გიორგი ჯორბენაძე: თავისუფალი ბაზრის შეზღუდული შესაძლებლობები

Share on Facebook8Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

workers► ავტორი: გიორგი ჯორბენაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი.

© European.ge

ამ ტექსტში მინდა ერთი სოციალური ჯგუფის შესახებ ვისაუბრო, რომლის მდგომარეობაც, ვფიქრობ, შრომის ბაზრის ახლანდელი კონიუნქტურის კონტექსტშია გასააზრებელი. მათ რეალობას ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, პირადი შეხვედრისას გავეცანი. ამ ორგანიზაციის საქმიანობა, ძირითადად, სერვისების მიწოდების მიმართულებებს მოიცავს. ადგილზე მისვლისას ოცამდე ბენეფიციარი ვნახე. ისინი სწავლობენ საკუთარი კონდიციის მართვას, გადიან კონსულტაციებს და იმაღლებენ კომპიუტერული პროგრამების ცოდნას; უყურებენ ფილმებს, ახალ ამბებზე მსჯელობენ და დასაქმების იშვიათ შესაბლებლობას ელიან.

ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ყოველდღიურობა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. ამ ადამიანებს კონკურენციისა და ენტერპრაიზული სულისკვეთებით გაჯერებულ სოციალურ რეალობაში უწევთ თავის გატანა; ყოველგვარ სოლიდარობას მოკლებულ გარემოში, სადაც მათთვის ელემენტარული თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობებიც მიუწვდომელია. ცხადია, სტიგმის და დისკრიმინაციის ეფექტი მოწყენილობით არ შემოიფარგლება; სოციალური ექსკლუზია, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური და მატერიალური კეთილდღეობისთვის აუცილებელი რესურსების წყაროს გადაკეტვას ნიშნავს.

ჩემი თანამოსაუბრეების სამუშო გამოცდილების უდიდესი ნაწილი მშენებლობაზე მტვირთავის პოზიციაზე მოდის. კომპანიები მათ ლეგალურად დასაქმებაზე უარს აცხადებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ადგილი შრომის ბაზრის ბნელ მხარეზე აქვთ მიჩენილი. ლეგალურ ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, არ უნდა გაგვიჭირდეს წარმოდგენა, თუ როგორი უმოწყალო დამოკიდებულების და არაადამიანური პირობების მსხვერპლად იქცევიან უკონტრაქტოდ დასაქმებულები. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია; 8 საათი სამშენებლო მასალის აქეთ-იქეთ თრევის შემდეგ, ხშირად, კუთვნილი 7-10 ლარის ოდენობის ანაზღაურების მოპოვებისთვის უაღრესად სტრესულ კონფლიქტებში უწევთ ჩართვა. დასაქმების პერიოდები ხანგრძლივობით 10 თვემდე აღწევს. სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებად კონდიცია, დამოკიდებულებები და შრომა-ანაზღაურების არათანაზომადობა სახელდება.

გაეროს 2006 წლის კონვენციაში ვკითხულობთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ინტერაქციების და გარემოში არსებული ბარიერების რეზულტატია; პირობების, რომელიც საზოგადოებაში თანასწორი და ეფექტური თანამონაწილეობის ხელის შემშლელია. ისეთი სახელმწიფოების კანონმდებლობა, რომელთა მსგავსი რეალობის მიღწევასაც ვესწრაფით, სწორედ ასეთი რაციონალობის პროდუქტია. საუბარი მაქვს ქვეყნებზე, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და სხვა. სამედიცინო პერსპექტივისგან განსხვავებით, სოციალური მოდელები უპირველესად ადამიანის უფლებების ღირებულებიდან ამოდის.

