“კომბლეები” და “სუპერმენები”: ნაციონალური იდეა და პერსონაჟები

%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

ავტორი: არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი. ამჟამად გახლავთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ „ალმა მატერის“ მოწვეული პროფესორი.

© European.ge

„კომბლესა“ და „სუპერმენის“ კვალდაკვალ, მხოლოდ პერსონაჟები თუ პერსონაჟ-გმირები – ნაციონალური იდეის მატერიალიზაცია მხატვრულ გმირებში.

დასაწყისისათვის: პრობლემა თუ პრობლემის იმიტაცია?

რამდენიმე დღის წინ საქართველოს განათლების მინისტრმა რადიო ინტერვიუში განათლების თემებზე ისაუბრა, მრავალ ასპექტს შორის, რომელიც განხილვისა და ღია დისკუსიის თემად გამოხატა, ერთ-ერთ თემად ბავშვებისათვის არასაკმარისად ეფექტური პერსონაჟების არსებობა დაასახელა, მისი კრიტიკა ცნობილ ზღაპარს „კომბლეს“ შეეხო და ბაძვის არასასურველ საზომად შეაფასა, გააკრიტიკა პერსონაჟი და განაცხადა რომ ქვეყანას სჭირდება ახალი გმირები, რომელიც მომავალი თაობის სათანადო აღზრდის ნიმუშად უნდა გამომდგარიყო. მინისტრის ფრაზები „კომბლეს“ კრიტიკის შესახებ მედიასაშუალებებმა აქტიურად გაავრცელეს, საზოგადოება კი მკვეთრად დაუპირისპირდა უცნაურ, ნოვატორ და შემოქმედებით მინისტრს. სტანდარტულმა საბჭოურმა თუ პოსტსაბჭოურ სისტემებს შეჩვეულმა საზოგადოებამ, რომლისთვისაც ყველა ზღაპარი თუ თქმულება ლამის საკუთარი თავმოყვარეობის საზომად განიხილებოდა, მინისტრის გალაშქრება ლამის ერის იდენტობის დანგრევის საშიშროებად მიიღო.

რა უნდა იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მხოლოდ პერსონაჟები მივიღოთ აუცილებელი ბაძვისა და იდეალის ნიმუშებად თუ პერსონაჟები, რომლებიც გმირები ხდებიან. წლების წინ, როდესაც ჩემს ერთ-ერთ პროფესიას ვიღებდი დღევანდელ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რომელმაც შემდგომ „ლიტერატორის“ კვალიფიკაცია მომანიჭა, სადიპლომო თემად ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ავირჩიე, ეს იყოს „პერსონაჟისა და გმირის ქმნადობა და ავტორის პოზიცია.“

პერსონაჟები და გმირები – ავტორი და პოზიცია

პერსონაჟების განსხვავება პერსონაჟ-გმირებისგან ლიტერატორებისათვის უცხო საზომები არ არის, მათთვის ცნობილია, რატომ არის, ვთქვათ, მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟების უმრავლესობა მხოლოდ პერსონაჟები, ხოლო გოგლა ლეონიძის ზოგიერთი პერსონაჟი ამავდროულად  პერსონაჟ-გმირია; რატომ და როდის ერევიან ავტორები პერსონაჟების ცხოვრებაში და მათ ნაცვლად ლაპარაკობენ თავად და როდის ანიჭებენ თავისუფლებას – მაგალითად, რატომ ჰყავს პუშკინს მხოლოდ გმირები და ანტიგმირები, ხოლო დოსტოევსკისთან საერთოდ ვერ იპოვნი ვერც ერთსა და ვერც მეორეს, რაკიღა საკუთარი მხრიდან ყველას სიმართლეა დანახული, რატომ არ ლაპარაკობენ პერსონაჟები შექსპირთან ავტორის ნაცვლად და რატომ ესმის ყველაზე მიუღებელი პერსონაჟებისაც კი ავტორს, რატომ ანიჭებს თავისუფლებას მათ და როგორ იქმნებიან ნაწარმოების გმირები, როგორც დამოუკიდებელი, ცოცხალი არსებები; რატომ ესმის გოგლა ლეონიძეს ყველაზე ბოროტი პერსონაჟისაც კი „ნატვრის ხეში“ და რატომ აძლევს უფლებას ყველა მათგანს თავისი ქცევის გამართლების უფლება ჰქონდეს, რატომ არ სძულს ილიას თავისი პერსონაჟები, რომელთაც აგრესიით არასდროს იხსენიებს და მათ ჭირისუფლადაც კი გვევლინება.

