გლობალური უთანასწორობის შემცირების რვა გზა

Share on Facebook18Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

download► ავტორები: ნიკ გალასო და მარჯორი ვუდი

► დოქტორი ნიკ გალასო არის სამეცნიერო საზოგადოებების ამერიკული საბჭოს წევრი, ის მუშაობს „ოქსფამ ამერიკისთვის“, როგორც მკვლევარი და პოლიტიკის მრჩეველი. ის წარმართავს „ოქსფამის“ კვლევას ეკონომიკური უთანასწორობის შესახებ.  დოქტორი მარჯორი ვუდი არის inequality.org-ის მთავარი რედაქტორი და პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის გლობალური ეკონომიკური პროექტის წამყვანი წევრი.

► თარგმნა გუგა დუდუჩავამ

►  გარეკანზე გამოყენებულია მეთ მაურინის ილუსტრაცია

► სტატია თარგმნილია  „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები”  ფარგლებში.

Ⓒ European.ge

მძვინვარე ეკონომიკური უთანასწორობა ძირს უთხრის ჩვენს საზოგადოებას. ის ართულებს სიღარიბის შემცირებას, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას, იწვევს კონფლიქტებსა და ძალადობას. ამ ტრენდის შეცვლა მის საპირისპიროდ – დიდი გამოწვევაა, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რაშიც  პროგრესს ვხედავთ. ქვემოთ შემოგთავაზებთ რვა გზას, რის საშუალებითაც მსოფლიოს გლობალური უთანასწორობის შემცირებისაკენ წინსვლა შეუძლია.

1. ფულის უკანონო გადინების შეჩერება

განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვაში, განათლებაში, სანიტარულ სფეროში და მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფში ინვესტირებისათვის რესურსების მოძიებისა და განაწილების არაადეკვატური პრაქტიკა მძვინვარე უთანასწორობას. ამის ერთ–ერთი მიზეზი გადასახადებისთვის თავის არიდება და სხვა სახის ფულის უკანონო გადინებაა. „Global Financial Integrity-ის“ მიხედვით, განვითარებადმა ქვეყნებმა 2003 წლიდან 2012 წლამდე 6.6 ტრილიონი დოლარი დაკარგეს უკანონო ფინანსური გადინებების შედეგად. ამ პერიოდის მანძილზე, უკანონო ფინანსური გადინებები ყოველწლიურად საშუალოდ 9.4 პროცენტით იზრდებოდა. ამ 6.6 ტრილიონის ადამიანურ კაპიტალში, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ ზრდაში ინვესტირების შედეგად შესაძლებელი იყო სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება.

2.პროგრესული საშემოსავლო გადასახადი

XX საუკუნის უმეტეს პერიოდში, მდიდარ ქვეყნებში უთანასწორობა ძირითადად მცირდებოდა, დღეს კი ამ მხრივ მდგომარეობა უარესდება. უმდიდრესი 1% იხვეჭს ეროვნული შემოსავლის უდიდეს ნაწილს, ამასთან ერთად კი მცირდება საგადასახადო განაკვეთები ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის. რა მასშტაბის საგადასახადო განაკვეთი უნდა დაწესდეს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის? ეჭვგარეშეა, ეს ის საკითხი, რომელიც ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიერ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მაგალითად, ეკონომისტი ტონი ედისონი  65%–იან საგადასახადო განაკვეთს გვთავაზობს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის.

3.სიმდიდრის გლობალური გადასახადი?

წიგნში „კაპიტალი XXI საუკუნეში“ თომას პიკეტი საერთაშორისო შეთანხმებას გვთავაზობს, რომელიც სიმდიდრის გადასახადს დააწესებს. მისი გეგმის მიხედვით, ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ ნებისმიერი სახის პერსონალური ქონების განსაზღვრული ოდენობით დაბეგვრის შესახებ. სკეპტიკოსები იმაზე საუბრობენ, რომ ამ გეგმის პრაქტიკულად განხორციელება წარმოუდგენელია, თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს იდეა. სიმდიდრეს თაობებს შორის დაგროვება ახასიათებს. შესაბამისად, სამართლიანმა და კარგად ორგანიზებულმა სიმდიდრის გადასახადმა გრძელი გზა უნდა გაიაროს უკიდურესი უთანასწორობის დამარცხებამდე.

4.ღირსეული ანაზღაურების დაწესება

მთავრობებმა ღირსეული ანაზღაურება უნდა დააწესონ. ამავდროულად, კორპორაციებისათვის პრიორიტეტი უნდა გახდეს  ღირსეული ანაზღაურება დასაქმებულთათვის – მიმწოდებლებთან,  მყიდველებთან და ყველა იმ სხვა ჯგუფთან ურთიერთობის პროცესში, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ. დაბალი და საცხოვრებლად არასაკმარისი ხელფასი მშრომელთა დასუსტებისა და მცირე ჯგუფის ხელში სიმდიდრის კონცენტრირების ნიშანია, რაც უთანასწორო საზოგადოების ერთ–ერთ განმსაზღვრელ ნიშანს წარმოადგენს. ყველა მშრომელს უნდა შეეძლოს საკუთარი და მისი ოჯახისთვის საჭირო საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება. მთავრობები და კორპორაციები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ღირსეული ანაზღაურების უფლების დაცვაზე.  კორპორაციები ვალდებულნი უნდა იყვნენ იმგვარად იმოქმედონ, რომ ყველა დასაქმებულის მიმართ ღირსეული მოპყრობის პრაქტიკამ იარსებოს.

