ბენდუქიძე ცდებოდა: რა მოხდა რეალურად სინგაპურში?

Share on Facebook463Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

bendukidze

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► კახა ბენდუქიძეს უკავშირდება “სინგაპურიზაციის” იდეის პოპულარობა საქართველოში, რომლის მიხედვითაც სინგაპურში ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება არ არსებობს და ჩაურეველი საბაზრო ეკონომიკის დამსახურებაა ამ ქვეყნის ეკონომიკური სასწაული. შესაბამისად, საქართველოში თითქმის ყველას – მაყურებელს, მსმენელსა თუ მკითხველს ეს დაშვება ყველაზე უტყუარ ფაქტად მიაჩნია. სინამდვილეში რეალობა და ამ ქვეყნის ისტორიული განვითარება საპირისპიროა. ეკონომიკა, ჯანდაცვისა და განათლების სფერო მნიშვნელოვნად რეგულირდება სახელმწიფო ბიუროკრატიის მიერ. ქვემოთ მოყვანილია მცირე მაგალითები.

სახელმწიფოს როლის მაგალითები სინგაპურის ეკონომიკაში

“სინგაპურის ეკონომიკაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს სახელმწიფო კომპანიები. The Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, 2001 წელს სახელმწიფო კომპანიების მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება ეროვნული პროდუქტის 60%-ს აღწევდა. ასეთი ფირმების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია საინვესტიციო კომპანია Temasek Holding. მისი პორტფელის ღირებულება 153 მილიარდი აშშ დოლარია და ინვესტირებას სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ე. წ. Start-Up-ებს. ის ასევე ფლობს ფირმებს ისეთ სექტორებში როგორიცაა: ფინანსური მომსახურება, ტელეკომუნიკაციები, მედია, ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა. ეს სინგაპურის მთავრობას ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის კლასტერულად განვითარების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, პრივატიზაციის იმ ტალღის გასამართლებლად, რომელიც ბენდუქიძემ გაატარა, სინგაპურის მაგალითი ნამდვილად ვერ ივარგებს.

სინგაპურში 1955 წლიდან მოქმედებს სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებული ფონდი CENTRAL PROVIDENT FUND, რომელიც დამზოგველი სისტემის შემადგენელი ნაწილია და ივსება როგორც დამქირავებელთა, ასევე დაქირავებულთა სავალდებულო შენატანებით. დაგროვილი სახსრებით ფინანსდება მათი პენსიები, ჯანმრთელობის ხარჯები, და ასევე გაიცემა სესხები საცხოვრებელი ფართების შესაძენად. ეს ფონდი დაზოგვის მაღალი ნორმის მისაღწევად სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

ასევე ჩნდება კითხვები სინგაპურის მკაცრ ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, 2010 წელს დაგროვილი სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 96%–ს შეადგენდა.  იმ დროს, როცა ტაბულა წერს, რომ სინგაპურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით,”ხელფასების დარეგულირება ბაზარს მიანდო და დამსაქმებლებს მეტი თავისუფლება მისცა მუშახელის დაქირავებისა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხში.” ამის საპირისპიროს წერს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის (LSE) პროფესორი ა. იანგი კლევაში, რომელიც სინგაპურისა და ჰონგკონგის შედარებას ეძღვნება. ის ამბობს, რომ 1968 წელს სინგაპურის მთავრობამ მიიღო კანონი შრომითი ურთიერთობების შესახებ. იგი აწესებდა გარკვეულ სტანდარტებს სამუშაო დროის, დასვენების, დაქირავების, სამსახურიდან დათხოვნისა და სხვათა შესახებ. ეს კვლევაც რომ არა, ადვილად ხელმისაწვდომია სინგაპურის შრომის კოდექსი, რომელიც დღესაც არეგულირებს ამ ყველაფერს და ნაკლებად თუ მოგვაგონებს საქართველოს შრომის კოდექსს.

აშშ-თან დადებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2006 წლის დასაწყისიდან სინგაპურში ამოქმედდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. იგი ბრიტანულ მოდელზეა აგებული და კრძალავს კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებს: დომინანტურ პოზიციას ბაზარზე და კომპანიათა შერწყმას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ან შეასუსტოს კონკურენციული გარემოს სტაბილურობა. შესაბამისად, სინგაპური ვერც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არ არსებობის მაგალითად გამოადგება ულტრა-ლიბერალური ზღაპრების წერით გართულ ‘ინტელექტუალებს’.

