“ეკონომიკური თავისუფლების აქტი” და აბსურდით შენიღბული მავნებლობა

mishaავტორი: პაატა გურგენიძე.

© European.ge

„ძნელია კაცს გააგებინო რამე, როცა მისი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, რომ მან ეს რამე ვერ გაიგოს“

– აპტონ სინკლერი (1878-1968)

ეკონომიკური თავისუფლებისა და სუვერენიტეტის შეზღუდვა საქართველოში

შესავალი

სააკაშვილის პირმშო „ეკონომიური თავისუფლების აქტი“ დღეს ბევრნაირ ჭრილში განიხილება. მისი ერთ-ერთი კრიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე მის მიერ დაწესებული შეზღუდვები და გადასახადების ზრდის ფაქტობრივი აკრძალვა ანტიდემოკრატიულია. თუკი პარლამენტს არ შეეძლება საბიუჯეტო/ფისკალური პოლიტიკის შეცვლა, მაშინ რაღაში არის საჭირო არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები?

კონსტიტუციის ორგანულ კანონად ქცეული „თავისუფლების აქტის“ კრიტიკის მეორე მიმართულებაა მის მიერ დამკვიდრებული „მცირე მთავრობის“ და „ქამრების შემოჭერის“/მომჭირნეობის პოლიტიკების დაწუნება. მცირე მთავრობის იდეა მიმზიდველია მხოლოდ მდიდრებისათვის, რომლებიც მოგებული რჩებიან სოციალური პროგრამების შეკვეცით და გადასახადების გაზრდის აკრძალვით. ჩვეულებრივ ამგვარ კრიტიკას მიაწერენ მემარცხენე ძალებს.

სააკაშვილის მომხრე და ლიბერტარიანული ლექსიკონით მოსარგებლე „მოლაპარაკე თავებს“ ორსავე ამ კრიტიკაზე აქვთ მეტნაკლებად ზედაპირული პასუხები. მათი აზრით, „აქტი“ სწორედაც რომ დემოკრატიულია, რამდენადაც რეფერენდუმს მოითხოვს გადასახადების გასაზრდელად. მეორეს მხრივ, იგი ფისკალური პოლიტიკის ცვლილებისა და  მაკროეკონომიკური პარამეტრებზე დაწესებული ზღვრების დარღვევის საშუალებასაც იძლევა რეცესიების პერიოდში. რაც შეეხება „მომჭირნეობის“ პოლტიკის დამკვიდრების კრიტიკას, მათი პასუხია დასავლეთზე აპელირება. აი ევროპა ხომ ატარებს მომჭირენეობის პოლიტიკასო, ამბობენ ისინი.

მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფლების აქტის“ ორივე ზემოხსენებულ კრიტიკას ვეთანხმები, სტატიაში მსჯელობა სხვა მიმართულებით წარვმართე. საკითხის შესწავლამ მიჩვენა, რომ „თავისუფლების აქტის“  ავტორებს შეიძლება აწყობდეთ კიდეც, რომ მათი შემოქმედება  მონათლულ იყოს დასავლეთიდან იმპორტირებულ „მცირე მთავრობის“ პოლიტიკად. რეალურად  სააკაშვილის მიერ კოსტიტუციურად გამყარებული ახალი წესები არ შეესაბამება არც ერთ ეკონომიკურ თეორიას და არც ერთი ქვეყნის პრაქტიკას. მეტიც, თვითონ საააკაშვილი, თავისი მმართველობის პერიოდში (განასაკუთრებით მის პირველ ნახევარში, აგვისტოს ომამდე), არ დაგიდევდათ არც „მცირე მთავრობის“ იდეას და არც მის მიერვე დამკვიდრებული „თავისუფლების აქტის“  რომელიცმე პრინციპს. მაშ რა მიზანი ამოძრავებდა სააკაშვილს თავისუფლების აქტის  დაკანონებისას?

სტატია ცდილობს პასუხი გასცეს ამ კითხვას არსებული ეკონომიკური სიტუაციის ანალიზით, რომელსაც გთავაზობთ „თავისუფლების აქტის“ მიერ შეზღუდული თითოეული მაკროეკონომიკური პარამეტრის ჭრილში. ამ ანალიზზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულია მოვლენების განვითარების 4 სავარაუდო სცენარი და ახსნილია, თუ რატომ წარმოადგენს ეს „აქტი“ უშუალო საფრთხეს დღევანდელი მთავრობისათვის, ქვეყნის დასავლეთთან პარტნიორობისა და ქვეყნის განვითარების სტაბილურობისთვის.

