გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება II

გთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო ფრაგმენტს ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის ჯოზეფ სტიგლიცის წიგნიდან “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება”. იგი წლების მანძილზე მსოფლიო ბანკის მთავარ ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ეკონომისტად მუშაობდა, ამიტომ ეს წიგნი სწორედ მისი პრაქტიკული გამოცდილების ანალიზის ნაყოფია. წიგნში გაანალიზებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების – მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის – მიერ წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკა, დაშვებული შეცდომები და მიღებული შედეგები. წიგნში ასევე საუბარია თუ რა პრობლემებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი განვითარებად სახელმწიფოებში.

მომავალი

გლობალიზაციამ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ ვერ შეცვალა. ბევრი არაფერი გაკეთებულა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარემოს დაცვის თვალსაზრისით. გლობალიზაციამ ვერც გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყო ხელი. კომუნიზმიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი ძალიან არასწორად წარიმართა. ჩინეთის, ვიეტნამისა და აღმოსავლეთი ევროპის რამდენიმე ქვეყნის გარდა, სიღარიბემ ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, შემოსავალი კი საგრძნობლად შემცირდა.

ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია: თავი დავანებოთ გლობალიზაციაზე ფიქრს. ეს არც რეალისტურია, არც სასურველი. როგორც პირველ თავში აღვნიშნე, გლობალიზაციამ უზარმაზარი სიკეთე მოუტანა, მაგალითად, აღმოსავლეთ აზიას. ამ ქვეყნების წარმატებული განვითარება ვაჭრობის გაფართოებამ, ახალი ბაზრების გახსნამ და ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა. გლობალიზაციის შედეგია ბევრი ადამიანის გაუმჯობესებული ჯანმთელობის მდგომარეობა და აქტიური სოციალური მოძრაობა, რომელიც დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. პრობლემა თავად გლობალიზაციაში არ არის. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია _ როგორ იმართება პროცესი. ნაწილობრივ ეს პრობლემა საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პოლიტიკის შედეგია, სწორედ ისინი ადგენენ თამაშის წესებს. ისინი კი ხშირად განვითარებული, ძლიერი ინდუსტრიული ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდნენ, უფრო ზუსტად კი, ამ ქვეყნის მცხოვრებელების მცირე ნაწილის ინტერესს. გარდა ამისა, ზოგადად, გლობალიზაციას ძალიან ვიწრო თვალსაწიერიდან უყურებდნენ და მოვლენებს მხოლოდ კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური კუთხით აფასებდნენ.

რეფორმა აუცილებელია – ამაზე უკვე მსჯელობენ კონგრესის მიერ დანიშნული თუ სხვადასხვა ფონდების მიერ დაფინანსებული კომისიები. ცნობილი ეკონომისტებიც ხშირად წერენ გლობალური ფინანსური ინსტიტუტების რეფორმირების აუცილებლობაზე. იმავეს ითხოვენ ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ უკვე ყველა საერთაშორისო შეხვედრის პარალელურად. ამის შედეგად უკვე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები. 2001 წელს დოჰაში, ყატარში, ჩატარებული სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ,,განვითარების რაუნდი~ ეწოდა. შეხვედრის მიზანი არა მარტო ბაზრების გახსნა, არამედ წარსულში დაშვებული შეცდომების დაბალანსებაც იყო. ამასთანავე დოჰაში გამართული მოლაპარაკებები ბევრად უფრო ღია და გამჭვირვალე იყო, ვიდრე მანამდე გამართული შეხვედრები. სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა რიტორიკა შეცვალეს _ გაცილებით მეტს ლაპარაკობენ სიღარიბის შესახებ და მსოფლიო ბანკი ცდილობს შეასრულოს პირობა, რომ ქვეყანა, რომელშიც პროგრამა მიმდინარეობს, მთავარ გადაწყვეტილებას თვითონვე მიიღებს. მაგრამ ბევრი კრიტიკოსი ისევ სკეპტიკურად არის განწყობილი. ისინი თვლიან, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პოლიტიკური მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ თვითგადარჩენის მიზნით ტონი შეეცვალათ. ოპონენტებს არ სჯერათ, რომ ამ ინსტიტუტების მმართველებს მართლა სურთ რაიმეს შეცვლა. როდესაც 2000 წელს ორგანიზაციაში მნიშვნელობით მეორე პოზიციაზე ის ადამიანი დანიშნეს, რომელიც მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი იყო (იმ პერიოდში, როცა ეს ორგანიზაციაც საბაზრო ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიას მისდევდა), მოწინააღმდეგები კიდევ უფრო კრიტიკულად განეწყვნენ. ადამიანების ნაწილი უფრო შორს მიდის და ისეთ კატეგორიულ ცვლილებებს ითხოვს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაუქმება, რაც, ჩემი აზრით, უაზრობაა. ფონდის გაუქმების შემთხვევაში, ალბათ, სხვა რამე შეიქმნება, ანუ შეიცვლება მხოლოდ ფორმა. საერთაშორისო კრიზისების დროს მთავრობის მეთაურებს ურჩევნიათ იფიქრონ, რომ ამაზე იზრუნებს საერთაშორისო ორგანიზაცია და გარკვეულ ზომებსაც მიიღებს. დღეს ამ მისიას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასრულებს.