კონკრეტულ ფაქტებსაც რომ არ ჩავუღრმავდეთ და ზედაპირულად გადავხედოთ ცნობებს სინგაპურის ეკონომიკის შესახებ, ვნახავთ, თითქმის ყველგან ის შერეული ტიპის ეკონომიკური მოდელის მაგალითად არის მოყვანილი. მიუხედავად ამისა, საქართველოში ინდივიდთა გარკვეულ ჯგუფს, რომელიც ლიბერტარიანული ხედვებით გამოირჩევა, რიგი მიზეზების გამო, ძალიან მოსწონს სინგაპურის წარმატება. მათ სურთ, რომ დაეწიონ სინგაპურს. ნაკლებად სავარაუდოა, მათ არ სცოდნოდათ ის, რომ ლიბერტარიანული ხედვით ვერასოდეს მოახერხებდნენ ამას, რადგან რეალურად სინგაპურს არაფერი აქვს საერთო ლიბერტარიანიზმთან. თუმცა, სურვილი საქართველოს სინგაპურიზაციისა, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ინდივიდთა ამ ჯგუფმა სპეციალურად ქართველი ხალხისთვის, არც მეტი არც ნაკლები, სინგაპური გამოიგონა!” – ნაწყვეტი ლაშა ნიკოლაიშვილის წერილიდან, გაზეთი “ბანკები და ფინანსები”, 2012 წ.

► ამ თემაზე ასევე იხილეთ საინტერესო სტატია ბრიტანულ ინტერნეტ გამოცემა Spiked-ზე: “კომუნისტი, რომელმაც სინგაპური კაპიტალისტურ წარმატებად აქცია.”

სახელმწიფო ჩარევა და მიწის პოლიტიკა სინგაპურში

“სინგაპურის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი 1966 წელს მიღებული ”მიწის გამოსყიდვის აქტი” გახდა, რომლის მიხედვით სახელმწიფომ დაიწყო მიწის შესყიდვა, სადაც მფლობელს უარის თქმის უფლება არ ჰქონდა. კომპენსაციები გაიცემოდა ფიქსირებული არა საბაზრო ფასებით. ამ დროისთვის მიწა ეკუთვნოდა უმდიდრეს უმცირესობას, ამიტომ სინგაპურის პარლამენტმა სამართლიანად მიიჩნია ასეთი ტიპის გამოსყიდვის სქემა. ამ სქემის მიხედვით სახელმწიფომ შეძლო მიწის რესურსების კონსოლიდაცია და მიწათსარგებლობის გეგმიური წარმართვა. რეფორმის დასაწყისში სახელმწიფო მფლობელობაში იყო მთლიანი მიწის 44%, ხოლო 2005 წლისთვის სახელმწიფო მიწა უკვე 90%-ს შეადგენდა (ამაში შედის დამშრალი ჭაობების ფართიც). ასეთი გზებით მოპოვებული მიწის 50% სახელმწიფომ საბინაო ფონდის შესაქმნელად გამოიყენა. დანარჩენი განაწილდა სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების განსათავსებლად.” – © ურბანისტი ლევან ასაბაშვილი, რომელიც არის ორგანიზაცია “ურბან რეაქტორის” წევრი და ეს ორგანიზაცია ახორციელებს კვლევას: “საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები,” რომლის ფარგლებშიც ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნდება არაერთი საინტერესო პუბლიკაციის თარგმანი წამყვან აზიურ სახელმწიფოებში საჯარო ბიუროკრატიის როლის შესახებ.

როგორია სახელმწიფოს როლი სინგაპურის ჯანდაცვის სისტემაში?

სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა დგას თანასწორობისა და ჯანმრთელობაზე ადამიანის უფლების ღირებულებაზე. სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა არის ყველაზე ხარჯეფექტური ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში, რაც მისი განსაკუთრებული მოწყობის შედეგია.

