რატომ არის ქვეყნების ცოდნის კაპიტალი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი

Share on Facebook130Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

წარმოგიდგენთ სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის (Senior Fellow) ერიკ ჰანუშეკის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ვებგვერდზე 2016 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

hanushek ერიკ ჰანუშეკი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დოქტორია ეკონომიკაში. ის ასწავლიდა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის აკადემიაში (1968–73), იელის უნივერსიტეტსა (1975–78) და როჩესტერის უნივერსიტეტში (1978–2000).

ჰანუშეკი ემხრობა ეკონომიკური ანალიზის გამოყენებას სტუდენტების მოსწრების გაუმჯობესებისთვის. იგი ავტორია მრავალი ხშირად ციტირებული სტატიისა, რაც ეხება კლასის ზომის შემცირებას, ანგარიშვალდებულების ტესტებს, მასწავლებლების ეფექტურობას და განათლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მან, 1971 წელს დაწერილ ნაშრომში, წარმოადგინა მოსწავლეთა მიღწევების საფუძველზე, მასწავლებებლის ეფექტურობის შეფასების კონცეფცია. ეს იდეა წარმოადგენს საფუძველს მასწავლებლების ხარისხის შეფასებისა „დამატებითი ღირებულების“ სისტემის მიხედვით. თავის ბოლო წიგნში, “ერების ცოდნის კაპიტალი”, ის ასკვნის რომ განათლების ხარისხი მიზეზობრივად დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან.

ინგლისურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა.

© European.ge

2015 წლის სექტემბერში, გაერომ განვითარების აქტიური გეგმა შეიმუშავა, რომელიც 17 ცალკეულ მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG*) მოიცავდა. ეს მიზნები გულისხმობდა ინვესტიციებისა და განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების წარმართვას მომდევნო 15 წლის განმავლობაში. ამათგან ორი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ დანარჩენი 15 რამდენად შესრულდება.

ეკონომიკური ზრდის გარეშე, რომელიც ნამცხვრის მოცულობას ზრდის, ნაკლები შანსია იმისა, რომ ჯანდაცვის, სიღარიბის, კვების და ინკლუზიური გაუმჯობესებისკენ მიმართულ აქტივობებში ჩართულობის კუთხით, სასურველი შედეგები იქნეს მიღწეული. ხარისხიანი განათლების გარეშე კი აუცილებელი გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფის ძალიან მცირე შანსი არსებობს. როგორც კვლევები აჩვენებს, ამჟამად პრიორიტეტი ენიჭება სკოლებში სწავლების მოცულობას, რომელიც ქვეყნების მიხედვით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

წარსულში განხორციელებული მცდელობები, რომელიც განვითარებად ქვეყნებში განათლების გავრცელებისთვის ხელის შეწყობას ისახავდა მიზნად, შეიძლება ითქვას რომ წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ყურადღება უფრო მეტად გამახვილდა განათლების ხელმისაწვდომობაზე და სწავლის ხანგრძლივობაზე სკოლებში, ხოლო სწავლების ხარისხს ნაკლები ყურადღება მიექცა. სანამ განვითარებად რეგიონებში განათლებაზე ხელმისაწვდომობა ათასწლეულის განვითარების მიზნების* შესაბამისად შთამბეჭდავი წარმატებით ხორციელდებოდა, სტუდენტების შედეგების შესწავლამ სულ სხვა შედეგები აჩვენა, რომელიც ნაკლებად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. განვითარებადი ქვეყნები განვითარებულ ქვეყნებს საერთაშორისო რანგში შემეცნებითი უნარების მხრივ (რასაც ჩვენ ვუწოდებთ ერების ცოდნის კაპიტალს) კვლავ ბევრად ჩამორჩებიან.

მოკვლევა, რომელიც ლაჯერ ვოსმანთან ერთად ჩავატარე (ერების ცოდნის კაპიტალი: განათლება და ეკონომიკური ზრდა), აჩვენებს, რომ ერებს შორის ეკონომიკის ზრდის მხრივ თითქმის ყველანაირი სხვაობა ცოდნის კაპიტალის განსხვავებით შეიძლება აიხსნას. ცხადია, ისტორიული განვითარების მოდელებსაც თავისი ახსნა მოეძებნებათ თუ სწავლების იმ მიდგომებს მივიღებთ მხედველობაში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებშია მიღებული.

