დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია და მათი საფრთხეები

ავტორი: ლია კვირკველია, ფილოლოგი.

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

***

დღევანდელ სამყაროში დემოკრატია, როგორც საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა, თავის განვითარების რთულ პერიოდშია. საერთაშორისო კვლევებმა ცხადყო, რომ დემოკრატიული მართვის მიმართ სკეპტიციზმმა და შედეგებით უკმაყოფილებამ გლობალური მასშტაბი მიიღო.

ეს პრობლემები უმეტესწილად განპირობებულია გლობალიზაციური ტენდენციებით. მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური სამრეწველო და ფინანსური კორპორაციები ერთიანობაში ქმნიან ერთგვარ ზენაციონალური მართვის არაფორმალურ და ფართოდ გავრცელებულ სისტემას, რომელიც არეგულირებს მსოფლიოში კაპიტალის, საქონლის, მომსახურების, მუშახელის, პროდუქტებისა და კულტურის ბრუნვას და საბოლოო ჯამში ზღუდავს ნაციონალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.

ცალკეულ ქვეყნებში, ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას, სულ უფრო და უფრო ხშირად, არა მოქალაქეების ნება, არამედ გლობალიზაციის იმპერატივები და საერთაშორისო ვალდებულებები თამაშობენ მთავარ როლს. როგორც ავტორიტეტული დასავლელი პოლიტოლოგები აცხადებენ, მნიშვნელოვანი გადახრა, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე დემოკრატიების ფუნქციონირებას, მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული ხელისუფლება დამოკიდებული ხდება არადემოკრატიულ საერთაშორიო სისიტემებზე და კარგავს სუვერენობას.

ცხადია, ამის მიზეზი არ არის მარტო გლობალიზაციის ტენდენციები, ანუ  გარედან მომავალი საფრთხეები. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. გლობალიზებული სამყაროს თითქმის ყველა ნაციონალურ სახელმწიფოში შეინიშნება დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება. ქვეყნების მმართველი ელიტა იცვლება იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს გააჩნიათ. ისინი სულ უფრო და უფრო კარგავენ კავშირს საკუთარ ნაციონალურ ნიადაგთან და ცხადად უჭერენ მხარს ახალ რეალობას. არჩევნები ხშირად უბრალო ფორმალობას წარმოადგენს. ქვეყნის მმართველობის ასეთი სტილი მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას იწვევს.

იმისათვის რომ გავერკვეთ მიმდინარე პროცესებში, ვიცოდეთ საით ვიაროთ და რა საფრთხეები შეიძლება გველოდეს, უნდა გავიხსენოთ რას ნიშნავს დემოკრატია და ლიბერალიზმი, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ,,ლიბერალურ  დემოკრატიაზე”, რადგან ეს არის ის წყობა, რომელიც თითქმის ყველა მოწინავე ქვეყანაშია გავრცელებული.

“დემოკრატია ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას”. ხალხის მიერ მართული ქვეყანა პირველად ძველ საბერძნეთში, ჩვენს ერამდე VI-IV საუკუნეებში გაჩნდა.  ბერძნებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციის განვითარებაში, განსაკუთრებული მიღწევები მათ სამ ძირითად სფეროში ჰქონდათ :

1) ქალაქის ცხოვრების ორგანიზება, მისი კეთილმოწყობის მაღალი დონით, რაც ცივილიზებული არსებობის მნიშვნელოვანი პირობაა;

2) სახელმწიფო მოწყობის ყველაზე უფრო პროგრესული ფორმის – დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება;

3) შესანიშნავი კულტურის შექმნა.

მათი შემოქმედების ცენტრში, როგორც საუკეთესო ადამიანური თვისებების მატარებელი – იდგა მოქალაქე, არა არისტოკრატი, რომელმაც სპეციალური განათლება მიიღო, არამედ საერთოდ მოქალაქე, მისი ქონებრივი მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად. ბერძნული დემოკრატიის სუბიექტი იყო “ერი”, განუყოფელი, ერთიანი და ინდივიდუალური, რომელიც ისტორიულად ეფუძნებოდა კულტურის, რელიგიისა და ეთიკის იმ ტრადიციებს, რომელიც დამახასიათებელია ამ რეგიონისა და ტერიტორიისათვის. ისინი ასახელებენ ჭეშმარიტი დემოკრატიისათვის აუცილებელ სამ ტერმინს:

1) იზონომია- კანონის წინაშე თანასწორობა;

2) იზოტომია- თანაბარი სამართალი, რათა ამუშავდეს ნებისმიერი ფუნქცია ყველა მოქალაქისათვის;

3) იზოგერია- სიტყვის თავისუფლება.

ეს პრინციპები განსაზღვრავდნენ “პირდაპირ დემოკრატიას”, სადაც ყველა მოქალაქეს უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ასამბლეაში. ბერძნები თვითონ მართავდნენ ქვეყანას და არ ირჩევდნენ წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ ემართათ ისინი, რადგან თვლიდნენ: ნამდვილი ‘სახალხო წყობა” ეს ისეთი წყობაა, რომელშიც მონაწილეობას იღებს მთელი ერი და არა რომელიმე “უმრავლესობა”. მართვის ფუნქციებს ასრულებდნენ დროებით დანიშნული პირები. ასეთი შემსრულებელი ნებისმიერი ადამიანი შეიძლებოდა გამხდარიყო 30 წლის მიღწევის შემდეგ, თუმცა სახაზინო და სამხედრო საქმეებს მხოლოდ ხანდაზმულები განაგებდნენ. დემოსს, ანუ ხალხს, შეეძლო უშუალოდ ჩართულიყო რაიმე დავალების შესრულებაში, რაც სრულიად წარმოუდგენელია წარმომადგენლობითი, ანუ დღეს არსებული დემოკრატიისათვის. თანამდებობის მიღებისათვის ადამიანს უნდა ჰქონოდა დამსახურება საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, ყოფილიყო მაღალი ფასეულობების მატარებელი, ამის განსაზღვრისათვის  კი პირადი ნაცნობობა და ავტორიტეტული რეკომენდაცია გადამწყვეტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ათენის გამოჩენილი ფილოსოფოსები არა თუ არ იზიარებდნენ დემოკრატიულ ფასეულობებს, არამედ მისი მოწინააღმდეგენიც კი იყვნენ. დემოკრატიის ჩამოყალიბებას თან სდევდა დემოკრატიული და არადემოკრატიული თვალსაზრისების მკვეთრი დაპირისპირება, რამაც შვა და განავითარა ჭეშმარიტების მაძიებელი ბერძნული ფილოსოფია.

