კეინსიანიზმის ორი მოდელი და საქართველო

Share on Facebook99Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ლევან► ავტორი: ლევან აბაშიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი. ის გახლდათ ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge-ს მთავარი რედაქტორი 2012-2014 წლებში.

© European.ge

შესავალი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში პოლიტიკური ეკონომიკის ორი მოდელი დომინირებდა. ორივემ დაახლოებით 30 წელი იარსება, მანამ სანამ ეკონომიკურმა კრიზისებმა, მათი დასრულება არ გამოიწვია. ამჟამად ჩვენ ახალი მოდელების წარმოქნას ვაკვირდებით, თუმცა ჯერ სრულად არ არის ჩამოყალიბებული როგორი შეიძლება იყოს მათი ძირითადი მახასიათებლები.

პირველი მოდელი იყო მოთხოვნის მართვის კეინსიანური სტრატეგია (ზოგიერთ ქვეყნებში მას შრომითი ურთიერთობების ნეოკორპორატისტული სისტემა ემატებოდა). ამ მოდელმა კოლაფსი განიცადა ინფლაციური პრობლემების გამო, რომელიც სასაქონლო ფასების ზრდამ გამოიწვია 1970–იან წლებში. მისი ადგილი დაიკავა მოდელმა, რომელსაც როგორც წესი ნეოლიბერალიზმს უწოდებენ, თუმცა როგორც კოლინ კრაუჩი მიიჩნევს, 2008 წლის კრიზისის შემდეგ გამოჩნდა, რომ ის პრივატიზებული კეინსიანიზმის მოდელს წარმოადგენდა.

თავდაპირველ კეინსიანიზმში ეკონომიკის სტიმულირებისათვის ვალებს მთავრობა იღებდა. კეინსიანიზმის პრივატიზებულ ვერსიაში საბაზრო პირობებში ეს როლი საკუთარ თავზე ინდივიდებმა აიღეს (ძირითადად ღარიბებმა)(Crouch, 2008). მთავარი მამოძრავებელი ამ პროცესში იყო მუდმივად მზარდი ფასები უძრავ ქონებაზე, სახლებზე და მაღალრისკიანი ბაზრების შეუქცევადი ზრდა. ეს სისტემა ნაწილობრივ დაინგრა ენერგო რესურსებზე და სხვა საქონელზე ფასების ზრდის გამო გამოწვეული ინფლაციის, თუმცა ასევე სისტემის შიგნით არსებული შინაგანი წინააღმდეგობების გამო. კრაუჩის აზრით, მან ადგილი დაუთმო კორპორატივიზმის ახალ ფორმას, რასაც პასუხისმგებლობიანი კორპორატივიზმი შეიძლება ვუწოდოთ.

colin crouch, stadtgesprächამ სტატიის მიზანი იქნება ბრიტანელი პოლიტიკური სოციოლოგის, კოლინ კრაუჩის სტატიის მიხედვით, მიმოიხილოს კეინსიანიზმის ორი მოდელი. მათი თეორიული მახასიათებლები და ის, თუ როგორ მუშაობდა ისინი პრაქტიკაში და რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ რატომ განიცადეს კოლაფსი. დასკვნით ნაწილში კი ამ თეორიული მიდგომის საფუძველზე შევეცდები მოვახდინო პოსტსაბჭოთა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოკლე ანალიზი. ამასთან გამოვარკვიო ამჟამად რა განვითარების პერსპექტივები არსებობს.

კეინსიანური მოდელის ჩამოყალიბების მიზეზები

კეინსიანიზმის ორივე მოდელს კაპიტალიზმსა და დემოკრატიას შორის არსებული უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობა უნდა გადაეწყვიტა. რაც გულისხმობდა, ერთის მხრივ, დაუცველობასა და გაურკვევლობას, რასაც ბაზრები ეკონომიკური შოკების დროს ქმნიან და მეორეს მხრივ, დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში გარდაუვალ ზეწოლას მოქალაქეებისგან, რომლებიც მთავრობისგან დაცულობასა და პროგნოზირებად მომავალს ითხოვენ. ამას გარდა, არსებობს სხვა წინააღმდეგობაც, რომელიც განვითარებული კაპიტალიზმის შიგნით არსებობს. სისტემა ერთის მხრივ საჭიროებს მომხმარებლებს, რომლებიც ფირმებს მისცემს საშუალებას მშვიდად დაგეგმონ საკუთარი წარმოება და მეორეს მხრივ, არსებობს მოთხოვნის დაცემის პერიოდები, როდესაც მცირდება ხელფასები, რომელიც თავის მხრივ ძირს უთხრის მომხმარებლების შესაძლებლობებსა და თავდაჯერებულობას (Crouch, 2008). ამ პრობლემის სრულად გადაჭრა შეუძლებელია. ის შესაძლებელია, იმართოს დრო და დრო შეცვლილი მოდელების მიხედვით, რომლებიც საბოლოოდ თავის თავს ამოწურავენ და ახლით ჩანაცვლებას საჭიროებენ.

ეს საკითხი განსაკუთრებულად მწვავედ XX საუკუნის დასაწყისიდან დადგა, როდესაც დემოკრატია კაპიტალიზმს ახალ, ამბიციურ სიახლეებსა და გამოწვევებს სთავაზობდა. აღნიშნულ პერიოდამდე მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებობდა ძალიან დაბალი შემოსავლების პირობებში, რომელიც ნელი ტემპით იზრდებოდა. სამომხმარებლო თავდაჯერებულობის იდეა, თუკი ის საერთოდ არსებობდა იმ დროში, შეიძლება შეხებოდა მხოლოდ მცირე, საზოგადოების მდიდარ ნაწილს. მოსახლეობის ძირითადი მასის მოთხოვნა უკეთესი ცხოვრების პირობებზე, განიხილებოდა როგორც არარეალიზებადი.

