ლისის ტბის საიდუმლო – ანუ მეთევზისა და ოთხი ჭორის ამბავი

xazara
► ავტორები: გიორგი ნამგალაძე, ზაქარია თავბერიძე

► პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორების სხვა ერთობლივი წერილები:

” მიშა – ჯოკერფეისი : ჰეროიკულობის პრედიკატი ქართულ პოლიტიკაში”
“ჩვენ, ელექტრონული კოლონიალიზმი და ინფორმაციული შიზოფრენია”
“ქართული კაპიტალიზმის ჰიბრიდები” 
“ისტორია, პროგრესი და ძალადობის სატირული სახიერება”

© European.ge

„პოლიტიკაში ის ხალხი გვჭირდება, ვინც დაბადების დღე მაკდონალდსში გადაიხადა“.

თემურ ჭყონია


*შენიშვნა: მათ ვისაც ლისზე ჯერ არ უსეირნია და სივრცეს კარგად არ იცნობს, ვურჩევთ, ტექსტის წაკითხვამდე სტატიის ბოლოში განთავსებულ ფოტოგალერეას გაეცნოს. 

„ლისის ტბა” 2018 წლის თბილისში ყველაზე ბურუსით მოცული სივრცეა. ის კიდევ უფრო მისტიკური გახდა მას შემდეგ, რაც მფლობელმა მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბის თავზე „თი-ბი-სი“ ბანკის მთავარი ოფისის მაკეტი წარმოადგინა[1]. მიუხედავად იმისა, რომ ოფისის „მწვანე კონცეფცია“ ე.წ. ბანკის „ურბანული კამპუსი“, შუშის გამჭვირვალე პროექტი იქნება, „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ: „ბაზისად აღებულია შატილის კომპლექსი, კარგად ცნობილი ქართული ხუროთმოძღვრების[2] ძეგლი“, სადაც ტრადიცია თანამედროვეობას ერწყმის. არქიტექტორი ფრანს ვან ვუორი კი დასძენს, რომ „თი-ბი-სი“-ს „აიკონურ“ სათაო ოფისზე მუშაობისას, მათ გაითვალისწინეს ისტორია, ბუნებრივი გარემო და განახლებადი ენერგიის სისტემები.

თუმცა, „ლისი-საიდუმლო“ მხოლოდ აქ არ იმალება. მან თავისი სივრცის დიზაინით უკვე არაერთი გონება მონუსხა, ზაფხულის „სეზონურობა“ დაძლია და ის, მთლიანი წლის ციკლის განმავლობაში სხვადასხვა ურბანული ტომების[3] საყვარელ დასასვენებელ სივრცედ აქცია. ლისის ერთგვარ მინიმალიზმში დამალული მრავალფეროვნება ვიზიტორებში ქცევის ახალი მოდელების წამახალისებელი ხდება. ამ სივრცის ჭორი ახერხებს, რომ იდენტობათა სიმრავლე და მათ შორის განსხვავება, თავისთავში უკონფლიქტოდ დაიტიოს. ამგვარად, ლისი საინტერესოა როგორც მედიალური სივრცე, რომელიც დღის განმავლობაში განსხვავებული, ხშირად კონფლიქტური დისკურსების წარმომადგენელ ადამიანთა დიდ მასას, მშვიდონიანად ასვენებს.

რა ქმნის ლისის უნიკალურობას?

ლისი თბილისის მერიის საკუთრებაში არ არის. მფლობელი მამუკა ხაზარაძის კომპანიაა. თუმცა, ლისი საჯარო სივრცეცაა, ერთგვარი ატრაქციონი, რომელიც სავსეა სერვისებითა და პროდუქტებით. ამასთან, ვიზიტორი მედიუმის მრავალფეროვნებაში რომ არ დაიკარგოს, მას შეუძლია ფერების ნავიგაციით იხელმძღვანელოს. ტბასთან განლაგებული ფერთა დაფების კორპუსი გვიჩვენებს, რომ მაგალითად ყვითელი ფეხით მოსიარულეთა ფერია, ხოლო ვარდისფერი – ველოსპედისტის კრუიზის გიდი.