ძვ. ბერძნული დემოკრატია თავისი ეპოქის დამახასიათებელ თვისებებს ატარებდა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობდნენ მონები და ქალები. ეს იყო მხოლოდ თავისუფალი მამაკაცების დემოკრატია.

ბერძნებისათვის ქალაქი ნიშნავდა სახელმწიფოს. მათ ვერ შეძლეს გაფართოება და ერთიანი ქვეყნის შექმნა. იმ პერიოდისათვის, იმ გარემოცვაში შეუძლებელი იყო დემოკრატიის არსებობა ხანგრძლივი ყოფილიყო, მაგრამ მათ დაგვიტოვეს ქვეყნის სამართლიანი მართვის უნიკალური გამოცდილება.

დღეს მსოფლიოში ქვეყნები იყოფიან თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ სახელმწიფოებად. ითვლება, რომ თავისუფალ ქვეყნებში მართვის დემოკრატიული ფორმებია.

თანამედროვე დემოკრატიების წარმოქმნა განაპირობა ლიბერალიზმის იდეებმა. ტერმინი “ლიბერალიზმი” ლათინური “ლიბერტასისაგან” ანუ თავისუფლებისაგან იშვა. ლიბერალური აზრი თავისუფლებას ანიჭებს არა ერს, საზოგადოებას, სოციალურ ჯგუფს, ან სახელმწიფოს, არამედ პიროვნებას, ინდივიდს. საბოლოო ჯამში ლიბერალიზმის იდეოლოგია სუფთა ინდივიდუალიზმის იდეოლოგიას ემთხვევა, ანუ საზოგადოებრივი მოწყობის უმაღლეს ინსტანციად აღიარებულია “ინდივიდუუმი”, მისი ინტერესები, მისი უფლებები და კეთილდღეობა. საგულისხმოა, რომ ლიბერალური იდეის თანახმად ინდივიდი განიხილება, როგორც დამოუკიდებელი, პირველადი, ფუძემდებელი, რომელიც არ არის არც ისტორიული, არც სოციალური, არც რელიგიური მახასიათებლებით შეზღუდული. “ადამიანი”, “ინდივიდუუმი” ლიბერალიზმში არის სრულიად საპირისპირო ძველი ბერძნული გაგებით “მოქალაქისა”.

ლიბერალიზმის სამშობლო ინგლისია, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ინგლისელებმა შეძლეს მონარქის ძალაუფლების შეზღუდვა. ინგლისური სახელმწიფოს ლიბერალიზაციის საწყის პუნქტად ითვლება 1215 წ, როცა მათ თანამედროვე კონსტიტუციის პირველი წინაპარი – თვისუფლების დიდი ქარტია მიიღეს (Mაგნა ჩჰარტა Lიბერტატუმ). ეს ქარტია შორს იყო დემოკრატიისაგან და ზღუდავდა მონარქის უფლებებს არისტოკრატიის სასარგებლოდ, მაგრამ მასში მოქალაქეს ენიჭებოდა პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება – “არც ერთი თავისუფალი ადამიანი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული, არ შეიძლება ჩამოართვან კერძო საკუთრება, დაამცირონ, განდევნონ ან დასაჯონ რაიმე სახით, კანონის დაცვის გარეშე”.

უკვე XIV საუკუნეში ინგლისში არსებობდა პარლამენტი, რომელმაც 1689 წელს საბოლოოდ მიიღო კანონშემოქმედების უფლება.

ინდივიდუალიზმის ეპოქაში, ანუ XVIII – XIX საუკუნეების მიჯნაზე, შეიქმნა წარმომადგენლობითი დემოკრატიის თეორია. ჩაითვალა, რომ ძვ. ბერძნული დემოკრატიის მთავარი პრინციპის ცხოვრებაში გატარება, ანუ პირდაპირი დემოკრატია, როცა ყოველი ინდივიდი მონაწილეობს ქვეყნის მართვასა და სამართალში – განუხორციელებელია და ამიტომ საჭიროდ ჩაითვალა მისი რეფორმირება. რეფორმამ კი მოიტანა წარმომადგენლობითი სისტემა, მისი პერიოდულობა და ხელისუფლების გადანაწილება.

XIX საუკუნის შუა წლებამდე ლიბერალიზმი და დემოკრატია ერთმანეთს უპირისპირდებოდა. ლიბერალებისათვის საზოგადოების საფუძველს წარმოადგენდა ადამიანი, რომელიც ფლობს საკუთრებას და საჭიროებს მის დაცვას, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებებსა და თვითგადარჩენას შორის არჩევანი. იგულისხმებოდა, რომ მხოლოდ საკუთრების მფლობელები მონაწილეობენ საზოგდოებრივ შეთანხმებებში, რომლითაც ისინი უფლებას აძლევენ ხელისუფლებას განახორციელოს მართვა მათი უფლებების დაცვის სანაცვლოდ.

