კედლების მშენებლობა: შიში და სეკურიტიზაცია ევროკავშირში

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

დსფსფ

► ავტორი: European Alternatives

►მთარგმნელი: ირაკლი ჯავახიშვილი – სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი; რომის წმ. თომა აკვინელის პონტიფიკალური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი; კვლევისა და ინტერესის სფეროებია – ევროკავშირი საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.

► სტატია პირველად გამოქვეყნდა 2018 წლის 3 ნოემბერს, Political Critique-ზე.

► მედია-პლატფორმა მადლობას უხდის თარგმანის ავტორს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის. 

©European.ge

ბევრი იმედოვნებდა, რომ 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემით ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და გახსნილობის ახალი ეპოქა დაიწყებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გერმანიის პრეზიდენტი ჰორსტ კელერი კედელის დაცემას აღნიშნავდა, იგი ამბობდა, რომ “შიშის შენობა” ჩაანაცვლა “სიხარულის ადგილმა”, რომელმაც გზა გაუხსნა “თანამშრომლობითი გლობალური მმართველობის” შესაძლებლობას, “რომელიც ყველასთვის სასარგებლოა”. 30 წლის შემდეგ, ხდება საპირისპირო რამ – ყველგან შენდება შიშის შენობები, ნამდვილიც და წარმოსახვითიც, რომლებიც ქსენოფობიის აღმასვლას ასაზრდოებს და გაცილებით უფრო სახიფათო, კედელშემოვლებულ მსოფლიოს ქმნის მიგრანტებისათვის, რომლებიც უსაფრთხოებისაკენ მიილტვიან.

ტრანსეროვნული ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ 90-ანი წლებიდან ევროპაში ემიგრირებულ იძულებით გადაადგილებულთა შესაკავებლად, ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრმა სახელმწიფოებმა თითქმის 1000 კილომეტრიანი კედლები ააშენეს, რაც ექვსჯერ აღემატება ბერლინის კედლის სიგრძეს. ამ ფიზიკურ კედლებს ემატება უფრო გრძელი “საზღვაო კედლები”, ხმელთაშუა ზღვაზე პატრულირების საზღვაო ოპერაციები, აგრეთვე “ვირტუალური კედლები”, სასაზღვრო კონტროლის სისტემები, რომლებიც ევროპაში შემსვლელ ან თუნდაც მისი მასშტაბით მოგზაურ ადამიანთა შეჩერებასა და მოსახლეობის გადაადგილების გაკონტროლებას ცდილობს. ამ პროცესში ევროპამ საკუთარი თავი აქცია ციხე-სიმაგრედ, რომელიც რიყავს უცხოებს, და ასევე, თანდათანობით გაზარდა დაზვერვისა და მილიტარიზებული ტექნოლოგიების გამოყენებაც, რასაც კედლის შიგნით მყოფ მის მოქალაქეებზეც აქვს გავლენა.

ანგარიში შეისწავლის და აანალიზებს ევროპის ფორტიფიკაციის (გამაგრების) მიზანს, აგრეთვე იმ იდეებსა და ნარატივებს, რომლებითაც ისაა აგებული. აღნიშნული ანგარიში იმ ქსენოფობიურ მხარეთა მიერ გამოწვეული შიშის კედლებს განიხილავს, რომელთა პოპულარობაც იზრდება და რომლებიც უზარმაზარ გავლენას ახდენენ ევროპის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, დოკუმენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებდა ევროპა 9/11-ის შემდგომ პერიოდში გაზრდილი უსაფრთხოების პარადიგმით, რომელიც სოციალურ საკითხთა სეკურიტიზაციას ეფუძნებოდა. ამან ევროპის პოლიტიკა სოციალური დღის წესრიგიდან მიმართა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პოლიტიკისაკენ, სადაც ადამიანთა მიგრაცია და გადაადგილება საფრთხედ ითვლება სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის. შედეგად, მათ მიმართ მიდგომა ტრადიციული უსაფრთხოების ინსტრუმენტებით ხდება, როგორიცაა მილიტარიზმი, კონტროლი და დაზვერვა.

