ლუკა ნახუცრიშვილი: წერილი გიორგი ღვინჯილიას

lukaავტორი: ლუკა ნახუცრიშვილი, ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე, ტიუბინგენისა (გერმანია) და პერპინიანის (საფრანგეთი) უნივერსიტეტების დოქტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი.

© European.ge

ჩემო გიორგი,

ალბათ ეს წერილი, შენი ნაწერების გარშემო შენიშვნების გაზიარების საშუალებაზე მეტად, საბაბია, კარგად ნაცნობი ადამიანის კონკრეტული ნააზრევის განხილვით განვავითარო საკუთარი მსჯელობა. მსჯელობა, რომელსაც, ბათუმის ამბების შემდეგ მაინც, ისედაც საბოლოოდ მოეკვეცა ყოველგვარი ლეგიტიმური პრეტენზია, რაღაც ერთიან საარსებო და საზოგადოებრივ სივრცეზე ილაპარაკოს განყენებული პოზიციიდან. ამიტომაც, შესაძლოა, მეტადაც უხდებოდეს (პირადი) წერილის ფორმატი.

ვისაც მიაჩნია, რომ ბათუმში დატრიალებული ძალადობით არსებული წესრიგი და მშვიდობიანი თანაცხოვრება დაირღვა, თვალს ხუჭავს იმ სინამდვილეზე, რომ დღევანდელ ვითარებაში არავითარი წესრიგი და თანაცხოვრება არ არსებობს და თუ არსებობს, მხოლოდ ხელკეტის ფასად. სულერთია, “აცნობიერებდნენ“ თუ არა ბათუმში იმ ღამით გამოსულები, რომ კერძო ან სახელმწიფო ქონებას ანადგურებდნენ და ქონდა თუ არა მათ პროტესტს “სოციალური შინაარსი“. რაც მოხდა, შიშველი დასტურია იმისა, რომ ის წესრიგი, ის შეთანხმება მშვიდობიან თანაარსებობაზე, რომლის შენარჩუნებაც ზოგისთვის ყველაფრის საძირკველია, სხვებისთვის ერთიანად ფეხქვეშ გათელვის ღირსია, როცა კი ამის ხელსაყრელი შემთხვევა ჩნდება. ჩაესვენა ასე საამაყო “მშვიდობიანი დემონსტრაციების“ კულტურა, ბოლო ათწლეულების მანძილზე აქციებზე “ერთი შუშაც“ კი რომ არ იმტვრეოდა, რადგან ბოლო მოეღო იმ ილუზიას, რომელიც “ვარდების რევოლუციის“ აქციების დროინდელ საერთო ეგზალტაციაში გამოსჭვიოდა – არსებული წესრიგის გარდაქმნით დაპირებული სიკეთეები ყველასთვის საერთო იქნებოდა. ჩვენს ვითარებაში სამართლებრიობისაკენ და მშვიდობისაკენ მოწოდება ამაო კონსერვატორულ ტავტოლოგიად რჩება და მას შეიძლება ისევ ალალად ხელკეტის ქება ჯობდეს, რადგან ხელკეტის მაქებარი ღიად ეძებს საყრდენს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაში არსებული წესრიგის შესანარჩუნებლად. ხსენებული კონსერვატორი კი ამ წესრიგის ძირეულ უსამართლობასა და უმართებულობას ახტება. ხოლო, მის შენარჩუნებას ასაღებს იმისსავე აუცილებელ წინაპირობად, რომ მის წინააღმდეგ აჯანყებულმა მისგან თავის დაღწევა შეძლოს.