დიდ ხანს არ შევჩერდები პერსონაჟების მხატვრულ პოზიციაზე, ავტორისეულ შეხედულებებსა და შეფასებებზე, ამ მხრივ ორ საკითხს გამოვყოფ, პირველი, რა ფასს, ფუნქციას, მიზანს  უქმნიან ავტორები პერსონაჟებს და მეორე –  ეს არის თემა, პერსონაჟები და გმირები თავისთავად იქმნებიან თუ ზოგჯერ სტრატეგიული მიზნითაც? გავიხსენოთ თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ნაწარმოები, იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“, აქ ხომ ორივე პერსონაჟი – შუშანიკიცა და ვარსქენიც სამომავლოდ სოციალურ მიზანს ატარებენ და სრულიად მოტივირებულია ავტორი მათ შექმნაში. შუშანიკი პერსონაჟიცაა და პერსონაჟ-გმირიც, სოციალური ადამიანები არიან, ბაძვისათვის შექმნილები იმ დროინდელ საქართველოში; შუშანიკი რეალური პირია, ასეთია აგიოგრაფიული ნაწარმოებების სრული უმრავლესობა – აბო, კოლაელები და სხვა… ისინი თავის დროის გმირები არიან, რომლებიც საზოგადოებას ბაძვის, ნიმუშის, საჭირო ქცევის შინაარსს გადასცემენ… რამდენიმე საუკუნის შემდეგ იქმნება „ვეფხისტყაოსანი“, მისი პერსონაჟები კონკრეტული პირები არ არიან, მაგრამ პროტოტიპები არიან, მთავარი სახეებიც პერსონაჟ-გმირებია, ხოლო ტარიელი და ავთანდილი პრაქტიკულად მაშინდელი იდეალები არიან, რომელთაც მაშინდელი ეპოქისათვის რიგითი ქართველის ნაციონალური სულის მოდელი შექმნეს.

ამგვარ პერსონაჟებზე შევჩერდეთ, პერსონაჟ-გმირებზე, როგორც „მოთხოვნილებით ლიდერებზე“, როგორც მოტივირებულ პერსონაჟებზე და მათი გმირად ქმნადობის ხელოვნებაზე, ეპოქისეულ მოთხოვნილებებზე და ნაციონალურ იდეაზე.

„მოთხოვნილებითი ლიდერები“, როგორც პერსონაჟ-გმირები

ამერიკელი ლიტერატურათმცოდნეები და პიარსპეციალისტები რამდენიმე ნაწარმოებს განსაკუთრებით უმადლიან, ნაწარმოებები, რომლებიც პრეზიდენტებისთვისაც კი სამაგიდო თუ სახელმძღვანელო წიგნები იყო.

თომ ქლენსის რომანს, „პატრიოტთა თამაშებს“ თუ გადავშლით (ამერიკაში ის 1991 წელს გამოიცა, მოსკოვში 1994-ში), დავინახავთ, რომ  მისი მთავარი გმირი,  დოქტორი რაიანი ყველაზე კეთილშობილური დახასიათებებითაა  სავსე. ის სამხედრო-საზღვაო სასწავლო დაწესებულებაში ისტორიას ასწავლის. თავად  ყოფილი საზღვაო ქვეითია, რამაც მას საშუალება მისცა, ლონდონში ხანმოკლე ყოფნისას ხელი შეეშალა ირლანდიელი ტერორისტებისათვის  სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან გასწორებაში. მან  სროლაც  იცის (ეს მამამ ასწავლა, რომელიც პოლიციის  ოფიცერია), ხტომაც, საკმაოდ სხარტი რეაქციის პატრონია, მისი  ლექციები ეძღვნება გადაწყვეტილებების მიღების საკითხს საზღვაო შერკინებების დროს, მაგრამ  მთავარ  ძაფად  თანდათანობით სხვა რამ იკვეთება – დოქტორი რაიანი დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან თანამშრომლობს, ჯერ  შემთხვევით  საფუძვლებზე, აკეთებს რა მათთვის მოხსენებას ტერორიზმის  პრობლემებზე, შემდეგ  კი  გადადის  მუდმივ  სამუშაოზე, რისკენაც  მას საკადრო  თანამშრომლები  უბიძგებენ, უსვამენ რა ხაზს მის ძლიერ ინტელექტსა და ანალიტიკურ შესაძლებლობებს.

