პოლ კრუგმანი: პრივილეგია, პათოლოგია და ძალაუფლება

პოლ კრუგმანი, ცნობილი ამერიკელი  ეკონომისტი, 2008 წლის ნობელიის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში. კრუგმანი ფლობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს. 1999 წლიდან არის New York Times -ის მესვეტე.

გთავაზობთ გამოცემა New York Times-ის მის საავტორო სვეტზე გამოქვეყნებული წერილის ქართულ თარგმანს, სადაც კრუგმანი საუბრობს სიმდიდრის პოლიტიკურ მხარეზე, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კანპანიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ფენომენსა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე მდიდარი კლასის გავლენების შესახებ.

ტექსტი ინგლისურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა.

 © European.ge

სიმდიდრემ შესაძლოა ავნოს თქვენს სულს. ეს არ არის მხოლოდ ძველთაძველი ბრძნული ხალხური გამოთქმა; ეს სოციალური მეცნიერების დასკვნაა[1], რომელიც სტატისტიკური ანალიზითა და ექსპერიმენტითაა დამტკიცებული. საშუალოდ, მდიდრები ნაკლებად იჩენენ თანაგრძნობას, ნაკლები პატივისცემით ეპყრობიან წესებს და ზოგჯერ კანონებსაც, უფრო მეტად კი მიდრეკილნი არიან თაღლითობისკენ, მათთან შედარებით, ვისაც ეკონომიკურ კიბეზე უფრო დაბალი საფეხური უკავია.

სტატისტიკური მტკიცებულება რომც არ გვქონდეს, თავისთავად ცხადია, რომ უკიდურესმა სიმდიდრემ შეიძლება უკიდურესი სულიერი ზიანი გამოიწვიოს. მაგალითისთვის, აიღეთ ვინმე, ვისი პიროვნებაც ჩვეულებრივ გარემოში შეიძლება მცირედ უსიამოვნოა, და მიეცით მას იმგვარი ქონება, რომელიც საშუალებას მისცემს მას შემოიკრიბოს გარშემო მლიქვნელები და როგორც ყოველთვის მიიღოს ის, რაც მოესურვება. ძნელი არ იქნება იმის შემჩნევა, თუ როგორ შეიძლება მან სახე იცვალოს და გახდეს ლამის პათოლოგიურად ეგოისტი და სხვების მიმართ გულგრილი.

ამგვარად, რა მოუვა ერს, რომელიც მზარდ პოლიტიკურ ძალას გადასცემს ყველაზე მდიდრებს?

დღევანდელი ამერიკა შედგება საზოგადოებისგან, სადაც შემოსავლის მზარდი წილი და კეთილდღეობა რიცხვობრივად მცირე ხალხის ხელშია კონცენტრირებული. ამავე ხალხს  უდიდესი პოლიტიკური გავლენა აქვს – 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ ეტაპზე, შემოსული თანხიდან დაახლოებით ნახევარი  200-მდე ყველაზე მდიდარი ოჯახის მიერ იყო გაღებული. ოლიგარქიისკენ მიმართულ ამ მსვლელობას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ძალიან მდიდრების ინტერესები და პოლიტიკური შეხედულებები მოსახლეობის დიდი ნაწილისგან საკმაოდ განსხვავდება და ცხადია ეს  უდიდესი პრობლემაა.

თუმცა, ისიც მართალია, რომ მათ რიცხვში ვინც ძალაუფლებას ფულით მართული პოლიტიკის მეშვეობით ფლობენ, გაფუჭებული ეგომანიაკების არაპროპორციული რიცხვიც ურევია. ამას ისევ მიმდინარე საარჩევნო პროცესამდე მივყავართ.

რაზედაც ახლა ვსაუბრობ, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ადამიანი, რომელსაც ამჟამად რესპუბლიკურ არენაზე მოწინავე ადგილი უკავია. დონალდ ტრამპი შესაძლოა ასეთივე ბაქია და შარიანი ყოფილიყო, როგორი სოციალური ფონიც არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მისმა მილიარდებმა იგი გამიჯნა იმ გარე ფაქტორებისგან, რომელიც ადამიანების უმეტესობას ზღუდავს თავიანთი ნარცისული მიდრეკილებების შესაბამისად რომ იმოქმედონ. ჯერ არავინ აღმოჩენილა იმ მდგომარეობაში, რომ მას უთხრას: „თქვენ სამსახურიდან გათავისუფლებული ბრძანდებით!“ ამის შედეგი კი ის არის, რომ მის სახეს კვლავ ვუყურებთ ტელევიზორში.

მაგრამ, ბატონი ტრამპი არ არის ერთადერთი საკუთარ თავზე საშინლად ორიენტირებული მილიარდერი, ვინც 2016 წლის კამპანიაში განუსაზღვრელ როლს თამაშობს.

