერთმონაცვლებენ და თუ საჭირო გახდება, არაერთგზის შეიცვლებიან. მაგალითად, არაეთნიკური ჯგუფები, რომელშიც ყველა წევრი  ან უმეტესობა შავკანიანი ან ებრაელია, შეიძლება იქცეს გაცნობიერებულ ეთნიკურ ჯგუფად. ასე დაემართა სამხრეთულ ქრისტიანულ ბაპტისტურ ეკლესიას მარტინ ლუთერ კინგის პერიოდში. თუმცა პირიქითაც შეიძლება მოხდეს – მაგალითად, როცა ოფიციალური ი.რ.ა[vii] ფენიანური ნაციონალისტური ორგანიზაციიდან – კლასობრივ ორგანიზაციად გადაიქცა, დღესდღეობით კი მშრომელთა პარტიაა და ირლანდიის რესპუბლიკის კოალიციური მთავრობაშიც შედის.

მეოთხე და ბოლო საკითხი –  იდენტობა დამოკიდებულია კონტექსტზე, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. გავიხსენოთ ოქსბრიჯში, 1920-იან წლებში გეი თემის საწევროს გადამხდელი და (წევრობის) დამადასტურებელი მოწმობის მქონე წევრები რომლებიც 1929 წლის კრახისა და ჰიტლერის აღზევების შემდეგ, როგორც თვითონ ამბობდნენ, ჰომინტერნიდან კომინტერნად გადაიქცნენ. ბიურჯესისა და ბლანტის ჰომოსექსუალობა, ასე ვთქვათ, გადატანილ იქნა საჯარო სფეროდან პირად სფეროში. შეგვიძლია გავიხსენოთ ლონდონის კლასიკური ანტიკურობის პროფესორის, პროტესტანტი გერმანელი მკვლევარის პატერის შემთხვევაც, რომელმაც ჰიტლერის აღზევების შემდეგ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ იგი უნდა ემიგრირებულიყო, რადგან ნაცისტური სტანდარტების მიხედვით, ის ებრაელი იყო – მოცემულ მომენტამდე კი მას წარმოდგენაც არ ჰქონდა ამის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პატერს აქამდე უკვე ჰქონდა განსაზღვრული საკუთარი თავი იგი ახლა გახდა იძულებული, ეპოვნა სხვა იდენტობა.

მემარცხენეობის უნივერსალიზმი

რა კავშირშია ეს ყველაფერი მემარცხენეობასთან? მემარცხენეობისთვის იდენტობის ჯგუფები არასდროს იკავებდნენ ცენტრალურ ადგილს. მასობრივი სოციალური და პოლიტიკური მემარცხენე მოძრაობები, რომლებიც ინსპირაციას ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებისგან; სოციალიზმისგან იღებდნენ, არსებითად მართლაც იყვნენ კოალიციები ან ჯგუფების გაერთიანებები. თუმცა, ისინი ერთად იდგნენ არა ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ცალკეული ინტერესებისათვის, არამედ დიდი, უნივერსალური მიზნების ირგვლივ, რომელთა მეშვეობითაც, მათი რწმენით, მათი პარტიკულარული მიზნებიც რეალიზდებოდა: დემოკრატია, რესპუბლიკა, სოციალიზმი, კომუნიზმი ან ნებისმიერი სხვა რამ. თვით ჩვენი ლეიბორისტური პარტიაც კი, საკუთარი დიდების პერიოდში იყო ერთდროულად კლასის პარტია და სხვა რამეებთან ერთად, ასევე მთელი ბრიტანეთის ეროვნული უმცირესობებისა და იმიგრანტთა პარტიაც. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ იგი თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის პარტია იყო.

