მაია ავლოხაშვილი: ნეოლიბერალური ნეკრორეალიზმი (I ნაწილი)

„თქვენს ინტერესებშია, რომ ამ უდიდესმა ისტორიულმა და სოციალურმა კითხვამ „კი მაგრამ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?“, შეინარჩუნოს თავისი წონა, აბსოლუტური სიშიშვლე და მთელი თავისი სიმძაფრე.“

/გერშომ შოლემი. სიტყვა ეიხმანის დახვრეტის წინააღმდეგ/

maiaგადმოცემა მოგვითხრობს რომ ასტიაგემ, დასავლეთ სპარსეთის მბრძანებელმა მიდიელმა მეფემ, ერთხელ ასეთი სიზმარი ნახა: მისი ქალიშვილი ოქროს მდინარეს შარდავდა, შარდი კი მთელ სამეფოს ევლებოდა თავზე. – შენი რომელიმე შვილიშვილი მმართველობაში შეგეცილება, –  აუხსნეს მეფეს ქურუმებმა. ამის გამო, ასტიაგემ გათვალა და ქალიშვილი სუსტ მეზობელს მიათხოვა. ასეთი “გარანტირებული”, პოლიტიკურად „უსაფრთხო“ ქორწინებიდან იშვა კუროშ, ანუ კიროს დიდი. ცოტა ხანში, ასტიაგემ ისევ ნახა სიზმარი – ამჯერად ქალიშვილს საშოდან ვაზი ეზრდებოდა და თვითონ მის ჩრდილში იჯდა. მეფეს ქურუმთა საბჭო აღარ დასჭირვებია. ჰარპაგოსს, თავის სარდალს შვილიშვილის მოკვლა უბრძანა. სარდალს შეებრალა ჩვილი და უდაბნოში მიატოვა. გადმოცემა არ ღალატობს ჟანრის კანონს–კეთილმა მწყემსებმა ბიჭი იპოვეს, გადამალეს და ასე იხსნეს სიკვდილისგან. როცა სიმართლე შეიტყო, მიზნის მიუღწევლობით განრისხებულმა ასტიაგემ თავისი სარდლის ვაჟი დააკვლევინა, შეაწვევინა და მისი შემწვარი ხორცი მამამისს ჩუმად აჭამა. ჰეროდოტეს მიხედვით, ასტიაგეს მტკიცედ სწამდა, რომ სპარსეთის ყოველი საქმის გადასაწყვეტად სქესობრივი აქტით ან შარდით მკურნალობა იყო საჭირო. საიმონ სებაგ მონტეფიორე (ინლისელი მწერალი და ჟუნალისტი, ისტორიკოსი) ამ ამბავს  “ჯეკისა და ლობიოს ღეროს” (ბრიტანული ზღაპარი) სექსუალურ-პოლიტიკურ ვერსიას უწოდებს.

„ჯეკის და ლობიოს“  ქართული ვერსია ჩვენთან 90–იანი წლებიდან  იწყებს მთელი ძალით ამოქმედებას. 25 წლის განმავლობაში, დემოკრატიის სახელით ის ნელ–ნელა დაასამარებს ადამიანური არსებობის ყველა სფეროს. პროგრესის,  სამოქალაქო საზოგადოების,  პატრიოტიზმის, მატრიოტიზმის, ტოლერანტობის    და „შეუჩერებელი ზრდის“ ტერმინებში კონვერტირებული ნეოლიბერალური მომხმარებლური იდეოლოგიური პროცედურები მთლიანად მოახდენენ  სოციალურ დემისტიფიცირებას  სიცოცხლის მკვდარი ნარჩენების სერიული გამრავლების  გზით და საბოლოოდ, ადამიანის არსის სრულ იდეოლოგიურ  დეტერმინიზაციას შეძლებენ.  „ახალი“, ვითომ ანტისაბჭოთა  კულტურა თავად მოირგებს სიმბოლური ძალადობის უჩინმაჩინის ქუდს.  წარმატებით იმუშავებს ადამიანთა  კოგნიტურ საფილტრაციო სისტემებში თრომბის პრინციპით და მოახერხებს   ცნობიერებაში არ იქნას დაშვებული  „არასწორი მსხვერპლის“  აღქმა. ამისთვის  სცენაზე შემოიყვანს (ჩვენთვის ზეახალ, მაგრამ დასავლური სამყაროსთვის ძალიან კარგად ნაცნობ და დამუშავებულ ) ტრივიალურ ეჭვმიტანილებს:  ჰომოსექსუალიზმი,  გენდერი,  ფემინიზმი,  ლგბტ, პლურალიზმი, ქსენოფობია, რელიგია,   სიტყვის თავისუფლება და ა.შ.  ეს ყველაფერი დაფუძნდება მორალური აღშფოთებისა და  „გადაუდებელი აუცილებლობის ყალბ გრძნობებზე“ .  მას არ აღმოაჩნდება არც ჰერმენვტიკული მოთმინების, გააზრების ,  არც კულტურული დიფუზიისთვის აუცილებელი, –სწორად  მიწოდების უნარი. ვერ შემოიტანს ახალ პედაგოგიკას, ახალ საზრისებს, ახალ პაიდეას, რომელიც შეძლებს საზოგადოების ნამდვილად ახალ კულტურულ რე–სოციალიზიაციას და თაობათა გახლეჩის ნაცვლად–გაერთიანებას. პოლიტკორექტულ  ევფემიზმებში  შეფუთული ზიზღით, კატასტროფული მორფოგენეზის პროცესში ჩაძირავს   სასიცოცხლო სივრცეს.   პასუხისმგებლობას აქეთ დააკისრებს „ბნელ მასებს“ –სიბნელისთვის, „ფიურერს“–ფიურერობისთვის, ეკლესიას–რელიგიურობისთვის. „კულტურულ ელიტებს“ პატრიარქის ყოველ გამოჩენაზე წმინდა ვიტეს როკვა დაეწყებათ , მაგრამ ვერც ერთხელ  ვერ მოიგებენ ბრძოლას ეკლესიასთან  სეკულარული სახელმწიფოსთვის.   სინამდვილეში „ელიტებს“  არც ექნებათ ასეთი მიზნები.  ნეოლიბერალური კულტურა ჰოლოკოსტის ეკონომიკაზე აგებული პროპაგანდაა, –უკეთესად ძოვის და უკეთესი საძოვრების მოძიების კულტურა, რომელიც ფსიქოძალაუფლებას ამკვიდრებს.

