კლანსგარეშე საკითხავი ლიტერატურა

Share on Facebook907Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

books4

► ავტორი: გიორგი მესხი – მთარგმნელი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი

ფრანკფურტის წიგნის გამოფენა პირველად ქართულ პრესაში კონსტანტინე გამსახურდიამ ახსენა: საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა ეს მოვლენა, მაშინდელი გერმანული და, ზოგადად, ევროპული წიგნის ბაზარი, წიგნის გამოცემის ტექნიკა და ის სტანდარტები, რომელთა გათვალისწინებაც საქართველოში ახლად დაარსებული სახელმწიფო გამომცემლობისთვის აუცილებლად მიიჩნია. ეს მრავალმხრივ საყურადღებო წერილი 1924 წელს გამოქვეყნდა (კონსტანტინე გამსახურდია, „სახელმწიფო გამომცემლობა“, ტფილისი, 1924 წ. 1 მაისი). საერთოდ, კონსტანტინე კარგად იცნობდა ქართულ ხასიათს და მენტალიტეტს, განსაკუთრებით – ლიტერატორებისას, მათთვის დამახასიათებელი მარადიული სენი – „ჯგუფობრიობა“ და „ნათლიმამობა“ – ხსენებულ წერილშიც მიმოიხილა. ერთი საუკუნის შემდეგ – როდესაც საქართველო, ბოლოს და ბოლოს, ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე მიიწვიეს  – ამ საქმის მესვეურების ხელშეწყობით, დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ენებზე თარგმნილ ქართველ მწერალთა ასეულში კონსტანტინე გამსახურდიას ადგილი არ მოიძებნა. არც ქართულიდან უცხო ენებზე თარგმნილ 179 წიგნს შორის აღმოჩნდა მისი თუნდაც ერთი წიგნის ადგილი.

ჰმმადლობა ღმერთს ჰქონდესკაცი ყველაფერს შეესწრებითუ სიქაჩლესო… ანდაზებ კი დამავიწყდა ამ უცნოურობაში...“ – დაახლოებით ასე იტყოდა ხსენებულ ორგანიზატორთაგან ასევე დაწუნებული დავით კლდიაშვილი. „დიდებული მწერლები უთარგმანოთ იკარგებიანო“ – დაუმოწმებდა ნიკო ლორთქიფანიძე…

“Die Messe” – ამ ტერმინს გერმანელები შემდეგნაირად განმარტავენ: “große [internationale] Ausstellung von Warenmustern eines oder mehrerer Wirtschaftszweige” – „ერთი ან რამდენიმე სამეურნეო სახეობის ნიმუშთა დიდი [საერთაშორისო] გამოფენა“ (წყარო: Duden – გერმანული მართლწერის ლექსიკონი). როგორც ვხედავთ, “die Messe” „გამოფენას“ ნიშნავს და არა „ბაზრობას“. „ბაზრის“ გერმანული შესატყვისია –  “der Markt”. კონსტანტინე გამსახურდიამ, როგორც გერმანული და ქართული ენების ზედმიწევნით მცოდნემ, სწორედ ასე თარგმნა ეს სიტყვა, განსხვავებით დღეს გავრცელებული ვერსიისგან, რომლის მიხედვითაც “die Messe” „ბაზრობად“ ითარგმნება. დღევანდელი თარგმანი არა მხოლოდ ლინგვისტური თვალსაზრისითაა უზუსტო, არამედ შინაარსობრივი მნიშვნელობითაც და ამ უკანასკნელს ჩვენ ქვემოთ მივუბრუნდებით.

ბეჭდური წიგნი – იოჰანეს გუტენბერგის სტამბაში დაბეჭდილი – ფრანკფურტში პირველად 1545 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. აქედან ეყრება საფუძველი ფრანკფურტის წიგნის გამოფენის ხუთსაუკუნოვან ტრადიციასაც და, ზოგადად, ბეჭდური წიგნის გავრცელებასაც. ცნობილია, რომ გუტენბერგის გამოგონებამ დიდად შეუწყო ხელი ლიტერატურის „ინტერნაციონალიზაციას“  – ანუ მის საერთაშორისო გავრცელებას და სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურათა დაახლოებას. ევროპაში ამ პროცესის მზარდი ხასიათი უკვე მე-18 საუკუნეში იყო საგრძნობი. კიდევ უფრო საგრძნობი გახდა მე-19-ში, განსაკუთრებულად გაიზარდა მე-20-ში და იზრდება ახლაც. სადღეისოდ ევროპული ქვეყნების ლიტერატურა იმდენად დაუახლოვდა ერთი-მეორეს, რომ ეროვნული მიჯნები უკვე გადალახეს და შორს აღარაა ის დრო, როცა ენობრივ საზღვრებსაც სრულად გადალახავენ.