20-იან წლებში, ევროპაში კვოტირების სისტემების პრაქტიცირება დაიწყო. თავდაპირველად კანონმდებლობა პირველ მსოფლიო ომში დაზარალებული ჯარისკაცების რეაბილიტაციას და სამუშაო ეფექტიანობის გაზრდას ისახავდა მიზნად. ნელ-ნელა სისტემები გაფართოვდა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების სფეროც მოიცვა. გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, ავსტრიას და იტალიას, მალევე, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ესპანეთი და ლუქსემბურგი შეუერთდნენ. იაპონიამ ასეთი პოლიტიკის გატარება 1960 წელს დაიწყო. 90-იანი წლებიდან ამ ქვეყნების რიცხვს აღმოსავლეთ ევროპის არაერთი სახელმწიფო შეემატა. მოკლედ, ასეთი პოლიტიკები ევროპის, აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში მუშაობს. ზოგან სპეციალური საჭიროებების მქონეთა დასაქმების უფლებების რეალიზაციაზე ზრუნვას ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებშიც ცდილობენ.

კვოტირების სისტემა სხვადასხვა სახელმწიფოში პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტების მიხეთვითაა ორგანიზებული. თუმცა, პრინციპი ყველგან ერთია. ის ისეთი ჯგუფების დასაქმების პირობების გათანასწორებას გულისხმობს, რომლებიც, შეზღუდული შესაძლებლობების გამო, შრომის ბაზარზე ნაკლებად არიან წარმოდგენილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით კვოტირება არ არის ასეთი პოლიტიკების ერთადერთი და ცენტრალური მექანიზმი. მას აზრი აქვს მხოლოდ პარალელურად განვითარებულ სერვისების პაკეტთან ერთად; როგორიცაა რეაბილიტაცია, დასაქმებისთვის მომზადება, სამუშაოსთან და სამუშაო ადგილთან ადაპტაციაში დახმარება და სხვა.

საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონეთა სოციალიზაციაზე და უფლებების რეალიზაციაზე სულ რამდენიმე ორგანიზაცია და სამაგალითო შემართების მქონე ინდივიდები მუშაობენ. თუმცა, მათი რიცხვი და შესაძლებლობები, პრობლემის მასშტაბებთან შედარებით, წარმოუდგენლად მცირეა. მოგეხსენებათ, ზემოთ ხსენებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა ხსენებული ჯგუფისთვის არც დასაქმებას უზრუნველყოფს და არც მინიმალურ შემოსავალს.

წარმოსადგენია თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ამ ადამიანებისთვის სამსახურის შოვნა და საკუთარი ფუნდამენტური უფლების (მუშაობის) რეალიზება. ჩემი თანამოსაუბრეები ჩივიან, რომ მათთვის ვაკანსიების უსასრულო ძიება დამთრგუნველი პროცესია. რესურსები ელევათ, უიმედობა ეუფლებათ და სულ უფრო უარეს პირობებზე უწევთ დათანხმება. ერთ-ერთ მათგანს ცეხში 8 საათზე მეტ ხანს უწევდა გაჩერება, მიუხედავად იმისა, რომ მის კონდიციაში რეკომენდირებული სამუშაოს ხალნგრძლივობა დღეში მაქსიმუმ 4 საათია. როგორც ყვებიან, ცემენტის და გაჯის ტომრების ზურგით თრევისას თუ საგზაო მშენებლობაზე ქანც-გაწყვეტილი, წინანდელ, ყარაულის პოზიციაზე იწყებენ ოცნებას. ეს იმიტომ, რომ ყარაულს არც აუტანელი ფიზიკური შრომა ეხება და არც ვინმე უღრიალებს. ასეთი გამოცდილების გავლა ამ ადამიანებს იმის მახსოვრობის ფონზე უწევთ, რომ წლების წინ, საკუთარი პროფესია თავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაკარგეს; მათ შორის ოპერატორის, მცხობელის, მასწავლებლის და ა.შ.

