ბაქარ ბერეკაშვილი: ევროპის იმიტაცია პერიფერიულ სივრცეში

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

baqar► ბაქარ ბერეკაშვილი ასწავლის პოლიტიკურ მეცნიერებასა და კრიტიკულ თეორიას. ის კითხულობს ლექციებს ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

© European.ge

ევროპის იმიტაცია პერიფერიულ სივრცეში: პარტიული პოლიტიკის გაკვეთილები ორი ეპოქის საქართველოში

 

„დემოკრატია არის საშუალება, რითაც კარგად ორგანიზებული უმცირესობა მართავს არაორგანიზებულ უმრავლესობას“

– ვასილი როზანოვი

მე-20 საუკუნეში, საქართველომ ორჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ორივეჯერ იმ ამბიციით, რომ პოლიტიკური და სოციალური წესრიგი დემოკრატიული მმართველობის პრინციპზე ყოფილიყო აგებული. რადგან თანამედროვე დემოკრატია პარტიული დემოკრატიის სინონიმად გამოიყენება, დემოკრატიული წესრიგის ფორმაცია პირდაპირ უკავშირდება პარტიული ცხოვრების მრავალფეროვნებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტიათა შორის განსხვავებული მორალური, ფილოსოფიური, სოციალური თუ პოლიტიკურ იდეალების რეპრეზენტაცია აყალიბებს პოლიტიკური ცხოვრების იმგვარ ტრადიციებს, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული პოლიტიკის გასავითარებლად, ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო მანამ, სანამ პარტიული დემოკრატია თავად კრიზისში არ შევიდა.

პარტიული პოლიტიკა პირველი რესპუბლიკის პირობებში (1918-1921) გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, ვიდრე ეს პოსტსაბჭოთა საქართველოშია. ამას ცხადია განაპირობებს განსხვავებული ეპოქები და პოლიტიკის თუ პოლიტიკურობის აღქმის ცვლადობა ორ ეპოქასთან მიმართებაში. ამ მცირე წერილით ვეცდები განვიხილო ორ ეპოქაში პარტიული პოლიტიკის ტრადიციები და ტენდენციები, მათ შორის, პარტიათა შორის იდეოლოგიური განსხვავებები და დებატების კულტურა.

პარტიული პოლიტიკის ტრიუმფი მოდერნულ ევროპაში

ზოგადად, მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი პარტიული პოლიტიკის დახვეწისა და გაძლიერების ხანა იყო. მე-19 საუკუნეში, მარქსიზმის გაჩენამ და პოლიტიკაში მემარცხენე-მემარჯვენე დიქოტომიის განვითარებამ, კლასთა შორის დაპირისპირებამ და სახელმწიფოს იდეის კრიტიკულად გადააზრებამ, საფუძველი ჩაუყარა მოქალაქეთა და ინტელექტუალური ელიტების პოლიტიკურ ორგანიზებას, რაც გამოიხატა პარტიული ცხოვრების განვითარებით. სოციალისტური, კონსერვატიული, ლიბერალური და სხვა ტიპის პარტიების განვითარება ევროპაში ერთის მხრივ მიზნად ისახავდა სხვადასხვა სოციალური ფენების მობილიზაციას (მშრომელები, ბურჟუაზია, და ა.შ.) ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად (ან მის გასამტკიცებლად), ხოლო მეორეს მხრივ კი ეს იყო გარკვეული რეაქცია კრიზისების მიმართ (მაგ. კათოლოკიური ეკლესიის, კაპიტალიზმის, სახელმწიფოს და ა.შ.).

