ლევან გელაშვილი: გამქრალი კინოთეატრები

4
ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.

გარდასულ დროთა ამბებმა დავიწყება იცის. აქაოდა ყველამ ვიცითო, ერთმანეთთან საუბარშიც არ ვიხსენებთ ხოლმე. თაობები იცვლებიან და ძველი ამბები დავიწყების მტვერში ეხვევა. ორთაჭალის ბაღები, არღნებისა და ზურნა დუდუკის ხმები, ,,თაბუნ-თაბუნად’’ თავშეყრილი ყარაჩოღელები, ავანაანთ ხევი, თუ ტილიპუჭური . .  დღეს უკვე ,,ყბადასაღები და წყალწასაღები’’ ისტორიები სულაც აღარ არის.

კინოთეატრების შესახებ ჟურნალების ფურცლებზე არაერთხელ დამიწერია. ამ რუბრიკის სახით, რომელიც დიდი მასალიდან ერთი პატარა ამონარიდია, გაეცნობით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის მონახაზს – ერთგვარ სცენარს, რომელსაც შემდეგ ნომერშიც შემოგთავაზებთ.

2
ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.

კინოთეატრების რუკა თბილისში რამდენჯერმე შეიცვალა; თავდაპირველად, სანამ კინოთეატრების ძირითადი არქიტექტურა გამოიკვეთებოდა, ჩვენებები სპორადული სახით კინოთეატრების გარდა სასტუმროებში, ბიბლიოთეკებსა და სახლებშიც ეწყობოდა. 1918-1920 წლებში არსებული კინოთეატრების რიცხვი, ოციანი წლებიდან მკვეთრად გაიზარდა. თბილისში ზოგმა ძველმა კინოთეატრმა შეწყვიტა არსებობა, მაგრამ გაჩნდა ახალი კინოსახლები. საბჭოთა პერიოდში ამ სეგმენტმა მეტნაკლებად ერთი მოცემულობით იცოცხლა.

დღეს ისევ მომსწრენი ვართ კინოთეატრების რუკის რღვევის. თბილისში უკვე ოც წელზე მეტი ხანია, 35 კინოთეატრიდან მხოლოდ ოთხიღა არის დარჩენილი. კინოთეატრის შენობა – გაცილებით მეტია, მაგრამ მათი კინოთეატრად აღდგენის შანსი მინიმალურია. ზოგიერთი ნაგებობა აღარ არსებობს და მის შესახებ მომავალი თაობები მხოლოდ საარქივო ჩანაწერებით და ფოტოებით თუ შეიტყობენ. ამ რუბრიკის და მომავალში ფილმის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გავაცოცხლოთ თბლისის კინოთეატრებთან დაკავშირებული ტრადიციები და საზოგადოებაში არსებული კინოკულტურა მოგონებების სახით აღვწეროთ. კინო იმ დროს მთელი თავისი არსით, კოლექტიური აღქმის საჯარო პროდუქტად მოიაზრებოდა; იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ხიბლი, კოლორიტი და ინტელექტუალური აქტივობის სოციალური ფორმა ჰქონდა.

3
ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.

დღეს საინფორმაციო ომებისა და ეკრანების ინტერაქციულ ეპოქაში, სადაც ეკრანული გამოსახულება შინაგანი მახასიათებლებით მკვლელ კონკურენტად ევლინება ძველი ყაიდის კინემატოგრაფს, ორმაგად საინტერესოა უკვე გარდასულ დროთა კინოთეატრების შიგნით არსებული ძველი ტრადიციები, მოგონებები ამ შენობებზე, რომელიც ეპოქის სახე და ისტორიაა.

 

 

ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.
ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.
9
ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.

 

ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.
ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.
5
ფოტო © საქარველოს ეროვნული არქივი.

 

თუ გაქვთ , საინტერესო ისტორიები და დოკუმენტური ფილმის გადაღებისათვის თანამშრომლობის იდეა, მოგვწერეთ:   Movietheaterscript@gmail.com                                                  

 

თამაზ მიგრიაული, ჟურნალისტი, ფილოლოგი  ჩვენ დროს კარგ ტონად ითვლებოდა, თუ ფილმს ეკრანებზე გამოსვლისთანავე, პირველ კინოსეანსზე ნახავდი. მავანი ნანახ ფილმს შემდეგ დანარჩენებს უყვებოდა, ვისაც ნანახი ჯერ   არ ჰქონდა. მოსაყოლი ფილმებიდან, ყველაზე პოპულარული ,,შესანიშნავი შვიდეული’’იყო. იმ დროს კრისის ჩაღუნული ფეხებით სიარული თითქმის პაროდიად იქცა ქალაქში. უამრავი ადამიანი ცდილობდა კრისის მანერები შეეთვისებინა და ამ პერსონაჟს დამსგავსებოდა.