უკანონო კანონი

სააკაშვილის მიერ 2011 წელს მიღებული კონსტიტუციის 94-ე მუხლი და “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” (თავისუფლების აქტი) საქართველოს ორგანული კანონი მრავლისმეტყველია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის შესახებ, მაგრამ პირველ რიგში ორივე ეს აქტი არის უკანონო და არაკონსტიტუციური. როგორ შეიძლება იყოს კონსტიტუცია არაკონსტიტუცურიო, იკითხავთ ალბათ. როგორ და კონსტიტუციის ეს ორი ნაწილი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სხვა ჩანაწერს ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკური მოწყობის პრინციპს, რასაც ამკვიდერებს კონსტიტუცია მთლიანობაში. კერძოდ, 94-ე მუხლი მოითხოვს რეფერენდუმის მოწყობას საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების (აქციზის გარდა) გამზრდელი კანონის მისაღებად, კონსტიტუციის 74-ე მუხლი კი კრძალავს რეფერენდუმის მოწყობას რაიმე კანონის მისაღებად. თუმცა, რომც არ იყოს ნათლად ჩამოყალიბებული ეს აკრძალვა 74-ე მუხლის სახით, კონსტიტუციაში სააკაშვილის „ინოვაციური“ ჩანაწერები მაინც არაკონსტიტუციური იქნებოდა.

კონსტიტუციით საქართველოში დამკვიდრებულია საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატია ისევე, როგოორც ყველა დასავლური დემოკრატიის ქვეყანაში შვეიცარიის გარდა, სადაც არის პირდაპირი დემოკრატია და ყველა კანონი  რეფერენდუმით მიიღება. პოლიტიკური სისტემის ასეთი მოწყობა გულისხმობს კანონების მიღებას ხალხის წარმომადგენლების (პარლამენტის) მიერ და არა უშაუალოდ ხალხის მიერ (რეფერენდუმით). ამიტომ ყველა ჩვენნაირ (წარმომადგენლობითი დემოკრატიის) ქვეყანაში აკრძალულია რეფერენდუმებზე კანონების მიღება არ მიღების საკითხების გამოტანა.

მაგრამ, სააკაშვილის ჩანაჯღაბნი კონსტიტუციაში არ არის მხოლოდ პოლიტიკური სისტემის აბუჩად ამგდები, უკანონო და არაკონსტიტუციური, იგი საღი აზრის საწინააღმდეგო და არალოგიკურიცაა. ჩვენს ქვეყნაში ისევე, როგორც ყველგან, გადასახადების ცვლილების შემომღები კანონები ჩვეულებრივი კანონებია და ჩვეულებრივი წესით მიიღება განსხვავებით იერარქიით მაღლა მდგომი კანონებისაგან – კონსტიტუცია და ორგანული კანონები –  რომელთა მიღება გართულებულია და პარლამენტართა მეტ მხარდაჭერას მოითხოვს. სააკაშვილის კონსტიტუციური ჩანაჯღაბნები მთელს საკანონმდებლო პროცესს და პოლიტიკურ სისტემას აბსურდის თეატრად აქცევს – თვითონ კონსტიტუციას ვცვლით პარალამენტართა 75%-ის მხარდაჭერით, ჩვეულებრივი სტატუსის რაღაც კანონის მისაღებად კი საჭიროა ხალხის უშუალო ნების გამოვლენა. ამავე დროს ხალხს კი არა აქვს უფლება მოითხოვოს თავისი ნების გამოვლენა ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ მთავრობამ უნდა დაავალოს მას ამ „ნების გამოვლენა“ (ხალხის მიერ რეფერენდუმის მოთხოვნა იკრძალება და მის დასანიშნად მთავრობის ინიციატივაა საჭირო). არადა სხვა რეფერენდუმების ინიცირება ხალხს არ ეკრძალება, რაც ასეც უნდა იყოს. მეორეს მხრივ, გადასახადების გაზრდა მთავრობას შეუძლია ხალხის დაუკითხავადაც. „მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება“– ამბობს ორგანული კანონი. აბსურდის ამგვარი დახვავება მეგონა, რომ მხოლოდ ეჟენ იონესკოს დრამატურგიულ ნიჭს შეეძლო მაგრამ, ნურას უკაცრავად, სააკაშვილი უფრო ნიჭიერი აღმოჩნდა.

