ესმა გუმბერიძე: ერთი დღე ჭიათურაში

Share on Facebook73Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

833FE55C-11C4-4ADF-9C85-CDA2D05F3BA3_cx0_cy13_cw0_w1023_r1_s

 

►ავტორი – ესმა გუმბერიძე:  ტელე-რადიო წამყვანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. სწავლობდა გერმანიაში,  აშშ–ში და რუმინეთში 2012–2016 წლებში. აქტიურად მონაწილეობს შშმ ქალთა დასაქმების სფეროში სახელმწიფო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში.

© European.ge

ქალაქი და მოსახლეობა

ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის პროექტის მონაწილეები ვიმყოფებოდით ჭიათურაში, სადაც შევხვდით პროფკავშირებს, გარემოსდაცვით და შრომით უფლებებზე მომუშავე აქტივისტებს, ასევე გამოვკითხეთ მოსახლეობა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ქალაქი თითქმის დაცლილია მოსახლეობისგან. ბევრი სახლი, მათ შორის მრავალსართულიანი კორპუსები, გაუკაცრიელებული და მიტოვებულია, ხშირად ფანჯრებჩამტვრეული. საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 3000-დან 5000-მდე ლარის ფარგლებში მერყეობს. ქალაქის ცენტრშიც კი ნაკლებად შეხვდებით ფეხით მოსიარულეებს. მდინარე, ჩემს ირგვლივ მყოფთა თქმით, იმდენად დაბინძურებულია, რომ შეუიარაღებელი, არაპროფესიონალის თვალისთვისაც ადვილად აღსაქმელია. ტროტუარზე. აქა–იქ, ყრია ცარიელი პლასტმასის ბოთლები. ამ ქალაქიდან საზღვარგარეთ ან საქართველოს მსხვილ ქალაქებში სამუშაოდ წასულ ადამიანთა რიცხვი, საკმაოდ დიდია.

მანგანუმის კარიერული მოპოვების წესის გამო, მიწა უნაყოფო ხდება, აფეთქებებისა და მდინარეში ჩამდინარე ნარჩენების ზემოქმედებისაგან. ის უვარგისი და გავერანებული ხდება არამხოლოდ სასოფლო–სამეურნეო მოქმედებისათვის, არამედ ჰაერის უზრუნველმყოფი ხეების გასახარადაც კი. მანგანუმმომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ არ უზრუნველყოფს მიწის აღდგენას. ადგილობრივების თქმით, წლების წინ, ისინი ყვირილაზე თევზაობდნენ კიდეც, თუმცა ახლა მდინარე ისეა დაბინძურებული, რომ  აქ თევზი და სხვა ცოცხალიც არსებებიც აღარ ბინადრობენ. ჭიათურის მიდამოებში გაზრდილ წიწილებზე ამბობენ – მათი ჭამა მაშინვე არ მოგკლავს, თორემ დროთა განმავლობაში, ვინ იცის-ო.  შინაური ფრინველები და ცხოველები მოწამლულ გარემოში იზრდებიან და იკვებებიან. მოსახლეობის სიღარიბეს კარგად ასახავს ერთი აქტივისტის ნათქვამი, რომ ბაზარში, დახლზე ხშირად უდევთ რამდენიმე ვაშლი ან ერთი „წველა“ ყველი გასაყიდად.

თითქმის ვერცერთ სახლში შესვლისას ვერ ვიგრძენი, რომ ოჯახს გათბობა ჰქონოდა ჩართული. არადა, გათბობა–გაგრილების შესაძლებლობა ზამთარსა თუ ზაფხულში ცხოვრების ხარისხის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დამაფიქრებელია თავად სახლებისა და სავალი ტროტუარების მდგომარეობაც. საბაგიროს, რომელიც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ–ერთი სახეობაა, რომლის მუშაობასაც  „ჯორჯიან მანგანეზი“ უზრუნველყოფს და აფინანსებს – და რომელიც, ჯერ-ჯერობით, უფასოა, ექსპლუატაციის ყველანაირი ვადა დიდი ხანია ამოწურული აქვს, თუმცა მისი რესტავრაცია მხოლოდ ახლა იგეგმება. აღნიშნული საბაგირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობისა და ადგილობრივი აქტივისტების თქმით, ჭიათურას ტურისტებიც სტუმრობენ: აინტერესებთ ქართული ინდუსტრიული ქალაქის ნახვა. ევროკავშირის დაფინანსებით, შენდება ახალი საბაგიროც, რომელიც უკვე ფასიანი იქნება. მის ოპერირებას  ჭიათურის მუნიციპალიტეტი მოახდენს.

