ჯონ მეინარდ კეინსი არის ეკონომისტი, რომელიც მსოფლიოს ახლა სჭირდება

კეინსი

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► გთავაზობთ ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

► ავტორი პიტერ ქოი გახლავთ Bloomberg Businessweek-ის რედაქტორი. ის წერს მრავალ საერთაშორისო და საშინაო ეკონომიკურ საკითხზე. მას გამოცემაში ასევე უფროსი მწერლის პოზიციაც უკავია. ის “ბლუმბერგს” შეუერთდა 1989 წელს. პიტერი Bloomberg Businessweek-ში გამოცემა Associated Press-დან გადმოვიდა.

ის კორნელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

© European.ge

რატომ არის კეინსი ის ეკონომისტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება რათა მსოფლიო ეკონომიკა კვლავ ამოძრავდეს.

ექიმი სახლშია? გლობალური ეკონომიკა ვეღარ იზრდება, მისი მკურნალები კი ბორძიკობენ. საბერძნეთმა მიიღო წამალი ინსტრუქციის მიხედვით და 26 %-იანი უმუშევრობით დაჯილდოვდა. პორტუგალია საბიუჯეტო რეგულაციებს დარმორჩილდა; მისი მოქალაქეები კი სამუშაოებს ანგოლასა და მოზამბიკში ეძებენ, რადგან მათ სამშობლოში სამუშაოს ნაკლებობაა. გერმანელები უძლურად გრძნობენ თავს, მიუხედავად მასიური სავაჭრო ნამატისა. Sentier Research-ის მიხედვით, აშშ-ში საშუალო ოჯახის ინფლაციასთან რეგულირებული შემოსავალი 3 %-ით უფრო დაბალია, ვიდრე 2007-09 წლის რეცესიის ყველაზე ცუდ წერტილში. რომელი წამალიც არ უნდა გამოწერონ, ის არ მოქმედებს. Citigroup-ის მთავარმა ეკონომისტმა ვილემ ბუიტერმა ამას წინად, ინგლისის ბანკის ახლანდელი მდგომარეობა შეაფასა, როგორც „გამოგონილი ფაქტების ინტელექტუალური აჯაფსანდალი, არასრული თეორიები, ემპირიული რეგულაციები მყარი თეორიული საფუძვლის გარეშე, ეჭვები, ინტუიციები და ნახევრად განვითარებული ხედვები.“ და ეს ყველაფერი, ბიუტერის აზრით, უკეთესია იმაზე, რასაც სხვა ქვეყნებში აკეთებენ.

ექიმი სახლშია, რეცეპტები კი დროულია ისე, როგორც არასდროს. მართალია, ის 1946 წელს გარდაიცვალა, მაგრამ წარსულიდანაც ბრიტანელ ეკონომისტს, ინვესტორს და სახელმწიფო მოხელეს – ჯონ მეინარდ კეინსს შეუძლია მეტი გვასწავლოს იმაზე თუ როგორ გადავარჩინოთ გლობალური ეკონომიკა, ვიდრე Ph.D დიპლომებით შეიარაღებულ არმიას, თავიანთი ეკვილიბრიუმის ზოგადი შემთხვევითი მოდელებით. დიდი დეპრესიის სიმპტომები, რომლებიც კეინსმა სწორად განსაზღვრა, უკან დაბრუნდა, თუმცა, საბედნიეროდ, უფრო მცირე მასშტაბით: ქრონიკული უმუშევრობა, დეფლაცია, სავალუტო ომები და „გააკოტრე შენი მეზობელი“- ეკონომიკური პოლიტიკით.

კეინსის არსებითი და მტკიცე ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ რაც ერთი ოჯახისთვის მუშაობს მძიმე დროს, გლობალური ეკონომიკისთვის არ იმუშავებს. ოჯახს, რომლის მარჩენალიც კარგავს სამსახურს, შეუძლია და უნდა შეამციროს ხარჯები, რათა თავი გაიტანოს. მაგრამ [ეკონომიკის] საყოველთაო სისუსტის დროს, არ შეიძლება ყველამ ამ ზომას მიმართოს, რადგან ერთი ადამიანის დანახარჯი მეორეს შემოსავალია. დაზოგვის მიზნით, რაც უფრო მეტი ადამიანი შეამცირებს დანახარჯებს, მით უფრო მეტად უწევს საკუთარი დანახარჯის შეკვეცა იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ისინი მანამდე უხდიდნენ; და ასე წარმოიქმნება დაღმავალი სპირალი, რომელიც მომჭირნეობის პარადოქსის სახელით არის ცნობილი. შემოსავალი ისე სწრაფად მცირდება, რომ დანაზოგები მატების ნაცვლად კლებულობს. შედეგი: მასობრივი უმუშევრობა.