მე მთლად დარწმუნებული არა ვარ, რომ ნაციონალური მოძარაობის აქტივისტები აბსურდის მოყვარულები და თან იმდენად დაბოლილები იყვნენ, რომ პარლამენტს თეატრისგან ვერ ანსხვავებდნენ. იმასაც ძნელად დავიჯერებ, რომ მათი უვიცობის ბრალია ყველაფერი. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი ემსახურებოდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესს, შესაბამისად სხვის არგუმენტებს და საღ აზრს არ დაგიდევდნენ. აპტონ სინკლერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ძნელია კაცს გააგებინო რამე, როცა მისი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, რომ მან ეს რამე ვერ გაიგოს“. ამ ციტატას ხშირად იმეორებს პოლ კრუგმანი მემარჯვენე პოლიტიკოსების შეხედულებების კრიტიკისას. როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიმღებთა მოჩვენებით გონებასუსტობას მსგავსი მიზეზი აქვს ყველგან მსოფლიოში.

მაინც რა ინტერესებით იმართებოდნენ „ნაცები“ (მაგ. ნაციონალური მოძრაობა) და რა მიზნებს ემსახურება „თავისუფლების აქტი“? მასში ხომ არაფერია თავისუფალი გარდა იმ უსირცხვილობისა, რომლითაც იგი ზღუდავს ხალხის ნების გამოხატვას. იმისათვის რათა მივიდეთ ინტერესებამდე ჯერ შევხედოთ ამ საკანონდებლო ოპუსის ფორმალურ არსს, შემდეგ მის თეორიულ საფუძვლებს, და პრაქტიკულ გამოსადეგობას.

კანონის შინაარსი

კონსტიტუციის 94- მუხლი აძლევს „თავისუფლების აქტს“, ანუ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონს, ორგანული კანონის სტატუსს, რომლის შეცვლა პარლამენტს შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით. თავის მხრივ ეს ორგანული კანონი განსაზღვრავს მაკროეკონომიკური პარამეტრების საზღვრებს (ანუ, ზღუდავს საბიუჯეტო/ფისკალური პოლიტიკის შესაძლებელობებს):

  • „ნაერთი ბიუჯეტისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯების მთლიანი მოცულობის [ანუ, მთავრობის ხარჯების] შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს;
  • ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს;
  • სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს“.

ამას გარდა კონსტიტუცია და ორგანული კანონი ამბობს, რომ გადასახადების გაზრდა არ შეიძლება თუ არ არის ეკონომიკური რეცესია (ნუ, კიდევ, ომი და საგანგებო მდგომარეობა).

ახალი წესების თეორიული გამართლება

ერთი შეხედვით, „თავისუფლების აქტს“ აქვს თავის ლოგიკა. დაბალი გადასახადები კარგია ეკონომიკური ზრდისთვის, მაღალი ხარჯები და დაბალი გადასახადები იწვევს ბიუჯეტის დეფიციტს, დეფიციტი იწვევს ვალებს, ვალების დაგროვება იწვევს ვალების გაძვირებას (ინტერესის განაკვეთის ზრდას), რაც ზრდის ბიუჯეტის არაპროდუქტიულ ხარჯებს და იკვრება მანკიერი წრე, რომელიც ეკონომიკას არამდგრადს ხდის. ამიტომ, მთავრობის ხარჯები უნდა შეიზღუდოს.

ეს ლოგიკა თეორიულად ამართლებს მხოლოდ ეკონომიკის ზრდის პერიოდში და თანაც მხოლოდ იმ დაშვების შემთხვევაში, რომ დაბალი გადასახადები იწვევენ ეკონომიკის ზრდას. ეს დაშვება რომ ყველა შემთხვევაში ამართლებდეს კაპიტალიზმს რეცესიები არ ექნებოდა. რეცესიები რომ მოსალოდნელია, ეს აღიარებულია თვითონ თავისუფლების აქტშიც, რომელიც ამბობს, რომ რეცესიის შემთხვევაში ხარჯების და დეფიციტის ზღვრების დაცვა ბიუჯეტისთვის სავალდებულო აღარაა (მუხლი2, პუნქტი 3).