სლავოი ჟიჟეკს ასეთი  სიყალბეების საილუსტრაციოდ წიგნში „ძალადობის შესახებ“ (1) შემდეგი მაგალითი მოყავს: „რამდენიმე წლის წინ “Starbuks”–მა ზუსტად ასეთი ფსევდო–გადაუდებლობა გამოიყენა სათავისოდ როდესაც შესასვლელში გამოკრული პოსტერებით მომხმარებელს აცნობა, რომ მოგების ნაწილი მათი ყავის  მარცვლების მომწოდებელ გვატემალაში ბავშვთა ჯანდაცვას მოხმარდებოდა. აქედან გამომდინარე ფიქრობდი, რომ ყოველი ჭიქის დალევისას გვატემალელი ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავდი“ და შემდეგ  დასძენს: „ფიზიკურიდან (მასობრივი მკვლელობები, ტერორი) დაწყებული, იდეოლოგიურით დამთავრებული (რასიზმი, სიძულვილის ენა, სქესობრივი დისკრიმინაცია) ძალადობის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლა წარმოადგენს გამეფებული ლიბერალური მიდგომის მთავარ საზრუნავს. სიგნალი “sos”–ის მნიშვნელობა განზე აყენებს სხვა მიდგომებს: ყველაფერმა დანარჩენმა უნდა მოიცადოს… ხომ არ არის რაღაც საეჭვო , სიმპტომური იმაში, რომ მთელი ყურადღება სუბიექტურ ძალადობაზეა მიპყრობილი? ძალადობაზე, რომელსაც სჩადიან სოციალური აგენტები, ბოროტი ინდივიდები, დისციპლინირებული რეპრესიული აპარატები, ფანატიზმით შეპყრობილი ბრბოები? ხომ არ ჰგავს ეს გულმოდგინე მცდელობას, ჩვენი მხედველობის არეალიდან სხვა ყველა ძალადობის ფორმის გაქრობით გადაიტანოს ჩვენი ყურადღება პრობლემის რეალური წყაროდან და შედეგად აქტიურად ჩაერთოს ძალადობის ამ ფორმების განხორციელებაში? ერთი ცნობილი ანეკდოტის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ოფიცერი პიკასოს მის პარიზის სტუდიაში ეწვია. „გენრიკა“ დაინახა და ნახატის მოდერნისტული ქაოსით განცვიფრებულმა პიკასოს კითხა: „ეს თქვენ ჰქენით?“ პიკასომ წყანარად უპასუხა, „არა, თქვენ“.

ასტეაგეს ტახტზე ასული  ნეოლიბერალიზმი სქესობრივი აქტითა და  „შარდით მკურნალობას“  დაარქმევს ფსიქოანალიზს, ხელოვნებას, განათლებას, ცოდნას, თავისუფლებას, მეგობრობას, სიყვარულს, პატრიოტიზმს, ოჯახს, პროგრესს, პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობასაც კი…

ეს იქნება სრული ნეკრორეალიზმის ხანა.