პირველი მცდელობა ამ პრობლემის გადასაჭრელად, როგორც ცნობილია, იყო მასიური ქარხნული წარმოება XX საუკუნის დასაწყისში, რომელიც როგორც წესი აშშ–ში ფორდის ქარხნის ასოციაციას იწვევს. ტექნოლოგიებმა და შრომის ორგანიზებამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაბალკვალიფიციური მუშების მწარმოებლურობა. ამის შედეგად საქონელი გაიაფდა, ხოლო ხელფასები გაიზარდა. შესაბამისად მუშებს უკვე თავად შეეძლოთ ამ საქონლის უმრავლესობის შეძენა. მასიური მოხმარება რეალისტური გახდა.

დემოკრატიამ, ტექნოლოგიებთან ერთად ამ მოდელის შექმნაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. თუმცა როგორც უოლ–სტრიტის კრახმა აჩვენა 1929 წელს, რომელიც ფორდისტული მოდელის ამუშავებიდან სულ რამოდენიმე წელში მოხდა, კვლავ გადაუწყვეტელი იყო წინააღმდეგობა, რომელიც არსებობდა ბაზრის არასტაბილურობასა და მომხმარებელი–ამომრჩევლების მოთხოვნილებაზე სტაბილურობასთან დაკავშირებით (Crouch, 2008). სწორედ ამ პერიოდში წარმოიშვა ის რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც კეინსიანური მოდელი და რომელიც მოკლედ ქვემოთ იქნება აღწერილი.

კეინსიანური მოდელის მიღწევები და სისუსტეები

კეინსიანური მოდელის მუშაობის მექანიზმი, მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია. რეცესიის დროს, როდესაც მსყიდველობითი უნარი დაბალია, მთავრობამ ვალი უნდა აიღოს, რათა თავისი ხარჯებით ეკონომიკის სტიმულირება მოახდინოს. ხოლო ინფლაციის დროს როდესაც მოთხოვნა ჭარბია, მთავრობამ უნდა შეზღუდოს ხარჯები, დაფაროს ვალები და შეამციროს მთლიანი მოთხოვნა. მოდელი გულისხმობს მაღალ სახელმწიფო ბიუჯეტს რათა მასში მომხდარმა ცვლილებამ საჭირო მაკროეკონომიკური შედეგი გამოიწვიოს (Crouch, 2008). ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნებისთვის ასეთი შესაძლელობა მხოლოდ სამხედრო ხარჯების კოლოსალურმა ზრდამ შექმნა, მეორე მსოფლიო ომის დროს. სახელმწიფო ხარჯების ზრდა, ომის შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა. ამ მხრივ მეორე მსოფლიო ომი გამონაკლისი იყო, რადგან სამხედრო ხარჯები მზარდმა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფომ ჩაანაცვლა.

კეინსიანურმა მოდელმა ჩვეულებრივი ხალხი ბაზრის მტკივნეული რყევებისგან იხსნა, რომელსაც არასტაბილურობა შეჰქონდა მათ ცხოვრებაში ეკონომიკური ციკლების გავლენის გამო. ამდენად ისინი კვლავ რჩებოდნენ პროდუქციის საიმედო და მასიურ მომხმარებლებად, რომელსაც მასიური წარმოების ინდუსტრია აწარმოებდა. უმუშევრობა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე შემცირდა. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფომ არამარტო მისცა მთავრობებს მოთხოვნის მართვის ინსტრუმენტები, არამედ აღმოუჩინა ხალხს დახმარება იმ მნიშვნელოვან სფეროებში რომლებზეც საბაზრო სტრუქტურების პირობებში წვდომა არ არსებობდა. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნა მეტი სტაბილურობა.

მოთხოვნის მზარდმა მართვამ კეთილდღეობის სახელმწიფოსთან ერთად, კაპიტალისტური ეკონომიკის დიდი ნაწილი დაიცვა როგორც სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირების შოკისგან, ისე მტრული ძალების შეტევებისაგან. ამ დროს მშრომელების ცხოვრება დაცული იყო ბაზრის კაპრიზებისაგან. ეს იყო ნამდვილი სოციალური კომპრომისი.

დასაწყისშივე კონსერვატორი კრიტიკოსები მიუთითებდნენ რომ კეინსიანური მოდელი ხასიათდებოდა პოლიტიკური ინერციულობით. რეცესიის დროს მთავრობას შეეძლო ადვილად გაეზარდა ხარჯები და შეემცირებინა უმუშევრობა, მოეხდინა მეტი საზოგადოებრივი სერვისების ორგანიზება და მეტი ფული გაეჩინა ხალხის ჯიბეში. თუმცა დემოკრატიის პირობებში ძალზედ რთული იქნებოდა ასეთ ნაბიჯებზე უარის თქმა უკვე ეკონომიკური ბუმის დროს. ეს იყო დესტრუქციის მარცვალი, რომელიც თავად კეინსიანურ მოდელში არსებობდა (Crouch, 2008).