ჩვენ კი ვიცით, რომ ის წესრიგი, რომელიც მართლაც თანაცხოვრების ტოლფასი იქნებოდა, ჯერაც შესაქმნელია. ამგვარად დასახული მომავალი დღესვე ითხოვს რადიკალურ ჩარევას – იმ მომავლისგან განსხვავებით, რომლის მისაღწევადაც ვითომდა მხოლოდ არსებული წესრიგის შენარჩუნება, დღევანდელი ხაზის გაგრძელებაა საჭირო, სინამდვილეში მხოლოდ დღევანდელის შენარჩუნებასა და გამარადიულებას რომ ემსახურება და ხშირად დღევანდელი უსამართლობის გასამართლებლად წარსულიდან საბჭოთა კავშირის საფრთხობელის მოშველიებაღა დარჩენია. არადა, თუ საბჭოთა კავშირზეა საუბარი, საკითხავია არა ის, ვინმე საბჭოთა კავშირში ხომ არ “გვაბრუნებს“ ანუ ეკონომიკურ და სამოქალაქო თავისუფლებას ხომ არ გვართმევს, არამედ არის თუ არა დღევანდელი მდგომარეობა ის, რისი გამოთავისუფლებაც დათქმული იყო საბჭოთა კავშირის ნელი გამოფიტვის პროცესში. წარსულის უარყოფითი გამოცდილება კატასტროფული აწმყოს ერთადერთ დადებით შინაარსად ქცეულა, მაგრამ როდესაც “ისტორიის გაკვეთილზე“ აპელირებენ, განა ნიშანდობლივი არ არის, რომ არც გასაბჭოებამდელი სამწლიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის “გაკვეთილის“ გახსენება სიამოვნებთ, რომლის კონსტიტუციაშიც შრომით უფლებებზე იმდენი წერია, რისი მეოთხედის გატანაც კი ლამის გმირობის ტოლფასი გამოდის დღევანდელი საკონსტიტუციო კომისიის პირობებში?

ხოლო, როდესაც ამ მეოთხედსაც კი იმ არგუმენტით ეწინააღმდეგებიან, რომ უბრალოდ კალკულატორის მომარჯვებაა საჭირო, რათა “მშრალმა ციფრებმა“ და “ელემენტარულმა მათემატიკამ” ჰაერში მფრენი სოციალისტი მიწაზე დააბრუნოს, ეგებ მართლაც მოვიმარჯვოთ კალკულატორი. რამეთუ, მას იგივე ნეიტრალური ციფრებით არა მარტო იმის გამოთვლა შეუძლია, თუ როგორი წარმოუდგენელია დღევანდელი ქართული სახელმწიფოსთვის დამატებითი სოციალური ვალდებულებების დაკისრება, არამედ იმისაც, თუ უკიდურეს შემთხვევაში რამდენის დათმობა მოუწევდა ფხიზელ “რეალისტს“, რათა შედარებითი სიმწირის ჟამს ყველასათვის საკმარისი იყოს. ამ მომენტში მისი რაციონალურობა, პრაგმატიზმი და “თავისუფალი აზროვნება“ დრკება და მათემატიკის გაღმერთება მათემატიკისავე თვითცენზურაში გადადის.

ის, თუ “ვის მხარეს ხარ შენ“, საბოლოოდ აქამდე მიდის: კი არ “დაიყვანება“ ვითომდა უფრო კომპლექსური შრიდან “ცარიელ“ სოციო-ეკონომიკურ ბაზისზე, არამედ უკიდურეს წერტილამდე გაიაზრება, ძირამდე გადაითვლება, აკრძალული მათემატიკური ზღვრის მიღმა. ამიტომაც, საეჭვოა ნებისმიერი “ინტელექტუალური“ პოზიცია, რომელიც თავის განაზრებებსა და დიაგნოზებში მისივე პერსპექტივის ნაწილად არ შემოიყვანს საკუთარ მიმხრობილობას – ან იმათკენ, ვინც ქვას ისროდა, ან იმათკენ, ვინც ნასროლ ქვაში საკუთარი თავი დაინახა სამიზნედ. საკითხავი რჩება, როგორ დაიკავო ამბოხებულ ჩაგრულთა მხარე ამ საზოგადოებრივი გახლეჩილობის პირობებში, თუ თან კრიტიკულ მეცნიერულ მსჯელობაზე გაქვს პრეტენზია, ე.ი. არსებული ვითარების იმგვარად აღწერაზე, რომ მისი გამართულობა და სიზუსტე თავის თავშივე მოიცავდეს აღწერილის გარდაქმნის დათქმას.