კეინსის მიხედვით, როდესაც კომპანიებს არ სურთ ინვესტირება, ხოლო მომხმარებლებს არ უნდათ ხარჯვა, მთავრობამ უნდა გაწყვიტოს სახიფათო ციკლი საკუთარი ხარჯების გაფართოვებიდან გადასახადების შემცირებით. განსხვავებით ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრებებისა, ეს არ არის რეცეპტი მთავრობის ფუნქციების მუდმივი ზრდისთვის: კეინსი მიიჩნევდა, რომ მთავრობებმა უნდა მართონ ნამატები ეკონომიკური ბუმის დროს, რათა გადაიხადონ თავიანთი ვალები და აითვისონ ჭარბი კერძო მოთხოვნილება (შეერთებული შტატები მართავდა მცირე ნამატებს ბუმის ორ წელიწადში, კლინტონის ადმინისტრაციის დროს). ფანატიკოსი რადიკალებისგან განსხვავებით, კეინსი ამბობდა, რომ ეკონომისტებმა უნდა შეითვისონ დანტისტის მსგავსი მოკრძალებული უფლებამოსილება. მას სურდა ეკონომიკის გამოსწორება და არა მისი ჩაძირვა.

„ამერიკაში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც დეპრესიებს ღმერთის ქმედებად მიიჩნევს. ვფიქრობ, კეინსმა აჩვენა, რომ ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა განგებას არ ეკისრება“ – წერდა ფილოსოფოსი ბერტრან რასელი 1969 წელს, თავის ავტობიოგრაფიაში.

კეინსისადმი ენთუზიაზმი ხან იზრდება, ხან კი მცირდება. მორცხვმა ბრიტანელმა ბოლოს ყურადღება 2008-09 წლებში, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, მიიქცია. ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ხელგაშლილად სესხულობდნენ, იყენებდნენ რა საკუთარ სახლებს, როგორც საბანკო ავტომატებს, მალე ფინანსურ კალვინისტებად იქცნენ, რომლებიც ხარჯებს ვალების დასაფარად ამცირებდნენ. ამავდროულად, აღელვებული აღმასრულებელი დირექტორები ამცირებდნენ კორპორაციულ ინვესტიციებს. ეს კი იწვევდა საქონელსა და სერვისებზე მოთხოვნის შემცირებას. უმუშევრობა შეერთებულ შტატებში გაიზარდა, მიაღწია რა 10 %-ს, 2009 წელს. თვით კონსერვატორმა ეკონომისტებმაც კი, რომლებიც, როგორც წესი, უგულვებელყობდნენ კეინსს, შეიტყვეს მომჭირნეობის პარადოქსის შესახებ, როდესაც ამ უკანასკნელმა მათ სახეში გაულაწუნა. „როცა ყველაფერი ინგრევა, ყველა კეინსიანელი ხდება“ – აცხადებს პიტერ ტემინი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ემირიტუს-პროფესორი, რომელიც, ოქსფორდის უნვერსტიტეტის ეკონომისტ დავიდ ვაინსთან ერთად გახლავთ თანაავტორი ახალი წიგნისა: „კეინსი: სასარგებლო ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკისთვის“.

რიჩარდ პოზნერმა, ღია ბაზრის ქომაგმა ფედერალურმა სააპელაციო მოსამართლემ, 2009 წელს „ახალი რესპუბლიკისთვის“ დაწერა სტატია სახელწოდებით: „როგორ გავხდი კეინსიანელი“. ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტმა მარტინ ფელდშტაინმა, დიდი ხნის „დეფიციტის ქორმა“, რომელიც პრეზიდენტ რეიგანის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი იყო, 2008 წელს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია. მომდევნო თებერვალს, კონგრესმა მიიღო 787 მილიონი დოლარის სტიმულირების პაკეტი. თუმცა, იმაზე ნაკლები ვიდრე კეინსიანელი ეკონომისტები მიიჩნედნენ. ამ კანონპროექტს არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი. თვით გერმანიამაც კი, მკაცრი ეკონომიკის ამ ბასტიონმა, გვერდზე გადადო საკუთარი შიშები და საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი სტიმულის პაკეტი დაამტკიცა.

