მათე გაბიცინაშვილი: უნივერსიტეტის პოლიტიკური იდეა თანამედროვე საზოგადოებაში

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

„სამოთხეში ალბათ სხვაგვარადაა, მაგრამ აქ მიწიერ ყოფაში, იცხოვრო ნიშნავს შეიცვალო, მეტი სრულყოფილებისთვის კი, საჭიროა შეიცვალო ხშირად“. [1]

ჯონ ჰენრი ნიუმენი

უნივერსიტეტის იდეა ჩვენს საზოგადოებაში

საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კარდინალ ჯონ ჰენრი ნიუმენის მიერ დუბლინში დაწყებული საჯარო ლექციები გამოიცა წიგნად, სახელწოდებით „უნივერსიტეტის იდეა“ / „The Idea of a University”. იმ პერიოდში ბევრი რამ იცვლებოდა და ნიუმენი უეჭველად ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მიუთითებდა ადამიანთათვის ამ ცვლილებათა გადამწყვეტი როლის შესახებ.

ზემოხსენებული წიგნის წინასიტყვაობაში, ნიუმენი ამბობს ძალიან საინტერესო რამეს: ამ დისკურსებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის შესახებ ყალიბდება შემდეგი შეხედულება, რომ ის არის უნივერსალური ცოდნის სწავლების ადგილი. ეს გულისხმობს იმას, რომ მისი საგანი ერთის მხრივ ინტელექტუალურია და არა მორალური, მეორეს მხრივ კი, მისი მიზანი ცოდნის გავრცელებაა (diffusion) და არა განვრცობა (advancement). იმ შემთხვევაში თუ მისი მიზანი მხოლოდ მეცნიერული და ფილოსოფიური აღმოჩენებია, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა ყავდეს უნივერსიტეტს სტუდენტები, ხოლო თუ მისი მიზანი მხოლოდ რელიგიური წვრთნაა, მაშინ გაუგებარი ხდება როგორ შეიძლება ის ლიტერატურისა და მეცნიერების საყრდენი იყოს.[2]

დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად ჭირდება ცვლილება. ცვლილება, რომელიც გამოგვიყვანს ნეოლიბერალური, კოლონიური ტიპის აზრის წარმოების ჩაკეტილი წრიდან და საშუალებას მოგვცემს განვითარდეთ, რათა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ, მთელი საზოგადოება ვიმყოფებით.

სამოქალაქო საზოგადოება თავისი არსით პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურთან. უნივერსიტეტები, როგორც საზოგადოების შესახებ ცოდნის კერები, ამ მთლიანი ერთობის ნაწილია. სამოქალაქო საზოგადოება ეს პოლიტიკური ორგანიზმია. შესაბამისად, თავიდან განსასაზღვრია უნივერსიტეტის, როგორც ჭეშმარიტი პოლიტიკური სივრცის პოლიტიკური როლი და დანიშნულება ამ მთლიან პოლიტიკურ ორგანიზმში.

ჰუმბოლდტიანური იდეალი: „სწავლულთა და სტუდენტთა საზოგადოება“

ნიუმენს არ გამოუგონია ტერმინი – „უნივერსიტეტის იდეა“. ცხადია, ის უკავშირდება ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელს, რომელმაც 1810 წელს, ბერლინის უნივერსიტეტის დაარსებით, სრულიად სხვა საუნივერსიტეტო სწავლების მოდელი გახადა სანიმუშო დანარჩენი ევროპისათვის. ცენტრალური ჰუმბოლდტიანური პრინციპი გახლდათ მეცნიერის ყოველდღიურ საქმიანობით სფეროში „სწავლებისა (ცოდნის გაცვლა/გადაცემა) და კვლევის ერთობლიობა“. შესაბამისად, უნივერსიტეტის ცენტრალურ ფუნქციას წარმოადგენდა საზოგადოებისა და მასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ცოდნის კრიტიკული გააზრება, პროგრესირება, გაუმჯობესება და არა უბრალოდ წარსულის მემკვიდრეობის ახალი თაობისთვის გადაცემა ან მათთვის მხოლოდ უნარების განვითარება.