ისიც მოგვეხსენება, რაც არ უნდა გვინდოდეს ქვის მსროლელისკენ მიმხრობა, უკიდურესი სოლიდარობის გამოვლენისასაც კი, ძალაუნებურად იმ მხარეს დავრჩებით, რომლისკენაც ქვას ისროდნენ. ენობრივადაც რაგინდ ახლოს ვიდგეთ მათთან, აქა-იქ წამოცდენილი “ჟიჟეკი“, “ჰეგემონია“ და “კოგნიტიური პოლარიზაცია“ მაინც გაგვთქვამს. რაგინდ ქრისტიანული პათოსით, წმ. ფრანცისკე ასიზელივით დაუტევო ქონება და შიშველი გამოხვიდე ქალაქის კარიბჭესთან, ესეც მხოლოდ დონ კიხოტობა იქნება და არაფერს მოიტანს როგორც ინდივიდუალური ჟესტი. მაგრამ იმის სანაცვლოდ, რომ საბედისწერო გარდაუვალობად მივიჩნიოთ ეს საზოგადოებრივი უფსკრული, ჩვენ, რომლებიც ძალაუნებურად პოლიციის მხარეს ან მისი კორდონის უკან ვდგავართ, ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: როდესაც კორდონის გაღმა დარჩენილთ სამომავლო თანაცხოვრების თანამონაწილეებად და თანაგანმსაზღვრელებად მოვიაზრებთ, ისიც მოვიაზროთ, რომ ამგვარი მომავლის მიღწევა ჩვენივე პრივილეგიების დატევებაზე შეიძლება გადიოდეს. ის, რაც დღეს, როგორც ცალკე აღებული ქმედება, ცარიელი დონ კიხოტობა შეიძლება იყოს, სამომავლო ანგარიშით, ისე უნდა დაიწეროს, რომ მისი კილო წინასწარდათქმა იყოს უბატონო ყოფისა.

ყველაფერი, რაც აქამდე ვთქვი, შენც იცი და მეც ისევე მეხება, როგორც შენ და ჩვენს თანამოაზრეებს. რაც ახლა მსურს გითხრა, უფრო მეტად შენს მიერ გამომუშავებულ კრიტიკულ მეთოდს იმიტომ ეხება, რომ ვერც მე და ვერც ჩვენს თანამოაზრეებს ვერ მოგვიხელთებია მსგავსი რამ. რადგანაც ის საერთო საკუთრებასავით ძვირფასია, ამიტომაა მიზანშეწონილი მისი კიდევ უფრო მეტად დახვეწის საშუალებებზე მითითება. და ამ მხრივაც, რაც შენს ნაწერზე ითქმის, თავისთავად გულისხმობს იმ პრობლემებსა და ბარიერებს, რომლებიც ყველა დანარჩენს გვიდგას.

ბათუმზე შენი ბოლო გამოხმაურების ანდა დეკემბერში გამოქვეყნებული “კირუხის“ კითხვისას, ჩემ თავს ვეკითხებოდი, მაინც რატომაა, რომ სტეფანოვკასა თუ დაფნარის აღწერისას, საბოლოდ, ისევ ე. წ. სამოქალაქო საზოგადოებას ესაუბრები, მას ამუნათებ ეგოიზმისა თუ სიბრმავისათვის. რაოდენ მისასალმებელი და დღევანდელ ქართულ სივრცეში განუმეორებელიც არ უნდა იყოს შენი წარმატებული მცდელობა, ლამის ლიტერატურული აღწერის სიზუსტით გამოძერწო ცალკეული უბნის, სოფლისა თუ ქალაქისათვის დამახასიათებელი ჩაგვრის ადგილობრივი პრაქტიკების სურათი, ამ აღწერაში სამოქალაქო საზოგადოებისადმი მიმართული მოწოდებების შეზავება მიღწეულ ეფექტს ძალაუნებურად ასუსტებს. ყველაფერი, რაც თავად კრიტიკული აღწერის კონკრეტიკაში არ გაიწოვება, ამ მეთოდისთვის ზედმეტია. მის მიერვე ნაკარნახები “ჟანრის კანონების“ დაუცველობა საბოლოოდ მის პრაქტიკულ ღირებულებასვე ვნებს, როგორც გაბატონებულ საზოგადოებრივ სურათში კრიტიკული ინტერვენციისა. მეორე მხრივ, ლეგიტიმაცია ენიჭებათ მათვე, ვისაც ამუნათებ. შესაძლოა, შენ მათ მხარეს აღარ დგახარ, მაგრამ მაინც მათ გვერდით დგახარ და მეორე მხარისაკენ ახედებ.