საინტერესოა, რომ რომანში არ აქვს ადგილი  მასობრივი  კულტურისათვის  ტიპურ  სასიყვარულო  ძაფს. დოქტორი  რაიანი თავის ბედნიერებას ცოლ-ქმრულ  ერთგულებაში ჰპოვებს, რაც არანაირად არ შეესაბამება, მაგალითად, ჯეიმს  ბონდის  სახეს. შესაბამისად, სპეცსამსახურების თანამშრომელთა მუშაობა იმოსება არა  მხოლოდ  ყოვლისშემძლეობის, იდუმალებისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელობის შარავანდით, განსაკუთრებული  ფასეულობის მქონედ და ახლად  გვევლინება ამ პროფესიის სწორედ ინტელექტუალური  ჭრილი.

ეს ინტელექტუალები არიან, რომელთაც  ძალუძთ ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა საკუთარი კაბინეტიდან  გაუსვლელად. მათთვის  არ  არსებობს  საზღვრები: ისინი გადაადგილდებიან მთელ მსოფლიოში, ზღაპრული  სისწრაფით უკავშირდებიან ნებისმიერ წერტილს სივრცეში. მთელი რომანი გამსჭვალულია იმაში დარწმუნებულობით, რომ როგორი დახვეწილიც უნდა აღმოჩნდნენ ტერორისტები, გამარჯვება მაინც  სპეცსამსახურის მხარეს იქნება. კურსანტებს უყვართ თავინთი  მასწავლებელი. ერთ-ერთი ტერორისტის  დაკავება პატრულის სიფხიზლის წყალობით მოხერხდა. საკმაოდ ახლოს თანამშრომლობენ დიდი  ბრიტანეთისა და აშშ-ს სპეცსამსახურები. ამ იდილიურ სამყაროსაც ერთვის თან ინტრიგის ზამბარა.

რომანი ხაზობრივადაც საინტერესოა, მასში არა მხოლოდ ლაპარაკობენ, არამედ ისვრიან კიდეც. ამასთან, რომანში აშკარა უპირატესობა ენიჭებათ ადამიანთა სახეებს სპეცსამსახურებიდან. სწორედ მათი ინტელექტი იხსნის ნაციას მტრების ნებისმიერი ოინებისაგან. არის დეტექტივის შესაბამისი ფორმულაც, რომლითაც განირჩევა გმირი  და  ანტიგმირი: ანტიგმირი იგებს ყველა შერკინებას, უკანასკნელის გარდა.

მიახლოვებული ფორმულა არის განხორციელებული ქლენსისთანაც: ტერორისტები თავიანთ აქციებს ახორციელებენ, რაც მათ რეალურ ძლიერებას  ადასტურებს, თუმცა, პრაქტიკულად ნებისმიერ შემთხვევაში  ისინი ვერ ახერხებენ მათ ისეთ დასრულებას, როგორც ეს ჩაფიქრებული აქვთ. თითოეულ შემთხვევაში მათ წინ ეღობებათ ვინმე, ვინც თავისი სამსახურეობრივი თუ უბრალოდ ადამიანური მოვალეობის შესრულების  გზით (როგორც ეს თავად რაიანის  შენთხვევაში მოხდა ლონდონში), უშლის ხელს მოვლენებს არასაკეთილდღეო გზით განვითარებაში, ხოლო დაზვერვის ცენტრალური სამმართველო, ამ ჭრილში,არაკორუმპირებული, მოუსყიდავი და ძლევამოსილი ორგანიზაციის სახით გამოიყურება.

განსაკუთრებული ადგილი  ამერიკულ  ლიტერატურაში  თომ  ქლენსის  არ  დაუკავებია  იმიტომ, რომ  ის  თავის  დროზე  ბილ  კლინტონის  საყვარელი  მწერალი  იყო. მკვლევართა  აზრით, თომ  ქლენსმა  ამერიკა  ვიეტნამის  სინდრომისაგან  განკურნა, დააბრუნა  რა  ეროვნული  გმირების  რიცხვში  სამხედრო  ადამიანი, რომელიც  წინ  აღუდგება  საბჭოთა  მუქარას, გადაარჩენს  ხალხს  და  ქვეყანას. ამ  ფაქტიდან  უკიდურეს  შემთხვევაში  ორი  დასკვნის  გამოტანა  მაინც  შეგვიძლია. მათგან  ერთია  ის, რომ  იმიჯი  შეიძლება  გამოსწორებულ  იქნას. მეორე – ცუდი  იმიჯების  არსებობას  არა  მხოლოდ  ჩვენთან  აქვს  ადგილი. ქვეყნის  იმიჯი, მისი  ამა  თუ  იმ  სტრუქტურისა  თუ  პერსონალების  იმიჯი  დღეს  ისეთივე  მნიშვნელოვანია, როგორც  ნებისმიერი  სხვა  რეალური  მაჩვენებელი.