საქართველომ და ქართულმა ლიტერატურამ „ინტერნაციონალიზაციის“ ყველა ეს ეტაპი გამოტოვა. სტამბა კი არსებობდა ტფილისში 1708 წლიდან (პირველი ქართული ბეჭდური წიგნი გაცილებით ადრე დაისტამბა – 1629 წელს, ოღონდ – რომში), თუმცა, გამუდმებული შემოსევების გამო, წიგნის ბეჭდვის საშუალება ნაკლებად იყო, და საზღვარგარეთ თარგმნა-გავრცელების – მით უმეტეს. მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ანუ რუსეთის ჯერ ცარისტული და მერე ბოლშევიკური იმპერიის შემადგენლობაში იძულებით ყოფნის დროს, არათუ საზღვარგარეთ გავრცელება, საქართველოში ქართული წიგნის ბეჭდვაც კი იმპერიულ კონტროლსა და ცენზურას დაექვემდებარა. იმპერიის საზღვრებს გარეთ ქართული წიგნი ძალიან იშვიათად გადიოდა. თუ გავიდოდა, იდეოლოგიურად ყოველმხრივ „საიმედო“ უნდა ყოფილიყო – გადამწყვეტ როლს ასრულებდა იდეოლოგია და არა მხატვრული ღირებულება. ამიტომაც ითარგმნა ფრანგულად „კოლხეთის ცისკარი“ და არა – იმავე ეპოქაში დაწერილი „მთვარის მოტაცება“.

არადა, ეს სწორედ ქართული ლიტერატურის „მეორე რენესანსის” ეპოქა იყო. დიდი მწერლების და გენიალური პოეტების მთელი თაობები, იმპერიულ საზღვრებში ჩაკეტილნი, ამაოდ ნატრობდნენ ამ საზღვრების გარღვევას და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. თავის დროზე მათ საამისო შესაძლებლობა არ მიეცათ.

მათი წიგნები მხოლოდ ახლა უნდა წარუდგნენ მსოფლიოს. ამიტომაც გადაჭარბებული არ იქნება, თუ ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველოს მიწვევას ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენად ჩავთვლით. შეიძლება ითქვას: საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ თავისი ათას ხუთასწლოვანი ლიტერატურა ღირსეულად წარადგინოს არა მარტო გერმანელი მკითხველის, არამედ – მთელი ევროპის და მთელი კულტურული კაცობრიობის წინაშე.

ასეთ სერიოზულ მოვლენას მომზადებაც სერიოზული სჭირდებოდა. შეიქმნა კიდეც „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, რომელიც ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მათივე განცხადების თანახმად: ცენტრი ემსახურება ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

ცენტრის ვებ-გვერდზე, 15 თებერვლის მდგომარეობით, გამოქვეყნებულია ინფორმაცია უკანასკნელი წლების მანძილზე ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოების შესახებ – ანუ  ჩამონათვალი იმ მწერლებისა და წიგნებისა, რაც ითარგმნა, გამოიცა და საზღვარგარეთ ცენტრის დახმარებით  გავრცელდა.

სიისთვის თვალის ერთხელ გადავლებაც საკმარისია, რომ შევამჩნიოთ, ერთი მხრივ, საყოველთოდ ცნობილი და აღიარებული ქართველი მწერლების გამაოგნებელი სიმცირე, ხოლო მეორე მხრივ – თანამედროვე ავტორთა სიმრავლე და ახალ-ახალი წიგნების მოზღვავება. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: „ცენტრის“ მიერ სადღეისოდ უკვე თარგმნილ-გამოცემულ-გაპიარებულ 179 წიგნს შორის ვერ ნახავთ ილია ჭავჭავაძის, დავით კლდიაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას ვერცერთ წიგნს. სამაგიეროდ, ბლომად ნახავთ ახლად გამოცემულ თანამედროვე წიგნებს, მაინცდამაინც რომ ვერ დაიკვეხნიან მხატვრული ღირებულებით.

სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმასაც, რომ ორიოდე თვის წინ ილია ჭავჭავაძის მოთხრობების თარგმნა და 1969 წელს გერმანულად თარგმნილ-გამოცემული „დიდოსტატის მარჯვენის“ ხელახალი გამოცემაც დაანონსდა, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თავიდანვე რატომღაც ათვალწუნებულ „მთვარის მოტაცებას“, „დიონისოს ღიმილს“ და ნოველებს დღემდე ჯიუტად არ თარგმნიან. არც დავით კლდიაშვილს წყალობენ. მოკლედ რომ ვთქვათ: ამ საქმის მესვეურთა ანტიკლასიკური პათოსი ოდნავ შერბილდა, თუმცა პრინციპულად იგივე დარჩა.

აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ცენტრი“ მიზნად ისახავს საზღვარგარეთ პოპულარიზაციას არა იმდენად ათას ხუთასწლოვანი ქართული ლიტერატურისას, არამედ, უმთავრესად – თანამედროვე ქართველი მწერლებისას, უფრო კონკრეტულად – მათი ერთი ნაწილისას.

ცნობილია, რომ თანამედროვე ლიტერატურის ჯეროვნად შეფასება ურთულესი საქმეა. წიგნის ყველაზე დიდი შემფასებელი, როგორც წესი, დროა და მკითხველი. ხშირად ხდება, რომ სადღეისოდ აღიარებულ-მოწონებული წიგნი მალევე კარგავს ფასს და რამდენიმე წელიწადში აღარავის ახსოვს, ავტორის ჩათვლით. ახლად გამოცემული წიგნის შესახებ შეუმცდარი აზრის გამოთქმა ძალზე ძნელია. ვინც ასეთ რამეს დააპირებს – ილია ჭავჭავაძისეული ობიექტურობა და კომპეტენტურობა მართებს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელ საქართველოში მწერალ-პოეტების რაოდენობა მკითხველებისას ბევრად აღემატება, ასეთი საქმე შეუძლებლადაც უნდა ჩაითვალოს.

ამიტომაც ყოველმხრივ გონივრული იქნებოდა, რომ თარგმნილიყო და გამოცემულიყო, უპირველეს ყოვლისა – ქართული მწერლობა მე-5 საუკუნიდან 21-მდე – ანუ ის, რისი ხარისხიც დრომ უკვე დაამტკიცა, და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეკიდა ხელი თანამედროვე მწერლების თარგმნა-გამოცემისთვის, რომლებიც უმკაცრესად ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა შერჩეულიყვნენ.

მოხდა პირიქით: საზღვარგარეთ თარგმნილ, გამოცემულ და გაპიარებულ წიგნებს შორის კლასიკური მწერლობა სანთლით საძებარია, ხოლო მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ ახალგამოცემული წიგნები, თანაც უმეტესად ისინი, რომელთა მხატვრული ღირებულებაც, მეტი რომ არაფერი ვთქვათ – სერიოზულად საეჭვოა, და რომელთა ავტორების კლანური სიახლოვეც ამ საქმის მესვეურებთან არანაკლებ სერიოზულ კითხვებს ბადებს.

ერთადერთი არგუმენტი, რითაც ამ პარადოქსული ვითარების ახსნას ცდილობენ, ისაა, რომ თითქოს გერმანელ მკითხველებსა და გამომცემლებს თანამედროვე ლიტერატურა უფრო აინტერესებთ, ამიტომ ჩვენც იძულებულნი ვართ, მათი მოთხოვნა გავითვალისწინოთ: კლასიკური მწერლობა გვერდზე გადავდოთ, ხოლო თანამედროვე ენჯეო-ლიტერატურა ინტენსიურად ვთარგმნოთ, ვაქვეყნოთ და ვაპიაროთ. ფრანკფურტის წიგნის გამოფენა კი სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი „ბაზარი“, სადაც ყველამ თავისი ბიზნესინტერესების დაკმაყოფილებაზე უნდა იზრუნოს და საზოგადო ინტერესი არაფრად ჩააგდოს.