მემარცხენეობის პრეტენზია, მისი არსებითად კლასზე დაფუძნებულობის შესახებ, არასწორად არ უნდა გავიგოთ. მშრომელთა პოლიტიკური და სოციალისტური მოძრაობები არსად და არასდროს ყოფილა შეზღუდული პროლეტარიატით – მკაცრი მარქსისტული გაგებით. ამ მოძრაობებს არ შეეძლოთ ისეთ მასიურ მოძრაობად გადაქცევა, როგორადაც ისინი მომავალში იქცნენ. გამონაკლისი ალბათ მხოლოდ ბრიტანეთი იყო, რადგან 1880-1890იან წლებში, როდესაც მშრომელთა მასობრივი და სოციალისტური პარტიები პოლიტიკურ სცენაზე გაზაფხულის მიდვრის ყვავილებივით უეცრად გამოჩნდნენ, უმეტეს ქვეყნებში ინდუსტრიული მშრომელთა კლასი ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოადგენდა. თანაც, მათი უმრავლესობა მშრომელთა სოციალისტური ორგანიზაციების მიღმა რჩებოდა. გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომის პერიოდი – ისეთ ნაკლებად ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში, როგორებიც იყო დანია, შვედეთი და ფინეთი, სოციალ-დემოკრატების რეიტინგი ელექტორატის 30-დან 47%-მდე მერყეობდა (ლეიბორისტულმა პარტიამ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – ხმათა 48% – 1951 წელს მიიღო). მეტიც, სოციალისტურ მოძრაობაში მშრომელთა ცენტრალურობას არ ჰქონდა სექტანტური ხასიათი. პროფკავშირები ატარებდნენ დაქირავებული მუშახელის სექტანტურ ინტერესს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მშრომელთა და სოციალისტური პარტიების, ასევე მათთან ასოცირებული პროფკავშირების ურთიერთობები ყოველთვის პრობლემებს ქმნიდა იყო ის, რომ მოძრაობას უფრო ფართო მიზნები ჰქონდა, ვიდრე ცალკეულ პროფკავშირებს. სოციალისტური არგუმენტი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ხალხის უმეტესობა “მშრომელები არიან ფიზიკურად ან ინტელექტუალურად”, არამედ ისიც, რომ მშრომელთა კლასი იყო აუცილებელი ისტორიული აგენტი საზოგადოების გარდაქმნისთვის. ასე რომ, ვინც არ უნდა ყოფილიყავი, თუ გინდოდა მომავალი, იძულებული იქნებოდი შეერთებოდი მშრომელთა მოძრაობას.

პირიქითაც ხდებოდა – როდესაც მშრომელთა მოძრაობა დავიწროვდა ზეწოლის ჯგუფად და ინდუსტრიულ მუშათა სექტანტურ მოძრაობად, როგორც ეს 1970-იან წლებში ბრიტანეთში მოხდა, მან დაკარგა უნარი, გამხდარიყო როგორც საერთო სახალხო მობილიზაციის პოტენციური ცენტრი, ასევე მომავლის იმედი. მილიტანტურმა ეკონომისტურმა პროფკავშირებმა ხალხი, რომლებიც მათთან პირდაპირ კავშირში არ იყვნენ, იმდენად დაიპირისპირა, რომ ამან ტეტჩერისეულ ტორიზმს მისცა მისი ყველაზე დამაჯერებული არგუმენტი და ლეგიტიმაცია – ტრადიციული “ერთი-ერის” კონსერვატიული პარტია გარდაექმნა კლასობრივი ბრძოლის მაწარმოებელ მილიტანტურ ძალად. გარდა ამისა, ამ პროლეტარულმა იდენტობის პოლიტიკამ არამხოლოდ მუშათა კლასის იზოლაცია შეძლო, არამედ მუშათა ჯგუფების ერთმანეთთან შეპირისპირებით, საერთოდ დაშალა ის.

მაშ, რა ესაქმება იდენტობის პოლიტიკას მემარცხენეობასთან? ნება მომეცით გადაჭრით ჩამოვაყალიბო ის, რასაც არ სჭირდება განხილვა. მემარცხენე პოლიტიკური პროექტი უნივერსალისტურია: ის ყველა ადამიანისთვისაა. რაც არ უნდა ინტერპრეტაციები ვუკეთოთ ცნებებს, ეს არ არის თავისუფლება მხოლოდ აქციების მფლობელთათვის ან მხოლოდ შავკანიანებისთვის, არამედ ყველასთვის. ეს არ არის თანასწორობა “Garrick Club-ის” ყველა წევრისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, არამედ ყველასთვის.  ეს არ არის ძმობა მხოლოდ იტონის კურსდამთავრებულებისათვის ან გეებისთვის, არამედ ყველასთვის. ხოლო იდენტობის პოლიტიკა თავისი არსით –  არ არის ყველასთვის, არამედ მხოლოდ რომელიმე ცალკეული ჯგუფის წევრებისთვისაა. ეს ნათლად ჩანს ეთნიკური ან ნაციონალისტური მოძრაობების შემთხვევაში. სიონისტური ებრაული ნაციონალიზმი, მოგვწონს ის თუ არა, არის ექსკლუზიურად ებრაელთათვის – დანარჩენებისთვის კი მხოლოდ სახრჩობელა და ბომბია გათვალისწინებული. ყველა ნაციონალიზმი ასეა: ნაციონალისტების მტკიცება, რომ ისინი ყველას თვითგამორკვევის უფლებისთვის იბრძვიან არის ყალბი.