ამერიკელები  დღეს  მოხერხებულად „ყიდიან“ თავიანთ  სპეცსამსახურების „საფირმო  ნიშანს“ და  როგორც  შედეგი, დღეს  გამოძიებათა  ფედერალური  ბიურო  და  დაზვერვის  ცენტრალური  სამმართველო  იქცა  ჩვენთვის  უფრო  კარგად ნაცნობ  და  ახლო  მყოფ  ცნებად, ვიდრე  ანალოგიური  სამამულო  სტრუქტურები.  მაგალითისათვის, ჩვენ ვიცით  რომ  გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) უშიშარი  აგენტი  ყოველ  და  ნებისმიერ  ფილმში  აუცილებლად  მოიგდებს  ხელში  დამნაშავეს  და  გაიმარჯვებს  ბოროტებაზე. არც  თუ  იშვიათია  ფილმი, რომელშიც  იგივე  ტიპის  აგენტი  არა  თუ  კონკრეტულ  პრობლემას, არამედ  დედამიწასა  და  კაცობრიობასაც  კი  გადაარჩენს  მიმდინარე  და  მოსალოდნელი  საშიშროებისაგან.

გმირები  ნებისმიერ  ერს  ესაჭიროება. როდესაც  ამერიკა  დიდ  ბრიტანეთს  ეყოფოდა, მასაც  დასჭირდა  გმირების  საკუთარი  სიის  პოვნა. მაგალითისათვის  სახელდება: თომ  ქლენსი „პატრიოტთა  თამაშები“, ლესლი  ვოლლერი „საელჩო“, ჯეიმს  ელიოტი „ცივი, ცივი  გული“. მართალია, ლესლი ვოლლერი ლონდონში  ცხოვრობს, მაგრამ ის  ამერიკელია  და  მისი  რომანის  მოქმედება  ლონდონში, ამერიკულ საელჩოში  ვითარდება.

დროითი გმირები და თანამედროვე საზოგადოება

დროითი  გმირის  როგორი  ტიპი  ესაჭიროება  საზოგადოებას  დღეს? თომ  ქლენსიმ  პირველმა  გაუსვა  ხაზი  შეცვლის  ტენდენციას, მის  გარკვეულ  ინტელექტუალიზაციას.

ანტიგმირის  როგორი  ტიპია  წარმოდგენილი  ასეთ  რომანებში? საინტერესოა, რომ  სამივე  რომანში  ეს  უცხოეთნიკური  გმირის  ტიპი  მათში  ამერიკელი  ებრძვის  არაამერიკელს. ქლენსისთან  ეს  ირლანდიელი ტერორისტები  არიან, ვოლლერთან – არაბი  ტერორისტები, ელიოტთან მოღალატე  გადასული  რუსი, სუკის ყოფილი თანამშრომელი. ამასთან, ჩანს კიდევ ერთი შტრიხი – ანტიგმირი  არ  არის  მარტოხელა, ის  მტრული  სტრუქტურის  წარმომადგენელია.

მოღალატე  რუსის  შემთხვევაში, ის  მუდმივად  ამჟღავნებს  უნარს, რომელიც  მკითხველს, მართალია  არის  ერთი  გმირი, რომელიც  ამერიკულ  სამხედრო  დაზვერვასთან  ერთად  ისრაელის  დაზვერვაზეც  მუშაობს, მაგრამ  ის  არ  არის  ასპროცენტიანი  ამერიკელი, არამედ  ლიბანელია.

ეს  უცხოეთნიკური  გარემო  გარემო  სამივე  რომანის  მნიშვნელოვან  შემადგენელ  ნაწილს  შეადგენს. როგორ  ფასეულობებს  იცავს  გმირი? სწორ  და  მოწესრიგებულ  სამყაროში  ანტიგმირებს  თან  ქაოსი  მოაქვთ, ამასთან, თავიანთ  შემდეგ  ისინი  ტოვებენ  კვალს – მათ  მიერ  მოკლული  კარგი  და  უდანაშაულო  ადამიანების  ნიშნებს. ეს  ტიპი  შესაძლებელია  სწორედ  რომ  უცხოეთნიკური  ანტიგმირებისავის  და  შეუძლებელ – გმირისათვის.

