გზამკვლევი “კაპიტალის” მკითხველთათვის: თავი I, III ქვეთავი – ღირებულების ფორმა ანუ საცვლელი ღირებულება

11167905_567622853377829_7624567652828238607_n

განყოფილება პირველი: საქონელი და ფული

თავი პირველი: საქონელი

ღირებულების ფორმა ანუ საცვლელი ღირებულება

 

შესავალი

პირველ ორ ქვეთავში ვრცლად განვიხილეთ საქონლის ღირებულება, მისი ორადობა და თავისებურებები. თუმცა, დიდი ალბათობით, საქონლის ღირებულების საკითხი გარკვეულწილად გაუგებარი დარჩება მანამ, სანამ მას არ დავუკავშირებთ ფულს, როგორც ღირებულების გამოხატვის საერთო და ჩვენთვის ყველაზე ნაცნობ ფორმას. 1923 წელს, მარქსის ღირებულების თეორიის მკვლევარი ისააკ რუბინი წერს:

„საფუძველმდებარე მწარმოებლური ურთიერთობა საქონელმწარმოებელ ადამიანებს შორის, რომლებიც ცვლიან თავიანთი შრომის პროდუქტებს, ამ პროდუქტებს გაცვლისუნარიანობას სძენს. ეს უნარი ჩვენ ბუნებრივ თვისებად გვეჩვენება: ღირებულების „განსაკუთრებულ ფორმად“. რეგულარული გაცვლა ადამიანებს შორის, რის შედეგადაც საქონლის მფლობელთა საზოგადოებრივი საქმიანობა გამოყოფს ერთ საქონელს (მაგ. ოქროს), როგორც საყოველთაო ეკვივალენტს, რომელიც შეიძლება უშუალოდ გაიცვალოს ნებისმიერ სხვა საქონელზე, ამ საქონელს ფულის ან „ფულადი ფორმის“ ფუნქციას აკისრებს. ეს ფულადი ფორმა თავის მხრივ, არაერთ სხვა ფორმას თუ ფუნქციას ასრულებს, რაც გამყიდვესლ და მყიდველს შორის არსებული მწარმოებლური ურთიერთობის ხასიათზეა დამოკიდებული.“ (რუბინი, „ნარკვევი მარქსის ღირებულების თეორიის შესახებ“ გვ. 31 )

მარქსი ამ ფორმას „თვალისმომჭრელს“ უწოდებს და საწყისშივე წერს, რომ არსებობს „ფულის საიდუმლეობა“ (მარქსი, გვ. 66). ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ცხოვრება შთანთქმულია ფულზე ფიქრით, მასზე ნერვიულობით, მისი შოვნის უსასრულო მცდელობებით და მისი უქონლობით გამოწვეული უბედურებებით, ჩვენ სათანადოდ მაინც არ ვიცით მისი არსი.

მესამე ქვეთავში მარქსი იწყებს მსჯელობას ღირებულების გამოხატვის უმარტივეს ფორმაზე და ასრულებს ფულით. ფულის თეორია უფრო სრულყოფილად გაშლილია წიგნის მესამე თავში. ამასთანავე, გარკვეული სირთულეების თავიდან ასაცილებლად, მარქსი აქ ერთმანეთს უტოლებს საქონლის ღირებულების ოდენობას და ფასს. თუმცა, „კაპიტალის“ მესამე ტომში ეს ტოლობის ნიშანი იხსნება. მარქსის მსჯელობა აქ არის არა ისტორიული, არამედ მკაცრად ანალიტიკური/ლოგიკური და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი არგუმენტების გაგება იმავე ეტაპობრივი სტრუქტურით, რომლითაც მარქსი თავად აგებს საკუთარ თეორიას.

ქვეთავი დაყოფილია ოთხ ნაწილად:

  1. ღირებულების მარტივი, ცალკეული ანუ შემთხვევითი ფორმა
  2. სრული ანუ გაშლილი ფორმა
  3. საყოველთაო ფორმა
  4. ფულადი ფორმა

თუმცა, ღირებულების გამოხატვის ფორმების განხილვამდე, უნდა გავიხსენოთ, რომ საქონელის ღირებულება არ არის მატერიალური ან გრძნობადი. მაგალითად, დანის სხეული გრძნობადია – ის შეგვიძლია დავინახოთ, შევეხოთ მას და ა.შ. მაგრამ დანის ღირებულება უსხეულოა.