მე-20 საუკუნის დასაწყისში, პარტიები წარმოჩინდნენ, როგორც პრინციპული პოლიტიკური აქტორები, სადაც მუშავდებოდა განსხვავებული იდეები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოწყობილიყო ევროპის სოციალური და პოლიტიკური წესრიგი. პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაშიც, თუ ვინ უფრო მეტად იდგა დემოკრატიული იდეალების სადარაჯოზე და ვის უფრო მეტად უკეთესი მსოფმხედველობა ჰქონდა დემოკრატიული იდეალების რეალიზაციისთვის. გარდა ამისა, ევროპაში, შიდა პარტიული დემოკრატიის ორგანიზება პარტიათა უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, რითაც ხდებოდა პარტიული დემოკრატიის ლეგიტიმაცია და მისი მორალური თუ ეთიკური უპირატესობის წარმოჩენა სხვა წყობილებებთან მიმართებაში (მაგალითად ტირანიის ან მონარქიის).

თუმცა, როგორც მიხელსი გვარწმუნებს, პარტიების მიერ დემოკრატიის მიმართ (მათ შორის შიდა პარტიულის) ერთგულება, მხოლოდ ეფემერულია და გამიზნულია ძალაუფლების მოსაპოვებლად, სინამდვილეში კი პარტიები იყენებენ დემოკრატიულობის ფორმას, თავიანთი არისტოკრატული თუ ოლიგარქიული ინტერესების დასაცავად.[1] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიხელსიანური აღქმა პარტიული პოლიტიკისა გვეუბნება იმას, რომ ეს არის გაბატონებული ელიტების მმართველობა მოდერნისტული მიდგომებით, რა დროსაც ელიტები ცვლიან დიალექტიკას, რომელიც ფორმალურად მორგებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულებაზე, მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში (გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ან გადაწყვეტილებების ადვოკატირებისას) დემოკრატიული პრინციპები უკან იხევს და ბატონდება ოლიგარქიულ ჯგუფებში თავმოყრილი იდეები და ინტერესები, რომელთა გამართლებაც და „ექსპორტიც“ საჯარო სივრცეში ისევ დემოკრატიის და ხალხის სახელით ხდებოდა (და ხდება).

რუსეთის რევოლუცია და პარტიული პოლიტიკის დაბადება საქართველოში

არისტოკრატული კლასის კრიზისმა და პოლიტიკური სისტემის მოუქნელობამ რუსეთში ხელი შეუწყო რევოლუციას, რომელსაც ძირითადად მარქსისტი ინტელექტაულები მეთაურობდნენ და რომლებმაც რევოლუციური დისკურსი სოციალური ემანსიპაციის იდეასა და პოლიტიკური მმართველობის ფუნდამენტურ შეცვლას დააფუძნა. თუმცა, ძირეული პოლიტიკური ცვლილებების და ემანსიპაციის გზები სხვადასხვანაირად აღიქმებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, განსაკუთრებით კი ბოლშევიკებსა (კომუნისტებს) და მენშევიკებს (სოციალ-დემოკრატებს) შორის. მარტივად რომ ვთქვათ, მაშინ როდესაც ბოლშევიკები გამოსავალს ხედავდნენ მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციაში და რადიკალურ სოციალურ ცვლილებებში, მენშევიკებისთვის ემანსიპაციისა და ცვლილებების გზა რევიზიონიზმზე და სოციალურ ენტროპიაზე გადიოდა.

რევოლუციის შედეგად, რუსეთში შეიქმნა ქაოტური მდგომარეობა, რამაც დრამატული განვითარება ჰპოვა რუსეთის სამოქალაქო ომში.[2] 1918 წლის 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ახალმა პოლიტიკურმა ელიტამ სცადა ისეთი პოლიტიკური წესრიგის ფორმაცია, რომელიც დაეფუძნებოდა ევროპულ სოციალ დემოკრატიულ იდეებს. პირველი რესპუბლიკის პერიოდში, პარტიული სისტემა იმგვარი იდეოლოგიური იდენტობის პარტიებით იყო გაჯერებული, რომლებიც ძირითადად მე-19 საუკუნის ევროპული პოლიტიკური აზროვნების ტრადიციებით იკვებებოდნენ.