კეინსი 2
კეინსი 1922 წელს. შეხვედრა გერმანული მარკის სტაბილიზაციის მიზნით.

კრიზისში ჩათრეულთა მიერ კეინსის მხარდაჭერამ გაამძვინვარა გერმანიის ფინანსთა მინისტრის პეეს შტაინბრუკის მსგავსი ადამიანები; ეს უკანასკნელი 2008 წელს ჩიოდა: „იგივე ადამიანები, რომლებიც არასდროს მიმართავდნენ დეფიციტურ ხარჯვას, ახლა მილიარდებს წინ და უკან ათამაშებენ. “მიწოდების ეკონომიკის” ათწლეულებიდან უკიდურეს კეინსიანიზმამდე მთლიანად გადასვლა აღმაფრთოვანებელია.“ ჯონ კოჩრეინი – ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბუთის ბიზნეს სკოლის ეკონომისტი (University of Chicago Booth School of Business) წერდა: „თუ გჯერა სტიმულირების პოლიტიკის კეინსიანური არგუმენტისა, მაშინ უნდა იფიქროთ რომ ბერნი მედოფი გმირია. მართლაც. მან აიღო ფული იმ ხალხისგან, ვინც ინახავდა და გადასცა მათ, რომლებიც დიდი ალბათობით, ფულის ხარჯვას აპირებდა“.

კეინსიანური ბიძგი დიდხანს არ გაგრძელებულა. ევროპულმა მთავრობებმა მკაცრ ეკონომიაზე გადაინაცვლეს იმ თეორიაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ასეთი საქციელი კვლავ დაარწმუნებდა ინვესტორებს და წაახალისებდა ინვესტიციების ტალღას, გამოიწვევდა ზრდას და შექმნიდა სამუშაო ადგილებს. ასე არ მოხდა. შეერთებულმა შტატებმა, ოდნავ ნაკლებად მკაცრი ეკონომია გაატარა და [მისი ეკონომიკა] ოდნავ სწრაფად გაიზარდა. თუმცა, შეერთებულ შტატებშიც, სტიმული სწრაფად გაქრა, მიუხედავად მაღალი უმუშევრობის ზრდისა. ეკონომიკის წახალისების ნაცვლად, სახელმწიფო დანახარჯებში ცვლილებები სინამდვილეში შეერთებული შტატების 2011, 2012, 2013 წლის ზრდიდან გამოიქვითა. იაპონიის მთავრობა დეფიციტურ ხარჯვებს აწარმოებდა, რათა საოჯახო მეურნეობასა და ბიზნესში ქრონიკული დაგროვების კომპენსირება მოეხდინა. მაგრამ, აპრილში ეს პოლიტიკა წაბორძიკდა; ქვეყნის არასაკმარისი ეკონომიკური განახლება შეფერხდა დამატებითი ღირებულების გადასახადის 5 %-დან 8 %-მდე ზრდით.

რადგან ქმედებებს შორის არ იყო ფისკალური პოლიტიკა, მსოფლიოს უდიდესმა ფინანსურმა ბანკებმა გადაწყვიტეს რომ გმირულად შეევსოთ დანაკლისი. შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზევრვმა საპროცენტო განაკვეთი თითქმის ნულამდე დასწია და როცა ამ ზომამაც კრახი განიცადა, სხვა ხრიკს მიმართა: იყიდა ობლიგაციები, რათა შეემცირებინა გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები („ხარისხობრივი გამარტივება“) და მიუთითა ბაზარს, რომ განაკვეთები დაბალი დარჩებოდა მას შემდეგაც, რაც ეკონომიკა განახლების გზაზე დადგებოდა („წინასწარი მითითება“). ამ ზომათა შეზღუდულ ეფექტურობას ხანდახან კეინსიანიზმის კრახად წარმოაჩენენ, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. კეინსი იყო ეკონომისტი, რომელმაც აჩვენა, რომ მონეტარული პოლიტიკა აღარაა ეფექტური, როცა საპროცენტო განაკვეთები ნულს უახლოვდება. კეინსის რჩევა მსგავს მდგომარეობაში იქნებოდა: გადასახადების შემცირება და დანახარჯების ზრდა.