კეინსიანურმა მოდელმა შესაძლებელი გახადა ინტერესების დროებითი თანხვედრა გლობალური ჩრდილო–დასავლეთის სამრეწველო მუშათა კლასს და სისტემის საერთო პოლიტიკურ–ეკონომიკურ ინტერესებს შორის.   ეს იყო კლასი რომელიც მეტნაკლებად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა სისტემისთვის, მაგრამ ეს აგრეთვე იყო კლასი რომელსაც შეეძლო პოტენციურად უზრუნველეყო მასიური მოხმარება, რომელსაც ადვილად და გარანტირებულად შეეძლო ისტორიის მანძილზე ჯერ არ ნახული ეკონომიკური ზრდა უზრუნველეყო (Crouch, 2008). ამასთანავე ეს იყო კლასი, რომელიც ქმნიდა პოლიტიკურ პარტიებს, პროფესიულ კავშირებს და სხვა ორგანიზაციებს. მათ ინტერესებსა და საჭიროებებს კი   მათთან დაკავშირებული ინტელექტუალები გამოხატავდნენ. კეინსიანური მოდელი ფორდისტულ სისტემასთან ერთად გახდა პასუხი იმ საჭიროებებზე, რამაც შესაძლებელი გახადა კაპიტალისტური წარმოების სისტემასთან მათი შეთანხმება.

ბაზისური კეინსიანური მიდგომა პირველად საჯარო პოლიტიკაში მეორე მსოფლიო ომამდე დაახლოებით 5 წლით ადრე გამოჩნდა. ორ ადგილას, სკანდინავიასა და აშშ–ში. ორივე შემთხვევაში ეს იყო რეზულტატი კოალიციურ ძალებს შორის, რომლებიც სამრეწველო მუშათა კლასს და მცირე ფერმერებს წარმოადგენდნენ. ამერიკული „ახალი კურსი“ არსებული ფორმით მხოლოდ დროებით შეთანხმებას წარმოადგენდა. სკანდინავიური მუშათა მოძრაობა ამერიკულზე ძლიერი იყო და ამ მოდელის უფრო მაღალ დონეზე აყვანა შეძლო, რაც კეთილდღეობის სახელმწიფოში გამოიხატა. ომის შემდეგ აგრეთვე ამ მიმართულებით წავიდა ბრიტანული მუშათა მოძრაობა.

კონტინენტური ევროპის მუშათა მოძრაობები ომის, ფაშიზმის, ნაციზმის დატოვებული მემკვიდრეობისა და აგრეთვე რელიგიური განსხვავებების გამო უფრო სუსტები იყვნენ. კეინსიანური მოდელი აქ უფრო ნელი ტემპით განვითარდა, ხოლო მთავრობები ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის სხვა საშუალებებს იყენებდნენ. ამავე პერიოდში იწყება მასშტაბური ფულადი დახმარება აშშ–დან მარშალის გეგმის სახით, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ხარჯებზე. რამაც ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად სტიმულირება და მუშათა მაღალი ხარისხის დაცულობა უზრუნველყო. ამ პერიოდში ამ ეკონომიკებში მოთხოვნის მართვა და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები ჩნდება.

პრივატიზებული კეინსიანიზმი

მთელი ამ დროის მანძილზე, „ნამდვილ“ ბაზარზე დაბრუნების მომხრეებს არასდროს შეუწყვეტიათ აქტივობა და უკვე მზად ქონდათ მთელი რიგი ალტერნატიული სტრატეგიები. მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა მთავრობის ჩამოშორება ეკონომიკაზე საერთო პასუხისმგებლობისგან. მიუხედავად იმასა, რომ აქამდე ძირითად ყურადღებას მოთხოვნის მართვაზე ვამახვილებდით, კეინსიანიზმი ასევე მოიცავს რეგულირების, სუბსიდირებისა და სოციალური უზრუნველყოფის უფრო ფართო ინსტრუმენტებს.

საპირისპირო იდეების მომხრეებს საჭირო ისტორიული მომენტი სჭირდებოდათ, რათა საკუთარი შეხედულების სისწორე მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დაემტკიცებინათ. ასეთ მომენტად 1970–იანი წლების ინფლაციური კრიზისი იქცა. ათწლეულების მანძილზე ორთოდოქსალური გახდნენ ისეთი იდეები როგორებიც არის; ინფლაციის ნულთან მიახლოებული დონის შენარჩუნების აბსოლუტური პრიორიტეტი უმუშევრობის დონის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებების გაუქმება ფირმებისა და ინდუსტრიებისათვის, რომლებსაც სირთულეები გააჩნდათ, კონკურენციის დომინირება, აქციონერების ინტერესების მაქსიმიზაცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გაზიარებული ინტერესების კორპორატივისტულ მოდელს.უარი ბაზრების რეგულირებაზე და კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაცია გლობალური მასშტაბით (Crouch, 2008). სუსტი ეკონომიკის ქვეყნები, რომლებსაც არ სურდათ ამ იდეების გაზიარება, იძულებულნი იყვნენ მიყოლოდნენ იმ დღის წესრიგს რომელსაც მათ როგორც წევრებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და ევროკავშირი სთავაზობდა. 1989 წელს საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ მისმა ყოფილმა მოკავშირეებმა, რომლებიც დასავლეთთან უფრო ახლოს იყვნენ, ასევე გაიზიარეს ეს ახალი მოდელი. ეს გზა გაიარეს პოსტ–საბჭოთა ქვეყნებმაც. მათ შორის საქართველომ.

შემდეგი ცვლილება იყო ნაციონალური სახელმწიფოს დასუსტება. ომის შემდგომი პოლიტიკური ეკონომიკა ეფუძნებოდა მთავრობას რომელსაც შეეძლო ავტონომიურად ემართა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა. 1980–იანი წლებიდან დაიწყო პროცესი რომელსაც გლობალიზაციას უწოდებენ(ის იყო ფინანსური ბაზრების დერეგულირების შედეგი) და რომელმაც ამ ავტონომიურობის დიდი ნაწილი გაანადგურა. ერთადერთი აქტორები, რომლებსაც შეეძლოთ ოპერატიულად ემოქმედათ გლობალურ დონეზე, ტრანსნაციონალური კომპანიები იყვნენ, რომლებიც სახელმწიფოს, საკუთარ კერძო რეგულირების მექანიზმებს ამჯობინებდნენ. ეს დაემატა ახალ მოდელს და მისი განუყოფელი ნაწილი გახდა(Crouch, 2008).