იდეოლოგიური განსხვავებები იმ დროის მეინსტრიმულ პარტიებს შორის თვალშისაცემი იყო იმდენად, რამდენადაც ისინი ცდილობდნენ ევროპული პარტიული პოლიტიკის იმიტაციას, პარტიული პოლიტიკა კი იმ დროის ევროპაში საკმაოდ პოლარიზებული იყო იდეოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითად, პირველი რესპუბლიკის პერიოდში, სოციალ-დემოკრატების იდეოლოგიური იდენტობა მარქისტულ რევიზიონიზმს ეფუძნებოდა, სოციალისტ რევოლუციონერების რადიკალურ მემარცხენე იდეებს, სოციალისტ ფედერალისტების მემარცხენე ლიბერალიზმს, ხოლო ეროვნულ-დემოკრატების კი ნაციონალისტურ სენტიმენტებს. როგორც ვხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი 4 პარტიიდან, 3 პარტიას მემარცხენე იდეოლოგიური პლატოფორმა ჰქონდა, რამაც შესაძლოა დაგვაფიქროს იმაზე, რომ მათ შორის იქნებ სულაც არ იყო მნიშვნელოვანი იდეოლოგიური განსხვავებები.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ იმ ეპოქის კონტექსტს და მოცემულობას თუ გავიაზრებთ და დავაკვირდებით, მაშინ ცხადია ის, რომ მემარცხენე რევიზიონიზმისა და მემარცხენე რადიკალიზმის პლატფორმაზე მყოფი პარტიები, მიუხედავად მათი საერთო კონცენტრაციისა მემარცხენე ეთოსის მიმართ სრულიად განსხვავებულად აღიქვამდნენ სოციალურ და პოლიტიკურ სინამდვილეს, რასაც ასევე განაპირობებდა ფუნდამენტური შეუთავსებლობა მემარცხენე რევიზიონიზმისა და მემარცხენე რადიკალიზმის. სხვა სიტყვები რომ ვთქვათ, ზომიერი ანუ რევიზიონისტი მემარცხენეები საკუთარ იდეოლოგიურ იდენტობას კლასიკურ ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ იდეალებს აფუძნებდნენ, მაშინ როდესაც მემარცხენე რადიკალები გამოსავალს მარქსისტული იდეების რადიკალიზაციაში და ბურჟუაზიასთან უკომპრომისო ბრძოლაში ხედავდნენ. შესაბამისად, ასეთი იდეოლოგიურ განსხვავებები, თუნდაც მემარცხენე პარტიებს შორის, ქმნიდა სოციალური და პოლიტიკური პოლემიკის სივრცეს იმ ეპოქის საქართველოში.

იყო თუ არა პირველი რესპუბლიკა დემოკრატიული? ამ შეკითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ დემოკრატიას. თუკი დემოკრატიას ამ შემთხვევაში ჩვენ გავზომავთ დასავლური დემოკრატიის (პოლიარქიის) ფართო, კომპლექსურ განზომილებაში, მაშინ პირველი რესპუბლიკა არ იყო დემოკრატიული რადგან ღარიბ, აგრარულ ქვეყანას არ გააჩნდა საკამარისი რესურსები დემოკრატიული წესრიგის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, თუკი ჩვენ გავზომავთ დემოკრატიას მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და დასავლური კონსტიტუციონალიზმის ტრადიციების ფორმაციის კონტექსტში მაშინ პირველი რესპუბლიკა დემოკრატიული ბუნების მატარებელი იყო.

პარტიული პოლიტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში: კრიზისის იმიტაცია

საბჭოთა ერთპარტიული მმართველობის სისტემის მოშლის შემდეგ, პარტიული პოლიტიკა და დემოკრატია ისევ დაბრუნდა ქართული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში. თუმცა, არც ქართულ პოლიტიკურ პარტიებს და არც პოლიტიკურ ლიდერებს არ ესმოდათ რას ნიშნავს თანამედროვე დემოკრატიული წესრიგი და მისი ფორმაციისთვის საჭირო მეთოდები თუ გზები. ამას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებდა.