%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90

წარმოგიდგენთ ნაწყვეტს როტერდამის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კურსდამთავრებულისა და ჯანდაცვის სფეროს მკვლევარის, პაატა გურგენიძის წერილიდან: “ხარჯეფექტური ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის მნიშვნელობა სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის.”

“იმისთვის, რომ ეს განსაკუთრებულობა ადვილად წარმოჩინდეს, უპრიანია იგი ისეთ განვითარებულ ქვეყანას შევადაროთ, სადაც ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა საპირისპიროდაა მოწყობილი და შედეგებიც შესაბამისია. ასეთი ქვეყანა არის ამერიკის შეერთებული შტატები.

  • სინგაპურს აქვს ერთ-ერთი უიაფესი ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში, რომელიც ქვეყანას უჯდება მშპ–ს 3%; აშშ-ს უჯდება 14,6% (2006 წ. მონაცემები, მსოფლიო ბანკი).
  • ეს სისტემა გამოირჩევა ხარისხითაც და შედეგიანობითაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2000 წლის ანგარიშის მიხედვით, 191 ქვეყნიდან სინგაპურმა აიღო 6-ე ადგილი ეფექტიანობის მიხედვით, აშშ-მ კი 37-ე.
  • სინგაპურის სისტემა უზრუნველყოფს განსაკუთრებით წარმატებულ სამედიცინო ტურიზმს, ანუ ჯანდაცვის მომსახურების ექსპორტს, რომელმაც ეკონომიკის 0,67% შეადგინა 2007 წელს. აშშ-ში ეს ციფრი 0,009%-ს არ აღემატება.
  • სინგაპურის სისტემა უნივერსალურია მაშინ, როდესაც ამერიკა მსოფლიოს ერთადერთი განვითარებული ქვეყანაა, რომელსაც ასეთი სისტემა არ გააჩნია. ეს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი განსხვავებაა და განპირობებულია განსხვავებული დაფინანსების სისტემებით.

სინგაპური სწორედ ამ სისტემას უნდა უმადლოდეს ჯანდაცვის დაბალ ხარჯებს, მაღალ ეფექტურობას და, შესაბამისად, მიმზიდეველობას უცხოელი პაციენტებისათვის. ამ უკანასკნელთა ყოველწლიურმა რაოდენობამ  მალე მილიონს უნდა გადააჭარბოს ამ ქვეყანაში, რომელიც მოსახლეობით საქართველოს სადარია.

ბევრი აკრიტიკებს ამ ორი ქვეყნის შედარების მიზანშეწონილებას. არგუმენტები სხვადასხვაა. თუმცა, ისინი ჯანდაცვის სისტემების თვალსაზრისით უმნიშვნელო ფაქტორებს ეხება, როგორიცა ამ ქვეყანათა განსხვავებული ზომები, მაგალითად.

ასეთი არგუმენტების მოყვანის რეალური მოტივი ის უხერხულობაა, რასაც სინგაპურის მოდელის წარმატებულობა ქმნის ნეოლიბერალი იდეოლოგების თვალში. ამ ქვეყნების შედარების სასარგებლოდ კი ყველაზე მეტად თვითონ სინგაპურის ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარების ისტორია მეტყველებს. ‘სინგაპურის ჯანდავის სამინისტროს თეთრი წიგნი’, რომელშიც ეს პოლიტიკაა ჩამოყალიბებული, სწორედ ამერიკული სისტემის უარყოფითი მაგალითებიდან სწავლას უსვამს ხაზს. იგი გვეუბნება, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ შეუზღუდავი ჯანდაცვის დაზღვევა, როგორსაც ამერიკის პრაქტიკაში ვხედავთ. სინგაპურის აზრით, ამას მივყავართ არასაჭირო მომსახურებათა მიწოდებამდე და სწრაფად მზარდ სადაზღვეო ხარჯებამდე.

ინფორმაციის ასიმეტრიის ცნება გვეხმარება ანალიზში.

იმისათვის რათა გავიგოთ, თუ რატომ არის სინგაპურში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჯანდაცვის დაზღვევისადმი, უნდა განვიხილოთ ინფორმაციის ასიმეტრიის პრობლემა. მის გათვალისწინებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სისტემის ორგანიზებისას, რამდენადაც განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმების გამოყენების მარცხს.

