ენერგეტიკული პოლიტიკა – საფრთხე ეკოლოგიურ-სოციალური გარემოსათვის

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

თეზისები მდგრადი ელექტროენერგეტიკისთვის  

                  

„ბუნების პეიზაჟთა მშვენებას ვანადგურებთ, რადგან მის სიდიადეს ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია,იმაზეც კი ვართ წამსვლელები, რომ მზე და ვარსკვლავები ჩავაქროთ იმ მიზეზით, რომ ჩვენთვის დივიდენდები არ მოაქვთ.“

                                                                                                                    ჯონ მეინარდ კეინსი

„წყალნი მთით დაქანებულნი, უფსრულში იკარგებიან ,

თერგი რბის, თერგი ღრიალებს, მთანი ბანს ეუბნებიან = 100მეგავატს“

                                                                                                             პოსტი ფეისბუქში

 

გარემოსდამცველთა და ენერგეტიკოსთა კონფლიქტი საქართველოში ახალი ამბავი არ გახლავთ: ის 1988 წელს დაიწყო ხუდონჰესთან დაკავშირებით, *  და დღემდე მისი არათუ შინაარსი არ შეცვლილა, ნახსენები კონკრეტული პრობლემაც კი გადაუჭრელი დარჩა.

პოლიტიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა. ახლანდელმა მთავრობამ, ენერგეტიკის სამინისტროს სახით, იგი პრაქტიკულად უკრიტიკოდ მიიღო და ცდილობს, განახორციელოს წინა – ლიბერტარიანული იდეოლოგიის მქონე მთავრობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტი  – „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ (იხ. ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი).

რას აცხადებს ეს სტრატეგია?

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მთავარი მიმართულებაა ჰიდრორესურსების ეფექტიანად ათვისება ყველა შესაძლო მიმართულებით – მცირე და მძლავრი კომპლექსების მშენებლობით, პრივატიზება -დერეგულაციით. ჰიდრორესურსებით ელექტროენერგიაზე ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრული(100%) დაკმაყოფილება და ელექტროენერგიის ექსპორტი“.

რას ითვალისწინებს – რის ხარჯზე უნდა განხორციელდეს ეს სტრატეგია?

-ხუდონჰესის (სვანეთი) დამთავრება; ონის კასკადის (რაჭა) მშენებლობა; ნამახვანის (ლეჩხუმი მ შენებლობა; ჭოროხის (აჭარა), თერგის (ხევი) და არაგვის ჰიდროპოტენციალის ათვისება და ა.შ.(40-ზე მეტი ჰესი)…  მოკლედ, სახეზეა საქართველოს მთიანეთის ტოტალური დატბორვა-ათვისების გეგმა – ახალი „გოელრო“, რომელსაც სამწუხაროდ, მწვანე შუქს უნთებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების (?) სამინისტო და ვერ ეწინააღმდეგება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

მე აქ არ შევჩერდები იმ უარყოფით ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ და სოციალურ -კულტურულ შედეგებზე, რასაც ამ პროექტების სრულმასშტაბიანი განხორციელება უქადის მცირემიწიან საქართველოს. ეს ცხადია არათუ ეკოლოგებისათვის, გეოლოგებისათვის ან სოციოლოგებისათვის, არამედ უბრალოდ საღად მოაზროვნეებისათვისაც. ამის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა და კიდევ ბევრი ითქმება დაიწერება.

მე მინდა ვიმსჯელო მხოლოდ არსებული ენერგეტიკული პოლიტიკის მცდარობაზე, რაც არის პრობლემის მთავარი მიზეზი და იმ ორიენტირებზე, რისკენაც უნდა შეიცვალოს ენერგოსტრატეგია.

როგორია დღეს საქართველოში ელექტრომოხმარება და წარმოება, მასზე მოთხოვნის პროგნოზი?

ქვემოთ მოტანილია მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემების საფუძველზე შედგენილი ცხრილი.

ქვეყანა ელექტრომოხმარება კვტ.სთ/1 სულზე GDP $/1 სულზე ენერგოეფექტურობა $/კვტ.სთ
საქართველო