სწორედ ამიტომ არ შეიძლება, მემარცხენეობა დაეფუძნოს იდენტობის პოლიტიკას: მას უფრო ფართო დღის წესრიგი აქვს. მემარცხენეებისთვის, ირლანდია ისტორიულად იყო მხოლოდ ერთ-ერთი სხვა მრავალ ექსპლუატირებულ, ჩაგრულ და მსხვერპლად ქცეულ ადამიანთა ჯგუფს შორის, რომელთათვისაც ისინი იბრძოდნენ. ი.რ.ა-ს მსგავსი ნაციონალიზმისთვის კი, მემარცხენეები რიგ შემთხვევებში იყვნენ და არიან ერთადერთი შესაძლო მოკავშირეები მათი მიზნებისთვის ბრძოლაში. სხვა შემთხვევაში, ირლანდიის რესპუბლიკური არმია მზად იყო ჰიტლერისთვის გამოეცხადებინა მხარდაჭერა, ისე როგორც ზოგიერთმა მათმა ლიდერმა გააკეთა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ეს ნებისმიერ იმ ჯგუფსაც ეხება, რომელიც ეთნიკურ ან სხვა იდენტობის პოლიტიკას ეფუძნება.

მემარცხენობის უფრო ფართო დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, დროდადრო მაინც მოიცავს მრავალი იდენტობის ჯგუფის მხარდაჭერას, და ისინიც, თავის მხრივ იხრებიან მარცხნივ. მართლაც, ზოგიერთი ეს კავშირები იმდენად ძველია და იმდენად ახლო, რომ მემარცხენეებს უკვირთ, როდესაც ეს კავშირები წყდება, ისევე როგორც ხალხს უკვირს ოჯახების ხანგრძლივი თანაცხოვრების დასრულება. შეერთებულ შტატებში თითქოს ბუნების საწინააღმდეგოა ის, რომ “ეთნოსები“ – ღარიბი მიგრანტი ჯგუფები და მათი შთამომავლები – ავტომატურად დემოკრატიულ პარტიას აღარ აძლევენ ხმას. თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ შავკანიან ამერიკელს შეიძლებოდა განეხილა პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან (კოლინ პაუველი მაქვს მხედველობაში), და მაინც, ირლანდიელების, იტალიელების, ებრაელების და შავკანიანი ამერიკელების საერთო ინტერესი დემოკრატიულ პარტიაში, მიუხედავად რეალისტი პოლიტიკოსების მცდელობებისა, არ მომდინარეობდა მათი ცალკეული ეთნიკურობებიდან. ის, რამაც ისინი გააერთიანა, იყო თანასწორობის ძლიერი სურვილი, სოციალური სამართლიანობა და პროგრამა, რომელსაც, როგორც მიიჩნეოდა, ორივე უკანასკნელის შეთავაზება შეეძლო.

საერთო ინტერესი

მაგრამ ეს ძალიან ბევრ მემარცხენეს დაავიწყდა მას შემდეგ, რაც იდენტობის პოლიტიკის ღრმა წყლებში ჩაყვინთა. 1970-იანი წლებიდან, საქმე გვაქვს ტენდენციასთან – მზარდ ტენდენციასთან – მემარცხენეობა დავინახოთ, როგორც აუცილებლად უმცირესობათა ჯგუფებისა და ინტერესების კოალიცია:  რასის, გენდერის, სექსუალური ან სხვა კულტურული პრეფერენციების და ცხოვრების წესის, თუნდაც ეკონომიკური უმცირესობების კოალიცია, რადაც დღეს ძველი, შავი სამუშაოს შემსრულებელი, ინდუსტრიული მუშათა კლასი გადაიქცა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სახიფათოა, თუნდაც იმიტომ, რომ უმრავლესობის მოპოვება არ წარმოადგენს იგივე მიზანს, რასაც უმცირესობების გაერთიანება.