მოსახლეობასთან ურთიერთობისას, აშკარად გამოჩნდა ქალაქში დასადგურებული უიმედობის, იმედგაცრუების, ემოციური გადაღლა–გადაწვის/გამოფიტვისა და მიტოვებულობის განცდა. აგრესია ადამიანში ენერგიის არსებობის ერთგვარი ნიშანია, მაგრამ აქ, უნდა ვაღიაროთ, ისიც კი არ გვინახავს. ადამიანები, პრაქტიკულად, ემოციის გარეშე გვიყვებოდნენ უიმედო და უპერსპექტივო ვითარებაზე, რაც ასევე ძალაგამოცლილობის ნიშანია. ისინი ამბობდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისა და შრომის იმედი უნდა ჰქონდეთ; რომ სახელმწიფო ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მაინც არასდროს ატარებდა და არც აწი აქვთ მოლოდინი, რომ გაატარებს. უმრავლესობა ფიქრობს, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობის შედეგად მათი ცხოვრების ხარისხი შეიძლება, არ უარესდება, მაგრამ არც უმჯობესდება; ასევე, არც ქალაქზე აისახება დიდად. მიუხედავად ამისა, ჩემ მიერ გამოკითხულთაგან თითქმის ყველამ, ერთის გარდა, თქვა, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგულარულად დადიან და არცერთი არჩევნები არ გამოუტოვებიათ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიაო – რამდენიმემ ასე შეაფასა. თუმცა, ყველა ამბობდა, რომ შეძლებულ ადამიანებს უფრო მეტი საშუალება აქვთ, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, რადგან ეს ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუ ადამიანს თავი და ოჯახი აქვს სარჩენი, ის სხვა ვერაფერზე დახარჯავს იმ დროს, რომლის გამოყენებაც სამუშაოდ შეუძლია. ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ რიგით მოქალაქეს არც უნდა აინტერესებდეს პოლიტიკა, რომ ეს იმათი საქმეა, ვინც პოლიტიკა თავის პროფესიად აირჩია. ჭიათურის მოქალაქეები, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტის დონეზეც კი ვერ გრძნობენ, რომ რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ემოციურად იხსენებენ წლების წინ მომხდარ მასობრივ გაფიცვას, რომელიც საჩხერელი კანდიდატის ჭიათურაში არჩევას ეხებოდა. შიმშილობაც კი  გამოუცხადებიათ, რათა კანდიდატი თანამდებობიდან გადამდგარიყო, თუმცა უშედეგოდ.

არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა რაღაც ინსტინქტის, მექანიკურად შენარჩუნებული ჩვევის მსგავსია. ან, იქნებ, არც მინდა წარმოვიდგინო, მაგრამ ვინ იცის – ძალაუფლებისა და გავლენის მქონე რომელიმე მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის იძულებისა და დაშინების შედეგი. ბევრს არც გაფიცვების, საპროტესტო აქციების, ჟურნალისტების ყურადღების მიქცევისა თუ პოლიტიკოსებთან პირადი კონტაქტების შეხვედრების, პეტიციების/ხელმოწერების შეგროვებისა თუ სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის შედეგიანობის სჯერა, მაგრამ საუბრისას ხაზს უსვამდნენ, რომ თუ დასჭირდებათ, მაინც მიმართავენ ამ გზებს (შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საკუთარი გამწარების შედეგად აღმოცენებული ენერგიის დასახარჯად უფრო გააკეთებდნენ ამას, ვიდრე რეალური შედეგის მიღწევის იმედით).

კითხვებს სულ ქალები პასუხობდნენ. იმ ორმა მამაკაცმა, რომლებიც შეგვხვდნენ, კარი გაგვიღეს ან გამოკითხვისას შემოიხედეს, უარი თქვეს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, საუბარზე. ჩემთვის მოულოდნელი და საინტერესო ისიც იყო, რომ არცერთ გამოკითხულს, ვისაც კარზე მივუკაკუნეთ, არაფერი უთქვამს ჩემი, ერთ–ერთი გამომკითხველის, უსინათლობასთან დაკავშირებით. გამოკითხვის დროს არ გამოირჩეოდნენ ენთუზიაზმით, რადგან სჯეროდათ, რომ ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლიდით მათ ცხოვრებაში ამ კითხვების დასმით.

სხვათა შორის, აქ, ცენტრებში რომ ვქადაგებთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ პოლიტიკასა და მსხვილ ბიზნესზე გავლენის მოხდენა კონკრეტული საქონლისა და მომსახურების ბოიკოტირებით, მისი რომელიმე კომპანიისგან შესყიდვის უარყოფით, გამოკითხულებს ამ იდეი შინაარსი ძალიან გაუკვირდათ. არც კი უფიქრიათ, რომელიმე კომპანიის მიერ მოწოდებული პროდუქტის შეძენაზე უარის თქმით რომ შეეძლოთ მის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა. საინტერესო იყო შემდეგი წინააღმდეგობა გამოკითხულთა პასუხებში: ერთის მხრივ, თითქმის ყველა ამბობდა, რომ დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების თმენა, იმ იმედით, რომ სამომავლოდ კეთილდღეობა გაიზრდება, აღარ შეიძლება, მაგრამ ამავდროულად ამბობდნენ, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება ბიზნესისათვის დადებითად აისახება მთელი მოსახლეობის კეთილდღეობაზე; თუმცა, როდესაც იგივეს ვეკითხებოდით შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევებისადმი სახელმწიფოს მიერ თვალის დახუჭვაზე (რამდენად დადებითად აისახება ბიზნესისთვის გაწეული ასეთი შეღავათი მოსახლეობის კეთილდღეობაზე) ისინი ამას არ ეთანხმებოდნენ. შეიძლება მართლაც  არ არის აუცილებელი, რომ გადასახადები მნიშვნელოვნად გავზარდოთ, არამედ ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაწესებით უზრუნველვყოთ დასაქმებულთა უფლებები და მოსახლეობის კეთილდღეობა. ჭიათურლები აღნიშნავდნენ, რომ მოსახლეობის სოლიდარობისა და ერთიანობის გარეშე, ვერაფერი ვერასდროს ვერ შეიცვლება უკეთესობისკენ. მწარე რეალობაა, მაგრამ ნებისმიერი ერისათვის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე და სტრესულია – თითქმის ყველა ნოსტალგიით იხსენებდა საბჭოთა პერიოდსა და იმდროინდელ ფინანსურ სტაბილურობას.