დემოკრატების თვალსაზრისით, ჩამოართვა ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და შესაძლებლობა კანონშემოქმედებით პროცესში წარმოადგინოს თავისი ინტერესები – ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმაა. ლიბერალები კი თვლიდნენ, რომ დაბალი ფენების დიქტატი საშიშროებას წარმოადგენდა კერძო საკუთრებისა და პიროვნების თავისუფლების გარანტიისათვის.

1848 წლის საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონ III სამხედრო გადატრიალების შემდეგ ლიბერალებმა აღიარეს დემოკრატიზაციის აუცილებლობა. ცხადი გახდა, რომ საზოგდოებრივ შეთანხმებაში ფართო მასების მონაწილეობის გარეშე ლიბერალური რეჟიმი არამდგრადია.

დემოკრატიის ისტორიაში განსაკუთრებული როლი ითამაშა 1905 წლის რუსეთის რევოლუციამ. აქ მოხდა დუმის, ანუ პარლამენტის და საბჭოების დაპირისპირება. გამოჩნდა დემოკრატიის ახალი სუბიექტი – აჯანყებულ მუშათა საბჭო.  ამ რევოლუციამ ცხადი გახადა რომ საჭიროა სოციალური უთანხმოების მოწესრიგება და შესაძლებლობების გათანაბრება.

მე- 20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ღია საზოგადოება, კანონის უზენაესობა, უფლებებისა და ლიბერალური თავისუფლებების დაცვა გახდა პრიორიტეტი ქვეყნებში, რომლებიც ფაშისტურ და კომუნისტურ იდეოლოგიებს ებრძოდნენ.

თანამედროვე ლიბერალიზმის მიზანია ადამიანების მატერიალური კეთილდღეობა. იგი არ ეხება მათ შინაგან, სულიერ და მეტაფიზიკურ მოთხოვნებს. ის არ პირდება ბედნიერებას, მთავარია იმ სურვილების დაკმაყოფილება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მატერიალურ სამყაროსთან ურთიერთქმედებაში. ლიბერალები თვლიან, რომ საზოგადოებაში, რომელიც შრომის განაწილებას ეფუძნება, ადამიანთა თანამშრომლობის ერთადერთი ქმედითი და ეფექტური სისტემაა წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება. ლიბერალიზმის ყველა მოთხოვნა ამ ფუნდამენტური მოთხოვნიდან გამომდინარეობს.

ლიბერალიზმმა პირველად სოციალური აზროვნების ისტორიაში შეძლო ინდივიდისა და საზოგადოების განცალკევება, გამოყო ორი ავტონომიური სფერო – სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება, კონსტიტუციურად და ინსტიტუციონალურად განსაზღვრა სახელმწიფოს უფლებამოსილება და მისი ურთიერთქმედება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პიროვნებასთან. დაიცვა უმცირესობის ავტონომია და უფლებები უმრავლესობასთან მიმართებაში, ყველა მოქალაქეს მიანიჭა თანაბარი უფლებები  და პიროვნება პოლიტიკური სისტემის მთავარ ელემენტად გამოაცხადა.

ლიბერალიზმის კრიტიკოსები თვლიან, რომ მისთვის უცხოა ყველანაირი ნაციონალური და სოციალური სიმპათიები, თავის ისტორიულ განვითარებაში იგი ექსპლოატაციას უწევდა ნაციონალურ, სოციალურ და დემოკრატიულ ტენდენციებს და არასოდეს გაიგივებულა მათთან, პირიქით, იდეოლოგიურად ანგრევდა მათ შინაგან წყობას. სუფთა სახით ლიბერალიზმის გამოვლენას ხელს უშლიდნენ ყველა ტრადიციული პოლიტიკურ-სოციალური ორგანიზმები – სახელმწიფოები, ერები, სოციალური კლასები. თავისუფალი, პლანეტარული ბაზრის შექმნის ნიჰილისტური პროექტის განხორციელება გულისხმობს, რომ მასში მოქმედი ინდივიდები, თანდათან დაკარგავენ ნაციონალურ, სოციალურ და პოლიტიკურ განსხვავებებს, რაც გამოიწვევს ტრადიციული სტრუქტურების დაშლას, ადამიანები და ცხოვრებაც ერთფეროვანი გახდება, ეს კი საბოლოოდ კულტურას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

ასე რომ, ლიბერლიზმი განსხვავდება დემოკრატიისაგან ისტორიულად, კონცეპტუალურად, პოლიტიკურად, ფილოსოფიურად  და ეკონომიკურად. დემოკრატიული თვალსაზრისით ცენტრში დგას “დემოსი”, ანუ ხალხი, იგი უპირველეს ყოვლისა, ზრუნავს პოლიტიკურ სფეროზე, “ძალაუფლებაზე”, ერთობის პირდაპირ მართვაზე, იგი ტრადიციული საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის ფორმაა, რომელშიც მთავარია სახელმწიფო, მისი კულტურა და კეთილდღეობა.

ლიბერალიზმისათვის მთავარია ინდივიდი და მისი მოთხოვნები. იგი ზრუნავს ეკონომიკურ სფეროზე, ცაკეული პირების ეკონომიკური და სავაჭრო თავისუფლების უზრუნველყოფაზე.

ლიბერალიზმი–ახალი ეკონიმიკურ – ფილოსოფიური დოქტრინაა, რომელიც ეფუძნება ტრადიციული კულტურის სრულ უარყოფას და ესწრაფვის გაანადგუროს ყველა ორგანული საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც ხალხებისა და სახელმწიფოების პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიას მიეკუთვნება.

