სოციალიზმმა კრახი განიცადა. კაპიტალიზმი გაკოტრებულია. რა არის შემდეგი?

Hobsbawm_2356328bგთავაზობთ ცნობილი მარქსისტი ბრიტანელი ისტორიკოსის ერიკ ჰობსბაუმის (1917-2012) წერილს, რომელიც გამოქვეყნდა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე, 2009 წლის 10 აპრილს. ჰობსბაუმი იკვლევდა ინდუსტრიული კაპიტალიზმის, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის საკითხებს. მის ყველაზე პოპულარულ ნაშრომებს წარმოადგენს ტრილოგია, რომელსაც თავად უწოდებს “გრძელ მე-19 საუკუნეს” – (1. რევოლუციის ხანა: ევროპა 1789-1848 წლებში; 2. კაპიტალის ხანა: 1848-1875 წწ.; 3. იმპერიის ხანა: 1875-1914 წწ.).  ასევე, მისი ძალიან ცნობილი წიგნია “უკიდურესობების ხანა” მოკლე მეოცე საუკუნეზე და დარედაქტირებული თავი, რომელშიც შემოიტანა გავლენიანი იდეა „გამოგონებული ტრადიციების“ შესახებ (1983 წ).

ერიკ ჰობსბაუმის ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაციაა – “იმპერიის შესახებ: ამერიკა, ომი და გლობალური ძალაუფლება.”

ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

© European.ge

მე–20 საუკუნე კარგა ხანია მიიწურა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ვერც 21–ე საუკუნეში ცხოვრება და სულ მცირე, ვერც მის შესაბამისად აზროვნება. ეს არ უნდა იყოს ისეთი ძნელი, როგორიც ჩანს, რადგან ფუნდამენტური იდეა, რომელიც დომინირებდა გასულ საუკუნეში, ღიად გაქრა და ისტორიას ჩაბარდა. ეს გახლდათ ფიქრი თანამედროვე ინდუსტრიული ეკონომიკების ან ნებისმიერი ეკონომიკების შესახებ, ორი ურთიერთგამომრიცხავი და დაპირისპირებული მიმდინარეობის: კაპიტალიზმისა და სოციალიზმის თვალსაზრისით.

ჩვენ გამოვიარეთ ისეთი პერიოდი, სადაც ვცდილობდით აღნიშნული მიმდინარეობების – საბჭოთა სტილის ცენტრალური გეგმიური ეკონომიკური წყობა და მთლიანად უკონტროლო და შეუზღუდავი თავისუფალი საბაზრო კაპიტალისტური ეკონომიკა – პრაქტიკაში წმინდა ფორმით განხორციელებას. გამოვცადეთ 1980–იანი წლების პირველი კრახი და მასთან ერთად ევროპული კომუნისტური სისტემის დაცემაც. მეორე კრახი მოხდა ჩვენს თვალწინ, რომელიც 1930–იანი წლების გლობალური კრიზის შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრახს წარმოადგენს. ზოგიერთ ასპექტში ეს კრიზისი 1930–იანი წლებზეც ძლიერიც იყო, რადგან ეკონომიკის გლობალიზაცია ისეთი განვითარებული არ იყო მაშინ, როგორც ახლა და მაშინდელმა კრიზისმა გავლენა არ იქონია საბჭოთა კავშირის გეგმიურ ეკონომიკაზე. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორი მძიმე და ხანგრძლივი შედეგები ექნება უკანასკნელ კრიზისს, მაგრამ ისინი ნამდვილად მიანიშნებენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დასასრულზე, ეკონომიკის რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში და მის მთავრობებში მარგარეტ ტეტჩერისა და პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მოსვლის შემდეგ გავრცელდა.

მაშასადამე, უუნარობა ვლინდება ორივე მიმდინარეობის მომხრეებს შორის. მათში, რომელთაც სჯერათ წმინდა, ნაკლები სახელმწიფო როლის მქონე საბაზრო კაპიტალიზმის სისტემისა, რომელიც საერთაშორისო ბურჟუაზიული ანარქიზმის ერთ–ერთი სახეობაა, და აგრეთვე ვლინდება მათშიც, რომლებიც სრულად დისტანცირდებიან კერძო მოგებაზე ორიენტირებისგან და სწამთ გეგმიური სოციალისტური ეკონომიკის. ორივე მათგანი გაკოტრებულია. მომავალი, ისევე როგორც წარსული და აწმყო, ეკუთვნის შერეული ტიპის ეკონომიკებს, სადაც საზოგადო და კერძო საკუთრებები სხვადასხვა გზებით გადაჯაჭვულნი არიან ერთმანეთთან. ისმის კითხვა, კი მაგრამ როგორ? დღეს ეს ყველას პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა განსაკუთრებით მემარცხენეებში იჩენს თავს.