რა გამოვტოვეთ ანუ რის შესახებ დუმდნენ ქართველი ლიბერტარიანელები

ჯერ კიდევ 1975 წელს თანამედროვეობის ერთ-ერთმა საინტერესო ფილოსოფოსმა და ფსიქოლოგმა, ვოლფგანგ გიგერიხმა თავის ნაშრომში –”ონტოგენეზი=ფილოგენეზს? ერიხ ნოიმანის ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუნდამენტური კრიტიკა”– , მწვავედ და დამაჯერებლად გააკრიტიკა  ცნობილი და საქვეყნოდ აღიარებული   კოლეგა–ავტორიტეტის, ერიხ ნოიმანის  წარმატებული  კაპიტალური ნაშრომი “ცნობიერების წარმოშობა და განვითარება”, რომელშიც ავტორი  სამყაროს წარმოშობის, “დიდი დედის”, “გმირის დაბადებისა და ტრანსფორმაციის”, ასევე, დრაკონზე გამარჯვების ფსიქოლოგიური და არქეტეპული იდეების ორიგინალურ გადმოცემას შეეცადა. რას ეხებოდა ეს კრიტიკა , რატომ იყო (არის!) ამის ცოდნა ქართული პოსტსაბჭოთა კულტურისთვის მნიშვნელოვანი?

საქმე ის გახლავთ, რომ  ნეოლიბერალიზმი ჯერ აქტიურად „აეკიდა“ აქტუალურ მითს, რომლის საშიში სიმპტომებიც, განსაკუთრებით გასული საუკუნის 90–იანებიდან სულ უფრო ცხადად ამჟღავნებდა თავს, შემდეგ კი ჯიუტად დახუჭა ავადმყოფობის ნიშნებზე  თვალი.  ასეთი მითების შესახებ შვეიცარელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ადოლფ გუგენბიულ კრეიგი(ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის  პრეზიდენტი, გარდაიცვალა 2008წელს)  წიგნში „ფსიქოლოგიის პარადოქსები“ ამბობს:

თანამედროვე ფსიქოლოგია პირდაპირი გაგებით იკვებება პროგრესის იდეით, რომლის თანახმადაც, “განვითარებააუცილებლად გულისხმობს უკეთესს, ხოლო ახალი, პრინციპულად ფლობს უპირატესობას ძველზე. აქტუალურ მითს, წესისამებრიშვიათად განიხილავენ, თუმცა, ადამიანები სწორედ ამ მითის შესაბამისად ცხოვრობენ. უფრო რომ გავამწვავო ეს აზრი, ვიტყვი: მითი არ გამოხატავს ადამიანის არც გარეგნულ, არც შინაგან რეალობას. პირიქით, რეალობა ბაძავს მითს და იქვე საკმაოდ მკაცრად საუბრობს ექსპონენციალური სიჩქარით გავრცელებულ  პროფესიული კატასტროფის ნიშნებზე:   „ფსიქოთერაპევტები ცოტათი მოძღვრები არიან და, როგორც წესი, ყველაზე გავრცელებულ საზოგადოებრივ თვალსაზრისს წარმოადგენენ ხოლმე, თუნდაც ეს თვალსაზრისი კოლექტიური ფსიქოპათოლოგია იყოს.  (…) რწმენა იმისა, რომ დამოუკიდებლობა, შემოქმედება და სპონტანურობა ფსიქოლოგიური განვითარების მიზანია, მჭიდროდაა დაკავშირებული ღმერთის კომპლექსთან. ამ სამეულზე ასეთი წარმოდგენა კოლექტიური ფსიქოპათოლოგიაა, რომელიც ძველ ბერძნებს ძალიან საშიშ მოვლენად მიაჩნდათ. ეს არის იდენტიფიკაცია ღმერთთან, ღმერთის კომპლექსი, თუმცა იმდენად მიმზიდველი კომპლექსი, რომ მისთვის გვერდის ავლა უბრალოდ შეუძლებელია. პარადოქსია, რომ სწორედ ღმერთის ჩრდილი (სატანა) ჰპირდება ადამიანს ყველა სურვილის შესრულებას სულზე გავლით. დიახ, პარადოქსია, რომ სწორედ ღვთაებრივი ხატის ჩრდილოვანი მხარე უჩენს ადამიანს ძალაუფლების ილუზიას. პედაგოგები, თერაპევტები, მოძღვრები, რომლებიც ამ საცოდავ ხალხს შემოქმედებისკენ, სპონტანურობისა და დამოუკიდებლობისკენ მოუწოდებენ, ეშმაკს ემსახურებიან…. მაინც საიდან მოდის სიკეთეზე ასეთი გულუბრყვილო მითოლოგიური წარმოდგენები? ვვარაუდობ, რომ ისინი ქრისტიანულ ტრადიციებთან უნდა იყოს დაკავშირებული და ქრისტიანული მითოლოგიის გარყვნისა და დეგენერაციის შედეგს უნდა წარმოადგენდეს”. – და  მოუწოდებს ყველას, კარგად დააკვირდნენ საკუთარ ფსიქოთერაპევტებს ქუსლებზე – ვინძლო, ეშმაკის ჩლიქს არ მოჰკრან თვალი.