დროთა განმავლობაში ლიბერალიზმი და დემოკრატია მჭიდრო კავშირში აღმოჩნდნენ. ჯერ კიდევ 1835 წელს გამოქვეყნდა ალექსის დე ტოკვილის ნაშრომი “დემოკრატია ამერიკაში”. მან დაასაბუთა, რომ შესაძლებელია შეიქმნას საზოგადოება, რომელშიც პირადი თავისუფლება და კერძო საკუთრება იარსებებს დემოკრატიასთან ერთად. ამ მოდელს დაერქვა ,,ლიბერალური დემოკრატია” და მისი ავტორის აზრით ადამიანების შესაძლებლობების გათანაბრება მათ წარმატებას მოუტანდა, ხოლო სერიოზულ საფრთხეს მათთვის წარმოადგენდა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში და სამოქალაქო თავისუფლების ხელყოფა მის მიერ.       ლიბერალური დემოკრატია როგორც პოლიტიკური წყობა დამკვიდრდა მთელ რიგ ქვეყნებში.

საზოგადოებრივი ურთიერთობები იმ შემთხვევაშია ლიბერალური შინაარსის მატარებელი თუ სახელმწიფოში მოქმედებს სისტემა,  რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფლებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვას. გარდა ამისა არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფო იყოს დისტანცირებული, ანუ არ ახდენდეს ძალის დემონსტრირებას საკუთარი მოქალაქეების დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად. სისტემის საფუძველს წარმოადგენს საბაზრო ურთიერთობებზე  ორგანიზებული ეკონომიკა, რომლის მამოძრავებელი ძალა კერძო მესაკუთრეა.

ლიბერალიზმი შეუთავსებელია შეუზღუდავ დემოკრატიასა და სხვა სახის შეუზღუდავ მმართველობასთან. ლიბერალური პრინციპების ცხოვრებაში გატარებას მივყევართ დემოკრატიამდე, მაგრამ აუცილებელია ამ ორ იდეოლოგიას შორის შენარჩუნებული იქნას წონასწორობა, რადგან თუ დემოკრატიული  უმრავლესობა თავის მომხრეებს განსაკუთრებულ, სხვა მოქალაქისათვის მიუწვდომელ უპირატესობას და პრივილეგიებს ანიჭებს ირღვევა ლიბერალური პრინციპები. ამის თავიდან ასაცილებლად  იქმნება მექანიზმი, მაგალითად წარმომადგენლობითი კრება, პარლამენტი, რომელიც მხოლოდ კანონების მიღების ფუნქციითაა აღჭურვილი. ასეთი ორგანო  იმ შემთხვევაშია ეფექტური თუ მის მართვაში სახელმწიფო არ ერევა. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია რომ დემოკრატიული უმრავლესობა იხელმძღვანელებს საერთო პრინციპებით, როცა არ არსებობს მათი თვითნებობის შემაკავებელი არანაირი კანონი.

უმეტეს შემთხვევაში არჩევნებში გამარჯვებული უმრავლესობა სხვადასხვა ორგანიზებული ინტერესების კოალიციისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს პრივილეგიებს ანიჭებენ, ეს მათთვის მომავალ არჩევნებში გამარჯვების ერთგვარი გარანტიაა.

თუ ხელისუფლება  დაკავებულია ისეთი პრობლემების გადაწყვეტით, რომელშიც უმრავლესობა არ არის ჩართული, ძალაუფლება ნელ – ნელა გადადის ბიუროკრატიული აპარატის ხელში, რაც სულ უფრო და უფრო  ნაკლებად ხელმისაწვდომია დემოკრატიული კონტროლისათვის. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ცუდი ხელისუფალისათვის ყველაზე საშიში პერიოდია, როცა ის იწყებს რეფორმებს, რადგან პარალელურად იგი პოლიტიკურ – რეპრესიულ ზომებსაც მიმართავს.

გარდა ამისა რეგულირებული ეკონომიკის ის სახეობა, რომლისკენაც იხრება დემოკრატია, ეფექტურია მხოლოდ ავტორიტარული მმართველობისას, ამიტომაა რომ დემოკრატია ხშირად ავტორიტარიზმად იქცევა ხოლმე.

ცხოვრებამ გვიჩვენა რომ, დროთა განმავლობაში, ძლიერი დემოკრატიული ხელისუფლება ზღუდავს ლიბერალიზმს, მაგრამ ლიბერალური პრინციპების გარეშე დემოკრატია თავის თავს დიდხანს ვერ ინარჩუნებს.        თავის მხრივ, თუ ლიბერალიზმი უარს ამბობს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ანუ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს, ეთნიკური ჯგუფების, მოქალაქეთა ინტერესებს და მსხვილი ბიზნესის სამსახურში დგება,იგი შეიძლება ტოტალიტარიზმად იქცეს.

ჭეშმარიტი ლიბერალიზმი საზოგადოების ყველა ჯგუფს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს    პოლიტიკურ ცხოვრებაში და    გავლენა მოახდინოს მასზე. მაგრამ თუ მას არ გააწონასწორებს ჯანმრთელი დემოკრატია, სერიოზულ გადახრებს ვერ გავექცევით.

რაც უფრო უზრუნველყოფილია თანაბარი პირობები  ისეთ საკითხებში, როგორიცაა პარტიული დაფინანსება, და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წვდომა, მით მეტია დემოკრატია. თუ მატულობს ლიბერალური პოლიტიკანობა, თუ ხელისუფლება მხოლოდ ბიზნეს სექტორს ემსახურება, ჩნდება უმცირესობა, რომელსაც განუსაზღვრელი მატერიალური უპირატესობა გააჩნია, ანუ ყალიბდება ახალი პრივილეგირებული კლასი, ხოლო  დემოკრატია ატროფირდება. გაზრდილი უთანასწორობის ფონზე, უფრო სუსტდება და  უძლური ხდება თვით ლიბერალიზმი,  რადგან ეს მდგომარეობა დათრგუნულ საზოგადოებას აღაშფოთებს და ადრე თუ გვიან ამბოხს გამოიწვევს.