სერიოზულად არავინ განიხილავს საბჭოთა კავშირის ტიპის სოციალიზმის დაბრუნებას – არა მხოლოდ მათი პოლიტიკური შეცდომების გამო, არამედ, მათი ნელი და არაეფექტური ეკონომიკის გამოც – თუმცა, ამან არ უნდა მიგვიყვანოს მათი გასაოცარი სოციალური და საგანმანათლებლო მიღწევების დაუფასებლობამდე. მეორე მხრივ, გასულ წლამდე, როცა მსოფლიო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ჩამოიშალა, ჩრიდოლეთისა და ავსტრალიის მდიდარი ქვეყნების სოციალ-დემოკრატიული პარტიები, ანდა სხვა ზომიერი მემარცხენე პარტიებიც კი თავიანთ წარმატებებს უკავშირებდნენ თავისუფალ საბაზრო კაპიტალიზმს. მართლაც, საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, მსგავსი ტიპის პარტიების არცერთ ლიდერს არ განუცხადებია, რომ კაპიტალიზმი მიუღებელია. არცერთი პარტია ისეთი ერთგული არ იყო ამ სისტემის მიმართ, როგორც ბრიტანელი ახალი ლეიბორისტები. მათი ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, ტონი ბლერი და გორდონ ბრაუნი (2008 წლის ოქტომბრამდე) გადაჭარბების გარეშე შეიძლება დახასიათდნენ, როგორც ტეტჩერი შარვალში. იგივე ითქმის ამერიკის დემოკრატიული პარტიის შესახებაც.

1950–ანების შემდეგ ლეიბორისტების ძირითადი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ სოციალიზმი არ იყო აუცილებელი, რადგან კაპიტალისტურ სისტემას შეეძლო აყვავების იმედი ჰქონოდა და უფრო მეტი სიმდიდრე გამოემუშავებინა, ვიდრე სხვა სისტემას, ხოლო ყველა სოციალისტის საზრუნავი უნდა ყოფილიყო მისი სამართლიანი გადანაწილება. მაგრამ, 1970–ანი წლების შემდეგ გლობალიზაციის დაჩქარებულმა ტემპებმა ეს მიზანი უფრო და უფრო გაართულა და ლეიბორისტული პარტიისა და სხვა სოციალ–დემოკრატიული პარტიების ტრადიციული პოლიტიკები და საფუძვლები მთლიანად შეცვალა. 1980–იან წლებში ბევრი თანხმდებოდა, რომ თუ ლეიბორისტების გემი არ იქნებოდა საფუძველი, რისი შესაძლებლობებიც იმ დროს იყო, მაშინ ის უნდა განახლებულიყო.

მაგრამ, ის არ განახლებულა. ტეტჩერისეული ეკონომიკური აღორძინების გავლენის ქვეშ მყოფმა ლეიბორისტებმა, 1997 წლის შემდეგ აღიარეს ახალი იდეოლოგია, უფრო სწორედ თუ ვიტყვით, თეოლოგია, რომელიც მთლიანად ეყრდნობოდა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტალისტურ პრინციპებს. ბრიტანეთმა მოახდინა ბაზრების დერეგულაცია, მაღალი შემოთავაზების მქონე მყიდველებზე გაყიდა მისი ინდუსტრიები, შეწყვიტა ექსპორტის წარმოება (გერმანიის, საფრანგეთისა და შვეიცარიისგან განსხვავებით) და მთლიანი რესურსი ჩადო იმაში, რომ გამხდარიხო გლობალური ფინანსური ცენტრი და სამოთხე ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ მსოფლიო კრიზისის გავლენები ფუნტ–სტერლინგსა და ბრიტანულ ეკონომიკაზე შეიძლება უფრო კატასტროფული იყოს, ვიდრე დასავლეთის სხვა წამყვანი ეკონომიკების ქვეყნებზე, ხოლო კრიზისიდან სრული განკურნება შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს.

თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ყველაფერი ახლა დასრულდა. თავისუფლად შეგვიძლია დავუბრუნდეთ შერეულ ეკონომიკას. ლეიბორისტების ძველი ხელსაწყოების გამოყენება კვლავ შესაძლებელია – ყველაფერი დამოკიდებულია ნაციონალიზაციაზე – ამიტომ, მოდით გამოვიყენოთ ის ხელსაწყოები ისევ, რომლებზეც ლეიბორისტებს არც კი უთქვამთ უარი, მაგრამ ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ვიცით რა მოვიმოქმედოთ მათთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ როგორ დავძლიოთ მიმდინარე კრიზისი. არცერთი ქვეყნის მთავრობამ, ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ არ იცის ეს. ისინი გვანან ბრმა ადამიანს, რომელიც ლაბირინთიდან გამოსვლას კედელზე სხვადასხვა ტიპის ჯოხის დაკაკუნებით ცდილობს, იმ იმედით, რომ გამოსავალს იპოვის. გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამდენაც არიან დამოკიდებულები სხვადასხვა მთავრობები და გადაწყვეტილების მიმღები პირები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებებზე, რომლებიც მათ ათწლეულების განმავლობაში თავს კარგად აგრძნობინებდა. მართლა განვთავისუფლდით კი იმ შეფასებისგან, რომ კერძო სარგებელზე ორიენტირებული საწარმო ყოველთვის კარგია, რადგან უფრო ეფექტურად აკეთებს საქმეს? უნდა იყოს თუ არა ეს ბიზნეს ორგანიზაცია და მისი ანგარიშწარმოება მაგალითი განათლების, კვლევებისა და საჯარო სექტორებისთვის? განვთავისუფლდით კი იმ შეფასებისგან, რომ სუპერ მდიდრებსა და სხვა ყველა დანარჩენს შორის მზარდი ნაპრალი ბევრს არაფერს ნიშნავს და ყველა სხვის (ღარიბების უმცირესი რაოდენობის გარდა) მდგომარეობა ცოტათი უფრო უკეთესი ხდება? რომ ერთადერთი რაც ქვეყანას სჭირდება, ნებისმიერ ვითარებაში, ეკონომიკური ზრდა და კომერციული კონკურენტუნარიანობაა? მე ასე არ ვფიქრობ.