 “Anybody who rides a bike is a friend of mine.”

თითოეული ფერი ვიზიტორს საოცრებათა სამყაროში გადაისვრის, ხოლო გზებზე განლაგებული „სივრცის ელემენტები“ ინტერპრეტაციის ისეთ ღია ველს ქმნიან, რომ იქ, კონსერვატორი თუ ლიბერალი, თავისი ამბის არტიკულირებისთვის საკმარის მასალას მიიღებს. ეს საშუალებას იძლევა, რომ ტრადიციონალისტი, ველო-ბაიკერი, მეთევზე, ბანკირი და ჯარისკაცი ლისმა მშვიდობიანად ასეირნოს. მედიუმის ფუნდამენტური სისტემა ერთი შეხედვით შემდეგი ფორმაციისაა:

ლისის ტბა შენარჩუნებულია როგორც ბუნება – ბუნებრივთან მაქსიმალურად დაახლოებული სივრცე. ამაზე მიუთითებს თუნდაც მის შიგნით არსებული „ველური“, ბამბუკებიანი ჭაობი და მის სიღრმეში ჩაძირული, კოროზია შეპარული სკეიდბორდები, რომელიც გარემოს თავდაპირველ მისტიკურობასა და ავთენტურობას ანიჭებს. თუმცა, იმისათვის, რომ ვიზიტორი არ შეშინდეს დაგებულია ბეტონის ბილიკი, იგივე „წრიული ვიტრინა“, რომელზეც 101 სანათი ბოძი დამონტაჟდა. შესაძლოა, აქ რიცხვი სიმბოლური მნიშვნელობით იტვირთება: 101 ბოძი 1001 ღამის შეკვეცილ ვერსიაზე უნდა მიუთითებდეს, რომელიც თავის მხრივ, წრიული სეირნობისას გამეორებულ პატერნზე, დინამიურობასა და ამბის უწყვეტობაზე მიანიშნებს (და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, მეზღაპრე 101 „სიზმარს“ მოყვებოდა თუ 1001-ს?). განათებული და მოვლილი ბილიკი ვიზიტორს უსაფრთხოების შეგრძნებას არგუნებს და თან ყოველდღიური რუტინიდან, რაღაც ახალ, აქამდე უცნობ ველში ამოგზაურებს, რომელიც ვიზიტორის კოგნიტურ რუკაზე არც აქაა და არც იქ, არამედ სადღაც შუაში: „აქა-იქ“. ამიტომაც, მოსეირნეთა საუბარში ხშირად გვხვდება ფრაზები: „თავი ევროპაში მგონია“, „თითქოს თბილისში არ ვარ“. ამ დროით-სივრცულ დიფუზიას მერიის დამონტაჟებული მანძილის აღმნიშვნელებიც ამყარებენ – საკმარისია „ვიტრინაზე“ 500 მეტრი გაიაროთ, რომ ნიშანი შეგახსენებთ: „[თქვენ იმყოფებით] თბილისი[დან] 500 მეტრ[შ]ი“.

რათა ქალაქის აურას კიდევ უფრო გასცდეს და ტბის ბუნებრივობა უფრო მეტად გამოიკვეთოს, „ვიტრინას“ გარშემო „უდაბური“ ტყე აკრავს. მიუხედავად იმისა, რომ ტყე ხაზარაძის საცხოვრებელ კომპლექსს – „ლისი ვერანდას“ უკავშირდება (ანუ ვერ დაიკარგები), ტყეში მოხატული დაკარგვის საწინააღმდეგო მანიშნებლები მიგვითითებენ, რომ ტყე „რეალური და საშიშია“, სადაც დაკარგვის ალბათობა დიდია. ტყე რომ გროტესკულად უდაბური გამოჩნდეს, მის გასწვრივ მფლობელმა ორი რიგი ხის მწკრივი დაამატა, რაც სულ მალე, დეკორაციულ ტყეს ნამდვილ „ჯუნგლებად“ გარდაქმნის.

