ისტორია, პროგრესი და ძალადობის სატირული სახიერება

Share on Facebook13Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
10 ივნისი
ფოტო 10 ივნისის საპროტესტო აქციიდან. ფოტო გადმოტანილია “ამერიკის ხმის” ვებგვერდიდან.

წერილის ავტორები:

► გიორგი ნამგალაძე, სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

► ზაქარია თავბერიძე, ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი სოციოლოგიის მიმართულებით.

პასუხის პასუხი გიორგი ღვინჯილიას წერილზე “10 ივნისი“.

„უპირობო სოლიდარობა აქციაზე გამოსულთა მოთხოვნებს, ასევე ციხეებში ნარკოტიკების გამო აღმოჩენილ ბიჭებს, თავისუფლება ბირჟა მაფიას და ციხე გოდერძი თევზაძეს. სანამ ახალგაზრდობა საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენს, მნიშვნელოვანია არ შეგვიყვარდეს საკუთრი თავი. სარკე რომელშიც საკუთარ თავს ვხედავთ, ხანდახან იტყუება.“

© გიორგი ღვინჯილია

© European.ge

„ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები“

რალფ უალდო ემერსონი.

Those born afterwards – დღეს სიმულაკრად წოდებული, ისტორიაში ჩათესლის ფენომენად გვეცხადება. ამბობენ, ფრანგები, ბერძნები და ლათინები მათ გამეორებულ თავებს უწოდებდნენ, რომელნიც სავსენი იყვნენ კულტურის წარმოებისა და გარდაქმნის ხედვის უნარებითა და წინასწარმეტყველებით. ამბობენ, ინდიელთა მრავალსახიერმა კულტურებმა ასეთი თავებისგან შამანები აწარმოა და სპირიტუალური თუ ინტოქსირებული თვითსიამოვნებები მოიპარა. იმასაც ამბობენ, ასეთი სავსე და მორჯულებული თავები ჰყავსო დღეს მეცნიერებას კალთის ქვეშ შეფარებული და სულებს აცლისო საკუთარი დისკურსის ძლიერებითა და მომნუსხველობით წერას ატანილებს. ამბობენ, ტექნოლოგიური პროგრესი ასეთი თავების გამრავლებამ გამოიწვიაო. ამბობენ, დღეს რაც ხდება და ყველაფერი ერთად, ფაშიზმიცა და წმინდა კომინუზმიც ზუსტად მათი და მხოლოდ და მხოლოდ მათი საქმეაო. ისინი დაიწერებიან, ისინი აისახებიან ეკრანებზე, ისინი დაიბეჭდებიან პროკლამაციის გაცრეცილ ფურცლებზე, ისინი დატკბებიან, გაყიდიან და გაიყიდებიანო… დღეს მათ გამრავლებას საყვედურობენ, საყვედურობენ შესაძლებლობებს. ამბობენ, ეკრანებისა და უთვალავი სატელევიზიო ტალღების პროლიფიკაციამ, მათი გამრავლების საავტორო უფლებები ორგანულად გამოიწვიაო. როგორც კიბერ ვირუსები – სახის სხვადასხვა ნაკვთებითა და ქამელეონის მრავალსახიერების უნარით – ისე შეიჭრნენ გადაშლილ და უკონტრო საინფორმაციო სივრცეში და კოლექტიური ტერიტორიები შემოღობესო, საკუთარ Info-ველებად აქციეს და ინფორმაციის გამავრცელებელი სხეულები დაიყენესო მსახურებად ინფორმაციული კერძო საკუთრების ტერიტორიებზე.

