ზვიად ავალიანი: თქვენ, ვინც მრავალპარტიულობას ითხოვთ!

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

***

თქვენ, ვინც მრავალპარტიულობას ითხოვთ – უნდა იცოდეთ, რომ მრავალპარტიულობას აზრი აქვს და მუშაობს იქ, სადაც საზოგადოება უშვებს პოლიტიკური აზრის მრავალფეროვნებას.

საქართველოში ეს ასე არ არის. არც არასდროს ყოფილა. საქართველოში „ოდითგან“ არსებობს მხოლოდ ერთი „სწორი“ და „სახელმწიფოებრივი“ პოზიცია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი შესაძლო პოზიცია მარგინალიზებულია „ერის მოღალატის“ „აგენტის“, „უვიცის“ და „ბნელის“ იარლიყით.

ასეთი საზოგადოება ბუნებრივად მიისწრაფვის ორპარტიული რეალობისკენ, სადაც პარტიებს შორის იდეოლოგიური განსხვავება მიზერულია, ხოლო პოლიტიკური დისკუსიის შინაარსი უმეტესწილად განისაზღვრება პიროვნული ფაქტორებით (A უკეთესი მენეჯერია თუ B და ა.შ.)

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ თუ მრავალპარტიულ სისტემაში მთავარი კითხვა არის „რა უნდა გავაკეთოთ“ ორპარტიულ სისტემაში მთავარი კითხვა არის „ვინ უნდა გაგვიძღვეს“?

ჩვენთან რეალურად მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა კულტურული შოკი იქნება ბევრისთვის, მათ შორის „პროფესიული სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ და პირველ რიგში სწორედ მათთვის ვინც ყველაზე ხმამაღლა გლოვობს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს მრავალპარტიულობა წარმოუდგენიათ როგორც ერთი და იგივე იდეოლოგიის მქონე ორმოცდაათი პარტია ერთდროულად პარლამენტში, რომლებიც კამათობენ პერსონალიებისა და მენეჯერული უნარების გარშემო.

ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება.

რატომ? იმიტომ, რომ თუ იდეოლოგია სადავო არაა, თუ იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას არ ვუშვებთ, მაშინ რა საჭიროა ორზე მეტი პარტია? პერსონალურ და მენეჯერულ დისკურსში ორი პარტია მშვენივრად აბალანსებს ერთმანეთს – ალტერნატივის არსებობა უკვე თავისთავად აიძულებს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას „კარგად იმუშაოს“, ხოლო „ალტერნატივის“ ეფექტი მით უფრო მძლავრია, რაც უფრო მძლავრი და რეალურია თავად ეს ალტერნატივა.

სხვათა შორის, ორპარტიულ სისტემაში ორივე პარტია ფაქტობრივად „თანაბრად მძლავრია“ და ეს არის ორპარტიული სისტემის ერთგვარი უპირატესობაც მრავალპარტიულთან შედარებით, სადაც პარტია ბევრია მაგრამ მათი უმეტესობა შეიძლება ძალიან სუსტი იყოს.

მეორე მხრივ, მრავალპარტიულ სისტემის უპირატესობებიც აშკარაა – იგი საშუალებას იძლევა გაცილებით მეტი პოზიცია იქნას წარმოდგენილი „პოლიტიკურ ბაზარზე“, მაგრამ თუ არ არსებობს თავად ეს პოზიციები მაშინ პარტიების მრავალფეროვნებაც ხელოვნურ და ბუტაფორიულ სახეს იძენს. ამ შემთხვევაში პარტიები იქცევიან ჩვეულებრივ კლანებად რომლებიც ერთიანდებიან და იყოფიან არა პოლიტიკის, არამედ საფონდო ბირჟის კანონებით.

თუ დავაკვირდებით ჩვენი პოლიტიური ცხოვრების პრაქტიკას ბოლო 20 წლის მანძილზე აშკარაა რომ აქ არასდროს ყოფილა დაშვებული პოლიტიკური აზრის რეალური მრავალფეროვნება. არ ყოფილა დაშვებული არა იმდენად და არა ყოველთვის „ცენზურით ზემოდან“ რამდენადაც „თვითცენზურით ქვემოდან“.

ასე, მაგალითად, ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ჩვენი პარტიები თუ საერთოდ იყოფიან, იყოფიან ლიბერალურ, „ძალიან ლიბერალურ“ და „კიდევ უფრო ლიბერალურ“ პარტიებად, რომლებიც ერთმანეთს საყვედურობენ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისგან გადახვევას და ფაქტობრივად არც ერთი არ გვთავაზობს ალტერნატიულ ეკონომიკურ ხედვას.

ანალოგიურად – საგარეო პოლიტიკის ასპექტში – რასაც (რატომღაც!!!) ცენტრალური ადგილი უკავია პარტიების რიტორიკაში ჩვენ გვყავს „პროდასავლური“, „აშკარად პროდასავლური“, „დემოსტრაციულად პროდასავლური“ და „უკიდურესად პროდასავლური“ პარტიები, რომლებიც თუკი წარმოადგენენ კიდეც რამე ალტერნატივას ერთმანეთთან მიმართებაში, წარმოადგენენ ისევ და ისევ პიროვნულ და არა იდეოლოგიურ ასპექტში.

შესაბამისად, ამომრჩეველი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მართალია როცა ვერ ხედავს ერთი და იგივე იდეოლოგიის მქონე ამდენი პარტიის არსებობის აუცილებლობას და მიისწრაფვის ორპარტიულობისკენ.

მეტიც – ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ორპარტიული სისტემის „გარღვევის“ ერთადერთი შანსი ქონდა მას ვინც წარმოადგენდა თუნდაც სადავო, თუნდაც უმრავლესობისთვის მიუღებელ მაგრამ რეალურად განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვას.

ერთი სიტყვით – თუ გსურთ რეალური მრავალპარტიულობა ისწავლეთ თქვენი აზრისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან თანაცხოვრება. დაუშვით აზროვნების მრავალფეროვნება და ის ბუნებრივად აისახება პარტიულ მრავალფეროვნებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ეს სენტიმენტალური ქვითინი მრავალპარტიულობაზე უბრალოდ სასაცილო ხდება სატირალი რომ არ იყოს.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*