მემარცხენეებმა უნდა აწარმოონ კულტურული ომი მეცნიერებისა და ტექნოლოგიისთვის

Share on Facebook63Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

joel-filipe-200538

► ავტორი : Cold and Dark Stars

► თარგმანი : ნიკა კასრაძე, ირი ცაგურიშვილი 

► რედაქტორი: ალექსანდრა აროშვილი

© European.ge

ინგლისურენოვან ინტერნეტ სივრცეში, მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის კულტურული ომია გაჩაღებული, რაც  ნაწილობრივ დამახასიათებელია კიდეც ანგლიკანური საზოგადოებისათვის, და რომელიც ანჯელა ნეიგლმა თავის ახალ პროვოკაციულ წიგნში – „Kill All Normies” – აღწერა. ომის მარცხენა მხარე, რომელიც ძირითადად თამბლერშია დამკვიდრებული – „სოციალური სამართლიანობის მეომრები“ და ა.შ, როგორ წესი, ქალების, ტრანსგენდერებისა და ფერადკანიანების მიერ განცდილ ზიანსა და უთანასწორობას ხსნიან, როგორც იმგვარი სოციალურად კონსტრუირებული სისტემების მიერ ნაწარმოებს, როგორიცაა გაუპატიურების კულტურა, პატრიარქატი, თეთრების პრივილეგია და ა.შ – იმ კონსტრუქტებით, რომლებიც წარმოიქმნა და განვითარდა ჰუმანიტარული აკადემიის კედლებში. ვირტუალურ სივრცეში მოქმედი მემარჯვენე ფრთა კი, ამის საპირისპიროდ, ქალებისა და მარგინალური უმცირესობების პირისპირ არსებული უთანასწორობისა და სოციალური ასიმეტრიის ფესვებს ხედავს ბიოლოგიურ საწყისებში და ამის დასამტკიცებლად იყენებს იმ „სამეცნიერო“ ენას, რომელიც ეყრდნობა ევოლუციურ/ბიჰევიორალურ ფსიქოლოგიას, IQ-ს გადანაწილებას და ა.შ

ორივე მხარის მიერ გამოყენებული ონტოლოგიები, გარკვეული თვალსაზრისით, ირაციონალურია – მემარცხენეები ეყრდნობიან იმგვარ ჰუმანიტარულ დაშვებებს, როგორიცაა არსებული სოციალური ძალების აბსტრაქტულობა და მათი სოციალურად კონსტრუირებულობა, რაც რთულად გაზომვადია, მაშინ, როდესაც მემარჯვენეები თვლიან, რომ სოციალური ასიმეტრიის მიზეზები აღრიცხვად და გაზომვად ბიოლოგიურ ცვლადებშია.

ამას წინათ, მე გავაკრიტიკე რადიკალი მემარჯვენეების “ფსევდო-მეცნიერული” ტენდენცია, დააკავშირონ რთული, კომპლექსური სოციალური ფენომენები ერთ ან რამდენიმე მარტივ ბიოლოგიურ ცვლადთან.  მე ვივარაუდე, რომ ფსიქოლოგიური წყარო მემარჯვენეების ამ „ერთგანზომილებიანი (ერთცვლადიანი) აზროვნებისა“, შესაძლოა იყოს ამავე ტიპის არგუმენტების მომყვანი, მათთვის გავლენიანი ადამიანების განათლება – ჩვეულებრივ ინჟინრები, პროგრამისტები და სისტემური ადმინისტრატორები არიან, ვისაც სკოლის პერიოდში სასწავლო პროგრამის გავლით შეხება ჰქონია მარტივ, ერთუცნობიან სისტემებთან და არითმეტიკულ სტატისტიკასთან. თუმცა, ანალიზის მსგავსი ეპისტემოლოგიური გალია მემარცხენეებსაც ზღუდავს (მიუხედავად ცნება „მემარცხენეების“ ზოგადი გამოყენებისა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მხოლოდ ინგლისურენოვან სივრცეში მოქმედ მემარცხენეებს).