ჟიჟეკის მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, ლისი უკოფეონო ყავაა, ბუნებრივი ტბის ურბანული სიმულაცია, სადაც ნეგატიური შიში, რომელსაც როგორც წესი ტბას მივაწერთ და ნამდვილ ტყეში არსებული ნამდვილი ტბების თანმდევი ატრიბუტია, აქ გაწმენდილი და გაფილტრულია. სიმშვიდეზე, შესასვლელში დადგმული გამაფრთხილებელი ნიშანიც მიუთითებს.

ის ამბობს:

„იყავით მშვიდად და დაიცავით სისუფთავე“.

ანუ, თავი იგრძენით უსაფრთხო ბუნებაში.

ვისაც არ უყვარს ან მობეზრდა კლუბები, ბარები და სარდაფები, და ვისთვისაც სუფთა, განათებული სივრცე სულ სხვა რამაა, სწორედ მისთვისაა ლისიც. ერთადერთი უკმაყოფილო ვიზიტორი მეთევზეა. რომელიც ამბობს:

(!) „ჟილკას იკლავ რა, თორე ეს რა თევზაობაა?! თევზაობა ასწორებს ბუნებაში“.

მეთევზისეული ტბის კრიტიკა სხვა ვიზიტორებში პოპულარული არაა. მისგან საპირისპიროდ, ფერადი ოჯახები ამტკიცებენ, რომ ისინი ნამდვილ ტბაზე სეირნობენ და ხშირად გაიგონებთ ლისის ბუნებრივობით აღტაცებულთა ხმებს:

(!) „ბავშვი ბუნებაში რომ გამოგვყავს მერე კარგად იძინებს“.

ცალსახაა, რომ მეთევზე და ფერადი მოქალაქე ურთიერთსაპირისპირო დებულებებს ამტკიცებენ, რაც ლისს მისტიკურ სივრცედ აქცევს. როგორ უნდა გავარკვიოთ ლისის ტბა ბუნბერივია თუ ყალბი? ბოლოს და ბოლოს, იბადება კითხვა, რას ნიშნავს „ლისი“?

ლისის პირველი ჭორი

„სიმშვიდე, მყუდროება, სუფთა ჰაერი. ერთი სიტყვით – სუფთა ჰარმონია“

რამაზ ჩარექიშვილი; ქირურგი; ლისი დიველოპმენტის სარეკლამო რგოლი

პირველი ჭორის მიხედვით, ლისი ნეიტრალური და ჰარმონიული საჯარო სივრცეა, რომელიც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ნაგულისხმები და პოზიტიური დისკურსის ნაწილია. პოსტ-ტრადიციული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ მარტოობასა და გაუცხოებას, ის ემოციური მთლიანობის განცდით ლახავს. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის გზით ხელს უწყობს მოქალაქეთა მშვიდ და უსაფრთხო დასვენებას. ობიექტი განათებული და დაკამერებულია. ასევე, სივრცე გენდერულად სენსიტიურია: ბავშვებს მამები ასეირნებენ, დედები როლიკებით ერთობიან, თუ მშობლები დაიღალნენ, იქვე ბავშვების გასართობი ცენტრებიცაა. თუ ბავშვს სივრცე კიდევ ვერ მოხიბლავს, კუთხეში 12D სკამები შეიძლება მონახოთ, სადაც ბავშვი კომპიუტერულ წარმოსახვითში გაერთობა. ამ სივრცეში კინოეკრანიცაა, სადაც ბავშვები და მშობლები მრავალგანზომილებიან ანიმაციებს ცხელ-ცხელი პოპკორნით ხელში უცქერენ.

