მანუელ მუნიზი: ეკონომიკური ზრდა საკმარისი აღარ არის

Share on Facebook27Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

news-manuel-muñiz-law-students-democracy

► ავტორი: მანუელ მუნიზი – IE საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბელფერის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის უფროსი მეცნიერი

► თარგმნა ანა დვალმა

► სტატია თარგმნილია „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში.  

© European.ge

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაკროეკონომიკური მონაცემები, შესაძლოა, დამაბნეველიც კი იყოს მათი იზოლირებულად განხილვის შემთხვევაში, მაგრამ თუ მონაცემებს კოლექტიურად განხილავთ, ისინი სამწუხარო რეალობას გვაჩვენებენ.  თუ სიმდიდრის წარმოებისა და გადანაწილების სქემები არ შეიცვლება, პოლიტიკური რყევები, რომლებიც უკანასკნელ წლებში შეინიშნება, კიდევ უფრო გამძაფრდება.

მაგალითად, განვიხილოთ ხელფასები და დასაქმება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში საშუალო ხელფასი შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები გაუმკლავდნენ 2008 წლის ფინანსურ კრიზისს; გაიზარდა მათი მშპ და სამუშაო ადგილების რაოდენობა.

მეტიც, დასაქმების მაჩვენებლის ზრდამ ვერ შეაჩერა ხელფასების წილის კლების ტენდენცია საერთო ეროვნულ შემოსავლებში და პირიქით,  2008  წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაგროვილი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი მდიდრების ხელში აღმოჩნდა. სწორედ ამით აიხსნება განვითარებული ეკონომიკების უმრავლესობაში მოხმარების დაბალი მაჩვენებელი და უკიდურესად ლიბერალური მონეტარული პოლიტიკის მარცხი, ინფლაციის პირობებში ზრდის წასახალისებლად.

დასაქმებაც, როგორც ჩანს, ანალოგიური გზით ვითარდება.  სამუშაო ადგილების შექმნა ისტორიული განვითარების ლოგიკის შესაბამისად არ ხდება. მაგალითად, დასაქმების ზრდა ხდება მაღალ ან დაბალკვალიფიციური  სამუშაოსა და არა საშუალო კვალიფიციური სამუშაოს ხარჯზე.  იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც ცოტა ხნის წინ დასავლურ საშუალო კლასს წარმოადგენდა,  დღეს საშუალოზე დაბალ ან დაბალ კლასს მიეკუთვნება და ეკონომიკურად უფრო მეტად არასტაბილურ გარემოში ცხოვრობს, ვიდრე მანამდე ცხოვრობდა.

პროდუქტიულობის ზრდა ასევე პოლარიზებული გახდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პროდუქტიულობა წამყვან ფირმებში, რომლებშიც კომპანიების ტოპ 5 % იგულისხმება პროდუქტიულობის ზრდის მიხედვით – გაიზარდა მესამედით, მაშინ როდესაც კერძო სექტორის დანარჩენ ნაწილში პროდუქტიულობის ზრდა თითქმის არ შეინიშნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიების მცირე ნაწილმა მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტურობა, მაგრამ ეს მოგება თითქმის არ ასახულა ეკონომიკაზე ფართო მასშტაბით.

ამ ტენდენციების მიზეზები გაუგებარია, თუმცა ახალი ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული ქსელური ეფექტები უდავოდ შედის ამ მიზეზთა რიცხვში.

მაკრო დონეზე, აშშ-ს მთლიანი პროდუქტიულობა 1970-იანი წლების შემდეგ 250%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც საათობრივი ანაზღაურება არ გაზრდილა. ეს არა მხოლოდ პროდუქტიულობის ზრდის მცირე კომპანიების ხელში კონცენტრაციაზე მიუთითებს, არამედ იმაზეც, რომ   პროდუქტიულობასა და შრომითი ბაზრის შემოსავლებს შორის პირდაპირი კავშირი აღარ არსებობს. ამის ფუნდამენტური შედეგი ისაა, რომ ხელფასები რედისტრიბუციაში ცენტრალურ ადგილს აღარ იკავებს, როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, კაპიტალის პროდუქტიულობის მოგება არ აისახება საშუალო შემოსავალზე და არ იწვევს მის ზრდას.  ეს კი სოციალური კონტრაქტის დარღვევას წარმოადგენს, რომელსაც  ეფუძნება ლიბერალური ეკონომიკა.

უნდა აღინიშნოს,  რომ მსოფლიოში არსებული ეკონომიკების დიდი ნაწილი სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, ამ ცვლილებების ფონზე კი დაირღვა „სამუშაო ადგილები – პროდუქტიულობა – შემოსავალის“ სამკუთხედის ბალანსი. პარადიგმის ასეთმა ცვლილებამ დასავლეთში საშუალო კლასის ეროზია და პრეკარიატული  კლასის ზრდა გამოიწვია. პრეკარიატი ახალი სოციო-ეკონომიკური კლასია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ უმუშევრებს, არამედ არაფორმალურად ან დროებით დასაქმებულებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სტაბილური სამსახური.