ხოლო საყოველთაო ნეოლიბერალური კულტურის საეჭვო „გულწრფელობების“ და  „ბუნებრიობის ბრენდის“  შესახებ წერს: “ზნეობისა და კარგი მანერების გაკიცხვა, როგორც სიყალბისა და ფარისევლობის, იმის ტოლფასია, ქალი, რომელმაც ფეხი დაკარგა, ფარისევლად და ყალბად მივიჩნიოთ იმის გამო, რომ პროთეზით დადის. მართლაც, მისი მხრივ ხომ უფრო მეტი “პატიოსნება და გულწრფელობა” იქნებოდა, გადაეგდო პროთეზი და ცალ ფეხზე ასკინკილით დაეწყო სირბილი?”

ახლა მივუბრუნდეთ გიგერიხის კრიტიკას ნოიმანის შესახებ. კერძოდ, რატომ ერგო მწვავე კრიტიკა აღიარებულ ფსიქოლოგს?

ნოიმანი ჯერ მითოლოგიური სტადიების განვითარებას ეხება  და ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში ის არ გულისხმობს ისტორიული ეპოქის რომელიღაც კონკრეტულ დროს.  ეს კი ნიშნავს ვარაუდს, რომ მისი ჩანაფიქრი ეხება თავად მითში სტადიათა რეპრეზენტაციას, მითოლოგიური ხატების თანმიმდევრული ფონური რეჟიმის პროცესს, რომელიც უნდა განვათავსოთ სადღაც ისტორია-ზედ (ზემოთ), მაშინ გამოდის, რომ მითოლოგიური თემები თვითონ წარმოადგენენ მიმდევრობის საფუძველს, ანუ უნდა არსებობდეს მათთვის დამახასიათებელი გენეტიკური კანონი.

მაგრამ გიგერიხი ამბობს: „აქაც მოტყუებული დავრჩებით“. ნოიმანი არ აჩვენებს, რომ სამყაროს შექმნის მითი წინ უსწრებს გმირის წარმოშობის მითს, ან ეს უკანასკნელია ტრანსფორმაციული მითის წინამორბედი.  შესაბამისად, ზუსტად ასევე, ისტორიული თვალსაზრისით, ნებისმიერ მითოლოგემას შეიძლება ქონდეს ადგილი ნებისმიერ დროს, რამდენადაც მითი თავის თავში არ მოიცავს ინდივიდუალური მითების გენეტიკური თანმიმდევრობის არავითარ რწმუნებულებას. თითოეული მითი თავისი არსით საკუთარ მნიშვნელობას და წყაროს გულისხმობს და ამდენად, სრულიად დამოუკიდებელ ისტორიას წამოადგენს.

ნოიმანის წიგნი ეხება ცნობიერების წარმოშობის ისტორიას და იმდენად, რამდენადაც ის წარმოგვიდგენს მითოლოგიური თემების სიმრავლის ორგანიზაციას, ღირს ეჭვის შეტანა – ეხება კი მართლაც ეს წიგნი ცნობიერების წარმოშობას? – კითხულობს გიგერიხი. მითოლოგიური და არქეტიპული სახე-ხატები განსაზღვრების თანახმად ე.წ. კოლექტიური არაცნობიერის კუთვნილებაა. შესაბამისად, გმირის დაბადება (ეგო-ცნობიერება), როგორც არქეტიპული თემა ვერაფრით ვერ მოახდენს კოლექტიური არაცნობიერიდან ეგო-ცნობიერების გამოყოფას (ამოწევას) ან ცნობიერების დაბადებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ რაღაც მოვლენას ადასტურებს, რომელიც  მოხდა კოლექტიურ არაცნობიერში. იქამდე, სანამ ჩვენ კოლექტიურ არაცნობიერსა და ცნობიერებას ორ დაპირისპირებულ სისტემად წარმოვიდგენთ, მითოლოგემის შესწავლა ვერაფრით ნათელს ვერ მოფენს ეგო-ცნობიერების ვერც წარმოშობის და ვერც ისტორიის საკითხს. შეუძლებელია ცნობიერების მთლიანად დიფერენცირება არაცნობიერებისგან, არ შეგვიძლია ცნობიერების მთლიანად გამოყვანა არაცნობიერისგან. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც დამოუკიდებელი პრინციპი. მითოლოგიას შეუძლია მხოლოდ გვესაუბროს ცნობიერების სხვადასხვა პატერნებზე,