პირველი რიგში, ნება მომეცით გავიმეორო: იდენტობის ჯგუფები არიან თავიანთი თავისთვის, მხოლოდ თავიანთი თავისთვის და არავითარ შემთხვევაში, სხვებისთვის. ასეთ კოალიციურ ჯგუფებს, რომლებიც ერთად არ დგანან არცერთი საერთო მიზნისა თუ ღირებულების გარშემო, მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის განკუთვნილი ერთობა გააჩნიათ. ისინი, უფრო მეტად, ომის პერიოდში საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულ დროებით მოკავშირეებს ჰგვანან. ისინი იშლებიან, როდესაც ასეთი ერთობა აღარ გააჩნიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, იდენტობის ჯგუფები მემარცხენეობის ერთგულები კი არ არიან, არამედ მხოლოდ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად მხარდაჭერის მოპოვების ინტერესი აქვთ, სადაც კი ეს მათ გამოუვათ. ჩვენ ქალთა ემანსიპაციას ვხედავთ, როგორც მემარცხენეობასთან მკაფიოდ დაკავშირებულ მიზანს, რაც ნამდვილად ასე იყო სოციალიზმის შექმნიდან მოყოლებული, მარქსამდე და ენგელსამდეც კი. და მაინც, ისტორიულად, ბრიტანული სუფრაჟისტული მოძრაობა, 1914 წლამდე, სამივე პარტიის მოძრაობა იყო და პირველი ქალი პარლამენტის წევრიც როგორც ვიცით “ტორი” იყო.[viii]

მეორე – რაც არ უნდა იყოს მათი რიტორიკა, რეალურად, იდენტობის პოლიტიკის მოძრაობები და ორგანიზაციები ახდენენ მხოლოდ უმცირესობათა მობილიზებას, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ იძულებისა და კანონის ძალას შეიძენენ. ეროვნული გრძნობა შეიძლება იყოს უნივერსალური, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, დემოკრატიულ სახელმწიფოებში აქამდე არცერთ სეპარატისტულ ნაციონალისტურ პარტიას არ მოუპოვებია მისივე ელექტორატის ხმათა უმრავლესობა (“კვებეკის პარტია” გასულ შემოდგომას იყო ყველაზე ახლოს ამ მიზანთან, თუმცა შემდეგ, მათმა ნაციონალისტებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და სრული გამოყოფა აღარ მოითხოვეს). არ ვამბობ, რომ ეს ვერ – ან არ მოხდება, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მოსთხოვო მოსახლეობას – ხმა მისცეს დამოუკიდებლობას, თუ ის სხვა საშუალებებით უკვე არ მოგიპოვებიათ, არასდროს ყოფილა საუკეთესო გამოსავალი სეპარაციის გზით ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

ეს, სხვათაშორის, აჩენს ორ პრაგმატულ მიზეზს, თუ რატომ უნდა ვიყოთ იდენტობის პოლიტიკის წინააღმდეგი. გარე იძულებისა და წნეხის გარეშე, ანუ ნორმალურ პირობებში, მათ უმცირესობაზე მეტის მობილიზება ძალიან უჭირთ – თავად სამიზნე ჯგუფშიც კი. ამგვარად, ქალთა დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების ფორმირების მცდელობები არ ყოფილა ეფექტური გზა  ქალთა ხმების მობილიზებისთვის. მეორე მიზეზი ისაა, რომ ხალხის იძულება, აირჩიონ ერთი და მხოლოდ ერთი იდენტობა, მათ ერთმანეთისგან აშორებს. მაშასადამე, იდენტობის პოლიტიკა ამ უმცირესობების იზოლირებას ახდენს.

მაშასადამე, დაუქვემდებარო საყოველთაო მოძრაობა იმ უმცირესობათა ზეწოლის ჯგუფების სპეციფიკურ მოთხოვნებს, რომლებიც მაინცდამაინც მისი მხარდამჭერები არც არიან,  ზედმეტი თავის ტკივილია. ამის ნათელი მაგალითია აშშ, სადაც საზოგადოების ნეგატიური რექცია კონკრეტული უმცირესობების მიმართ – პოზიტიური დისკრიმინაციისა და მულტიკულტურალიზმის უკიდურესობების წინააღმდეგ –  საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემა აქაც არსებობს.