1743

2614

1,49

სომხეთი

1606

3031

1,88

აზერბაიჯანი

1603

5843

3,64

რუსეთი

6452

10447

1,61

თურქეთი

2403

10050

4,18

ბულგარეთი

4476

6335

1,41

რუმინეთი

2392

7670

3,20

მოლდოვა

1049

1632

1,55

ბელარუსი

3564

5818

1,63

ლიტვა

3026

11046

3,65

ჩეხეთი

6321

18910

2,99

ბელგია

8387

43007

5,12

დანია

6327

56486

8,92

საფრანგეთი

7729

39170

5,06

შვეიცარია

8173

70573

8,63

იტალია

5384

33787

6,27

პარაგვაი

1134

2840

2,50

ბოლივია

616

1979

3,21

გვატემალა

1134

2873

2,53

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ საქართველოში სულაც არ არის კატასტროფული მდგომარეობა და იმასაც, რომ ის საკმაოდ არაეფექტიანად მოიხმარება, ანუ არის საკმაო რეზერვი. როგორც ვხედავთ, 2010 წელს საქართველოში 1 სულ მოსახლეზე მოიხმარებოდა უფრო მეტი ელექტროემერგია, ვიდრე სომხეთში ან აზერბაიჯანში. მართალია, ის ჩამორჩებოდა დანარჩენ მეზობლებს მოხმარებით-რუსეთს-3.7ჯერ, თურქეთს-1.3ჯერ, რუმინეთს-1,3ჯერ, ბულგარეთს-2.5ჯერ-ამავე დროს მეზობლებს შორის და მსოფლიოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია ენერგოეფექტიანობით-1კილოვატ/საათ მოხმარებულ ელექტოენერგიაზე საქართველოში იწარმოებოდა მხოლოდ 1,49 $ ერთობლივი შიდა პროდუქტი, აზერბაიჯანში კი-3,63 $; სომხეთში-1,88 $; თურქეთში-4,18 $; რუმინეთში-3,20 $ და ა.შ., ხოლო იტალიაში-8,63 $; დანიაში-8.92$.

გენერირებული(წარმოებული) ელექტროენერგიის(10,1 მილიარდი კილოვატსაათი 2010წელს)** დანაკარგების მხრივაც საქართველო ერთ-ერთ პირველთაგანია მსოფლიოში. შეგვიძლია შევადაროთ:2004 წელს გენერირებული ელექროენერგიის დანაკარგები საქრთველოში შეადგენდა 15,5%, უზბეკეთში-8,8%, ლიტვაში-6,7%, ფინეთი-3,5%, ლუქსემბურგი-1,4% (2009 წლისათვის საქართველოს მაჩვენებელი 1,5-2%-ით გაუმჯობესდა).საინტერესოა, რომ მაგალითად „თელასის“ მოხმარების სტრუქტურაში დაახლოებით 30% დანაკარგებია. ცალკე თემაა დამზოგველი ტექნოლოგიების გამოყენება-როგორც ექსპერტები მიგვითითებენ-მხოლოდ ნათურების თანამედროვეთი შეცვლა დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც თითოეულ მომხმარებელს, ისე ქვეყანას. ჩანს, რომ რეზერვები აქ დიდია. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია,რომ „სამთავრობო სტრატეგიაში“ მხოლოდ ორი წინადადებაა ენერგიის ეფექტიანად გამოყენებაზე და აქედან ერთი გაუგებარია.

რა შეიძლება ითქვას წარმოებული ელექტროენერგიის სტრუქტურაზე?

დღეისათვის საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიაში ჰიდროელექტროენერგიის წილი ძალიან მაღალია-2010 წელს ის შეადგენდა 92% დანარჩენი კი თბოენერტგიაზე (გაზი) მოდიოდა.

როგორია  მსოფლიო ტრენდები ამ ასპექტით?

2011წელს მსოფლიოში ჰიდროენერგიის წილი შეადგენდა მხოლოდ 16,3 %(განახლებადში-80%). მათ შორის, ჰიდროელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში შეადგენდა: საფრანგეთში-11%; ფინეთში-18%; შვეიცარიაში-40%; შვეციაში-43%.

რაც შეეხება პროგნოზებს-ჩვენი მთავრობის მიერ დაქირავებული ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ,რომ ნორმალური ეკონომიკური ზრდისა და ელენერგიის გარკვეული ინტენსივობითმოხმარების შემთხვევაში(ერთობლივი შიდა პროდუქტის 0,1 ელასტიურობის კოეფიციენტით)  ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შესაძლებელია დაკმაყოფილდეს არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის ხარჯზეც კი.

მაშ რა არის მიზეზი ამ დარგის ასე წინმსწრები ტემპით გაზრდის დაუოკებელი სურვილისა?

ჩემ აზრით, მიზეზი რამდენიმეა:

-ელექტრენერგიის დეფიციტის წარმოქმნის შიში(ენერგოუსაფრთხოება)

-საექსპორტო პროდუქტის შექმნის სურვილი(პირდაპირი გაგებით-ჩვენი მიწაწყლის ხარჯზე?!)

