განვითარების გზის არჩევანი

წინასაარჩევნო პროცესებზე მსჯელობისას სწორად მივიჩნიეთ, რომ მკითხველისათვის ერთი გრძელი და მშრალი პროგრამული ტექსტის ნაცვლად ჩვენი ხედვა შედარებით მოკლე სტატიების სახით წარგვედგინა, რომლებშიც ასახული იქნებოდა ჩვენი პოზიციები, მოსაზრებები და ხედვები როგორც ზოგად პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებთან, ასევე კონკრეტული დარგების განვითარებასთან დაკავშირებით.

უკვე გამოვაქვეყნეთ ტექსტები უსაფრთხოებისა და კონფლიქტების, ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ, ასევე – ეთიკის კოდექსი, რომელიც იმ პრინციპებს და ფასეულობებს განაცხადებს, რომელთაც ჩვენი აზრით, პოლიტიკური ქცევა უნდა ეფუძნებოდეს.

ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ ჩვენ ხედვებს ისეთ სხვადასხვა მასშტაბისა და აქტუალობის საკითხებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის პერსპექტივები, პროგრესული გადასახადებისა თუ განათლების სისტემის საკითხები, კულტურის პოლიტიკა თუ რელიგიურ ორგანიზაციათა დაფინანსების მოდელი, საგარეო პოლიტიკა თუ პროპორციული ხელფასის პრინციპი, უმუშევართა შემწეობა თუ შრომის კოდექსი და სხვა. რა თქმა უნდა, ეს საკითხები ურთიერთდაკავშირებულია, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ეს კავშირი მექანიკური არაა და გვჯერა, მკითხველს არ გაუჭირდება იმ საერთოს დანახვა, რაც ამა თუ ის საკითხის ჩვენეულ ხედვებს აერთიანებს.

ტექსტი, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ეფუძნება ღრმა რწმენას, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ, არის არა არჩევანი მხოლოდ სახელებსა და პარტიებს შორის, არამედ არჩევანი, რომელიც წერტილს დაუსვამს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით განპირობებულ მცდარ პრაქტიკებს, შეცდომებს, გაურკვევლობებს, და ქვეყნის განვითარების კურსის რადიკალურ ცვლილებას, მის საყოველთაო კეთილდღეობასა და განვითარებაზე ორიენტაციას დაუდებს სათავეს.

                                                     განვითარების გზის არჩევანი

20 წლის წინ, საბჭოთა იმპერიის ნგრევისას, საქართველოს მოქალაქენი იმედებითა და მოლოდინებით იყვნენ აღსავსე. გვჯეროდა, რომ ტოტალიტარული წარსულის ერთი ხელის მოსმით უარყოფით ჩვენ წინაშე ევროატლანტიკური ცივილიზაციის კარი გაიხსნებოდა, და ჩვენ, დასავლური ქვეყნების მსგავსად, საყოველთაო კეთილდღეობის სამყაროში შევაბიჯებდით.

მაგრამ დასავლეთის, ამ ახალი ‘აღთქმული ქვეყნისკენ’ ორიენტირებისას, ბევრი არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა უნდა გვეკეთებინა თავად, როგორ უნდა წარგვემართა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება, როგორ მოგვეწყო ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული პროცესები, რა ინსტიტუტები თუ თამაშის წესები უნდა ჩამოგვეყალიბებინა და, როგორ.

ვიცოდით, რომ ძველი აღარ გვსურდა, მაგრამ მკაფიო წარმოდგენა არ გვქონდა – როგორი უნდა ყოფილიყო სხვა, ახალი საქართველო.

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მკაფიო წარმოდგენა არ გვქონდა იმის შესახებ, თუ რა იყო თავად დასავლეთი, რა ფასეულობებმა და გზებმა განაპირობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით – მისი ცხოვრების და განვითარების დონის უპირატესობა. ‘დასავლეთის’ ყალბი, დამახინჯებული ხატი ხელისუფლებამ სიმართლის მიჩქმალვის საშუალებად აქცია, ამან კი საბოლოოდ საზოგადოებრივი სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი გააღრმავა.