ცხადია, ბავშვები არა მხოლოდ ბიოლოგიური ევოლუციის მონაწილეები არიან, არამედ ისინი ასევე გამოიყენებიან, როგორც საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მედიუმები და ნამდვილი ნათურები, რომლებსაც სინათლე შეაქვთ თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების მქონე მშობლების პოზიტიურ კომუნიკაციაში. ისინი, ამ ორს ერთმანეთს ახვედრებენ და საკუთარი თამაშით, არა მხოლოდ თვითონ ცნობიერდებიან (გადიან სოციალიზაციას), არამედ მშობლების რესოციალიზაციასაც ხელს უწყობენ. ასე რომ, აქ ბავშვი ნეგატიური კონტენტისგან დაწმენდილი მედიუმია. ის არღვევს ჩაკეტილი სივრცის ტაბუს და „უცხოსთან“ კონტაქტის პროვოცირება-სტიმულირებას ახდენს. ამიტომ, შეგვიძლია ველოსიპედისტის ზემოთხსენებული ალეგორია, ბავშვსზე, როგორც მედიუმზეც გამოვიყენოთ.

Anybody who has a child is a friend of mine[4].

ამგვარად, ლისი გაზიარებადი გამოცდილებებისთვის ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც სოლიდარობის ბირთვს ქმნის. რაც მთავარია, ეს უკონფლიქტობა და უცხოს ნაგულისხმები აღიარება, რაც ლისს გააჩნია, ლიბერალური კულტურის ისეთი ნიმუშია, რომელიც ტრადიციებსაც არ ეწინააღმდეგება. მაგალითად, ლისის ტბის სასტარტო წერტილზე თქვენ ნახავთ თბილისურ გოგირდის აბანოს, მისგან მოპირდაპირე მხარეს კი, მდებარეობს ინსტალაცია: „ფერადი იტალიური ეზო“[5]. ინსტალაცია აშკარად იტალიური ეზოს კოლექტიური ონკანის რეპრეზენტაციაა, საიდანაც წყალი ნამდვილად აღარ მოედინება, თუმცა, აბანოსთან შეხამებაში, ძველი თბილისური სივრცის აურას ქმნის. მისი ჭორი კი ამბობს:

„თბილისი არის ურთიერთობა“.

ლისის ეს მესიჯი სივრცის სიცოცხლისუნარიანობასა და პლურალურობაზე გონივრული მინიშნებაა, რომელიც „შინაურულ“ აურას აწარმოებს. როგორც ძველი თბილისი ითვლებოდა მრავალეროვნულ, პლურალურ და მშვიდიობიან გარემოდ, ასევე „ლისი-საიდუმლო“ ვიზიტორებისგან მსგავს ინტერპრეტაციას მოითხოვს. ანუ, ქმნის სივრცის პოზიტიურ, მრავალფეროვან, ეკო, ბიო იდენტობას.

როგორც ვნახეთ, სივრცის პირველი ჭორი ჰარმონიულ საჯარო სივრცეზე, ანუ უკონფლიქტო მედიუმზე გვიყვება, რაც მცირე ბიზნესებს – კაფე-ბარებს, სანაყინეებს, ჰოლივუდური „ვესტერნის“ სტილში მოწყობილ ტირს, 12D სკამებს, კატერებს – განვითარების საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს დასამქებას. თუმცა, შესაძლოა ეს ცრუ ჭორია და საქმე დაუნდობელი კაპიტალისტის მჩაგვრელი ხასიათის ჩანაფიქრთან გვაქვს.

ლისის მეორე ჭორი

მწვანე ქალაქში ჩემი დღე ვარჯიშით იწყება, აქ ოცნებები მისრულდება, მშვიდი გარემო მაახლოებს წარმოსახვასთან.