მჯერა, რომ გლობალიზაციის კურსის შეცვლა ისე შეიძლება, რომ სასიკეთო ცვლილება ყველას მოუტანოს და იმისიც მჯერა, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების შეცვლაც შეიძლება იმგვარად, რომ მათYსასიკეთო შედეგის მიღებაზე იზრუნონ. მაგრამ იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებში ცვლილებები განხორციელდეს, აუცილებელია ვიმსჯელოთ და წარუმატებლობის მიზეზები გავიაზროთ.

ინტერესი და იდეოლოგია

ბოლო თავში ვნახეთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეალურად ფინანსური ინსტიტუტების ინტერესებს ემსახურებოდა იმის ნაცვლად, რომ თავისი პირველადი მისია შეესრულებინა და ქვეყნებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დახმარებოდა, ანუ გლობალური ეკონომიკური სტაბილურობის გამყარებისათვის შეეწყო ხელი. თუ ამ აზრს მივიღებთ, ერთი შეხედვით, უაზრო ქმედებები გასაგები გახდება.

თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკას ფინანსური ინტერესები განსაზღვრავდა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში კომერციული ინტერესები დომინირებდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ აღელვებს გაჭირვებული ადამიანების პრობლემები: ბანკების კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად მილიარდობით დოლარი გამოიყოფა, მისი პროგრამების შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანების საკვების სუბსიდიებისათვის კი მცირე თანხებიც არ მოიპოვება; ასევე, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაც ვაჭრობას ყველაფერზე მაღლა აყენებს. გარემოს დაცვის სპეციალისტებს, რომლებიც გარემოსათვის ზიანის მომტანი ტექნოლოგიების წინააღმდეგნი არიან, სავაჭრო ორგანიზაციაში ეუბნებიან, რომ რეგულაციის დაწესება ბაზრის მუშაობაში ჩარევას ნიშნავს.
ირკვევა, რომ ვაჭრობის ინტერესები ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დგას, მათ შორის გარემოს დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანიც კია! ეს ინსტიტუტები, პირველ რიგში, კომერციულ და ფინანსურ ინტერესებს ითვალისწინებენ, თუმცა თვითონ ასე არ თვლიან. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ მათი საქმიანობა საყოველთაო კეთილდღეობას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხედულებების წინააღმდეგ ბევრი საბუთი არსებობს, ვაჭრობისა და ფინანასთა მინისტრები (და ზოგჯერ პოლიტიკური ლიდერებიც) თვლიან, რომ დროთა განმავლობაში ყველა ისარგებლებს ვაჭრობისა და კაპიტალის ბაზრების ლიბერალიზაციით. ბევრ მათგანს ამის იმდენად სჯერა, რომ ყველა არსებული საშუალებით რეფორმების ძალადობრივად გატარებას უჭერს მხარს (მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მხარდაჭერა არ არსებობს).