ბაზრების ეფექტიანობა დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით  მოწოდების განსაზღვრაზე. მომხმარებლის არჩევანი/პრეფერენცია, მიიღოს მეტი, ბაზრებზე რეგულირდება მიწოდების მაღალი ფასით, ხოლო მაღალი ფასი იზღუდება დაკლებული მოთხოვნით. ჯანდაცვის მიწოდების შემთხვევაში მომხმარებლის არჩევანი მნიშვნელოვანწილად აზრს მოკლებულია.

პაციენტის მოთხოვნა ჯანდაცვის მომსახურების მიღებაზე განისაზღვრება არა მისი თავისუფალი არჩევანით/პრეფერენციით, არამედ ჯანმრთელობის საჭიროებით. ამ საჭიროების განსაზღვრა კი ექიმზე, ანუ მიმწოდებელზეა, დამოკიდებული. ეს ფაქტორი ქმნის ჯანდაცვაში ინფორმაციის ფუნდამენტურ ასიმეტრიას.

ეკონომიკაში ინფორმაციის ასიმეტრიის ცნება მჭიდრო კავშირშია ‘პრინციპალის და აგენტის პრობლემასთან’. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც თქვენ (პრინციპალი) ვიღაცისგან (აგენტი) მომსახურებას იღებთ, ამ უკანასკნელს მეტი ინფორმაცია აქვს შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით ვიდრე თქვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აგენტის მომსახურებით არ ისარგებლებდით. აგენტის ჩართვის შემთხვევაში კი იგი იღებს შანსს ისარგბლოს ინფორმაციის არსებული ასიმეტრიით თქვენთვის ფასის დაწესებისას.  პრინციპალები  და აგენტები ქმნიან ჯაჭვს – თქვენი აგენტი შეიძლება თვითონ იყოს პრინციპალი სხვა აგენტისათვის, რომელიც უშუალოდ ასრულებს სამუშაოს. რაც მეტი რგოლია ამ ჯაჭვში მით მეტია ინფორმაციის ასიმეტრია.

ეს ‘გრძელი ჯაჭვი’ ჯანდაცვაში ცნობილია ‘გადამხდელი მესამე მხარის’ პრობლემის სახელით. ამ დროს ჯანდაცვის დამზღვევი, მესამე მხარე, ერთვება მომხმარებელსა (პაციენტს) და მიმწოდებელს (კლინიკა, ექიმი) შორის დამატებით რგოლად – გადამხდელად. ეს ქმნის ე.წ. მორალური რისკის (moral hazard) პრობლემას. ანუ, ამ დროს საბაზრო ურთიერთობის მხარე იზოლირებულია გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული რისკისაგან. ჩვენს შემთხვევაში, თუ პაციენტი  მოითხოვს მეტ მომსახურებას, ის იზოლირებული იქნება მეტის გადახდის რისკისაგან, რამდენადაც ფულს დამზღვევი იხდის.  მეტი მომსახურების საჭიროების დადგენა მიმწოდებლისთვისაც მაცდუნებელია, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკლების რისკთან არ არის კავშირში იგივე დამზღვევის ფაქტორის გამო. ამ პრობლემას ‘მიმწოდებლის მიერ შექმნილ მოთხოვნასაც’ უწოდებენ.

ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტში ტრადიციულად ორგვარ სტრატეგიას განასხვავებენ ინფორმაციის ასიმეტრიის პრობლემების დასაძლევად. ნაციონალური ჯანდაცვის დაზღვევის სისტემები (მაგალითად, ევროპული ქვეყნები) ირჩევენ ‘მიწოდების გამოზომვის’  სტრატეგიას – ცენტრალიზებული დაგეგმვით ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვა და ა.შ. კერძო ჯანდაცვის დაზღვევაზე დაფუძნებული სისტემები (ამერიკა) ირჩევენ ‘მოხმარების გამოზომვას’ – ანუ, როდესაც მოსახლეობის ნაწილს ეზღუდება ჯანმრთელობის დაზღვევა. სინგაპურის სისტემა არცერთ სტრატეგიას არ იმეორებს ცალსახად და შეიძლება ეწოდოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სტრატეგია.