მაღაროელთა სამუშაო პირობები

მანგანუმის მოპოვება–გადამუშავებაზე ჭიათურაში დასაქმებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი. ქალაქი ეკონომიკურად ამ საწარმოთი სულდგმულობს. ერთ–ერთი აქტივისტის აზრით, მაღაროების დახურვის შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ რაიმე ხედვა არ განავითარა ამ ქალაქის შესანარჩუნებლად, დასახლება სულ დაიშლება. პრაქტიკულად ყველა ოჯახს ერთი დასაქმებული წევრი მაინც ჰყავს ჯორჯიან მანგანეზში. მუშის საშუალო ხელფასი თვეში 600–800 ლარია, თუმცა სამუშაო პირობები არამხოლოდ მავნეა ჯანმრთელობისთვის, არამედ საშიშია სიცოცხლისთვის – დასაქმებულები ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. სამუშაო ადგილზე კვებას უზრუნველყოფს ჯორჯიან მანგანეზის ერთი ადგილობრივი ქვეკონტრაქტორი მეწარმე, დასაქმებულთა მენიუ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მათ ყოველდღე ერთსა და იმავეს აჭმევენ. ოფიციალურად ითვლება, რომ დღეში 8 საათს მუშაოვენ, როგორც დღის, ისე ღამის ცვლაში,  თუმცა, ამ 8 საათში არ შედის ის დრო (დაახლ. დღეში 2 სთ), რაც დასაქმებულს საწარმოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ მაღაროში მატარებლით შესასვლელად, მოსამზადებლად, სჭირდება; ასევე, არც იქიდან გამოსვლის დრო სამუშაოს დასრულების შემდეგ.

ჭიათურაში, კაზრეთის მსგავსად, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა პროცენტული მაჩვენებელი. საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით, აქ მაცხოვრებლებს კიდევ უფრო დიდი შანსი აქვთ, სიმსივნით დაავადდნენ. მადნის მტვერი ილექება მაღაროში დასაქმებულთა, ქალაქის მცხოვრებთა ფილტვებში, რაც ხშირად იწვევს ტუბერკულოზს. მაღაროებში დღემდე მუშაობდნენ ძველი, ვადაგასული აღჭურვილობით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდანაა შემორჩენილი, რაც სამუშაო პირობებს კიდევ უფრო მძიმესა და   სიცოცხლისთვის საშიშს ხდის. ახლო  მომავალში, გეგმავენ ახალი, ჩინური წარმოების აღჭურვილობის შემოტანას, რომელიც შესაძლოა იყოს საეჭვო ხარისხის და შესაბამისად არასანდო. ნახშირჟანგის (CO) დიდი შემცველობის გამო მაღაროებში, მუშები ხშირად იწამლებიან. მიუხედავად იმისა, რომ  აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა და შვებულებაც ეკუთვნით, ჯორჯიან მანგანეზის მესვეურები, მაღაროში არსებული სანიტარული და გარემოსდაცვითი ნორმების/სტანდარტების დარღვევისა და მუშების ავადობის ნამდვილი მიზეზის დასაფარად, ცდილობენ, ავადმყოფობის გამო კუთვნილი შვებულება არ გასცენ, არ დაუშვან მათი სტაციონარში გადაყვანა და მკურნალობა. აქტივისტების თქმით, მოწამლულ მუშებს ტოვებენ ყოფილი სანატორიუმის, ამჟამად მუშათა საერთო საცხოვრებლის შენობაში, იქ მიჰყავთ ექიმები და ადგილზე მკურნალობენ. თუ მუშა მაინც მოითხოვს სტაციონარში გადაყვანას, ის სამსახურის დაკარგვას რისკავს. იგეგმება სიახლეების დანერგვა საბიულეტენო შვებულებების ეკონომიის მიზნითაც. კვირაში 5 დღე, დღეში პირობითად 8 საათიანი სამუშაო განრიგის ნაცვლად, დასაქმებულებს ამუშავებენ თვეში 15 დღეს, დღეში 12 საათს, დარჩენილ ნახევარ თვეს კი– დაასვენებენ.  15 სამუშაო დღის განმავლობაში, მუშები დარჩებიან საერთო საცხოვრებელში, სადაც ოჯახის წევრებს ვიზიტის უფლება მხოლოდ განსაზღვრულ საათებში და განსაზღვრული ხნით ექნებათ. პრაქტიკულად, იმ 15 დღის განმავლობაში, მუშებს შეზღუდული აქვთ თავისუფლება და მათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კომპანია „ფლობს“. შრომის ამგვარი რეორგანიზაციის სასარგებლოდ, კომპანიას არგუმენტად მოჰყავს ის, რომ თუკი მუშები საერთო საცხოვრებელში დარჩებიან, ისინი შეძლებენ სრულფასოვნად დასვენებას, რადგან სახლებიდან სიარულისას ისინი ცდილობენ, საკუთარ მეურნეობებშიც (ზოგს ძროხა, ქათმები ან ბოსტანი აქვს) იმუშავონ, რაც საბოლოოდ  მათ ფიტავს და ძალას ართმევს, საბოლოდ კი მაღაროში მათი შრომისუნარიანობა და ეფექტურობა ეცემა. ამ გადაწყობას კომპანიისათვის კიდევ ერთი ხარჯის ეკონომია მოაქვს, კერძოდ საბიულეტენო შვებულებებისას (ანაზღაურებადი საშვებულებო დღეები იგულისხმება) გადასახდელი თანხა ეზოგებათ. აღნიშნული 15 დღიანი მუშაობის პერიოდში, მაღაროელმა თუ ნორმაზე მეტი ნახშირჟანგი ყლაპა და მოიწამლა, მკურნალობას იმ 15 დღიან პერიოდში მოასწრებს. თუ ახლანდელი სტანდარტული სრულგანაკვეთიანი სამსახურის პირობებში, მოწამლული მუშა მკურნალობისას აცდენს რამდენიმე სამუშაო დღეს, 15 დღიან 12 საათიან ცვლებში მუშაობისას, სამსახურს მოცდენის შანსი მცირდება, რადგან დასაქმებულს კიდევ 15 დღიანი შესვენება აქვს მოწამვლისგან მოსამჯობინებლად.