მთავარი პრობლემაა არა თავად ინსტიტუტები, არამედ დამოკიდებულება: გარემოს დაცვა, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისათვის მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა. დემოკრატია და სამართლიანი ვაჭრობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ გლობალიზაციის დადებითი მხარეებით სარგებლობა ყველამ შეძლოს. პრობლემა ის არის, რომ ეს ინსტიტუტები იმათ პოზიციას გამოხატავენ, ვისთანაც პასუხისმგებლები არიან. ცენტრალური ბანკის ტიპური მმართველის დღე ინფლაციის სტატისტიკაზე ფიქრით იწყება და არა სიღარიბის მაჩვენებელზე, ვაჭრობის მინისტრები ექსპორტთან დაკავშირებული ციფრებზე ღელავენ და არა დაბინძურების მაჩვენებლებზე.

სამყარო რთულია. საზოგადოების თითოეული ნაწილი რეალობის იმ ნაწილზეა ფოკუსირებული, რომელიც მას ყველაზე მეტად ეხება. დასაქმებული ადამიანები სამუშაო ადგილებსა და ხელფასებზე ღელავენ, ფინანსისტები _ პროცენტებსა და დასაბრუნებელ ფულზე. მაღალი საპროცენტო განაკვეთი მომგებიანია კრედიტორისათვის იმ შემთხვევაში, თუ ფულს უხდიან. მაგრამ დასაქმებული ადამიანებისათვის მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკის განვითარების შეფერხებასა და ამის შედეგად უმუშევრად დარჩენას ნიშნავს. ფინანსისტისათვის, რომელმაც ფული გრძელი ვადით გაასესხა, მთავარ საფრთხეს ინფლაცია წარმოადგენს. ინფლაცია ნიშნავს, რომ დოლარები, რომლებითაც სესხს დაუბრუნებენ, გასესხებულზე ნაკლები ღირებულების იქნება.

საჯარო დებატების დროს ღიად არავინ საუბრობს საკუთარ ინტერესზე. ყველაფერს საყოველთაო კეთილდღეობის სახელს არქმევენ. იმის შესაფასებლად, როგორ იმოქმედებს ცალკეული სტრატეგია საყოველთაო ინტერესზე, მოდელის არსებობაა საჭირო, რათა წარმოდგენა შევიქმნათ, როგორ მუშაობს მთელი სისტემა. ადამ სმიტმა შექმნა ერთი ასეთი მოდელი, რომელიც ბაზრების სასარგებლოდ მეტყველებს. კარლ მარქსმა, თანამედროვეებზე კაპიტალიზმის უარყოფით გავლენას რომ ხედავდა, ალტერნატიული მოდელი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის მცდარობა ბევრჯერ დადასტურდა, მარქსის მოდელმა უზარმაზარი გავლენა იქონია (განსაკუთრებით) განვითარებად ქვეყნებში, სადაც მილიარდობით გაჭირვებული ადამიანისათვის კაპიტალიზმს არ მოჰქონდა დაპირებული შედეგი. მაგრამ საბჭოთა იმპერიის ნგრევასთან ერთად ამ მოდელის სიმცდარეც ყველასთვის ნათელი გახდა. საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ და ამერიკის ეკონომიკური დომინანატობის გამოც საბაზრო მოდელი წამყვანი გახდა.

მაგრამ არსებობს საბაზრო ეკონომიკის სხვა მოდელებიც. უზარმაზარი განსხვავებაა საბაზრო ეკონომიკის იაპონურ და გერმანულ, შვედურ და ამერიკულ ვარიანტებს შორის. არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც სულზე შემოსავალი ამერიკის მსგვასია, მაგრამ უთანასწორობა ნაკლებად შესამჩნევი, სიღარიბე ნაკლებია, ჯანდაცვა და სხვა საცხოვრებელი პირობები კი ბევრად უკეთესი (ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ). კაპიტალიზმის ორივე _ შვედურ და ამერიკულ _ მოდელში ბაზრის ფუნქციონირებაში მთავრობის როლი განსხვავებულია. შვედეთში მთავრობა გაცილებით აქტიურ როლს თამაშობს სოციალური კეთილდღეობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით: ზრუნავს ჯანდაცვასა და უმუშევრობის დაზღვევაზე, უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს პირობებს პენსიაზე გამსვლელთათვის, ვიდრე ამერიკის მთავრობა. მიუხედავად ამისა, შვედეთის მოდელიც წარმატებულია, სხვათა შორის, ,,ახალ ეკონომიკასთან~ დაკავშირებული ინოვაციების კუთხითაც. ბევრი ამერიკელისათვის, მაგრამ არა ყველასათვის, ამერიკული მოდელი წარმატებული გამოდგა, შვედების უმრავლესობისათვის კი ამერიკული მოდელი მიუღებელია, ისინი თვლიან, რომ მათმა მოდელმა გაამართლა. აზიელებისათვის აზიის მოდელებმა იმუშავა. ეს ეხება მალაზიასა და კორეას ისევე, როგორც ჩინეთსა და ტაივანს, მიუხედავად გლობალური ფინანსური კრიზისისა.