მე მათი ხმა მესმის გეოგრაფიულ პერიფერიებშიც, ვხედავ მათ ეპიგონურ სახიერებებს. მათ სახეებზე ორიგინალის კვალი ტალღებად გადარეცხილია მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს ორიგინალი. მათი ხმა ისმოდა ჯარისკაცების ყურებში, გუგუნებდა და ძლიერდებოდა მათ ტვინებში, როდესაც დათოვლილი რუსეთის დიდ ტერიტორიაზე ყინვას გაყინულ ვაგონებში გაურბოდნენ, ლიანდაგებზე მიყინულ, მიტოვებულ მატარებლებში. მათ ამ ყველაფრისთვის ჭიქა არაყით აჯილდოვებდნენ. იდეოლოგიებს თავისთავად არა აქვთ ფორმები, ლოზუნგები, იდეები, ძალები და რესურსი. ისინი უბრალოდ ფეთქდებიან და მათთან ჩნდებიან თავები, აფთრებივით დამშეული თავები. ისინი იპარავენ სისხლს მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა, უთვალავმა ნაწილებმა ის მხოლოდ ერთს, უფრო დიდს გადაუსხან. ამ უკანასკნელის სახელია – ისტორიული პროგრესი. ისტორიული გამარჯვება ადამიანებს ერგებათ, ნებისმიერი ისტორიული გამარჯვება კი პოლიტიკურია. პოლიტიკა, კარგად ვიცით ადამიანების საქმეა, ის თავებმა უნდა აკეთონ და კამერებიც უსაქმურად არ მოცდებიან. ყველა ტელეარხის ტელეკამერა თავებს გადაიღებს, ყველა ფოტოაპარატი თავებს აღბეჭდავს. შემდეგ ისინი გამეორებებისა და გამრავლების ველში დაიკარგებიან. თუ გაუმართლებთ, ისტორია მათ ფოტოებს მოძებნის და გამარჯვების სიმბოლოდ გადააქცევს. ფოტოგრაფი თანამედროვე მოქანდაკეა, ფოტო კი, დღის წესრიგში ძეგლს ანაცვლებს.

და რას გასცემენ ისინი (თავები) სანაცვლოდ? ურთიერთცნობის პრინციპს და თავისიანების გადარჩენის გარანტიებს… მხოლოდ და მხოლოდ თავისიანების. საბოლოოდ ადამიანი ისევ და ისევ ადამიანური, მანკიერი წრეა. ადამიანს არ შეუძლია არ იყოს ადამიანი.

„ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამბობენ გაზეთებში დაბეჭდილები და ეკრანებზე არეკლილები.

რუკა უნდა გაწითლდეს და თავმა რუკის გაფერადებით ამცნოს მსგავსს მიმსგავსების დასრულების შესახებ. ჯერჯერობით, პერიფერიებში რუკები მხოლოდ ციმციმებენ -ინთებიან და ქრებიან.

„ადამიანური სულის ერთ-ერთი გასაოცარი თავისებურება მთელ მის თავმოყვარეობასთან ერთად, ეს არის ნებისმიერი აწმყოს მომავლის მიმართ უშურველობა“ჰერმან ლოტცე.

ბოდრიარი საკუთარი უბადრუკი ცნობიერი სიცოცხლის მანძილზე გამუდმებით მიიჩნევდა, რომ ხატს გააჩნდა ძალადობის ფორმები. მისი აზრით, ძალადობის ერთი ფორმა საკუთარი შინაარსით, ღირებულებითა და რევოლუციური ხასიათით შეიარაღებული, გამუდმებულ კამათს აწარმოებს უძრავ რეალურთან. სწორედ ესაა ის სივრცე, სადაც უნდა ვიდავოთ ხატის ისტორიულ-რევოლუციურ ღირებულებაზე. მსგავსი ხატი ყოველთვის კრიტიკულია, რეპრეზენტატორი ნეგატივისა და ტრანსგრესიის, დაგმობის ძალადობის, თვითონაა აჯანყებისა და რევოლუციის ძალადობა, რომელიც როგორც თავისუფალ მანიფესტს, ისე მოიცავს კრიტიკისა და ინტერპრეტაციის თავისუფლებას.

თავისუფლება, როგორც ვიცით ზედმეტად ტრივიალური ცვლადია თანამედროვე კოლექტიურ-ინტელექტუალურ ფუტურო-ნიჰილიზმში.

მაშ რა ხდება ჩვენს თავ(ებ)ს?