დავუბრუნდეთ ისტორიას, რათა გავერკვეთ როგორ განვითარდა ლიბერალური დემოკრატია დასავლეთში და რა სახე მიიღო მან დღეს.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, აშშ ერთ-ერთი კაპიტალისტური ქვეყანა იყო, რომელიც  სხვებისგან არ გამოირჩეოდა სიმძლავრით, მაგრამ ხუთ წელიწადში, ომის დამთავრების შემდეგ, იგი უკვე მოგვევლინა, როგორც უძლიერესი სახელმწიფო, რომელმაც შეძლო ეტვირთა ევროპის გადარჩენის მისია. რუსეთის 1917წლის რევოლუციის შემდეგ, მისი გავრცელების საშიშროების გასანეიტრალებლად ამერიკა   შეიძლება ითქვას, შეიჭრა ევროპაში. ევროპული ქვეყნები, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოთხი წლის მანძილზე ებრძოდნენ ერთმანეთს და უკიდურესად დასუსტდნენ, ამერიკამ კი შეინარჩუნა ეკონომიკური სიძლიერე, რადგან  საკუთარ ტერიტორიაზე მას ომი არ უწარმოებია. პირველ რიგში იგი დაეხმარა  გერმანიას, რომელმაც შეძლო  აღედგინა ქვეყანა დოუსის ეკონომიკური გეგმის მიხედვით.  ამერიკამ  აქ დემოკრატია მოიტანა, მაგალითად მან ხელი შეუწყო საპარლამენტო რეჟიმი შენარჩუნებულიყო გერმანიაში რეიხის დამხობის შემდეგაც კი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიტუაცია უფრო დამძიმდა, კონტინენტი, რომელიც ოდესღაც კანონებს კარნახობდა მსოფლიოს, საერთაშორისო მდგომარეობით ორი გამარჯვებულის, აშშ-ს  დიდ ბრიტანეთთან ერთად  და საბჭოთა კავშირის გავლენის ზონებად იქცა. ამ გავლენამ სრულიად ახალი სამყარო წარმოშვა – ამიერიდან ევროპა აღარ არის მხოლოდ ევროპა, იგი გახდა ნაწილი [პოლიტიკურადაც] უფრო ფართო ცნებისა – დასავლეთი.

დასავლეთის უმრავლეს ქვეყნებში დემოკრატია მე-20- ე საუკუნის მეორე ნახევარში დამყარდა, ჩრდილოეთ ამერიკასა და სკანდინავიაში მეორე მსოფლიო ომამდე, ხოლო სხვებში ომის შემდეგ. ამ დროისათვის დამარცხდა ფაშიზმი და ნაციზმი – ცვლილებები უკვე ეკონომიკური აღმავლობის ფონზე ხდებოდა. ამ საზოგადოებებში, რომლებიც არ გახდნენ კომუნისტურები, შესაძლებელი გახდა კაპიტალისტებსა და მუშათა კლასს შორის ერთგვარი კომპრომისის მიღწევა. კაპიტალისტური წყობის გადასარჩენად და უთანასწორობით გამოწვეული პროტესტის დასაშოშმინებლად, ბიზნესი იძულებული გახდა დათანხმებოდა თავისი ძალაუფლების შეზღუდვას, რომლის დაცვის გარანტორი იყო   ნაციონალურ სახელმწიფოში თავმოყრილი პოლიტიკური ხელისუფლება. სუფთა სახით  განვითარების ეს ფორმა გაჩნდა სკანდინავიაში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში. ესპანეთი და პორტუგალია დემოკრატიამდე 70- იან წლებში მივიდნენ, გერმანიაში კარგად ინსტიტუციონალიზირებული ურთიერთობები იყო ბიზნესს, შრომასა  და მშრომელებს  შორის; საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც ძლიერი პროფკავშირები და კომპარტია  არსებობდა, დემოკრატიზაციის პროცესი ნაკლებად გამოიხატა.

ახალი ინდუსტრიული წესრიგი და ცნებების სისტემა, რომელმაც შესაძლებელი გახადა  ინდუსტრიული საზოგადოების წარმოქმნა, ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში. ეს ქვეყანა გამორჩეულია იმითაც, რომ პირველად აქ  გაწყდა ადამიანის ბუნებრივი კავშირები მიწასთან, ადამიანის შრომასა და შემოსავლის წყაროსთან,  განადგურდა  გლეხობა, ყოფილი მიწათმოქმედები ამიერიდან თითქმის აღარ არიან მუდმივად დასაქმებულები და მათი შემოსავალი შემთხვევითია. ამ სიტუაციამ წარმოშვა ილუზია,  რომ შრომა განთავისუფლდა რამაც თითქოს ადამიანსაც მოუტანა  თავისუფლება ვიწრო  შეზღუდვების, ტრადიციებისა და ინერციისაგან. მაგრამ ეს არ გაგრძელდა დიდხანს, და რაც მთავარია ასეთმა თავისუფლებამ შრომას არ მოუტანს საკუთარი გზის არჩევის და მასზე სვლის შესაძლებლობა. ამავე დროს გაირკვა, რომ შრომა არის სიმდიდრის წყარო და ადამიანის გონების წინაშე წარმოიშვა ამოცანა დაემუშავებინა ეს წყარო და გამოეყენებინა უფრო ეფექტურად ვიდრე ოდესმე. ახალი რეჟიმის შემოქმედთათვის აუცილებელი იყო ძველი, უკვე არ არსებული წყობა ახლით, უფრო სიცოცხლისუნარიანით შეეცვალათ.