მარქსი წერს:

„…მის [საქონლის] ღირებულებით საგნობრიობაში ბუნების ნივთიერების არც ერთი ატომი არ შედის… საქონელს ღირებულებითი საგნობრიობა მხოლოდ იმდენად გააჩნია, რამდენადაც იგი ერთი და იმავე საზოგადოებრივი ერთიანობის, ადამიანის შრომის, გამოხატულებაა და მაშასადამე, მისი ღირებულებითი საგნობრიობა წმინდა საზოგადოებრივი ხასიათისაა… იგი მხოლოდ საქონელთა საზოგადოებრივ ურთიერთობაში შეიძლება გამოვლინდეს.“ (მარქსი, გვ. 65)

მარქსი აქ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქონელი, მისი ღირებულების თვალსაზრისით, არამატერიალურია, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობას წარმოადგენს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღირებულება არ არის ნამდვილი ან ობიექტური. ის ობიექტურია, რადგან თავად ეს საზოგადოებრივი ურთიერთობაა ობიექტური. ღირებულება – და შესაბამისად, გარკვეული საზოგადოებრივი ურთიერთობა – განსხეულდება საქონელში. ე.ი. ღირებულება არამატერიალურია და ამავდროულად, ობიექტური. აქ კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, რასაც ილიენკოვი „კონკრეტულ აბსტრაქციას“ უწოდებს (იხ. გზამკვლევი მეორე ქვეთავისთვის). სწორედ ასეთი კონკრეტული აბსტრაქციები მიგვანიშნებს, რომ მარქსი არ შემოიფარგლება უბრალოდ მატერიალური სამყაროთი. მისი მატერიალიზმი წარმოადგენს იმის დანახვას მატერიაში, რაც ერთი შეხედვით უხილავია.

შესაბამისად, ღირებულების მარტივი ფორმის გამოსაჩენად, ის უნდა დავინახოთ საზოგადოებრივ ურთიერთობაში სხვა ღირებულებასთან (სხვა საქონელთან). ე.ი. თუ გვსურს გავიგოთ ჩვენი საქონლის ღირებულება, ის უნდა შევადაროთ რაიმე სხვა საქონელს. კარადის ღირებულებას ვერ ვიპოვით თავად ამ კარადაში, ის უნდა დავუპირისპიროთ სხვა საქონელს.

ღირებულების მარტივი ფორმა

მარქსი მაგალითად ისევ ტილოებს და სერთუკებს იყენებს.

განვიხილოთ შემდეგი შეფარდება: 20 ადლი ტილო = 1 სერთუკს (20 ადლი ტილო ღირს 1 სერთუკი)

პირველი საქონელი – 20 ადლი ტილო – აქ წარმოადგენს ღირებულების შეფარდებით ფორმას. ამ შეფარდებაში სწორედ მისი ღირებულება გამოიხატება. ხოლო 1 სერთუკი წარმოადგენს ეკვივალენტურ ფორმას. ე.ი. ის ამ შეფარდებაში იმისთვის არის, რომ გამოხატოს 20 ადლი ტილოს ღირებულება. მარქსი ამ ორ ფორმას ღირებულების გამოხატვის ორ პოლუსს უწოდებს. ორივე საქონელი ერთი და იმავე შეფარდების საწინააღმდეგო და ამავდროულად, ერთმანეთისგან განუყოფელი მომენტია. იმისთვის, რომ გვქონდეს შეფარდებითი ფორმა, გვჭირდება ეკვივალენტი. ეკვივალენტის გარეშე, შეფარდება 20 ადლი ტილო = 20 ადლი ტილოს არის არა ღირებულების გამოხატვა, არამედ უბრალო ტავტოლოგია.

