Hide and Block (?)

  არავის სჭირდება იმის ახსნა, რას ნიშნავს Facebook-ზე hide და Block ფუნქციები: Hide – და ხედავ იმას, რაც გინდა და გაინტერესებს,იმას, ვისთანაც გინდა ურთიერთობა(ან ნერვებს არ გიშლის მაინც). მოკლედ, ფბ–ში შეიძლება მოიწყოთ კომფორტი(ისევე, როგორც ცხოვრებაში)…News Feed-ში აღარ გაგეჩხირებათ ის, რაც  სიმშვიდეს  გირღვევთ(თუ სიმშვიდეს  ეძებთ).   ჩემი ფრენდლისტი ისეთი მრავალფეროვანი და მსუყეა, ყველანაირი რეალობის მოწყობის და ყველა საქმის  შესწავლის  საშუალებას იძლევა: კულინარიით დაწყებული–სამხედრო  საქმით დამთავრებული. ჰაიდჰაიდობაში გავაქრე პათეტიკა და სინდისის მქენჯნავი(მაინც არ იქენჯნება), მორალისტური შეგონებები,  ძალიან ხმამაღლა ნათქვამი სტატუსები   (ხმამაღლა რომ  მელაპარაკება ვინმე, ყურებზე ხელის აფარება და ყვირილი მინდა), ძახილის და    კითხვა–ძახილის ნიშნები(ძალიან „სწორი“ადამიანები მეტყველებენ ასე, მე კიდევ ძალიან „სწორები“  მაღიზიანებენ), ლოზუნგები, ფსევდოამბოხები, ჰეით სფიჩები,  ემო სტატუსები, ლუზერები(ამ სიტყვის ზუსტად იმ გაგებით, როგორც ჩვენთან ხმარობენ), პრადვინუტი    დისკურსები, ძალიან მარტივ რამეებზე ძალიან რთულად მოლაყბე, ექსპერტობის  შესაფერი გამომეტყველებების ექსპერტები აგრესიული პრომოუტერები, სიტყყვების: „სამშობლო“, „გურჯისტანი“, „ბნელი“,  „სექსი“, „ქალიშვილობა“ , „ეკლესია“, „პატრიარქი“ ინტენსიური მოხმარებლები – როგორც წესი, ერთმანეთთან ნეგატიურად დაპირისპირებული ორი  მხარე,  ერთმანეთით არსებულნი და ურთიერთგანპირობებულნი, როგორც წესი, ორივეს ფეხზე ჰკიდია ადამიანი, პიროვნული თავისუფლება და არჩევანი….

    მოკლედ,  თითქმის ყველაფერი შეგიძლიათ ისე მოიწყოთ, რომ გაშიშვლებული ნერვებიც  დაზოგოთ და მგრძნობიარე რეცეპტორებიც, თუმცა თითქმის ყველაფრიდან ყველაფრამდე ერთი გენიალური ფუნქციაა –Block person.Hide ყველაფრისგან ვერ დაგაზღვევთ. კაცმა არ იცის, სად გამოხტება „ის“, რომელ სანდო ვოლზე არ გადააწყდებით. ჰოდა, დაირღვა თქვენი ნალოლიავები კომფორტი, თუ თავს სასწრაფოდ არ უსაშველეთ.  დაბლოკე–წკაპ და აღარ არიან გზააბნეულები, ჩატში შემომხტარები, ინბოქსში ტვინის მხერხავები, სპამერები…თქვენ წარმოიდგინეთ, არანაირი შვედური ძროხები, სახალხო ფროიდიზმები, სიმინდის რესპუბლიკები, არანაირი სინგაპურიზაცია ისრაელის ელემენტებით, ზეციური საქართველო და ივერიის გაბრწყინენები, ძალიან „მწიფედ“ გამოთქმული იდეებიც , მაგალითად, სახელმწიფოს ჩარევით განვითარებულ სამხედრო ინდუსტრიაზე, განათლების პრიორიტეტულ მიზანზე,აღუზარდოს ამ ინდუსტრიას მეცნიერები, ინჟინრების, მარკეტოლოგები, იურისტები, ეკონომისტები, პროგრამისტები და ა. შ   და ა.შ …

       Block ფუნქცია რომ არა, ხომ წაგიცდებოდათ ენა, თითი და იკითხავდით, აბა, თქვენმა ბენდუქიძემ   საბჭოთა განათლების სისტემის მანკიერების მთავარი მიზეზი  მისი სამხედრო–საგამანათლებლო კომპლექსის ნაწილად  გადაქცევააო?

      ვბლოკავ  პროტესტს, ამბოხს რომელიც ერთ მთავარ რამეს–თანაგრძნობას არის მოკლებული და არც მიზანია, შესაბამისად, ბრძოლა.ერთი ავტომატურად ბნელია, რაც, ასევე, ავტომატურად ნიშნავს მასთან დაპირისპირებული ცინიზმის პროგრესულობას.

