მარიანა მაზუკატო: შემოქმედებითი სახელმწიფო

Share on Facebook135Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

მარიანა მაზუკატო არის ეკონომიკის პროფესორი სასექსის უნივერსიტეტში, ბრიტანეთი. ის ასევე მუშაობს ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში. პროფესორი მაზუკატო აქტიურია ინოვაციებისა და ინდუსტრიული განვითარების მიმართულებით. 

იგი არის ავტორი წიგნისა “სახელმწიფო როგორც მეწარმე: მითი  ჩამორჩენილი სახელმწიფოსა და კერძოს სექტორის წინააღმდეგობის შესახებ“.

გთავაზობთ ანალიტიკური გამოცემა project-syndicate-ზე გამოქვეყნებული მისი წერილის ქართულ თარგმანს.

მთარგმნელი თეონა მჭედლიშვილი.

© European.ge

mariana
მარიანა მაზუკატო. საჯარო ლექცია ინოვაციებისა და სახელმწიფო როლის შესახებ.

ამჟამინდელ ეკონომიკაზე საყოველთაოდ მიღებული წარმოდგენა ისაა, რომ მთავრობებს ინოვაციების ხელშეწყობისთვის ძალიან ცოტა საშუალება გააჩნიათ. სახელმწიფომ ეკონომიკაში იმდენად პატარა  როლი უნდა ითამაშოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ უფრო შორს წავალთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი მხოლოდ „ბაზრის ჩავარდნის“ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს. ეს მოსაზრება ჭეშმარიტებისგან შორს არის.

რეალურად, მთავრობებს ინოვაციის წახალისება შეუძლიათ  და ამაში გადამწყვეტ როლსაც თამაშობენ. ნაცვლად იმისა, რომ მათი მდგომარეობა უბრალოდ გამოასწორონ, სახელმწიფოები ახალ ბაზრებს აქტიურად ქმნიან. უფრო მეტი სიცხადისთვის, მათ, ვინც ეკონომიკის სფეროში მთავრობის ნაკლებ ჩარევას ემხრობა, სჯერათ, რომ ბაზრის ჩავარდნა ინფრასტრუქტურისა და  მეცნიერების საბაზისო სუბსიდირების შემთხვევაში გამართლებულია. თუმცა, ამგვარი შეზღუდული ჩარევა ძნელად თუ ხსნის არათუ საჯარო სექტორიდან შვილობილი კომპანიებისკენ მილიარდობით დოლარის  გადინებას, არამედ მათთვის საწყისი აქტივობების დაფინანსების უზრუნველყოფასაც კი. რასაკვირველია, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ინოვაციურ ცენტრებში სახელმწიფო მნიშვნელოვან „სამეწარმეო“ როლს თამაშობდა. აქტიურად იღებდა მონაწილეობას ახალი სფეროების აღმოჩენასა და მათი შექმნის დაფინანსებაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებიდან დაწყებული – ბიოტექნოლოგიით, ნანო ტექნოლოგიით და „მწვანე ტექნოლოგიით“ დამთავრებული.

მაგალითად, „სილოკონის ველის“ შემთხვევაში, მთავრობა მოქმედებდა როგორც  სტრატეგიული ინვესტორი საჯარო ინსტიტუტების დეცენტრალიზებულ გარემოში: DARPA, NASA, მცირე ბიზნესის ინოვაციის კვლევითი პროგრამა (SBIR) და ეროვნული მეცნიერების ფონდი.

დაფინანსებისთვის გაღებული თანხები შეიძლება შთამბეჭდავი იყოს, და არა მხოლოდ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში; დიდი ოდენობის თანხები ასევე მოხმარდა ენერგო და ბიოლოგიურ მეცნიერებას. მაგალითად, 2011 წელს, აშშ ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტებმა (NIH) ინვესტიციის სახით 31 მილიარდი ბიო-სამედიცინო კვლევაში ჩადეს. მარსია ენგელმა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა, რევოლუციური და ახალი მედიკამენტების განვითარებისთვის ამ დაფინანსების გადამწყვეტი მნიშვნელობა აჩვენა. ასევე SBIR-ის მიერ დაფინანსებულმა რამდენიმე ყველაზე ინოვაციურმა ამერიკულმა კომპანიამ დაამტკიცა, რომ კერძო ვენჩურულ კაპიტალთან შედარებით, სახელმწიფო პროგრამები უფრო მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.

