ღია წერილი განათლების სამინისტროს

ნახევარ წელზე მეტია შექმნილი და გამოქვეყნებულია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრთა გია დვალის, ზაალ კოკაიას, ვაჟა ბერეჟიანის და დავით ლორთქიფანიძის ავტორობით. საზოგადოება ამ დროისათვის არ იცნობს არც ერთ სხვა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულ ტექსტს, რომელსაც შეიძლება კონცეფცია ან ხედვა ვუწოდოთ. ხოლო არსებულ ერთადერთ კონცეფციასთან დაკავშირებით არ გამოთქმულა მეტ-ნაკლებად სერიოზული შენიშვნები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა კონცეფციის ფასეულობებს, პრინციპებს, განხორციელების გზებს. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გია დვალისადმი მარტში გაგზავნილ მადლობის წერილში იგი აცხადებს, რომ უკვე დაავალა მინისტრს რეფორმის დაუყოვნებელი დაწყება.

მიუხედავად ამისა, განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულმა პროცესმა ჩვენში, და ვფიქრობთ, საზოგადოებაშიც,  გარკვეული ეჭვები და გაურკვევლობა დაბადა.

ერთი მხრივ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი რანგის თანამშრომლები საჯარო გამოსვლებში აფიქსირებენ რეფორმის კონცეფციისადმი ზოგად მხარდაჭერას და გვპირდებიან, რომ განახორციელებენ მას.

მეორე მხრივ, დღემდე არ გადადგმულა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც კონცეფციის ავტორების მიერ იყო რეკომენდირებული და რომელთა განხორციელებაც აქამდე სრულიად შესაძლებელი, მეტიც, აუცილებელი იყო; კონცეფციის ტექსტი დღემდე არაა გამოქვეყნებული სამინისტროს საიტზე; სულ უფრო ხშირდება განსხვავებები სამინისტროს წარმომადგენელთა პოზიციებს შორის რეფორმის განხორციელების გზებთან დაკავშირებით;  ამავე დროს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტროს ზოგიერთი მაღალი რანგის თანამშრომელი კულუარულ საუბრებში გამოხატავს სკეპტიკურ დამოკიდებულებას რეფორმის კონცეფციისადმი, იმ მოტივებით, თითქოსდა ჩვენში შეუძლებელია უმაღლესი ხარისხის პროფესორთა საკმაო რაოდენობის მოძიება, რომ კონცეფცია ‘ქართულ სპეციფიკას’ არ შეესაბამება და ა.შ. ხოლო სამინისტროს ზოგიერთი მაღალი რანგის თანამშრომელი, როგორც ჩანს,  განათლების სისტემაში ‘სახელმწიფო ჩარევის’ წინააღმდეგია და მზადაა პროცესები თვითდინებას მიანდოს.

ასევე, კითხვებს აჩენს სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებები,  რომ კონცეფცია კარგია, მაგრამ შეიძლება მისი უფრო განვრცობა, შევსება საჭირო დეტალებით, განვითარება და რომ მიმდინარეობს კონცეფციის დახვეწაზე თუ ფორმის შეცვლაზე მუშაობა. ასეთი განცხადებები, თანადროული  დაზუსტების გარეშე, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება რეფორმის კონცეფციის დახვეწაში, მხოლოდ კიდევ უფრო აბუნდოვანებს რეფორმის პერსპექტივას.

სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები არ გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ რაიმე თანმიმდევრული დეტალური გეგმა არსებობს (აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს კითხვა არ უნდა ჩნდებოდეს და  ასეთი გეგმა დიდი ხნის გამოქვეყნებული უნდა იყოს).  ამიტომ ხშირად საზოგადოება კონკრეტულ აქტებს  (მაგ. განათლების კანონის ცვლილებათა პროექტს) ვერ აღიქვამს გაზიარებულ ხედვაზე ორიენტირებულ თანმიმდევრულ ნაბიჯებად. შედეგად კი  სამინისტრო ვერ მოიპოვებს ფართო და გაცნობიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კონცეფციის ავტორთა მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობისა, თავის თავზე აეღოთ  რეფორმის მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი სწორი ნაბიჯის საჯარო განმარტების, დასაბუთებისა და დაცვის ტვირთი, სამინისტრო არ იყენებს ამ რესურსს. არ გამოიყენება არც იმ პროფესიონალთა პოტენციალი, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული განათლების რეფორმის განხორციელებით და გააჩნიათ მზაობა ამ პროექტში თავისი წვლილი შეიტანონ. შედეგად, რეფორმასთან დაკავშირებული ჯანსაღი, რაციონალური დისკუსიის ნაცვლად სახეზე გვაქვს ფუჭი და თვისობრივად არაარსებითი პოლემიკა, სადაც ოპონენტთა ხშირად დემაგოგიური არგუმენტების პირისპირ დარჩენილ საზოგადოებას უჭირს ადექვატური შეფასებების გაკეთება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნა არის იმ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი, რომლის განხორციელებაც, პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, საჭიროებს მრავალი ადამიანის ამოუწურავ ენთუზიაზმსა და ოცდაოთხსაათიან შრომას.  ამავე დროს, საჭიროა ამ ადამიანთა შორის გარკვეული დონის მსოფლმხედველობრივი თანხმობა ფუნდამენტურ საკითხებზე. რეფორმის განხორციელებას ვერ შეძლებენ ადამიანები, რომლებიც სიტუაციას ვიწრო ბიუროკრატიული პოზიციიდან უყურებენ და ამოცანას აღიქვამენ, როგორც რუტინულ დავალებას ზემოდან, ვერ აცნობიერებენ რეფორმის უდიდეს საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ან პარტიული-იდეოლოგიური განპირობებულობის გამო სკეპტიკურად არიან განწყობილნი თავად პასუხისმგებელი და მოქმედი სახელმწიფოს იდეისადმი.  საზოგადოებაში ყველა წევრისთვის მოიძებნება ადგილი და ყველა შეიძლება შეუდარებელი იყოს  გარკვეულ ფუქციის შესრულებისას, მაგრამ ფუნდამენტური საკითხებისადმი სკეფსისით განწყობილი და მერყევი ადამიანების როლი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში, ჩვენი აზრით, მხოლოდ დესტრუქციული იქნება.

ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე სიტუაციის გარკვევა შეუძლია, პირველი ნაბიჯი, რომლითაც სამინისტრომ საქმიანობა უნდა გააგრძელოს, ჩვენი აზრით შემდეგია: სამინისტრომ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად უნდა განაცხადოს, ახორციელებს თუ არა რეფორმას, ეყრდნობა ამ პროცესში რეფორმის სახლემწიფო კომისიის კონცეფციას, თუ სხვა რამ ხედვას, და ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოადგინოს  ნათელი, სამინისტროს ყველა პასუხისმგებელი პირის მიერ გაზიარებული, დროში შეძლებისდაგვარად დეტალურად გაწერილი მოქმდების გეგმა.

ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ ახალი ხელისუფალნი გონიერნი და კეთილნი არიან. არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება მოითხოვოს საზოგადოების ნდობა ავანსად.  საჭიროა მკაფიო ხედვა, განხორციელების გეგმა და პროცესის სწორად წარმართვის გარანტიები. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საზოგადოების თითოეულ წევრს ხელთ კრიტერიუმები, რითაც ამა თუ იმ ნაბიჯის მართებულობას გაზომავს და გადაწყვეტს დაუჭიროს თუ არა მხარი მათ.

ამასთან, ჩვენ, სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისათვის წევრებს, არ გვსურს ვიყოთ პროცესის უბრალო კრიტიკოსები ან მეთვალყურენი და ვაცხადებთ, რომ ავიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას რეფორმის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, თუკი მისი მიზანი, პრინციპები და მოქმედების გზები თანხვედრაში იქნება ჩვენს პოზიციებთან.

 სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