კვლავ ყურადღების მიღმა გვრჩება მთავარი კითხვები:

როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენ საკუთარ პრობლემებს? როგორ დავამარცხოთ საზოგადოების ყველაზე ბოროტი მტრები: უმუშევრობა, სიღარიბე, ავადმყოფობა, გაუნათლებლობა? რა გზები და მექანიზმები უნდა შევქმნათ ამისათვის?

დასავლური ცივილიზაცია საითმე ორიენტრებისათვის არ შექმნილა. ევროპული განვითარების გზა ეს არის გზა – ისეთი საზოგადოებისაკენ, რომელშიც უზრუნველყოფილია  ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და განვითარების პირობები.

დროა ჩვენც დავადგეთ ამ გზას. ამისათვის კი რადიკალურად უნდა შევცვალოთ არსებული პოლიტიკური ლოგიკა. დროა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირი, ნატო, სავაჭრო, ფინანსური თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები – არა თვითმიზანი, არამედ მხოლოდ ინსტრუმენტებია უმთავრესი მიზნის – თითოეული ჩვენგანის უკეთესი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. დროა პოლიტიკა გაიწმინდოს რომანტიკული პათეტიკისგან, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ძალაუფლების მპყრობელთა მერკანტილურ ზრახვებს ნიღბავს. დროა ორიენტაცია ავიღოთ ერთადერთ სწორ მიზანზე – საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ყველა ჩვენგანის საერთო სახლის მშენებლობაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

ჩვენი პოლიტიკის მთავარ ამოცანად უნდა იქცეს საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების მაღალი დონე, ხოლო საგარეო პოლიტიკა პრაგმატიზმს უნდა დაეფუძნოს და ამ ამოცანის განხორციელების სამსახურში უნდა ჩადგეს.

ბოლო 20 წელი მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვან გარდატეხათა ეპოქა. მთელმა მსოფლიომ ასევე გაიარა დრამატული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გზა, და დღეს ჩვენ, მთელ მსოფლიოსთან ერთად, გზაგასაყარზე ვდგავართ. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ბოლო ათწლეულებში გაბატონებული წესრიგის შეცვლის აუცილებლობას. ამის მაგალითია მთელ მსოფლიოს მოდებული საპროტესტო მოძრაობები, სტუდენტური და მშრომელთა აქციები, სახალხო ამბოხებანი, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალთა მოსვლა ქვეყნების ხელისუფლებაში. ცვლილებებისკენ მოწოდებები გაისმის ეკონომიკურ ფორუმებზე თუ ქვეყნების ლიდერთა შეხვედრებზე. მსოფლიომ გააცნობიერა ფუნდამენტური გარდაქმნის აუცილებლობა, და განვითარების კურსის თანმიმდევრულ შეცვლას შეუდგა. სადაა ჩვენი ადგილი ამ პროცესში? დავრჩებით ავტორიტარიზმის, კონფრონტაციის, მცირედთა განუსაზღვრელი ბატონობის, უუფლებობის და ნიჰილიზმის წარსულში, თუ ვეცდებით ფეხი ავუწყოთ განვითარებისკენ მიმართულ ისტორიულ პროცესს?

დადგა დრო, დასრულდეს ილუზიების, შეცდომებისა და იმედგაცრუების 20 წელიწადი. დროა დასკვნები გამოვიტანოთ ჩვენი შეცდომებიდან და ვაქციოთ ისინი გამოცდილებად, რომელიც გვასწავლის როგორ აღარ დავრჩეთ მოტყუებულნი, როგორ ავარიდოთ თავი შეცდომებს, როგორ ავამოქმედოთ თითოეულ ჩვენგანში არსებული შემოქმედებითი პოტენციალი. დროა თავად მოვკიდოთ ხელი ჩვენ ბედს. ეს არის ყველაზე მოკლე გზა ჩვენი ცხოვრების ხარისხის ამაღლებისაკენ. ხოლო ჩვენი ღირსეული ცხოვრება, რეალური დემოკრატია, მოქალაქეთა კეთილდღეობა – ერთადერთი საშვია ცივილიზებულ ერთა თანამეგობრობაში შესასვლელად.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