ამერიკის გარეთაც არსებობს მსგავსი მაგალითები. თუნდაც ისრაელი, სადაც სახელმწიფო ვენჩურული კაპიტალის* ფონდმა „იოზმა“  ქვეყნის ყველაზე დინამიური კომპანიებისთვის საწყისი ეტაპის დაფინანსება ითავა. ასევე ფინეთი, სადაც „სიტრამ“, საჯარო ინოვაციის ფონდმა, “ნოკიასთვის”თავდაპირველი დაფინანსება უზრუნველყო. ჩინეთში, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი განვითარების ბანკი, ქვეყნის ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს მილიარდი დოლარის ოდენობის სესხებს სთავაზობს. მათ შორის “ჰუავეისა” და “უინგლი სოლარისს”.

ამ ტიპის საჯარო ინვესტიციები ახალი ბაზრების შექმნისა და ჩამოყალიბებისთვის გარდამტეხია. ცხადია, მთავრობის ინვესტიციამ ცენტრალური როლი ითამაშა თითქმის ყველა იმ ტექნოლოგიის განვითარებაში, რამაც IPhone-ის „სმარტფონად“ აქცია: ინტერნეტი, ჯიპიესი, „თაჩსქრინი“ და ხმის ამოცნობის პროგრამული ტექნიკა , რომელიც SIRI-ს გააჩნია. ამასთან ერთად, ბევრ ქვეყანაში, სწორედ საჯარო სექტორი უკვალავს გზებს მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას.

უნდა ვაღიაროთ, რომ მთავრობის ინვესტიციები ხელს უწყობს  ინოვაციების დანერგვასა და ეკონომიკურ ზრდას. ამიტომაც, საყოველთაოდ მიღებული შეხედულებები სახელმწიფოს ჩარევის შესახებ გადახედვას საჭიროებს. იმის მაგივრად, რომ ფოკუსირდნენ ვიწრო ტექნოლოგიების განვითარებაზე ან ფირმების დახმარებაზე, საჯარო ინსტიტუტებმა ინვესტორების როლი უნდა მოირგონ და  ფსონი დადონ ალტერნატივების დივერსიფიცირებულ პორტფელებზე

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინვესტორი, სახელმწიფო ყოველთვის ვერ მოიგებს. ფაქტობრივად, წაგება უფრო სავარაუდოა, რადგან სამთავრობო სააგენტოები ხშირად აბანდებენ თანხებს გაურკვეველ სფეროებში, რომლებიც კერძო კაპიტალის მფლობელებისთვის მაინცდამაინც საინტერესო არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ უნარი შანსის გამოყენებისა და შეეძლოთ სწავლა გამოცდილებისა და შეცდომების ხარჯზე.

თუ წაგება ინოვაციური თამაშის გარდაუვალი ნაწილია და თუ მთავრობა ინოვაციისთვის გადამწყვეტია, საზოგადოება „მთავრობის შეცდომების“ მიმართ უფრო მეტად ტოლერანტული უნდა იყოს. თუმცა,  რეალობა ის არის, რომ როდესაც მთავრობა მარცხს განიცდის, საზოგადოებრივი პროტესტის გრძნობა მაშინვე ჩნდება, ხოლო როდესაც ის წარმატებას აღწევს – საზოგადოება ამას დუმილით ხვდება.

მაგალითად, ამერიკის მზის ენერგიის ფირმის „სოლინდრას“ გაკოტრებამ, რომელმაც მთავრობის გარანტიით 500 მილიონი დოლარის სესხი მიიღო, გულშემატკივრების პროტესტი გამოიწვია. ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ მთავრობამ დაახლოებით იგივე თანხა გამოუყო ტესლას, რათა მას მანქანის „ტესლა S“-ის შექმნაში დახმარებოდა, პროდუქტი, რომელიც მოიაზრება  „სილიკონის ველის“ ინოვაციურ არქეტიპად.