თუკი კეინსიანური მოდელი ინდუსტრიული მუშათა კლასის ინტერესებს გამოხატავდა, კრაუჩის აზრით ის კლასი, რომლის კერძო ინტერესებსაც ეს ახალი მოდელი ყველაზე კარგად გამოხატავდა იყო ფინანსური კაპიტალისტების კლასი, რომლებიც გეოგრაფიულად აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში იყვნენ თავმოყრილნი, მაგრამ ამასთან მთელ მსოფლიოს მოიცავდნენ. ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო იმ კლასმა, რომლის საქმე ფინანსური სფეროს დერეგულირებას ეხებოდა, რადგან ამ ცვლილებებმა ფინანსური ბაზრების ზრდა გამოიწვია. თუკი სტაბილურმა შრომის ბაზრებმა და კაპიტალიზმის რეგულირებამ კეინსიანიზმის დროს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში უთანასწორობის შემცირება გამოიწვია, შემდგომ პერიოდში ამ ტენდენციის მკვეთრი ცვლილება მოხდა, რადგან ახალ მოდელში სარგებლის უმეტესი წილი(განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში) ფინანსური ინსტიტუტების მფლობელებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.

1970 იან წლებში კეინსიანიზმის კრიზისის დასაწყისი აღინიშნა სამრეწველო მუშათა კლასის გამოსვლების ძლიერი ტალღით. იმდენად ძლიერი, რომ გაჩნდა მოსაზრება რომ ამ კლასის მიერ შემოთავაზებული გამოწვევა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ეს ყველაფერი ილუზია აღმოჩნდა. შრომის მწარმოებლურობის ზრდამ და წარმოების გლობალიზაციამ , ფაქტიურად მთლიანად გააქრო მოძრაობის დემოკრატიული ბაზა (Crouch, 2008). მომპოვებითი და მანუფაქტურული წარმოების წილის შემცირება ჯერ აშშ–ში, დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიაში დაიწყო, შემდეგ კი მთლიანად მოიცვა დასავლეთის ქვეყნები. 1970 იანი წლების მღელვარება დაიწყო მხოლოდ იმიტომ რომ მთავრობებმა ეს პროცესი დააჩქარეს. მრეწველობაში დასაქმებული მუშები არასდროს და არსად არ შეადგენდნენ დასაქმებულთა ძირითად მასას, მაგრამ თუკი ამ პერიოდამდე მათი რაოდენობა იზრდებოდა, ახლა უკვე შემცირება დაიწყო. ახალი ეკონომიკის მზარდ სექტორებში, კერძო და მომსახურების სერვისის თანამშრომლები არ იყვნენ ორგანიზებული და არ ქონდათ განვითარებული საკუთარი ავტონომიური დღის წესრიგი, აგრეთვე არ გააჩნდათ ორგანიზაციები საკუთარი სპეციფიური საჭიროებების გამოსახატავად.

თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ კეინსიანური მოდელი მისაღები იყო თავად კაპიტალისტებისთვის იმიტომ, რომ მათთვის სტაბილურ მასიურ მოხმარებას უზრუნველყოფდა, ისევე როგორც მუშებისთვის, რომლებისთვის სტაბილური ცხოვრების პირობების გარანტირებას ახდენდა. 1980–1990–იან წლებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ვითარების სტაბილურობას საფრთხე შეექმნა, რადგან ამ პერიოდის მთავარი მახასიათებლები უმუშევრობის ზრდა და განგრძობადი რეცესია იყო. თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. XX საუკუნის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა და განსაკუთრებით აშშ–მა მოახერხეს უმუშევრობის შემცირება და ეკონომიკის მაღალი ზრდა. ახლა უკვე ჩვენთვის ცნობილია რომ ნეოლიბერალიზმი არასტაბილურობისგან ორმა ფაქტორმა იხსნა, რომელიც მეორეს მხრივ მისთვის შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს. საკრედიტო ბაზრების ზრდა ღარიბებისა და საშუალო შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის და დერივატივებისა და ფიუჩერსების ბაზრები ძალიან მდიდრებისათვის. ამ კომბინაციამ შექმნა პრივატიზირებული კეინსიანიზმის მოდელი, რომელიც თავიდან შეიქმნა როგორც ბაზრის განვითარების შედეგი, მაგრამ ეტაპობრივად გახდა სახელმწიფო პოლიტიკის ობიექტი, იმდენად მნიშვნელოვნად რომ მთელ ნეოლიბერალურ პროექტის არსებობას შეუქმნა საფრთხე (Crouch, 2008).

კრაუჩის აზრით, მთავარი მახასიათებელი იმაში მდგომარეობდა რომ ეკონომიკის სტიმულირებისათვის ვალების აღება მთავრობის ნაცვლად, ინდივიდებმა დაიწყეს. ამას ემატებოდა საცხოვრებელი სახლების ბაზრის ძალიან სწრაფი ზრდა, რასაც საბანკო სესხების გაცემა იწვევდა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკრედიტო ბარათების გავრცელების სწრაფი ზრდა. ადამიანებისათვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა რამოდენიმე სხვადასხვა კომპანიებისა და სავაჭრო ქსელების საკრედიტო ბარათების ფლობა.