სინგაპურის მოდელის ძირითადი მახასიათებლები:

მართალია სინგაპური ქმნის საყოველთაო/უნივერსალურ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე, მაგრამ ამას არ აკეთებს სახელმწიფოს მიერ საყოველთაო დაზღვევით, როგორც ეს ევროპაში ხდება (მაგალითი, გერმანია). შესაბამისად, სახელმწიფოს წილი ჯანდაცვის ხარჯებში არ აღემატება 38%-ს (ფიგურა #1) რაც ძალზე დაბალია ევროპასთან შედარებით (70%–80%). მეტიც, ეს დაბალი მაჩვენებელია ამერიკასთან შედარებითაც კი, სადაც სახელმწიფო ფარავს მთელი ხარჯების 45%-ს (ფიგურა#2). სინგაპური არც იმას აკეთებს, რომ ჯანდაცვა, ამერიკის მსგავსად, კერძო დაზღვევას გადააბაროს ვითომდა სახელმწიფო ხარჯების შემცირების მინზით. როგორც ფიგურა #1 და #2 გვიჩვენებს კერძო დაზღვევის წილი სინგაპურში 2%-ს არ აღემატება მაშინ, როცა ამერიკაში 36% შეადგენს.

თვითონ საყოველთაობის/უნივერსალობის პრინციპი სინგაპურის ჯანდაცვას უკვე ხარჯეფექტურად აქცევს. ეს ეფექტი კარგად მოჩანს ამერიკასთან მისი შედერებისას. ამერიკაში კერძო დამზღვევების საქმიანობა (ხსენებული ინფორმაციის ასიმეტრიის ექსპლუატაციის გზით) ისე აძვირებს ჯანდაცვას, რომ მომხმარებლის დიდი ნაწილისათვის იგი ხელმიუწვდომელი ხდება. ამ სისტემამ რომ არსებობა შეძლოს, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ღარიბების და მოხუცების დაზღვევას (addressing market externalities). იმავდროულად, რათა ხელმოკლეობის გამო უექიმობას ავადმყოფის სიკვდილი უშუალოდ არ მოჰყვეს, იგი ვალდებულს ხდის სახელმწიფო დაზღვევაში მონაწილე კლინიკებს უმკურნალონ გადაუდებელ შემთხვევებს მიუხედავად პაციენტის გადახდისუნარიანობისა. 

ძალიან ბევრი ამერიკელის (16,7% 2009წ) ჯანმრთელობა დაუზღვევალია და მათი რაოდენობა მატულობს (1999 სი 14% იყო).  სისტემიდან მათი ამგვარი გარიყვის შედეგი  ის არის, რომ ეს მოსახლეობა ვერ უვლის საკუთარ ჯანმრთელობას სანამ ან ძალიან არ გაღარიბდება, ან არ მოხუცდება, ან ისე არ დაავადდდება, რომ მისი მკურნალობა გადაუდებელი გახდეს. ამ პერიოდისთვის, როცა ისინი სახელმწიფო სადაზღვეო პროგრამების კისერზე სხდებიან, უკვე ისე აქვთ დაზიანებული ჯანმრთელობა, რომ მათი მკურნალობა გაცილებით მეტი ჯდება ვიდრე მაშინ დაჯდებოდა მთელი სიცოცხლე რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი ყოფილიყო.  დაუზღვევლობის გამო გაზრდილი ჯანდაცვის ხარჯების სახელმწიფოს მიერ გასტუმერბას ‘ხარჯების გადატანა’ (cost shift) ქვია და არაუნივერსალური სიტემებში ჯანდაცვის გაძვირების ერთ ერთი ძირითადი წყაროა. როგორც ხვდებით, სინგაპურის ჯანდაცვის დაფინანსები სისტემა არ განიცდის ხარჯების გადატანით გამოწვეულ ინფლაციურ ეფექტებს.

უნივერსალობის პრინციპის გარდა სინგაპური მიმართავს ‘მოხმარების და მიწოდების გამოზომვის’ მეთოდების ისეთ კომბინაციას, რომლებიც კიდევ უფრო ხარჯეფექტურს ხდის ჯანდაცვის დაფინასების სისტემას. ჯამში ვიღებთ ყველასათვის ფინანსურად ხელმისაწდომ (affordable) ჯანდაცვას.