ჯისჰდსბერლინის კედელი

საუბედუროდ, ამგვარი რეაგირება მხოლოდ ევროპისთვის არ არის დამახასიათებელი. სახელმწიფოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური უსაფრთხოების უდიდეს პრობლემებს პასუხობენ სწორედ კედლებით, მილიტარიზაციით, სხვა სახელმწიფოებისგან, დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებით, ამ პროცესმა კი სულ უფრო მეტად მტრული სამყარო შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომსა და პოლიტიკურ დევნას გაურბიან.

“ციხე-სიმაგრე ევროპის” წარმოშობა 1985 წლის შენგენის შეთანხმებას უკავშირდება. მ გადაადგილების თავისუფლების დამკვიდრებასთან ერთად ევროკავშირის საზღვრებში, შეთანხმება მისი გარე საზღვრების მეტ კონტროლსაც მოითხოვდა. ამ მოდელმა უსაფრთხო შიდა სივრცისა და სახიფათო გარე სივრცის იდეას შეასხა ხორცი.

2003 წლის შემდეგ, ევროპული უსაფრთხოების შემდგომმა სტრატეგიებმა, რომლებიც ამერიკის “სამშობლოს უსაფრთხოების” მოდელს ემყარება, საზღვარი აქცია იმგვარ ელემენტად, რომელიც ადგილობრივ და გლობალურ უსაფრთხოებას აკავშირებს. შედეგად, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკა (CFSP) სულ უფრო მეტად მილიტარიზებული გახდა, შესაბამისად, მიგრაციაც სულ უფრო მეტად ითვლება საფრთხედ.

მოგვიანებით, “ციხე-სიმაგრე ევროპა” მესამე ქვეყნებთან სასაზღვრო მართვის ექსტერნალიზაციის პოლიტიკით გაფართოვდა, რომლის ფარგლებშიც სასაზღვრო კონტროლის გაზრდისა და დეპორტირებული მიგრანტების მიღებისათვის შეთანხმებას მოეწერა ხელი მეზობელ ქვეყნებთან. ამგვარად, საზღვარი უფრო დიდ  და ფართო გეოგრაფიულ ცნებად იქცა.

ფრონტექსი: კედლების მესაზღვრეები

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო (ფრონტექსი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციხე-სიმაგრის გაფართოების მთელ ამ პროცესში და აგრეთვე მოქმედებს და ამყარებს კოორდინაციას მესამე სამყაროს ქვეყნებთან თავისი ერთობლივი ოპერაციული ‘კოორდინატებით’.  აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მისი ბიუჯეტი 6.2 მილიონიდან (2005წ.) 302 მილიონამდე გაიზარდა (2017წ.).

ფრონტექსის საბიუჯეტო მონაცემების ანალიზი აჩვენებს მზადრ ჩართულობას სადეპორტაციო ოპერაციებში, რომელთა ბიუჯეტიც 80, 000 ევროდან (2005წ.) 53 მილიონ ევრომდე (2017წ.) გაიზარდა. ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (ფრონტექსი) დეპორტაციები ხშირად არღვევს თავშესაფრის მაძიებელ ადამიანთა უფლებებს. მესამე ქვეყნებთან ფრონტექსის შეთანხმებათა მეშვეობით, თავშესაფრის მაძიებლები რჩებიან იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, რომლებსაც სუსტი დემოკრატია აქვთ ან ცუდი შეფასება აქვთ ადამიანური განვითარების მაჩვენებლებში (HDI).

შიშის კედლები და ულტრამემარჯვენეთა გავლენა

ულტრამემარჯვენეები მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით, რათა შექმნან ირაციონალური შიში მიგრანტთა მიმართ. ამგვარი ქსენოფობია აზრობრივ კედლებს ქმნის ადამიანებში, რომლებიც შემდეგ ფიზიკურ კედლებს მოითხოვენ. გაანალიზებული მონაცემები აჩვენებს, თუ როგორ შემაშფოთებლად იზრდება უკანასკნელ წლებში რასისტული შეხედულებები, რომლებიც, თავის მხრივ, ზრდის ქსენოფობიური იდეოლოგიის მქონე ევროპული პარტიებისათვის ხმის მიცემის პრაქტიკას და ხელს უწყობს მათ მზარდ პოლიტიკურ გავლენას. ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოში არსებობს 39 პოლიტიკური პარტია, რომლებიც უკიდურეს მემარჯვენე პოპულისტებად ითვლებიან და რომლებსაც თავიანთი ისტორიის გარკვეულ მომენტში სულ მცირე ერთი საპარლამენტო ადგილი მაინც ეკავათ (ეროვნულ პარლამენტში ან ევროპის პარლამენტში).