საინტერესო იქნებოდა დაბინძურებული გარემოს პირობებში, მძიმე სამუშაოს გათვალისწინებით, ჭიათურაში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გამოკვლევა, თუ რამდენად  უტოლდება ის არაინდუსტრიულ ზონებში მცხოვრებთა სიცოცხლის საშუალო/მოსალოდნელ ხანგრძლივობას. რეგიონში მომუშავე აქტივისტის თქმით, მაღაროში დასაქმებულები 55–60 წლისათვის აღარ არიან მაღაროში მუშაობის უნარიანნი. მათ ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად აქვთ შერყეული. საინტერესოა, რომ ზემოთაღწერილი ჯანმრთელობისთვის არსებული საფრთხეებისა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში არ გვყავს  პროფესიული დაავადებების მქონე ადამიანები. პროფესიული დაავადება განსხვავდება საწარმოო ტრავმისგან, თუმცა ადამიანს ორივე ემართება სამუშაო ადგილას, სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ გარემოში ან ამ სამუშაოს შესრულების შემდგომ. თუ საწარმოო ტრავმა ადამიანს  უეცრად ადგება (მაგ. მაღაროს ნანგრევებში მოყოლა, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნა), პროფესიული დაავადება მას ემართება ნელ-ნელა, თანდათან, მავნე სამუშაო პირობებში მუდმივი (მაგ. სინესტეში, მტვერში, გაზებით მოწამლული ჰაერის ჩასუნთქვით) ყოფნის შედეგად.

როგორ ითრგუნება პროტესტი?

მძიმე სოციალური პირობების, ბანკის ვალების, ჯანმრთელობის დარღვევების, მკურნალობისთვის საჭირო თანხების არარსებობისა და მისთანების გამო, პროტესტის შემთხვევაში მუშები დათმობაზე მიდიან, თუ ხელმძღვანელობა უმნიშვნელოდ მაინც უმატებს ხელფასს. ერთ–ერთი აქტივისტი ამბობს: „მედიაში ყოველთვის შუქდება, რომ   მუშები ითხოვენ სამუშაო პირობების/უსაფრთხოების გაუმჯობესებას, თუმცა ეს გაცხადებული მოთხოვნაა. რეალობაში, ისინი ძირითადად ხელფასის მოსათხოვნად თუ იბრძვიან ხოლმე“.

ხშირია გაფიცვის მსურველ მუშებზე ზეწოლა: ინდივიდუალური დაბარებები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებთან და მუქარა, რომ გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში ხელმძღვანელობა მაინც იპოვის გზას, თუ როგორ დაითხოვოს ისინი სამსახურიდან: დააკლოს ხელფასი ან არ მისცეს დანამატი, რამე საბაბი მოუძებნოს. იყო შემთხვევა, როდესაც გაფიცვა დანამატის მოთხოვნით გაიმართა. ხელმძღვანელობა დაპირდათ დანამატს მათი ხელფასის 50–დან 100 პროცენტამდე ოდენობით. გაფიცვაში მონაწილე მუშებს ხელფასის 50%–იანი დანამატი მისცეს, დანარჩენებს კი– 100%–იანი. თანაც, გაფიცვის მონაწილეებს ხელფასებიდა ნაწილი გამოუქვითეს –  შესაბამისად, მათ ვერაფრით იხეირეს. ასეთი ქმედებებით, კომპანია მუშებს აჩვენებს, რომ ისინი პროტესტის გამო დაისჯებიან, სხვები კი, ვინც მორჩილი იქნება, მხოლოდ ისინი მოიმკიან გაფიცვის დადებით შედეგებს.

გაფიცვაში მონაწილეობის გამო, თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა კანონით აკრძალულია, მაგრამ კანონდარღვევას ვერავინ აღმოფხვრის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, რომელსაც წლები ჭირდება. საქმის განხილვის ვადების გაწელვა სასამართლოს გადატვირთულობის გამო;  დამსაქმებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრება; და შემდგომ უკვე  გადაწყვეტილების აღუსრულებლობა –  აღსრულების ეროვნული ბიუროსგან იძულებითი აღსრულების დალოდება ჩვეული პრაქტიკებია, რაც არ უნდა ცხადად იყოს დასაქმებული დაზარალებული. დამსაქმებელს არსად არ ეჩქარება, აქვს ფული და ყავს პროფესიონალი იურისტები, მუშა კი, სანამ საქმე განიხილება, უმუშევარი რჩება. არადა, მუშას ყავს სარჩენი ოჯახი, ვალები და საკუთარი თავ ყავს გამოსაკვები. დასაქმებული მუშებისთვის სასამართლო გზით თავიანთი უფლებების დაცვისთვის არსებულ, ხშირად გადაულახავ, ბარიერებს. სასამართლო გარჩევას  დრო ჭირდება, კვალიფიციური იურისტი, რის უზრუნველყოფაც მუშას უჭირს. ჯორჯიან მანგანეზის გარდა, სამუშაო ადგილებს კი ჭიათურაში არავინ ქმნის.

ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია რაიმე ხედვა იმის თაობაზე, თუ კიდევ რა მიმართულებით შეიძლება ჭიათურისა და სხვა მსგავსი ქალაქების განვითარება. სახელმწიფო არ ფიქრობს იმაზე, თუ რა დასაქმების რა ალტერნატივები შეიძლება გაჩნდეს მსგავს ქალაქებში, რათა არ დაიცალოს ისინი მოსახლეობისგან და დამსაქმებელთა შორის ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს; არც იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს მადნის ამოწურვის შემდეგ.

უკანასკნელ პერიოდში, პროფკავშირების გაერთიანებამ შექმნა ფონდი იმ მუშათა დასახმარებლად, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვის გამო სამსახურიდან გაანთავისუფლეს და ამ უფლებების დასაცავად დრო და თანხები ჭირდებათ. ფონდში 700 ათასზე მეტი ლარია, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ დარგს რა თანხა ერგება ამ ფონდიდან ან რომელი მიმართულების მუშები უფრო მეტად საჭიროებენ ამ თანხებს, არ არის გამჭვირვალე.  რა არგუმენტები აქვს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ამ ინფორმაციის დასაფარად, ვერ გავარკვიე.

პარალელები პროფკავშირებსა და შშმ პირთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს შორის

კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს პროფკავშირებისადმი საბჭოთა პერიოდიდან გამოყოლილი მოლოდინები და წარმოდგენები. რადგან საბჭოთა კავშირის დროს, სახელმწიფო, რომელსაც ერთადერთი პარტია მართავდა, იყო ასევე ერთადერთი დამსაქმებელიც და პროფკავშირების ხელშემწყობიც, პროფკავშირებს სტრუქტურულად არ შეეძლოთ სახელმწიფოსადმი დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნების წამოყენება. სახელმწიფო თან მუშების საქმიანობის ეკონომიკური ბენეფიციარი იყო და თან, ფუნქციურად, მათი ინტერესების/უფლებების დამცველი: ის თვითონვე ადგენდა და უზრუნველყოფდა შრომის პირობებს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამას საჭიროდ მიიჩნევდა. შესაბამისად, ერთადერთი ფუნქცია, რაც პროფკავშირებს ჰქონდათ, იყო დასაქმებულების სერვისებით უზრუნველყოფა, როგორიცაა საკურორტო დასვენება, საახალწლო საჩუქრები, სანატორიული ტიპის მკურნალობის საგზურების დარიგება და სხვა. პროფკავშირის წევრები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდი ახსოვთ, დღესაც ამ მოლოდინების მატარებლები არიან. ისინი პროფკავშირებისგან ითხოვენ მეტ მატერიალურ ბენეფიტს, რაც ასევე მძიმე სოციალური ფონით, სიღარიბით არის განპირობებული. ისინი ნაკლებად ითხოვენ იურიდიულ კონსულტაციებსა თუ სასამართლოში საქმის წარმოებაში დახმარებას, სამუშაო პირობების/გარემოს, შრომის უსაფრთხოების, სამუშაო ადგილის შეძლებისდაგვარად სანიტარული ნორმების დაცვით მოწყობას, ჰიგიენისთვის საჭირო პირობების ლობირებასა და ადვოკატირებას; შრომითი უფლებებისა და სამუშაო გარემოს სტანდარტების დარღვევის საქვეყნოდ გაშუქებას, შრომით უფლებებთან დაკავშირებულ (მაგ. მინიმალური სახელფასო განაკვეთის დაწესება, სამუშაო დროის ზუსტი განსაზღვრა და ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურება) საკანონმდებლო ინიციატივათა მომზადებას. მათ ყოველივე ამის ნაკლებად სჯერათ და სამომავლო, არაგარანტირებულ და აბსტრაქტულ უფლებებს, ურჩევნიათ დღეს ხელშესახები, თუნდაც მცირეოდენი, მატერიალური/ფულადი დახმარება.

პროფკავშირის ერთ–ერთი ქალი წევრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სარვამარტოდ რამეს გაიმეტებენ დასაქმებული ქალებისთვის მაინც. ის პროფკავშირები, რომლებიც ფულად შემწეობებსა და სერვისებს არ სთავაზობს წევრებს, ნაკლებადაა პოპულარული და იქ ნაკლები ადამიანი წევრიანდება, რითიც სარგებლობს დამსაქმებელი. კომპანიის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს მრავალწევრიან და შესაბამისად, უფრო წარმომადგენლობით და წონიან პროფკავშირებში თავისთვის სასურველი, უფრო მორჩილი მენეჯმენტის სათავეში მოყვანას სხვადასხვა კორუფციული და არადემოკრატიული მეთოდების გამოყენებით. მაგალითად, ისინი ეხმარებიან მათთვის სასურველ კანდიდატს, შეჰპირდეს და შემდეგ უზრუნველყოს საახალწლო/სადღესასწაულო საჩუქრები პროფკავშირის წევრებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ტკბილეული, ან საქართველოს კურორტებზე დასვენების საგზურები (რომლებსაც, ერთ–ერთი აქტივისტის თქმით, დასაქმებულები ხშირად ყიდიან კიდეც).