აქედან გამომდინარე, ცნობიერების განვითარების თემების შესწავლისას ემპირიულ ისტორიას უნდა მივმართოთ. როდესაც ცნობიერება (წარმოშობის ისტორია) კარგავს ისტორიის სტატუსს ის უკვე ნამდვილი ცნობიერების შესწავლის საკითხით აღარაა დაკავებული. ამას შესანიშნავად გრძნობდა ნოიმანი და სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო მოძრაობდა მითების სფეროში, ამავდროულად ცდილობდა გაეგო კულტურის ისტორია (არ იყო ფროიდის კულტურაში გადასვლაც შემთხვევითი). ნოიმანისეული მითოლოგიური ხატების სისტემატიზაცია ამ მიზანს ემსახურება, ოღონდ იმის გათვალისწინებით თუკი შესაძლებელია მითოლოგიურ სტადიათა სქემის რეალური (ისტორიული თვალსაზრისით) შესაბამისობის ჩვენება კულტურულ განვითარებასთან ფილოგენეზის (განვითარების ისტორიული გზა) თვალსაზრისით.

აქვს თუ არა ადგილი ისტორიულად აღმავალი თანმიმდევრულობის სტადიებს ცნობიერების განვითარებაში? ხდება თუ არა ისტორიაში ერთმნიშვნელოვანი და გარდაუვალი გადასვლა  მატრიარქატიდან პატრიარქატზე , ურობოროსისგან სამყაროს პირველმშობელთა გახლეჩა და გმირის ბრძოლა ტრანსფორმაციისთვის? პასუხი ამ კითხვაზე გარკვეული ხარისხით უარყოფითია. თუ მართლაც ხდება გარდაუვალი გადასვლა, მაშინ რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ პრიმიტიულ საზოგადოებებსაც (რომლებიც თავად ნოიმანის თანახმად წარმოადგენენ “ფსიქოლოგიური ადამიანის ადრეულ სტადიას”) გააჩნიათ გმირის სრულფასოვანი მითი. ანუ მითი, რომელიც ჩვენი წარმოდგენების თანახმად მხოლოდ განვითარებულ ცნობიერებას უნდა გააჩნდეს. თუკი ადრეული და პირველყოფილი კულტურები უნდა გვესმოდეს ე.წ. ადრეულ ეტაპებად, მაშინ ისინი ვერ შექმნიდნენ სრულფასოვან, მათ ცხოვრებაში ბოლომდე ინტეგრირებულ კულტს,- მითს სოლარული (მზიური) გმირის შესახებ. კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება ტრანსფორმაციის მითის ირგვლივ. რომელიც ასევე ფსიქოლოგების წარმოდგენით გააზრებულია , როგორც განვითარების უმაღლესი სტადიის დასტური და რატომღაც ამავე დროს მიეკუთვნება კაცობრიობის უძველეს კულტურებს. მაგალითად: კანიბალიზმი, ადამიანისა და ცხოველების მსხვერპლშეწირვა, მკვდართა კულტი, შამანიზმი – ყოველივე ეს ისეთივე დამახასიათებელია თანამედროვე პრიმიტიული საზოგადოებებისთვის, როგორც ქვის ხანის ადამიანებისთვის, სადაც მთავრდება ჩვენი კულტურულ-ისტორიული ცოდნები. და პირიქით, ცალკეულ ცივილიზაციათა და მთლიანად კაცობრიობის კულტურული განვითარების პერიოდები, კანონზომიერად ფლობს შესაქმის საკუთარ მითებს, რომლებიც, როგორც გვარწმუნებენ, მხოლოდ ადრეული სტადიებისთვისაა ნიშანდობლივი.

ასევე, მატრიარქალური და პატრიარქალური ცნობიერება არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს ისტორიაში, როგორც კანონის (კანონზომიერების) მაგალითი. შუასაუკუნეების ისლამურ სამყაროს  მასკულინური ცნობიერება ახასიათებს, მაშინ როცა იმავე პერიოდის კათოლიციზმი ცხადად იმყოფება “დედის” (Mater Ecclesia) და მისი სამღვდელოების -ღვთისმშობლის სახით-არქეტიპის ძლიერი გავლენის ქვეშ. და თუ ჩვენ ვიხილავთ მასკულინურ მენტალობას, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ შუასაუკუნეების ისლამი თავის მხრივ უფრო პროტესტანტიზმს უახლოვდება, რაც როგორც ვიცით ახალი დროის მახასიათებელია. მეტიც. შუასაუკუნეების სქოლასტიკა თავისი სულიერებით (მამის არქეტიპი) შეიცვალა ფაქტობრივად ჩვენი დროის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, რომელიც, თუ მხედველობაში მივიღებთ მისი შესწავლის საგანს (დედაბუნება) და მისი აზროვნების  მატერიალისტურ რეჟიმს (კონკრეტიზმი, ემპირიზმი, რაოდენობრივი მახასიათებლები და ა.შ.) აღმოჩნდება, რომ “დიდი დედის” გავლენის ქვეშაა და გავრცელებული თვალსაზრისის საპირისპიროდ სრულებით არ წარმოადგენს “პატრიარქალური” (მამაკაცური) ცნობიერების დასტურს.