გამოდის, რომ თავისუფლების აქტის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკები (მაკროეკონომიკური შეზღუდვები) დგას ისეთ დაშვებაზე (დაბალი გადასახადები იწვევენ ეკონომიკის განუხრელ ზრდას), რომლის მცდარობასაც თვითონვე აღიარებს. მავანმა შეიძლება იფიქროს – რა ვუყოთ, იქნებ თეორიულად ძლიერები ვერ იყვნენ ნაცები, მაგრამ პრაქტიკულად მაინც მისაღები რამ გააკეთეს, როცა თავიანთივე პოლიტიკებიდან  გადახვევის შანსი დატოვეს რეცესიების დროსო. რეცესიების დროს ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი მართლაც საჭიროებს გაზრდას და ეს კარგია, რომ ორგანული კანონი ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს. თუმცა საკითხავია, მის მიერ დაწესებული შეზღუდვები ხელს ხომ არ უწყობს რეცესიის დადგომას და რამდენად შესაძლებელს ხდის მის დაძლევას?

ეს რომ გავიგოთ, უნდა „გავიხსენოთ“ ჩვენში ინსტიტუციურად კარგად მივიწყებული მაკროეკონომიკის ანაბანა. კაპიტალისტური ეკონომიკა ციკლურია (რეცესიებისა და ზრდის პერიოდების მონაცვლეობა). ამიტომ, მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა უნდა გაატაროს ანტიციკლური პოლიტიკები (ფისკალური და მონეტარული), რაც შეამცირებს რეცესიების უარყოფით სოციალურ შედეგებს და დააჩქარებს ზრდის დაბრუნებას. ჩვენ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ფისკალურ/საბიუჯეტო პოლიტიკაზე.

ანტიციკლური საბიუჯეტო/ფისკალური პოლიტიკა ნიშნავს, რომ ეკონომიკის რეცესიის დროს, როდესაც წარმოების/ეკონომიკის პროდუქტზე მოთხოვნა იკლებს და კერძო სექტორში მოხმარება და ინვესტიციები მცირდება ბიუჯეტმა უნდა იტვირთოს ხსენებული მოთხოვნის დანაკლისის კომპენსაცია. კერძოდ, მთავრობამ უნდა გაზარდოს ხარჯები[1] (მოხმარება და ინვესტიციები), რისთვისაც უნდა აიღოს ვალები[2] (და არ გაზარდოს გადასახადები, რომლებიც შეიძლება შეამციროს კიდეც), რაც, თავის მხრივ, გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს[3]. რათა ეს შესაძლებელი გახდეს, ეკონომიკის ზრდის პერიოდში მთავრობა უნდა ზრდიდეს გადასახადებს, ამცირებდეს ბიუჯეტის დეფიციტს და ისტუმრებდეს ვალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ვალების დაგროვება.

ვალების დაგროვების პრობლემა

ვალების უკონტროლო/უნებური დაგროვება საქართვლოსნაირი ქვეყნისათვის, რომელიც  ძირითადად უცხოურ ვალებზეა დამოკიდებული[4], იქნება ეკონომიკური კატასტროფის გამომწვევი. უცხოური ვალების გადახდის პრობლემები გამოიწვევს ეკონომიკური სუვერენიტეტის შეზღუდვას მევალეების მიერ ნაკარნახევი პოლიტიკების გატარების აუცილებლობის გამო (დღევანდელი საბერძნეთის პრობლემა).

ვალების პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ვალების ზედა ზღვარი შეზღუდულია „თავისუფლების აქტით“. თუ დადგება ვალების გადახდის პრობლემა, ქვეყანას ამოწურული (მშპ-ს 60%), ხოლო მისი შეცვლა პოლიტიკურად შეუძლებელი გახდება (არავის ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში), ქვეყანა აღმოჩნდება ერთი მეორეზე უარესი არჩევანის წინაშე. ან უარი იქნება სათქმელი ვალების გასტუმრებაზე ან გასაუქმებელი იქნება ქვეყნის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ფუნქციები და გამოთავისუფლებული ფული წავა ვალების დაფარვაზე. პირველ შემთხვევაში გამოცხადდება ე.წ. დეფოლტი, რის შემდეგაც ვალებს აღარავინ მოგვცემს და ქვეყნის ეკონომიკას გამოეცლება დღეს არსებული საყრდენები, რაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქაოსს გამოიწვევს. იგივე სიდიდის კატასტროფა იქნება მეორე შემთხვევაც, სახელმწიფოს შეკვეცა კიდევ უფრო შეამცირებს ეკონომიკას და გაზრდის ვალების ტვირთს, რაც სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტ შეკვეცას მოითხოვს. ეს მანკიერი წრეც სოციალური კატასტროფისაკენ მიმავალ სპირალურ ქანოზე დააყენებს ქვეყანას.

