ილუზიით მანიპულირება ქართულ მედიასა და პოლიტიკაში

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

„სიმულირებული მთქნარება ბუნებრივ მთქნარებას იწვევს“  –  ფრიდრიხ ნიცშე

საზოგადოებას, პირველ რიგში, საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აღელვებს. მისთვის სწორედ ესაა არსებითი საკითხი, ხოლო სხვა დანარჩენი, ორგანიზაციული საკითხებიდან დაწყებული საგარეო პოლიტიკით დამთავრებული, მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოდგენს.

მიუხედავად  საზოგადოების დაკვეთისა, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ შექმნას შესაძლებლობათა სივრცე მოქალაქეთა მოთხოვნების სარეალიზაციოდ, ხშირად მთელი ყურადღება მედიასა და  პოლიტიკურ დისკურსში მეასე ხარისხოვან საკითხებს ეთმობა.

მედია არის სწორედ ის არხი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საზოგადოებას და პოლიტიკურ სივრცეს; როცა ეს არხი ბლოკავს არსებით საკითხებს და ატარებს მხოლოდ სანახაობრივ, თავშესაქცევ ინფორმაციას, ის რეალობის ასახვის ნაცვლად მის სიმულირებას ახდენს. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება სათანადო დონეზე ვეღარ ახერხებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რეაგირებას და  მიმღებ კონგლომერატად, პასიურ დამკვირვებლად იქცევა.

the-news-mediaრატომ არის, რომ ტელევიზიით უფრო ხშირად გვესმის  „სკანდალური ინფორმაცია“ პოლიტიკოსების ოჯახური ცხოვრებიდან, ჩიხტიკოპების და ჩოხა-ახალუხების ჩაცმის განსახილველი საკითხი პარლამენტში, მუშტი-კრივი დეპუტატთა შორის? რატომ რჩება სადისკუსიოდ გამოტანილი არსებითი სოციალური საკითხები კულისებს მიღმა?

საინტერესოა, რომ 19 აპრილს დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციის კურსისადმი ერთგულების მოთხოვნები გაიჟღერებს. რატომ ცდილობენ ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევას, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ღიად აცხადებს ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის უცვლელობის შესახებ?  ამას სულ მცირე ორი მიზეზი აქვს, ჯერ ერთი ის, რომ ნაციონალებს არსებითი პრობლემების დეკლარირების გზები მოჭრილი აქვთ; ისინი ვერ მოახდენენ სოციალური პრობლემებით მანიპულირებას, რადგან მათ ამისათვის 9 წელი ჰქონდათ და თუ რაიმე სტრატეგია და პოლიტიკური ნება გაჩნდათ, ქვეყანაში ქონებრივი უთანასწორობა და უმუშევრობა, სულ მცირე არ გაიზრდებოდა მაინც. ისინი, მით უმეტეს ვერ მიმართავენ ადამიანის უფლებების მდგომარეობით მანიპულირებას, რადგან სწორედ ამ ქვაზე დაიმსხვრა „ნომერ-პირველი რეფორმატორი ქვეყნის“ მითი, ხოლო ცოცხი – ნაციონალური მოძრაობის სავიზიტო ბარათად იქცა.

პოლიტიკურ დისკურსსა თუ მედიაში ილუზიისა და არაარსებითი საკითხების პოლიტ-ტექნოლოგიად გამოყენება თვით სიმულაციიების ბუნებით ეფექტურობაში უნდა ვეძებოთ. პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსის ჟან ბოდრიარის სიტყვებით რომ ვთქვათ „სწორედ სიმულაციური სივრცის ფლობა დგას ძალაუფლების სათავეებთან“. ბოდრიარი სიმულაციის სივრცეს მანიპულირებისა და  კონტროლის ადგილსამყოფელს უწოდებს.

ამგვარ სინთეტიკურ რეალობაში ე.წ. „პეპლის ეფექტი“ მოქმედებს. აქ სრულიად მცირე ძალის მქონე მიზეზმა, წარმოუდგენლად დიდი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. რაც უფრო მაღალი რიგის სიმულაკრასთან გვაქვს საქმე, მით მეტია იმის შანსი რომ მან რეალობა დაიქვემდებაროს.  ადამიანები უფრო მეტად არიან სენსიტიურები ილუზორული და ირაციონალურის, ვიდრე არგუმენტირებული მსჯელობების მიმართ.

რადგანაც ნაციონალურ მოძრაობას მომხრეთა შეძენისა და შენარჩუნების რაციონალური გზები მოჭრილი აქვს, ის იძულებული ხდება სიმულაციების სივრცე შექმნას და შემოვლით, სწრაფმოქმედ გზებს მიმართოს. უნდა ველოდოთ, რომ 19 აპრილს აქციაზე გრძnობით გაჟღენთილი მოწოდებები მოვისმინოთ, რეალური პრობლემების გაპროტესტების ნაცვლად.

აწ ყოფილი ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები, თუ პროვოკაციაზე წამოეგებიან და შურის ძიების მოტივით იქ შეკრებილებს დაუპირისპირდებიან, ნებით თუ უნებლიედ, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე დაასხამენ წყალს; ვინაიდან, საზოგადოებისა და დასავლეთის თვალში წამებულის იმიჯის შექმნაა ის შემოვლითი მექანიზმი, რასაც შემდგომში დაეყრდნობიან და ხელოვნური რეალობის სივრცის კონსტრუირებას მოახდენენ.

შურისძიება სიძულვილისგან იკვებება. თუმცა სიძულვილი სულაც არაა სიყვარულის საპირისპირო მხარე, როგორც ეს ხშირად გვგონია ხოლმე. უფრო მეტიც, ის სინამდვილეში გაუკუღმართებული სიყვარულია. სიყვარული გრძნობაა, რომელიც ცალკეული ადამიანისა თუ რაიმე ჯგუფის მიმართ ან გვაქვს ან არა. აქედან გამომდინარე, სწორედ გულგრილობა, ინდიფერენტულობაა ის, რითაც ქმედითად დავუპირისპირდებით მოწოლილ გრძობებს.

შესაბამისად, რაც უფრო მეტი გულგრილობით შეხვდება მოსახლეობა ნაციონალების აქციiდან წამოსულ პათოსს, მით ნაკლებ შანსს დაუტოვებს მათ, ჩანაფიქრი განახორციელონ. სამოქალაქო საზოგადოება, საკითხის საჯარო განხილვებში, დასაბუთებულ მსჯელობაში გამოავლენს თავს და არა აგრესიის წამიერ ამოფრქვევაში. სიმულირებულ რეალობას, უდავოდ უზარმაზარი ძალა აქვს, მაგრამ მისი რაციონალური გააზრებით, „განჯადოებით“ ის ჰკარგავს თავის მაგიურ ეფექტს. მირაჟი მხოლოდ ახალბედა მოგზაურებს ურევს გზას, ხოლო გამოცდილ ბედუინებმა იციან, რომ ის მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა და ყურადღებას არც აქცევენ. ადამიანებს ვერ ავუკრძალავთ ილუზიები შექმნან, მაგრამ იმოქმედებს თუ არა ის, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.