„უნივერსიტეტის იდეის“ შესახებ ახალი ნარატივის შექმნამ, მთლიანად შეცვალა საზოგადოებაც და საფუძველი დაუდო სრულიად ახალ არხებს ცოდნისა და პოლიტიკურის მჭიდრო კავშირისათვის. დღეს, ჰუმბოლდტიანური პრინციპი ყველა სერიოზული უნივერსიტეტის ყველდღიური ცხოვრების შემადგენელი კომპონენტია, რადგანაც საზოგადოების შესახებ ცოდნის განახლება და სრულყოფა წარმოუდგენელია ამავე საზოგადოებაზე მუდმივი დაკვირვების ანუ კვლევის გარეშე. შესაბამისად, „ჰუმბოლდტიანური იდეალი“ – ეს კვლევითი უნივერსიტეტია. თუმცა, თავად კვლევითი კომპონენტის მასშტაბების ინტენსიური ზრდა მოგვიანებით ხდება, რაც სახელმწიფოთა სტრატეგიული პოლიტიკური მიზნების მიღწევასთანაა პირდაპირ კავშირში ფორსირებული ინდუსტრიული განვითარების, სამხედრო ინფრასტრუქტურისა და კეთილდღეობის სისტემების მიმართულებით. თუ თავად ჰუმბოლდტისთვის, კვლევა უნივერსიტეტის პროფესორისთვის სწავლებაში (teaching) დამხმარე ინდივიდუალური კომპონენტი იყო, შემდგომში ეს კომპონენტი ინდივიდუალურიდან, მასშტაბური კოლექტიური პრაქტიკის ფორმად ჩამოყალიბდა.

ჩვენს საზოგადოებაში, კვლევისა და სწავლების კომპონენტზე დაფუძნებულ თანავედროვე „უნივერსიტეტის იდეის“ გაგებას, აუცილებელია შევძინოთ მესამე კომპონენტიც, რომელიც თავისი არსით სწორედ ფართო გაგებით პოლიტიკურს ხდის მას. შესაბამისად, აკავშირებს დანარჩენ საზოგადოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან. ესაა ჰაბერმასისეული კონცეპტის გააზრება „საჯარო სფეროს“ შესახებ. თანავედროვე საზოგადოებაში უნივერსიტეტი უნდა იქცეს საჯარო დისკურსების არენად – ერთგვარ თეატრად, სადაც პოლიტიკური მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში უზრუნველყოფილია ამ პროცესებზე მეცნიერული დაკვირვებისა და მსჯელობის გზით. თანამედროვე მანიპულირებადი და შინაარსგაცლილი მედია ვერ ახერხებს იმას, რაც უპირველასად უნივერსიტეტის ვალია: უზრუნველყოს დიალექტიკური მსჯელობა განვითარებაზე, უარი თქვას შინაარსგაცლილ, არაფრის მთქმელ პლურალიზმზე, რომლის სახელითაც მოქალაქეთა ტვინებზე ადგილი აქვს ტოტალურ მანიპულაციას და საზოგადოებაში „ყალბი ჭეშმარიტებების“ დამკვიდრებას, რაც ქმნის გამოუვალ, ტოტალიტარულ სააზროვნო სტრუქტურებში ჩაკეტილ სააზროვნი სივრცეს, რომლიდანაც თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება მისი ტოტალური უარყოფაა. სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენს საზოგადოებაში თანამედროვე უნივერსიტეტის იდეის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო წლების განმავლობაში ჩასახული მემარცხენე სტუდენტების აქტივიზმი სწორედ ამ შინაარსს და პოლიტიკურ მიზანს უნდა ატარებდეს. სტუდენტური მოძრაობების მიზნად უნდა იქცეს ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებაში არსებული ჩაკეტილი სააზროვნო სივრცის გარღვევა, რომელიც ემსახურება მთავარს: ახლიდან გავიაზროთ ის, რაც გვეხება ჩვენ – განვითარება, და ეს პროცესი ვაქციოთ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის სივრცედ.

აღნიშნული აქტივიზმის მთავარი პრობლემა დღემდე მისი ლოკალური კონტექსტია, რომელიც ამ ბრძოლას ტოვებს პოლიტიკურს მიღმა, ბოლომდე ვერ ახერხებს საზოგადოების ჩართულობას, რომელიც ტოტალურად აუჯანყდება ჩვენს სივრცეში დამკვიდრებულ „უნივერსიტეტის იდეის“ პოსტსაბჭოურ ნეოლიბერალურ გაგებას, რომელიც უნივერსიტეტს წლებია ამყოფებს საზოგადოების მიღმა, ანტი-ინტელექტუალურ სტერილურ ინსტიტუციად, რაც მას, როგორც ცოდნის კერას, უკარგავს უმთავრეს მახასიათებელს – შეცვალოს საზოგადოება, მაშასადამე, შეცვალოს არსებული ინტელექტუალური ჰეგემონია. მაშასადამე, გარდაქმნას მთელი საჯარო სივრცე.