ამ მეთოდების ფარგლებში ფასების ინფლაციის შეზღუდვის ძირითადი პრინციპი არის ე.წ. ‘საბაზისო ჯანდაცვა’, რომელიც უნდა იყოს საყოველთაო. იგი განსაზღვრავს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აბსოლუტურად აუცილებელ მომსახურებას და არა იმას, თუ რისი მიღება სურს პაციენტს, ან რისი მიწოდება შეუძლია ექიმს. სახელმწიფო ცდილობს შექმნას უბიძგოს მოსახლობას შეზღუდოს ჯანდაცვის მოხმარება მხოლოდ ‘საბაზისო ჯანდაცვით’, რომლის ხარისხი ‘უხილავია’ ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებული ღირებულება აქვს.

ჯანდაცვის მოწოდების მხრივ  ‘საბაზისო ჯანდაცვის’ უზრუნველყოფის ერთი მეთოდი არის ჯანდაცვის საშუალებების (ჰოსპიტალები, პოლიკლინიკები) სახელმწიფო საკუთრება. სინგაპურში ჯანდაცვის სისტემა ეყრდნობა ჰოსპიტალურ სექტორს, სადაც დასაქმებულია ექიმების 64%. აქ სუბსიდირდება მომსახურების მიწოდების 79% (პირველად ჯანდაცვაში კი მხოლოდ 50%). ეს სუბსიდირება საშუალებას აძლევს სახელმწიფოს განსაზღვროს ფასები და ხარისხი ჯანდაცვის მომსახურების ბაზარზე.

რამენადაც სახელმწიფო ფლობს წამყვან მიმწოდებლებს ჯანდაცვის ინდუსტრიაში (განსაკუთრებით ჰოსპიტალურ სექტორში) იგი აწესებს ე.წ. საორიენტაციო ფასებს (benchmark prices) ბაზარზე, რითაც ზღუდავს სხვა პროვაიდერების მიერ ფასების ზრდას. სხვათა შორის, ამგვარი სტრატეგია პოსტკეინსიანური ეკონომისტებისაგან მოდის, რომლებიც აღიარებენ ბაზრების რეალურ ოლიგოპოლიურობას და უგულებელყოფენ ‘იდეალურ კონკურენციას’.

ამას გარდა, სახელმწიფო კლინიკები ქმნიან  საბაზისო ჯანდაცვის პაკეტებს და სტიმულებს რათა მოხმარება მათ არ გასცდეს. მაგალთად, ყველაზე იაფი  (C კლასის) პალატების მომსახურება სუბსიდირდება 80%-ით. ისინი უზრუნველყოფენ ‘უხილავი’ თუმცა მეცნიერული ღირებულების/ხარისხის ‘საბაზისო ჯანდაცვას’, რომელსაც, სხვათა შორის, ყველაზე მდიდარი პაციენტების 10%-იც არ თაკილობს. ყველაზე ძვირი (A კლასის) პალატების მომსახურება კი არ სუბსიდირდება საერთოდ. მიზეზი ის არის, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდება კერძო კლინიკებისაგან და გადატვირთულია პაციენტისათვის ‘ხილული’ ხარისხით, რომელსაც მეცნიერულ მედიცინასთან კავშირი არ აქვს (კვება, პალატის კომფორტი, და ა.შ.).

ჯანდაცვის საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრების გარდა სახელმწიფო სარგებლობს ‘საბაზისო ჯანდაცვის’ მოხმარების ისეთი სტიმულირების მექანიზმით, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ჯანდაცვის დაზღვევის ალტერნატივაა. ეს მექანიზმი, რომელიც არეგულირებს როგორც მიწოდების ასევე მოხმარების მხარეს, არის სპეციალური ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ ჯანდაცვის მიზნით.