სწორედ აქ არის პასუხი ამ პერიოდის მთავარ კითხვაზე. როგორ მოახერხეს ამერიკელმა დასაქმებულებმა არცთუ ისე მაღალი ხელფასით, რომელიც წლების განმავლობაში არ იზრდებოდა და მოულოდნელად სამსახურიდან განთავისუფლების გარანტიის გარეშე მოეხერხებინათ და შეენარჩუნებინათ მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა. ამერიკაში ფასები სახლებზე ყოველწლიურად იზრდებოდა. მასთან ერთად იზრდებოდა, მის სანაცვლოდ აღებული სესხების რაოდენობა, ასევე იზრდებოდა საკრედიტო ბარათებზე სესხების მიღების შესაძლებლობა.იშვიათი გამონაკლისის გარდა ევროპაში ბინების ფასები სტაბილური იყო, ხოლო საკრედიტო ბარათებზე სესხების ზრდა ასევე ნელი ტემპით ხდებოდა.

ნეოლიბერალი ორთოდოქსი ექსპერტები ევროპელებს ურჩევდნენ, რომ მათი ეკონომიკური პრობლემები გადაწყდებოდა მუშათა დაცულობისა და სოციალური ხარჯების შემცირებით. ევროპულმა ქვეყნებმა საბოლოოდ დაიწყეს ასეთი პოლიტიკების გატარება, თუმცა მისგან პოზიტიური შედეგები თითქმის არ მიუღიათ. მათთვის არავის უთქვამს რომ იმისათვის რომ სამომხმარებლო ხარჯების ბუმი მომხდარიყო საჭირო იყო ამ დაუცველ დასაქმებულებს გაჩენოდათ სარისკო კრედიტების აღების შესაძლებლობა(Crouch, 2008).

საბოლოოდ მთავრობებმა, დაიწყეს მცდელობა დაენერგათ პრივატიზირებული კეინსიანიზმის (თუმცა ის სიტყვათა ამ თანმიმდევრობით არ გამოიყენობოდა) იდეა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ფასების შემცირება ნავთობზე კარგ სიახლედ ითვლებოდა, რადგან ის ამცირებდა ინფლაციურ ტვირთს. თუმცა ფასების შემცირებამ სახლებზე კატასტროფულად იმოქმედა, რადგან მან ძირი გამოუთხარა ნდობას ვალებთან მიმართებით. ამასთან დაკავშირებით, მთავრობა შეეცადა მიემართა ფისკალური და სხვა ზომებისთვის რათა საწყისი დონის ფასები დაებრუნებინა. პირველი იმპლიციტური სახელმწიფო მხარდაჭერა, ამ მოდელში 1980 იან წლებში დაფიქსირდა, როდესაც მუნიციპალური საცხოვრებლების პრივატიზაციამ ხალხის დიდ ნაწილში, რომლებსაც არ გააჩნდათ მაღალი შემოსავალი იპოთეკური სესხით სარგებლობის საჭიროება გააჩინა, რომელიც შემდეგში ხანგრძლივი იპოთეკით გაგრძელდა. უფრო მეტად ექსპლიციტური მხარდაჭერის პოლიტიკა დაფიქსირდა უკვე XXI საუკუნეში, როდესაც მასშტაბური ფინანსური ინტერვენციები მოხდა, უძრავი ქონების ბაზრისა და საბანკო სექტორის გადასარჩენად (Crouch, 2008).

დიდი ნაწილი ამ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების არ იყო უსაფრთხო, რადგან პრივატიზებულ კეინსიანიზმს, მხოლოდ ასეთ შემთვევაში შეეძლო ისეთივე მასტიმულირებელი ზემოქმედება უზრუნველეყო, რომელსაც თავდაპირველი კეინსიანიზმი ახორციელებდა. მხოლოდ რეალური გარანტიის მქონე სესხებს არ შეეძლო მოეცვა ის ხალხი რომლებსაც არ გააჩნდათ მაღალი შემოსავლები და აგრძლებდნენ ხარჯებს მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობის და შრომის ბაზარზე დაუცველობისა. გრძელვადიანი რისკიანი სესხების ფართოდ გავრცელება ფინანსური ბაზრების ინოვაციის შედეგი იყო. ინოვაციისა რომელიც დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, კარგ მაგალითად იმისა თუ რა კარგად მუშაობდნენ საბაზრო სუბიექტები და როგორ პოულობდნენ შემოქმედებით გადაწყვეტას(Crouch, 2008).

მსხვილმა ანგლო–ამერიკულმა ფინანსურმა მოთამაშეებმა რისკების გაყიდვა ისწავლეს. ისინი მიხვდნენ რომ შეეძლოთ ეყიდათ და გაეყიდათ სარისკო აქტივები, უზრუნველეყოთ მყიდველების თავდაჯერებულობა, რაც თავის მხრივ გააჩენდა სხვა მყიდველს, იგივე თავდაჯერებულობის მეშვეობით. იმის გათვალისწინებით რომ ბაზრები დაურეგულირებლები იყო, ასეთი რისკები სწრაფად გავრცელდა ფინანსური მოთამაშეების ძალიან ფართო წრეში. რის შედეგადაც ხალხისათვის შესაძლებელი გახდა სარისკო სესხების მიღება, რომელიც სხვა გარემოებაში არაკეთილგონიერად გამოჩნდებოდა.