პირველი, პოსტსაბჭოთა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ გააჩნდათ და არ გააჩნიათ გამოკვეთილი იდეოლოგიური იდენტობა, მათი პოლიტიკური შეხედულებები ბუნდოვანია და ხშირად ერთმანეთისადმი იმიტაციური. მაგალითად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, მეინსტრიმულ პოლიტიკური პარტიებს შორის რთულია დააკვირდე და აღმოაჩინო მსოფმხედველობრივი თუ იდეოლოგიური განსხვავებები. მათი პოლიტიკური ენა და მოქმედების სტილი თითქმის ერთი და იგივეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტიებს შორის თითქმის არ არსებობს შინაარსობრივი დებატები, რადგანაც ყველა მათგანი ახდენს ისეთი დისკურსების იდეალიზაციას, როგორებიცაა ევროანტლანტიკური ინტეგრაცია, საბაზრო ეკონომიკის ჰეგემონია, საარჩევნო დემოკრატია, ლიბერალური თავისუფლებები და ა.შ. გამომდინარე აქედან, პოლიტიკურ პარტიებს შორის ყოველგვარი დებატები და პოლემიკა აზრს კარგავს იმდენად, რამდენადაც მათ არ შეუძლიათ განსხვავებული შეხედულებების რეპრეზენტაცია, რაც მათ შეუძლიათ არის მხოლოდ საკუთარი (ისიც საკმაოდ ბუნდოვანი) მეთოდების რეპრეზენტაცია იმ მიზნის მისაღწევად, რაც აერთიანებს ყველა მეინსტრიმულ პოლიტიკურ პარტიას. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მაგალიითად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ პრაქტიკულად არც ერთი მეინსტრიმული პარტია არ აყენებს ეჭვის ქვეშ ლიბერალური დემოკრატიის აუცილებლობას, უბრალოდ ყველა მათგანი ცდილობს საკუთარი გზა შემოგვთავაზოს მის მისაღწევად. ასევე, ხშირ შემთხვევებში, პარტიებს არ ესმით როგორც ლიბერალური დემოკრატიის ასევე ზოგადად დემოკრატიის არსი და ხშირად ხდება მისი გამოყენება არასწორი კონტექსტებით.

ეს ყველაფერი კი მაჩვენებელია პარტიული პოლიტიკის კრიზისის საქართველოში, რა დროსაც პარტიებს არ შეუძლიათ იდავონ ფუნდამენტურ პოლიტიკურ, მორალურ თუ ფილოსოფიურ საკითხებზე და ისე მოქმედებენ, რომ ისინი თითქოს საბჭოთა დისკურსის მეტამორფოზის შემადგენელი ნაწილი არიან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მართალია ჩვენ ვხედავთ ბევრ პარტიას, მაგრამ ვერ ვხედავთ ბევრ და განსხვავებულ იდეებს ამ მრავალ პარტიათა შორის, და როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკურ ტრადიციად იქცა მონოლითური აზროვნება.

მეორე უმთავრესი მიზეზი, რაც ხელს უშლის პარტიების და პარტიული პოლიტიკის განვითარებას საქართველოში არის პარტიული პოლიტიკის კრიზისი და დემოკრატიული ნიჰილიზმი, რომელიც შეინიშნება ყველაგან, როგორც დასავლურ ასევე არადასავლურ კულტურებში. დღეს ჩვენ ვხედავთ ტრადიციული პოლიტიკური პარტიებს კრიზისს ევროპულ დემოკრატიებში, ხალხის უმრავლესობას ნდობა აქვს დაკარგული პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ.[3] ეს არის ტენდენცია, რომელიც დამახასიათებელია როგორც დემოკრატიული ასევე ე.წ. გარდამავლი დემოკრატიის ქვეყნებისათვის. თავის მხრივ კი ტრადიციული ელიტების კრიზისმა და დემოკრატიულმა ნიჰილიზმმა მოიტანა იმგვარი სოციალური და პოლიტიკური შედეგები, რომლებიც უფრო მეტად აღრმავებს არსებულ პოლიტიკურობის კრიზისს.