„გმირი – ანტიგმირის“ ურთიერთობა  ეს  ორი  ადამიანის  ომია. გმირი – ეს  გამარჯვებულია, ინტელექტუალია, მუდმივად  სიმართლის  მატარებელია. გმირი  მორალურად  სუფთაა. დეტექტივისაგან  განსხვავებით, თრილერში  ნათელია, თუ  ვინ  არის  მკვლელი. მიმდინარეობს  თითქოს  უსასრულო  დუელი  მკითხველისათვის  ცნობილ  მტერთან. მტრის  ასეთი  გამხელილობა, მისი  მაქსიმალურად  გაძლიერებული  სიუცხოვე  იპყრობს  მკითხველს  და  განაწყობს  მაქსიმალური  სიმპათიით სპეცსამსახურის  აგენტისადმი, რომელსაც  ყველა  სხვას  შორის  ერთადერთს  შეუძლია  შეაჩეროს  ეს  მტერი, სხვებს  ეს  არ  ხელეწიფებათ. ფსიქოლოგები  ხსნიან, რომ  ერთობლივად  გადალახული  სირთულეები  აახლოვებენ, ასეთი  თრილერი  მკითხველსა  და  სპეცსამსახურის  აგენტს  ერთობლივად  აძლევინებს  სირთულეებს, აღწევს  რა  მათ  შორის  იდენტურობის  მაქსიმუმს. შედეგად, ჩვენ  სიმპათიით ვეწყობით  უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (უფს), გამოძიების ფედერალური ბიუროს თუ  სამხედრო  დაზვერვისადმი, როგორც  საკუთარ  ფასეულობისადმი, ვემიჯნებით  რა  მტრის  ფასეულობებს.

პერსონაჟ-გმირი და ნაციონალური იდეა

ადამიანთა  უმრავლესობა  მიმართულია  მიმბაძველობითი  ქცევისაკენ, ორიენტირებულნი  არიან  რა  თავიანთ  ქცევებში თავიანთთვის  ავტორიტეტული  აზრთა  ლიდერების  მოქმედების  მიხედვით.  მათ  შეუძლიათ  მაგალითი  აიღონ  იმისაგან, ვისაც  პატივს  სცემენ  და  ვინც  მათთვის  ლიდერს  წარმოადგენს.

როდესაც ვსაუბრობდი სოციალურად მოთხოვნად გმირებზე, მხედველობაში მაქვს ჩვეულებრივი პერსონაჟები, რომლებიც ყველა ასაკის ჩვენი თანამემამულისათვის ცნობილია, მასში ხედავს პოზიტიური ბაძვის საგანს და ცდილობს მიმსგავსებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული აღზრდის ეტაპებზე, რას სკოლამდელი თუ სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია.

როგორია ასეთი პერსონაჟ-გმირი სხვაგან? რომელმაც ყველაზე მეტად დაიახლოვა თითოეული მოქალაქე და ერის ნაციონალური იდეა გაატარა, შეკრიბა რა თავის თავში ნაციონალური იდეები, მიზნები, ოცნებები… გაგვახსენდება ამერიკის შეერთებული შტატები, მისი გმირები – მაგ, ბეტმენი, სპაიდერმენი, სუპერმენის იდეა მარტივია, გლობალურია,. დამაჯერებელია, ბაძვისათვის ნიმუშია და ა.შ. ის კრებს პრაქტიკულად ნებისმიერი ამერიკელის ოცნებას.

„სუპერმენი — სამართლიანობისათვის მებრძლი გმირია. ის – უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელია. მისი პლანეტა ქრიპტონი აფეთქდა, მაგრამ მისმა მშობლება ის კაფსულაში ჩასვეს და დედამიწისაკენ გაამგზავრეს. მისი დედამიწელი მშობლები არიან მარტა და ჯონათან კენტები, დედამიწელმა მშობლებმა კალ-ელს სახელი შეუცვალეს და მისი ვინაობაც გაასაიდუმლოეს, თქვეს რომ ის ბავშვთა სახლიდან აიყვანეს. სუპერმენი ლურჯ-წითელ კოსტუმშია გამოწყობილი, რომელსაც მკერდზე გიგანტური ასო „ს“ ამშვენებს. ვერანაირი იარაღი მას ვერ ავნებს. მისი მოკვლა მხოლოდ ქრიპტონის ქვას შეუძლია, ეს რადიოაქტიური ნივთიერება სუპერმენის პლანეტიდან დედამიწაზე მოხვდა და მომაკვდინებაელია სუპერმენისთვის, ხოლო ადამიანზე მისი ზემოქმედება მუტირებას იწვევს. მისი ძალები და შესაძლებლობები უძლევია (თუ ქრიპტონიტს არ ჩავთვლით), რენტგენის მზერა, ლაზერული გამოხედვა, სუპერძალა, სუპერსისწრაფე, სუპერრეაქცია, ფრენის უნარი, სუნთქვის დიდხან შეკავების უნარი, ზესმენა, დიდი ინტელექტი“.