ლისი დეველოპმენტის სარეკლამო რგოლი

მეორე ჭორი ჩურჩულებს, რომ თურმე მამუკა ხაზარაძე საჯარო სივრცეების ექსპანსიას ახდენს. ქალაქის საერთო დასასვენებელი ადგილი კაპიტალისტის კერძო ეზოდ გადაიქცა, სადაც შეიძლება ერთ დღეს აღარც შეგვიშვან. მაგრამ იქვე იმასაც ამბობენ, რომ შესვლაზე უარს არავინ გვეტყვის, რადგან ლისი ხაზარაძის სარეკლამო ატრაქციონიაო, სადაც სატესტო 2017 წლის ბოლოს „თი-ბი-სი“ ბანკის სათაო ოფისის მშენებლობაც დაანონსდა. „ლისის“ საჯაროობა მხოლოდ პრივილეგირებულ ჯგუფებს თუ დაიტევს, რადგან მისი სამიზნე სწორედ გადამხდელუნარიანი მოსახლეობაა და არა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები.

პოზიტიური სივრცე, რომელიც თითქოს ჰარმონიულ „პლურალიზმის აფეთქებად“ აღიქმება, „რეალური შინაარსისგან“ დაცლილი სივრცეა. ის არა მარტო დეკადენტობის უსუსური მცდელობაა, არამედ – იმ ოცნებების გენერატორიც, რომელსაც მოგვიანებით „თი-ბი-სი“ ბანკი დაგიფინანსებთ. ეს მედიუმი მოჩვენებითი ბედნიერების სქემას გვთავაზობს, რაც მოსეირნე წყვილებს უბიძგებთ, რომ უკეთეს მომავალზე ერთად იოცნებონ. ბეტონის „ვიტრინაზე“ ერთი წრის შემორტყმაც საკმარისია, რომ 98 კალორია დაწვათ და გაფერადებული ლისით თავბრუდახვეულებს ევეროტურში მოგზაურობის, ან ბინის რემონტის, ან ბავშვის ველოსიპედის, ან ფერადი სამოსის შეძენის სურვილები აღგეძრათ. აქ „კარგი და უსაფრთხო გარემოა“, ნათელი გარემო, რომლის თავზეც სულ მალე დიდი ბანკი წამოიჭიმება და რომელიც „სტალკერივით“ თქვენი ოცნბების აღმასრულებელი გახდება. აღნიშნული ზონის რადიაციული სეიფიდან კრედიტების დარიგება დაიწყება.

ჭორის მიხედვით, ხაზარაძე ლისის „ბრენდინგს“ იმისთვის ეწევა, რათა უკეთესად გაყიდოს ის, რასაც აწარმოებს. ანუ დააგენერიროს ოცნებები, რომლებიც იქვე, გორაკზე დაფინანსდება. გაცემულმა კრედიტმა შეიძლება ლისი ვერანდაზე ბინაც კი გაყიდინოთ.

ამასთან, იმ დეკორაციული ხეების ნერგები, რომლებიც ტყის სიმბოლიზმის სიმულაციას ქმნიან, შეგიძლიათ გასასვლელში „ფერადი მანქანების“ მაღაზიაში შეიძინოთ. ამიტომაც, აღნიშნული ჭორი ამბობს, რომ ლისზე ყველაფერი იყიდება, ის ლიბერალური ეკონომიკის ბრუტალური ნიმუშია. ეს ერთის მხრივ საჯარო სივრცის ოკუპაციაა, მეორეს მხრივ, ოკუპანტის მხრიდან – ინდოქტრინაცია – ანუ, გვიყალბებს, გვაოცნებებს, და საკრედიტო რისკებთან გვაახლოებს. თუმცა, შესაძლოა საქმე სულ სხვაგვარადაა და მამუკა ხაზარაძე მემარცხენე პროექტია.

ლისის მესამე ჭორი

„ვხვდები როგორ მენატრება ადგილი, სადაც ყველა ნოტი სწორად ჟღერს და ყველა კოდი ამოხსნილია. ადგილი სადაც კვლავ ვპოულობ სიმშვიდეს და ნებისმიერი იდეა მზად არის ასაფრენად.“

ლისი დიველოპმენტის სარეკლამო რგოლი

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა თითქოს მემარცხენეებმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეს, მათი ოცნებები ვერ ასრულდა და მათ პირნათლად წააგეს ომი ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელთან. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ რადგანც მატერიალური, ობიექტურად კალკულაციური ომი მემარჯვენეებმა მოიგეს, მემარცხენეების ნაწილი პოსტმოდერნისტული გადახვევით, წარმოსახვითის დესტრუქციით უტევს მემარჯვენე ფორმებს, როგორც ობიექტურად გამარჯვებულ დისკურსს. ამ გზით პოსტმოდერნისტები დამარცხებული მემარცხენე რაინდები ხდებიან – პარტიზანი მებრძოლები (სტეფან ჰიქსი, 2004).