პროფკავშირების წევრების დიდი ნაწილი, ყოველივე ამის შედეგად, ირჩევს საწარმოს ხელმძღვანელთა მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს, რის შემდეგაც ისადგურებს სიმშვიდე. ისინი ეუბნებიან მუშებს, რომ პროტესტს აზრი არ აქვს, რადგან მათი მოთხოვნები მაინც ვერ შესრულდება; რომ კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს მეტის გაღების შესაძლებლობა; რომ პროფკავშირიც უძლურია, რადგან არ აქვს ფული, რათა დასაქმებულებს სასამართლო საქმის წარმოებაში ან ბრძოლაში დაეხმაროს; ან დაიცვას კომპანიის მხრიდან დევნისგან ბრძოლის დაწყების შემთხვევაში. დასაქმებულები, რომლებიც პროფკავშირების ასეთ კონფორმიზმს აპროტესტებენ, უმცირესობაში, გარიყულნი რჩებიან. თუკი ისინი შეძლებენ ცალკე პროფკავშირის შექმნას, (ჭათურაში, ერთ საწარმოში სამი სხვადასხვა პროფკავშირი მოქმედებს) კომპანია არ შედის მასთან კოლექტიურ მოლაპარაკებაში, არ უფორმებს კოლექტიურ ხელშეკრულებას, არ აღიარებს წარმომადგენლობით მხარედ; მხოლოდ თავისივე პროფკავშირს აძლევს გარკვეულ ფასადურ შეღავათებს, რითიც ართმევს წევრებს ახლადშექმნილ, ოპოზიციურ პროფკავშირებს.

კომპანია ყველანაირად ცდილობს აჩვენოს სხვა პროფკავშირების უძლურება. „ტრადიციული“ პროფკავშირის წევრები ხშირად ვერ იაზრებენ, რომ ის ფასადური შეღავათებიც კი, რასაც მათ კომპანია სთავაზობს, სწორედ იმ ახალი პროფკავშირის შექმნის შედეგი შეიძლება იყოს, ან საწარმოში 2 ან 3 პროფკავშირს შორის არსებული კონკურენციის შედეგი. მეორეს მხრივ, ისინი შეიძლება იაზრებენ ამას, მადლობელნიც არიან იმ ახალი პროფკავშირისა, მაგრამ ვერ რისკავენ იქ გაწევრიანებას. დამსაქმებელი, ასევე, აქტიურად ცდილობს, მისთვის მიუღებელ პროფკავშირებში დაპირისპირების გაღვივებას მისი დანაწევრების მიზნით. პროფკავშირის შიგნით არსებული ენერგია ურთიერთდაპირისპირებაზე და ახალ გამოყოფაზე იხაჯება, დამსაქმებელზე ზემოქმედების ნაცვლად.

მსგავსი მიდგომები აქვს ხელისუფლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველი მოძრაობის მიმართ. მმართველ ელიტას ურჩევნია, ჰყავდეს  რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია, რომლებიც მათ თემში „სიჩუმის“ გარანტიას მისცემენ, რისთვისაც ელიტა მზადაა, სერვისების მისაწოდებლად ყველა სახელმწიფო შესყიდვა (დღის ცენტრების მომსახურება, ეტლების, უსინათლოთა ხელჯოხებისა და მისთ.) მხოლოდ მათთან ან მათ მიერ რეკომენდებულ დაწესებულებებთან განახორციელოს. თუ ამ მსხვილ ორგანიზაციებს ვინმე საქმიანობის სტილს გაუპროტესტებს და ცალკე ორგანიზაციას დააფუძნებს, სახელმწიფო ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელ აქტივისტებთან იწყებს მუშაობას, რათა ისინიც ჩართონ სახელმწიფო შესყიდვების კონკურსში, სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში კი, ორგანიზაცია ბოლომდე ვეღარ არის დამოუკიდებელი და ვეღარ ითხოვს სახელმწიფოსგან ისე მკაცრად სისტემურ ცვლილებებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ მიდგომების ცვლილებებს.

სახელმწიფოსთან მოთანამშრომლე ორგანიზაციები ხანდახან აწყობენ საპროტესტო აქციებს. სახელმწიფო მოხელეები უხერხულობას განიცდიან, როცა „ინვალიდები, ავადმყოფები“ გამოდიან ქუჩაში, იბარებენ ორგანიზაციათა ხელმძღვანელობას. ხელმძღვანელობა აუხსნის, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა კონვენციით იმხელა ვალდებულებები აქვს აღებული, რომ მათს შესრულებას ვერაფრით შეწვდება. სამაგიეროდ სთავაზობენ რომელიმე სერვისის დაფინანსების გაზრდას ან ახალი სერვისის შემუშავებას, რათა შემდეგ თვითონვე მიიღონ ამ სერვისის განსახორციელებლად ტენდერში მონაწილეობა ან თავიანთ მოკავშირეებს მიაღებინონ. ამის სანაცვლოდ სახელმწიფოს პირდებიან თემს შიგნით მშვიდობას.

პარალელურად, როცა მცირერიცხოვანი ორგანიზაცია თავისი აქტიურობით მიაღწევს იმას, რომ სახელმწიფოს რომელიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, იმ ახალი მომსახურების მიწოდება მაინც სახელმწიფოსთან მომუშავე რომელიმე ორგანიზაციას დაევალება. ამიტომ, შშმ პირთა იმ წრეებში, რომლებიც აქტივიზმში ჩართულნი არ არიან, ხშირად ვრცელდება აზრი, რომ სწორედ იმ მსხვილმა, მრავალწევრიანმა ორგანიზაციებმა იბრძოლეს შედეგების მისაღწევად, მცირერიცხოვან აქტივისტებს კი ვერავინ ხედავს.