კაპიტალსა და შრომას შორის დამყარდა კავშირი,რადგან ისინი ერთმანეთის გარეშე ვეღარ იარსებებდნენ.  კაპიტალს ესაჭიროებოდა  განვითარება და ზრდა, ამისათვის მას უნდა გამოეყენებინა დაქირავებული შრომა, ხოლო მუშათა კლასისთვის შემოთავაზებული  სამუშაო  შემოსავლის წყარო და არსებობის საშუალება გახდა. ეს  მყარი ალიანსი აღმოჩნდა, რადგან გადაადგილება, კაპიტალის გადატანა, საცხოვრებელი ადგილის ან სამუშაოს შეცვლა თითქმის შეუძლებელი იყო.

კაპიტალი და შრომა ერთმანეთს მხარს უჭერდნენ რადგან ერთის კეთილდღეობა დამოკიდებული იყო მეორის სიცოცხლისუნარიანობაზე. ორივე მათგანს გააჩნდა კანონით განსაზღვრული მესაკუთრის უფლებები.  სახელმწიფოსათვის მთავარი საზრუნავი და ძირითადი ფუნქცია გახდა შრომისათვის ,,სასაქონლო სახის მიცემა“.

თანდათან ჩამოყალიბდა მუშათა კლასი, რომლის წარმომადგენლებიც, თუ მუშაობას იწყებდნენ რომელიმე ქარხანაში ან ფაბრიკაში, მრავალი წლის შემდეგ თავის მოღვაწეობას იქვე ამთავრებდნენ. ანუ ისინი, შეიძლება ითქვას, რომ გარანტირებულები იყვნენ მუდმივი სამუშაო ადგილით. ასეთი მდგომარეობა აწყობდათ კაპიტალისტებსაც, რადგან მუშახელის დაკარგვა მათთვის წამგებიანი იყო. საზოგადოებაში კი გაჩნდა სტაბილურობის შეგრძნება და ხვალინდელი დღის იმედი.

ამ ცვლილებებმა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში  წესრიგი დაამყარა. შეიქმნა ძლიერი პროფკავშირები, ადამიანებს მიეცათ სოციალური გარანტიები, ამ დროს წარმოიშვა მსხვილი კორპორაციებიც.

ომის შემდეგ, დანგრეული ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენის პერიოდში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება მიმდინარეობდა, მაგრამ პოლიტიკურმა ელიტებმა და მასთან დაახლოებულმა სხვადასხვა წრეებმა  მალე ისწავლეს მისი მართვა და მანიპულირება. ხალხი დაიღალა და პირადი ცხოვრებით დაკავდა. 70-იანი წლების ნავთობის კრიზისმა გამოიწვია ცვლილებები, რომლის შედეგადაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში შესუსტდა წარმოებაში დაკავებული მუშების გავლენა. მთელი რიგი ქვეყნები პოლიტიკურ სკანდალში აღმოჩნდნენ ჩაბმული. ეს იმის ნიშანი იყო, რომ დემოკრატიამ დაიწყო პოზიციების დათმობა, პოლიტიკური კლასი თანდათან გახდა ცინიკური, ამორალური და  საზოგადოების ზედამხედველობისაგან თავისუფალი.

80-იანი წლების ფინანსური ბაზრების დერეგულირებამ ეკონომიკური განვითარების აქცენტები შეცვალა. შრომით მიღებული შემოსავლის წილი, კაპიტალით მიღებულ შემოსავალთან შედარებით შემცირდა.

დასავლეთის ქვეყნებში წარმოების განვითარებამ შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მკვეთრად გაზარდა. უკვე მე-18-ე საუკუნეში ეს შემოსავალი თერთმეტჯერ მეტი იყო ვიდრე დანარჩენი სამყაროს ღარიბ ქვეყნებში. შემდეგ საუკუნეში ეს კოეფიციენტი გაიზარდა კიდევ 5-ჯერ და მე-20-ე  საუკუნის მიწურულს მიაღწია 50-ს.  ამ ახალმა გლობალურმა  უთანასწორობამ გააჩინა უპირატესობის შეგრძნება და გაბატონების სურვილი. ამიტომ  დასავლეთი ცდილობს  დანარჩენ სამყაროს უკარნახოს  განვითარების გზა და თავისი წარმოდგენები სიკეთეზე, კეთილდღეობაზე და სამართლიანობაზე.  ამასთან ერთად ფინანსურმა ბაზრებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა და შესაძლებლობა მთელ პლანეტას თავიანთი შეხედულებები და კანონები მოახვიონ თავს.

,,გლობალიზაცია“ დღეს ცხოვრების ყველა სფეროში მათი ლოგიკის ტოტალურად ჩანერგვაა. არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს რესურსები ამ ზეწოლას გაუძლოს, რადგან ამა თუ იმ საწარმოს ან თვით სახელმწიფოს კრახისათვის საკმარისია რამოდენიმე წუთი. როცა სახელმწიფოს მატერიალური ბაზა განადგურებულია, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აღარ არსებობს, პოლიტიკური კლასი უმოქმედოა, ნაციონალური სახელმწიფო მეგაკორპორაციის უსაფრთხოებას ემსახურება და ეს მისი უმთავრესი ფუნქციაა.

ადამიანები აღარ ენდობიან ხელისუფლებას, საზოგადოება გახლეჩილია. იზრდება მასობრივი პოლიტიკური აქტივობა, იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მაგრამ  პროფკავშირები ფაქტიურად გაქრნენ, ან თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ, ხოლო პოლიტიკურმა პარტიებმა ძალა დაკარგეს ან დისკრედიტირებულები არიან.

