23 ოქტომბერს, ფრაქცია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის” ორგანიზებით, კორეის საელჩოსა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამხრეთ კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელთან, ო მაიანგ ჰანთან, რომელმაც კორეის სწრაფი განვითარების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებსა და სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებზე ისაუბრა.
შეხვედრა ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” ლიდერმა გახსნა: “სწრაფი განვითარება იყო ქართული ოცნების უმთავრესი სლოგანი. სამხრეთ კორეა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სწრაფი განვითარებისა. რა თქმა უნდა, არცერთი მოდელის პირდაპირი გადმოღება არ მოიტანს სასურველ შედეგს, მაგრამ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ო მაიანგ ჰანმა სამხრეთ კორეის განვითარებაზე საუბარი მოკლე ისტორიული მიმოხილვით დაიწყო. “50 -იან წლებში, კორეა უღარიბესი ქვეყანა იყო, 60 წლის შემდეგ კი ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, მთლიანი შიდა პროდუქტით, სავაჭრო პარამეტრებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსით და სავალუტო რეზერვებით. ეკონომიკური განვითარების სისწრაფით, კორეამ გადააჭარბა ჩინეთისა და იაპონიის განვითარებას.”
ჰანი სამხრეთ კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს წარმომადგენელია, ის მუშაობს ერთ-ერთ უმსხვილეს ვაჭრობისა და ინვესტიციის კომპანიაში და ამავე დროს, საჯარო მოხელეა – კომპანია ენერგეტიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, მისი პოლიტიკის მიხედვით მუშაობს. ურთიერთთანამშრომლობის ეს პრინციპი სახელმწიფოსა და მსხვილ კომპანიებს შორის ჰანის მიერ აღწერილ ეკონომიკური განვითარების პროცესს მუდმივად გასდევს თან – მძიმე და ქიმიური მრეწველობის, განსაკუთრებით კი ფოლადის წარმოების სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე პრიორიტეტიზაციით, სამხრეთ კორეამ მოახერხა ჩამოყალიბებულიყო ერთ-ერთ ყველაზე მაღალკონკურენტუნარიან მოთამაშედ გლობალურ ბაზარზე.
“1960-იან წლებში, სიღარიბის ჯადოსნური წრე გავარღვიეთ პროდუქტიული შრომის შედეგად მიღებული ნაწარმის ექსპორტით, რის შემდეგაც, 1970-იანებში, მთელი რესურსი ჩავდეთ მძიმე და ქიმიურ მრეწველობაში.” განაცხადა ჰანმა. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ, ექსპორტზე ორიენტირებისა და აქტიური ინდუსტრიალიზაციის შემდეგ გახსნა სახელმწიფომ ბაზარი, მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინა ბაზრის ლიბერალიზაცია – მას შემდეგ, რაც დაფუძნდა და განვითარდა ეკონომიკური სისტემა.
ჰანის პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო იმ ფულადი რესურსების მოძიების სტრატეგიებიც, რაც სამხრეთ კორეას წარმოების ხელშეწყობისთვის სჭირდებოდა. “ჩვენ უარი ვთქვით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და ამის მაგივრად, ავიღეთ სახელმწიფო სესხები, მაგალითად, ინფრაქსტრუქტურული პროექტებისთვის, რაც უფრო ფართოდ, ანუ ეკონომიკის განვითარებისათვის გამოვიყენეთ, გაჩნდა გადასახადების გაზრდის შესაძლებლობა, მოვახერხეთ დაგვეგროვებინა ადგილობრივი კაპიტალის, რამაც გაზარდა სამრეწველო პოტენციალი და მოგვცა ყოველწლიურად 36%-იანი ექსპორტის ზრდა.”
სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი ძირითადი პრინციპი განათლებისა და ადამიანური რესურსის მაქსიმალურად განვითარების უმაღლეს პრიორიტეტად ქცევაა. “ჩვენ გვჯერა, რომ განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიებია ის, რაც ქმნის ფულს. ადამიანური რესურსი ბაზისურია განვითარებისათვის და ის უნდა იყოს მუდმივად ინვესტირებადი. თუ გვაქვს ადამიანური კაპიტალი ეკონომიკურ კაპიტალთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ყველა მოცემულობა გვაქვს წარმატებისათვის” – განაცხადა ო მაიანგ ჰანმა.
სამხრეთ კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციის სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმ კრიზისულ პერიოდებზე, რაც ქვეყანას განვითარების პროცესში ჰქონდა. თითქმის ყველა კრიზისი, ჰანის განმარტებით, სამხრეთ კორეის სახელმწიფომ – როგორც შანსი, ისე გამოიყენა. მისი თქმით, კრიზისები ყოველთვის შეიცავს რისკებს, რადგან ამ დროს ბევრი რამ იცვლება გარშემო, თუმცა მეორეს მხრივ, ეს რისკი უნდა დავინახოთ, როგორც შანსი. ყველაზე აგრესიული ინდუსტრიული პოლიტიკა სამხრეთ კორეამ ნავთობის შოკის პერიოდში განახორციელა, მაშინ, როცა აზიური ფინანსური კრიზისი იდგა. კრიზისზე საპასუხოდ სახელმწიფომ პირველ რიგში არაგადამხდელუნარიანი ფინანსური ინსტიტუტების, ანუ ბანკების ნაციონალიზაცია მოახდინა; დაიწყო საწარმოო დაწესებულებების შენება არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, რითიც შესაძლებელი გახდა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ეროვნული ფულის გადარჩენა, შემდგომ კი ფინანსური რეზერვების დაგროვება. სწორედ ამ პოლიტიკამ დაიცვა სამხრეთ კორეა მოგვიანებით, 2008 წლის ფინანსური კრიზისისაგან.
რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ სამხრეთ კორეის გამოცდილებისაგან? “თუ ერი ხელს ჩაკიდებს ერთმანეთს განვითარებისათვის, როგორც ეს სამხრეთ კორეაში მოხდა, მისთვის არაფერი აღარ იქნება შეუძლებელი” განაცხადა ჰანმა, როდესაც სამხრეთ კორეელი მოქალაქეებისა და კერძო კომპანიების მიერ სწრაფი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაში ჩართულობაზე საუბრობდა.
პრეზენტაციის დასასრულს, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა საქართველოს უკანასკნელი 30 წლიანი პოლიტიკის სრულ შეუსაბამობაზე სამხრეთ კორეის მიერ არჩეულ განვითარების სტრატეგიასთან და მთავარ პრინციპებთან, როგორიცაა, მაგალითად სახელმწიფო ვალები – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაცვლად, ინდუსტრიული პოლიტიკა და მხოლოდ ამის შემდეგ ბაზრის ლიბერალიზაცია, განათლებასა და ადამიანურ რესურსებში ჩადებული უდიდესი ინვესტიციები და სხვა. “ჩვენი პოლიტიკა არის შეცდომა განვითარების პოლიტიკასთან მიმართებაში, რაც რადიკალურად, ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ” – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
► შეხვედრის ვიდეოჩანაწერები აიტვირთება მედია-პლატფორმა European.ge -ს ფეისბუქის გვერდზე.
► ო მაიანგ ჰანის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.