60-იან წლებში, მას შემდეგ რაც მემარცხენეებმა მარშით შეაბიჯეს აკადემიურ სივრცეში, მათი ენა და მეთოდოლოგია გაუცხოვდა ხალხისაგან –  და მხოლოდ რჩეულთათვის გახდა გასაგები. (აქედან მოდის ტერმინი „გამოღვიძებული”[1]). ერთ-ერთ  მთავარ გარემოებად ამ გაუცხოებისა, შეგვიძლია მივიჩნიოთ დაშვება, რომლის მიხედვითაც, კატეგორიები და ჩარჩოები, რომლებსაც რეალობის აღსაქმელად ვიყენებთ,  საღი აზრიდან (უკვე არსებული შეთანხმებებიდან) დაწყებული, დამთავრებული ექსპერიმენტალური მეცნიერების ყველა გზით, იმ დონეზეა ფორმირებული ძალაუფლების მქონე იდეოლოგიის მიერ, რომ ყოველთვის საეჭვოა.

გარდა ამისა, მემარცხენეობა, რომელიც უარს ამბობს გარკვეული სახის უნივერსალიზმზე – ადამიანთა საერთო გამოცდილებაზე, რომელიც სცდება გენდერსა და რასას, ხმას ვერ აწვდენს მათ, ვინც არ არის „რჩეული“, ე.ი მას არ შესწევს უნივერსალური ენის შექმნის ძალა. ნაცვლად ამისა, მათ შექმნეს „რჩეულთა“ სიგნალების ლაბირინთი, რომლის გაგება და მიღება ძალუძს მხოლოდ სპეციფიური სუბკულტურების წევრებს – ამ შემთხვევაში, მემარცხენეებსა და ჰუმანიტარებს. მემარცხენეთა  მწყრალი დამოკიდებულება უნივერსალიზმისადმი, დაკავშირებულია აკადემიურ წრეებში პოსტ-სტრუქტურალისტური ტალღის გაღვივებასთან, სადაც ყველა დიდი განაცხადი კაცობრიობის შესახებ,  ექვემდებარება ეჭვს, რადგან ყველა ცოდნა, ერთი შეხედვით ყველაზე ობიექტურიც კი, ყოველთვის დაბინძურებულია ძალაუფლებრივი სტრუქტურების მიერ. მაგალითად, ყველაზე ხშირი პოსტ-სტრუქტურალისტური შეტევა „პოზიტივიზმზე” – მეცნიერების ტენდენციაზე, შემოფარგლოს ყველა სოციალური და ფიზიკური ფენომენი მკაფიოდ განსაზღვრული, რაოდენობრივი კანონებით – მდგომარეობს იმაში, რომ ის მოდის მსოფლიოს ევრო-ცენტრული გაგებიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს მიერ პოზიტივიზმის ვალიდურად აღქმის ფაქტი ნაკარნახევია დომინანტური დასავლური ცივილიზაციის მიერ.

იმ ენისა და დაშვებების გათვალისწინებით, რომლითაც შემოსაზღვრულია მემარცხენეობა, კერძოდ კი იმით, რომ ყოველგვარი ცოდნა, მეცნიერული ცოდნის ჩათვლით, დაბინძურებულია ძალაუფლების მიერ, მეცნიერთათვის მარცხენა ფლანგი ხშირად აბსურდული და უცხოა.

ამ ფენომენის საინტერესო მაგალითია 90-იან წლებში, ე.წ სამეცნიერო ომების დროს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ფიზიკოსმა ალან სოკალმა, რომელიც ძველ სკოლას – მატერიალისტ მარქსისტებს გულშემატკივრობდა, იმ დროისთვის ყველაზე რეიტინგულ ჰუმანიტარულ ჟურნალს „Social Text“-ს სახუმარო სტატია გაუგზავნა, რომელიც შემდგომ გამოაქვეყნეს.  სტატია ამტკიცებდა, რომ კვანტური მიზიდულობა სოციალური და ლინგვისტური კონსტრუქციაა. ასეთი ქცევა, მკითხველმა შესაძლოა არაკეთილსინდისიერად და კონტრპროდუქტიულად შერაცხოს, თუმცა ამ შემთხვევაში, საინტერესო ისაა, რომ ალანი არა ლიტერატურული კრიტიკისა და “პოსტმოდერნიზმის” დისკრედიტაციას ცდილობდა,  არამედ მემარცხენეების დაცვა სურდა უარყოფითი, არამეცნიერული ზეგავლენებისაგან:

ჩემი მიზანი არაა მეცნიერების დაცვა ლიტერატურული კრიტიკოსების ბარბაროსული თემისგან (ისედაც გადავრჩებით როგორმე, მადლობა), არამედ მემარცხენეობის დაცვა მისივე მოდური სეგმენტისგან…“

საჭიროა მეცნიერებისა და მემარცხენეობის ურთიერთდამოკიდებულების ისტორიის გაანალიზება.  მეორე მსოფლიო ომამდე, მარქსიზმსა და სოციალურ ანარქიზმს, რომლებიც ცნობიერ, მატერიალურ სამყაროს სოციალური რეალობის ბაზისად მიიჩნევდნენ, ჰქონდათ მეგობრული, ზოგჯერ სადებატო  ურთიერთობა მეცნიერებასთან. მაგალითად, აინშტაინი არ მალავდა ანარქიზმისა და სოციალიზმისადმი სიმპატიას; ამერიკის მთავრობამ გაწმინდა “პროექტი მანჰეტენი“ „კომუნისტი ფიზიკოსებისგან“, როგორებიც ოპენჰეიმერი და დევიდ ბომი იყვნენ. დღეს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სივრცეში მემარცხენეთა დასწრებულობა შემცირებულია, როგორც მინიმუმ, აშშ-ში. დასწრებულობის ეს დეფიციტი თვალსაჩინოა „ონლაინ ომებში“, სადაც მემარცხენე შეხედულებების მქონე მწერლებისა და სოციალური მედიის წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი ჰუმანიტარები არიან, მაშინ, როდესაც მემარჯვენეებს, რომლებიც მეწვრილმანეობენ ანტი-ფემინიზმით, ლიბერტარიანიზმითა და „ფსევდო-მეცნიერული“ რასიზმით, თითქმის ყოველთვის ტექნიკური სარჩული აქვთ.   ჩვენს დროში,  ძალიან მარტივია, შეამჩნიო, რომ ნებისმიერ საჯარო ინტელექტუალს, რომელიც მარცხნივაა გადახრილი – რიჩარდ სეიმურიდან დაწყებული, ჟიჟეკით დამთავრებული, გარკვეული სახის ჰუმანიტარული წარსული აქვს. გარდა ამისა, აშშ-ში, სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტები და მშრომელები, რომლებიც არ ასრულებენ  ე.წ „ლურჯი საყელოს სამუშაოს“ და ქმნიან პროფკავშირულ გაერთიანებებს, ძირითადად საჯარო მოხელეები არიან : მასწავლებლები, უნივერსიტეტების „თეთრი საყელოები“ და ბიუროკრატები, რომელთა უმრავლესობა სოციალური მეცნიერი ან ჰუმანიტარია. ეს ქმნის კონტრასტს ტექნიკურ მუშაკებთან – როგორებიც, მაგალითად, პროგრამისტები არიან – რომლებიც არასდროს ქმნიან პროფესიულ გაერთიანებებს.