მოცემული შეფარდება ღირებულების გამომხატველია, რადგან ის აქცევს ღირებულებას ტილოს და სერთუკის საერთო თვისებად. მარქსი წერს:

„ამ შეფარდებაში სერთუკი გამოდის როგორც ღირებულების არსებობის ფორმა, როგორც ღირებულებითი ნივთი, რადგან მხოლოდ ამ სახით არის სერთუკი იგივე, რაც ტილო.“ (მარქსი, გვ. 68)

kapitali

ორი საქონლის ერთმანეთთან შეფარდება მათ საწარმოებლად განხორციელებულ სხვადასხვაგვარ კონკრეტულ შრომებს ერთგვაროვან (აბსტრაქტულ შრომად – ადამიანის სამუშაო ძალის დახარჯვად) აქცევს. შესაბამისად, მათზე გავლენას ახდენს ის მექანიზმები, რომლებიც მოქმედებს აბსტრაქტულ შრომაში.

მაგალითად, ღირებულების გამოხატულება, როგორც შეფარდებითი, ასევე ეკვივალენტური ფორმისთვის იცვლება პროდუქტიულობის ცვლილებასთან ერთად. პირველი და მეორე ქვეთავებიდან გვახსოვს, რომ პროდუქტიულობის ზრდა კონკრეტული საქონლის წარმოებაში იწვევს ამ საქონლის ღირებულების კლებას. მაგალითად, თუ 10 მეწაღე დღეს ორჯერ უფრო მეტ ფეხსაცმელს კერავს იმავე დროის მონაკვეთში, ვიდრე გუშინ, მაშინ, ამ ფეხსაცმლის ღირებულება განახევრდება. შესაბამისად, თუ ტილოს წარმოების პროდუქტიულობა აიწევს და მისი ღირებულება დაეცემა, ეს აისახება მის ეკვივალენტურ ფორმაში, ანუ სერთუკში. კერძოდ, სერთუკების რაოდენობაც შესაბამისად დაიკლებს. თუმცა, ეს ჭეშმარიტია იმ შემთხვევაში, თუ ეკვივალენტის საწარმოებელი შრომის პროდუქტიულობა უცვლელია. თუ ეს ასე არ არის და პირობითად, სერთუკის მწარმოებლური შრომის პროდუქტიულობა გაიზარდა და მისი პროდუქტის ღირებულება დაეცა, მაშინ სერთუკის, როგორც ტილოს ეკვივალენტის რაოდენობა გაიზრდება.

თავად ეკვივალენტური ფორმა შეფარდების გარეთ არ გამოხატავს საკუთარ ღირებულებას, გარდა მისი სახმარი ღირებულებისა. ის მხოლოდ და მხოლოდ გამოხატავს შეფარდებით ფორმაში მოცემული, მისი საპირისპირო საქონლის ღირებულებას, რაც მას თავად ღირებულების გარეგნობას ანიჭებს.

ე.ი. სერთუკი ეკვივალენტურ ფორმაში პასიურია. ის წარმოადგენს მასალას, რომლის მეშვეობითაც შეფარდებითი ფორმა – 20 ადლი ტილო – გამოხატავს საკუთარ ღირებულებას. ტილოებთან შეფარდებაში, სერთუკი, რომლის ღირებულებაც აქამდე არ იყო გამოხატული და მხოლოდ და მხოლოდ სახმარ ღირებულებად გვევლინებოდა, ახლა ღირებულებად გვევლინება. სერთუკი უკვე წარმოადგენს საზოგადოებრივ სიმდიდრეს, რადგან ტილოები მასთან გათანატოლებით ამბობენ, რომ თავად არიან საზოგადოებრივი სიმდიდრენი. ტილოებთან შეფარდებაში, სერთუკი იძენს თავისებურებას, რომელიც აქამდე არ გააჩნდა. კერძოდ, ის ხდება ღირებულების უშუალო გამომხატველი. ეს მხოლოდ შეფარდებაში ხორციელდება.

ამ უერთიერთმიმართების აღსანიშნავად მარქსი ჰეგელის ტერმინს – რეფლექტიურ განსაზღვრებას – იყენებს.