ჯორჯიან მანგანეზის სათავეებთან

ცოტა რამ იმ კომპანიის შესახებაც ვთქვათ, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს მოიპოვებს. ჯორჯიან მანგანეზს მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 40 წლით აქვს. ლიცენზია მოპოვების ექსკლუზიურ უფლებას იძლევა ჭიათურის მიდამოებში. ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი სხვა კომპანია თუ კერძო პირი, თუნდაც ჭიათურის რიგითი მაცხოვრებელი, ვერ დაიწყებს ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვებას კომპანიის ნებართვის გარეშე, სულ რომ თავისი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე აღმოაჩინოს „შავ ქვად“ წოდებული სასარგებლო წიაღისეული. მეტიც,  ღია კარიერული წესით, ანუ მიწის აფეთქებით უფრო და უფრო მეტად მოიპოვებს კომპანია მადნეულს. ისინი ადგილობრივებისაგან იმ ნაკვეთებს, ყიდულობენ, სადაც მანგანუმი ეგულებათ. რომც უთხრა უარი და არ მიჰყიდო, აზრი არ აქვს, რადგან აქ ვეღარაფერს მოიყვან: მის ირგვლივ შეიძენენ ყველაფერს, დაიწყებენ მოპოვებას, ნაკვეთის გარშემო მიწას აგიფეთქებენ, გამოაცლიან ნოყიერ ნიადაგს და იძულებული იქნები, მიჰყიდო, ან მიატოვო. თავად კომპანია ხშირად აფუძნებს წვრილ კოოპერატივებს, აძლევს იქ წილს ორიოდე ადგილობრივ ბიზნესმენს, შემდეგ კი ვითომ კონტრაქტორებად აქცევს და ახორციელებინებს სხვადასხვა საქმიანობას. ეს იმიტომ, რომ მცირე ფინანსური ბრუნვის მქონე ბიზნესებს მეტი შეღავათი აქვთ როგორც გადასახადების, ისე სხვადასხვა ნორმების აღსრულების, სტანდარტებისა და რეგულაციების მხრივ.  საგადასახადო ან საჯარიმო დავალიანების დაგროვების შემთხვევაში, ჯორჯიან მანგანეზი მათ აკოტრებს და ლიკვიდაციას უკეთებს. ამ კომპანიებს იმდენად მცირე ბიუჯეტი აქვთ, რომ სახელმწიფოს, მათი გაკოტრება–ლიკვიდაციის შემდეგ, მათ მიერ დაგროვილი დავალიანებების ამოღება არ შეუძლია.

ჯორჯიან მანგანეზი დაფუძნებულია „Georgian-American Aloyees“-ის მიერ. ამ კორპორაციის ერთ–ერთი მეწილე, კოლომოისკი, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორია, საყოველთაოდ ცნობილი კორუფციონერი და მოქმედი მილიარდერ–ოლიგარქი, თუმცა, კომპანია ე.წ „ოფშორულ“ ზონაშია რეგისტრირებული და მისი მფლობელების დანამდვილებით დასახელება რთულია. Georgian-American aloyees-ს საქართველოს სახელმწიფოსადმი აქვს 500 მილიონამდე ლარის დავალიანება. ეს დავალიანება გარემოსდაცვითი და სანიტარული ნორმების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები და საურავებია. კომპანია არ ჩქარობს მათს გადახდას. საქართველოში არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის) ხშირად ტარდება, 2 წელიწადში ერთხელ მაინც. ყოველი არჩევნების წინ, კომპანია აცხადებს, რომ საკმარისად აქვს მანგანუმის მარაგი დაგროვილი, ამიტომ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უნდა გადავიდეს და მუშები ან საერთოდ დაითხოვოს რამდენიმე თვით უხელფასოდ ან ნახევარ განაკვეთზე და განახევრებულ ხელფასებზე ამუშავოს. ეს 3000-ზე მეტი დასაქმებულისათვის შიმშილს და ზოგ შემთხვევაში, გადაუხდელი ბანკის ვალის გამო, სახლ–კარის დაკარგვას ნიშნავს. დასაქმებულები ამომრჩევლები არიან, რომელთა ხმებიც მმართველ ელიტას სჭირდება. შესაბამისად, ისინი იწყებენ ვაჭრობას კომპანიასთან: ოღონდ ხალხი არ დაითხოვოთ და შეგიძლიათ, რამდენიმე წელი გადასახადები არ გადაიხადოთ; უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე თვალს დავხუჭავთ; საჯარიმო დავალიანებას ჩამოგაწერთ. მუშებს კი – მმართველი ელიტაც და დამსაქმებელიც ეუბნებიან: ხელისუფლებას უმადლოდეთ, რომ მუშაობთ; არჩევნებზე მოდით, ხმა მოგვეცით, თორემ სხვამ რომ გაიმარჯვოს, ამ სამუშაო ადგილებს დაკარგავთ; ისინი ვერ მოელაპარაკებიან კომპანიას და გაგიშვებენ შვებულებაში; ის მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალიც კი აღარ გექნებათ, და ა.შ. ასე არ იხდის ჯორჯიან მანგანეზი ბიუჯეტში ნახევარმილიარდიან დავალიანებას, არც გარემოს უფრთხილდება და არც დასაქმებულების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ხან 7 მილიონით დაუფინანსებს საარჩევნო კამპანიას, ხან– თბილისში საახალწლო განათებას 3 მილიონით (და არა, ისევ ჭიათურაში, მაგალითად). Georgian-American Aloyees ამბობს, რომ ნახევარმილიარდიანი დავალიანების გასტუმრება არ შეუძლია. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თეორიულად შეუძლია მის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყება: თუ ამოსაღები თანხა კომპანიას არ აღმოაჩნდება, სახელმწიფოს შეუძლია, განახორციელოს სეკვესტრი, ანუ დანიშნოს თავისი მმართველი, რომელმაც უნდა ამუშავოს კომპანია ისე, რომ შესაძლებელი იყოს ბიუჯეტში იმ დავალიანებული თანხების შეტანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სეკვესტრის განხორციელების მცდელობა მართლაც მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც ასევე Georgian-American Alloyees-ის ხელშია, თუმცა კომპანიას იმდენად ძლიერი ლობისტები აღმოაჩნდნენ აშშ–ს დედაქალაქში, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ სეკვესტრის დაწყებიდან მალევე თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ამერიკელი ბიზნესმენების დევნა, მათზე ზეწოლა და შევიწროება; რომ ეს საფრთხეს უქმნის ჯანსაღ ბიზნესგარემოს. აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეშფოთება–აღშფოთება საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის შესაძლოა, სერიოზული დარტყმა ყოფილიყო, რისიც ქართულ მმართველ ელიტას შეეშინდა და უკან დაიხია. აქტივისტების თქმით, დასაქმებულთა შრომითი უფლებების, ასევე მოსახლეობის გარემოსდაცვითი უფლებების ადვოკატირება/ლობირება ძალიან ჭირს და პარლამენტში არცერთი კონკრეტული დეპუტატი ამ საკითხებით არ არის დაინტერესებული. ამავდროულად, პარლამენტის 150 წევრიდან 50– „ყოფილი“ ბიზნესმენია, რაც ჩვენს რეალობაში ნიშნავს, რომ ბიზნესი ოჯახის უახლოეს წევრებზე აქვთ გადაფორმებული და მას უკვე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან ლობირებენ.