მეტიც, ჩემი თანამოსაუბრეებისგან სხვაგვარი უსიამოვნო ინციდენტების შესახებაც შევიტყვე. როგორც ჩანს, სრულფასოვნად მომმარაგებელი სისტემის არარსებობის გამო, მათ თავადაც უწევთ საკუთარ მედიკამენტებზე ზრუნვა. ისინი ყვებიან, რომ არის შემთხვევები, როდესაც ფსიქოტროპული აფთიაქიდან გამოსულებს პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ. რეცეპტის ჩვენების და ფსიქიკურ კონდიციაზე აპელირების მიუხედავად, ისინი ნარკოლოგიურში გადაყავთ. ასევე, ორი ადამიანი იხსენებს, რომ ერთი ღამით დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო დაკავებული. დაახლოებით 12 საათში (სავარაუდოდ ინფორმაციის მოძიების შემდეგ) ისინი გაათავისუფლეს. ეს არაა უბრალოდ უსამართლო მობყრობა, ეს არის უსასტიკესი ფსიქოლოგიური წამება! კიდევ ერთხელ ცხადდება გარემოება, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს აზარალებს; მათ, ვისაც მმართველობის არსებული ფორმა ეკონომიკურად ავიწროვებს და ყოველგვარ კეთილდღეობაზე წვდომის შეზღუდვით, სოციალურ და კულტურულ პერიფერიაზე განათავსებს.

შეცდომა იქნება მოქლაქეთა ნაწილისთვის ასეთი ადგილმდებარეობის მიჩენა მმართველი ძალის მენეჯერულ შეცდომებს მივაწეროთ; ან (საქართველოს ჩათვლით) მრავალი ქვეყნის მაგალითი დავივიწყოთ და ჩავთვალოთ, რომ უთანასწორობის პრობლემა ინვესტიციების შემოდინებით და ეკონომიკური ზრდით შეიძლება მოგვარდეს. რეალობა, რომელზეც საუბარი გვაქვს, და რომლის აღიარებაზეც ბევრი ჯერ კიდევ უარს აცხადებს, კონსისტენტური პოლიტიკური სტრატეგიების ლოგიკური შედეგია.

ბოლო დროინდელმა პროტესტის ტალღამ, ნეოლიბერალური მმართველობის პირობებში შრომით ბაზარზე ინსტიტუციონალიზებული უთანასწორობის და სისტემური ჩაგვრის კონკრეტული მაგალითები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რის შედეგადაც ქარხნების, მაღაროების და მომსახურების სფეროს მუშაკთა გაუსაძლისი მდგომარეობა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხდება აქტუალური. ძალიან მალე, როცა კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გააცნობიერებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს, საკითხზე დაფიქრება და რეაგირება ბიზნესისთვის სასათბურე პირობებზე მზრუნველ, პროფესიული და მორალური კომპეტენციის მწვერვალებზე მყოფ პოლიტიკურ ელიტებსაც მოუწევთ. მანამდე კი, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, შრომით ბაზარზე არსებული რეალობის გააზრებისას ფსიქიკური პრობლემების და ზოგადად სპეციალური საჭიროებების მქონეთა პრობლემატიკაც გავითვალისწინოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ერთობლივ პუბლიკაციაში გარკვევით წერია, რომ:

  • სამუშაო წარმოადგენს საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ღირებულებას.
  • პიროვნებისთვის სამუშაო საზოგადოებაში საკუთარი როლის განხორციელების პრივილეგირებული გზაა.
  • სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს გააჩნიათ საზოგადოებაში იგივე როლის განხორციელების უფლება.
  • სამუშო ამ პირთათვის იმდენადაა უფლება, რამდენადაც მათ სურთ ამ უფლების განხორციელება.
  • ამ პირთა სამუშაო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი სერვისების განვითარება უნდა მოხდეს.

სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს ამ ტიპის პასუხისმგებლობები მოქალაქეების მიმართ. აუცილებელია შეიქმნას იძულება-წახალისების კომპრომისული მექანიზმი; იქნება ეს კვოტირება და გადასახადების რედისტრიბუცია, თუ რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათები. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს დამატებითი სერვისები, რომლებიც ასეთ მუშაკთა ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდაზე, ისევე როგორც მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე იქნება მიმართული. ჩვენ გვმართებს ყველას ხელშეწყობა, ვისაც კი ძალუძს და თავად სურს მუშაობის უფლების განხორციელება. დაუშვებელია, რომ სპეციალური საჭიროებები დასაქმების უფლების ყელყოფის მიზეზი და გამართლება გახდეს.

 


ფოტო © NPR Berlin

Share on Facebook8Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*