მეცხოველეობის განვითარება თუ ახალი დისკურსი?

ავტორი: გოჩა გუნავა

საქართველოს დღევანდელი ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება მინიმალურადაც რომ არ აკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს ახალი ამბავი არ არის. მხოლოდ საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მოთხოვნა (ყველის გამოკლებით) დაახლოებით შეადგენს 100-150 ათასს ლიტრ რძეს ყოველდღიურად. მისი დაკმაყოფილება თითქმის მთლიანად ხდება იმპორტირებული რძის ფხვნილის სახით. ქვეყანაში, რომელსაც დეკლარირებული აქვს, რომ სოფლის მეურნეობა მისთვის არის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგი, უკვე მესამე ათეული წელიწადია მხოლოდ სანახევროდ აკმაყოფილებს საკუთარი ბაზრის მოთხოვნილებებს სურსათზე. ყველაზე სავალალო მდგომარეობაში ამ მხრივ  მეცხოველეობაა. ამაზე მეტყველებს ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა.

მაინც ასეთი რა სირთულე ახლავს ამ დარგის განვითრებას, რომ ვერაფრით ვერ ხერხდება მისი წარმადობის გაზრდა? ნუთუ ჩვენი განათლების სისტემა არ ამზადებს დარგის სპეციალისტებს? საქმე სპეციალისტების ნაკლებობაში როდია. საქმე იმაშია, რომ იმისათვის, რომ გაუძღვე თანამედროვე მეცხოველეობის ფერმას მარტო ვეტერინარიის ან აგრონომიის ცოდნა საკმარისი არ არის, თუმცა სასურველია. ასეთი ფერმის გაძღოლისათვის, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცოდნასთან ერთად აუცილებელია ასევე ის უნარ-ჩვევები, რომლითაც აღჭურვილია თანამედროვე მეწარმე. ასეთ მეწარმეს სოფლის მეურნეობაში კი ფერმერი ეწოდება.

თუ გადავხედავთ იგივე სტატისტიკას იგი გვეუბნება, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში ანუ სურსათის წარმოებაში ჩართულია მოსახლეობის 40%. მათი უდიდესი ნაწილი კი შედგება საგლეხო მეურნეობებისაგან. საქართველოს კანონმდებლობაში, სამწუხაროდ, დღემდე განსაზღვრული არ არის არც გლეხისა და არც ფერმერის ლეგალური სტატუსი, თუმცა სადავო არ არის, რომ გლეხი – ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია მიწის მცირე ნაკვეთი, დაკოჟრილი ხელები და საქმის გაძღოლის მამაპაპური ცოდნა.  თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მამაპაპური ცოდნა საკმარისი არ არის, რადგან მამაპაპური ამ შემთხვევაში კარგს კი არა ცოტას და ხშირ შემთხვევაში უხარისხოს ნიშნავს. იგულისხმება ის, რასაც ჩვენ დახლებზე ვყიდულობთ და არა სოფელში საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებულ სურსათი. სულ მალე კი ამ მამაპაპური პროდუქტის გასაღებაც ადგილობრივ ბაზარზე შეუძლებელი გახდება.

ამის მიზეზი მხოლოდ საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება არ არის, რადგან იგი  გულისხმობს უხარისხო სურსათის არ დაშვებას ადგილობრივ ბაზარზე, იგი უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია, ამიტომ გვინდა თუ არა ეს,  მალე საქართველოშიც გავრცელდება  პირველადი სურსათის ხარისხის კონტროლის მკაცრი მექანიზმები და ეს მამაპაპური პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზეც ვერ გაიყიდება.

გამოსავალი თითქოს მარტივია: ადამიანებმა, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან (ჩვენ შემთხვევაში მეცხოველეობით) დაკავებულნი უნდა ისწავლონ სურსათის დიდი რაოდენობით წარმოება, თუმცა ცხოვრებაში ამის გატარება ფაქტიურად შეუძლებელია. გლეხობის უდიდეს ნაწილი ცხოვრობს სტერეოტიპებით: რომ მან ყველაფერი იცის და სჭირდება მხოლოდ ფული, ასეთი ფულადი დახმარება სხვადასხვა აგროსამუშაოების სუბსიდირების სახით დღეს მრავლად ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ეს არ არის ინვესტიცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ეს სოციალური დახმარებაა ამ ადამიანების მიმართ. სოციალური დახმარების წინააღმდეგ არავინაა, მაგრამ ასე სოფელი  არასოდეს განვითარდება.