ლისის მესამე ჭორი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე სწორედ პოსტმოდერნული აზრის გაგრძელება, ანუ რადიკალი მემარცხენეა, რომელიც ცდილობს წარმოება და მოხმარება, იმ სიმულაციურობას დაუბრუნოს, რასაც მისი ძირები რეალურად მიეკუთვნება. ანუ, ეკონომიკის საფუძვლად აბსტრაქცია გამოაცხადოს და შეუტიოს მის ობიექტურობას, როგორც ცრუს, მატყუარას და საპნის ბუშტს, რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად გასკდება. ამიტომაც, საკუთარი ბანკის მთავარ „ოფისს“ მატრიცის მსგავს სიმულაციურ ტერიტორიაზე აშენებს, რომელიც ცხადყოფს ხაზარაძის ინტერესს, როგორც პოსტმოდერნული რაინდის სერიოზულ ბრძოლას საბანკო მაქინაციების წინააღმდეგ.

ხაზარაძე მოგებას ისევ სიმულაციაში აბრუნებს, ანუ მსხვერპლს „სიმბოლურს“ სწირავს (მაგ. არტარეა, ხელოვნება და ა.შ), რათა რაინდმა „შატილის ციხე“ შიგნიდან გატეხოს. დიახ, ეს ზუსტად ის თამაშია, რაც ეკონომიკის რელსებს ილუზიაზე აფუძნებს. როდესაც ლისი – როგორც სიმულაციური მედიუმი, უკოფეინო ყავა – შესამჩნევი გახდება, ხაზარაძე, როგორც 2000-იანი წლების ყველაზე რადიკალი მემარცხენე ისე გამოიკვეთება. მისი დამსახურება იქნება, რომ ეკონომიკა დაუბრუნდება თამაშის, მომნუსხველობისა და სიმბოლური გაცვლის პრინციპებს. ჭორი იმედოვნებს, რომ შესაძლოა სწორედ აქედან შეიქმნას სიმბოლური წესრიგის ახალი შესაძლებლობა – იქნებ მსგავსმა ინტერვენციამ დაძლიოს კაპიტალიზმის ლოგიკა და ის სრულ ილუზიაში გადაიტანოს, სადაც ვიზიტორები სიმულაციაში ჩართულობას გააცნობიერებენ და მემარცხენე რაინდის, ბანკის პარტიზანი მმართველის ოთახს „დაბლიდან“ ახედავენ, როგორც კაპიტალიზმის ორგანული ჰაკერის „კაბინეტს“, რომელმაც ფატალური სტრატეგია დაძლია და რევერსიული ეკონომიკის მაგალითი – საჩუქრებზე დაფუძნებული ეკონომიკა შემოგვთავაზა. ლისიც სხვა რა არის, თუ არა გულუხვი მემარცხენეს საჩუქარი პრეკარიატს. თუმცა, მეოთხე ჭორი ამ ვარაუდს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ხაზარაძეს ავანგარდისტ არტისტად მიიჩნევს, რომელიც „ჩუმად“ ხელოვნების შედევრებს ქმნის.

ლისის მეოთხე ჭორი

„სამყაროში ყველაფერია, რაც ადამიანს სჭირდება. ფორმები რომლებიც არასოდეს მეორდებიან; განცდები, ემოციები, ყველაფერი შენს ირგვილივაა. მთავარია დაინახო, გაარჩიო … გარე სამყარო მასალას გაძლევს“.

