გუსტავო გუტიერესი: გვახსოვდეს ღარიბები

Share on Facebook105Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

gustavo1გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

ინტერვიუ ეხება ნოტრ-დამის უნივერსიტეტში 2001 წელს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ცნობილმა სამხრეთამერიკელმა თეოლოგმა გუსტავო გუტიერესმა კარდინალი იოანე ოჰარას საღვთისმეტყველო კათედრა ჩაიბარა.

გუსტავო გუტიერესი გახლავთ პერუელი თეოლოგი, კათოლიკე მღვდელი და განთავისუფლების თეოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გუტიერესი სხვადასხვა დროს სწავლობდა მედიცინას, ფილოსოფიას, სოციოლოგიას და  თეოლოგიას ლიონის, ლუვენის, პარიზისა და რომის უნივერსიტეტებში. სწავლის დასრულების შემდგომ ის საღვთისმეტყველო ლექციებს პერუს კათოლიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა. 1970 წელს  მისი ფუნდამენტური ნაშრომი სახელწოდებით „განთავისუფლების თეოლოგია“ (Teología de la Liberación) გამოიცა, სადაც მან მოახდინა ამავე სახელწოდების თეოლოგიური მოძრაობის აღწერა და სისტემური ანალიზი. გუტიერესი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის მფლობელია. მისი საღვთისმეტყველო შეხედულებები, რომელთაც საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა, ღარიბებთან პირადი პრაქტიკული მოღვაწეობიდანაა ამოზრდილი და მასვე ეფუძნება. ეს იყო პერუს დედაქალაქის გარეუბნებში არსებული სხვადასხვა სამრევლოები, უპატრონო ბავშვთა თავშესაფრები თუ უფასო სასადილოები. უნივერსიტეტში საქმიანობის პარალელურად, სხვადასხვა სოციალურ სახლებში მოხალისედაც მუშაობდა.  მისმა საღვთისმეტყველო ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანა რომის კათოლიკე ეკლესიის სოციალური სწავლების განვითარებასა და დახვეწაში.

© European.ge

– თქვენ საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო გასწიეთ როგორც თეოლოგმა და როგორც მღვდელმა, რის გამოც მრავალი ჯილდო და საპატიო დოქტორის წოდება გაქვთ მიღებული. როგორ მნიშვნელობას ანიჭებთ ახლა ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მიერ თქვენთვის გადმოცემულ ჯილდოს?

სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ამ ჯილდოს შესახებ შევიტყვე, საკმაოდ გავოცდი. ჩემთვის ჯილდოს გადმოცემა არც კი განიხილებოდა. რა თქმა უნდა ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც გამოჩენილ სწავლულთა და მეცნიერთა ჯგუფს მიმაკუთვნებენ. მე ვმადლობ აკადემიას ჩემი დასახელებისთვის და შესაძლებლობისთვის, რათა მეტად სრულად,  ნაყოფიერად  და გაცილებით უფრო ფართო დიაპაზონით იქნეს ჩართული სახარების ქადაგება სამოქალაქო სოციუმთან დიალოგში.

– რაც შეეხება საეკლესიო ორდენებს, თქვენ მხოლოდ ხუთი წელი იყავით დომინიკანელთა ორდენის წევრი. გვიმბეთ თუ რამ გადაგაწყვეტინათ ამ საძმოში გაწევრიანება.

მქადაგებელთა ორდენთან ჩემი ურთიერთობა წარსულში საფრანგეთში განვლილ სტუდენტურ წლებს უკავშირდება, სადაც შესაძლებლობა მქონდა პირადად გავცნობოდი ისეთ დომინიკანელ თეოლოგთა ნაშრომებს როგორებიც იყვნენ  კონგარი, ხენუ და შილებეკსი. მე მომხიბლა მათმა სიღრმისეულმა გაგებამ იმისა, თუ როგორი მჭიდრო კავშირია საჭირო თოლოგიის, სულიერებისა და სახარების პრაქტიკულ მქადაგებლობას შორის. განთავისუფლების თეოლოგიაც იმავე სულისკვეთებას იზიარებს. ჩემმა მომდევნო გამოკვლევამ, რომელიც ბართლომე დე ლას კასას ცხოვრებას  და მის თანამედროვე ღარიბთა გულმხურვალე და დაუღალავ  დაცვას ეხებოდა (ადგილობრივი მოსახლეობა და ფერადკანიანი მონები), ჩემს გადაწყვეტილებაში ასევე დიდი როლი ითამაშა. მრავალ დომინიკანელთან მეგობრობამ და სხვა გარემო პირობებმა საბოლოოდეს ნაბიჯი გადამადგმევინა. მე მადლობელი ვარ იმ გულმხურვალე და თბილი მიღებისათვის, რომლითაც დომინიკანური ოჯახი გამიმასპინძლდა.