გამოსავალია საყოველთაოდ ცნობილია და სადავო არ არის, რომ ეს არის მიწების გამსხვილება მათი გაერთიანების გზით კოოპერატივებში. ეს პროცესი მართალია ასევე წახალისებულია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ძალიან მორცხვად. არც მიწების გამსხვილებაა საკმარისი რენტაბელური ფერმების  შესაქმნელად, დღეს ბევრია კერძო საკუთრებაში არსებული დიდი ფართობები (30-50 ჰა და მეტი), მაგრამ ამ მიწების უმრავლესობაც დაუმუშავებელია, მათი პატრონები მიზეზად კი მხოლოდ ფინანსების უკმარისობას დაგისახელებენ. ფინანსების უკმარისობა მხოლოდ პრობლემის შედეგია, მიზეზი კი ის არის, რომ საქმე არარენტაბელურია. დღეს ვერცერთი გლეხი ვერ გეტყვით თუ რა უჯდება ერთი ლიტრი რძე, რადგან, როგორც წესი, თავისი შრომის დანახარჯს ისინი არ ან ვერ ითვლიან. ამიტომ,  კოოპერატივებში გაერთიანებას აზრი აქვს იმ შემთხვევაში თუ ამით უზრუნველყოფილი იქნება არა მარტო მიწის გამსხვილება არამედ ცოდნის გადაცემა, მხოლოდ ისეთი ცოდნის, რომელსაც ფლობს ევროპელი ფერმერი. ერთადერთი სუბიექტი ვისაც ამის გაკეთება შეუძლია ისევ სახელმწიფოა. ამისათვის აუცილებელია ისეთი მასშტაბის რეფორმები როგორიც ხორციელდება განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში.

ასეთი მსხვილმასშტაბიანი რეფორმა რამდენიმე მიმართულებით დროში თანხვედრილად უნდა გაიშალოს:

  1. 1.    საქართველოს პარლამენტმა: უნდა მოამზადოს სოფლის მეურნეობის რეფორმების  საკანონმდებლო ბაზა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს:

ა) მიწის კოდექსის დროული დამთავრება და მისი ელექტრონული ხელმისაწვდომობა საზოგადოების ფართო ფენებისათვის;

ბ) სოფლის მეურნეობაში მოქმედი ყველა სუბიექტისათვის ლეგალური სტატუსის მინიჭება: აგროკოოპერატივი, გლეხი, ფერმერი და სხვ.

გ) მიწათსარგებლობის ახალი რეგულაციების შემოღება, იგულისხმება სოფლის მეურნეობის სუბიექტებისათვის მიწათსარგებლობის წესების განსაზღვრა (მაგალითისათვის კვალიფიციური/ლიცენზირებული ფერმერებისათვის ან ასეთივე აგროკოოპერატივებისათვის მიწის სიმბოლურ ფასებში გადაცემის შესაძლებლობა.

  1. 2.    მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

ა) ფერმერთა მოსამზადებელი მოკლევადიანი კურსების ჩამოყალიბება შესაბამისი კადრებითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ უმაღლეს სასწავლებლებთან და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბაზაზე ფერმერთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება მომავალი ფერმერების ლიცენზირების მიზნით;

ბ) საქართველოსა და უცხოური ბანკების პარტნიორობით საქართველოს აგრარული ბანკის დაარსება;

გ) საქართველოსა და უცხოური სადაზღვევო კომპანიების პარტნიორობით აგრარული სადაზღვევო კომპანიის ჩამოყალიბება;

დ) აგროტექნიკის მწარმოებელ საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკება მათ მიერ საქართველოში აგროტექნიკის ამწყობი და სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი საწარმოს დაარსების მიზნით;