ხსენებული ფორმის გასაშალაშინებლად გზის მითითება ისევ და ისევ იმ ავტორების ნაწერებს ძალუძთ, ვისგანაც ეს მიდგომა აითვისე. თუნდაც მარტო ზიგფრიდ კრაკაუერი ვახსენოთ, რომლის მინიატურებიც მთლიანად საკუთარი თავის გარშემო გრავიტირებს, სრულიად თვითკმარია აღწერაშიც და არგუმენტაციაშიც და მხოლოდ, ამ თვითკმარი სიცხადიდან გამომდინარე ეპატიჟება მკითხველს, დამოუკიდებლად გააკეთოს აღწერის მიერ მდუმარედ ნაგულისხმევი დასკვნები. ამ მეთოდს შთამბეჭდავს და მნიშვნელოვანს არ ხდის მარტო ის, რომ კარგად გაქვს ათვისებული. საერთოდაც საკითხავია, ხომ არ არის მსგავსი ფრაგმენტულობა, რომელიც ცოდნისა და დაკვირვების ნაგლეჯებს მინიატურად მოამრგვალებს, დღეს ერთადერთი ადეკვატური კრიტიკული საშუალება ჩვენნაირ აკადემიურ გარემოში, სადაც შენს მიერ გაშუქებული “პარალელური“ სივრცეების შესახებ სამეცნიერო ცოდნა, როგორც ემპირიული “მასალის“ შეგროვების, ისე თეორიული გააზრების კუთხით, უმწირესია. ამ მხრივ, ეს ფრაგმენტი, როგორც რაღაც მთლიანის ნამსხვრევი, ყოველთვის სამომავლო გამრთელების დაპირებაა – როცა არ ვნებდებით ცდუნებას, რომ ფრაგმენტად მომრგვალებისას შინაარსობრივი სიმრთელეც დავიჩემოთ.

თითქოს, საკუთარი მხარისგან განდგომას იმით ცდილობ, რომ პირველყოფილი შამანივით მიბაძო და შეეზარდო იმ საშიშ ძალებს, რომელთა მოთვინიერებასაც ლამობ. ამ შამანური ბაძვა-შელოცვის მეშვეობითაა, შენი ნაწერები იმ პარალელური სამყაროს ხმის გამტარად რომ იქცევა, რომელთანაც ჩვენს უმეტესობას არც მიესვლება. მაგრამ ამავდროულად, თვითონ ის ძალებიც სულ უფრო მეტად ემსგავსებიან შენს თავში მათ შესახებ არსებულ წარმოდგენებს. და შენც ძალაუნებურად ეზრდები და ვეღარ ემიჯნები მათ წიაღშივე ჩაბუდებულ ბატონობისა და ჩაგვრის ელემენტს, რომელიც მათ როგორც ჩაგრულთ, თავიანთ გარემოში, შესაძლოა, ერთადერთ თავშესაფრად შერჩენიათ: ქალის დამორჩილება.

“ბიჭების“ ჩივილი თავიანთი ქალების “გაბოზებაზე“ იმდენად მკაფიოდაა აღწერილი, თითქოს შენი ხმა საერთოდაც ქრება, როგორც კარგი რეალისტი მწერლის თხრობაში. არადა, აღწერილში შეზრდის ფასი ისაა, რომ აღარსად ჩნდება მინიმალური დისტანცია, რომლიდანაც მარტო თურქების ხელში აჭარელი ქალების “გაბოზება“ და ამის მიზეზები კი არ გაშუქდებოდა, არამედ ისიც, რომ მათი გამოხსნა ისევ მათ ჩვეულ, “მშობლიურ“ პატრიარქალურ ყოფაში ჩაბრუნებას არ უტოლდებოდეს. არ ვგულისხმობ, რომ მათ “მოვთხოვოთ“ ქალებზე ძალაუფლება დათმონ, ანდა საერთოდაც უახლეს თეორიებზე დაყრდნობით “ბოზობის“ სუბვერსიულ პოტენციალზე ვისაუბროთ, როდესაც ეს სრულ აცდენაშია ლოკალურ კონტექსტთან. აღწერა თვითკმარობასთან ერთად ისეთ ჰორიზონტსაც უნდა იტევდეს, რომელიც ქალების “გაბოზების“ აღწერაში მოუსპობდა ყოველგვარ ლეგიტიმაციას მათ დაბრუნებას მშობლიურ მჩაგვრელ კერასთან. მხოლოდ ამ ორმაგი უმართებულობის წარმოჩენით დაიტევს შენს მიერ აღწერილი სურათი იმას, რაც მართებულია: ქალებისთვის ისეთი ყოფა, რომლის წინაპირობასაც არც “უცხო“ გარემოში “გაბოზება“ იძლევა და არც “მშობლიური“ აჭარა. ასეთ “მშობლიურ” გარემოში ფესვების გადგმით კრიტიკა მხოლოდ მორალური ან მორალისტური თუ დარჩება, როცა ჩვენ ისეთი კრიტიკა გვესაჭიროება, რომელსაც უმალ ეთიკური შეიძლება ეწოდოს: წარმოაჩინო არსებობისა და თანაცხოვრების ისეთი განზომილება, რომლის ვერანაირ დადებით საყრდენსაც და საზომსაც, შესაძლოა, მოცემულ ვითარებაში ვერ ვპოულობდეთ. განა თუნდაც იმის ილუზია არსებობს, რომ არაპრივილეგირებულისთვის “პირობების შექმნა“ ავტომატურად მის “გამოსწორებას“ ნიშნავს? უბრალოდ, პირობების შექმნის გარეშე არავის ექნება უფლება, ვინმეს გამოუსწორებლობაზე ისაუბროს და “ბუნებისა“ და “მენტალიტეტისკენ“ გაიშვიროს ხელი. რომც იგივე მივიღოთ, რაც აქამდე იყო, იმის ბრალი კი არ იქნება, რომ უბრალოდ “ასეა“, არამედ იმისა, რომ რაც სრულიად სხვანაირად უნდა ყოფილიყო, ძალზედ დაგვიანდა.