– ღარიბთა პრობლემებს თქვენს თეოლოგიურ ნააზრევში ყოველთვის ცენტრალურ ადგილს მიაკუთვნებთ. უნდა შეეჭიდოს თუ არა ყველა თეოლოგი მსოფლიოში არსებულ სოციალური გაჭირვების პრობლემებს, თუ ეს მხოლოდ მათი ვალია, ვისაც უშუალოდ ამ პრობლემებთან უწევს მუშაობა?

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სიღარიბე – ეს ადამიანური მდგომარეობაა, რომელშიც კაცობრიობის  უმრავლესობა იმყოფება,ის მეტია ვიდრე უბრალოდ სოციალური პრობლემა. სიღარიბე, როგორც ქრისტიანულ სინდისს ასევე თეოლოგიასაც დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს.

დღეს ადამიანები მართალია კონტექსტუალურ თეოლოგიაზე საუბრობენ, მაგრამ  ფაქტია, რომ თეოლოგია ყოველთვის კონტექსტუალური იყო. ზოგიერთი თეოლოგიური ნააზრევი,  მართალია, შეიძლება ზუსტად გამოხატავდეს საკუთარ კონტექსტუალობას, მაგრამ ყველა თეოლოგიური გამოკვლევა აუცილებლად შესაბამის ისტორიულ კონტექსტს ემყარება. როდესაც ნეტარმა ავგუსტინემ „ღვთის ქალაქი“ დაწერა, ის გამოხატავდა იმას, თუ რას ნიშნავდა მისთვის და მის თანამედროვეთათვის სახარებისეული ცხოვრება კონკრეტული ისტორიული გარდაქმნების პერიოდში.

ჩვენი დღევანდელი გარემო კი მდიდარსა და ღარიბს შორის თვალსაჩინო უთანასწორობით ხასიათდება. არც ერთ მორწმუნე ქრისტიანს არ შეუძლია ამ სიტუაციის მშვიდად უგულებელყოფა. დღეს უკვე შეუძლებელია ვინმემ თქვას: „კარგი, მაგრამ მე ეს არ ვიცოდი“ ღარიბთა ტანჯვისა და გაუსაძლისი პირობების შესახებ. სიღარიბე დღეს ბევრად უფრო მეტად თვალშისაცემია, ვიდრე ეს წარსულში იყო. ღარიბებთან ყოველდღიური შეხვედრა დღეს გარდაუვალია. ჩვენ ასევე ადვილად ვამჩნევთ  სიღარიბის გამომწვევ მიზეზებსა და  იმ პირობებს, რომლებიც მის შეუქცევადობას  უწყობს ხელს. იყო დრო როცა სიღარიბე გარდაუვალ მოვლენად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ამგვარი შეხედულება აზრს მოკლებული და უპასუხისმგებლოა.

რა თქმა უნდა ყოველთვის რჩება კითხვა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ სიღარიბის აღმოსაფხვრელად? თეოლოგიას  სიღარიბის გადაწყვეტის ყველა ტექნიკური საკითხის ქონაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ ის ჩვენ გვახსენებს, რომ არასდროს დავივიწყოთ ღარიბები და რომ ღმერთი ხედავს თუ როგორ ვრეაგირებთ სიღარიბეზე. სიღარიბით აქტიურად დაინტერესება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულთათვის როდია სავალდებულო; სამართლიანობისა და თანასწორობის სახარებისეულ მესიჯი ყველა ქრისტიანმა სერიოზულად უნდა აღიქვას. ქრისტიანს არ შეუძლია ეკონომიკური უთანასწორობის საწინააღმდეგოდ მქადაგებლური სიტყვის წარმოთქმის პასუხიმგებლობას თავი აარიდოს. პაპ იოანე პავლეს II-ის დამოკიდებულება გლობალიზაციის ფენომენზე კარგ მაგალითად გამოდგება. ის განუწყვეტლივ სვამდა კითხვას: „რა ზეგავლენას მოახდენს ეს ღარიბებზე? შეუწყობს კი ეს ხელს სამართლიანობის აღდგენას?“.

– როგორ ფიქრობთ, გადაიქცა თუ არა „ღარიბთათვის უპირატესი მსახურება“კათოლიკური ეკლესიის სოციალური სწავლების მთავარ ნაწილად ? და საიდან გაჩნდა თავად ეს ტერმინი?

