მარიანა მაზუკატო: მწვანე „ახალი კურსისკენ“

წარმოგიდგენთ, სასექსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის მარიანა მაზუკატოს გამოცემა Project-Syndicate-ზე გამოქვეყნებული ახალი წერილის კიდევ ერთ ქართულ თარგმანს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მარტის დასაწყისში ვთარგმნეთ და გამოვაქვეყნეთ გამოცემა Project-Syndicate-ზე მის მიერ გამოქვეყნებული საინტერესო წერილის – “შემოქმედებითი სახელმწიფო” – თარგმანი.

მარიანა მაზუკატო მუშაობს ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში. პროფესორი მაზუკატო, იკვლევს ინოვაციებისა და ინდუსტრიული განვითარების ეკონომიკას. იგი არის ავტორი წიგნისა “სახელმწიფო როგორც მეწარმე: მითი ჩამორჩენილი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წინააღმდეგობის შესახებ“.

ინგლისურიდან თარგმნა ტატო ხუნდაძემ

© European.ge

წინა კვირაში პარიზში მიღწეული გლობალური შეთანხმება[1] ფაქტიურად მესამეა, გასულ თვეში კლიმატურ საკითხებზე მიღწეულ შეთანხმებებს შორის. პირველი მათგანი შედგა ნოემბრის ბოლოს, როცა მილიარდერების ჯგუფმა ბილ გეითსის, მარკ ცუკერბერგისა და ჯეფ ბეზოსის მეთაურობით, განაცხადეს 20 მილიარდ დოლარიანი ფონდის შექმნის შესახებ, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს კვლევებს „სუფთა ენერგიის“  მიმართულებით. იმავე დღეს, 20 ქვეყანა, მათ შორის აშშ, დიდი  ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილია, შეთანხმდნენ „მწვანე ენერგიის“ სფეროში ინვესტიციების გაორმაგების შესახებ, რაც ყოველწლიურად შეადგენს 20 მილიარდ აშშ დოლარს.

ამ ორი შეთანხმებიდან,  გეითსისა და მისი მეგობარი მეწარმეების მიერ ინიცირებულმა „ენერგეტიკული გარღვევის კოალიციამ“ (BEC), დაიპყრო საინფორმაციო საშუალებები. ეს არ არის მოულოდნელი, თუ მხედველობაში მივიღებთ საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს, ინოვაციებისა და კერძო სექტორის მტკიცე კავშირის შესახებ. თუ ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიური გარღვევა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად, მაშ ვის უნდა მივმართოთ, თუ არა ჯადოქრებს „სილიკონის ველიდან“ და სხვა ინოვაციების მწარმოებელი თავისუფალი ბაზრის ცენტრებიდან?

თავად გეითსი, პირველია მათ შორის, ვინც აღიარებს რომ საზოგადოებაში გაბატონებული ეს დისკურსი, შორს არის სიმართლისგან. „კერძო სექტორმა იცის როგორ ააგოს კომპანიები, შეაფასოს წარმატების პოტენციალი, საკუთარ თავზე აიღოს ინოვაციურ იდეებთან დაკავშირებული რისკები და პრაქტიკაში განახორციელოს ეს იდეები“, ვკითხულობთ მისი კოალიციის მანიფესტში. „თუმცა დღევანდელ ბიზნეს გარემოში, ჩანასახოვანი (გარდამტეხი) ენერგეტიკული სისტემების განვითარებისთვის, ბალანსი რისკსა და უკუგებას შორის იმდენად უარყოფითია, რომ ამ ინოვაციურ სექტორში არსებული იდეები, ვერ დააკმაყოფილებს ტრადიციული „ენჯელ ინვესტორებისა“[2] თუ ვენჩურული კაპიტალისტების მოთხოვნებს.“