Angelica Garnett, Vanessa Bell, Clive Bell, Virginia Woolf, და John Maynard Keynes – ვირჯინია ვულფის სახლში, ინგლისი, 1935 წ.

ეკონომიკური ფაქტები რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, გლობალური განახლების პოლიტიკის სინელემ ხალხს მთავრობის სასიკეთოდ ჩარევის იმედი დაუკარგა. სტიმული მომწამლავი სიტყვაა შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებში. ობამას 302 მილიარდ დოლარიანმა კანონპროექტმა ხიდებისა და გზების შესახებ წარუმატებელი გამოდგა. გერმანია, ნაცვლად იმისა, სავაჭრო პარტნიორების მოთხოვნას ითვალისწინებდეს და საკუთარ ეკონომიკურ ძალას ევროპის ზრდის მოტორად ქცევისთვის იყენებდეს, სხვა ქვეყნების ხარჯზე ვითარდება. ის საკუთარ მომუშავეებს საექსპორტო საქონლისა და სერვისების წარმოებით აკავებს. ამავდროულად, სხვა ქვეყნის ნაწარმოებ საქონელსა და სერვისებს არ ყიდულობს. ეს ხსნის თუ რატომ უტოლდება მის მიმდინარე ანგარიშზე ნამატი – ვაჭრობის და საინვესტიციო შემოსავლის კარგი საზომი – მისი მთლიანი შიდა პროდუქტისა 7 %-ს (უმაღლესი მაჩვენებელი დიდ ეკონომიკებს შორის).

ეს არ არის სტაბილური სტატუს-კვო. შუა ოქტომბრის შოკმა მსოფლიო საფონდო ბირჟაზე უღალატა შეხედულებებს განახლების შესახებ. შეერთებული შტატების ეკონომიკა ადეკვატურად იზრდება, მიუხედავად ფისკალური პოლიტიკიდან გამოსვლისა; ჩინეთის ზრდა ნელდება, იაპონია კი საკუთარი თავისთვის მიყენებული სამომხმარებლო გადასახადის ზრდის ჭრილობით იტანჯება; 18 სახელმწიფოსგან შემდგარ ევროზონაში მეორე კვარტალში ნულოვანი ზრდა ფიქსირდება. ეს არასაკმარისად კარგიაო, განაცხადა ხაზინის მმართველმა ჯეიქობ ლიუმ ბლუმბერგთან საუბრისას ოქტომბერში. „კარგი მოძრაობისთვის ოთხი ბორბალია საჭირო. სხვაგვარად, მგზავრობა კარგი არ იქნება“. – განაცხადა მან.

კეინსი ცოლთან
ცოლთან, ბალერინა ლიდია ლოპოკოვასთან ერთად.

ვნახოთ, რას ამბობდა ლორდი კეინსი. საპროცენტო განაკვეთების შემცირება კარგია ზრდისთვის ჩვეულებრივ დროს, – ამბობდა ის, – რადგან დაბალი განაკვეთი მომხმარებლებს ახალისებს არა დაზოგვისკენ, არამედ ხარჯვისკენ და ამავდროულად ახალისებს ბიზნესს ინვესტირებისკენ. მაგრამ როდესაც, განაკვეთები „ნულოვან დონეზე“ ეცემა, აჩვენა მან, ცენტრალური ბანკები თითქმის უძლურნი ხდებიან, მაშინ როცა ფისკალური პოლიტიკა (გადასახადები და დანახარჯები) არაადეკვატური მოთხოვნის გამოსასწორებლად ხდება მაღალეფექტური. მთავრობებს შეუძლიათ მოთხოვნის წასახალისებლად გაზარდონ ხარჯვითი წილი კერძო ინვესტიციის ჩანაცვლებაზე ღელვის გარეშე, რადგან არსებობს უამრავი გამოუყენებელი შესაძლებლობა და მათი დანახარჯი ვერ გაზრდის საპროცენტო განაკვეთს.

ეს არის თავისუფალ ლანჩთან უახლოესი რამ, რაც ეკონომისტებმა გამოძებნეს. კეინსი, ეს მარად პროვოკატორი, ფიქრობდა, რომ ღრმა რეცესიაში ყოფნისას, ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს, სულ არაფერს ჯობს – თუნდაც ეს იყოს საბანკო ქვითრებით გატენილი ბოთლების დამარხვა ნახშირის მაღაროებში, რათა ის ხალხმა ამოთხაროს.

რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია თუ ფული კარგად იხარჯება. უკეთესი გზების, ხიდების, გვირაბების, სკოლების აშენების გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით, ხელისუფლებებისთვის მათი ახლა აშენება განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს, როდესაც არის ამდენი შრომის მოსურნე მუშა-ხელი და იაფი კრედიტი. ჰარვარდის ეკონომისტი, ხაზინის ყოფილი მდივანი, ლარი სამერსი და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ბრედ დელონგი 2012 წელს მიიჩნევდნენ, რომ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს შეეძლოთ თვითუზრუნველყოფა, ნაწილობრივ ადამიანების დასაქმების ხარჯზე, რითაც მათი უნარები ატროფიას გადაურჩებოდა.

თუ ნაცვლად ამისა, მდიდარი ერების მთავრობები არაფერს იზამენ და მხოლოდ იმის იმედზე იქნებიან, რომ მათი ეკონომიკა თავისით განიკურნება, ისინი გარისკავენ, იმავე ხაფანგში აღმოჩნდნენ, რომელშიც იაპონია უმეტესი წლებია იმყოფება მას მერე, რაც ომის შემდგომი ეკონომიკური სასწაული 1990 წელს უეცრად დასრულდა. ინფლაცია არის გამოსწორებადი პრობლემა, როგორც ფედერალური რეზერვის ყოფილმა შეფმა აჩვენა: თქვენ უბრალოდ სწევთ საპროცენტო განაკვეთებს საკმარისად მაღლა, რათა მოაგვაროთ პრობლემა; ღრმა რეცესია კი არის სამწუხარო, მაგრამ დროებითი გვერდითი ეფექტი. იაპონური სტილის დეფლაციის, ქრონიკული ნელი ზრდის ამ ნაშიერის, დაძლევა უფრო რთულია. შეიძლება ფისკალურმა სტიმულმაც არ იმუშაოს თუ ოჯახები და ბიზნესები პანიკაში ჩავარდებიან.

როგორც ეპიდემიასთან და აჯანყებასთან ბრძოლისას, აქაც მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, ვიდრე მტერი მოძლიერდება. „შესაძლოა ცუდი ანალოგიაა, მაგრამ ეს ISIS-სთან ბრძოლას გავს“ – ამბობს დევიდ ჯოი, Ameriprise Financial-ის ბაზრის უფროსი სტრატეგოსი.

კეინსი იქნებოდა რთული და წინააღმდეგობრივი. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა პოლ სამუელსონმა კეინსის წიგნი -„დასაქმების ზოგადი თეორია, პროცენტი და ფული“, შემდეგნაირად დაახასიათა: „ცუდად დაწერილი, უხეიროდ ორგანიზებული … მედიდური, არც ისე გულუხვი აღიარებებისას“, სანამ შეაჯამებდა კეინსის ნაშრომს: „მოკლედ რომ ვთქვათ, გენიოსის ნაშრომი“.

გლობალური საფონდო ბირჟის შუა ოქტომბრის კრიზისმა არ დაადასტურა ვარაუდები გაუმჯობესების შესახებ

მიუხედავად იმისა, გეზიზღებათ თუ გიყვართ, მსოფლიო სცენაზე კეინსის მსგავსი არავინაა. ის არის სახელმწიფო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ბალეტის ბოჰემური მოტრფიალე და ვირჯინია ვულფთან ერთად „არტსის“- ბლუმსბერის ინტელექტუალური ჯგუფის წევრი. როგორც ინვესტორი ის ხან იგებდა, ხანაც აგებდა და გარდაიცვალა მდიდარი. 1919 წელს, წინასწარმეტყველურ წიგნში სახელწოდებით „მშვიდობის ეკონომიკური შედეგები“, მან დაგმო მკაცრი რეპარაციები, რომელიც გერმანიას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დააკისრეს; ისინი ისეთი სადამსჯელო ხასიათისანი იყვნენ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ადოლფ ჰიტლერის მესამე რაიხის [წარმოშობის] ხელსაყრელ პირობებს. 1936 წელს მან ფაქტობრივად დაარსა მაკროეკონომიკის დარგი, თავის შედევრში „ზოგადი თეორია“. 1944 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, 62 წლის ასაკში გარდაცვალებამდე, ის უძღვებოდა ბრიტანეთის დელეგაციას მოლაპარაკებებში, რომელთა შედეგი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაარსება გახლდათ.