ამერიკელი ფილოსოფოსები და ანალიტიკოსები მსჯელობენ სუპერმენის მნიშვნელობაზე. მის გამოჩენას უკავშირებენ ე.წ. ამერიკულ დეპრესიას, სუპერმენმა თავის თავზე თითქოს აიღო სოციალური აქტივისტის როლი, რომელიც უპატიოსნო ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს ებრძოდა. ზოგი ანალიტიკოსი სუპერმენში ხედავდა პერსონაჟ-ემიგრანტს, რომელსაც სურდა ამერიკულ კულტურას შესისხლხორცებოდა ისევე, როგორც ამერიკელი, რაც საერთო ჯამში ამერიკელის, როგორც პიროვნების მნიშვნელოვანი ასპექტს წარმოადგენდა. სუპერმენის კონცეპტში სამ თემას აერთიანებდნენ: სხვა პლანეტიდან მოვლენილს, ზეადამიანურ უნარებს და გაორებულ პიროვნებას. მეორე მხრივ, მას ხედავდნენ, თავისებურ მცდელობას, შექმნილიყო მეორე იესო, რომელიც კაცობრიობის გადამრჩენელი იყო.

ქართული ნაციონალური იდეა და მოთხოვნილებითი გმირები

შეიძლება თუ არა მოვძებნოთ ისეთი პერსონაჟი ჩვენს სამამულო სივრცეში, რომელიც შეიძლება იყოს ნაციონალური გმირი, ერის ნაციონალური იდეის მატარებელი? რომელიც ყველასთვის ახლობელია, მითიურიცაა და რეალურიც, შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანში იყოს და ამავდროულად სასწაულებს ქმნიდეს, თან რეალური იყოს და თან ირეალური? გმირი, რომელიც ერის შვილების საუკეთესო თვისებების კრებული იქნება და ბაძვის საგანი, თანამედროვე და არა თუ მიუღწეველი? რომელიც შეიძლება იყოს სათამაშო და იყოს ნახატი, იყოს ფილმის გმირი, იყოს მითების მოსაყოლი საშუალება, იყოს ადვილად აღსაქმელი, დამაჯერებელი, შვილების კუმირი… მითიური მაგრამ რეალისტური, ერთდროულად სასწაული უნარების მქონე, მაგრამ ჩვენთვის საოცნებო და ფანტაზიურად რეალისტურიც. სპეციფიური ვიზუალის, დამახსოვრებადი, ასოციაციური და ა.შ. რომელთა ფოტოებს რვეულების გარეკანზე დავიტანთ, სათამაშოებს გავაკეთებთ… მითებს შევქმნით, ისტორიებს, ისინი იქნებიან უძლეველნი, მოგვცემენ ნიმუშს თითოეულს, თუ როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ, გვაჩვენებს რა იდეა იმალება თითოეული ჩვენგანის გულში?

ჩვენი საზოგადოების ნაწილი რამდენიმე ძირითად პერსონაჟს ხედავს, რომელთა გამორჩევაც შეიძლება:

ცისკარა –  გავიხსენოთ, რამენად იდეალისტურია, ან რამდენად მარტივად გასაგები, ან აქვს თუ არა განსაკუთრებული შტრიხები, სამოსი რომ ჰქონდეს განსაკუთრებული და პერსონაჟისგან სათამაშოს გაკეთება შეიძლებოდეს… ცისკარა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ფილმშია – ოცი – ოცდახუთი წლის სიმპათიური ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობით. ახალუხი და ულვაში ალბათ. სტანდარტულზე ცოტა გრძელი თმა. თუმცა, ულვაშიანი კაცები ნებისმიერი ასაკისთვის იდენტობის განცდასა და ბაძვას ნაკლებად მოახერხებს. მაგ, სუპერმენი ლამაზი სახისაა, კაცია, მაგრამ ბიჭია, უწვეროა, როგორც ბავშვი… სხვები კიდევ სახის გარეშეა, ბეტმენი ნახევრად ნიღბიანია, თვალები ჩანს და პირი მხოლოდ. ბეტმენის და სუპერმენის ქართველი ვიზაჟი წარსულიდან ვერ მოვა. ის ახლა უნდა შეიქმნას. ცისკარა ნაწილობრივ თითქოს ზედმეტ ილუზორულობას გვთავაზობს და მისი გმირობაც თითქოს არაა საოცრად შთამბეჭდავი, მრავალჯერადი, დღევანდელობაში წარმოდგენილი, თუმცა მისი სახისმეტყველება ჩვენი ცნობიერების ნაწილია, ის ჩვენი ნაწილი შეიძლება იყოს. იქნებ, გახდეს კიდეც გმირი, თუ მას დამატებით შევძენთ გმირული საქციელის მთელ კასკადს?