იქნებ, ვივარაუდოთ ისტორიის გამოყვანის კიდევ ერთი შესაძლებლობის დაშვება და ვცადოთ კიდევ ერთხელ დაგვენახოს ისტორიის მატერია. ცხადია ის რაც პოლიტიკურად საკამათოა უნდა აღიბეჭდოს. აღბეჭდილი ეკრანების გადამრჩევმა, ნორმატიული ცნობიერების გამტარმა მოქალაქეებმა უნდა მოინელონ, მასში შეერიონ და თუ სიმამაცე ეყოფათ ხატს სხეულიც შესწირონ. აღბეჭდილი იკრავს ანალოგიურ აურას, კითხვისნიშანს საკუთარ აპოლიტიკურობაზე, შესაბამისად პრეტენზიას ისტორიულობაზე და ასე გადავდივართ ვიზუალური რუკის ველში, ასე ვადგენთ სახეებითა და თავებით ისტორიას. მას ხომ გამუდმებით სჭირდებოდა შემქმნელები, ჩონჩხები, ძვლები და სულები რომლებსაც მისი მატერია ან მასალა უნდა ვუწოდოთ.

საქმე ცუდი საქციელის შეკავების მცდელობასთან გვაქვს პოზიტიური ძალადობითა და ამბოხით. ცუდი საქციელი სახელმწიფომ ჩაიდინა, ურჩი ბავშვი კი ტრაკზე უნდა გაიტყიპოს. ძალადობის ხატში უნდა გავაშიშვლოთ მისი მზაკვრობა და თუ რეგულაციას ვერ მივაღწევთ ფიზიკაში, მისი ჰიპერრეგულაცია მოგვიწევს მეტაფიზიკაში. მეტა – კი აბსტრაქციის დაშვებაა და მასთან ჭიდილი ჩვენივე აბსტრაგირების გარდაუვალობა. ამის შემდეგ ვირჩევთ ავტორიტეტულ სახეხატებას, რომელსაც ჩვენი თავი და ჩვენი ინტელექტი შეეწირება, მისთვის მიცემული სიცოცხლე კი, მისი ძალაუფლებისა და პრივილეგიების ფრთებქვეშ მთლიანი დარჩენილი ფუნქციონალური არსებობის მანძილზე პერმანენტულად ინავარდებს. აღნიშნულ ველში სუბიექტურობა გამორიცხული ცნებაა. ცხადია დამნაშავე აქ არავინ არაა, ძალაუფლება თავისთავად აწარმოებს ნაკადებს, ჩვენ ვიცით: ყველაფერი ალქიმიაა… სწორედ აქ გვისხლტება რეალური და გადადის ის ისტორიულ სახიერებაში. ისტორიას კი ის ახსოვს, რაც ეკრანებზე გვიჩვენეს. მოძალადე ეკრანებზე ძლიერი სახეხატები უნდა აღიბეჭდოს, სადაც თავები და მათ გვერძე მდგომი ადამიანთა გამოსახულებები სერიოზულები და გაბრაზებულები გამოჩნდებიან. სწორედ აქაა აზროვნების ტრანსფორმაციაც… ვაზროვნებ – მაშასადამე გაბრაზებული ვარ. აი ესაა მეტაძალადობის უძირითადესი შინაარსიც. ვითამაშოთ სოციალურის პლასტიკური ქირურგია, რადგან სოციალურს თავისთავად სჭირდება მუდმივად ახლიდან  წარმოებული სახიერება. მისი სახის იდეა კი გამჭვირვალობის ძალადობის დაფუძნებაა. ფიზიკურის და მენტალურის სწორი პოლიტიკური პროფილაქტიკა. მოქალაქე, პოლიტიკურის კორექციის საშუალებაა, შესაბამისად პოლიტიკოსიც – უკიდურეს აღმოსავლეთ ევროპის პოლისში. სწორედ ეს სჭირდება პოლიტიკური გაყიდვების ძალაუფლებას, რომელიც თავისუფლი გამოყენების საქონლად უნდა იქცეს და ლიბერალურ ბაზარზე ჩაეშვას, როგორც ყველაზე საჭირო და ყოველდღიური მოხმარების საგანი, რაც მთავარია საყოველთაო. რეალობა გასუქებულია, მაშასადამე მას სოციალური დიეტა ესაჭიროება. მორალურზე თავდასხმა ტიპიური ძალადობით – ინფორმაციის, მედიის, სურათების, ფოტოებისა და სანახაობის საშუალებით, სიმართლისა და კორექტულის რეპრეზენტაციით. ამ ყველაფერს გაბრაზებული სხეულები ესაჭიროება, რადგან აუცილებელია დაფუძნდეს ხილვადობა, საიდუმლოს საერთო ლიკვიდაცია დემოსის ერთიანობის აღზევებით. ძალიან მალე, მოქალაქის ქიმიაში აღმოვაჩენთ ამბოხის გენს. სწორედ მსგავსის აღმოჩენა გადააქცევს მოქალაქეს მუტანტად, რომელიც დაპირისპირების წერტილში შეიცვლის ფორმას, ზამთრის ბეწვს გამოიცვლის, ზამთრის ძილის მტვერს ჩამოიფერთხავს და თავად გახდება მოძალადე გამოსახულება. გამარჯვების შემდეგ კი, ფარატინა ფურცელზე აღბეჭდილი, ერთ დროს ცოცხალი ისტორიის მოწმე, გაცრეცილი სახით იამაყებს.