რაც მთავარია, შეფარდებითი და ეკვივალენტური ფორმების ურთიერთობაში ვპოულობთ იმავე კანონს, რომელიც განვიხილეთ სახმარ და საცვლელ ღირებულებებზე მსჯელობისას. კერძოდ, ურთიერთსაწინააღმდეგოთა ერთობის კანონს. და ისევე, როგორც სახმარი და საცვლელი ღირებულებების შემთხვევაში, შეფარდებითი და ეკვივალენტური ფორმებიც გამოხატავენ კლასობრივი ბრძოლის თავისებურებას: ორი შეპირისპირებული პოზიცია ერთიანდება წინააღმდეგობრივ მთლიანობაში. ეს მკაფიოდ ჩანს, როდესაც მშრომელთა კლასი ყიდის თავის სამუშაო ძალას. ამ დროს, სამუშაო ძალა შეფარდებით ფორმაშია, ხოლო ხელფასი, რომელსაც დამსაქმებელი ჩვენს შრომაში გვიხდის, მის ეკვივალენტურ ფორმას წარმოადგენს.

მაგრამ, ღირებულების მარტივი ფორმა გამოხატავს შეთხვევით შერჩეული საქონლების ურთიერთმიმართებას. ის არ გვაჩვენებს თითოეული საქონლის მიმართებას ყველა დანარჩენთან (საქონლის უნივერსალურობა). 83-ე გვერდზე, მარქსი წერს:

„პირველი შეხედვითვე ჩანს არასაკმარისობა ღირებულების მარტივი ფორმისა, ამ ჩანასახური ფორმისა, რომელიც მხოლოდ რიგი მეტამორფოზების გავლის შემდეგ მომწიფდება ფასის ფორმად.“

სწორედ ამიტომ, მარქსი გადადის ღირებულების სრულ ანუ გაშლილ ფორმაზე.

სრული ანუ გაშლილი ფორმა

ღირებულების გაშლილი ფორმა თავის თავში შეიცავს მარტივი ფორმის ყველა თვისებას: შეფარდებითი და ექვივალენტური ფორმების პოლარულობას, ურთიერთსაწინააღმდეგოთა ერთობას და რეფლექტიურ განსაზღვრებას. ამგვარად, ის ინარჩუნებს იგივე მიმართებებს კლასობრივ ბრძოლასთან. მაგრამ, ამასთანავე, ეს ფორმა უსასრულოა. თუ მარტივ ფორმაში მოცემული გვქონდა ერთჯერადი შეფარდებები შემთხვევით არჩეულ ორ საქონელს შორის, გაშლილი ფორმა მოიცავს სამყაროს ყველა საქონელს. მასში იმდენივე შეფარდებაა, რამდენი საქონელიც არსებობს და ვინაიდან საქონელწარმოება მუდმივად მიმდინარეობს, ამ ფორმას არ გააჩნია თეორიული სასრული წერტილი.

kapitali2

ე.ი. თუ მარტივ ფორმაში განვიხილავდით შეფარდებას 20 ადლი ტილო = 1 სერთუკს, გაშლილი ფორმა შეიძლება ასე გამოვხატოთ:

20 ადლი ტილო = 1 სერთუკს, = 10 კილო შაქარს, = 2 ტონა რკინას და ა.შ.

აქ ტილოს, როგორც შეფარდებითის ღირებულება გამოიხატება უკვე არა ერთი, არამედ „საქონელთა სამყაროს სხვა ურიცხვი ელემენტებით“ (მარქსი, გვ. 84). შესაბამისად, მოხსნილია ის შემთხვევითობა, რომელიც მარტივ ფორმაში ორი საქონლის გაცვლისუნარიანობას ახასიათებდა. გაშლილ ფორმაში, თითოეული საქონელი შეიძლება იყოს შეფარდებითი და მის ეკვივალენტად ნებისმიერი სხვა საქონელი (ან მათი რიგი) გამოდგება.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ შეფარდებითი ფორმა, რომელიც გაშლილია, რადგან შეუძლია ნებისმიერ სხვა საქონელთან შეფარდებით გამოხატოს თავისი ღირებულება. მაგრამ, ეკვივალენტური ფორმა არ იშლება: მიუხედავად იმისა, რომ მარტივი ფორმისგან განსხვავებით, გაშლილ ფორმაში ეკვივალენტად შეიძლება საქონლების მთელი რიგი გამოვიყენოთ, ისინი მაინც შეფარდებითი ფორმის ცალკეულ ეკვივალენტებს წარმოადგენენ.

