გერმანიის სოციალ-დემოკრატი კანცლერობის კანდიდატი და მისი მიმართვა

ლევან ლორთქიფანიძე

ევროპა უამრავი გადაუწყვეტელი ამოცანის წინაშე დგას, ევროკავშირი განვითარების ურთულეს ფაზაზე გადადის. ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს წარმოქმნილმა მძლავრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მრავალი ახალი, განსხვავებული ტიპის სოციალური მოძრაობა თუ მოვლენა განაპირობა. ახალმა რეალობამ, მზარდმა სიღარიბემ და სოციალურმა უსამართლობამ შეასუსტა დასავლეთ ევროპის არაერთი მემარჯვენე მთავრობა. 2012 წელს საფრანგეთის საკანონმდებლო ხელისუფლებაში საგრძნობი უმრავლესობით სოციალისტები მოვიდნენ; ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტი მემარცხენე ფრანსუა ოლანდი გახდა. გასული წლის განმავლობაში, ანალოგიური ტენდენცია შეიმჩნეოდა გერმანიაში ჩატარებულ ყველა რეგიონალურ არჩევნებშიც. თუმცა, ამ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური დაპირისპირება ჯერ კიდევ წინაა.

peer2013 წლის სექტემბერში გერმანიამ ფედერალური არჩევნები უნდა ჩაატაროს. ევროპის უძველესი პოლიტიკური გაერთიანება – გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), “მწვანეებთან” ერთად, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება. 1 ოქტომბერს SPD-ს პოლიტიკურმა საბჭომ კანცლერობის კანდიდატი ერთხმად დაამტკიცა. პარტიის თავმჯდომარემ ზიგმარ გაბრიელმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასპარეზი ახალ ლიდერს დაუთმეს.გერმანიის პირველი სოციალ-დემოკრატი ყოფილი ფინანსთა ფედერალური მინისტრი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ექს-პრემიერი პეერ შტაიბრუკი გახდა. რამდენიმე კვირაში მასშტაბური ყრილობა იმართება, სადაც ოფიციალურად გაიხსნება მარათონული წინასაარჩევნო კამპანია. პარტიულ შეკრებამდე შტაინბრუკი მოსახლეობასა და თანამებრძოლებს ღია წერილით მიმართავს, რომლის ქართულენოვან თარგმანსაც SPD-ს დამოკიდებულებების უკეთ წარმოსაჩენად გთავაზობთ:

 

ძვირფასო მეგობრებო,

წინ საინტერესო, გადამწყვეტი თვეები გველის. ეს თვეები მნიშვნელოვანი იქნება სოციალური დემოკრატიისა და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები რიგითი მოქალაქეებისათვის. 2013 წლის სექტემბერში საქმე შეეხება, არც მეტი არც ნაკლები, ჩვენი სოციალური თანაცხოვრების მომავალს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზარდი, ძლიერი ცენტრიდანული ძალები რღვევით ემუქრებიან საზოგადოების ერთიანობას.

აღარ არსებობს ბუნებრივი ძალა, რომელიც ჩვენზე იზრუნებს. პირიქით, მარტივად ამოსაცნობია ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით მოქმედი ფედერალური მთავრობის მცდარი და დამაზარალებელი პოლიტიკა.

როგორი სახისაა უკმარისობა, დეფიციტი, რომელიც სამთავრობო კოალიციამ (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ბავარიის ქრისტიან სოციალური კავშირი და თავისუფალი დემოკრატიული პარტია) წარმოქმნა ?

საზოგადოებრივი დაყოფა, გახლეჩვა ღრმავდება: შემოსავლებისა და სიმდიდრის გადანაწილება ურთიერთგადადინებადია. პარალელური საზოგადოებები მყარად მკვიდრდებიან, ფეხს იკიდებენ არა მხოლოდ ქვედა ფენებში, არამედ ზემოთაც: არსებობენ შემოსავლებისა და სიმდიდრის მთავარი, პრივილეგირებული დამგროვებლები, რომელთაც არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ საზოგადოებრივი საჭიროებების მიმართ – სოციალური უსაფრთხოების სისტემებისადმი, უკეთესი სკოლებისა თუ საბავშვო ბაღებისადმი, სხვა მრავალი გარემოებისადმი. მიზეზი მარტივია, მათ ყველაფრის კერძოდ შეძენა, შესყიდვა შეუძლიათ.