დღეს მარჯვენაც და მარცხენა ფრთაც იდენტობის პოლიტიკით არის დამძიმებული. სამწუხაროდ,  წმინდა უმცირესობათა გაერთიანებად დაშლის საფრთხე უჩვეულოდ დიდია მარცხნივ, რადგან განმანათლებლობის იმ დიდი უნივერსალისტური დევიზების უარყოფა, რომლებიც არსებითად მემარცხენეების სლოგანებია, მათ ტოვებს გარკვეულ სექტანტურ საზღვრებში, საერთო ინტერესის ფორმულირების ყველა შესაძლო გზის გარეშე. ერთადერთი, ამ ეგრეთწოდებული “ახალი სოციალური მოძრაობებიდან”, რომელიც ყველა ასეთ ზღვარს კვეთს, არის ეკოლოგისტების მოძრაობა. თუმცა, სამწუხაროდ მათი პოლიტიკური მოწოდება შეზღუდულია და ასეთადვე დარჩენისთვისაა განწირული.

თუმცა, არსებობს იდენტობის პოლიტიკის ერთი ფორმა – სამოქალაქო ნაციონალიზმი, რომელიც ნამდვილად ყოვლისმომცველია იმდენად, რამდენადაც ეფუძნება საერთო მოთხოვნას, მინიმუმ იმ სახელმწიფოს ფარგლებში, სადაც გვევლინება. გლობალური პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ის შეიძლება უნივერსალური მიზნის საპირისპირო იყოს, მაგრამ ერი-სახელმწიფოს პერსპექტივიდან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ალბათ კიდევ ვიცხოვრებთ, ის გვთავაზზობს საერთო იდენტობას – როგორც ბენედიქტ ანდერსონი ამბობს –  “წარმოსახვითი საზოგადოება” ნაკლებად რეალური არ არის თავისი წარმოსახულობის გამო. მემარჯვენეები, განსაკუთრებით მთავრობაში მყოფი მემარჯვენეები ყოველთვის ცდილობდნენ ამის მონოპოლიზებას და ჯერ კიდევ შეუძლიათ ამით მანიპულირება. “ერთი ერის ტორიზმის” საფლავის მთხრელმა ტეტჩერიზმმაც კი მიმართა ამ გზას. მისი აჩრდილისებრი და მომაკვდავი მემკვიდრე, დღევანდელი ჯონ მეიჯორის მთავრობაც კი იმედოვნებს ელექტორალური მარცხის თავიდან არიდებას – მისი ოპონენტების დისკრედიტირებით “არაპატრიოტიზმის” ბრალდებით.

მაშ რატომ არის ასეთი რთული მემარცხენეებისთვის, პირველ რიგში კი, ინგლისურენოვანი ქვეყნების მემარცხენეებისთვის, რომ განიხილონ საკუთარი თავი მთელი ერის წარმომადგენლებად? (რა თქმა უნდა, ვსაუბრობ ერზე, როგორც ქვეყნის ყველა ადამიანისგან შემდგარ საზოგადოებაზე და არა, როგორც ეთნიკურ ერთობაზე). რატომ მიაჩნიათ ეს ისეთ სირთულედ, რომ არც კი აქვთ ამის მცდელობა? ბოლოს და ბოლოს, ევროპული მემარცხენეობა ხომ მაშინ დაიწყო, როდესაც კლასმა ან კლასობრივმა ალიანსმა, მესამე წოდებამ 1789 წლის საფრანგეთის გენერალურ შტატებში, გადაწყვიტა გამოეცხადებინა თავი ერად – მმართველი კლასის უმცირესობის წინააღმდეგ და ამგვარად შექმნა პოლიტიკური „ერის“ ცნება. ბოლოს და ბოლოს, მარქსმაც კი განჭვრიტა ასეთი ტრანსფორმაცია “კომუნისტურ მანიფესტში.”[ix]  ნამდვილად შესაძლებელია, რომ ვინმე უფრო შორსაც წავიდეს. თოდ გიტლინი, ამერიკული მემარცხენეობის ერთ-ერთი საუკეთესო მიმომხილველი, თავის ახალ წიგნში “The Twilight of the Common Dreams“ დრამატულად წერს: “რა არის მემარცხენეობა, თუ ის მთელი ხალხის ხმა არაა?… თუ არ არსებობს ხალხი, არამედ მხოლოდ ხალხები, მაშინ არც მემარცხენეობა არსებობს.” [x]