თავისუფალი ბაზარი დამოუკიდებლად ვერ განავითარებს ახალ ენერგეტიკულ წყაროებს საკმარისად სწრაფად, რადგან წარმატების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია.  როგორც წინა ტექნოლოგიური რევოლუციების დროს, სწრაფი პროგრესი „სუფთა ენერგიის“ წარმოების განვითარებისთვის, მოითხოვს „მამაცი“ და „მეწარმე“ სახელმწიფოს ჩარევას, რომელიც გამოყოფს გრძელვადიან და მედეგ დაფინანსებას. ასეთი ჩარევა, კი თავის მხრივ წაახალისებს კერძო სექტორს. მთავრობებმა უნდა გადადგან გაბედული ნაბიჯები, რომლებიც შექმნიან არამხოლოდ სამართლიან თამაშის წესებს, არამედ გადახრიან ბაზარს მდგრადი განვითარების პარადიგმისკენ. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდგომ გაჩნდება ბაზარზე კერძო სექტორის დაფინანსება. თუმცა, დღემდე „მომჭირნეობის პოლიტიკა“ ზღუდავდა შესაბამისი საჯარო ფინანსების გამოყოფას ამ მიმართულებით. ზოგს მიაჩნია, რომ პარიზის ხელშეკრულება ამ რეალობას შეცვლის.

ინფორმაციული რევოლუციის მსგავსად,  „სუფთა ენერგიის“ მიმართულებით პროგრესისთვის აუცილებელია, საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობა. რადგანაც ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით, თუ რომელი ინოვაცია იქნება უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკის „დეკარბონიზაციისათვის“, ინვესტიციები უნდა გადანაწილდეს მრავალფეროვანი მიმართულებებით. გრძელვადიანი დაფინანსებით ასევე უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ კერძო კომპანიები, რათა მათ შეამცირონ ბუნდოვანება და გადალახონ ფუნდამენტურ კვლევებსა და კომერციალიზაციას შორის არსებული ე.წ. „სიკვდილის უდაბნო“.

BEC-ის არგუმენტი, იმის შესახებ რომ ამ მიმართულებით „ახალი მოდელი დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის პრინციპის მიხედვით, მთავრობებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კერძო ინვესტორებს შორის“, –  იმედის შუქით ანათებს ასეთი თანამშრომლობის პერსპექტივებს. თუმცა, სამწუხაროდ, თუ არ ჩავთვლით გეითს და მის რამდენიმე კოლეგას, რთულად მოვძებნით იმის ნიშნებს, რომ კერძო სექტორი საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას სუფთა ენერგიის სფეროში ინოვაციების განვითარებისთვის.

ენერგო სექტორი გახდა ზედმეტად ფინანსურად გაჯერებული [ over-financialized], იგი ხარჯავს უფრო მეტს, აქციების ყიდვა-გაყიდვაზე, ვიდრე კვლევასა და განვითარებაში დაბალ-კარბონიზებული ინოვაციების მიმართულებით. ენერგო-გიგანტები, ExxonMobil-ი და General Electric-ი არიან საკუთარი აქციების უმთავრესი  შემსყიდველნი. იმავდროულად, ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, აშშ-ს ენერგო სექტორმა ინვესტიციების მხოლოდ 16%-ი დახარჯა განახლებად ან ატომურ ენერგიაზე. საკუთარ ეკონომიკურ ლოგიკაში ჩაკეტილი ნავთობკომპანიები ამჯობინებენ, ამოიღონ ენერგიის შემცველი ნახშირწყალბადები დედამიწის უშორესი სიღრმეებიდან, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი მოგება დააბანდონ ალტერნატიული სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებაში.

ამასთან ერთად,  ბოლო წლებში სახელმწიფო ხარჯები კვლევასა და განვითარებაში მცირდებოდა. ეს ტენდენცია, ერთი მხრივ განპირობებული იყო ინოვაციების განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობაში, სახელმწიფოს როლის დაკნინებით. მეორე მხრივ, კი – 2008 წლის შემდგომი მომჭირნეობის პოლიტიკის დამკვიდრებით. ბიუჯეტების სიმცირე, ასუსტებს იმ სახელმწიფო სააგენტოების შესაძლებლობებს, რომლებიც უნდა იყვნენ გარდამტეხი ინოვაციების განვითარებაში. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA), შეასრულა კატალიზატორის როლი საინფორმაციო ტექნოლოგიურ რევოლუციაში. მეორე მხრივ, ენერგეტიკის პერსპექტიული კვლევითი პროექტების სააგენტოს (ARPA-E)  2015 წლის ბიუჯეტი 280 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც DARPA-ს ბიუჯეტის მეათედს ძლივს აღწევს. 1981 წელს აშშ-ს სახელმწიფო დანახარჯების წილი კვლევასა და განვითარებაზე ენერგეტიკის სფეროში შეადგენდა 11%-ს. დღეს ეს მაჩვენებელი 4%-ია. ამავდროულად, მოთხოვნაზე ორიენტირებული პოლიტიკაც კრიზისს განიცდის, რაც თავისთავად ხელს უშლის განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას.