ეს ფონდი, Medisave, ივსება მოსახლეობის მიერ სავალდებულო გადასახადებით, მაგრამ ბეგარას არ წარმოადგენს. Medisave-ში შეტანილი თანხები რჩება პიროვნების საკუთრებაში, თუმცა თვითონ ფონდს სახელმწიფო მართავს. ამ სამედიცინო დანაზოგების ანგარიშებს მოქალაქეები იყენებენ თავიანთი ოჯახის წევრების ჯანდაცვის ხარჯების გასასტუმრებლადაც. ამ ანგარიშების შექმნას იგივე აზრი აქვს, რაც ჯანდაცვის დაზღვევას – ადამიანს არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ, ავად გახდომის შემთხვევაში, მას შეიძლება არ აღმოაჩნდეს ჯანდაცვისთვის გადანახული თანხა. ის, რისი განჭვრეტაც კერძო ადამიანს არ ძალუძს, შეუძლია სახელმწიფოს ჯანდაცვის სტატისტიკაზე დაყრდნობით. მაგრამ, სინგაპურის შემთხვევაში, სახელმწიფო ადამიანს ფულს კი არ ართმევს არამედ მხოლოდ უგეგმავს მის მოხმარებას.

სინგაპურში ჯანდაცვისთვის სავალდებულოდ გადახდილი ფული ბიუჯეტში კი არ მიდის, რათა სხვებზე გადანაწილდეს, არამედ ადამიანის სარგებლობაში რჩება. ამით სინგაპური თავიდან იცილებს გადამხდელი მესამე მხარის პრობლემასაც და სისტემაში ინფორმაციის ასიმეტრია მინიმუმამდე დაყავს. აქ მომხმარებელი თვითონ შეიძენს ჯანდაცვის მომსახურებას მომწოდებლისაგან, როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო დამზღვევის გარეშე.

Medisave–ის სამედიცინო დანაზოგების ანგარიშებიდან გადახდებს სახელმწიფო ისე არეგულირებს, რომ მოქალაქეებს აქვთ სტიმული გადაიხადონ მხოლოდ ბაზისურ ჯანდაცვაში. სხვა ტიპის მომსახურების ხარჯს ამ ანგარიშიდან ვერ გაისტუმრებ. მოხმარების მხარის სტიმულირების გარდა ამ ანგარიშის წესები მიმწოდებლებსაც უბიძგებენ საბაზისო ჯანდაცვის პაკეტების შესაქმნელად.

Medisave–ი არ მოცავს კერძო ჯიბიდან გადასახდელ მთელ თანხებს, მაგრამ ქმნის სპეციფიურ სტიმულებს სისტემაში. ისინი აიაფებენ ჯანდაცვას და შესაძლებელს ხდიან უბრალო მოქალაქემ ჯიბიდან გადაიხადოს ყველა საჭირო ხაჯი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებობს კერძო და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებიც ისევე, როგორც სამედიცინო ქველმოქმედება, მაგრამ დაფინანსების ეს ტიპები მცირე ადგილს იკავებს მთელ ხარჯებში და მათზე დიდხანს არ შევჩერდები.

ვიტყვი მხოლოდ, რომ სახელმწიფო აქაც ქმნის სპეციალურ სტიმულებს ინფორმაციის ასიმეტრიის შესამცირებლად. სახელმწიფო დაზღვევა სინგაპურში ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებას და არა სადაზღვეო პრემიების გადახდას. კერძო დაზღვევა კი შეზღუდულია ისე, რომ კამპანიებმა ვერ დააზღვიონ ყველა მომსახურება და შემოიფარგლონ მხოლოდ იშვიათი შემთხვევების და კატასტროფული ხარჯების დაზღვევით. ამ მიდგომის შედეგად სინგაპურში ჯანდაცვის დაზღვევას არ აქვს დაკარგული დაზღვევის არსი მსგავსად დასავლეთის ვეყნებისა (ამერიკის ჩათვლით), სადაც სამედიცინო დაზღვევა დაზღვევა კი არ არის, არამედ სამედიცინო ხარჯების წინასწარ გადახდის სქემა (prepaid healthcare plans).