ვიღაცას შეუძლია შემედავოს, რომ ვალების ზედა ზღვრის მიღწევა თავისთავად არ გამოიწვევს ვალების დაბრუნების/გადახდის პრობლემას, რამდენადაც ჩვენ აღარ ავიღებთ ახალ ვალებს, მაგრამ მათი ინტერესის პროცენტის გადახდას ყოველთვის შევძლებთ. საქმე იმაშია, რომ ვალების პრობლემა დგება რეცესიის ან ზრდის შენელების ფონზე და მაშინაც კი, როცა ახალ ვალებს აღარ იღებ. უბრალოდ ეკონომიკის შემცირების (რეცესიის) დროს უკვე აღებული ვალების წილი მშპ-ში ავტომატურად იზრდება (ელემენტარული არითმეტიკაა). შესაბამისად, იკლებს ვალების ინტერესის გასტუმრების შესაძლებლობაც და, ზედა ზღვრის ჩვნენნაირი შეზღუდვის ქვეყნისათვის დგება ვალების დაბრუნების აუცილებლობა.

მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ, რომ მშპ 100 ლარია მთავრობის ვალი კი ზღვრული (მშპ-ს 60%), ანუ, 60 ლარი. შეიძლება ვალი 60-ზე მეტად არ გავზარდოთ, მაგრამ თუ მშპ შემცირდა 90 ლარამდე, ვალის ზღვრული რაოდენობა გახდება 54 ლარი (90-ის 60%) და ზედმეტი 6 ლარი მთავრობას დასაბრუნებელი ექნება კრედიტორებისათვის.

ეკონომიკის უბრალო შენელებაც კი მსგავს პრობლემას იწვევს – ხარჯები დაგეგმილია წინა წლის ზრდის ტემპზე ორიენტაციით, შენელება კი იწვევს შემოსავლების ჩამორჩენას ხარჯების მიმართ და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ანუ ვალების აღების აუცილებლობას, რაც პრობლემად იქცევა „თავისუფლების აქტით“ შეზღუდვის პირობებში.

ეს რომ საქართველოს რეალური და დღევანდელი პრობლემაა გამოჩნდება ქვემოთ მოყვანილი მსჯელობიდან. თუმცა, აქვე შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი პრობლემის რეალისტურობაზე მიგვითითებს უცხოური გამოცდილებაც. დიდი რეცესიის შემდეგ, როგორც ამერიკა ისევე ევროპა, რამოდენიმეჯერ დადგა ვალების დაგროვების პრობლემის წინაშე ეკონომიკის დუნე ზრდის პირობებში და ეს გადაიქცა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად. თუმცა, იქ არავის არ მოსვლია აზრად კონსტიტუციით შეეზღუდა ვალების დაგროვება და ქვეყანა პოლიტიკური ქაოსის საფრთხის წინაშე დაეყენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფლებს აქტი“ აღიარებს ანტიციკლური პოლიტიკების გატარების საჭიროებას (რეცესიების დროს ხარჯების და დეფიციტის ზღვრის გადაჭარბების შესაძლებლობის დაშვება), მთლიანობაში იგი ამკვიდრებს პროციკლურ პოლიტიკებს და უბიძგებს ქვეყანას ეკონომიკური კატასტროფისაკენ. სინამდვილეში ხომ ანტიციკლური პოლიტიკა ითვალისწინებს ფისკალური სტიმულის საჭიროებას არა მხოლოდ რეცესიის დროს, არამედ ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების და/ან მათი შემცირების დროსაც. მაგრამ „თავისუფლებს აქტის“ ხარვეზი მხოლოდ ამ შესაძლებლობის შეზღუდვა არ არის.