ამავდროულად ძლიერდება საგანმანათლებლო ბარიერები. დაუფინანსებელი სისტემები ართულებენ ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრებას. ბევრი რწმუნდება, რომ საკუთარი წარმომავლობისა თუ მშობელთა შემოსავლებიდან გამომდინარე,მას  არანაირი სასტარტო შანსი არ აქვს. ეს არის კატასტროფა მათთვის, ვინც ადრეულ ასაკშივე გრძნობს, რომ ხელს უშლიან, ამუხრუჭებენ. ეს არის კატასტროფა მთელი საზოგადოებისათვისაც – ვინაიდან დემოგრაფიული გამოწვევების დაძლევა ყველას (სხვადასხვა სოციალურ თუ ასაკობრივ ჯგუფს) ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, ყველა იმ ტალანტის გამოყენებით, რაც გაგვაჩნია.

უკეთესი ვითარება არ გვაქვს საზოგადოებრივი ვალდებულებების შესრულების მიმართულებითაც, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით: სახელმწიფო რეკორდული შემოსავლების შესახებ იუწყება. მიუხედავად ამისა, ფედერალური მთავრობა მაინც იღებს უპასუხისმგებლო ვალებს. ამასთანავე, ხელისუფლება გაუაზრებლად გეგმავს გადასახადების შემცირებას და აპირებს თანხების არამიზნობრივ გაცემას, მაგალითად „ზრუნვის გადასახადისათვის“ (სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთი უკანასკნელი ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის უმცირესი ნაწილისათვის ერთგვარ შეღავათს გულისხმობს ლ. ლ.).

ნაცვლად ამისა, ჩვენ გვსურს სოლიდური ფინანსური უზრუნველყოფის გამოყოფა, რათა მთლიანად შესრულდეს ადამიანთა წინაშე სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ადგილობრივი თვითმმართველობების -კომუნების მატერიალურ მხარდაჭერას. ჩვენი ხედვა გულისხმობს: გადასახადების აუცილებელ ზრდას. გაიზრდება მხოლოდ იმ ტიპის ბეგარები, რომელთაც შემოსავლების პირამიდის სათავეში მყოფი ფენები იხდიან. ამასთანავე, ჩვენ ვაპირებთ სახელმწიფო სუბსიდიების გაძლიერებას, მაგალითად, ბაგა-ბაღებს მიღმა დარჩენილი ბავშვებისათვის, რომელთაც ე.წ. „ზრუნვის გადასახადი“ განვითარების შანსს, შესაძლებლობს ართმევს.

პარალელურად, შრომის ბაზარზე 8 მილიონი ადამიანი ატიპური საქმიანობის პროცესშია ჩაბმული. ჩვენ ვხედავთ ღრმა უსამართლობას, რაც დასაქმებულთა კონტრაქტებისა და დროის განაწილების სახით, სამუშაო ადამიანური რესურსის მომხმარებლურ გამოყენებაში გამოიხატება. განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი მათი ანაზღაურების თემაც გახლავთ. ამასთანავე, ქალები უფრო ხშირად იმაზე ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ ვიდრე მათი კოლეგები.

ეს უნდა შევცვალოთ,

კარგი სამუშაო და სამართლიანი ხელფასები არის უზრუნველყოფილი ცხოვრებისა და მაღალი პენსიის უმთავრესი წინაპირობა. სახელფასო მინიმუმის დაწესება და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაძლიერება არის მართებული ქვაკუთხედი და საუკეთესო გზა სიღარიბის დასაძლევად. ქალებისთვის მნიშვნელოვანია საქმიანობაში ზემოთ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობათა გადალახვა. არ კმარა, სამუშაოსა და ოჯახური ვალდებულებების შეთავსების შესაძლებლობების გაჩენა. აუცილებელია, ამ შესაძლებლობის რეალიზება, ბავშვებისა და კარიერის ერთად დაგეგმვა.