     არ არის ნორმალური ცხოველებს მეტი თანაგრძნობა ჰქონდეთ, ვიდრე ადამიანებს ისევე, როგორც არანორმალურია ჩვენებური ვეგეტარიანელების რეაქციები ცხოველებზე, როცა ადამიანების მიმართ  აბსოლუტურად არ ამჟღავნებენ იმავეს. მიზეზებზე საუბარი ძალიან შორს წავა და აზრიც არ აქვს.

     სიმართლე გითხრათ, არც სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის   ისტერიკამდე აღშფოთებული პოსტების და სტატუსების  მჯერა მარტივი მიზეზის გამო: ადამიანი არ არის  ფბ–ს  Political Views  liberal–თა უმრავლესობის მთავარი ღირებულება. სხვა შემთხვევაში ბრძოლის ენა არ იქნებოდა „ქართველი და ჰომოსაპიენსი“, ბნელები, გაუნათლებლები. გამოწვევა არ არის შედეგის თვალსაზრისით ეფექტური ფორმა. საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლა პროცესია, როცა იქნება სურვილი, ადამიანი იქცეს მთავარ ღირებულებად, ტელევიზიები სულელებს არ გაუწევენ ტირაჟირებას, ცოტა მეტს გააგებინებენ ადამიანეს თომას მანზეც, ანდერსენზეც, ვაგნერზეც და ალექს ფერგიუსონზეც, ბოლოს და ბოლოს. 

        როცა არ არსებობს თანაგრძნობა არც ღატაკის, არც ავადმყოფის, არც პატიმრის, არც აბსურდული ბრალდებით დაკავებულის მიმართ, ცოტა საეჭვოდ არ გამოიყურება თანაგრძნობა მაგ. სექსუალური ან რელიგიური უმცირესობების მიმართ? არადა, იმ კატეგორიასთან, რომელსაც ზემოთ ვგულისხმობთ, ზუსტად ასეა ყველაფერი. თანაბარი  საზომით უნდა მიდგომა ალბათ ყველაფერს.

         ან  მე გავხდი ზედემეტად სენსიტიური და ამიტომ ვზოგავ საკუთარ თავს, მაგრამ თუ თქვენზეც ისევე მოქმედებს სახელდახელოდ გამომცხვარი  ნერვული (ისტერიული უფრო) პოსტები ქალიშვილობის ინსტიტუტზე, ეკლესიასა და ქართულ ტრადიციებზე, როგორც სახელმწიფოს უმთავრეს მტერზე, მაშინ,

        არც ძალიან არაადექვატური  ვარ. ერთი მხარისთვის ათეიზმი ისევეა უკანასკნელი თავშესაფარი, როგორც მეორისათვის -მართლმადიდებლობა.   უბრალოდ, პირველი მოდურია და პროგრესულად გამოიყურება.

        ვბლოკავ მამების თაობის მიმართულ კრიტიკასაც იმიტომ, რომ ისინი დიდს ვეღარაფერს შეცვლიან. დროა, საკუთარი თაობა ვაკრიტიკოთ. იმათი „სიშავე“ და „სიბნელე“ ვერ იქნება ჩვენი არსებობის და პროგრესულობის ავტომატური გამართლება.

        ჯერ საზოგადოებრივი აზრი  ისევ იმართება იდეოლოგიზირებული მანქანებით, ყველა სივრცე – ტელევიზია, ბეჭდური მედი,… სოციალური ქსელებიც კი.  

       სამი დღის თემა გივი სიხარულიძეა. სულ მინდა ვიკითხოთ, გივი სიხარულიძეა უფრო დიდი უბედურება თუ მისი ტირაჟირება? დარწმუნებული ვარ, ისე ფიქრობთ, როგორც მე და მაშინ თავისთავად ჩნდება კითხვა: ვის სჭირდება? არ მითხრათ მარკეტინგიო, ისედაც ვიცი. მაშინ რა შუაშია გივი სიხარულიძე? ერთი სულელი, რომელსაც ვიღაცა  დააფრენს  და  ახლა უკვე ლონდონში, პარიზში, ავსტრალიაში და კონგოშიც იცნობენ 😀

      ავტორიტეტებთან ბრძოლაც ჩვეულებრივი, ყოველდღიური   პროტესტების, ბრძოლების მიზანია. ასეც უნდა იყოს, რომ არა ერთი უხერხულობა: დააკვირდით, როგორ უსიტყვოდ ენდობიან ასეთი „ბუნტოვშიკები“ ახალ ავტორიტეტებს: საკმარისია „მან“ დაწეროს ერთი სიტყვა, თუნდაც „მაჩვი“, 100–150 ლაიქი გარანტირებულია.

                          …………………………………………..