რისკების ფართოდ გავრცელების შეუძლებლობა ეკონომიკური კოლაფსების არსს შეადგენდა 1870 და 1929 წლებში. 1940 იან წლებში მხოლოდ სახელმწიფოს მოქმედებამ გადაწყვიტა ბაზრების ეს პრობლემა. თუმცა ამჟამად, ნეოლიბერალიზმის ძირითადი პრინციპებისა დ ა მოლოდინების თანახმად, ეს გადაწყვეტა აუცილებლად საბაზრო მექანიზმის უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ახალი სარისკო ბაზრების მეშვეობით, ჩვეულებრივ მომხმარებლებს, გრძელვადიანი იპოთეკითა და საკრედიტო ბარათებზე ვალებით, გაუჩნდათ შესაძლებლობა აღარ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი ხელფასების ზრდაზე, კეთილდღეობის სახელწმიფოზე და მთავრობის მხრიდან მოთხოვნის მართვაზე. რაც მასიური მოხმარების შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმები იყო თავდაპირველი კეინსიანიზმის დროს, ხოლო ახლა უარყოფილი იქნა (Crouch, 2008).

პრივატიზებული კეინსიანიზმის კოლაფსი

საბაზრო ეკონომიკის ყველა თეორია გამოდის იმ დაშვებიდან, რომ საბაზრო სუბიექტები სრულ ცოდნას და ინფორმაციას ფლობენ. პრივატიზებული კეინსიანიზმიც დაფუძნებული იყო სუბიექტების ამ ცოდნაზე და მათ რაციონალურ ქმედებებზე, თუმცა როგორც უოლ–სტრიტის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მაგალითზე გამოჩნდა მათი ცოდნა სრულყოფილისგან შორს იყო. კრაუჩს აზრით, ამ მოდელის მთავარ აქილევსის ქუსლს სწორედ ეს წარმოადგენდა, ისევე როგორც ინფლაციური ინერციულობა იყო თავდაპირველი კეინსიანიზმისთვის. ბანკებს და სხვა ფინანსურ ოპერატორებს სჯეროდათ რომ თითოეული მათგანი სწავლობდა და ითვლიდა რისკებს რომლითაც ისინი ვაჭრობდნენ. თუმცა 2008 წლის შემოდგომაზე ნათელი გახდა, რომ ისინი თუკი ნამდვილად სწავლობდნენ რისკებს, მაშინ ტრანზიქციების უმეტესობაზე უარი უნდა ეთქვათ. ერთადერთი გათვლა რომელსაც ისინი აკეთებდნენ იყო ის, რომ კარგი შანსი იყო კიდევ ვინმეს ეყიდა მათი რისკიანი აქტივები. გამოცანად რჩება რატომ თვლიდნენ ისინი, რომ სხვები იგივეს არ გააკეთებდნენ. ცუდი ვალები ცუდ ვალებს ემატებოდა და ასე პირამიდა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა.

პრივატიზებული კეინსიანიზმი როგორც კი მთავარი ეკონომიკური მოდელი გახდა, იგი აგრეთვე გახდა საზოგადოებრივი სიკეთე, მიუხედავად იმისა რომ დაფუძნებული იყო კერძო პირების ქმედებებზე. თუკი ყურადღებას მივაქცევთ, ბანკების უპასუხისმგებლო ქცევას, რომლებიც დაუფიქრებლად იყენებდნენ საკუთარ საშუალებებს, უნდა ვაღიაროთ რომ თვითონ უპასუხისმგებლობა გახდა საზოგადოებრივი სიკეთე(Crouch, 2008). ეს თავის მხრივ ხსნის რატომ გახდა მთავრობა იძულებული კრიზისის დროს, ამ პროცესში ჩართული კომპანიები ეხსნა, პრივატიზირებული კეინსიანიზმის დიდად თუ მცირედით ნაციონალიზირებით.

ასე დაასრულა არსებობა მეორე მოდელმა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის სტაბილურ მასიურ მოთხოვნას უზრუნველყოფდა. კეინსინიზმმა ისევე როგორც მისმა პრივატიზირებულმა მუტანტმა–მემკვიდრემ დაახლოებით 30 წელი იარსებეს. სწრაფად ცვალებად მსოფლიოში როდესაც ასეთი მოდელებიც იცვლება, ის შეიძლება ჩაანაცვლოს უკეთესმა. თუმცა ისმება კითხვა. ამჟამად როგორ შეძლებენ კაპიტალიზმი და დემოკრატია თანაარსებობას? ფინანსური უპასუხისმგებლობის პირობებში, როგორ უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხი. კრაუჩს შემოაქვს ნეოკორპორატივიზმის იგივე პასუხისმგებლობიანი კორპორატივიზმის იდეა. თუმცა 2008 წლის შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და მიუხედავად ცვლილებებისა სისტემის ლოგიკაში და საბაზრო მიდგომის შესუსტებისა ჯერ კიდევ არ მომხდარა ახალი მოდელის ჩამოყალიბება და მყარად დაფუძნება.

ახლა კი მსურს საუბარი გავაგრძელო საქართველოზე. თუ როგორ მოხდა პოსტ–საბჭოთა საქართველოს ეკონომიკური განვითარება ამ დომინანტური მოდელების გავლენით და რა ვითარებაა ამჟამად.

პრივატიზებული კეინსიანიზმი საქართველოში

საქართველო XX საუკუნის უდიდესი ნაწილის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. შესაბამისად ამ მიზეზით აქ შეუძლებელი იყო თავდაპირველი კეინსიანიზმის მოდელის დანერგვა. შესაძლოა საბჭოთა მოდელში იყო ცალკეული ელემენტები, რომლებიც მასთან ახლოს იყო, თუმცა გეგმიურ და საბაზრო ეკონომიკებს შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავება მსგავსი შედარების შესაძლებლობას არ გვაძლევს.