1950-იან და 60-იან წლებში, კეინსიანური აზრი დომინირებდა. პრეზიდენტი კენედის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, ვალტერ ჰელერმა, 1963 წელს დაარწმუნა კენედი, რომ განსახილველად წარედგინა გადასახადების შემცირება მოთხოვნის სტიმულირებისთვის. (1964 წელს, კენედის სიკვდილის შემდეგ, კანონპროექტი დამტკიცდა.) „ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტმა აშკარად მხარი დაუჭირა და მიიღო კეინსიანური მიდგომა“ – განუცხადა ჰელერმა ნიუ-იორკ თაიმსს, 1987 წელს.

კეინსი ჩრდილში 1970-იანი წლებიდან მოექცა, რადგან მისი თეორიები მარტივად ვერ პასუხობდნენ სტაგფლაციას – უმუშევრობის მაღალი დონისა და ინფლაციის თანაარსებობას. აკადემიურ ეკონომისტებს იზიდავდათ ახალი თეორია „რაციონალური მოლოდინებისა“, რომლის მიხედვითაც მთავრობა ვერ მოახდენდა ეკონომიკის სტიმულაციას დეფიციტური ხარჯვებით, რადგან შორსმჭვრეტელ მომხმარებლებს ექნებოდათ რაციონალური მოლოდინი იმისა, რომ სტიმულირებისთვის ადრე თუ გვიან გადახდა მოუწევდათ და შესაბამისად, ისინი თანხას გადასახადების სამომავლო ზრდისთვის დაზოგავდნენ, რითაც მოახდენდნენ ინიციატივის გაქვითვას. მიწოდების მხარის ეკონომისტები ამბობდნენ, რომ კეინსმა ვერ გათვალა თუ როგორ წაახალისებდა დაბალი გადასახადები გრძელვადიან ზრდას სამუშაოებისა და ინვესტიციების გამოწვევით. „წარუმატებელმა პოლიტიკამ და დაბნეულმა დებატებმა კეინსიანური ეკონომიკა გაურკვევლობაში დატოვა“. – ამბობდა შვედი ეკონომისტი ალექს ლეიონჰუფვუდი 1983 წელს, კეინზის ასი წლის თავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. მემკვიდრე თეორია, – ახალი კეინზიანიზმი – რომელიც 1980-იან და 90-იან წლებში განვითარდა ცდილობდა, რაციონალური მოლოდინების თეორია მოეთავსებინა კეინსიანურ მსოფლმხედველობაში; ამასთან ინარჩუნებდა კეინსის დაკვირვებას, რომ ფასები და ხელფასები არის მტკიცე – ანუ ისინი საკმარისად მკვეთრად არ ეცემიან, რათა გაათანაბრონ მომარაგება და მიწოდება. ახალი კეინზიანელების დიაპაზონი ფართოა: ჯონ ტეილორის მსგავსი კონსერვატორებიდან დაწყებული, ბერკლი დელონგის მსგავსი ჰუვერის ინსტიტუტის ლიბერალებით დასრულებული.

კეინსი რასელთან ერთად
William Russell, Keynes, და Lytton Strachey, 1915.

უოლ-სტრიტზე კეინსიანიზმი არასდროს მომკვდარა, რადგან მისმა თეორიებმა დიდი ღვაწლი გასწია მოკლევადიანი ფლუქტუაციის ახსნისთვის, რომელთა პროგნოზირებაშიც ბანკის ეკონომისტებს გასამრჯელოს უხდიან. „ჩვენ პროგნოზირებას ვუდგებით კეინზიანური პერსპექტივიდან, მოგვწონს ეს თუ არა” – ამბობს ჯოსეფ ლავორნა, შეერთებული შტატების მთავარი ეკონომისტი „დოიჩე ბანქ სექიურითის“-ში.