ასეთივე მეთოდებით შეგვიძლია განვიხილოთ კულტურის ისტორიაში პოსტულირებული “თანმიმდევრულობიდან” გადახვევები. ამ შეუსაბამობებს ნოიმანი ასე ხსნის: “ინდივიდუალურ განვითარებაში და სავარაუდოდ, კოლექტივის განვითარებაშიც, ეს შრეები ორგანიზებულად არ განლაგდება ერთმანეთზე (ზედდება), არამედ, როგორც მიწის გეოლოგიურ სტრატიფიკაციაში, ადრეული შრეები ექცევა ზევით, ხოლო შედარებით გვიანდელი შესაძლოა სიღრმეში წავიდეს.”

მაგრამ, ნოიმანს მხედველობიდან რჩება რომ გეოლოგიური სტრატიფიკაცია და განვითარების სტადიები განსხვავებულია. რამდენადაც გეოლოგიაში მატერიალურ, კონკრეტულ შრეებთან გვაქვს საქმე სივრცეში, რომელშიც შეიძლება გადაადგილება , მაშინ როცა კულტურის განვითარება შეუქცევადი დროის გავლენის ქვეშაა. დროითი სტადიების გადანაცვლება უკვე თავისთავად წინააღმდეგობრივია. თუკი “სტადიებს” შეუძლიათ არათანაბარი და შემთხვევითი სახით გამოვლინდნენ ისტორიაში, მაშინ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ სტადიების კონცეფციაზე. ასევე, დასძენს გიგერიხი,  არაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ გეოლოგიურ შრეებს დროში შეუძლიათ გადანაცვლება გაცილებით გვიანდელ გეოლოგიურ პერიოდებთან თუკი არსებობს სივრცეში ვერტიკალური გადანაცვლების შესაძლებლობა.

ეს ყოველივე ერთ რამეზე მეტყველებსკულტურის ისტორიასთან ვერ გამოვიყენებთ განვითარების იდეას. ისტორიაში ცვლილებები ხდება , მაგრამ არ ხდება ევოლუციაამ დასკვნამდე მივიდა რელიგიის ისტორიის მკვლევართა უმრავლესობა იმ ხანგძლივი მცდელობის მიუხედავად, რომ ისტორიისთვის მიესადაგებინათ ევოლუციური პატერნი.

ჩვენს შემთხვევაში, კულტურის განვითარების საკითხში ანთროპოლოგების წვლილი უფრო საინტერესოა. მაგალითად, მირჩა ელიადეს ნათქვამი: “ჩვენ არ ვიცით არსებობდა თუ არა ოდესმე მატრიარქატი, როგორც დამოუკიდებელი კულტურული ციკლი” და რომ “ეთნოლოგები მივიდნენ საერთო შეთანხმებამდე, მატრიარქატი არ შეიძლებოდა ყოფილიყო პირველყოფილი მოვლენა”, სასიკვდილო დარტყმას აყენებს ცნობიერების წარმოშობას და განვითარებას.

ამდენად, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ფსიქიკურის სფეროში ფილოგენეზის დაშვებაზე. რამდენადაც, ამის დაშვება კულტურის ისტორიაში იმ სახით, რომელიც ის ჩვენთვისაა ცნობილი, ნიშნავს დაახლოებით იმას, რომ მოვინდომოთ საკუთარი ონტოგენეზის  აღწერა დავაფუძნოთ მხოლოდ ჩვენივე მენტალურ ცოდნაზე მოწიფული ადამიანის შესახებ (ონტოგენეზი არის ორგანიზმის განვითარება ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე. ფილოგენეზი კი–  სახეობის განვითარების ისტორიული გზა. ბიოლოგიაში მიჩნეულია, რომ ონტოგენეზი არის ფილოგენეზის მოკლე და სწრაფი გამეორება) . მაგალითადფილოსოფოსის თუ არტისტის მენტალური განვითარება არავითარ ფიქსირებულ კანონებს არ ემორჩილება ონტოგენზის თვალსაზრისით. არამედ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური, განსხვავებული და ახალია. ამიტომ კაცობრიობის ინტელექტუალური ისტორია არ შეიძლება აგვეროს ფილოგენეზში. ამას გარდა, თუ მით უმეტეს მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ჩვენთვის ცნობილი კულტურის ისტორია ესაა გვიანდელი ისტორია, მაშინ ნებისმიერი მსჯელობა ფილოგენეზის შესახებ საერთოდ შეუძლებელი ხდება ჩვენი ტოტალური უცოდინარობის გამო თუ რა მდგომარეობაში იყო ადრეული კაცობრიობის ფსიქიკური მდგომარეობა.