რა განაპირობებს აღმოსავლეთ აზიის სასწაულს? ზოგადად, აღმოსავლეთ აზიელი ბავშვები ყოველწლიურად სკოლებში უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე დანარჩენი ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ისინი მაღალუნარიან სამუშაო ძალას წარმოადგენენ. რატომ არის განვითარების ტემპი ასეთი ნელი ლათინურ ამერიკაში? ლათინო-ამერიკელი მოსწავლეები ყოველწლიურად სკოლიდან გაცილებით ნაკლებ განათლებას იღებენ, ვიდრე მათი თანატოლები სხვა ქვეყნებში.

თუ ქვეყნების ცოდნის კაპიტალს (რომელიც იზომება საერთაშორისო ტესტების მაჩვენებლებით) მხედველობაში მივიღებთ, ეს რეგიონები განვითარების დანარჩენ მოდელებს ერგება მთელს მსოფლიოში, როგორც ეს N1 გრაფიკში ჩანს. გრაფიკზე წარმოდგენილია გრძელვადიანი განვითარების კოეფიციენტი მშპ-ს რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე 1960-2000 წლების მონაკვეთში და განათლების კაპიტალისა და ეკონომიკური განვითარების კორელაციას აჩვენებს. აღმოსავლეთ აზიური და ლათინო-ამერიკული ქვეყნები გაფერადებულია. უფრო მეტიც, თუ ცოდნის კაპიტალის მნიშვნელობას გავითვალისწინებთ: მხოლოდ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც სწავლების დასრულების შემდგომ წლების განმავლობაში გამოითვლებოდა, არანაირ კავშირში არ არის გრძელვადიან განვითარებასთან.

კიდევ ერთი რამ, რაც ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე დავასკვენით და რაც გრაფიკ N1-შიც სავსებით ჩანს, არის ის, რომ „განათლების ხარისხი“ მსოფლიო ეკონომიკური კონკურენციის პირობებში განისაზღვრება. ცალკეულ ქვეყნებს ხარისხის ცნებაზე შესაძლოა თავისებური წარმოდგენა ჰქონდეთ, მაგრამ ეკონომიკური შედეგებისთვის მნიშვნელოვანია ხალხის ცოდნა და უნარები, რომლის გამოკვლევაც საერთაშორისო ტესტების შედეგებზე დაყრდნობით ხდება, როგორიც არის PISA* ან TIMSS*.

გრაფიკი 1. ცოდნის კაპიტალი და ეკონომიკური ზრდა

grafikiSDG-ს განხორციელება მომავლის პერსპექტივაში რომ მოვიაზროთ, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ მშპ-ს რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე გაუმჯობესდება. ისტორიული განვითარების მოდელების თანახმად, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მიზნების განხორციელებასთან.

SDG ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ საშუალო სკოლა 2030 წლისთვის ხარისხიანად დაამთავრონ, თუმცა ხარისხის ცნება მაინც გაურკვევლად არის დარჩენილი. განათლების ხარისხი რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტით შეიძლება განვსაზღვროთ: ყველა მოსწავლეს აქვს ბაზისური უნარები, რომელიც პირველი დონის მისაღწევად არის საჭირო PISA-ს ტესტში. ეს სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ 15 წლის მოსწავლეებმა კითხვასა და მარტივი ტექსტების გააზრებაში ელემენტარული უნარები უნდა გამოავლინონ, ასევე ძირითად მათემატიკურ-მეცნიერულ ცნებებსა და პროცედურებშიც უნდა ერკვეოდნენ.

დაწყებითი განათლების კაპიტალისა და ეკონომიკური ზრდის კავშირს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც გრაფიკ N1-შია წარმოდგენილი, მომავალში განვითარებისა და მშპ-ს სხვადასხვა სცენარით გაუმჯობესებაც არის შესაძლებელი: ამჟამინდელი მოსწავლეების უნარების საბაზისო დონეზე განვითარება, საყოველთაო წვდომის მიმდინარე მიღწევების დონეზე გაფართოება და ზოგადი განათლების მიღების უზრუნველყოფა.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თითოეული მიზანი 2030 წლისთვის უნდა განხორციელდეს. განვითარების პროგრესი 80 წელზე გათვლილ პერიოდში იგეგმება, რომელსაც ახალი თაობა მოესწრება, ანუ ის, ვინც ახლა იბადება. მშპ-ს მაჩვენებლი, რომელიც სავარაუდოდ მომავალში წარმატებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მიიღება, სამი პროცენტით უნდა შევამციროთ ამჟამინდელ ზრდის ნიშნულის ღირებულებას რომ გაუტოლდეს. ასე რომ, სხვაობა იმდენად თვალშისაცემი იქნება, რომ შედარების გაკეთებაც გამარტივდება.