კეინსი რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, სავარაუდოა, რომ ის გაგვაფრთხილებდა 1937 წლის მოსალოდნელი განმეორების შესახებ, როდესაც პოლიტიკურმა შეცდომებმა მოსალოდნელი გაუმჯობესება ისტორიის ყველაზე უარეს ორმაგ ჩაძირვად აქცია. ამჯერად საფრთხის ზონას ევროპა წარმოადგენს; მაშინ ეს შეერთებული შტატები იყო. რასაც დიდ დეპრესიას უწოდებენ, სინამდვილეში იყო ორი მკვეთრი დაცემა შეერთებულ შტატებში. პირველი 1933 წელს დასრულდა. მას მოჰყვა ოთხი წელი წარმოების საშუალო წლიური ზრდის 9%-იანი მაჩვენებლით, რაც ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გაუმჯობესება იყო. რამ განაპირობა ზრდის შეჩერება, ჯერ კიდევ განხილვის საგანს წარმოადგენს. ზოგიერთი ეკონომისტი ადანაშაულებს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის გადაწყვეტლებას, გადასახადების ზრდისა და კლების შესახებ „ახალი შეთანხმების“ სამსახურების პროგრამაში. სხვები ფედერალურ რეზერვს ადანაშაულებენ. დარტმუთის კოლეჯის ეკონომისტი დუგლას ირვინი ირწმუნება, რომ პრეზიდენტმა რუზველტმა გამოიწვია შემცირება ოქროს შესყიდვით და მისი [ოქროს] შეერთებული შტატების მონეტარული ბაზიდან მოშრებით. ინფლაციის შესაჩერებელი ეს სვლა ზედმეტად წარმატებული გამოდგა და დეფლაცია გამოიწვია. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, დიდი ბრიტანეთი და სხვა სავაჭრო პარტნიორები ჩათრეულნი აღმოჩნდნენ ამ პროცესში, შეერთებული შტატების პროდუქცია ჩაიძირა და სრულებით აღარ აღდგა მანამ, სანამ ამერიკა მეორე მსოფლიო ომში არ ჩაება. „ჩვენ ახლა 1937 წლის მსგავს მომენტში ვართ ” – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ტემინი. „ეს ჭკუის სასწავლებელი ისტორიაა ჩვენთვის“.

ახლა, როგორც მაშინ დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლა მოითხოვს შეთანხმებულ საერთაშორისო მოქმედებებს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ცდილობს მხოლოდ ზრდის სტიმულირებას, გადინების მიმართ მოწყვლადი ხდება. მსყიდველობითი ძალა, რომელიც მას სტიმულირებას უწევს იხარჯება იმპორტზე, შესაბამისად, ის ხელს ვერ უწყობს საშინაო წარმოებას ან დასაქმებას. მსგავსად ამისა, ქვეყნებს, რომლებსაც თავის სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი თანამშრომლობა სურთ, შეუძლიათ, გააიაფონ ვალუტა, მათთვის მეტი ექსპორტის ნების დართვით (და სამუშაოების შექმნით) ამავდროულად მოახდინონ ნაკლები იმპორტი (რაც დარტყმას მიაყენებს დასაქმებას საზღვარგარეთ). ზუსტად ეს არის „მეზობლის გაკოტრების პოლიტიკის“ განსაზღვრება.

კეინსმა ამ ვითარებიდან გამოსავალი იპოვნა, რომელსაც ის დაჟინებით ატარებდა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში, მაგრამ 1944 წელს, ბრეტონ ვუდსის კონფერენციაზე, ის დაამარცხა მისმა ამერიკელმა მოწინააღმდეგემ ჰარი დექსტერ უათმა – ხაზინის დეპარტამენტის მთავარმა ჩინოსანმა. კეინზიმ მოითხოვა „საერთაშორისო გამწენდი კავშირი“ ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ვაჭრობისა და ინვესტიციების უხეშ ბალანსს.

კეინსი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის სავარაუდოდ გაგვაფრთხილებდა მოსალოდნელი 1937 წლის განმეორების საფრთხის შესახებ.