ხსენებულ „არგუმენტს” შეიძლება დაუპირისპირდეს, სულ მცირე, სამი კონტრარგუმენტი. პირველი: გერმანელ, ევროპელ და, ზოგადად, უცხოელ მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიახლოებითი წარმოდგენაც არ აქვს ქართული ლიტერატურის შესახებ: მათ ის დააინტერესებთ, რასაც მიაწვდიან, და ისე დააინტერესებთ, როგორც მიაწვდიან. ამას გარდა, შარშანდელი სტუმარი ქვეყნის – საფრანგეთის მაგალითი საქართველოსთვის ვერ გამოდგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, დიდი ხანია, ფრანგულ ლიტერატურას მთელი მსოფლიო კარგად იცნობს და გერმანელი მკითხველი – მით უმეტეს. ცხადია, მათ თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა უფრო დააინტერესებთ, ვიდრე – ათასჯერ წაკითხული ბალზაკისა და ფლობერის ათასმეერთედ წაკითხვა. ჩვენი საქმე სულ სხვაა: ქართულ ლიტერატურას ჯერ არ იცნობენ, ახლაღა უნდა გაიცნონ, ამიტომაც საფრანგეთის წამხედურობა აქ უადგილოა.

მესამე და მთავარი: ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე სტუმრობას თავისი წესები აქვს, რისი ნახვაც გამოფენის ვებგვერდზევე შეიძლება და რომლის მიხედვითაც „სტუმრობის კონცეფცია, ორგანიზაცია და დაფინანსება არსებითად სტუმარი ქვეყნების ხელშია“ – “Konzeption, Organisation und Finanzierung des Auftritts liegen grundsätzlich in der Hand des Gastlandes”. ამრიგად, წესების მიხედვით, სტუმარი ქვეყანა თვითონ განსაზღვრავს ღონისძიების კონცეპტუალურ მხარეს.

ეგეც არ იყოს, „ცენტრის“ ვებგვერდზე გარკვევით წერია, რომ „ცენტრი“ ემსახურება „ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებითსახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას“. ფრანკფურტში საქართველოს სტუმრობას აფინანსებენ არა გამომცემლები და სხვა კერძო ბიზნესმენები, არამედ – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი (17 მლნ. ლარი). მოცემულ ვითარებაში, ლეგიტიმურია შეკითხვის დასმა იმის შესახებ, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. რაკი ხსენებული პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, მასვე მოეთხოვება ბიუჯეტის მიზნობრივი გახარჯვის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ვინაიდან ეს ღონისძიება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საკმაოდ სოლიდურადაც, მაშინ სახელმწიფო ინტერესებსვე უნდა ემსახურებოდეს და არა თუნდაც უცხოური კერძო გამომცემლობების ხუშტურებს, ან იმ თანამედროვე მწერლების თარგმანების დაფინანსებას, რომლებიც საზღვარგარეთ ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდით არიან დაკავებულნი. სახელმწიფოს ასევე მოეთხოვება მთლიანი პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისა და მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.

ზოგადად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე თანამედროვე ქართული გამომცემლობები და მწერლები გრძელვადიანი პერსპექტივიდან თუ შეხედავენ ვითარებას, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ თანამედროვე საეჭვო წიგნის თარგმნა-გამოცემა-გაპიარება მხოლოდ დღეს თუ მოიტანს რაიმე მოგებას, ისიც იშვიათ შემთხვევაში და ისიც – ძალზე მცირეს. ხვალ და ზეგ ეს საეჭვო წიგნები ფრანკფურტში აღარავის ემახსოვრება.