გამართლებული იქნება საუბარი დავიწყოთ 1990–იანი წლებიდან, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ტრანზიციას იწყებს საბაზრო ეკონომიკისკენ. მიზანი იყო მოდერნული კაპიტალისტური სისტემის შექმნა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებობდა. ეს უნდა მიღწეულიყო თანამედროვე ეკონომიკური თეორიებისა და მიდგომების განხორციელებით. ეს იყო პოლიტიკის დღის წესრიგი რომელიც მიმართული იყო, დერეგულაციის, პრივატიზაციის, სახელმწიფოს როლის მინიმიზაციისა და ბაზრის გააქტიურებისკენ. აგრეთვე გადასახადების დონის შემცირებაზე.

ამ პროცესში წამყვან როლს ასრულებდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობის ქვეყნების დახმარება 1995 წელს დაიწყო. იმ დროინდელი პოლიტიკა ნეოლიბერალურ, იგივე პრივატიზებული კეინსიანიზმის დღის წესრიგს მოიცავდა. თუმცა არსებული ობიექტური გარემოებები არ იძლეოდა ამ სტრატეგიის სრულად განხორციელების შესაძლებლობას.

საბაზრო ეკონომიკისათვის და პრივატიზებული კეინსიანისთვის აუცილებელი სტრუქტურები და აქტორები სრულყოფილად არ არსებობდნენ. სამოქალაქო ომის შოკებმა და მტკივნეულმა პოსტ–საბჭოთა რეფორმებმა ეკონომიკისა და წარმოების დაცემა, უმუშევრობის ზრდა და შემოსავლების შემცირება გამოიწვია. მოსახლეობას სამომხმარებლო უნარი დაკარგული ქონდა. ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესად იქცა საგარეო დახმარებები, რომელსაც შემდეგ მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისათვის განკარგავდა. მიუხედავად დეკლარირებულ დონეზე ბაზრის უპირატესობის აღიარებისა, სახეზე გვქონდა მთავრობის მხრიდან ეკონომიკის სტიმულირების მეშვეობით, მოთხოვნის მართვის კეინსიანური მექანიზმი.

ეკონომიკა ვითარდებოდა უცხოური ფულით რომელსაც სახელმწიფო განკარგავდა. ეტაპობრივი სტაბილიზაციის შემდეგ, სიტუაცია უკვე 1990–იანი წლების ბოლოსკენ, უკეთესობისკენ მიდიოდა. 1997 წლიდან ეკონომიკური ზრდაც შეინიშნება. თუმცა მთავრობის წამყვანმა როლმა უცხოური ფულის განკარგვაში, კორუფციის მაღალი დონე და აქედან გამომდინარე არაეფექტური მენეჯმენტი გამოიწვია. რამოდენიმე წელში, საგარეო დახმარებების შემცირება და არაეფექტური და კორუმპირებული სისტემა გახდა კიდეც შევარდნაძის ხელისუფლების დამხობის მიზეზი, ვარდების რევოლუციის მეშვეობით 2003 წელს.

მთელი ამ დროის განმავლობაში ბანკები და ფინანსური სექტორი ძალიან სუსტები იყვნენ. თუმცა ისინი უკვე ამ პერიოდიდან ეტაპობრივად იწყებენ განვითარებასა და გაძლიერებას. რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი 2003 წლის შემდეგ ხდება. რამაც შექმნა საფუძველი პრივატიზებული კეინსიანიზმის მოდელის საქართველოში დასანერგად. მართალია საქართველოს მსგავს პატარა და პოსტ–საბჭოთა ქვეყანაში შეუძლებელია მსხვილი ფინანსური ბაზრების არსებობა, რაც პრივატიზებული კეინსიანიზმის აუცილებელი მახასიათებელია, მაგრამ სამაგიეროდ არსებობდა სხვა გარემოებები, რაც ბანკების და ფინანსური სექტორის გაძლიერებას იწვევდა.

1990–იანი წლებიდან როგორც უკვე აღვნიშნე ეკონომიკა თანდათანობით იწყებდა შოკიდან გამოსვლას და ზრდას. თუმცა შემოსავლები კვლავ მცირე იყო, შესაბამისად მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიც დაბალი იყო. გამოსავალი აქაც, დასავლეთის მსგავსად, იყო ბანკების და ფინანსური სექტორის გაძლიერება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში ბანკების გაძლიერება. მათ უნდა გაეცათ სესხები, რომლებიც მოსახლეობაში სამომხმარებლო მოთხოვნას გააჩენდა. ნეოლიბერალური დღის წესრიგის მიხედვით საბანკო საქმიანობა დერეგულაციის რეჟიმში არსებობდა, რაც მათ უადვილებდა რისკიანი სესხების გაცემას. ამავე პერიოდში იწყება უძრავი ქონების ბაზრებზე ფასების მატება, რაც სესხებისა და იპოთეკური ვალების ზრდის შედეგად, მომატებულმა მოთხოვნამ განაპირობა. ეს პროცესი 2008 წლის ომის და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგაც გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ქართულ ფინანსურ სექტორსაც შეეხო.

2008 წლის კრიზისის შემდგომ მთავრობის მხრიდან აუცილებელი გახდა ახალი სტაბილიზაციის გეგმა, რამაც ბანკებისა და მთავრობის უფრო მეტად დაახლოება გამოიწვია. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა საქართველოსთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის გამოყოფა, საიდანაც მილიარდი დოლარი, მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, ბანკების დასახმარებლად წავიდა. მაშინ ბანკები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და მათ მთელი რიგი შეღავათიანი პირობები შეექმნათ.