პრობლემა მაშინაც იყო და ახლაც არის ის, რომ მთელი ძალაუფლება კრედიტორი სახელმწიფოების ხელშია. მათ შეუძლიათმოითხოვონ მოვალე სახელმწიფოებისთვის ძველი ვალების გასტუმრება, იმის მაგიერ, რომ თქვან, გამოკვებეთ თქვენი შვილებიო. ცხადია, ვალები დროულად უნდა იყოს გადახდილი. მაგრამ კეინსს ესმოდა, რომ კრედიტორ სახელმწიფოებსაც დიდი როლი აკისრიათ. მათ უნდა მისცენ ამოსუთქვის საშუალება მოვალე სახელმწიფოებს, მათი პროდუქციისა და სერვისის უფრო მეტი შესყიდვით. დღეს ეს ნიშნავს, გერმანელების უფრო ხშირ შვებულებებს მიკონოსში და მათ მიერ მეტი პორტვეინის სმას, რითაც ისინი მისცემენ პორტუგალიელებს და ბერძნებს საჭირო ევროებს, რომლებიც მათ გერმანული ბანკების ვალის გადასახდელად სჭირდებათ. ეს კონცეფცია საკამათო არ იყო. მაგრამ შეერთებულ შტატებს, რომელიც 1944 წლისთვის ვაჭრობის ნამატს განკარგავდა, არ გააჩნდა ინტერესი ისეთი საერთაშორისო სუბიექტის მიმართ, რომელიც მას ხელ-ფეხს შეუბორკავდა. (დღეს ასეთი გერმანიაა, რომელიც მასიურ სავაჭრო ნამატზე ზის, და არ სურს ვინმესგან მითითებებს იღებდეს). შედეგად, მივიღეთ ნაკლებად ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმ სახელმწიფოების დასახმარებლად, რომლებსაც გადახდის ბალანსის პრობლემები აქვთ და მსოფლიო ბანკი, რომელიც მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნების განვითარებას უწყობს ხელს.

მთავარი კითხვა ისაა, არის თუ არა დღევანდელი საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურა მზად გამოწვევისთვის, აღადგინოს ბალანსი გლობალურ ვაჭრობასა და ინვესტიციებში. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, „ვაშინგტონის კონსენსუსის“ მკაცრ რეცეპტებს გადაუხვია, რომელიც მას 1990-იანებში ჰქონდა დახელოვნებული, უფრო კეინსიანური პერსპექტივისკენ. „მისი ნააზრევი უფრო სარწმუნოა ამჟამინდელ კრიზისში, ვიდრე გლობალური ეკონომიკის წინა ჩავარდნებისას იყო“ – მიიჩნევს ჯან მარია მილესი-ფერეტი, სსფ-ის კვლევით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

რეცესიამაგრამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აკლია ის ავტორიტეტი, რაც კეინზის მკვდრადშობილ„საერთაშორისო გამწმენდ კავშირს“ ექნებოდა. ზოგიერთ წრეებში კი ცნობილია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეერთებული შტატების ინტერესებთანაა ვალში. ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა ცდილობენ ალტერნატივების შემუშავებას. გერმანია კი იმდენად ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რამდენადაც ზეწოლას ახდენს საფრანგეთსა და იტალიაზე, რათა მათ მიიღონ იმავე მკაცრი ეკონომიური პოლიტიკა, რაც საბერძნეთმა, ირლანდიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა. „ფუჭი, მოკლევადიანი მასტიმულირებელი პროგრამები“ არ წარმოადგენს გამოსავალს ზრდის მხარდასაჭერად – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა გაბრიელ ზიგმარმა, 20 ოქტომბერს ბერლინში გამართულ საერთო მინისტერიალზე. ურთიერთდაპირისპირებულმა გერმანიამ და საფრანგეთმა აამოქმედეს საერთო წინადადება პირველ დეკემბერს. ესვარ პრასადი – კორნელის უნივერსიტეტის ეკონომისტი და ავტორი წიგნისა „დოლარის მახე: როგორ მოუჭირა სახრჩობელას ა.შ.შ დოლარმა გლობალურ ფინანსებზე“- თავის იმეილში წერს, რომ კეინსის შემოთავაზებული სისტემა „მოითხოვს კარგ საშინაო პოლიტიკას და ძლიერ საერთაშორისო თანამშრომლობას“, რომელთაგან ორივე ნაკლებობაშია.

ასე გრძელდება ბრძოლა მკურნალებს შორის, მანამ სანამ პაციენტი იტანჯება. კეინსმა დაინახა მსგავსი ბიძგები დიდი დეპრესიის დასაწყისში. „ჩვენ ჩავითრიეთ საკუთარი თავი კოლოსალურ უწესრიგობაში, დავუშვით შეცდომები ძალიან დელიკატური მანქანის მართვისას, რომლის ფუნქციონირებისაც არ გაგვეგება“ – წერდა ის 1930 წელს. „შედეგი ისაა, რომ ჩვენი სიმდიდრის შესაძლებლობები გაიფლანგება გავრკვეული დროის მანძილზე და შეიძლება, ხანგრძლივადაც“. კეინზმა თავის მხრივ, გვიჩვენა გამოსავალი.


თარგმანი: © ოთარ ჭულუხაძე და სოფიო მეზვრიშვილი.

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*