ოლეგ ტიმჩენკო; მხატვარი; ლისი დეველოპმენტის სარეკლამო რგოლი

ჭორის მიხედვით ხაზარაძე თანამედროვე არტისტია. „ლისი“ – როგორც საჯარო ინსტალაცია, „ურბანული სათამაშო მოედანი“, ხაზარაძის საუკეთესო ნამუშევარია და მას დამსახურებულ ადგილს მიაკუთვნებს ავანგარდისტ არტისტთა ლიგაში.

ხელოვნებაა ლისის სიმულაციური ხასიათი, საჯარო სივრცის ინსტალაციად გადაქცევა, სადაც ქმნადობის პროცესში მოქალაქეები პასიურები კი არა, აქტიური თანამონაწილეები არიან – ისინი ჩართულნი არიან კრეატიული „სივრცის კეთების“ პროცესში.

ლისი ალგორითმული ქორეოგრაფიაა. მან ცოტა ხნის წინ გაუკაცრიელებულ სივრცეში სხეულები შეასახლა. ვიზიტორები თავისი random მოძრაობებით ისეთივე დრამატურგიულ სცენებს დგამენ, როგორც სუფისტი მოცეკვავეები (ამის დასადასტურებლად შეგიძლიათ, ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს დრონი ააფრინოთ ჰაერში და დააკვირდეთ კამერიდან მიღებულ ვიზუალს). ამას ემატება ისიც, რომ მოქალაქეთა სპორტული სამოსი (ყვითელი, წითელი, გახუნებული ნარინჯისფერი, ღია მწვანე), სინქრონული მოძრაობისას უნიკალურ ფერთა გამას ქმნის, რაც კამერებზეც აღიბეჭდება და ციფრული ხელოვნებით დაინტერესებულ წარმომადგენელს საშუალებას აძლევს ჩანაწერების „ედითინგით“, მოძრაობებზე ლეიერული ფენების დადებით, აჩქარებით, ზუმითა და შენელებით, თუნდაც ფიროსმანის „მეთევზის“ ორგანზომილებიანი ვიდეო-ხატი ააწყოს. ნეიტრალურ ფერთა ავტომატურ ინსტალაციებს, ემატება ფუნქციური ფერების ინსტალაციებიც, რაც უკვე ხაზარაძის პირდაპირი განზრახვაა. ამის მაგალითია, ზემოთ ნახსენები მოხატული ნარჩენი, „იტალიური ეზო“, რომელიც ფერთა ძალაუფლებით ბეტონის გროვას ძეგლად გარდაქმნის.

აქვე გავიხსენოთ უკმაყოფილო მეთევზე, გაყალბებული ტბა, შიშისგან დაწმენდილი ჯუნგლები, 12D სკამებით საზღვაო და სამთო კურორტებზე მოგზაურობა, საცოც კედელზე წარმოსახვითი გამოწვევების დაძლევა და ტკბილი ბელგიური ვაფლი… ეს ყველაფერი სივრცეს სამუზოუმო ექპონანტად, ცოცხალ პერფორმანსად, რიტუალად, თანამედროვე „ფლეშ მობად“ აქცევს. მაესტროს კაბინეტიდან, ცოცხალი „კეჩი“ მოჩანს, რომელიც კოლექტიურობის, პლურალობის, მშვიდოიანობისა და ამავე დროს ინდივიდუალურობის ილუსტრაციაა.

თუ ხაზარაძის განზრახვა ხელოვანის მზერას ატარებდა და სივრცის მეოთხე ჭორი მართალია, მაშინ აუცილებელია, ინსტალაცია „ლისი“ „თი-ბი-სის“ ახალ კომპლექსში გათვალისწინებულ მუზეუმში გამოვფინოთ. თუმცა, რადგან ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და მუზეუმის სივრცითი შეზღუდულობა აღნიშნულის შესაძლებლობებს აუქმებს, მაშინ, სანაცვლოდ მისი მაკეტის დამზადება მოგვიწევს. ან და შემოთავაზების შემთხვევაში, მზად ვართ, აღნიშნუილი ტექსტი, როგორც არტისტისა და მისი ნამუშევრის კონცეფცია, სათანადო პრინტითა და ძვირფასი ჩარჩოთი, მაკეტს თან დავურთოთ და ის „თი-ბი-სი“ მუზეუმს შევწიროთ.