გაშლილი ფორმის პრაქტიკული მიზანი მარქსის მსჯელობაში გაცვლის, როგორც საზოგადოებრივი აქტის სისტემატიზაციაა. ეს სისტემატიზაცია, თავის მხრივ, საყოველთაო ეკვივალენტის გამოჩენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

ღირებულების საყოველთაო ფორმა

ღირებულების საყოველთაო ფორმა გულისხმობს ერთი (ან კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებში რამდენიმე) საქონელის, როგორც ნებისმიერი და ყველა საქონლის ღირებულების საყოველთაო გამომხატველის არსებობას. თუ წინა ორ ფორმაში – პირველში შემთხვევითობით, ხოლო მეორეში სისტემატურად – სხვადასხვა საქონელი შეეფარდებოდა სხვადასხვა ეკვივალენტს, საყოველთაო ფორმაში ყველა საქონელის ღირებულება მიიღება მათი ერთ, საყოველთაო საქონელთან შეფარდებით.

kapitali3

ამ ფორმაში, ღირებულებას ერთადერთი გამომხატველი აქვს. ე.ი. ყველა საქონლის ღირებულება გამოიხატება ერთნაირად, ერთი და იგივე ეკვივალენტით. შესაბამისად, ნებისმიერი საქონლის შეფარდებითი ფორმა უნივერსაულირია, ვინაიდან ყველა სხვა საქონელიც იმავე ეკვივალენტს ეფარდება (და მასში იცვლება), რომელსაც თავად ის. მისი შეფარდებითი ფორმა ყველა სხვა საქონლის შეფარდებითი ფორმაა.

საყოველთაოა ეკვივალენტიც, რადგან ის ხდება დანარჩენი საქონლების ღირებულების უნიკალური გამომხატველი. ეს უნივერსალიზაცია არ ნიშნავს წინა ფორმებში არსებული შინაგანი წინააღმდეგობების გაქრობას. პირიქით, ის მათ განვრცობაზე მიგვითითებს.

საყოველთაო ფორმაში შენარჩუნებულია მარტივი ფორმის პოლარულობა და გაშლილი ფორმის უსასრულობა. ამ ყველაფერს უბრალოდ ემატება ახალი თავისებურება: ვინაიდან საყოველთაო ეკვივალენტი იძენს უშუალო გაცვლისუნარიანობას ყველა საქონელთან, დანარჩენი საქონლები კარგავენ ამ უნარს და იმისთვის, რომ რაიმე ორი საქონელი, მაგალითად ტილო და სერთუკი ერთმანეთში გაიცვალოს, ისინი ჯერ უნივერსალურ ეკვივალენტს უნდა შევუფარდოთ. შესაბამისად, საყოველთაო ეკვივალენტი უკვე საყოველთაო გამაშუალებლის როლსაც ითვისებს.

ასეთი ეკვივალენტი შეიძლება ნებისმიერი საქონელი ყოფილიყო. მარქსი მაგალითად ტილოს იყენებს. მაგრამ, როგორ ვიღებთ აქედან საბოლოოდ ფულს, როგორც საყოველთაო ეკვივალენტს?

საქმე ის არის, რომ ვინაიდან საყოველთაო ეკვივალენტს  არ გააჩნია შეფარდებითი ფორმა – თუ ყველა საქონლის ღირებულებას ტილო გამოხატავს, თავად ტილოს ღირებულებას არ გამოხატავს იგივე საქონელი – „იგი, როგორც ეკვივალენტი, ყველა სხვა საქონლის მიერ გამოირიცხება მათი წრიდან. და მხოლოდ იმ წუთიდან, როცა ეს გამორიცხვა საბოლოოდ აღმოჩნდება ერთი სპეციფიკური განსაკუთრებული სახის საქონლის ხვედრად – მხოლოდ ამ მომენტიდან საქონელთა სამყაროს ერთიანი შეფარდებითი ღირებულების ფორმა ობიექტურ სიმტკიცესა და საყოველთაო საზოგადოებრივ მნიშვნელობას ღებულობს.