სამაგიეროდ, ისეთი ლიტერატურის თარგმნა და ჯეროვნად გავრცელება, როგორიც დავით კლდიაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიას წიგნებია, მათთვისვე იქნება ხელსაყრელი: ევროპელი მკითხველი სიღრმისეულად დაინტერესდება ქართული ლიტერატურით, ხოლო თანამედროვე მწერლებს და მათ გამომცემლებს ახალი და მართლაც დიდი პერსპექტივა გაუჩნდებათ. აღარაფერს ვამბობ ქართული ლიტერატურის და, ზოგადად, ქართული კულტურის ინტერესებზე, რომელთათვისაც ეს ტრიუმფი ეპოქალური გამარჯვება იქნებოდა. შესაბამისად: კერძო ინტერესების დროებით უგულვებელყოფა ქართული ლიტერატურის საერთო ინტერესებისთვის, საბოლოო ჯამში, ჩვენი თანამედროვე მწერლებისთვისვეა ხელსაყრელი და ბევრად უფრო სასარგებლო, ვიდრე – საკუთარი ამბიციებისთვის ქართული კულტურის გადაყოლება და ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება. მერაბ კოსტავას ცნობილი ფრაზაა: „ეროვნული მოძრაობა უნდა გიყვარდეთ და არა – თქვენი თავი ამ მოძრაობაში”. ვაჟა-ფშაველამ უფრო ადრე და უფრო მკაცრად თქვა: „თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ არც როს არ გამასდგებითა!“ აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ამ კონკრეტული ღონისძიებით ქართულ ლიტერატურას უნდა ვემსახუროთ და არა ჩვენს კერძო ინტერესებს ამ ლიტერატურაში.

ამასობაში დრო გადის და ფრანკფურტის გამოფენა ახლოვდება. ამ საქმის ორგანიზატორებს თავის დროზე რომ გაეთვალისწინებინათ სამართლიანი შენიშვნები, ახლა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. გამოფენამდე დარჩენილ რვა თვეში ამ საქმის სრულად გამოსწორება შეუძლებელიც კია, მაგრამ ნაწილობრივ გამოსწორება მაინცაა შესაძლებელი იმისთვის, რომ ფრანკფურტში საქართველომ, ნანატრი გამარჯვების მაგივრად, ისტორიული სირცხვილი არ ჭამოს და, ორგანიზატორების გაუცნობიერებელი ნათქვამისა არ იყოს – „ეგზოტიკურ ქვეყნად” არ წარდგეს, სადაც ახლაღა სწავლობენ წერა-კითხვას და, თანამედროვე ენჯეო-ლიტერატურის მეტი, არაფერი აქვთ გამოსაფენი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საჩქაროდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

„დიონისოს ღიმილის“ და „მთვარის მოტაცების“ თარგმნა ასეთ მოკლე ხანში ვერც მოესწრება და არცაა სასურველი, უცხოელ მკითხველს ნაჩქარევი თარგმანი შევაჩეჩოთ, ეს საქმე კვალიფიციურმა ხალხმა უნდა ითავოს. საამისო ინიციატივა უკვე გამოითქვა. კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე მოთხრობის თარგმნა კი შეიძლება,  ინგლისურად უკვე თარგმნილი „დიდოსტატის მარჯვენის“ ხელახალი გამოცემა და გავრცელებაც თავისუფლად მოესწრება. დავით კლდიაშვილის რამდენიმე მოთხრობის თარგმნაც შესაძლებელია ამ რვა თვეში და ბევრი სხვა რამეც.

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ქართული ლიტერატურისთვის ფრანკფურტში სტუმრობის მსგავსი მნიშვნელობის მქონე მოვლენა დიდი ხანია, არ მომხდარა. ამიტომაც, საკითხისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს არა ვიწრო კლანური, არამედ – ფართო საზოგადოებრივი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა კვალიფიციური თუ დაინტერესებული ადამიანი და ინსტიტუტი, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია აქვს, ვისთვისაც ქართული ლიტერატურა მნიშვნელოვანია და ვინც თავს ქართული კულტურის გულშემატკივრად მიიჩნევს.

P.S. ეს წერილი 16 თებერვალს გამოქვეყნდა ონლაინ-გამოცემა „ლიბერალზე“ და გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში იქნა აღებული. რედაქციის განმარტების თანახმად, წერილის დროებით ამოღების მიზეზი გახდა ის, რომ წერილში წარმოდგენილი ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებდა. ეს გადამოწმება უკვე ერთი კვირაა გრძელდება და, როგორც ჩანს, კიდევ გაურკვეველი ვადით გაგრძელდება, ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, წერილი დროულად გამოვაქვეყნოთ.

 

Share on Facebook907Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.