შენიშვნები: 

[1] აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე, არაერთი ჟურნალისტური საგამოძიებო სტატია მომზადდა, სადაც ისმებოდა კითხვები, თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში.

[2] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტორნულ ვებგვერდზე, ხუროთმოძღვრება განმარ,ტებულია, როგორც „შენობის, ნაგებობის და მათი კომპლექსების მშენებლობის ხელოვნება: არქიტექტურული კომპოზიციის ხასიათი, ნაგებობის მხატვრული სახე“.

[3] ურბანული ტომები – ესაა ქალაქში მაცხოვრებელი მიკრო ჯგუფები, რომლებსაც საერთო ინტერესები, სამყაროს მსგავსი ხედვა, სტილი/ფორმა და მსგავსი ქცევის პატერნები გააჩნიათ (M. Maffesoli; 1988).

[4] იგივე შეგვიძლია ვთქვათ ძაღლებზე, კატებზე და სხვა შინაურ ცხოველებზეც.

[5] “ფერადი იტალიური ეზო“ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია, რომელიც აქტუალური ხელოვნების ყველა მოთხოვნას აკმაყოლილებს, როგორც „ფენომენი“. თუ კულტურის სამინისტროს ის აღრიცხვაზე ჯერ არ აუყვანია, ვთხოვთ, ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ ნამუშევარზე.

ფოტოგალერეა:

  1. საკადასტრო კოდი – ტბა1 Tba
  2. ლისის კომპლექსიტბა2

 3. შატილის კომპლექსი

shatili 1
4. ლისის კომპლექსი 

Shatili 2

5. შატილის კომპლესი
სჰატილი 2

6. ლისი კომპლექსი 

23
7. შატილის კომპლექსი
სჰატილი 2

8. აქ იქნება შატილი”

shatili7
9. ველური ლისი 

ლისი 4

lisi5

lisi 7

lisi9

ლისი 10

27781303_10204080476087914_1468571633_n

11. ბედნიერი ოჯახი
27720564_10204080477127940_1467644117_n

27781900_10204080477407947_951661216_n

10. წრიული ვიტრინა 

27781066_10204080476767931_1659439157_n

27783375_10204080476807932_1123313356_n

12. ვესტერნი 

27849038_10204080478087964_2131051341_n

27781268_10204080478207967_1640608576_n

13. თევზაობა ნებადართულია

27781647_10204080478367971_712787067_n

14. უკმაყოფილო მეთევზე

27848355_10204080478727980_1970532512_n

27781117_10204080479287994_1371958445_n

15. ფერადი იტალიური ეზო 

27720724_10204080479808007_338896769_n

27781292_10204080480248018_1243904705_n

27781738_10204080480048013_433750704_n

16. ფერადი მანქანების მაღაზია

27849634_10204080480728030_1496650011_n

27848907_10204080480888034_1569967657_n

17. ფერთა გამა 

27783205_10204080481368046_423704388_n

27781193_10204080481448048_1398170587_n

18. წარმოსახვითი დაბრკოლებები

27721315_10204080481608052_1878694138_n

19. ვისაც ველო ყავს, ყველა ჩემი მეგობარია

27721373_10204080481728055_1625529914_n

20. თბილისიდან 500 მეტრში

27781723_10204080482568076_604254685_n

21. ტკბილი ბელგიური ვაფლი 

27720883_10204080482728080_1050731146_n

27938903_10204080482928085_1644241587_n

22.საცოცი კინოეკრანი 

27721455_10204080483648103_1384366244_n

23. სიმშვიდე მოიმშვილდე

27720935_10204080484008112_1517633615_n

24. პლურალური კრიშნამურტი

27783330_10204080484088114_1309855420_n

27848341_10204080484488124_945779949_n

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