განვმარტოთ რა იგულისხმება ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებაში. საქმე იმაშია, რომ ის რაც დღეს ხდება თანამედროვე ევროპაში, კერძოდ კი მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება პოლონეთში, უნგრეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. არის ჩვეულებრივი ადამიანების რეაქცია ლიბერალური ელიტების წინააღმდეგ, მათი პოლიტიკური ენის, ნარატივების და პოლიტიკების წინააღმდეგ, რომლებიც მთლიანად ანტისოციალურია და მორგებულია ჰეგემონური ჯგუფების ინტერესებზე. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიის დრამატულ კრიზისს გვიანდელი კაპიტალიზმის ხანაში. კრიზისი გარდაუვალი იყო, რადგან ლიბერალიზმი და დემოკრატია ერთად ვერ შედგება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში წერდა და გვაფრთხილებდა კარლ შმიტი იმის შესახებ, რომ ლიბერალური ინდივიდუალიზმის ეთოსი ვერ იქნებოდა ჰარმონიულ ბმაში დემოკრატიის მორალურ პათოსთან.[4] ის რაც დღეს ხდება არის არისტოკრატული დემოკრატიის დასასრული ან შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვხედავთ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ამნეზიას. ლიბერალურმა ელიტებმა ევროპაში დაივიწყეს ხალხი, ამ ტენდენციებს კი ასევე აჰყვა სოციალ-დემოკრატიული პარტიები და სხვა ტრადიციული დემოკრატიული პარტიები. ისინი განუდგნენ ხალხს და ხალხიც განუდგა მათ. შედეგად კი მივიღეთ მემარჯვენე პოპულისტების აღზევება მთელი თავიანთი პათოლოგიური იდეებით.

ეს ტენდენცია საქართველოშიც აუცილებლად გადმოდინდება. მიუხედავად ჩვენი ახალი პოლიტიკური ელიტების ფორმალური პრო-დემოკრატიული ენისა, ცხადია რომ ეს არის განწირული პოლიტიკური და სოციო-კულტურული მცდელობა. გვიანდელი კაპიტალიზმის ხანაში ჩვენ ვართ მომსწრე ლიბერალური ელიტების აღზევებისა და დაცემის დასავლურ კულტურაში. ეს პროცესი კი გარდაუვალია ჩვენთანაც ანუ არადასავლურ კულტურაში, რომელიც დასავლურ პრაქტიკას ყოველთვის იმიტირებს.

მდგომარეობას საქართველოში ამძიმებს ისიც, რომ მზარდი სოციალური უთანასწორობა და პოლიტიკის „ექსპერტიზაცია“ თუ „პრივატიზაცია“ (მაგ. პროფესიონალთა კლასის ჩართვა პოლიტიკაში და მოქალაქეთა ინტერესების მარგინალიზაცია) აღრმავებს, ისედაც ბუნდოვანი იდეოლოგიური იდენტობის მქონე მეინსტრიმული პარტიების კრიზისს და შესაძლებლობას ქმნის ანტისისტემური პარტიების წარმოქმნისა და განვითარებისთვის. თავის მხრივ, ანტისისტემური პარტიების ეფექტი შესაძლოა იყოს ორი სხვადასხვა ფაქტორის მატარებელი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა ანტისისტემური პარტიები ორიენტირებულნი იყვნენ ძირფესვიან პროგრესულ სოციალურ ცვლილებებზე (მემარცხენე ჯგუფების შემთხვევაში) ან პირიქით, კრიზისის გამოყენებით შესაძლოა ანტისისტემურმა პარტიებმა (მემარჯვენე ჯგუფების შემთხვევაში) შესაძლებლობა მისცეს ობსკურანტული პოლიტიკური იდეების განვითარების პერსპექტივას, რომელიც არანაირად არ არის პასუხი პარტიებისა და დემოკრატიის კრიზისის დასაძლევად.