 

განათლების ძირეული რეფორმა: პოლიტიკური გადაწყვეტილებები ტექნოკრატიულის ნაცვლად

როგორც ფილოსოფოსმა რობერტო მანგაბეირამ განმარტა “ამჟამინდელ გარემოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყოველი ალტერნატივა, ან უტოპიად წარმოჩინდება ან ტრივიალურად. ამიტომაც, ჩვენი პროგრამული მიდგომები/აზროვნება პარალიზებულია. ჩვენ დავკარგეთ რწმენა ნებისმიერი დიდი სწავლებისა იმის შესახებ თუ როგორ იღებს სათავეს სტრუქტურული ცვლილებები ისტორიაში და შედეგად, კვლავ ვუბრუნდებით პოლიტიკური სინამდვილის წაბილწულ კონცეფციას, სახელდობრ იმას, რომ გამოსავალი რეალისტურია იმდენად, რამდენადაც ის გვთავაზობს იმ მიდგომებს, რაც უკვე არსებობს. ეს ყალბი შეხედულება აუარესებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ იდეებს და იწვევს მათ პარალიზებას. [3]

ერთი შეხედვით, განათლების მნიშვნელობასა და რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს უკლებლივ ყველა, მაგრამ რეალური პოლიტიკური დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ დაწყებულა საზოგადოებაში. ან თუ დაწყებულა, ეს არ გაცდენილა ბიუროკრატიის სტერილურ ოთახებში რამდენიმე არასამთავრობოსთან ერთად დაწერილ ანგარიშებს.

სოციალურ მეცნიერებებში არსებობს ასეთი ტერმინი – Consesus Theory of truth, რომელიც ჭეშმარიტების ცნებას განიხილავს საზოგადოებრივი კონსესუსის საქმედ. თუ კონსესუსი იგივდება ჭეშმარიტებასთან, მაშინ გამოდის, რომ ჭეშმარიტება შეიძლება კონსესუსის ხელოვნური ფორსირებისა და ორგანიზების შედეგად მიიღწეს და არა მუდმივი კვლევის, კონფლიქტისა და დაკვირვების შედეგად. მსგავსი რამ ხდება განათლების საკითხის ირგვლივ. სტერილური ნარატივი – „განათლება მთავარი საკითხია“ – არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას. უფრო მეტიც, ის არაფერზე მიუთითებს და ცხადია, არაფერს ნიშნავს, სანამ არ შეიძენს პოლიტიკურ მიზანს და არ გახდება პოლიტიკურ სივრცეში ფართო დისკუსიის საგანი. ძირითადად, ჩემი დაკვირვებით, ამ ნარატივის გამჟღერებლები გახლავთ სრულიად სტერილური იდეების მატარებელი ტექნოკრატი მოაზროვნეები.

განათლების პოლიტიკას უნდა ჰქონდეს სრულიად გაცხადებული პოლიტიკური მიზნები საზოგადოებრივ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვქონდეს სრულიად გაცხადებული წარმოდგენები როგორი ტიპის საზოგადოებად ყოფნა გვინდა 10 წელიწადში, მაშასადამე, უნდა გვქონდეს წარმოდგენა, თუ როგორი ტიპის ეკონომიკური სტრუქტურები და სოციალური წესრიგი გვესაჭიროება ამისთვის. მაშასადამე, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რა ტიპის სფეროები გვესაჭიროება ტექნოლოგიური და ინოვაცური პოლიტიკების ფორსირებისთვის, რათა ტრანსფორმაცია გახდეს შესაძლებელი.

შესაბამისად, ჩვენ გვესაჭიროება ფართო გაგებით საზოგადოებრივ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული პოლიტიკური მიზნები, რომელსაც დაექვემდებარება განათლების სისტემასთან დაკავშირებული დისკუსია.

ძალები, რომელთაც ნათელი წარმოდგენა არ გააჩნიათ საზოგადოების გარდაქმნასთან და ახალი ტიპის საზოგადოების დაფუძნებასთან დაკავშირებით, ისინი ვერასდროს შეძლებენ სისტემა დაუქვემდებარონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ისინი ვერასდროს შეძლებენ ჰქონდეთ პოლიტიკური ნარატივი, რომელიც ჩაანაცვლებს ტექნოკრატიულ აზროვნებას.

თუ მართლა გვჯერა იმის, რომ ცოდნაც ბაზარმა უნდა განსაზღვროს?

დაბალტექნოლოგიური სფეროებით გაჯერებულმა ბაზარმა?

ჩვენ თუ განათლების სისტემას შევძენთ პოლიტიკურ მისიას – გარდაქმნას საზოგადოება, ჩვენ შევცვლით ყველაფერს.

 

განმარტებები:

[1] „In a higher world it is otherwise, But here below to live is to change, and to be perfect is to change often“  – “Development of Christian Doctrine” (Newman 1960a; 30).

[2] The view taken of a University in these Discourses is the following. — That it is a place of teaching universal knowledge.  This implies that its object is, on the one hand, intellectual, not moral; and, on the other, that it is the diffusion and extension of knowledge rather than the advancement.  If its object were scientific and philosophical discovery, I do not see why a University should have students; if religious training, I do not see how it can be the seat of literature and science.”

[3] “Reclaim Modernity, Beyond Markets, Beyond Machines”, Mark Fisher & Jeremy Gilbert.

 

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*