ნოიმანი წერს, რომ ფროიდის იდეასთან პირველმამის მხრიდან წამოსული კასტრაციის  საშიშროებასთან დაკავშირებით მეცნიერებამ ვერაფერი სარწმუნო ფაქტი ვერ მოიპოვა ამ იდეის დასადასტურებლად. მაგრამ იგივე ეხება ნომანის Ursprungsgeschichte თეორიასაც.ცნობიერების წარმოშობა მითად უნდა ჩაითვლოსსამწუხარო ფაქტი, რაც ამ მითს ეხება , ისევე როგორც სხვა დანარჩენ თანამედროვე მითებს  მდგომარეობს იმაში, რომ ის (მითი), თავის თავს წარმოდგენს არა როგორც მითი, არამედ როგორც მეცნიერება. ეს გახლავთ არაწინსაწრგანსაზღვრული მითი. მსგავსად იმისა, როგორც ფროიდმა პირდაპირი მნიშვნელობით ნევროტიკის ბავშობაში გადატანილი რეალური განცდებისა და შინაური ატმოსფეროსგან შექმნა ოჯახური რომანი, სწორედ ასევე , ” საგმირო მითიდა ევოლუციის იდეა აღიქმება ფაქტობრივ და ისტორიულ მოვლენად.

თუ ამ მომენტებზე შევჩერდებით რეფლექსიითვის, აღმოვაჩენთ რაც თავიდანვე ცხადი იყო, რომ ფილოგენეზთან დაკავშირებით არქეტიპულ და მითოსურ იდეასთან გვქონდა საქმე. რისი ბრალია ამ მითის ემპირიულ ისტორიაში აღრევა? საქმე ისაა, რომ “ცნობიერების წარმოშობა” და ტრანსოფრმაცია, ეს უბრალოდ თეორიაა, წარმოდგენა, ფანტაზია და არა ფაქტი! ბიოლოგიაშიც კი, რომელშიც ეს ფანტაზია თავისუფლად გრძნობს თავს, მაინც ტრუიზმად რჩება. ადოლფ პორტმანი, როგორც ბიოლოგი, ევოლუციის კონცეფციას ხშირად აღწერდა არა როგორც მეცნიერულ ჭეშმარიტებას, არამედ როგორც რწმენის საკითხს და ეს ასეცაა. ევოლუცია,პროგრესი   როგორც მითი ნამდვილად რელიგიური იდეაა, ამიტომაც იწვევს ასეთ ძლიერ აღფრთოვანებას.

მაშინაც კი, როდესაც ისტორიკოსი ან ბიოლოგი ფაქტობრივი ევოლუციის კვლევითაა დაკავებული, ფსიქოლოგის ამოცანაა შეახსენოს, რომევოლუციადა „პროგრესი“ ეს მაინც არქეტიპული იდეაა და არავითარ ემპირიულ ფაქტებს არ ეყრდნობა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, დღეს ფსიქოლოგები ბიოლოგიისკენ უკანმოუხედავად მარშირებენ. რაღაც (ფაქტორები) აშკარად ამუხრუჭებთ ნამდვილად ფსიქოლოგიური მიმართულების ასაღებად, რის გამოც ჩვენი აზროვნება ჩვენივე სურვილის მიუხედავად არაფსიქოლოგიური რჩება. ასეთ ფაქტორებად გვევლინებადიდი დედისადაგმირისმითებში ჩაძირვა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას (მითიური) ფანტაზია შესაძლებლობაზე და მერე აქედან მოხდეს გმირული გამოსვლა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსს, ანთროპოლოგსა და ეთნოლოგს სორბონიდან, ლუსენ ლევი–ბრიულს, რომელიც ე.წ. პრიმიტიული საზოგადოებების მკვლევარი იყო  და „დაბალი ტიპის“ ადამიანის აზროვნება თანამედროვისგან მკვეთრად გამიჯნა, ერთ–ერთი პირველი, ვინც დაუპირისპირდა, მისივე თანამემამულე, ასევე ცნობილი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და ნობელიანტი (ლიტერატურის დარგში)–ანრი ბერგსონი გახლდათ (კლოდ ლევი სტროსის ეთნოლოგიური სტრუქტურალიზმის სკოლის ფუძემდებელი).  წიგნში „ მორალისა და რელიგიის ორი წყარო“ ის ამბობს, –თუკი თანამედროვე ადამიანს ჩამოვაშორებთ იმას, რაც ხანგრძლივი და უწყვეტი აღზრდის შედეგად ჩანერგა მასში თანამედროვეობამ, აღმოვაჩენთ, რომ ის იდენტური ან თითქმის იდენტური იქნება მისი შორეული წინაპრის.  ბერგსონი არ იზიარებდა აზროვნების ევოლუციის ჰიპოთეზას და ამტკიცებდა, რომ თუ სწორედ აზროვნება გვექნება მხედველობაში, მაშინ ის, რასაც ჩვენ ცნობიერებას ვუწოდებთ ერთნაირად იმუშავებს  უძველესი და თანამედროვე ადამიანის შემთხვევაშიც.