ეს იყო საკმაოდ სერიოზული ფინანსური დახმარება საბანკო სექტორისთვის. გარდა ამისა, ბანკებს მიეცათ სხვა საქმიანობის საშუალება. მანამდე კანონმდებლობით ბანკებს მხოლოდ საბანკო საქმიანობის ფუნქცია ჰქონდათ, ანუ შეეძლოთ მოქალაქეებისგან დეპოზიტების მიღება და სესხების გაცემა. სხვა კომერციული საქმიანობის უფლება ბანკებს არ გააჩნდათ, ასეა აშშ–შიც, სადაც ბანკებს არ აქვთ სხვა საქმიანობის უფლება, გარდა წმინდა საფინანსო ოპერაციებისა. საბანკო ზედამხედველობა ძალიან მკაცრად აკონტროლებს ამ ნორმას. საქართველოში კი ბანკებს მიეცათ ყველა ბიზნესის კეთების უფლება და სწორედ ამან გამოიწვია, რომ მოხდა საბანკო სექტორის ხელოვნურად გაბერვა.

ამის გარდა მნიშვნელოვანია, რომ ამის უკან იყო პოლიტიკური ინტერესი, რადგან ბანკების საშუალებით ხდებოდა ადამიანთა დიდი მასის გაკონტროლება ფინანსურად. ასევე ბიზნესის გაკონტროლებაც. ბანკები კი მხარს უჭერდნენ ხელისუფლებას როგორც ეკონომიკურად, ისე  პოლიტიკურადაც. შესაძლებელია თუ არა ამას ვუწოდოთ მოდელის ცვლილება. ეს იყო უბრალოდ გადასვლა დაურეგულირებელი პრივატიზებული კეინსიანიზმიდან თვით–რეგულირებად პრივატიზებულ კეინსიანიზმზე.

ამასთან აქ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული მიდრეკილებები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ბანკებისა და ფინანსური კაპიტალის მთავრობასთან ურთიერთობაზე. თუმცა ეს არ იყო კრაუჩის ერთგვარად საოცნებო პასუხისმგებლობიანი კორპორატივიზმის მოდელი. პირიქით ამ წლებში ბევრი შემთხვევა ფიქსირდება როდესაც მთავრობისთვის არასასურველი და არამეგობრულად განწყობილი ბიზნესების გაკოტრება და ბანკებისთვის გადაცემა ხდებოდა.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მართალია ეს ვითარება შეიცვალა და ბანკებიც უფრო დამოუკიდებლები გახდნენ, მაგრამ არ შეცვლილა სისტემის შიდა ლოგიკა. რაც მთავარია საბანკო და საფინანსო სფერო კვლავ ქმედითი რეგულაციების მიღმა არსებობს, რამაც ახალი ტიპის მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების კომპანიების მომრავლება გამოიწვია, რომლებიც ბანკებზე გაცილებით მარტივად, სწრაფად და გარანტიების გარეშე გასცემენ სესხებს. რაც პრივატიზებული კეინსიანიზმის მოდელის მექანიზმის განმეორებაა, როდესაც საკმარისი შემოსავლების გარეშე ადამიანები ახერხებენ სესხების მიღებას და სამომხმარებლო შესაძლებლობის შენარჩუნებას. მართალია აქ საუბარია უფრო დაბალ თანხებზე, მაგრამ ძალზედ დიდი პროცენტები იწვევს ისედაც ღარიბი მომხმარებლების კიდევ უფრო გაღატაკებას რაც ამ ფინანსური ბუშტის უფრო სწრაფად გასკდომის ალბათობას ზრდის.

ქართული ოცნების მთავრობამ მიუხედავად ბევრი მართებული სოციალური პროგრამებისა და ინიციატივებისა ვერ მოახერხა ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება. ეკონომიკურ პოლიტიკაში გრძელდება ნეოლიბერალური მიდგომები, ფინანსური კაპიტალის სფეროს დაურეგულირებლობა კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის პრივატიზებული კეინსიანიზმის არსებობის გაგრძელებისთვის რამაც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური კრიზისი.

ეს ვითარება ახსნადი და ლოგიკურია, იმ თვალსაზრისით რომ საქართველო დამოკიდებულია გლობალურ ეკონომიკურ მოდელებზე. მართალია 2008 წლის შემდეგ აშშ–ში განსაკუთრებით და სხვა კაპიტალისტურ ცენტრებშიც სისტემა სულ უფრო ნაკლებად ლეგიტიმიზირებულია საბაზრო ტერმინებით, არჩევანის თავისუფლებითა და სახელმწიფოს ჩაურევლობით. თუმცა საბოლოოდ მაინც არ მომხდარა მოდელის ჩანაცვლება. ვითარება იმგვარია რომ შეიქმნა ერთგვარად შერეული დროებითი მოდელი რომლითაც არც ტრადიციული სოციალ დემოკრატიული პოლიტიკის და ძველი კეინსიანიზმის მომხრეები არიან კმაყოფილნი და არც ნეოლიბერალი პრივატიზებული კეინსიანიზმის მხარდამჭერები. საქართველოშიც ასეთი ეკლექტური ვითარებაა, რასაც იდეოლოგიურად არა მყარ პოზიციებზე მდგომი მთავრობაც უწყობს ხელს.

ნებისმიერ შემთხვევაში გლობალური ეკონომიკის უახლოესი წლების გამოწვევები გამოაჩენს გამოჩნდება თუ არა ახალი მოდელი, რომელიც კეინსიანიზმის წინა ორი მოდელის მსგავსად რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე მოახერხებს კაპიტალიზმისა და დემოკრატიას შორის არსებული წინააღმდეგობის დაძლევას და მათ სტაბილურ თანაარსებობას.

 

კოლინ კრაუჩის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:

 

 

 

Share on Facebook99Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.