თავისუფალი ვაჭრობის წესების სრულიად  დაუბრკოლებელი გავრცელების და განსაკუთრებით  კაპიტალისა ფინანსების თავისუფალი მოძრაობის გამო, ეკონომიკა სულ უფრო თავისუფლდება პოლიტიკური კონტროლისაგან. ამ მდგომარეობის გამო ზარლდება არა მარტო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნები, არამედ დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოების მოსახლეობაც, რადგან იაფი მუშახელის ძიებაში, სულ უფრო მეტი საწარმო გადადის აზიაში. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა ღატაკდება და სამუშაოს საძებრად ისიც იწყებს მიგრაციას.

კაპიტალის ზრდა, შემოსავალი, დივიდენდები  და აქციონერების წინაშე ვალდებულებების შესრულება აღარ არის დამოკიდებული სამუშაო ძალასთან დადებული ნებისმიერი შეთანხმების ხანგრძლივობაზე. ამიერიდან კაპიტალი თავისუფალია. ეს დამოუკიდებლობა არ არის სრული. ტერიტორიული და ადგილობრივი ფაქტორები ჯერ კიდევ უნდა იყოს გათვალისწინებული და ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია შეზღუდოს კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, მაგრამ კაპიტალმა მიაღწია საკმარის, აქამდე არ არსებულ თავისუფლებას, და შეუძლია ადგილობრივი პოლიტიკური  ძალა დააშანტაჟოს და მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოს. ყველა ქვეყნის ხელისუფალს გააჩნია პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლისა და იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მის სათავეში ყოფნას უზრუნველყოფს, ამიტომ მუქარა ბიზნესის, ან ინვესტორის მხრიდან, რომ დაარღვევს ადგილობრივ კავშირებს და სხვაგან გადაინაცვლებს, მისთვის საფრთხის შემცველია.     სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ხდებიან იმ ძალების ნების განმახორციელებელნი, რომელთა პოლიტიკურად გაკონტროლება ვეღარ ხერხდება. მოსახლეობა დათრგუნულია რადგან ხვალინდელი დღის იმედი აღარა აქვთ.

მოწინავე სოციოლოგების აზრით ის წყობა, რომელიც დღეს დამკვიდრდა დასავლეთის ქვეყნებში, უკვე პოსტდემოკრატიაა. წინდებული ,,პოსტ“ არ ნიშნავს , რომ საზოგადოება არ ინარჩუნებს დემოკრატიის ნიშნებს – თავისუფალ არჩევნებს, კონკურენტულ პარტიებს,  ადამიანის უფლებებს, დებატებს, სახელმწიფოს საქმიანობაში გარკვეულ გამჭვირვალობას, მაგრამ ეს სიკეთეები უკვე ზედაპირულია,  პოლიტიკის სასიცოცხლო ძალა  კი დაბრუნდა იქ,  სადაც იყო იმ ეპოქაში, რომელიც წინ უძღოდა დემოკრატიას, ანუ მცირერიცხოვან ელიტებსა და მდიდარ ჯგუფებთან რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული. ქვეყნებში სადაც ასეთი სიტუაციაა, ადამიანები სასოწარკვეთილი, დაღლილი და იმედგაცრუებულები არიან, რადგან უთანასწორობის წინააღმდეგ წარმოებულმა ხანგრძლივმა ბრძოლამ ფაქტიურად შედეგი არ გამოიღო. თუ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად იძულებაა საჭირო, თუ დაინტერესებული და ძლიერი უმცირესობა აქტიურობს და პოლიტიკურ სისტემას თავის სასარგებლოდ იყენებს, ეს არ არის დემოკრატია,  ეს პოსტდემოკრატიაა. ქვეყნებში, რომლებშიც ტრადიციულად ძლიერი დემოკრატიაა, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები შენარჩუნდება ახალი რეჟიმის პირობებშიც,  ხოლო ქვეყნებში, რომლებშიც დემოკრატია სუსტია, რადგან ხანმოკლე ისტორია აქვს, მაგ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უფლებები და თავისუფლებები შეიძლება არც განვითარდეს.

დღეს, დემოკრატია განიხილება, როგორც ლიბერალური დემოკრატია, რომელიც  ისტორიულად განპირობებული ფორმაა და არა ნორმატიული იდეალი. აქ მასების როლი მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით იფარგლება, თავისუფლება ენიჭება ლობისტურ კომპანიებს, რომლებიც ძირითადად ბიზნესს უწევენ ლობირებას, ხოლო სახელმწიფო ძირითადად ერიდება ჩაერიოს კაპიტალისტურ ეკონომიკაში, თუმცა ზოგჯერ სახელმწიფოც შემოდის დამოუკიდებული ,,რეფერის“ როლით და თვითონ ხდება ,,ბიზნესმოთამაშე“.

მთავარი ეკონომიკური ინტერესებია და არა დახმარება სიკეთის მომტანი წყობის დასამყარებლად. დღეს ფერადი რევოლუციების და გადატრიალებების ხელშეწყობა რომელიმე ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან არის მცდელობა მოიპოვონ გავლენა, ხოლო ქვეყნები, რომლებიშიც ასეთი რევოლუცია ან გადატრიალება ხდება ნეოლიბერალურ წესებს ემორჩილებიან და  შედეგად იღებენ დიქტატურას, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად – სიღატაკესა და უმუშევრობას.

დემოკრატიის გარეშე ლიბერალიზმი უახლოვდება ფაშიზმს – თვლიან პოლიტიკის მკვლევარები. მხოლოდ დღევანდელი ფაშიზმი განსხვავდება იმ ფაშიზმისგან რომელიც მე-20-ე საუკუნის დასაწყისში იტალიაში იშვა. დღეს ეს არის ,,კეთილი სურვილების“ იდეოლოგია – კეთილ სურვილებს კი ხშირად სამწუხარო  შედეგები მოაქვს.