ასე იწარმოება პოლიტიკური და შესაბამისად ისტორიული სახე, სახელდება, სოციალური ანატომიის პოლიტკორექტული და სამართლიანი რეფერენტი, რომელსაც ეკრანები დაეთმობა რათა გაასიტყვოს კონკრეტული დისკურსის სოციალური კაპიტალის ინტერესები და მოთხოვნები.

აქ დგება მეორე საკითხი, ეს ეხება ინტერესთა გახლეჩის შეკავშირებას. სამწუხაროდ ვერ ვაწყდებით თავად ფაქტის თავისთავად ძალაუფლებას, რომელიც მედიუმის ორგანულ იმუნიტეტს უნდა წარმოადგენდეს, მეხსიერების თვისებას – წინააღმდეგობა გაუწიოს რეალობის ფანტასმაგორიას. ამიტომაც, ბანალური პოლიტიკური სიმულაკრები (სალომე ზურაბიშვილი) პოლიტიკურ ცდომილებებს ექვემდებარებიან და ეკრანზეც ერთი აზრი მეორეს ცვლის, მეორე შეხედულება პირველს, პირველ ფაქტზე რეფლექსიას ამავე ფაქტის მეორე ანალიზი ანაცვლებს. ფანტაზიით შეხორცებული ისტორიის მნიშვნელობა ეკრანებზე გამრავლებით ახლიდან უნდა დაიშალოს.

ესაა შემთხვევა, სადაც მედიუმი თავად ხდება ძალადობის რეპრეზენტატორი და მოითხოვს რეალობამ ურადაჯოს საკუთარ კორექციას. აქ საქმეში მოდერნულობის სამეფო ანაცვლებს მოჩვენებას, დახსნილი და გამართლებული სიმულაკრის სოციალურ დანაშაულს კი საცდელი, უპატრონო სხეული ზღავს (პასაჟი აღწერს უკანასკნელ „ნარკოდანაშაულების“ მსხვერპლთა დახსნებს ციხეებიდან, რომელთა დახსნაც მათი სოციალური კაპიტალის ამუშავებით მოხერხდა. ამავე დროს ციხეები სავსეა ადამიანებით, რომლებიც არ არიან თავები  ან თავების  მეგობრები, სახეები  ან  სახეების  მეგობრები. რეალობა, ძალაუფლებისა და რესურსის შემაკავშირებლად გვევლინება, სადაც შედეგი დამოკიდებულია რეალობის არსებობის დაშვებაზე და დანახვაზე. საქმე ბურდიესეულ სამგანზომილებიან კაპიტალთან გვაქვს, რომელიც შემდეგ უკვე საკუთარი ძალაუფლებით დისკურსის კორექციის შესაძლებლობებსა და მისი ავტორობის უნარს ავლენს). რეალობამ, პოლიტკორექტულობის საცეცებით უნდა შემოგვაპაროს ჩვენი საკუთარი ცნობიერების სწორისა და არასწორის დიქოტომიის სისტემა.