თბილისის კინოთეატრების მაყურებელთა აუდიტორიას, ფილმის ყურების დროს გავრცელებული ფოლკლორული შეძახილების რეპერტუარი ჰქონდა, რაც მხოლოდ ფილმის კოლექტიური ყურებისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, ფირი თუ გაწყდებოდა დარბაზში, რომელიმე მაყურებელი კინომექანიკოსის მისამართით აუცილებლად შესძახებდა:“ საპოჟნიკ!“   ან „მეხაშე!“   ფილმის ყურების დროსაც, ყველაზე დაუდევარი მაყურებელიც კი, იოლად შეამჩვენდა ე. წ. ,,გულაბკით’’ გადაბმულ კადრებს. თუ ფილმში ხანგრძლივი კოცნის სცენა იყო, ვინმე აუცილებლად წამოიძახებდა ხოლმე: ,,сорок’’, რაც მომდინარეობდა სიგარეტის დასახელებიდან, ამ სიტყვას ამბობდნენ სიგარეტის თხოვნის დროსაც: დამიტოვე сорок-ი.

კინოთეატრ „საქართველოსთან’’ ახლოს ქარხნები იყო. ქარხნის თანამშრომლებისთვის კინოში დროის გატარება დასვენებისთვის კარგი საშუალება გახლდათ. მაგრამ ,,საქართველო’’ უფრო ,,ნახალოვკელების’’ შეხვედრების ადგილი იყო. ზოგი კინოთეატრში ფილმის გამო სულაც არ მიდიოდა – არამედ ნაცნობების სანახავად. პატარით დაწყებული, დიდით დამთავრებული, ყველას ნახავდით იქ. კინოთეატრის უკან საქმეების გარჩევაც ხდებოდა. ამ ხალხიდან ერთი ჯგუფის ერთგვარი ახირება-ტრადიცია გახლდათ ფილმის დროს დალევა. კინოსურათის დასასრულს, როდესაც დარბაზში შუქი ანთებულა, მიგვიხედავს და დაგვინახავს, რომ მოქეიფეები უკანა რიგებში (თუ ზაფხული იყო) მოკლესახელურიანი უსახელო მაისურებით ე. წ. ,,ბეზრუკავკებით’’ ისხდნენ. (რაც მაშინ ძალიან დიდი სითამამე იყო, იმიტომ რომ კინოში მაინც კლასიკურად ჩაცმულები დადიოდნენ). ესენი იყვნენ უბნის ბირჟის წარმომადგენლები – ჭიქით ხელში. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ არაერთხელ დამინახავს მოკრძალებულ სუფრაზე თევზიც დებიათ. დღის სინათლეზე ვერ გიჭამია ადამიანს თევზი, ფხის გეშინია და ისინი შავ-თეთრი ფილმის განათებაზე, ნახევრად ბნელში ცოცხალ თევზს ჭამდნენ. ფილმები მაყურებელში დიდ ემოციურ აჟიოტაჟს იწვევდა და ამ ყაყანში უკანა რიგებში ზოგჯერ კარგი პურის ჭამაც და სადღეგრძელოებიც მიდიოდა, თავიანთი სუბკულტურული მენტალობით, ფოლკლორით და ლექსიკით. მოქეიფეები არ ხმაურობდნენ. „იმას გაუმარჯოს . . ამას გაუმარჯოს . . .“ – ჩურჩულით ამბობდნენ, მხოლოდ ჭიქის ხმას თუ გაიგებდა კაცი.

გიორგი მახარაძე .   კინოთეატრი “ისანი”- კინოფილმის დაწყების წინ ნახევარი საათი ფოიეში სასულე ორკესტრი უკრავდა. უბნის „ბაცნებს“ დირექტორმა (სამწუხაროდ, გვარი აღარ მახსოვს) გვითხრა, უბილეთოდ იმ პირობით შეხვალთ მუსიკის მოსასმენად , რომ კინოდარბაზში არ შეიპარებით და ბილეთიანი ხალხის ადგილს არ დაიკავებთო. ორივე მხარე ზუსტად ვიცავდით ხელშეკრულების პირობებს .  ფილმებს კი- კედელზე ვძვრებოდით და იქიდან ვუყურებდით. ინდურის გარდა,ყველა ფილმი, რაც იმ დროს გამოდიოდა, „ცისკარადან“ დაწყებული, ასე მაქვს ნანახი. კედლიდან ფილმების ყურებას ისე მივეჩვიე, რომ დიდობაში დარბაზში ჯდომა მიჭირდა.