ამირანი – ვიზუალიზაციაც აქვს, საცრისოდენა თვალები, წვერ-ულვაში (რომელიც მერე გმირობის დროს დასცვივდა), პატარა ხმალი, მოწყვლადი ნეკი, 40 ხარ-კამეჩის ძალა და ა.შ. საბავშვოც არის და სადიდოც. ამირანი ძმებთან ერთად ბოროტებას ებრძვის დევების სახით. გველეშაპები, ქაჯების ლაშქარი და ა.შ. ვიზუალიზაციასაც გაძლევს, აღწერილია. კომიქსი არ არის რომ მთლად ნახატი იყოს, მაგრამ ისეთი ნაწარმოებია ბავშვისთვისაც გამოდგება და დიდობაშიც. ამირანის სახისმეტყველება ძალიან საინტერესოა, თუმცა, რამდენად ყოფნის შეუცვლელად მას მახასითებლები, ამავდროულად მხოლოდ სიმბოლური გმირი კი არა, სოციალურიც იყოს? ვხედავდეთ მას დღევანდელობაში, ყოველდღიურობაში გამეფებული სენის წინააღმდეგ მებრძოლად? რამდენად შეიძლება ის დავინახოთ თითოეულ ჩვენგანში? ამირანის თვისებები ასევე საინტერესოა, გამორჩეულიც, დამაფიქრებელიც; იქნებ, ამირანი შეიძლება გახდეს 21-ე საუკუნის ნაწილიც თავისი მარადიული სახისმეტყველებით, მუდმივ საკაცობრიო დილემებთან ბრძოლაში თუ ის თანამედროვე სოციუმის ნაწილიც გახდება? რომ მას დავუწყოთ ბაძვა, ის იყოს ხვალინდელი დღის საუკეთესო ნიმუშიც?

ტარიელი, ავთანდილი  – ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები ალბათ ყველაზე სრულფასოვანი გმირები არიან, ყველაზე მეტი თავგადასავლით, სიუჟეტური მრავალფეროვნებით. ისინი იდეალებიც კი არია პრაქტიკულად, რომლებიც ადამიანურ სისუსტეებსაც კი ფლობენ. მათი ვიზუალი მზა არაა, ის პირობითია, ამ ეპოქაში არ იქმნებოდა ვიზუალური მხარე – ანუ წარმოდგენა პერსონაჟის შეუძლებელია, ავთანდილს არ აქვს გარეგნობა მოცემული, ძირითადად მეტაფორებია („საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა“), ასევე სხვებიც („თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე თინათინობდა“), ამაზე ლამაზი შეუძლებელია, მაგრამ ამ სილამაზეს სტანდარტი არ აქვს, საკუთარ ცნობიერებაში იქნება. მიუხედავად მეტაფორებისა, ამგვარი პერსონაჟების მატერიალიზაცია თეორიულად შესაძლებელია, ამ პერსონაჟებს სწორედ იმ ეპოქაში ჰქონდა ის იდეა, რაც თანამედროვე სუპერმენში არის წარმოდგენილი. ავთანდილი და ტარიელი მაშინდელი საქართველოს ნაციონალური იდეის მატარებლები არიან… თუმცა, დღევანდელობა თითქოს განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გმირების სახისმეტყველება მარადიული სახეებია, დღეს მათი იერის, ვიზუალის დაჭერა ძნელია, ალბათ ამიტომაც არ შექმნილა დღემდე არც სპექტაკლი, არც ფილმი მათზე. ისინი არიან ფილოსოფიური გმირები, თუმცა, დღევანდელ სოციუმში ძნელად წარმოსადგენი; იქნებ, შეგვიძლია, რომ ტარიელი და ავთანდილი 21-ე საუკუნის მომავალი საქართველოს ნაციონალური იდეის მატარებლები ისევ გახდნენ? იქნებ, შეიძლება მათ გადმოიტანონ მთავარი ფასეულობები დღესაც და შეიმოსონ თანამედროვე გამოწვევებით?  ეს ამოცანაა, რთული, მაგრამ იქნებ შესაძლებელიც?