კლასიკური ფაშიზმი კონსერვატიული იდეოლოგიაა, რომელიც მოდერნისტული მიმდინარეობების ლიბერალიზმისა და კომუნიზმის საპირისპიროდ წარმოიშვა მე – 20 – ე საუკუნის 20-იან წლებში იტალიაში. ფაშიზმი უარყოფს ყველანაირ სამოქალაქო იდეოლოგიას, განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ნაციის კონცეფციებს, რომლის თანახმადაც მხოლოდ უმაღლეს ხელისუფალს შეუძლია ჩაუნერგოს ერს ჭეშმარიტი თვითშეგნება, ერთიანი ფორმა და ნება, დაუქვემდებაროს ზებუნებრივ წესრიგს. ფაშისტური სახელმწიფო მკაცრად იერარქიულია და ყველა და ყველაფერი ელიტას, ნაციის რჩეულ ელემენტებს ემსახურება.

თანამედროვე ფაშიზმი უფრო შენიღბულია. იგი სახელმწიფოს რელიგიაა და გვთავაზობს პოლიტიკური  სივრცის ორგანულ ერთიანობას. მას ესაჭიროება ნაციონალური ლიდერი, რომელიც ხალხის ნებას დაუჭერს მხარს. ფაშიზმის ტოტალიტარობა მდგომარეობს ყველაფრის პოლიტიზირებაში და რწმენაში, რომ ყველაფერი რაც კეთდება გამართლებულია, რადგან ემსახურება საყოველთაო კეთილდღეობას. იგი პასუხისმგებლობას იღებს ცხოვრების ყველა ასპექტზე, ჯანმრთელობაზე, განათლებასა და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობაზე, უნერგავს მათ აზროვნებისა და მოქმედების ერთფეროვნებას და ამისათვის მიმართავს სხვადასხვა სახის რეგულაციას, აგიტაციას და სოციალურ ზეწოლას. ყველაფერი, ეკონომიკა და რელიგიაც კი მას უნდა ემორჩილებოდეს. ნებისმიერი განსხვავებული აზრი ხდება ,,პრობლემის“ ნაწილი და განისაზღვრება როგორც მტრული. ითვლება, რომ თანამედროვე  ლიბერალიზმი ფაშიზმის ამ ასპექტებს შეიცავს.

ფაქტია, რომ ნამდვილი დემოკრატიის მშენებლობა ხანგრძლივი და რთული პროცესია. სამხედრო მეთოდები და სხვადასხვა სახის ძალადობა ამ პროცესს ხელს არ უწყობს, პირიქით ხშირად გამორიცხავს კიდეც.  გაცილებით მნიშვნელოვანია იმ ინსტიუტების ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანს დაიცავს ხელისუფლების თვითნებობისაგან. ამისათვის საჭიროა კონსტიტუციის საფუძვლიანი რეფორმირება, ეკონომიკური გარდაქმნების გატარება და კულტურის მუდმივი ცვლის ორგანიზება.  ასეთი ცვლილებების  საბოლოო მიზანი უნდა იყოს ლეგიტიმური  სახელმწიფოს ფორმირება, რაც გულისხმობს ძალაუფლების თვითშეზღუდვას და სამოქალაქო  საზოგადოების შექმნას, რომელიც მიიღებს და მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს.

დემოკრატია ყვავის იმ შემთხვევაში, თუ უბრალო ადამიანებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თუ აქტიურად იყენებენ ამ შესაძლებლობას.

რასაკვირველია წარმოუდგენელია, რომ სრულმა უმრავლესობამ მიიღოს მონაწილეობა სერიოზულ პოლიტიკურ მსჯელობაში, დღის წესრიგის ფორმირებაში და არ იყოს მხოლოდ პასიური რესპოდენტი სხვადასხვა გამოკითხვების ჩატარებისას. არ შეიძლება ყველამ  სრულად გააცნობიეროს მომავალი ცვლილებების შედეგები, მაგრამ არაერთგვაროვანი ჯგუფების ცოცხალი სამყარო, რომლებსაც სხვადასხვა მიზანი ამოძრავებთ, იმის დამადასტურებელია, რომ შეგვიძლია მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დემოკრატიას.  საზოგადოებრივი ცხოვრების გასააქტიურებლად მისი ინფორმირებაა საჭირო.

ასეთი საზოგადოება ყოველთვის ეცდება გააანალიზოს, რამდენად შეესაბამება მისი ქმედება იდეალს, რადგან შესაძლებელობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებაში,  რასაც აუცილებლად მოყვება ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

არსებობს, მეორე გზა, როცა თავის ქებითა და თვითკმაყოფილებით შეპყრობილ  ხელისუფლებას არ სურს განიხილოს როგორ ხდება დემოკრატიის შესუსტება. მაგრამ აქ ისევ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და მოითხოვოს წესრიგის დამყარება, რასაც აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს თუ სახელმწიფო ყურს უგდებს ხალხს, და ითვალისწინებს მის ინტერესებს.

დემოკრატიული სახელმწიფო იდეალური მოდელია, რომლის მიღწევაც თითქმის შეუძლებელია, მაგრამ, როგორც ყველა მიუღწეველი იდეალი იგი ორიენტირებს გვთავაზობს ამ რთულ და საინტერესო პროცესში.

ის ქაოტური მდგომარეობა, რომელიც დღეს სამყაროშია გვავალდებულებს ყოველი ნაბიჯი გავთვალოთ, რათა არ გადავიჩეხოთ და შევძლოთ ქვეყნის გადარჩენა. სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაცნობიერება და დაცვა უპირველესი ამოცანაა. ამ მიზნის მიღწევა ჯერ კიდევ შეიძლება, შეცდომების დაშვების უფლება კი უკვე აღარ გვაქვს.


– ილუსტრაცია: © Rocket Post

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