  ბესო ხომერიკი. კინოთეატრი “კოსმოსი”, “ შატალისტების მექა”. დღემდე არ ვიცი, ვინ და რა მიზნით დაუშვა გაგანია სოციალიზმის პერიოდში მისი არსებობა. იმ დროს,როცა დანარჩენი საბჭოთა კავშირი ამერიკელ ინდიელებს მხოლოდ იუგოსლაველი გოიკო მიტიჩის მონაწილეობით გადაღებული გდრ-ის ფილმებით იცნობდა,სადაც თეთრკანიანები, როგორც წესი, უსაზიზღრესი პიროვნებები, ხოლო ინდიელები ალტრუიზმის განსახიერება იყვნენ. „კოსმოსში“ შეგეძლოთ გენახათ ჰოლივუდის პროდუქტი, ჯონ ვეინის და დუგლას ფერბენქსის მონაწილეობით,რომლებშიც,რბილად რომ ვთქვათ,განსხვავებული პოზიცია იყო და თეთრკანიანების სკალპებით ახუნძლულ ინდიელსაც ხშირად ნახავდი. „ფრანკენშტეინი“,“მუმია“ , და რაც მთავარია, ჯეიმს კეგნი და ჰამფრი ბოგარტი განგსტერულ ფილმებში… არ ვიცი მათი მონაწილეობით,  რამდენჯერ მაქვს ნანახი «მშფოთვარე ოციანები» . „კოსმოსში“ ვერ ნახავდით (ყოველშემთხვევაში, დღის სეანსებზე) უკანა სკამებზე ჩახუტებულ წყვილებს.ის კი არა,საერთოდ არ მახსენდება იქ ქალი მენახოს. ჰოდა, შვიდიოდე კლასელი ყმაწვილი, მამისგან მოპარულ სიგარეტს ვაბოლებდით და თავი ჯეიმს კეგნად წარმოგვედგინა.

„ნახალოვკელები“ მაინდამაინც არ ვუყვარდით დიდუბეში და ხშირად კინოსეანსი, კინოს უკან  „ერთი-ერთზე ჩხუბით» და ერთმანეთის ცხვირ-პირის ლეწვით მთავრდებოდა. ჩალურჯებული თვალი   გამოსარჩევი დეტალი იყო „ ნახალოვკელი“ «ბედ ბოისა» და თანაკლასელ გოგონებს ანდამატივით იზიდავდა.   მეათეკლასელები, რომლებსაც ჩვენ „ვზროსლებს“ ვეძახდით, განცალკევებით სხდებოდნენ და ხშირად აკრძალულ მოსაწევსაც აბოლებდნენ,   რასაც ასევე ხშირად მოყვებოდა ხოლმე მოულოდნელად შუქის ანთება და მილიციონერების შემოვარდნა კივილით „არ გადააგდო,თორე სამ იმდენს ჩაგიდებ“.   მოკლედ, დიდუბე კი არა,ბრონქსი იყო.   დღევანდელი ყმაწვილობა,რომელიც პულტის დაჭერით ნახავს ნებისმიერ ფილმს,ვერასოდეს გაიგებს „კოსმოსის“ შარმს!

ხათუნა გოგოლაშვილი.  „გაზაფხულის“ დირექტორი, ჩემი მეზობელი ბორია ავალიანი, მანამდე „კოსმოსის“ დირექტორი იყო; მთელი ეზოს ბავშვებს ერთად შეგვყრიდა და მივყავდით კინოში. უამრავი ფილმი მაქვს ასე ნანახი: “შავი გედი”, “რობინ ჰუდი”, “მისი ცხოვრების მამაკაცები” და ვინ მოსთვლის კიდევ, აღარც მახსოვს.

მანანა ერისთავი.  ჩვენ, ყველა „შატალოს“ „ ოქტომბერში“, „კოლხეთში“ და მაშინდელ „ამირანში“ ვატარებდით. ერთხელაც წავედით „ოქტომბერში”, „მილიონი წელი ჩვენს ერამდე” გამოვიდა და ავიკრიფეთ ყველა ერთად. წინა რიგებში გავნთავსდით. ერთი ჩვენი კლასელი ტუალეტში გავიდა. უცებ შემორბის და კივის – კომკავშირის მდივანი და ფიზკულტურის მასწავლებლები, შოთა და კაკო მოვიდნენ, ჩვენ გვეძებენო. მთელი კლასი სკამების ქვეშ ჩავძვერით, ისინი რომ ერთი მხრიდან შემოვიდნენ და გვეძებდნენ, ჩვენ ხოხვით მეორე მხრიდან გამოვიპარეთ; სკოლაში დაბრუნებულებს დავხვდით – შრომა გაგვიცდა და ეზოში ვსხედვართო.  მერე სიცილით ამბობდნენ: „ასეთი და ამდენი „ნაგლი“ ერთად არ გვინახავსო.“