ახალი ლეიბორისტების ჩახშული ხმა

ყოფილა ისეთი დროც, როდესაც მემარცხენეებს არა მხოლოდ უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ ერი, არამედ მიღებული იყვნენ კიდეც ეროვნული ინტერესის რეპრეზენტატორებად, მათ მიერაც კი, ვინც არ გამოირჩეოდა მათი მისწრაფებების მიმართ განსაკუთრებული სიმპათიებით: აშშ-ში, რუზველტიანური დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური ჰეგემონიის დროს; სკანდინავიაში, ადრეული 1930-იანი წლებიდან მოყოლებული. უფრო ზოგადად კი, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, მემარცხენეები თითქმის მთელ ევროპაში წარმოადგენდნენ ერს ყველაზე პირდაპირი გაგებით, რადგანაც იგი გამოხატავდა  წინააღმდეგობას და ამავდროულად გამარჯვებას ჰიტლერსა და მის მოკავშირეებზე. შედეგად მივიღეთ პატრიოტიზმისა და სოციალური ტრანსფორმაციების შესანიშნავი შერიგება, რომელიც დომინირებდა ევროპულ პოლიტიკაში 1945 წლის შემდეგ. ასე იყო ბრიტანეთშიც, როდესაც 1945 წელს ჩატარდა პლებისციტი ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდ, როგორც ერის საუკეთესო რეპრეზენტატორი პარტიის – ერთი ერის ტორიზმის წინააღმდეგ, საუკეთესო ქარიზმატიკითა და ძლევამოსილი ომის ლიდერების წინამძღოლობით. ამან განსაზღვრა ქვეყნის ისტორიის შემდეგი 35 წლის კურსი. უფრო ახლახანს კი, ფრანსუა მიტერანმა, პოლიტიკოსმა, რომელსაც მემარცხენეობასთან განსაკუთრებული კავშირი არ ჰქონდა, აირჩია სოციალისტური პარტიის ლიდერობა, როგორც საუკეთესო პლატფორმა მთელი ფრანგი ხალხის ლიდერობისთვის.

ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ დღეს კიდევ ერთი მომენტი იყო, როდესაც ბრიტანელ მემარცხენეებს შეძლოთ მთელი ბრიტანეთის სახელით ლაპარაკზე გამოეთქვათ პრეტენზია – ანუ ყველა ხალხის სახელით – რომელიც მიმართული იქნებოდა დისკრედიტირებული, გახრწნილი და დემორალიზებული რეჟიმის წინააღმდეგ. და მაინც, როგორ იშვიათია სიტყვები “ქვეყანა”, “დიდი ბრიტანეთი”, “ერი”, “პატრიოტიზმი”. “ხალხიც” კი მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკაში თუ გვესმის და ისიც მათი მხრიდან, ვისაც იმედი აქვს, რომ გაერთიანებული სამეფოს მომავალი მთავრობა გახდება.

ამის მიზეზად სახელდება ის, რომ 1945 და 1964 წლებისგან განსხვავებით, „პოლიტიკოსსაც და მის აუდიტორიასაც  გააჩნია ყველაფერი, გარდა მოკრძალებული რწმენისა, რომ  ხელისუფლებას რამის გაკეთება შეუძლია.”[xi] თუ ესაა მიზეზი იმისა, რატომაც ესაუბრებიან ერს და საუბრობენ ერზე – ლეიბორისტები ასეთი ჩახშობილი ხმით, მაშინ ეს სამმაგი აბსურდია. პირველი რიგში იმიტომ, რომ თუ მოქალაქეები მართლა ფიქრობენ, რომ მთავრობას არ შეუძლია რაიმე გააკეთოს, მაშინ რატომ უნდა შეწუხდნენ ან ერთი, ან მეორე პარტიისთვის, ან საერთოდაც რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემით. მეორე –  იმიტომ რომ ხელისუფლება, ანუ სახელმწიფოს მმართველობა საჯარო ინტერესებში აუცილებლად საჭიროა და ასევე იქნება სულ. შეშლილ მემარჯვენე იდეოლოგებსაც კი, რომლებიც სახელმწიფოს უნივერსალურობის უზენაესი ბაზრით ჩანაცვლებაზე ოცნებობენ, სჭირდებათ იგი, რათა დაამყარონ თავიანთი უტოპია, ან უფრო მეტად დისტოპია. და როდესაც ისინი წარმატებას აღწევენ, უმეტესად ყოფილი სოციალისტური სამყაროს ნაწილში, ბაზრის წინააღმდეგ რეაქცია კვლავ პოლიტიკაში აბრუნებს მათ, ვისაც უნდა, რომ სახელმწიფო ისევ სოციალურად პასუხიმსგებლიანი გახდეს. 1995 წელს, 5 წლის თავზე, რაც  დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით უარყვეს ძველი სახელმწიფო, აღმოსავლეთ გერმანიის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება და პირობები  უკეთესი იყო, იმ ნეგატიური აღწერისა და გაშუქების პირობებშიც კი, რასაც დღევანდელი გერმანული მედია გვთავაზობს. ხოლო 70% ფიქრობს, რომ სოციალიზმის იდეა კარგი იყო, უბრალოდ არაკომპეტენტური პოლიტიკოსები ჰყავდათ. მესამე ისაა, რომ უკანასკნელი ჩვიდმეტი წელი ვიცხოვრეთ ისეთი მთავრობების მმართველობისას, რომლებსაც სწამდათ, რომ ხელისუფლებას უზარმაზარი ძალაუფლება აქვს და რომლებმაც ეს ძალაუფლება გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის ცალსახად უარესობისკენ შესაცვლელად. მათი არსებობის ბოლო დღეებშიც კი, ისინი კვლავ ცდილობენ ჩვენს ჩათრევას რწმენაში, რომ რაც ერთმა მთავრობამ ჩაიდინა, სხვა მთავრობა ვერ გამოასწორებს. სახელმწიფო არსად  გაქრება, მისი გამოყენება კი უკვე მთავრობის საქმეა.