ვახტანგ  გორგასალი – ერთ-ერთი მისტიური და გამორჩეული გმირი, რეალური გმირი, რომელიც  ამავდროულად მითოსურ პერსონაჟად იყო წარმოდგენილი, ისე, როგორც ჩვენი მეფეების უმრავლესობას ახასიათებდა.  გორგასალი, თავისი სიდიდით, ჯანით, მებრძოლობით, მასზე ძლიერის განცდას არავის უტოვებდა. ის ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს იდეალად –

„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“. სიუჟეტურია მისი გარღვეული იღლიის ამბავი; ეპიზოდი, როდესაც ცხენიანი კაცი გადაჭრა; მისი შტრიხები – მგლისთავიანი მუზარადით ბრძოლა,  გოლიათივით სიმაღლე  და მისი მუზარადის დანახვაზე შეშინებული მტერი, რომელიც აქეთ-იქით გარბოდა; ძალზე შთამბეჭდავი გმირი, ჰეროიკული მულტფილმის გმირადაც წარმოსადგენი. ვახტანგ მეფის სინამდვილე და მითი მას მნიშვნელოვნად სძენს ქართველობის ეროვნული იდეის სულს, ერთადერთი რაც აქ ჩვენთვის შეიძლება იყოს თემა, არის ის, რომ ის მეფეა. რიგითი ჩვენგანი არაა. თან რომ ჩვეულებრივ ცხოვრობს და შეუმჩნევლად და თან გმირი რომ არის. ამას გარდა, კვლავ ვხვდებით ეპოქისეულ სხვაობებს, ის თანამედროვე სოციუმში არაა წარმოდგენილი, რომ იყოს ადვილად მისაბაძი, დეტალებში, ეპიზოდებში, ყოველდღიურობაში.

დასასრულისათვის: ნაციონალური იდეის მატერიალიზაცია მხატვრულ გმირებში

მე მხოლოდ რამდენიმე ასეთი პერსონაჟი ჩამოვთვალე, რომელიც ერის ნაციონალური იდეის სიმბოლოს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის; საინტერესო პერსონაჟები ფოლკლორიდან, მწერლობიდან, ისტორიიდან და ა.შ. ძალიან ბევრი გვყავს. აქ მნიშვნელოვანი და დღევანდელობის გამოწვევა ერთია, რომ შესაქმნელია ნაციონალური გმირი, რომელიც ყველასთვის ახლობელია, მითიურიცაა და რეალურიც, შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანში იყოს და ამავდროულად სასწაულებს ქმნიდეს; გმირი, რომელიც ერის შვილების საუკეთესო თვისებების კრებული იქნება და ბაძვის საგანი, თან ამჟამინდელი, ახლო და არა ძველი თუ მიუღწეველი, რომელიც შეიძლება იყოს სათამაშო და იყოს ნახატი, იყოს ფილმის გმირი, იყოს მითების მოსაყოლი საშუალება, იყოს ადვილად აღსაქმელი, დამაჯერებელი, შვილების ფავორიტი და ა.შ.

ეროვნული იდეისათვის, ყველა ასაკისა თუ სოციალური ჯგუფისათვის, ასეთი პერსონაჟ-გმირი შესაქმნელია, ჩვენ გვყავს ისეთი გმირები, რომლებიც ამა თუ იმ კრიტერიუმს ფლობენ, მაგრამ არა ყველას ერთად, თუმცა, გვყავს გმირები, რომლებიც შეიძლება გახდეს ჩვენი მოწადინების მიზანი, რადგან ჩვენია, ბუნებრივისა და რეალურის ზღვარზეა – სინამდვილის წიაღიდანაა….

წერილის თავში საუბარი ფოლკლორული პერსონაჟებიდან გამომდინარე დავიწყეთ, რაზეც ბოლო პერიოდი საზოგადოება განსაკუთრებით მსჯელობს, ცხადია, ფოლკლორულ პერსონაჟებს მსგავსი იდეის თავის თავზე აღება ვერც შეეძლებათ, ზღაპრების გმირებს სულ სხვა მისია და საჭიროება აქვს, ამიტომაც შეუძლებელია სწორად ჟღერდეს მსჯელობა მათი მოდიფიცირების შესახებ; აქ საგულისხმო ერთი რამაა, რომ ბავშვებისთვის შესაძლოა ასეთი პერსონაჟები იყვნენ ბაძვის ნიმუშები, თუმცა, გაუმჯობესება ამ პერსონაჟების სახეცვლილებაში კი არა, ახალი პერსონაჟების შექმნაში უნდა ვეძიოთ, რომლებიც ფეხს აუწყობენ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ნაციონალური იდეის, მხოლოდ არა ჩაკეტილის, დანარჩენი მსოფლიოსათვის გასაგების. უკეთესის ნიმუშისადმი ფეხის აწყობას, ასევე არსებითად მომავალი თაობის სასურველ ორიენტირებზე გაზრდას, ყველა საჭირო შეფუთვით, ეფექტური კომუნიკაციითა და ეფექტური პრეზენტირებით.


– ილუსტრაცია გარეკანზე: © ShortList Magazine

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