თავის დროზე შარლ დე გოლმა თქვა: “საფრანგეთი – ეს იდეაა”. დიდი დაბნეულობაა, როდესაც მიაჩნიათ, რომ ნაციის სული, ჯადოსნური კვერცხივით, ან ენაშია მხოლოდ, ან საგანმანათლებლო პროექტებში, ან სამოქალაქო შეგნებაში, ან პრიორიტეტულ იდეოლოგიაში. სინამდვილეში ეს მხოლოდ მარტივი, ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი ფანტაზიაა იდენტიფიკაციის შესახებ. მსგავსი რედუცირებები, როგორც წესი არ ამართლებს და დიდი მსხვერპლშეწირვით მთავრდება.  ნაცია – ესაა ადამიანთა დიდი ჯგუფი, ერთმანეთთან დაკავშირებული მსგავსი წარმოდგენებით, იდეებით, ფანტაზიებით ინდივიდის, საზოგადოებრივი ცხოვრების წესისა და სოციუმის შესახებ, რომელთან იდენტიფიცირებასაც ახდენს ადამიანი. ესაა ერთობა, რომელიც კაცობრიობის სიმბოლოა,  სახელმწიფოს ფორმა თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტები ამ შემთხვევაში გაიგება როგორც აუცილებლობა მოქალაქეთა ნაყოფიერი (!) თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება იმას, რას გულისხმობს ეს “იდეები, ფანტაზიები და წარმოდგენები”, არც ისე იოლი შესაცნობი გახლავთ და არც ერთპოლუსიანი სტერილიზირებული  ელიტური  ჭეშმარიტება. ისინი, წესისამებრ, არაცნობიერია და მათი არსებობის, ცნობის შესახებ მსჯელობა მხოლოდ კონკრეტული გამოვლენის დროსაა შესაძლებელი. ამიტომ უცხადებს “განათლებულს და ინტელექტუალს” ხალხი ნდობას, ამიტომაა მათი პასუხისმგებლობა გაცილებით დიდი, რადგან იდეაში, “წამკითხველები და თარჯიმნები” არიან. ამიტომ არსებობს კულტურაც.

ის, რასაც ჩაეჭიდა თანამედროვე ქართული კულტურა ფსიქოლოგიისა და კერძოდ, ფსიქოანალიზის სახით, დასავლეთში უკვე  80–იანი წლებიდან სულ უფრო მზარდი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა.  ახალი საუკუნის დასაწყისიდან კი  თავად ფსიქოანალიტიკოსების მხრიდან უკვე ხმამაღლა ითქვა, რომ ფსიქოანალიზი თავისი პირვანდელი შინაარსით მოძველებულია სამი ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით  იმ მიზეზით, რომ:

*მეცნიერულ დონეზე ფსიქოანალიზი ჩანაცვლდა ცნობიერების კოგნიტურ–ნეირობიოლოგიური მოდელით.

*ფსიქიატრიული კლინიკის დონეზე უპირატესობა მიეცა აბებით მკურნალობის მეთოდს და ბიჰევიორისტულ თერაპიას.

*სოციალურ ველში, თუ მხედველობაში მივიღებთ თანამედროვე ჰედონისტურ ღიაობებს, ფსიქოანალიზის იდეები დათრგუნული ლიბიდოს შესახებ დიდი ხანია აღარ მუშაობენ.

სწორედ ამიტომ  ფსიქოანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ 21–ე საუკუნეში დგება თანამედროვე  ფსიქოანალიზის  ახალი ერა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ახლებურად წავიკითხოთ სამყაროში მიმდინარე პროცესები. თუმცა, ეს იქნება მხოლოდ ინტერპრეტაცია, მაგრამ არა „მეცნიერული წამალი“.  ბიჰევიორისტულმა ბიოლოგიურმა დეტერმინიზმმა და ინფორმაციის დამუშავების (დასწავლის თეორია) პროპაგანდისტულმა მეთოდებმა  მსოფლიო დიდ  კულტურულ ჩიხში მოამწყვდია, რაც არა მხოლოდ „კულტურას“ (ვიწრო გაგებით) გულისხმობს, არამედ  ზოგადად, ადამიანის აზროვნებისა და მოღვაწეობის უკლებლივ ყველა სფეროს cultiver –ს (დამუშავება, განვითარება, განათლება).

 

შენიშვნები:

(1) მთრგმნელი: ალექსანდრე წურქავა. რედაქტორი: მაია ბარქაია. თარგმანი ქვეყნდება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC) “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო გარეკანზე: © Evonomics

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