მოდით შევხედოთ დეტალებს. როგორ უნდა გაზარდო ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი რეცესიის დროს[6] როდესაც შეზღუდული გაქვს ვალების ზედა ზღვარი (მშპ-ს 60%), ისევე როგორც ვალების გასტუმრების/შემცირების მექანიზმი – გადასახადების ზრდა? იქნებ მთავრობის ხარჯები გვაქვს იმდენად დიდი, რომ მათი ნაწილი შეგვიძლია თავისუფლად მივმართოთ ვალების დაფარვაზე? ან იქნებ საგადასახადო ტვირთი გვაქვს ისეთი მაღალი, რომ გადასახადების შემცირებით დავაჩქარებთ ეკონომიკურ ზრდას და გავზრდით შემოსავლებს, საიდანაც ვალებს დავფარავთ? ხომ არ შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდით დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და გაზრდილი შემოსავლები ვალების გასტუმრებაზე მივმართოთ? შესაძლოა სულაც ისეთი მცირე ვალები გვაქვს, რომ დაწესებული ზედა ზღვარი ხელს ვერასოდეს შეგვიშლის, რეცესიის დროსაც კი. მოდით ვნახოთ, როგორია ყველა ეს მაკროეკონომიკური პარამეტრი ჩვენთან და დასავლეთის იმ ქვეყნებში, რომელთა მაგალითიდანაც ვსწავლობთ ეკონომიკურ პოლიტიკებს. შედარება დაგვეხმარება შევაფასოთ ჩვენი პარამეტრები და მათზე დაწესებული შეზღუდვები.

არსებული ეკონომიკური სიტუაცია და ახალი წესების პრაქტიკული მხარე

მთავრობის ხარჯები

„თავისუფლების აქტი“ გვიზღუდავს მთავრობის ხარჯებს (government spending) მშპ-ს 30%-ით. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ისეთი ზღვარია, რომლის გადაცდენა ეკონომიკისათვის მავნებელია და განვითარებას ზღუდავს. ეს რომ ასე იყოს განვითარებულ ქვეყნებს უთუოდ ეცოდინებოდათ და თავს ამის ნებას არ მისცემდნენ. რეალური სურათი აბსოლუტურად საპირისპიროა. ბოლო 50 წლის მანძილზე (რის ნახვაც შევძელი tradingeconomics.com-ის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზებში) ამერიკას არასოდეს ჰქონია ეს პარამეტრი მშპ-ს 30%-ზე დაბალი.

surati1სურათი 1: US government spending (% of GDP). ამერიკის მთავრობს ხარჯები (მშპ %); წყაროtradingeconomics.com

70-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ციფრი საშუალოდ შეადგენდა 36, 47%, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო 43% (2009), ხოლო რეკორდულად მცირე მაჩვენებელი 33% (1973). ევროკავშირისათვის იგივე ინდიკატორის საშუალო მაჩვენებელი იყო 47%, რეკორდულად მაღალი – 50%, ხოლო რეკორდულად დაბალი 44,7%. იაპონიისათვის ამ ინდიკატორის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იყო 36%. მეორეს მხრივ, 30%-ზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სია იწყება ლიბანიდან და მთავრდება გვატემალათი და თურქმენისტანით, რომლებიც მშპ-ს 14-15%-ს ხარჯავენ. ესეც თავისთავად მრავლისმეტყველი.

surati 2სურათი 2: მთავრობის ხარჯები (მშპ %); წყარო- საქსტატი.

იქნებ „ნაცები“ ცდებოდნენ მთავრობის ხარჯების მნიშვნელობის შეფასებისას, მაგრამ სჯეროდათ „მცირე მთავრობის“ სიკეთის და პოლიტიკასაც შესაბამისს ატარებდნენ? ფაქტები აქაც საპირისპიროზე მეტყველებენ – ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ნაცებმა“ დაიწყეს მთავრობის ხარჯების ძალიან სწრაფი ზრდა და მალე გადააჭარბეს იმ ზღვარს, რომელიც თვითონვე დაადგინეს თავისუფლების აქტით, მაგრამ უკვე 2011 წელს, წასვლის წინ, Heritage Foundation-ის მონაცემებით, 2004 წელს თუ ეს მაჩვენებელი მშპ-ს 19% იყო, უკვე 2005 წელს გახდა მშპ-ს 25%, ხოლო 2008 წელს (რეცესიის წინა წელიწადი) მიაღწია 34%-ს (ცხრილი 1).

2007 report (2004 data)  19,1
2008 report (2005 data) 25
2010 report (2008 data) 34
2011 report (2009 data) 36,4
2014 report (2012 data) 32
2017 report (2015 data) 29,2

ცხრილი 1. Government Spending (gdp%) – სახელმწიფო ხარჯები (მშპ %); წყარო:Index of Economic Freedom by The Heritage Foundation.