ის სპეციფიკური სახის საქონელი ახლა, რომლის ნატურალურ ფორმას ეკვივალენტური ფორმა საზოგადოებრივად შეეზარდა, იქცევა ფულად საქონლად, ანუ მოქმედებს როგორც ფული. “ (მარქსი, გვ. 93)

ასეთი ხვედრი ოქროს ერგო.

ფულადი ფორმა

ფულადი ფორმა მხოლოდ იმით განსხვავდება საყოველთაოსგან, რომ ის საზოგადოებრივად დადგენილი და განმტკიცებულია. ასე ვიღებთ ფულს.

kapitali4

ამ ფორმაში, 20 ადლი ტილო, 1 სერთუკი, 10 კილო შაქარი, 2 ტონა რკინა = ორ უნცია ოქროს. ოქრო იმავე ფუნქციას ასრულებს მეოთხე ფორმაში, რასაც ტილო, როგორც საყოველთაო ეკვივალენტი ასრულებდა მესამეში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ოქრო საზოგადოებრივი ჩვეულებითაა (ეტაპობრივად თუ ერთიანად) დადგენილი.

ამ თვისებას ოქრო იძენს იმიტომ, რომ ასე მიემართებიან მას დანარჩენი საქონლები. მხოლოდ ამ საზოგადოებრივ ურთიერთობაში იქნება ოქრო თავისთავად ღირებულების გამომხატველი. იმავე მიმართებაზე ამახვილებდა ყურადღებას მარქსი ერთ-ერთი სქოლიოში ქვეთავის დასაწყისში:

„ეს კაცი მეფეა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ადამიანები მას ეპყრობიან როგორც ქვეშევრდომნი. ისინი კი, პირიქით, ფიქრობენ, რომ ქვეშევრდომნი არიან, რადგან იგი მეფეა.“ (მარქსი, გვ. 78)

საქონლის ფეტიშური ხასიათი და მისი საიდუმლოება

მესამე ქვეთავის ბოლო ნაწილი ეთმობა საქონლის ფეტიშურ ხასიათს. აქ მარქსი საუბრობს წარმოებითი და საზოგადოებრივი ურთიერთობების გასაგნებაზე. ამ პროცესის მიზეზებს მოკლედ აჯამებს რუბინი:

„საზოგადოებრივი პროცესის უშუალო რეგულირების არარსებობას გარდაუვლად მივყავართ მდგომარეობამდე, რომელშიც მას არეგულირებს ბაზარი, შრომის პროდუქტები და საგნები. აქედან გამომდინარე, წარმოებითი ურთიერთობების გასაგნება არამხოლოდ „მისტიფიკაცია“ ან ილუზიაა, არამედ თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურის ერთ-ერთი თავისებურება.“ (რუბინი, 1923, გვ. 55)

დღევანდელ საზოგადოებათა უმეტესობაში – საქონელმწარმოებელ საზოგადოებებში, სადაც გაცვლა სისტემურად ხორციელდება – საქონელი განიხილება, როგორც ბუნებრივად ღირებულების მქონე. სინამდვილეში, ვიცით, რომ ამ ღირებულებას საფუძვლად უდევს ადამიანის შრომა, რომელიც გარდაუვლად აბსტრაგირებულია, რათა შეიძინოს გაცვლისუნარიანობა.

საქონლის ღირებულების მის ბუნებრივ თვისებად დანახვა ნიშნავს მისთვის ისეთი თვისების მიწერას, რომელიც მას თავისთავად უბრალოდ არ გააჩნია. სწორედ აქ ვლინდება საქონლის ფეტიშური ხასიათი.

საქონლის ღირებულებას საფუძვლად აბსტრაქტული შრომა უდევს, ის საზოგადოებრივი ურთიერთობითაა განპირობებული და მის მიღმა არავითარი ღირებულება არ გააჩნია. მაგრამ, გაცვლის დროს, ჩვენ ვიქცევით ისე, თითქოს ვერ ვხედავთ ამ სინამდვილეს. ეს, თავის მხრივ, კაპიტალიზმის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