რა ელის ქალაქსა და მოსახლეობას მომავალში?

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება–გადამუშავებაზე დასაქმებულებს, ამ საქმიანობის გარდა ნაკლებად აქვთ არჩევანი, როგორც ქალაქს შიგნით, ისე– მის გარეთ. მსგავსი ინდუსტრია საქართველოში სხვაგან არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, სამუშაოს მიტოვების შემთხვევაში მაღაროელებს მოუწევთ სხვა საქმის შესწავლა, სხვა ქალაქში გადასვლა, სხვა ტიპის სამუშაოს მოძიება–ათვისება და იქ შესაბამისი თანხის გამომუშავება, რაც ერთობლიობაში ძალიან რთულია, განსაკუთრებით, წლების განმავლობაში ერთ საწარმოში მუშაობის შემდეგ.  საქართველოში სამუშაოს მოძებნა ისედაც ძალზე რთულია, მითუმეტეს იმგვარად ანაზღაურებადი სამუშაოსი, რომლიდანაც მიღებული შემოსავლით ცხოვრება შესაძლებელია. შესაბამისად, ერთადერთ იმედს მაღაროში დასაქმებულთათვის მათი შვილები წარმოადგენენ. ისინი ცდილობენ, ხელი შეუწყონ ჭიათურიდან მათ წასვლას და მათ მიერ სხვა პროფესიების არჩევას, თუმცა ამ არჩევანის განხორციელებისთვის წლებია საჭირო, სანამ ბავშვები გაიზრდებიან. მანამდე, ჯორჯიან მანგანეზი ქალაქში არსებული უალტერნატივობით სარგებლობს და უფრო მეტიც, სარგებლობს ქალაქის არსებობის მანგანუმის მოპოვებაზე დამოკიდებულებით. ჩაკეტილი წრეა: ყოველგვარი გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, მანგანუმის მოპოვება ანადგურებს ჭიათურასა და მის შემოგარენს, აბინძურებს და აქცევს მას საარსებოდ უვარგის ზონად, ხოლო საწარმოს დახურვა გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას, შიმშილსა და დასახლების გაუდაბურებას. ის, რაც ჭიათურას აცოცხლებს, ნელ-ნელა კლავს კიდეც.

ყველა ვერ იქნება საკუთარი სახელმწიფოს მოყვარული, თავდადებული ენთუზიასტი. ადამიანების უმრავლესობას სჭირდება იმის დანახვა, რომ სახელმწიფო მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას აძლევს და უზრუნველყოფს საჭირო გარემოს იმისთვის, რომ  ამ სახელმწიფოსადმი პატივისცემა, დაფასება და მიჯაჭვულობა არსებობდეს. თუ ადამიანს დასაკარგი არაფერი აქვს სახელმწიფოს წარუმატებლობის შემთხვევაში, ის ამ სახელმწიფოს თანამონაწილეც ვერ იქნება – მისთვის კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობა არავითარ მოტივაციას არ წარმოადგენს, თუ ის ვერ ამჩნევს რაიმე ტიპის წინსვლას მის გარშემო და თავისი შრომის შედეგად. ჭიათურაში არსებული ვითარება, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის.

Share on Facebook73Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.