თუმცა, პროგრესულ პოლიტიკას სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე ბოლო 30 წლიანი ბზარი ეკონომიკურ და მორალურ ვარაუდებთან. მას უნდა დაუბრუნდეს იმის რწმენა, რომ ეკონომიკური ზრდა და მის მიერ მოტანილი დოვლათი საშუალებაა და არა მიზანი. მიზანი არის, თუ რას აკეთებს ის ადამიანების სიცოცხლისთვის, იმედებისა და ცხოვრების შანსებისთვის. შეხედეთ ლონდონს. რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ლონდონის ეკონომიკური აღორძინება. მაგრამ, კაპიტალის ჯიბეში დაგროვებული უზარმაზარი სიმდიდრის ტესტი არის არა ის, რომ ის ხელს უწყობს ბრიტანეთის მშპ–ს 20-30%-ს, არამედ, თუ როგორ გავლენას ახდენს ის იმ მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ და მუშაობენ. როგორი ტიპის ცხოვრება არის მათთვის ხელმისაწვდომი? შეუძლიათ მათ აქ ცხოვრება? თუ მათ ეს არ შეუძლიათ, ეს არ არის იმის კომპენსაცია, რომ ლონდონი არის სამოთხე ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის. შეუძლიათ თუ არა მათ იშოვონ ღირსეულად ანაზღაურებადი სამსახური ან თუნდაც უბრალოდ სამსახური? თუ მათ ეს არ შეუძლიათ, ნუ დაიკვეხნით მიჩელინის ვარსკვლავიანი (Michelin-starred)* რესტორნებითა და მათი თვით-დრამატიზებული შეფ-მზარეულებით. რას იტყვით ბავშვთა სკოლებზე? მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის უნივერსიტეტებს იმდენი ნობელის ლაურეატის აღზრდა შეუძლიათ, რომ ფეხბურთის გუნდსაც კი შეკრავენ მათგან, ეს არ ამართლებს არასრულფასოვანი სკოლების არსებობას.

პროგრესული პოლიტიკის ტესტი არა კერძო, არამედ საჯაროა. ინდივიდებისთვის არა მხოლოდ შემოსავლებისა და მოხმარების ზრდაა, არამედ შესაძლებლობების არეალის გაფართოებაა, რასაც ამარტია სენი უწოდებს კოლექტიური ქმედებების შედეგად ყველასთვის „შესაძლებლის“ უზრუნველყოფას. მაგრამ ეს გულისხმობს, რომ ის უნდა გულისხმობდეს საზოგადო არაკომერციულ ინიციატივებს, თუნდაც მხოლოდ კერძო დაგროვების გადანაწილების შემთხვევაში. საჯარო გადაწყვეტილელები მიზნად ისახავენ კოლექტიური სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლისგანაც ყველამ უნდა ისარგებლოს. ეს არის პროგრესული პოლიტიკის საფუძველი და არა ეკონომიკური ზრდის და პერსონალური შემოსავლების მაქსიმიზაცია. არსად არ იქნება ეს ისეთი მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდ პრობლემასთან, გარემოს კრიზისთან ბრძოლის დროს. როგორი იდეოლოგიური ლოგოც არ უნდა ავირჩიოთ ამისთვის, ის აუცილებლად იგულისხმებს დიდ ცვლილებას თავისუფალი ბაზრიდან საჯარო, საზოგადო ქმედებამდე, იმაზე დიდ ცვლილებას, ვიდრე ეს ბრიტანეთის მთავრობას ოდესმე უნახავს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკური კრიზისის სიცხარეს, ჩვენ გვჭირდება საკმაოდ სწრაფი ცვლილებები. დრო ჩვენს მხარეს არ არის.

 

შენიშვნა:

*ფრენკ და ედუარდ მიჩელინები – ფრანგი ინდუსტიალისტები;

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