დიახ, მე მჯერა, რომ ღარიბთათვის მსახურება კათოლიკური ეკლესიის სოციალური სწავლების ნაწილად გადაიქცა. ფრაზა სამხრეთ ამერიკული ეკლესიის გამოცდილებიდან მომდინარეობს. ზუსტი სახელწოდება სამხრეთ ამერიკელ ეპისკოპოსთა მედელინის კონფერენციასა (1968) და პუებლას კონფერენციებს (1979) შორის იბადება. მედელინის კონფერენციაზე ჩნდება ეს სამი სიტყვა (მსახურება, უპირატესობა,ღარიბები), მოგვიანებით კი ეს სამი სიტყვა ფრაზად გადაიქცევა. უფრო ზუსტი იქნება ითქვას, რომ ტერმინი სამხრეთ ამერიკული ეკლესიიდან მოდის, მაგრამ შინაარსი და ძირითადი ინტუიცია მთლიანად ბიბლიურია.

ღარიბთათვის  უპირატესი მსახურება ეტაპობრივად ეკლესიის ცენტრალურ პრინციპულ სწავლებად იქცა. ჩვენ შეგვიძლია მოკლედ განვმარტოთ მისი ძირითადი მნიშვნელობა:

  1. ტერმინი სიღარიბე რეალურად ღარიბებს განეკუთვნებათ. ეს არ ნიშნავს სულიერად ღარიბების მსახურებას. ასეთი ტიპის მსახურება ხომ ძალზედ ადვილი იქნებოდა. სიღარიბე რომლისკენაც ეს მსახურებაა მიმართული,მატერიალურსიდუხჭირეს წარმოადგენს. მატერიალური სიღარიბე უდროო და უსამართლო სიკვდილს ნიშნავს. ღარიბი ადამიანი პიროვნება წართმეულ არსებად განიხილება, არსებად რომელიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ  აღქმასაა მოცილებული. ღარიბები სტატისტიკურ მონაცემებად განიხილებიან;  ისინი უსახელოები არიან. თუმცა, მაშინ როცა ღარიბები სოციუმის უმნიშვნელო წევრებად აღიქმებიან, ისინი არასდროს რჩებიან უმნიშვნელო პიროვნებებად ღვთის წინაშე.
  1. ზოგიერთი ადამიანი გრძნობს,რომ მას არასწორად სწამს, თითქოს სიტყვა უპირატესიღარიბთათვის მსახურებას ანეიტრალებს ან ამსუბუქებს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. საღვთო სიყვარულს ორი განზომილება გააჩნია, უნივერსალური და კონკრეტული; და როდესაც ამ ორს შორის დაძაბულობაა, მაშინ წინააღმდეგობაც ქრება. საღვთო სიყვარულს ვერავინ უარყოფს. ამასთან ერთად, ღმერთი აშკარად ამჟღავნებს საკუთარ სიმპატიას მათ მიმართ, ვინც ამქვეყნიური ტრაპეზიდან იქნა მოკვეთილი. სიტყვა უპირატესი ღვთის უანგარო სიყვარულის სხვა განზომილებას, კერძოდ კი უნივერსალურ სიყვარულს აღძრავს.
  1. სხვა მხრივ, მსახურება შეიძლება კონტექსტის ყველაზე სუსტი სიტყვა იყოს. ინგლისურად ეს სიტყვა უბრალოდ ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთებას აღნიშნავს. ესპანურად კი ვალდებულების გააზრებაზე მიანიშნებს. ღარიბთათვის მსახურება არ არის ნებაყოფლობითი, არამედ ისყველა ქრისტიანის მოწოდებაა. ეს არ არის ისეთი რამ, რაც ქრისტიანს შეუძლია უბრალოდ აიღოს ან მიატოვოს. მედელინის განმარტების მიხედვით, ღარიბთათვისმსახურებაორმნიშვნელობიანია: ის ღარიბებისადმი სოლიდარულია და ამასთანავე უმოწყალო სიდუხჭირეს ებრძვის.

ღარიბებისადმი მსახურება საერთო ჯამში მეგობრობის საკითხია. მეგობრობის გარეშე ღარიბებისადმი მსახურება შეიძლება ძალიან ადვილად აბსტრაქციულ ვალდებულად გადაიქცეს (სოციალური კლასისადმი, ეთნიკური იდენტობისადმი, კულტურისადმი, იდეისადმი). არისტოტელე მორალურ ცხოვრებაში მეგობრობის მნიშვნელოვანებას ხაზგასმით აღნიშნავს, ამასთანავე ამგვარ შეხედულების ნათელ დეკლარირებას ჩვენ იონეს სახარებაშიც ვხვდებით. ქრისტე ამბობს :  მე არ გიწოდებთ მსახურებს, არამედ მეგობრებს“. როგორც ქრისტიანები, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მეგობრობის ასეთი გაგება სხვებთან ურთიერთობაში განვახორციელოთ. როდესაც ჩვენ ღარიბს დავუმეგობრდებით, მისი მყოფობა ჩვენს ცხოვრებას დაუვიწყარ შთაბეჭდილებას სძენს, და იზრდება იმის ალბათობაც, რომ მეტად თავდადებულნი გავხდეთ.