მაშინ, რამ შეიძლება განაწყოს საზოგადოება უფრო ლოიალურად მთავრობის წარუმატებლობის მიმართ?

კერძო ვენჩორული კომპანიები წაგებული ინვესტიციებიდან დანაკარგს  იმ სარგებლით ფარავენ, რომელსაც სხვა მოგებიდან იღებენ. თუმცა, სამთავრობო პროგრამები იშვიათად თუ ნახულობენ მნიშვნელოვან მოგებას. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მთავრობის შემოსავალი გადასახდებიდან ივსება, მაგრამ მიმდინარე გადასახადების სისტემაც არაქმედითუნარიანი და ეს განპირობებულია არამხოლოდ გადასახადებისგან თავის არიდებით, არამედ საგადასახადო ტვირთის შემცირებით. „NASA”-ს დაარსებისას, ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადის ნორმა 90%-ის ზემოთ იყო, 1980-იანი წლების შემდგომ კი, წარმოების მოგების გადასახადი 50%-ზე მეტით შემცირდა.

იმისათვის, რომ საფუძველი ჩავუყაროთ საჯარო ინვესტიციებს მაღალი-რისკის ინოვაციებში, გადასახადის გადამხდელებმა უფრო პირდაპირ უნდა მიიღონ შემოსავალი, რათა საჯარო ინოვაციებში სარგებლის ჩადებით დააფინანსონ ტექნოლოგიების შემდეგი ტალღა.  როდესაც ინვესტიციები ხორციელდება საბაზისო კვლევებში, თანმდევი ეფექტი ინდუსტრიისა და სექტორების პარალელურად ზოგჯერ საკმარისია საზოგადოებრივი სარგებლისთვის. თუმცა, სხვა შემთხვევები შესაძლოა ალტერნატიული სტიმულის შექმნასაც საჭიროებდეს.

მაგალითად, მთავრობის “ტესლასთვის” განკუთვნილი ინვესტიციებიდან მიღებული სარგებელი შეიძლებოდა ანაზღაურებულიყო წილებით (ან სალიცენზიო გადასახადით) და რაც შესაძლებელს გახდიდა “სოლინდრას” ინვესტირებით გამოწვეული დანაკარგი დაფარულიყო. საჯარო სექტორის მიერ  ბიზნესზე გაცემული სესხების დაფარვა შესაძლოა პირობითი იყოს შემოსავალის გათვალისწინებით, მაგალითად, როგორც ეს ხშირად სტუდენტური სესხებია. მედიკამენტების ფასებიც, რომლებიც ძირითადად შექმნილია NIH-ის დაფინანსებით, შესაძლოა შეიზღუდოს, რათა გადასახადების გადამხდელს არ მოუწიოს ორმაგი გადასახადის გადახდა.

ერთი რამ ნათელია: დღევანდელი მიდგომის ნაკლოვანებები მასშტაბურია, რადგან ისინი რისკებს სოციალიზებულს, ხოლო მოგებას პრივატიზირებულს ხდის. ეს მავნებელია არა მხოლოდ მომავალი ინოვაციური შესაძლებლობებისთვის, ასევე მთავრობის უნარისთვის წარმოაჩინოს საკუთარი მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებისთვის. იმ როლის აღიარება, რომელსაც სახელმწიფო თამაშობს   ინოვაციების ჩამოყალიბებაში (რაც მომავალშიც უნდა გააგრძელოს), გვაძლევს  იმის საფუძველს, რომ კამათი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვის გარშემო დავიწყოთ: რა ახალი საჯარო ინვესტიციებია საჭირო მომავალში ეკონომიკური ზრდას მისაღწევად?

 

*ვენჩურული კაპიტალი: ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი.

Share on Facebook135Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*