ბოლო დროს საინტერესო სიახლეებია შელდონ ადელსონთანაც, ლას ვეგასის აზარტული თამაშების მაგნატის ირგვლივ. ბატონი ადელსონი რამდენიმე საკმაოდ ჩახლართულ სასამართლო პროცესში იყო ჩართული, რომელიც მაკაოში მისი საქმიანობის არამართლზომიერებას ეხებოდა და რაც ასევე გულისხმობდა კავშირს ორგანიზებულ დანაშაულთან და პროსტიტუციასთან. მისი ბიზნესიდან გამომდინარე, ეს მოულოდნელობა შეიძლება არც იყოს. ყველაზე საოცარი  გახლდათ მისი ქცევა სასამართლოში, სადაც მან უარი განაცხადა რუტინული კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე და წაეკამათა მოსამართლეს, ელიზაბეტ გონსალესს, რაც, როგორც მოსამართლემ შემდგომში სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ არ შეესაბამება იმ საქციელს რაც, მოწმეს სასამართლო პროცესზე ყოფნისას მოეთხოვება.

ამის შემდეგ, ბატონმა ადელსონმა ნევადის უდიდესი გაზეთის რედაქცია შეიძინა. როგორც კი შესყიდვა დამთავრდა, ჟურნალის თანამშრომლებს განუცხადეს მიეტოვებინათ ყველაფერი და თვალყური ედევნებინათ სამი მოსამართლისთვის, მათ შორის ქალბატონი გონსალესისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გამოძიების შედეგები გაზეთში არცერთხელ გამომზეურებულა, თავდასხმა მოსამართლე გონსალესზე, რომელიც ერთ შეთხზულ საავტორო სვეტში გამოიხატებოდა, მაინც განხორციელდა და  კონეკტიკუტის ერთ პატარა გაზეთში განთავსდა, რომელიც ბატონი ადელსონის ერთ-ერთ ასოციაციას ეკუთვნოდა.

კი, მაგრამ რაში გვაინტერესებს? იმიტომ, რომ ბატონი ადელსონის მიერ გახარჯულმა პოლიტიკურმა თანხებმა მას რესპულიკურ ფრთაში გავლენიანი მოთამაშის წოდება მოუპოვა – ისეთი, რომ რეპორტიორები გამუდმებით საუბრობენ „პირველ რიგში ადელსონზე“, კანდიდატები კი დადიან ლას ვეგასში, რათა მისადმი პატივისცემა გამოხატონ.

არსებობს კიდევ სხვა შემთხვევებიც? ცხადია არსებობს, თუნდაც ეგომანია ვერ აღწევდეს მთლად ადელსონის მწვერვალს. ვფიქრობ ხოლმე, მაგალითად, ჰეჯ-ფონდის წარმომადგენელზე, მილიარდერ პოლ ზინგერზე, რომელიც კიდევ ერთ დიდ ძალას წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიაში. მან გამოაქვეყნა ინვესტორის წერილი, სადაც ამბობდა, რომ ინფლაციის პროცესი მთელი ძალით მძვინვარებს – ალბათ, ეს დასკვნა მან  ჰამპტონის უძრავი ქონების ფასებიდან და უმაღლესი ხელოვნების ნიმუშების ღირებულებიდან გამომდინარე გამოიტანა. ეკონომისტებს ამ შემთხვევამ თავშეუკავებელი სიცილი მოჰგვარა, მაგრამ დაუფიქრდით, საკუთარი თავით გართულობამ განაპირობა თუ არა მსგავსის დაწერა, იმის გაუთვალისწინებლად, თუ როგორ ჟღერს მისი ნათქვამი მათთვის, ვისაც მილიარდები არ აქვს.

ან დაფიქრდით სხვა მილიარდერებზე, რომლებიც, რამდენიმე წლის წინ წარბის შეუხრელად და საკუთარი ხასიათის გაუმჟღავნებლად აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი ობამა ეკონომიკას უკან სწევდა, როდესაც ზოგიერთი ბიზნესმენის არასწორ ქმედებაზე მიუთითებდა. როგორც ხედავთ, ობამა მათ გრძნობებს ლახავდა.

უფრო გარკვევით რომ ჩამოვაყალიბოთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკაში ფულის ძალაუფლებას რომ დავუპირისპირდეთ, არის ის, რომ  ფულით მოპოვებული ძალაუფლება მდიდრებს აძლევს საშუალებას მოისყიდონ [პოლიტიკური] სისტემა, დაამახინჯონ პოლიტიკური პრიორიტეტები.  ნამდვილი მიზეზი კი, რის გამოც მილიარდერებს ბატონი ობამა სძულთ, არის ის, თუ როგორ მოექცა იგი მათ გადასახადებს და არა მათ გრძნობებს. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანი, ვინც გავლენას ფულით იძენს  ამაზრზენი პიროვნებაა, კიდევ მეორე საკითხია.

ეს არ არის უბრალო საკითხი. ოლიგარქია, მცირე ნაწილის მიერ მმართველობა, იხრება იმისკენ, რომ ძალაუფლება საკუთარ თავზე ორიენტირებულ პირებს ჩაუვარდეთ ხელში. ნარცისკორატია? იდიოტოკრატია? რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი მახინჯი სპექტაკლია და შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოსკენ უარესად საზიზღარი ფორმა მიიღოს.

 

[1] Wealthy Selfies: How Being Rich Increases Narcissism, http://healthland.time.com/2013/08/20/wealthy-selfies-how-being-rich-increases-narcissism/

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