თუ შეხვალთ მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზაში ამ მისამართზე, იხილავთ (სურათი 3) საქართველოს მთავრობის მოხმარების ხარჯებს (final consumption expenditure), რაც მთავრობის ხარჯების (Government spending) მხოლოდ ნაწილია. სამწუხაროდ, მსოფლიო ბანკი არ აქვეყნებს მთავრობის ხარჯების ყველასათვის ხელმისაწვდომ მონაცემებს, მაგრამ მთავრობის მოხმარების ხარჯების დინამიკა ემთხვევა მთლიანი ხარჯების დინამიკას და თავისთავადაც მრავლისმეტყველია.

surati 3სურათი 3: General government final consumption expenditure (% of GDP). საბოლოო მოხმარების  ხარჯები (მშპ %); წყარო – მსოფლიო ბანკი.

„ნაცები“ მთავრობის ხარჯებს ზრდიდნენ 2008 წლის ომისათვის სამზადისის პერიოდში და ამ პოლიტიკით მიაღწიეს კიდეც ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს. იგივე მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის გრაფიკიდან ჩანს (სურათი 4), რომ მთავრობის ხარჯების (მოხმარების) სწრაფი ზრდის პერიოდი ემთხვევა ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას, რომელიც 2004 წლიდან 2007 წლამდე ორჯერ და მეტად გაიზარდა. მთავრობის მთლიანი ხარჯების (government spending) მაღალმა დონემ (მშპ-ს 34%) 2008 წელს[8], მსოფლიო დიდი რეცესიის პირობებშიც კი, შესაძლო გახადა მშპ-ს ზრდის 2,3%-ის უზრუნველყოფა (შედარებისათვის, 2016 ში ზრდა მხოლოდ 2,7% გვქონდა).

2008 წლის ომის შემდეგ, როცა „ნაცებმა“ მიაღწიეს თავიანთ მიზანს და ქვეყნის ტერიტორიების და ეკონომიკის დიდი ნაწილი გადასცეს „მტრულ“ რუსეთს, ეტყობა ეკონომიკის სწრაფი ზრდა აღარ იყო ამოცანა და ეს აისახა მთავრობის ხარჯების კლებაზეც. თუმცა, მთავრობის ხარჯები (როგორც მოხმარება ასევე მთლიანი ხარჯი) და ამით სტიმულირებული ზრდის ტემპი ომის შემდეგაც „ნაცებს“ ქონდათ მეტი ვიდრე აქვს დღევანდელ მთავრობას (იხილე სურათი 3 და ცხრილი 1). მიუხედავად დღევანდელი მთავრობის ამგვარი მომჭირნეობისა, ორგანული კანონით დაწესებული ზედა ზღვარი მთავრობის ხარჯებზე (მშპ-30%) უკვე მიღწეული გვაქვს 2015 წელს (ცხრილი 1).

surati 4სურათი 4: GDP growth (annual %) მშპ ზრდა (წლიური %); წყარო- მსოფლიო ბანკი.

გადასახადები

ეხლა მოდით შევხედოთ საგადასახადო ტვირთს. აღნიშვნის ღირსია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელმაც „თავისუფლების აქტით“ შეზღუდა საგადასახადო ტვირთის ზრდა[9], 2004-2008 წლების პერიოდში ეს ტვირთი უპრეცედენტოდ გაბერა მშპ-ს 7%-დან 24%-მდე, რაც კარგად მოჩანს მსოფლიო ბანკის გრაფიკიდან (სურათი 5). მეორეს მხრივ, შეგვიძლია ვნახოთ, რომ საქართველოს, 2014 წლის მონაცემებით, საგადასახადო ტვირთი  (მშპ-ს 25%) აქვს მსგავსი ან ნაკლები ვიდრე ჩვენთვის მაგალითის მომცემ და ეკონომიკური ლიბერალიზმის მქადაგებელ ქვეყნებს (შეერთებული შტატები – 25%, ბრიტანეთი -36%, იაპონია – 28%). ამ მონაცემების წყაროა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (Index of Economic Freedom), რომელსაც აქვეყნებს ნაცების მთავრობისადმი სიმპათიების მქონე The Heritage Foundation.

ამგვარად, საგადასახადო ტვირთი ძალიან მცირე გვაქვს[10], მაგრამ მისი გაზრდა მაინც არ შეგვიძლია (ეკონომიკიური ზრდის პირობებშიც კი). ის, რომ ორგანული კანონი მთავრობას ნებას რთავს 3 წლით მოითხოვოს გადასახადების გაზრდა, ბევრს არაფერს ცვლის, რამდენადაც მთავრობის ხარჯების ზედა ზღვარს უკვე მივაღწიეთ და შეიძლება გადავაჭარბეთ კიდეც[11].