– ზოგიერთი ადამიანი შენიშნავს, რომ განთავისუფლების თეოლოგიამ ღირებული სამუშაო გასწია, თუმცა ახლა ამგვარი აღქმა იკლებს. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? როგორია განთავისუფლების თეოლოგიის თქვენეული სამომავლო პროგნოზი?

 კონკრეტული სწავლებით გაჯერებული ყოველი ახალი იდეა  თავდაპირველად ყოველთვის დიდ ყურადღებას იწვევს, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა ხდება მისი მოვლენათა რეგულარულ წრეში გაერთიანება ან შერევა. განთავისუფლების თეოლოგიის  საყრდენ იდეათა უმრავლესობა ამ კუთხით საკმაოდ გამოყენებადი გამოდგა.

როგორც თეოლოგიის ყველა სხვა გზა, განთავისუფლების თეოლოგიაც კონკრეტულ ისტორიულ მომენტს ეხმიანება. ახლა ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავს ვკითხოთ: შეიცვალა თუ არა ისტორული გარემოება? რა თქმა უნდა ნათლად ვხედავთ, რომ  მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა გასულ ათწლეულებს ეხმიანება და 60-70-იანი წლების შემდეგ პოლიტიკური კლიმატი აშკარად შეიცვალა.  მაგრამ ღარიბთა სიტუაციას  ფუნდამენტური ცვლილება არ შეხებია. ჩვენ იქმადე  შევხვდებით განთავისუფლების თეოლოგიის მსგავს სულისკვეთებას, სანამდეც ქრისტიანთა გარკვეული ჯგუფი იარსებებს, რომელიც შეეცდება, რომ ამ გარემოებისადმი ერთგული იყოს და ღარიბთა მსახურებით ქრისტეს მიემსგავსოს.

განთავისუფლების თეოლოგიის მხოლობითად აღქმა საკმაოდ ბუნებრივია. ჩვენ  ამ ტიპის თეოლოგიის მხოლოდ რამოდენიმე გამოხატულებასთან გვაქვს საქმე, რომლებიც სხვა და სხვა კონტინენტს და იქ არსებულ განსხვავებულ ვითარებას ეხმიანებიან: ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და აზია. ყოველ მათგანს საკუთარი ინდივიდუალური  ხედვა გააჩნია, თუმცა ისინი მეტწილად საერთო აზრის გარშემო ერთიანდებიან, რაც ღარიბთა და საზოგადოებიდან მოკვეთილთა  კონკრეტულ მსახურებაში გამოიხატება.

– როგორი იქნებოდა განთავისუფლების თეოლოგია აშშ-ში? რისგან გვჭირდება ჩვენ ყველაზე მეტად განთავისუფლება? მომხმარებლობისგან, ეთნოცენტრიზმისგან? როგორი იქნებოდა თქვენი თეოლოგია ამ ქვეყანაში რომ გემუშავათ?

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცნობთ სიღარიბის მრავალ გზას, რომლითაც ის პიროვნებებსა და ერებს ფიტავს და ანადგურებს. თუმცა, ალბათ ჩვენ უფრო მეტად იმ გზებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ქრისტესთან სიახლოვეში ხელს გვიშლიან. ყველა ქვეყანასა თუ სიტუაციას კარგი ამბის გავრცელების ინდივიდუალური საშუალება გააჩნია. ღარიბ ერებში სიღარიბის პრობლემა განუწყვეტელ წრებრუნვაშია; მდიდარ და მძლავრ ქვეყნებში კი ღარიბთა არ დავიწყება და ეთნოცენტრიზმისადმი არ დანებებაა მთავარი პრობლემა. კულტურულ ცვლილებებზე დაკვირვება ზოგჯერ სამოძღვრო კრიტიკას იწვევს; სხვა დროებაში  ეს კულტურიდან საუკეთესო კლასის გაქრობად იქნებოდა სახელდებული.