უამრავი მტკიცებულება აღწერს, რომ არსებობს მყარი კავშირი დასავლეთში ეკონომიკური არასტაბილურობის აღქმასა და ანტიელიტურ განწყობებს, პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და უმცირესობებზე თავდასხმებს შორის. პოლიტიკური პოპულიზმის ახსნა შეუძლებელია, თუ ამ ეკონომიკური პათოლოგიების გავლენას არ გავითვალისწინებთ რიგით ამერიკელ და ევროპელ დასაქმებულებზე.

იმისთვის, რომ ავხსნათ, თუ რატომ მოხდა მოსალოდნელი ეკონომიკური ტრაექტორიიდან გადახრა, საკმარისია შევხედოთ სამუშაო ადგილებზე ტექნოლოგიების გავლენას. მოწინავე ტექნოლოგიებმა, განსაკუთრებით მოწინავე კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა და რობოტებმა, შესაძლებელი გახადეს პროდუქტიულობის ზრდა ხელფასების ზრდის გარეშე. შესაბამისად, პროდუქტიულობის ზრდის შედეგად მიღებული მოგების დიდ ნაწილს ამ ტექნოლოგიების მფლობელები იღებენ.

რუტინული სამუშაოების ავტომატიზაცია იწვევს შრომის ბაზრის პოლარიზებას. რჩება ისეთი სამუშაო ადგილები, რომელთა ავტომატიზაციაც რთულია და დასაქმებულისგან მოითხოვს ძალიან მცირე უნარებს; ან სამუშაო ადგილები, რომელთა ავტომატიზაციაც ასევე რთულია და მოითხოვს ძალიან მაღალკვალიფიციურ ცოდნას. ეს უკანასკნელი გაცილებით ნაკლები რაოდენობით გვხვდება, ვიდრე დაბალკვალიფიციური სამუშაოები და ძირითადად, წამყვან ფირმებში, რომლებსაც ტექნოლოგიური უპირატესობების ხარჯზე შეუძლიათ თავიანთი კონკურენტები უკან ჩამოიტოვონ და ახალი ბაზრები აითვისონ.

ამას მივყავართ ჩვენი ეპოქის ცენტრალურ კითხვამდე: როგორ უნდა გაუმკლავდნენ პოლიტიკური ლიდერები იმ ფაქტორებს, რომლებსაც სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები იწვევს და ამასთან, უზრუნველყონ ეკონომიკური და პოლიტიკური მდგრადობა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ უნდა შევქმნათ ახალი სოციალური კონტრაქტი ციფრულ ერაში?

მკურნალობა უფრო რთულია, ვიდრე დიაგნოზის დასმა. მაგალითად, გაუგებარია, რამდენად არის შესაძლებელი არსებული ტენდენციების შეცვლა ძველი, ტრადიციული მეთოდებით. „სტრუქტურული რეფორმებისა“ და ვიწრო მაკროეკონომიკური პოლიტიკის წახალისებამ, რომელიც მიზნად პროდუქტიულობის გაზრდას დაისახავს, შესაძლოა, დასავლელი დასაქმებულები აიძულოს, უფრო მეტად შევიდნენ კონკურენციაში ტექნოლოგიებთან; ეს კი არასტაბილურობის ზრდას გამოიწვევს. შესაძლოა, ამჟამინდელ ეკონომიკურ მოდელს ზრდა მხოლოდ ჯამურ დონეზე შეუძლია, მაშინ როცა იგი ადამიანთა უმეტესობის საცხოვრებელ სტანდარტებს აუარესებს.

დებატები პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ახლახანს დაიწყო. ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება მოითხოვს განათლებისა და საგადასახადო სისტემების რეფორმას, საგადასახადო ტვირთის დასაქმებულებიდან კაპიტალზე გადატანას. დასავლურმა ქვეყნებმა უნდა შექმნან გადანაწილების ახალი მექანიზმები ეკონომიკაში ხელფასების კლებადი როლის შესავსებად.

მონაცემები ამ რეფორმების აუცილებლობას ადასტურებს. თუ დასავლელი ლიდერები შეაჩერებენ და საბოლოო ჯამში გაუმკლავდებიან მათ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ რყევებს, მათ არ დარჩებათ სხვა გზა გარდა იმისა, რომ ახალი, ინკლუზიური ზრდის მოდელი შეიმუშავონ.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის შინაარსა და თარგმანზე პასუხისმგებლობა ეკისრება „საზოგადოებრივ კვლევის ცენტრს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

Share on Facebook27Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.