დათო მდივანი.  „გაზაფხულში“ ჯერ ეზო-მოსაცდელი იყო მაგარი – მთელ დიდუბეს რომ გადაყურებდა, მერე ის ქალი, მთარგმნელი, ცოცხლად რომ თარგმნიდა მიკროფონით, მეორე სართულის ფანჯრიდან.  ფილმებზე აღარაფერს ვამბობ – მაგათი რეპერტუარი „ასობი“ იყო, სხვაგან ვერ ნახავდი.  საბურთალოს ყველა სკოლის „შატალოს“ „სასტავს“ – მანდ ნახავდი. „შატალოზე“ „თანამგზავრი“ იყო ყველაზე კარგი – ყველაზე ადრე იწყებოდა მანდ სეანსი „მულტიკებით“ და სანამ სხვაგან შეხვიდოდი ფილმზე, შეგეძლო წყნარად მჯდარიყავი.

ხათუნა ჭყოიძე. გაზაფხული“ მართლაც განსაკუთრებული იყო, იქ ნანახ ფილმს ყოველთვის აკრძალული ხილის გემო ჰქონდა.   ერთი მახსოვს, იქ ვნახე „სამი ნაბიჯი ბოდვაში“, დღემდე მახსოვს ის ემოცია.

 თათო ავალიშვილი. … და რა სასწაული ჟურნალი იყო ყველა ფილმის წინ? ერთი სული მქონდა, როდის მორჩებოდა ჟურნალი და დაიწყებოდა ფილმი.  ისე, ერთმა ჟურნალმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე – გორის კონსერვების ქარხანაზე იყო. დღესაც მახსოვს და აი, ვინც ახმოვანებდა იმის პათეტიკური  ხმაც მახსოვს.

ხათუნა ჭყოიძე.  ზოგადად შაბათ-კვირა ბავშვობაში ზეიმი იყო ხოლმე. მამაჩემი მთელი კვირა არ იყო სახლში, სამსახური ჰქონდა ასეთი, მთელ საქართველოში, ხშირად მის გარეთაც უწევდა ყოფნა. ჰოდა,დედაჩემს უქმეებზე თითქმის სულ დავყავდით მე და ჩემი ძმა კინოში. იმ დროიდან მიყვარს კინოთეატრები, დიდი ეკრანი, ჩაბნელებული დარბაზი და სხვა სამყაროში გატარებული 2 საათი. საერთოდ, კინემატოგრაფი იმ წლებმა შემაყვარა, რაღაცეები ყოველთვის იყო საინტერესო, უცნაურად მოხვედრილი საბჭოეთის ეკრანებზე. დღემდე ვერ ვიღებ სრულად ფილმის ემოციას ვერც ტელევიზიით, კომპიუტერით მითუმეტეს. კინოთეატრი ახლაც მირჩევნია.

მარინე ხუციშვილი.  “გაზაფხულში” გამოცხადებულ ფილმს ჭრიდნენ ხოლმე და ოთარ იოსელიანის “აპრილი” ასე მაქვს ნანახი. არ ვიცი, როგორ იგებდა ის ტიპი, რომ დარბაზში „კაგებეშნიკი“ გაიჩითებოდა ხოლმე, ეგრევე ისევ ფილმს გააგრძელებდა, მერე ისევ “აპრილი” და ასე საცოდავად. მაგრამ იყო ამ წვალებაში განუმეორებელი ხიბლი.

ნანა კაციაშვილი კინოთეატრ”ბათუმში” უფრო ხშირად მელოდრამები გადიოდა, ძირითადად ინდური. მთელი უბანი   გამოეფინებოდა ხოლმე კინოსეანსიდან. ზოგს ცრემლიანი თვალები ჰქონდა, ზოგი – რაღაც მომენტს განიხილავდა ფილმიდან; და მეზობლები რომ გადავეყრებოდით ხოლმე ერთმანეთს… სახლში ერთად მოვსეირნდებოდით საუბარ-საუბარით. მთელი უბანი დადიოდა კინოში. ბავშვები კვირაში   2-ჯერ თუ არა, ერთხელ მაინც მივყავდით დედას ან ბიძას, ან ყველა ერთად მივდიოდით. ფოიეში ნაყინს ყოველთვის ვჭამდით. ერთგვარი რიტუალი იყო. ეს ყველაფერი დღემდე ზეიმივით მახსოვს.

მოგონებების მოძიებისთვის მადლობას ვუხდით ხელოვნებათმცდონეობის დოქტორს, კინომცდონეს მანანა ლეკბორაშვილს.

 

ფოტოები მოგვაწოდა საქარველოს ეროვნულმა არქივმა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