ამისათვის აუცილებელია გადასახადების სისტემის შეცვლა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზრებმა მრავალ სფეროში თავიანთი მიზნები ვერ აღასრულეს. საფინანსო სექტორს არ შეუძლია მისგან გამომდინარე რისკების დაძლევა.  უფროდაუფრო ნაკლებად აღიქმება მისი ელემენტარული ამოცანა, რომელიც რეალური ეკონომიკის დაფინანსებას გულისხმობს. ფინანსური კრიზისის პირობებში, თვალშისაცემია ფედერალური მთავრობის იდეების დეფიციტი და მათი მხრიდან მოქალაქეთა დახმარების რესურსების არარსებობა. მაშინ, როდესაც ბანკები თავიათ საქმიანობას მარტივად ავითარებენ, ყალთაბანდები საფულეებს ავსებენ, რიგითი ადამიანები უკანასკნელ კუპიურებს ითვლიან, სტაბილურ სამუშაოს კარგავენ და თავიანთი გადასახადებით მძიმე პასუხისმგებლობას იღებენ ეკონომიკური კრიზისის შედეგებზე.

საფინანსო სექტორი, ინდუსტრია ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა თუ მომავლის შესაძლებლობების განვითარების საქმეში ვეღარანაირ როლს ვეღარ სრულებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საშუალო კლასი და მრეწველობა საზოგადოების კეთილდღეობის საყრდენ კოლონებს წარმოადგენენ.  მათმა სიძლიერემ განპირობა ის, რომ მიუხედავად კრიზისისა ჩვენ აქამდე მოვედით, ამგვარ მდგომარეობა შევინარჩუნეთ. თუმცა, ფედერალურმა მთავრობამ ეს მემკვიდრეობაც ვერ გამოიყენა: არ არსებობს არანაირი ინიციატივა სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლდ, განათლების დარგის გასაძლიერებლად.

ჩვენ მრავალი მიმართულებით სირთულეებს ვგრძნობთ, საზოგადოებრივი ერთიანობა საფრთხეშია. ბევრი ამჩნევს გამოუსწორებელ შედეგებს, რომელიც სოციალური წონასწორობის დარღვევამ განაპირობა.

რაც ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს  სჭირდებათ არის იდეა წარმატებული მომავალი ყოფის, გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანების, უკონტროლო ბაზრების დარეგულირების შესახებ. ამ იდეის ფუნდამენტურ საკითხად ადამიანი უნდა განიხილებოდეს. ქვეყანას სჭირდება რწმენა და ღირებულებები.

ანგელა მერკელს არ აქვს გამოკვეთილი ორიენტირი. მისი კოალიცია დაქუცმაცებული და უშინაარსოა.

იდეების, რწმენებისა და ღირებულებებისათვის აუცილებელია სოციალ-დემოკრატიული პარტიის მმართველობა, „მწვანეებთან“ ერთად. ჩვენ მრავალი საქმე უკეთ უნდა გავაკეთოთ, რიგი საკითხები სხვაგვარად გადავწყვიტოთ. ამისათვის ვაპირებ მომავალ თვეებში თქვენთან ერთად ბრძოლას. გთხოვთ ნდობის გამოცხადებას.

პეერ შტაინბრუკი

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანცლერობის კანდიდატი,

11 ნოემბერი, 2012

წერილი გამოქვეყნდა სოცილ-დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:

http://www.spd.de/aktuelles/80718/20121111_steinbrueck_dafuer_kaempfe_ich.html;jsessionid=96DD5EC151465C5FB2D451B5DE442C2B

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