მთავრობა მხოლოდ იმისთვის არ არსებობს, რომ იქნეს არჩეული და შემდეგ გადარჩეული. ეს პროცესი დემოკრატიული პოლიტიკის ყველა ფორმაში გულისხმობს ურიცხვ ტყუილებს. არჩევნები გადაიქცა ცრუ ფისკალური დაპირებების შეჯიბრად. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს, რომლებსაც ჟურნალისტების მსგავსად დროის მოკლე ჰორიზონტი გააჩნიათ, უჭირთ პოლიტიკის დანახვა პერმანენტული წინასაარჩევნო კამპანიის სეზონებს მიღმა. და მაინც, მის მიღმა რაღაც არსებობს. არსებობს ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს და უნდა აკეთებდეს, არსებობს ქვეყნის მომავალი, არსებობს იმედები და შიშები, ხალხის როგორც მთლიანობის – და არა მხოლოდ როგორც “თემის” (რაც არის იდეოლოგიური თავის დაძვრენა ან გამომმუშავებლების და მხარჯველების – პოლიტიკურ ჟარგონზე – გადასახადების გადამხდელების ჯამი), არამედ ბრიტანელი ხალხის ჯამი, როგორც გარკვეული კოლექტივი, რომელიც მზად იქნებოდა აღენიშნა ნებისმიერი ბრიტანული გუნდის გამარჯვება მსოფლიო თასზე, თუ ჯერ კიდევ არ დაკარგულა ამის იმედი. ბრიტანეთის სპორტული გუნდების დაღმასვლა ბრიტანეთის დაღმასვლის არანაკლები სიმპტომია, მეცნიერების დაღმასვლასთან ერთად.