ასევე, მსგავსად პირველი რესპუბლიკისა, პოსტსაბჭოთა საქართველოში, დემოკრატიას სკეპტიკური მომავალი აქვს რელევანტური სოციალური რეკვიზიტების არარსებობის გამო, რაც ცხადია ისევ და ისევ აღრმავებს პარტიების კრიზისს, რომლებსაც არ ესმით ისეთი სოციალური რეკვიზიტების აგრეგაციის საჭიროება როგორებიცაა ინდუსტრიალიზაცია, ურბანიზაცია და განათლების მაღალი დონე, რომელთა გარეშეც დემოკრატიას არ შეიძლება ჰქონდეს საუკეთესო მომავალი.

დასკვნის მაგიერ

ზოგადად, თუკი დავაკვირდებით პარტიული პოლიტიკის ტრადიციებს პირველ რესპუბლიკასა და პოსტსაბჭოთა საქართველოში, ადვილად დავინახავთ, რომ პირველი რესპუბლიკის პირობებში პარტიათა შორის განსხვავებული შეხედულებები ქმნიდა პოლიტიკური დებატების ერთგვარ კულტურას, მაშინ როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში პარტიათა ერთგანზომილებიანი შეხედულებათა სისტემა ქმნის არა რეალურ პოლემიკას, არამედ ფორმალურ დებატებს, რომლებიც ხშირად პოლიტიკური ცხოვრების სკანდალიზაციას ახდენენ საქართველოში. თუმცა, როგორც თავშივე აღინიშნა, ერთის მხრივ პარტიული პოლიტიკის ტრიუმფი (პირველი რესპუბლიკის პირობებში) და მეორეს მხრივ პარტიული პოლიტიკის კრიზისი (პოსტსაბჭოთა საქართველოს პირობებში) უნდა ავხსნათ ორი განსხვავებული ეპოქისთვის დამახასიათებელი პროცესებისა და ტენდენციების ფუნდამენტური გააზრებით ევროპასთან მიმართებაში. მარტივად რომ ვთქვათ, მე-20 საუკუნის დასაწყისი იყო პოლიტიკური იდეებისა და პარტიული ცხოვრების აღზევების ეპოქა, მაშინ როდესაც 100 წლის შემდეგ, 21-ე საუკუნეში ჩვენ მომსწრენი ვართ ტრადიციული პოლიტიკური იდეებისა და ტრადიციული პარტიების დაცემის. ამრიგად, თანამედროვე პარტიული პოლიტიკის კრიზისი საქართველოში არის ნაწილი პოლიტიკურობის კრიზისის დასავლურ კულტურაში, რა დროსაც პოლიტიკური პარტიები ვეღარ ქმნიან იდეოლიგიურ მრავალფეროვნებას ან აღარ არიან ერთგულნი თავიანთი პოლიტიკური იდეალების.

შენიშვნები:

[1]იხ. Robert Michels, Political Parties: A Sociological Study of the Oligarchic Tendencies of Modern Democracy (Trans. by Eden and Cedar Paul, Kitchener: Batoche Books, 2001 [1911])

[2]რუსეთში სამოქალაქო ომი 1917 წლის ბოლოს ატყდა და ფორმალურად 1922 წლის შემოდგომაზე დასრულდა. ეს იყო შეიარაღებული დაპირისპირება ერთის მხრივ წითელ არმიასა და მეორეს მხრივ თეთრ გვარდიას შორის ანუ იდეოლოგიურად ორ განსხვავებულ პლატფორმაზე მყოფ ჯგუფებს – კომუნისტებსა და მონარქისტებს შორის. რუსეთში შექმნილმა კრიზისმა შესაძლებლობა მისცა ყოფილი ცარისტული იმპერიის პერიფერიულ ერებს დამოუკდებლობის გამოცხადების.

[3] იხ. Pierre Rosanvallon, Counter-Democracy: Politics in an Age of Distrust (Trans. by Arthur Goldhammer, Cambridge, UK: Cambridge University Press, 2008)

[4]იხ. Carl Schmitt, The Crisis of Parliamentary Democracy (Trans. by Ellen Kennedy, MIT Press, 1988 [1923]).

 

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*