ამ ანგარიშის დასრულების ეტაპზე (2018 წლის ივლისი), ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოს (გერმანია, ავსტრია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი და შვედეთი) ძლიერი ქსენოფობიური პარტიები ჰყავთ, რომლებმაც 2010 წლიდან ჩატარებულ არჩევნებში ნახევარ მილიონზე მეტი ხმა აქვთ მიღებული. ამ პარტიებმა გაზარდეს თავიანთი წარმომადგენლობა, ფინეთის გამოკლებით. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთსა და შვედეთში, შემაშფოთებელი ზრდა შეიმჩნეოდა, მაგალითად ალტერნატივამ გერმანიისათვის (AfD), 94 ადგილი მოიპოვა 2017 წლის არჩევნებში (პარტია, რომელსაც არ ჰქონია საპარლამენტო წარმომადგენლობა 2013 წლის არჩევნებში), კანონისა და სამართლიანობის პარტიამ (PiS) პოლონეთში 235 ადგილი მოიპოვა 2015 წლის არჩევნების შემდეგ (49%-იანი ზრდა), ხოლო ჩრდილოეთის ლიგამ (LN) ძლიერი ზრდა განიცადა იტალიაში, როდესაც 18 ადგილიდან (2013 წ.) 124 ადგილამდე ავიდა (2018 წ.).

დაფდასფ

კვლევა ასკვნის, რომ ამ 10 სახელმწიფოდან 9-ში უკიდურეს მემარჯვენე პარტიებს გავლენის მაღალი ხარისხი აქვთ მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკაზე, მაშინაც კი, როცა უმცირესობაში არიან. ოთხ მათგანში (ავსტრია, ფინეთი, იტალია და პოლონეთი) ამ პარტიებს მინისტრები ჰყავთ მთავრობაში. დარჩენილი 6 ქვეყნიდან 5-ში (გერმანია, დანია, ჰოლანდია, უნგრეთი და შვედეთი) ქსენოფობიური დისკურსისა და გავლენის ზრდა შეინიშნება.

ქსენოფობიურ პარტიათა დისკურსს ცენტრისტული პარტიებიც სიხარულით ითავისებენ. იმის ნაცვლად, რომ მათ იდეოლოგიას დაუპირისპირდნენ და ადამიანთა უფლებებზე დამყარებული ალტერნატიული დისკურსი წამოწიონ, ამომრჩეველი სექტორის დასატყვევებლად იზიარებენ მათ შეხედულებებს. ამგვარად, ყველაზე რადიკალური და რასისტული პარტიების პოზიციები, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი ძალისხმევით ძლიერდება. რომ შევაჯამოთ, კვლევა ადასტურებს ულტრამემარჯვენეთა აღმასვლასა და გავლენას ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკაში, რომელმაც შედეგად მიგრაციისა და ადამიანთა გადაადგილების სეკურიტიზაცია და კრიმინალიზაცია მოიტანა.

შიშის გონებრივი კედლები მჭიდროდ უკავშირდება ფიზიკურ კედლებს. რასიზმი და ქსენოფობია ლეგიტიმაციას აძლევს ძალადობას ევროპის სასაზღვრო ზონებში. ეს იდეები აძლიერებს უსაფრთხო “შიდა სივრცისა” და სახიფათო “გარე სივრცის” კოლექტიურ წარმოდგენას, რის მეშვეობითაც ციხე-სიმაგრის შუასაუკუნეობრივ კონცეფციას უბრუნდება. ეს იდეები ასევე აძლიერებს ტერიტორიული ძალის დინამიკასაც, სადაც ადამიანის წარმომავლობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, განსაზღვრავს მისი გადაადგილების თავისუფლებას.

ამგვარად, ევროპაში ჩამოყალიბდა ძალადობის სტრუქტურები და დისკურსები, რომლებიც გვაშორებს როგორც ადამიანის უფლებების, თანაარსებობისა და თანასწორობის პოლიტიკისაგან, ისე ტერიტორიებს შორის უფრო თანაბარი ურთიერთობების დამცველი პოლიტიკისგან.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.