ქალბატონი ტეტჩერის სიძლიერე იმაში მდგომარეობდა, რომ იგი აღიარებდა პოლიტიკის ამ განზომილებას. ის საკუთარ თავს იმ ხალხის ლიდერად მოიაზრებდა, ვინც ფიქრობდა, რომ “ჩვენ ვეღარასდროს ჩავიდენთ ისეთ დიად საქმეებს, რასაც ოდესღაც ჩავდიოდით.”– ვციტირებ მის სიტყვებს – “მათ, ვისაც სჯეროდათ, რომ ჩვენი დაღმასვლა შეუქცევადი იყო და რომ ჩვენ ვეღარასდროს ვიქნებით ის რაც ვიყავით.” [xii]  ის სხვა პოლიტიკოსებს არ გავდა იმდენად, რამდენადაც აცნობიერებდა საგონებელში ჩავარდილი და დემორალიზებული ხალხისთვის იმედისა და საქმის მიცემის საჭიროებას –  ალბათ ცრუ იმედისა და ნამდვილად არასწორი საქმის, მაგრამ საკმარისის იმისათვის, რომ ჩაერეცხა როგორც შიდაპარტიული, ისე გარე ოპოზიცია, შეეცვალა ქვეყანა და მისი ამდენად დიდი ნაწილი გაენადგურებინა. მისი პროექტის მარცხი დღეს უკვე ცხადია. ჩვენი დაღმასვლა, როგორც ერის, არ შეფერხებულა. როგორც ხალხი, დღეს ჩვენ უფრო მეტად ვართ საგონებელში ჩავარდნილი, უფრო მეტად ვართ დემორალიზებული, ვიდრე 1979 წელს და ჩვენ ეს – გაცნობიერებული გვაქვს. წარუმატებლობითა და მარცხით იმდენად დემორალიზებულები და შეშინებულები ვართ, რომ გადასახადების არ გაზრდის დაპირების გარდა, ჩვენთვის არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ. სწორედ ისინი არიან, ვისაც პოსტ-ტორიანული მთვრობის ფორმირების ძალა შესწევს. ამგვარად, ჩვენ შესაძლოა შემდეგი არჩევნები მოვიგოთ და ვიმედოვნებ რომ მოვიგებთ კიდევაც, თუმცა ტორებისთვის საარჩევნო ბრძოლაში პირველხარისხოვანი არა გადასახადები, არამედ ბრიტანული პროფკავშირელობა, ბრიტანული ნაციონალიზმი, ქსენოფობია და „იუნიონ ჯეკი“[xiii]  იქნება და მათ ამით შეუძლიათ ჩვენ გვაჯობონ.  მართლა დაიჯერებენ ისინი, ვინც ჩვენ აგვირჩევენ, რომ რაიმე განსხვავებულს გავაკეთებთ? და რას ვიზამთ, თუ ისინი უბრალოდ აგვირჩევენ, მხრების აჩეჩვით, როგორც ამას ახლა აკეთებენ? ჩვენ შექმნილი გვექნება ახალი ლეიბორისტული პარტია. ჩავდებთ კი მასში იგივე ძალისხმევას, რომ ავაღორძინოთ და გარდავქმნათ ბრიტანეთი? ჯერ კიდევ არის დრო ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

[i]   M.L. Pradelles de Latou, ‘Identity as a Complex Network’, in C. Fried, ed., Minorities, Community and Identity, Berlin 1983, p. 79.

[ii] Ibid. p. 91.

[iii] Daniel Bell, ‘Ethnicity and Social Change’, in Nathan Glazer and Daniel P. Moynihan, eds., Ethnicity: Theory and Experience, Cambridge, Mass. 1975, P. 171

[iv] E.J. Hobsbawm, The Age of Extremes. The Short Twentieth Century, 1914–1991, London 1994, p. 428

[v] O. Patterson, ‘Implications of Ethnic Identification’ in Fried, ed., Minorities: Community and Identity, London 1994, pp. 28-29

[vi] O. Patterson, ‘Implications of Ethnic Identification’in Fried, ed., Minorities: Community and Identity, pp. 28–29.

[vii] IRA – ირლანდიის რესპუბლიკური არმია.

[viii] Jihang Park, ‘The British Suffrage Activists of 1913’, Past & Present, no. 120, August 1988, pp. 156–7.

[ix] რადგან პროლეტარიატმა უწინარეს ყოვლისა უნდა დაიპყროს პოლიტიკური ბატონობა, ამაღლდეს ეროვნული კლასის მდგომარეობამდე*, ჩამოყალიბდეს ერად, თუმცა თვით იგი ჯერ კიდევ ეროვნულია, მაგრამ სრულიადაც არა იმ აზრით, როგორც ეს ბურჟუაზიას ესმის. კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, კომუნისური მანიფესტი 1848, ii ნაწილი, *1888 წლის ინლისურ გამოცემაში ნაცვლად სიტყვებისა: ‘ამაღლდეს ეროვნული კლასის მდგომარეობამდე’ დაბეჭდილია: ‘ამაღლდეს ერის წამყვანი კლასის მდგომარეობამდე.’

[x] Gitlin, The Twilight of Common Dreams, New York 1995, p.165

[xi]  Hugo Young, ‘No Waves in the Clear Blue Water’, The Guardian, 23 April 1996, p. 13.

[xii] Cited in Eric Hobsbowm, Politics for a Rational Left, London 1989, p.54.

[xiii] Union Jack – გაერთიანებული სამეფოს დროშა.

Share on Facebook171Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.