უკანასკნელი ორმოცდაათი წლის მანძილზე ეკონომიკურმა მეცნიერებამ არაერთი განმარტება მოგვცა _ რატომ და რა პირობებში ფუნქციონირებს ბაზარი კარგად და როდის ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ. შემოგვთავაზა განმარტება, რატომ შეიძლება ბაზრის ფუნქციონირების შედეგად მრავალი კუთხით წარმოიშვას უთანსწორობა, მაგალითად, არ ჩატარდეს საჭირო კვლევები, სამაგიეროდ გარემო სერიოზულად დაბინძურდეს. ბაზრის წარუმატებელი ფუნქციონირების შედეგად ხშირად წარმოიშვება კრიზისები, დეპრესიები, რეცესია, რაც უკანასკნელი ორასი წლის მანძილზე კაპიტალისტური სისტემის ფუნქციონირებას პრობლემებს უქმნიდა და უამრავ ადამიანს ტოვებდა უმუშევრად და სააქციო კაპიტალის დიდ ნაწილს კი _ გამოუყენებლად. ეს ბაზრის წარუმატებლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია. არსებობს უამრავი სხვა პრობლემაც, რომლებიც ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ სერიოზულ შეფერხებებს იწვევს.

მთავრობებს შეუძლიათ (და ამას აკეთებენ კიდევაც), მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების საქმეში და სოციალურ სამართლიანობაზეც იზრუნონ. ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროცესების გამო ადამიანების ნაწილს თავის გადასარჩენად მცირე რესურბი რჩება. ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიაში, მთავრობებმა შეასრულეს ეს როლი და ბევრ შემთხვევაში კარგადაც. მთავრობებმა იზრუნეს, რომ ყველას ჰქონოდა მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, შექმნეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის ინსტიტუციური

ინფრასტრუქტურაც, მაგალითად, საკანონმდებლო ბაზა (რომელიც ბაზრის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია). მათ დაარეგულირეს ფინანსური სექტორი, რომ კაპიტალის ბაზარს სათანადოდ ემუშავა და შექმნეს უსაფრთხოების ქსელი უპოვართათვის. ასევე ხელი შეუწყვეს ტექნოლოგიების განვითარებას ტელეკომუკაციის სფეროდან სოფლის მეურნეობამდე, რეაქტიული ძრავებიდან რადარებამდე. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში აქტიურად მსჯელობენ, თუ რა უნდა იყოს მთავრობის როლი კონკრეტულად, მაგრამ არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ მთავრობას თავისი ადგილი აქვს ნებისმიერი საზოგადოებაში, ნებისმიერი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებასა და ეფექტურად (თანაც ჰუმანურად) ფუნქციონირებისათვის.