აშშ-ში კათოლიკურ ეკლესიას სიღარიბესთან ბრძოლის დიდი ისტორია გააჩნია. კათოლიკეებმა  ემიგრანტთა პირველი თაობისათვის საშუალო სკოლები, უნივერსიტეტები და საავადმყოფოები დაარსეს. თუმცა, როდესაც კათოლიკეები სოციალურ საფეხურზე დაწინაურდნენ, მათ უფრო და უფრო დაიწყეს სამომხმარებლო კულტურასთან დაახლოვება. თუმცა იოანე პავლე II ყოველთვის შეგვახსენებდა, რომ ღარიბები არ დაგვავიწყდეს. მე ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ქვეყანაში თეოლოგთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, რომლებიც კონტექსტუალური თეოლოგიის შექმნას ცდილობენ, რომლის ერთი ნაწილიც ამ გარემოს კულტურულ და სოციალურ სფეროში რწმენით ცხოვრებას ემყარება. ადეკვატური კონტექსტუალური თეოლოგია ასევე გლობალურ პრობლემებს უნდა ეხებოდეს, რადგან ქრისტიანული პასუხისმგებლობა საზღვრებთან არ ჩერდება. სოლიდარული მსახურება ინტერნაციონალური განზომილების ნაწილია.

– რთულ დროებაში ან კრიტიცისზმის პერიოდში  ბედნიერებისა და იმედის ძალმოსილებას როგორ შეაფასებდით?

ქრისტიანულ ბედნიერებას უფრო ღვთისგან ბოძებული უპირობო სიყვარული განსაზღვრავს, ვიდრე რაიმე კონკრეტული ობიექტი. ქრისტიანული ბედნიერება ღვთის შეცნობიდან და მისი ნების აღსრულების მცდელობიდან ამოიზრდება. ბედნიერება ღმერთში სიხარულია. ასევე  ღვთისმშობლის საგალობლში ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც მარიამი ღმერთში ხარობს, ის ასევე ღვთის ისტორიულ მომენტში განხორციელებულ განთავისუფლების აქტს ზეიმობს. ის ხარობს ღმერთში, რომელიც ღარიბებისადმი ერთგულია. ჩვენი მსახურებაც სხვების მიმართ სწორედ ამ სიხარულში უნდა გამოიხატოს. მხოლოდ სიხარულით აღსრულებული საქმეა ცვლილების მომტანი.

ჩვენ ასევე ჩვენი საქმე იმედით სავსეებმა უნდა ვაკეთოთ. იმედი და ოპტიმიზმი განსხვავებული მნიშვნელობისაა. ოპტიმიზმი უბრალოდ სურვილს გამოხატავს, რომელიც ყოველდღიურად შინაგანი განწყობით რეგულირდება. ოპტიმიზმში ცუდი არაფერია, თუმცა ჩვენ შეიძლება საამისო მიზეზი ყოველთვის არ გაგვაჩნდეს. იმედის თეოლოგიური ფასეულობა კი ოპტიმიზმზე გაცილებით მეტია. იმედი დაფუძნებულია იმაზე, რომ ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში და მსოფლიოში ცხოველმოქმედებს. იმედი ღვთის უსაზღვრო საჩუქარია, რომელიც კრიზისული სიტუაციების გადატანის საშუალებას გვაძლევს. ჩარლზ პეგე იმედს „უმცროს დას“ უწოდებს, რომელიც „უფროს დებს“  შორის რწმენითა და ქველმოქმედებით დაიარება; როდესაც უფროსი დები გადაიღლებიან, უმცროსი მათ ახალი სიცოცხლითა და ენერგიით კვებავს. იმედი არასდროს აძლევს ჩვენს რწმენას დასუსტების საშუალებას და სიყვარულს ეჭვისაგან იფარავს.

სიხარულისა და იმედის შესახებ მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. 12 წლიდან 18 წლამდე ავადმყოფობის გამო საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. რა თქმა უნდა სასოწარკვეთისათვის მიზეზი მქონდა, მაგრამ ასევე ვგრძნობდი იმედის ნაკადს, რომელიც ლოცვით, კითხვით, მეგობრებთან და  ოჯახის წევრებთან ურთიერთბით მეძლეოდა. მოგვიანებით ლიმაში ვისწავლე, თუ როგორია გაჭირვებისას იმედის რაობა. ზუსტად ამ დროს გადავწყვიტე, რომ დამეწერა წიგნი იობ მრავალვნებულზე. იმედი მართლაც რომ რთული სიტუაციის გადასალახავადაა საჭირო.


ინგლისურიდან თარგმნა მიხეილ ნებიერიძემ;

ბიოგრაფიული ინფორმაცია დაურთო შოთა კინწურაშვილმა;

თარგმანი პირველად გამოქვეყნდა აქ.

Share on Facebook105Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.