თუ სინგაპურის სისტემის საკვანძო ნიშანთვისებებს შევადარებთ ამერიკისას, ვნახავთ, რომ აქ ყველაფერი პირიქით ხდება:

1)  საბაზისო ჯანდაცვის პრინციპის მაგივრად ამერიკულ სისტემაში მომხმარებლის არჩევანის (consumer choice) პრინციპი ბატონობს. ამის შედეგი იყო ის, რომ ხანშიშესულების დაზღვევის პროგრამაში  1997 წლიდან დანერგეს ახალი კომპონენტი (Medicare Advantage plans) რომელიც ტრადიციულთან შედარებით მეტ, თუმცა ხშირად არასაჭირო, მომსახურებას სთავაზობს დაზღვეულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა ვერ გახდა წამყვანი და ტრადიციულ ნაწილთან შედარებით უფრო ძვირი უჯდებათ, სახელმწიფო განაგრძობს მის დაფინანსებას. მიზეზი ალბათ ისაა, რომ ამ პროგრამას სახელმწიფო კერძო დამზღვევების საშუალებით ახორციელებს, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკებს ლობირებენ. შედეგად, როგორც კვლევები აჩვენებს, ამ პროგრამის მომსახურების რეალური ხარისხი ტრადიციულთან შედარებით დაბალია და მასში მხოლოდ განათლების არ მქონე და შედარებით ღარიბი ხალხის შეტყუებას ახერხებენ.

2) სინგაპურისაგან განსხვავებით შტატებში ჯანდაცვის საშუალებები კერძო საკუთრებაშია. ამ კერძო ორგანიზაციებში ინფორმაციის ასიმეტრიის შემცირების სტრატეგია იყო პრინციპალის და აგენტის ჯაჭვის შემოკლება ე.წ. პროვიდერის (სამედიცინო კლინიკა) და დამზღვევის ვერტიკალური ინტეგრაციით. ამის შედეგად გაჩნდა მართული ჯანდაცვის ორგანიზაციები (Managed care organizations-MCO), რომლებიც ეხლა საქართველოშიცაა გავრცელებული. პირველ ეტაპზე გარკვეული ეფექტის მიუხედავად, მათ საბოლოოდ ვერ გადაწყვიტეს ფასების ზრდის პრობლემა (ფიგურები#3,#4), რამდენადაც მესამე გადამხდელი სისტემაში კვლავ რჩება. ეს არის სამუშოს მიმცემი, რომელიც ყიდულობს დაზღვევას კერძო სექტორში. ეს არის ასევე სახელმწიფოც, საჯარო სადაზღვეო პროგრამების სახით. სამაგიეროდ, დამზღვევის მიერ ექიმის კონტროლმა გამოიწვია პაციენტისთვის მომსახურების გაუმართლებელი შეზღუდვა და მოხმარებლის უკმაყოფილება, რომელიც ცნობილი გახდა როგორც managed care backlash.

3) Medisave-ის მსგავსი სამედიცინო დანაზოგების ანგარიშების ექსპერიმენტი ამერიკაშიც ჩატარდა ოღონდ წარუმატებლად. ამის მიზეზიც იყო ის, რომ ამერიკული პროგრამა არ იყო არც სავალდებულო და არც დაზღვევის ალტერნატივა. პირიქით, ასეთ ანგარიშებს უხსნიდნენ მხოლოდ დაზღვეულებს, რაც აიხსნება იმით, რომ ამერიკაში სისტემის შემქმნელი ფაქტორი კერძო დაზღვევაა.

ყოველივე ეს ამერიკულ ჯანდაცვას კატასტროფულად აძვირებს და, შესაბამისად, საფუძველს აცლის სამედიცინო ტურიზმს. სინგაპურსა და ამერიკას შორის ყველა ეს განსხვავება კი შეიძლება დავიყვანოთ ერთ ფაქტორზე – ინფორმაციის ასიმეტრიის შემცირება ‘მესამე მხარის გადამხდელის’ ამოგდების გზით. სინგაპურის მსგავსად, მესამე მხარის გადამხდელის ამოგდების ეფექტს (სხავადასხვა ზომით) ადგილი აქვს თითქმის ყველა წარმატებულ საედიცინო ტურიზმის ქვეყანაში, რისი მაჩვენებელიცაა ჯიბიდან გადახდების წამყვანი როლი სამედიცინო ხარჯებში (ფიგურა #5 და#6)…”

ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

  1. სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
  2. “ბრუკინგსის ინსტიტუტის” მიმოხილვა სინგაპურის ჯანდაცვის სისტემის შესახებ.

კახა ბენდუქიძის ფოტო: © epitafii.ru

Share on Facebook463Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*