ნუთუ საქმე გადაულახავ უფსკრულთან გვაქვს ანტიპოზიტივისტურ „კრიტიკულ თეორიასა და მეცნიერებას შორის? მას შემდეგ, რაც ძირძველი მატერიალისტური მემარცხენე მოტივების – განმანათლებლობისა და სამეცნიერო ჰუმანიზმის ქადაგება შეწყდა, უფსრული მართლაც თვალსაჩინოა, თუმცა, იგი გადაულახავად არ მიმაჩნია. ამ ბლოგის მიზანი მემარცხენეთა წახალისებაა ტექნიკურ-სამეცნიერო გარემოში „ინტერვენციისათვის“. ვფიქრობ, რომ საუბრები „სისტემებზე“, რაც დამახასიათებელია მეტად „მატერიალისტურად“ მოაზროვნე მემარცხენეებისათვის, რაშიც ისინი გულისხმობენ კაპიტალიზმს, პატრიარქატს ან თეთრკანიანთა დომინაციას, შესაძლოა ითარგმნოს „მათემატიკურ“ ენაზე, იმ იარაღების გამოყენებით, რომლებიც განავითარა კომპლექსურმა თეორიამ და არაწრფივმა დინამიკამ. მაგალითად, საზოგადოებაში გამოფენილი ის რთული, კომპლექსური ფენომენები, როგორიცაა ქალთა მუდმივი დისკრიმინაცია, მშრომელთა ექსპლუატაცია და სისტემური რასიზმი, ისევე არ შეიძლება დაყვანილ იქნას ინდივიდუალურ ერთეულებზე, როგორც ფსიქოლოგია არ დაიყვანება ნეირონის აქტიურ პოტენციალზე – ან ტემპერატურა – ერთი მოლეკულის ქაოტურ მოძრაობაზე.  ეს მკვეთრად განსხვავდება მემარჯვენეთა ფსევდო-მეცნიერული შეშლილობისაგან, როდესაც ცდილობენ მოათავსონ გენდერული ასიმეტრიები STEM-ში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა), ან საშემოსავლო უთანასწორობა რასებს შორის, დაიყვანონ ერთ-ორ ბიოლოგიურ ცვლადზე (IQ-სა და ტესტოსტერონის რაოდენობაზე, მაგალითად.) საბოლოო ჯამში, ამ უფსკრულის გაფართოებაში დამნაშავეა კაპიტალიზმი და მისი ახალ-ახალი, უფრო და უფრო მეტად ჩახლართული შრომის დანაწილების სქემები. მეცნიერები აგრძელებენ მათ „ყველაფერი ახსნადი და გაზომვადია ციფრებში“ -იდიოტობას, ჰუმანიტარები კი ტექსტუალურ და კულტურულ ანალიზებში გაიხიზნენ, სიზუსტის უუნარობაში ნავარდობენ და უფრო და უფრო ბუნდოვანი და მრავალმარცვლოვანი ტერმინოლოგიით საჯაროდ ამზეურებენ საკუთარ კულტურულ კაპიტალს.

ჩვენ არ უნდა დავტოვოთ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) ლიბერტარიანელების, რასისტი შეშლილებისა და გულღვარძლიანი ანტი-ფემინისტების ხელში, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნიკური დისციპლინების მუშაკების ენასა და მეთოდებს რეაქციონერული დღის წესრიგის გასამყარებლად იყენებენ. ნაცვლად ამისა, ჩვენ, მემარცხენეებმა უნდა ვაწარმოოთ კულტურული ომი ამ დისციპლინათა (STEM) შიგნით, რათა გასაგები გავხადოთ, როგორ შეიძლება მეცნიერებამ წვლილი შეიტანოს გათავისუფლებული, უკეთესი სამყაროს შექმნაში; არ შევატოვოთ იგი ბიოლოგიურ ესენციალიზმსა და ცუდ სტატისტიკაზე ჩაციკლულ ახლომხედველ (არაშორსმჭვრეტელ) რეაქციონერებს. ამიტომ, მემარცხენეები მეტად უნდა განათლდნენ ზუსტ მეცნიერებებში, ნაცვლად იმისა, რომ უარყონ ისინი სოციალური ფენომენების ახსნისათვის არარელევანტურობის მოტივით.

და ბოლოს, ჩვენი პოლიტიკის ბაზისად უნივერსალური ადამიანური გამოცდილება უნდა ვაქციოთ, პოლიტიკისა, სადაც სამეცნიერო დისკუსია უნივერსალური ენის შემადგენელი ნაწილი იქნება – იმის მაგივრად, რომ მხარი ავუბათ თანამედროვე პოსტ-სტრუქტურალისტი მემარცხენეებისათვის დამახასიათებელ დაშვებებს, თითქოს სხვადასხვა ეროვნებებისა და სქესის ადამიანები დაყოფილნი არიან არათანაზომიერი (გაუზომავი) გამოცდილებების ქონის გამო.

შენიშვნები: 

[1] საქართველოში ასეთ „გამოღვიძებულებს“  ყოველდღიურ საუბრებში მოიხსენიებენ ნახევრად ირონიული შესატყვისებით, როგორიცაა „პრადვინუტები“ ან „პროგრესულა სასტავი“ (მთარგმნ. შენიშვნა)

Share on Facebook63Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.