-კორპორაციული(ბიზნეს) ინტერესების პრევალირება

-არაკომპეტენტურობა-დარგის განვითარების პრიორიტეტების ვერ შეფასება

ზემოთ მოყვანილი მეტად ზოგადი ანალიზიც ცხადყოფს, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს დღევანდელი მთავრობის ხედვები და გეგმები საქართველოს ენერგოსექტორის გასავითარებლად.

როგორია ჩვენი ზოგადი შეფასებები და ხედვები საქართველოს ელექტროენერგეტიკის მდგრადი განვითარების პოლიტიკისათვის?

1.ზოგადად ენერგეტიკა (ენერგეტიკული პროექტები) უნდა იყოს ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოციალურად მისაღები,დაბალანსებული, ჰარმონიზებული და განგრძობადი. ენერგოწარმოება არ შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ კომერციული, მონეტარული, თუნდაც ეკონმიკური კრიტერიუმებით.

2.საქართველოს ელექტროენერგეტიკა  ვერ და არ უნდა იყოს მონორესურსული-მხოლოდ ჰიდრორესურსებზე ორიენტირებული(100%?!). საქართველოს პოტენციური ჰიდრორესურსი ვერ იქცევა სრულ ელექტროპროდუქტად სხვადასხვა ეკონომიკურ-ეკოლოგიურ-სოციოკულტურულ მიზეზთა გამო.

3.თუ ელექროენერგეტიკისათვის გამოსადეგი-დასაშვები ჰიდრორესურსების შერჩევა და ჰესების პროექტირება მოხდება მდგრადობის კრიტერიუმებით, აღმოჩნდება, რომ საქართველო არც ისე“მდიდარია წყლის ენერგორესურსებით“ (მიიჩნევა რომ დღეისათვის ათვისებულია ჰიდროენერგოპოტენციალის მხოლოდ 18%).

4.საერთოეროვნული ბუნებრივი სიმდიდრე -წყალი არ შეიძლება ყველა შემთხვევაში გახდეს კერძო სარგებლობის და მით უფრო, დასაკუთრების საგანი.

5. უნდა მოხდეს გარკვეული(სრატეგიული) ენერგოობიექტების ნაციონალიზაცია, ხოლო წყლითსარგებლობა-სათანადოდ დაიბეგროს.

6.ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში გამიზნული უნდა იყოს უმთავრესად საკუთარი-შიგა მოხმარებისათვის და მხოლოდ სეზონური ნამეტი-ექსპორტისათვის.

7.საქართველოს ენერგეტიკა არის უკიდურესად არაეფექტიანი, არადამზოგველი, რაც უნდა განვიხილოთ ,როგორც ძალიან მნიშვნელოვანი რეზერვი.

8.უნდა მოხდეს ენერგოდამზოგველი პოლიტიკის პროგრამების შემუშავება-იმპლემენტაცია, მათ შორის კანონმდებლობით- რეგულაციებით, ეკონომიური სტიმულებით, სწავლება-პროპაგანდით და სხვ.***

9.დროა  მიმდინარეობდეს  სერიოზული მუშაობა ელექროენერგიის ისეთ განახლებად წყაროებზე, როგორიცაა-ქარის, მზის, ბიომასის, გეოთერმული, ზღვის ენერგიები.

(საქართველოს აქვს პოტენცია გამოიმუშაოს მზის ენერგია-108 მეგავატი; ქარის ენერგია-4 მილიარდი კვტსთ წელისადში; მაღალი ხარისხისაა გეოთერმული რესურსი და ა.შ.)

ჩვენ მინიმუმ 20-25 წელიწადი დვკარგეთ. სჯობს კიდევ შევყოვნდეთ, თუნდაც ერთი წელი, გამოცხადდეს მორატორიუმი ახალ(ზოგიერთ დაწყებულ) მშენებლობებზე და მთავრობამ შეიმუშაოს ახალი -მდგრადი ენერგოსტრატეგიის შესაბამისი პოლიტიკა.

დავით ადეიშვილი

ეკონომიკის დოქტორი

სტატია პირველად გამოქვეყნდა გაზეთ ”რეზონანსში” 25.04.2013

———————                                                                         

*იხ. ჩვენი სტატია “დეფიციტი თუ ეკოციდი“, გაზ. „თბილისი“,1თებერალი,1989წ.

** გამოყენებული რიცხვები მოტანილია ოფიციალური წყაროებიდან

***გაანგარიშებულია, რომ 1კვტსთ ენერგიის დაზოგვა ექვივალენტურია 1,19 კვტსთ გენერირების ეკონომიისა-დისტრიბუციაში დანაკარგების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დავზოგავდით წარმოებული ენერგიის  6-6,5% – ეს დაახლოებით ექვივალენტური იქნებოდა მშენებარე „დარიალჰესისა“

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.