ამდენად, შეიძლება შენს ბოლო ნაწერში თავად ქალთა საკითხი არც იყოს პირველხარისხოვანი და უფრო მეტად სწორედ მამაკაცების საარსებო გარემოში ტოტალურ მატერიალურ და ღირებულებით კრიზისზე ამახვილებდე ყურადღებას, რაც თავისთავად სრულიად გამართლებულია. მაგრამ, ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, ქალთა საკითხიც ერთგვარ სიმპტომად იქცევა იმ ყოვლისმომცველი პრობლემისა, რომ აღარ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა – აქამდე არსებული ყოფითი ფორმებისკენ, რომლებიც შოკურად დატეხილმა გლობალიზებულმა ეკონომიკურმა სისტემამ უიმედოდ დაასახიჩრა და რაც მოანგრია, ნანგრევებადვე დატოვა. ვერც საბჭოთა კავშირსა თუ აღმაშენებლის საქართველოში დავბრუნდებით; ხოლო, რაგინდ უკან მოტოვებული იყოს წარსული, არაფერი იძლევა იმის გარანტიას, რომ მომავალი მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელის უსასრულო კოშმარული წაგრძელება არ იქნება.

ნაწერისთვის ამგვარი თვალსაწიერის შეთვისების გარეშე, ძალაუნებურად, არამარტო ლეგიტიმურ თანამოსაუბრედ აღიარებული “პროგრესული“ სამოქ. საზოგადოების მოკავშირე ხდები, არამედ “ბიჭების“ რიგებში გამაგრებული “ტრადიციული“ მჩაგვრელი ბატონობისაც. თითქოს, ერთი ჩემი საყვარელი ავტორის თქმისა არ იყოს, ავტომატურად თანაზიარი ხდებოდე ნებისმიერი გაბატონებულისა, რომელსაც კი ოდესმე ვინმე დაუჩაგრავს. არადა წერა, და პირველ რიგში შენ მიერ ნაპოვნი ფორმა, შეიძლება იქცეს საერთოდ ბატონობისგან დაცლილი ჰორიზონტის გახსნის ადგილად, ძალაუფლების დათმობაში სავარჯიშო ასპარეზად. “ბიჭების“ მხარეს დგომა, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შენ მოგემხრობიან. მათ მხარეს დგომა მათი პოზიციის გაზიარებას არ უდრის. სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მისდამი მიმართვის გარეშე, შენი ნაწერი წითელი ნაჭერივით უნდა ფრიალებდეს შორიდან. დამრგვალებული ზღარბივით უნდა იყოს, რომელსაც ყოველი მიმართულებით თავისივე ხიჭვები იცავს: შეუვალი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მკაფიო დოკუმენტი შენი უადგილო დამოუკიდებლობისა. რამეთუ მოსჯილი გაქვს, არაფერი გაკავშირებდეს ჩაგრულებთან, როცა იღწვი, მჩაგვრელებთან კავშირისგან თავი გამოიბრძოლო.


აღნიშნული წერილი წარმოადგენს გამოხმაურებას გიორგი ღვინჯილიას ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილზე: “ბათუმი უთანასწორობის ქალაქი.”

ბათუმი: უთანასწორობის ქალაქი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