დემოკრატიულ სახელმწიფოებში სერიოზული შეუთანხმებლობები არსებობს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ღირებულებებს შეეხება – მაგალითად, რამდენად უნდა ვიზრუნოთ გარემოზე (რა დონეზე შეიძლება დავუშვათ გარემოს დაბინძურება, თუკი ეს საშუალებას მოგვცემს წლიური შემოსავალი გაიზარდოს), რამდენად უნდა ვზრუნავდეთ ღარიბებზე (რა თანხა გამოვყოთ ბიუჯეტიდან, რომ საშულება მივცეთ ამ ადამიანებს სიღარიბეს თავი დააღწიონ ან ცოტათი მაინც გაიუმჯობესონ მდგომარეობა); ან რამდენად უნდა გვაღელვებდეს დემოკრატიის ხარისხი (რამდენად დავუშვებთ ძირითადი უფლებების დარღვევას, მაგალითად ისეთს, როგორიცაა ასოციაციის შექმნის უფლება, თუ ეს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის). ამ უთანხმობების ნაწილი ეხება საკითხს, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ეკონომიკა. ანალიტიკური მხარე გასაგებია: როდესაც არასრული ინფორმაცია ან არასრულფასოვანი ბაზარი გვაქვს (ანუ ყოველთვის), მთავრობა ჩარევას იწყებს, მათ შორის ის მთავრობაც, რომელსაც ასევე არასრული ინფორმაცია აქვს. ჩარევამ, შესაძლოა, ბაზრის მუშაობა გააუმჯობესოს. როგორც მესამე თავში ვნახეთ, საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტალიზმის თეორიულმა შეხედულებებმა განვითარებულ სამყაროშიც კი არ იმუშავა, რომ აღარაფერი ვთქვათ განვითარებად ქვეყნებზე. მაგრამ ამ პოლიტიკის მომხრეები დღემდე ამტკიცებენ, რომ ბაზრის მიერ შექმნილი პრობლემები მთავრობის ჩარევის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან შედარებით უმნიშვნელოა. მათთვის მთავრობა პრობლემის ნაწილი უფროა, ვიდრე გამოსავლის მოძებნის საშუალება. უმუშევრობა ხშირად მთავრობას ბრალდება, ვინაიდან ის ან ძალიან მაღალ ხელფასებს აწესებს ან პროფესიულ კავშირებს ზედმეტ ძალაუფლებას აძლევს.

ადამ სმიტს ბევრად უკეთ ესმოდა ბაზრის ნაკლოვანებები (მათ შორის, სათანადო კონკურენციის არარსებობის საფრთხე), ვიდრე მის დღევანდელ მიმდევრებს. სმიტს ბევრად უკეთ ესმოდა იმ სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის მნიშვნელობა, რომელშიც უნდა ფუნქციონირებდეს ნებისმიერი ეკონომიკური წყობა. სოციალური ერთობის არსებობა აუცილებელია ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის: ქუჩური ძალადობა ლათინურ ამერიკაში და სამოქალაქო ომები აფრიკაში ინვესტიციებისა და განვითარებისათვის ძალზე არახელსაყრელ გარემოს ქმნის. სოციალურმა მდგომარეობამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე, მაგრამ შეიძლება საპირისპიროც მოხდეს _ ზედმეტად მკაცრმა საბიუჯეტო პოლიტიკამ, როგორც ეს მოხდა არგენტინაში, საკვების სახით გამოყოფილი დახმარების შეწყვეტამ ინდონეზიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, არეულობა გამოიწვია. ეს განსაკუთრებით საგრძნობია, როცა საქმე გვაქვს მასიურ უსამართლობასთან, მაგალითად, როცა მილიარდობით დოლარი იხარჯება ფინანსური ინსტიტუტებისა და კორპორაციების დასახმარებლად ინდონეზიაში, მაგრამ იძულებით უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს დახმარებას არ უწევენ.

ჩემი სამუშაოს ფარგლებშიცა და ნაწერებშიც, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველის როლშიც და მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის ამპლუაშიც, მე მთავრობის დაბალანსებული მონაწილეობის სიკეთეს ვქადაგებდი, ვითვალისწინებდი ბაზრისა და მთავრობის მუშაობის პროცესში არსებულ ხარვეზებსა და შეზღუდვებს. მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებელია ერთად მუშაობა, ურთიერთთანამშრომლობა, ამ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმა კი განსხვავებული იქნება ქვეყნების მიხედვით და დამოკიდებული იქნება იმაზე, განვითარების რა ეტაპზეა ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად ესა თუ ის ქვეყანა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, განვითარების რომელ ეტაპზეა ქვეყანა, მთავრობის როლი მნიშვნელოვანია. ზედმეტად სუსტმა ან ზედმეტად აქტიურმა მთავრობამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას და განვითარებაც შეაფერხოს. აზიის ფინანსური კრიზისი შესაბამისი რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია, რუსეთის მაფიოზური კაპიტალიზმი კი კანონისა და წესრიგის ელემენტარული არარსებობის შედეგი იყო. შესაბამისი ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში განხორციელებულმა პრივატიზაციამ გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებში ქონების გაფლანგვა გამოიწვია და არა კაპიტალის დაგროვება. სხვა ქვეყნებში ახლად პრივატიზებულ მონოპოლიებს მომხმარებლის ექსპლუატაციის მეტი საშუალება ჰქონდათ, ვიდრე სახელმწიფო მონოპოლიებს. ამის საპირისპიროდ, პრივატიზაციის პროცესმა, რომელსაც თან ერთვოდა შესაბამისი რეგულაციები, კორპორატიული რესტრუქტურიზაცია და ძლიერი კორპორატიული მმართველობა , ეკონომიკური ზრდა განაპირობა.