ძირითადი სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ მწვანე ენერგო ტექნოლოგიების გავრცელებას, სახელმწიფო განვითარების ბანკები არიან. მართლაც, 10 უმსხვილეს ინვესტორთა შორის, რომლებიც მწვანე ენერგიის განვითარებაში, უმსხვილეს ოთხს, გერმანიის განვითარების ბანკი ( KfW), ჩინეთის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ბრაზილიის განვითარების ბანკი ( BNDES) წარმოადგენს (აქტივების დაფინანსების 15%-ი ასევე მათზე მოდის).

სახელმწიფო სექტორს შეუძლია და მართებს გააკეთოს ბევრად უფრო მეტი. მაგალითად, ენერგო კორპორაციებს სუბსიდიები უნდა მიეცეს იმ პირობით, თუ ისინი მოახდენენ საკუთარი მოგების უფრო დიდი წილის ინვესტირებას დაბალკარბონიზებული ინოვაციური ენერგეტიკული წყაროების  განვითარებაზე. ბოლოს და ბოლოს, მსგავსი დათქმები ისტორიაში არსებობდა, მაგალითად  მსგავსი ტიპის დათქმა ვრცელდებოდა ამერიკის სატელეფონო კომპანიის AT&T-ზე, იმ პირობით რომ იგი შეინარჩუნებდა საკუთარ მონოპოლიას ბაზარზე. ამან მიგვიყვანა ბელის ლაბორატორიების შექმნამდე, რომელიც არის ინოვაციების უმთავრესი ინკუბატორი.

რასაკვირველია, მილიარდელების შემოწირულობებს უნდა მივესალმოთ, თუმცა ამასთან ერთად კერძო კომპანიებიდან უნდა აიკრიფოს  გადასახადების გონივრული ოდენობა. ბოლოსდაბოლოს BEC-ის მანიფესტი ხაზს უსვამს: „სახელმწიფოს მიერ გაღებული დღევანდელი ხარჯები „სუფთა ენერგიის“ სფეროში, ვერ პასუხობს ჩვენ წინაშე არსებულ  გამოწვევებს“. და მაინც, დიდ ბრიტანეთში Facebook-მა გადასახადების სახით გადაიხადა 4, 327 ბრიტანული ფუნტი, რაც ბევრად ჩამოუვარდება ბევრი მოქალაქის მიერ გადახდილ გადასახადებს.

ბილ გეითსისა და სხვა ბიზნეს ლიდერების სურვილი მონაწილეობა მიიღონ და დააბანდონ ფული სუფთა ენერგიის წარმოებაში, აღმაფრთოვანებელია. პარიზის ხელშეკრულების გაფორმებაც კარგი ამბავია. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაბალ-კარბონიზებული რევოლუციის მოწყობა, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო და კერძო სექტორის უფრო ფართო ჩართულობა მწვანე ინოვაციების განვითარებაში, როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის მხრივ.

 

განმარტებები

[1]მთ. შენიშვნა: პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, http://www.nytimes.com/news-event/un-climate-change-conference

[2] მთ. „Angel investor – ადამიანი, რომელიც პირველ დაფინანსებას აძლევს start-up-ს. თავად ტერმინი „ენჯელ ინვესტორი“ გაჩნდა ბროდვეიზე, სადაც „ენჯელს“ ეძახდნენ ადამიანს, რომელიც თეატრალურ დასებს აფინანსებდა და იცოდა, რომ აქედან მოგებას ვერ მიიღებდა. ტერმინი სტარტაპების სფეროშიც გადმოვიდა. ზოგადად, სტარტაპის შეფასება ძალიან რთულია, რადგან, აქ საუბარია ინტელექტუალურ რესურსზე და შესაძლოა ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც სტარტაპს ქმნის, არანაირი მატერიალური ბაზა, ან გამოცდილება არ ჰქონდეს. ასეთ დროს მოდის ადამიანი, გეუბნება, რომ მოსწონს რასაც აკეთებ და გაძლევს ფულს, რომელიც შენი პროექტის მასშტაბირებაში დაგეხმარება.“, წყარო.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