ე) საქართველოს ყველა კუთხის აგრარული სპეციალიზაციის შესაბამისი გადამამუშავებელი საწარმოების პროექტების მომზადება და მათი გატანა საერთაშორისო ტენდერებზე;

ვ) საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობა მიმდინარე რეფორმებში მათი ფართო  ინფორმირებულობითა და საზოგადოებრივი დებატების საშუალებით;

ზ) საერთაშორისო დახმარების პროგრამების ჩართულობა რეფორმებში;

  1. 3.    რეფორმების გატარებამ უნდა უზრუნველყოს:

3.1          თვისობრივად ახალი სოფლის მეურნეობის სამინისიტროს ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს  კვოტირებისა და სუბსიდირების მექანიზმების ეფექტურ გამოყენების გზით სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლებას და ასევე, ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადებას სოფლის მეურნეობის სუბიექტების რისკების მინიმუმადე დასაყვანად.

3.2          მიწათსარგებლობის ახალი რეგულაციების დანერგვა სოფლის მეურნეობის კვალიფიციური სუბიექტებისათვის და მათთვის შემდეგი სერვისების ხელმისაწვდომობა:

ა)   მსოფლიო სამეცნიერო მიღწევების გაცნობა მშობლიურ ენაზე;

ბ)   აგროდაკრედიტების მიმზიდველი პირობები;

გ)   აგროტექნიკის მიმზიდველი სალიზინგო პირობები;

დ)  ეფექტური აგროდაზღვევა;

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი რეფორმები მართლა დაწყებულიყო, თუმცა არავის აქვს იმის ილუზია, რომ ეკონომიკის დარგის რეფორმირების პროექტი შეიძლება ორ გვერდზე დატეულიყო. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ახალი დისკურსის შემოღებას, ან უკვე არსებული დისკურსის სხვა სიბრტყეში გადატანას. ლაპარაკია დისკურსზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებს შეეხება. აქ შეიძლება ისევ ძველ პრობლემებს წავაწყდეთ. კერძოდ, ლაპარაკია ჩვენ მითოლოგიზებულ წარსულზე. მითები კარგია და საამური საკითხავად და მოსასმენად, მაგრამ საშიშია როდესაც საზოგადოებრვი ცნობიერება მთლიანად მითური აზროვნებით არის მოცული. საშიში კი იმიტომ არის, რომ ხვალინდელი დღის საზრუნავზე ფიქრს გაშორებს.

ასეთი ტენდენციები, კი უკვე შეინიშნება ევროკავშირთან მიმართებაშიც: ისევ ახალი მითები, რომ შევალთ ევროკავშირში, ნატოში და მეორე დღეს ჩვენი გლეხი მეტ მოსავალს მოიყვანს და ჩვენი ძროხა მეტად მოიწველება. კითხვა კი რატომ არ გვიღებენ კარებს არ ისმება ჩვენი მმართველი ელიტის  მიერ.  არ გვიღებენ იმიტომ, რომ ღარიბები ვართ, ღარიბები იმიტომ ვართ რომ ვერ ვმუშაობთ, რატომ ვერ ვმუშაობთ, იმიტომ რომ პირობები არა გვაქვს, რა პირობები? აი ისეთი ზემოთ, რომ არის აღწერილი ან იქნებ სხვა?

დღეს სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 8-9%-ია. ასე გრძელდება 35 წელიწადი. ხელისუფლებას, რომ ეზრუნა ამ ციფრების ოდნავ მომატებაზე არავითარი სავალუტო შოკი არ მოხდებოდა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2014 წლის ანგარიშის მიხევდვით, ქვეყანაში 800 ათასი ახალგაზრდა (20–24 წლამდე) ცხოვრობს, ხოლო უნისეფის მონაცემებით საქართველოს ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს. ეს 248 ათასია.

იქნებ ამაზე ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ იმაზე თუ რატომ ვერ ვახერხებთ ამ ხნის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის გამოკვებას და მორიგ მითებს ნუ შევქმნით არაფრის კეთების გზით კეთილდღეობის მოპოვების შესახებ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