ჩემი მიზანი არ არის ამ წინააღმდეგობების გადაწყვეტა, ან საკუთარი პოზიციის ვინმესათვის თავს მოხვევა. მინდა, უბრალოდ, ხაზი გავუსვა, რომ გამოცდილ ეკონომისტებს შორისაც არსებობს აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა. ეკონომისტებისა და ეკონომიკის ზოგი კრიტიკოსი ნაჩქარევ დასკვნას გააკეთებს და იტყვის, რომ ეკონიმისტები ვერასდროს თანხმდებიან, ამიტომაც იგნორირებული უნდა იყოს მათი აზრი. ეს მცდარი დამოკიდებულებაა. არსებობს საკითხები (მათ შორის იმის შესახებ, რომ ქვეყნები საკუთარი შემოსავალით უნდა არსებობდნენ და რომ ჰიპერინფლაცია უკიდურესად საშიში მოვლენაა), რომლებზეც ეკონომისტები დიდი ხანია შეთანხმდნენ.
პრობლემა ის არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (და ზოგჯერ სხვა ფინანსური ორგანიზაციებიც) გვთავაზობენ მზა დოქტრინებს და რეკომენდაციებს, რომლებზეც არ არსებობს საყოველთაო შეთანხმება. სინამდვილეში, კაპიტალის ბაზრის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში, თითქმის არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ამის გაკეთება წარმატებას მოუტანდა რომელიმე ქვეყანას, პირიქით, არსებობდა უამრავი საპირისპირო არგუმენტი. ყველა თანხმდება იმის თაობაზე, რომ ჰიპერინფლაციის პირობებში ეკონომიკა ვერ განვითარდება, მაგრამ არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რამდენად მომგებიანია ეკონომიკისათვის ინფლაციის ქვევით დაწევა. არ არსებობს იმის დამადასტურებელი არგუმენტი, რომ ინფლაციის ხელოვნურად ქვევით დაწევას დანახარჯების შესაბამისი მოგება მოჰყვება. ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ ინფლაციის ზედმეტად ქვევით დაწევას ნეგატიური შედეგი მოაქვს .
გლობალიზაციით უკმაყოფილებას იწვევს არა ეკონომიკა, რომელიც თითქოს ყველაფერზე მნიშვნელოვანია, არამედ ეკონომიკური პროცესების კონკრეტული ხედვის – საბაზრო ფუნდამენტალიზმის წინ წამოწევა და პროპაგანდა. მსოფლიოს ბევრ ნაწილში არსებული წინააღმდეგობა მიმართულია არა გლობალიზაციის (როგორც ასეთის), არა ახალი ფონდებისა და რესურსების (რომელთა მიზანიც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა) ან ახალი საექსპორტო ბაზრების წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული დოქტრინების _ ვაშინგტონის კონსენსუსის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ქვეყნებს თავს მოახვია. წინააღმდეგობა ჩნდება არა იმდენად კონკრეტული პოლიტიკის, არამედ იმ შეხედულების წინააღმდეგ, რომ მხოლოდ ერთი კონრეტული პოლიტიკაა მართებული. ამგვარი პოზიცია არა მარტო ეკონომიკის თვალსაზრისით არის არასწორი (რადგან ეკონომიკაში ძალზე მნიშვნელოვანია კომპრომისი), არამედ ზოგადად უპირისპირდება საღ აზრს. დემოკრატიულ ქვეყნებში ეკონომიკის ყველა ასპექტი განხილვის საგანი ხდება ხოლმე, ეს ეხება არა მარტო მაკროეკონომიკას, არამედ ისეთ საკითხებსაც, როგორებიცაა გაკოტრების კანონების შესაბამისი სტრუქტურის შექმნა ან სოციალური უსაფრთხოების სფეროს პრივატიზება. ქვეყნების დიდი ნაწილი თვლის, რომ მას არჩევნის უფლება წაართვეს, უფრო მეტიც, ისინი აიძულეს ისეთი გადაწყვეტილებები მიეღოთ, რაზეც სხვა ქვეყნებმა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა.