  თუ ამ ყველაფერს თქვენც დაკვირვებიხართ, ესე იგი, თამამად შეიძლება ვითხოვოთ: ძვირფასებო, ფრენდებო და ჩერეზ ფრენდებო,  სანამ მორიგ პოსტს ან სტატუსს გამოაცხობდეთ, იქნებ ჯერ საკუთარ საკუთარ თავში კარგად გარკვევა ღირდეს, მერე პროტესტის მიზანიც  და ადრესატი თავისთავად დაზუსტდებოდა, თორემ მე თუ არა,  სხვა მაინც , თუ არ გეტყვით, გაიფიქრებს მაინც, რომ ნებით თუ უნებურად, ისე გამოდის, რაღაც   თემების გადაფარვით , აქცენტების გადატანით  უნებურად   ხელისუფლების  არაადექვატურობას წაახალისებთ  ისევე, როგორც ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ხელისუფლებას ისე, რომ ვერც ხვდებიან  ისინი, ვინც უკანასკნელ ხმაზე გაჰკივის, რომ ქართველობას, კაცობას და რწმენას ართმევენ.

   ისიც  კარგად მესმის, რომ  ზედანიას  წერილი (http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2311045.html), უბრალოდ, ზედანიაობის გამო დაალაიქეთ, თორემ   იცვლება ყოველ საათში მსოფლიო თქვენ და ჩემ თვალწინ და ზედანიას არგუმენტებით თავის დამშვიდება, რომ  „დომინოს პრინციპი“ ჩვენთან არ იმოქმედებს, აქ ვერ იქნება ეგვიპტე ( ვერც ტუნისი, მაგრამ ლიბია?), ერთ რამეს დაემსგავსება: საკუთარი თავი თუ არ მოიტყუე, სხვას ვერ მოატყუებ. ხოდა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების არაადექვატურობას წააქეზებაა: ჯიუტად არ დაინახოს სოციალური კატასტროფა, ძალადობა და უკანონობა, როგორც მთავარი საფრთხე.

 იმდენად ადექვატური რომ არ გახდება  ხელისუფლება, თავდაცვის ბიუჯეტი ჯანდაცვას და განათლებას  გაუცვალოს, ცხადია, მაგრამ  იმდენი მაინც შეიძლება, რომ 30–ლარიანი ვაუჩერით არ დასცინოს ადამიანებს.

ყაჩაღი არის ყაჩაღი, მოძალადე არის მოძალადე, სულ ერთია, თავს გასული ჩინოვნიკი იქნება, ანაფორა ეცმევა თუ პოლიციის ფორმა. ცოტათი უხერხულია შერჩევითი კრიტიკაც და შერჩევითი ცინიზმიც.

      არ დაინახავს ხელისუფლება საფრთხეს, თუ ამ საფრთხეზე ადამიანები თვალს ხუჭავენ.

     სიტუაციასთან ადექვატურობა ერთადერთი გამოსავალია მათთვისაც და ჩვენთვისაც.        სიტუაცია კიდევ ფეთქებადსაშიშია. ხელისუფლებამ უნდა მიიყვანოს არჩევნებამდე ქვეყანა და არ ააფეთქოს სიტუაცია. არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ პირობებით და შესწორებებით, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიცია სთავაზობს–ის   ოპოზიცია, რომელიც ხედავს აზრს და გამოსავალს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებშიც და  არჩევნებშიც…

   ჩვენ თვალწინ საშიში  რაღაცები ხდება:  ისინი  იჭერენ , ესენი  სიებს   ადგენენ.

 

http://www.facebook.com/note.php?note_id=114814325260229&id=188487387852204

 

      თუ     ხელისუფლებამ  თქვენგან და  ჩვენგან დაჰაიდებით  გათამამებულმა   (იმიტომ, რომ უწევს ეს ხელისუფლება საზოგადოების გარკვეულ ნაწილის აზრს ანგარიშს და უკანაც დაუხევია, მაგრამ  ამ „საზოგადოებას“ ფეხზე ჰკიდია და ჯიუტად არ იმჩნევს არც უკანონობას, არც ძალადობას (შერჩევითად), არც სოციალურ კატასტროფას), გააგრძელა  დიდოსტატურად  ცეცხლზე  ნავთის    დასხმა(მაგალითისათვის მარშრუტკის 15 გაფიცული „ხულიგანი“  მძღოლის „გაუვნებელყოფა’), არ   არის ძნელი დასანახი, რომ პატარა   ნაპერწკალი    დასჭირდება  სიტუაციის აფეთქებას. არავინ იცის რა იქნება ეს ნაპერწკალი, იქნება თუ არ იქნება,  რა  იქნება საერთოდ …  და თუ იქნება, ყველაფერი იქნება გამოუსწორებლად ცუდად.  აქ  აჯანყების მომხრე პოლიტიკური სუბიექტები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობის გრძნობით. აღარც ხელისუფლებას აქვს მართვის არანაირი რესურსი და ამ ქვეყანასაც გაუჭირდება საკუთარი თავის თმებით ამოყვანა  უკანასკნელი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში.

   ეგეთ დროს შურისძიების კანონები  ამოქმედდება და   და გაცხელებული ტვინები … მერე აღმოჩნდება, რომ ყველაფერი  შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარად.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