არჩევანი თქვენზეა და თქვენ გეკუთვნით მოქალაქენო. ისტორიის განსაზღვრება კი, აი ასე ფორმულირდება ვალტერ ბენიამინის თავში:

III

ქრონისტი, მოვლენების უბრალოდ ჩამომთვლელი და დიდსა თუ პატარა მოვლენებს შორის განსხვავების უგულებელმყოფელი, ანგარიშს უწევს იმ ჭეშმარიტებას, რომ ისტორიას არ უნდა დაეკარგოს არაფერი, რაც კი ოდესმე მომხდარა. თუმცა, მხოლოდ დახსნილ კაცობრიობას ერგება საკუთარი წარსული მის მთლიანობაში. ეს კი ნიშნავს: მხოლოდ დახსნილი კაცობრიობისათვის ხდება მისი წარსული, ამ წარსულის ნებისმიერი მომენტი ციტირებადი. მისი თითოეული ნაცხოვრები წამი იქცევა citation a I’orde du jour (ციტირებად დღის წესრიგის მიხედვით (ფრ.)) – და ეს დღე სწორედ განკითხვის დღეა.

IV

კლასობრივი ბრძოლა, ყოველთვის თვალწინ რომ უდგას მარქსის საფუძველზე განსწავლულ ისტორიკოსს, უხეში და მატერიალური საგნებისათვის ბრძოლაა, რომელთა გარეშეც არ არსებობს ნატიფი და სულიერი საგნები. მიუხედავად ამისა, ეს ნატიფი და სულიერი საგნები კლასობრივ ბრძოლაში ისე არ ფიგურირებენ, როგორც ამას გვასწავლის წარმოდგენა გამარჯვებულთა ხელში ჩავარდნილ ნადავლზე. ისინი ამ ბრძოლაში როგორც თავდაჯერებულობა, გამბედაობა, იუმორი, ეშმაკობა და უდრეკობა ცოცხლობენ და წარსული დროის სიღრმიდან მოქმედებენ. მათ ყოველთვის ხელახლა შეაქვთ ეჭვი ნებისმიერ გამარჯვებაში, რომელიც ბატონებს ერგებათ. იმ ყვავილის მსგავსად, თავს მზეს რომ უღერებს, ყოველივე ნამყო რაღაც იდუმალი ჰელიოტროპიზმის ძალით მიისწრაფვის იმისაკენ, რომ პირი მიუშვიროს ისტორიის ცაზე აღმოცენებულ მზეს. ისტორიულ მატერიალისტს კარგად უნდა ესმოდეს ყველა ცვლილებათაგან ამ ყველაზე უფრო შეუმჩნეველი ცვლილებისა.

V

წარსულის ჭეშმარიტი ხატი გვერდით ჩაგვიქროლებს. ის მხოლოდ იმ ხატის სახით შეგვიძლია დავაფიქსიროთ, მისი შეცნობის წამს რომ გაიელვებს და სამუდამოდ გვემშვიდობება. „ჭეშმარიტება არსად გაგვექცევა“ – გოტფრიდ კელერის ეს სიტყვები ისტორიის იმ ხატში, რომელიც ისტორიზმს ახასიათებს, ზუსტად იმ ადგილს აღნიშნავს, სადაც მას ისტორიული მატერიალიზმი გაარღვევს. რამეთუ წარსულის განუმეორებელი ხატია ის, რასაც ყოველი აწმყო გაქრობით ემუქრება, როცა იგი საკუთარ თავს ამ წარსულში ნაგულისხმევის სახით ვერ ამოიცნობს.

VI

წარსულის ისტორიული წარმოდგენა სულაც არ ნიშნავს შევიტყოთ, „თუ როგორ მოხდა ყოველივე სინამდვილეში“. ეს ნიშნავს, დავეუფლოთ მოგონებებს იმ სახით, როგორც ის საფრთხის მომენტში გაიელვებს… და ა.შ.


ჩვენს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ გიორგი ნამგალაძისა და ზაქარია თავბერიძის სხვა წერილიც:

ქართული კაპიტალიზმის ჰიბრიდები

ასევე იხილეთ გიორგი ღვინჯილიას წერილი 10 ივნისის პროტესტის შესახებ:

10 ივნისი

 

Share on Facebook13Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*