ერთი კონკრეტული იდეოლოგიის ერთგულების გამო ქვეყნებს არჩევანის საშუალება არ მიეცათ, რამაც ასევე განაპირობა წარუმატებლობა. ეკონომიკური სტრუქტურები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, მაგალითად, აღმოსავლეთ აზიაში კომპანიებს დავალიანების მაღალი დონე აქვთ, ლათინურ ამერიკაში კი შედარებით ნაკლები. პროფესიული კავშირები საკმაოდ ძლიერია ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში _ შედარებით სუსტი. ცხადია, ეკონომიკური სტრუქტურები დროთა განმავლობაში იცვლება – ამას ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ უკანსკნელ წლებში გამართული ახალი ეკონომიკის განხილვისას. უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებები ყველაზე მეტად შეეხო ფინანსური ინსტიტუტების როლის განსაზღვრას, ინფორმაციის შეგროვებასა და გლობალური კონკურენციის სახეცვლილებას. უკვე ვილაპარაკე იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ამ ცვლილებებმა საბაზრო ეკონომიკის ეფექტური ფუნქციონირების გარშემო არსებულ შეხედულებებზე. ამან კრიზისზე რეაგირებისათვის საჭირო ქმედებების მიმართაც შეცვალა დამოკიდებულება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში ამ ცვლილებების მიღება არ სურდათ, კერძოდ ცვლილებებისა, რომლებიც ეკონომიკური პოლიტიკისათვის იყო მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტებს არ სურდათ აღმოსავლეთი აზიის მაგალითზე საუბარი _ აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები არ მოქმედებდნენ ვაშინგტონის კონსენსუსის პოლიტიკის მიხედვით და ბევრად უფრო სწრაფად განვითარდნენ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი რეგიონი. ამ მიუღებლობამ და თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების მიღწევების იგნორირებამ ეს ორგანიზაციები იქამდე მიიყვანა, რომ ისინი აზიის კრიზისისათვის სრულიად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ და ვერ ახერხებდნენ ეკონომიკური ზრდისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხელი შეეწყოთ ისე, როგორც საჭირო იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ თვლიდა საჭიროდ გამოცდილების გათვალისწინებას, რადგან უკვე იცოდა პასუხი ყველა კითხვაზე. თუ ეკონომიკური მეცნიერებები მას ამის საშუალებას არ აძლევდა, სამაგიეროდ, იდეოლოგია _ თავისუფალი ბაზრის ურყევი რწმენა _ ყველა კითხვაზე იძლეოდა პასუხს. იდეოლოგია გვთავაზობს ლინზებს, რომლის საშუალებითაც ვუყურებთ სამყაროს. ეს არის შეხედულებების სისტემა, რომლისაც ადამიანებს იმდენად სჯერათ, რომ ემპირიული დადასტურება აღარ სჭირდებათ. ამ შეხედულებების საწინააღმდეგოდ არსებულ მტკიცებულებებს, უბრალოდ, ვივიწყებთ. თავისუფალი ბაზრის მომხრეებისათვის კაპიტალის ბაზრის ლიბერალიზაცია უბრალოდ სასურველი რამ იყო მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომ ის ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. იმის დამასტურებელი ფაქტები, რომ ეს პროცესი არასტაბილურობას იწვევს, უბრალოდ იგნორირებული იყო და იგი მიჩნეულ იქნა განვითარების მტკივნეულ, მაგრამ მცირე ნაწილად, რომელიც გარდამავალ პერიოდს ახლავს თან და ამიტომაც უნდა იყოს მისაღები

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