5.მშრომელთა ორგანიზების უფლება.

მშრომელთა ორგანიზების უფლება ყოველთვის იყო უფრო მეტად თანასწორი საზოგადოების ერთ–ერთი საფუძველი. ეს უფლება პრიორიტეტული და დაცული უნდა იყოს ყველგან, სადაც კი ამ ბაზისური უფლების ხელყოფა ხორციელდება.  ამავე დროს, მშრომელთა ორგანიზებისა და კოლექტიური ბრძოლის უფლება უკეთესი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობებისთვის ადამიანის უფლებების პრიორიტეტს წარმოადგენს გლობალურ დონეზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის სახით არსებული ჩანაწერის მიუხედავად, რომელიც მშრომელთა ორგანიზების უფლებას, როგორც ადამიანის ერთ–ერთ ფუნდამენტურ უფლებას, ისე აცხადებს, მშრომელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ–ში, პრობლემები ექმნებათ კოლექტიური ორგანიზების მცდელობისას. იქ, სადაც ძლიერი პროფკავშირები არსებობს, მაღალია ხელფასები, ხოლო უთანასწორობის დონე – დაბალია.

6.შეწყდეს სხვა სახის შრომითი შევიწროებები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ერთ დროს სტაბილურ და მუდმივი დასაქმების სტრუქტურას კომპანიები დროებითი და პირობითი (contingent) შრომით ანაცვლებენ. მშრომელები, რომლებიც ხშირად მოიხსენიებიან, როგორც „პირობითი“  და „მერყევი“ მშრომელები, ასრულებენ მუდმივ სამუშაოს, ამავდროულად კი მათ არ აქვთ დასაქმებულის სტატუსი. აშშ–ში ეს პროცესი მცდარი კლასიფიკაციის (misclassification) სახელით არის ცნობილი, როცა დამსაქმებლები მშრომელების არასწორ კლასიფიკაციას „დამოუკიდებელი კონტრაქტორების“ სახით ადგენენ, როდესაც სინამდვილეში, ისინი დასაქმებულები არიან. პირობითი შრომა ასევე ხორციელდება აუთსორსინგის, სუბკონტრაქტირებისა და დასაქმების სააგენტოების გამოყენებით.

7.ღია და დემოკრატიული სავაჭრო პოლიტიკა

საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები, რომლებშიც წარმოდგენილნი მხოლოდ ბიუროკრატები და კორპორატიული ლობისტები არიან, უნდა დასრულდეს. ეს ძველი სტილის სავაჭრო შეთანხმებები ფუნდამენტურად არადემოკრატიულია, ისინი კორპორატიულ ინტერესს მშრომელების, გარემოს, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივ ინტერესზე მაღლა აყენებენ.  ჩვენ გვჭირდება ახალი სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც იქნება ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე.

8.ახალი ეკონომიკები?

ხშირად, ეკონომისტებს აღიქვამენ, როგორც დახშული ხედვის მქონე მეცნიერებს, რომლებიც ცოტასთვის გასაგებ ეკონომიკურ თეორიებს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვიდრე ჰუმანურ ღირებულებებს. დარგობრივ, ვიწრო თეორიებზე ჩაბღაუჭებამ წარმოშვა სწორედ ისეთი “გამარჯვებულები”, როგორიცაა ვაშინგტონის კონსენსუსის სისტემა და გლობალური ფინანსური სისტემა, რომელმაც 2008 წელს კრახი განიცადა. საბედნიეროდ, ეკონომიკის თანამედროვე კურსდამთავრებულებსა და მოქმედ მეცნიერებს შორის შეიმჩნევა მოძრაობა, რომელიც დისციპლინის ახლებულ გააზრებას ემხრობა. ისინი აღნიშნავენ, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ყველასთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე ცხოვრობს ისედაც კარგ პირობებში. მაგალითად, რა შეიძლება იყოს უფრო რადიკალური, ვიდრე ბუდისტური ეკონომიკა? ეს არის გზა, რომელსაც მხარს უჭერს ეკონომისტი და როდსის სტიპენდიანტი ე.ფ. შუმახერი. ის ამბობს, რომ კაცობრიობას სჭირდება ეკონომიკა, რომელიც შექმნის სიმდიდრეს ყველასთვის და არა ეკონომიკა, რომელიც ქმნის ფულს პრივილეგირებული ხალხისთვის და კორპორაციებისთვის. ეკონომისტებმა უნდა გაითვალისწინონ ეთიკა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, მათი მტკიცებები კი ყოველთვის არ უნდა მივიღოთ, როგორც უცვლელი ჭეშმარიტება.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ. აღნიშნული სტატიის თარგმანზე პასუხისმგებლობა ეკისრება „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრს“. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

Share on Facebook18Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.