გრაფიკ N2-ში 76 განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ქვეყნის შედეგებია წარმოდგენილი. საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნებში (რომლებიც საერთაშორისო ტესტირებაში მონაწილეობას იღებდნენ), ახალგაზრდების 80-მა პროცენტმა საშუალო სკოლა ამ ეტაპზე საბაზისო უნარების დონეზე რომ დაამთავროს, საშუალოდ გამოიმუშავებენ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ამჟამინდელ მშპ-ზე ექვსჯერ მეტი იქნება. მაშინ როდესაც ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოებისას ამჟამინდელი ხარისხის შენარჩუნებით გამომუშავებული მოგება ერთი მესამედის ტოლი იქნება. ზოგად დაწყებით განათლებაზე ხელმისაწვდომობის მეშვეობით ისეთი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც ამჟამინდელ მშპ-ზე 12-ჯერ მეტი იქნება.

გრაფიკი 2. ხელმისაწვდომობა, უნარები და ეკონომიკური მოგება

გრაფიკი 2

შენიშვნა: განათლების ხარისხის, სწავლაზე ხელმისაწვდომობის და ზოგადი უნარების გაუმჯობესებით მიღებული მშპ – განსხვავებული შემოსავლის მქონე ქვეყნების მიხედვით.

შედარებით მდიდარი ქვეყნები სარგებელს ნაკლებად მარტივად იღებენ, იმიტომ, რომ ისინი საყოველთაო ხელმისაწვდომობას ისედაც უზრუნველყოფენ და შესრულების მაღალი დონეც აქვთ. თუმცა, მათი წარმატება მაინც აშკარაა. საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებში დაწყებითი განათლება დაახლოებით შვიდჯერ აჭარბებს ამჟამინდელ მშპ-ს. OECD*-ის მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მონაცემები თითქმის მთლიანად გრაფიკის ქვედა ნაწილშია განლაგებული. მიუხედავად ამისა, მათი მაჩვენებლები ამჟამინდელ მშპ-ს 1.5- ჯერ მაინც აღემატება.

ამ შეფასების საფუძველზე, ბევრი განვითარებადი ქვეყანა განზეა დარჩენილი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საერთაშორისო ტესტირებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. რა თქმა უნდა ეს ქვეყნები განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გამოწვევის წინაშე უფრო ცხადად დგანან, ვიდრე კვლევაში ჩართული დაბალი შემოსავლის ქვეყნები.

ძალიან მარტივია: მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) რომ იქნეს მიღწეული, საჭიროა მსოფლიოს მასშტაბით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, რადგან სხვა შემთხვევაში ეკონომიკური ნამცხვრის მოცულობა არ გაიზრდება; თუმცა ძნელია (თუ თითქმის შეუძლებელი არა) სიღარიბის, ჯანმრთელობის, კვების და ჩართულობის საკითხებში მიზნის მიღწევა. მეტიც, ხარისხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ზუსტ საზომს და განსაზღვრებას მოითხოვს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარისხის ადგილობრივი აღქმა ნამდვილად არაეფექტურია, რადგან აშკარაა, რომ ვერ ქმნის საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიან სამუშაო ძალას.

 

განმარტებები:

*SDG (Sustainable Development Goals) – მდგრადი განვითარების მიზნები, იგივე გლობალური მიზნები, რომელიც მიმართულია გარკვეული ღონისძიებებისკენ და რომელსაც ყოველწლიურად ადგენს გაერო. სტრატეგიული გეგმის 17 მდგრადი განვითარების მიზნებიდან შეიძლება ძირითადების გამოყოფა: მდგრადი განვითარება, დემოკრატიული მმართველობა და მშვიდობა, კლიმატი და სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლა, სიღარიბე, უთანასწორობა და ა.შ.

*Millennium Development Goals – ათასწლეულის განვითარების მიზნები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ეს მიზნები უკიდურესი სიღარიბის, შიმშილის, ავადმყოფობის, უსახლკარობის დაძლევას ემსახურება და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას, განათლებას და გარემოს მდგრადობას.

*PISA (Program for International Student Assessment) – მსოფლიო დონის კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 15 წლის სკოლის მოსწავლეები მათი მათემატიკური, მეცნიერული და ლიტერატურული უნარების შეფასების მიზნით. პროგრამა მიზნად ისახავს განათლების პოლიტიკისა და შედეგების დახვეწას.

* TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) – მსოფლიო დონის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს მათემატიკურ და მეცნიერულ უნარებს.

* OECD (Organization for Economic Co-operation and Development) – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

Share on Facebook130Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*