თვითონ საგადასახადო ტვირთის სიმცირე არ იქნებოდა ეკონომიკის უშუალო საფრთხე, რომ არა ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდე და მასზე დაწესებული შეზღუდვა. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის სტიმულირებისათვის საგადასახადო ტვირთს კიდევ უფრო შემცირება თუ გადავწყვიტეთ[12], ამასაც კი ვეღარ გავაკეთებთ (ეკონომიკის დაუზიანებლად[13]) ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდის შეუძლებლობის პირობებში.

surati 5სურათი 5:  Tax revenue (% of GDP) საგადასახადო [ტვირთი] შემოსავლები (მშპ %); წყარო- მსოფლიო ბანკი.

ბიუჯეტის დეფიციტი

მოდით შევხედოთ თუ რამდენად არის შესაძლებელი ნაერთი[14] ბიუჯეტის დეფიციტის ეს გაზრდა. მისი ზედა ზღვარი ხომ შეზღუდულია „თავისუფლების აქტით“ (მშპ-ს 3%). რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, კონსტიტუციით დადგენილ ზღვარს უკვე ნათლად[15] ვაჭარბებთ 2016 წლიდან, როდესაც ეს მაჩვენებელი გახდა  მშპ-ს 4,1%. ეს კარგად ჩანს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული გრაფიკიდან (სურათი 6). საინტერესოა, რომ ორგანული კანონით (მუხლი2, პუნქტი 3), ასეთ შემთხვევაში, „საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტების პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს მოცემულ პერიოდში … დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას“. ანუ, 2016 წელს უნდა შემუშავებულიყო გეგმა 2017-18 წლებში ბიუჯეტის დეფიციტის 3%-ზე დაბლა ჩამოსაყვანად. არადა, იგივე ფინანსთა სამინისტროს გრაფიკი გვიჩვენებს, რომ 2017 წელსაც დაგეგმილია დეფიციტის შენარჩუნება მშპ-ს 4,1% ის ფარგლებში.

surati 6სურათი 6: ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (მშპ %); წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2008 წლის ომამდე საკაშვილის მთავრობა განუხრელად ზრდიდა ბიუჯეტის დეფიციტს (20 ჯერადი ზრდა) და 2004  წლის მშპ-ს 0,3%-დან მიიყვანა მშპ-ს 6,5% მდე 2008 ში ( 2009 წლის 9,2% ჩავთვალოთ მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად). ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ „ნაცებს“ სინამდვილეში არასოდეს სჯეროდათ ბალნსირებული ბიუჯეტის და საერთოდ იმ ეკონომიკური კონცეფციის „სიკეთეების“, რომლის დასამკვიდრებლადაც შემოიღეს „თავისუფლების აქტი“.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „თავისუფლების აქტით“ დადგენილ ზღვარს უკვე მიღწეული გვაქვს და მომავალში ამოცანა იქნება არა დეფიციტის გაზრდა არამედ შემცირება. შესაბამისად, გადასახადების შემცირებით ეკონომიკის სტიმულირების შესაძლებლობა პრაქტიკულად ამოწურული გვაქვს  სწორედ „თავისუფლების აქტით“ ბიუჯეტის დეფიციტზე დაწესებული შეზღუდვის გამო. ხო, მაგრამ, იტყვის ვიღაცა, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების შეზღუდულობა ჯერ კიდევ არ არის კატასტროფა – დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც ხომ იზრდება ჩვენი ეკონომიკა – სად არის საფრთხე მთავრობის ვალების მხრიდან?

სახელმწიფო ვალი

მოდით შევხედოთ სახელმწიფო ვალსაც, რომლის სიდიდემ არ უნდა გადააჭარბოს სააკაშვილის მიერ დადგენილ 60%-ს. 2016 ში საქართველოს სახელმწიფო ვალი უკვე მშპ-ს 42.4% იყო. ეს არ არის თავისთავად ბევრი თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას ( მსოფლიო ბანკი: ამერიკა 2015 – 97,8%, ევროკავშირი 2013 – 85,4% , იაპონია 2014 – 196,6%), მაგრამ პრობლემურია „თავისუფლების აქტის“ გამო, რომელიც 60% იან ზღვარს აწესებს და მის შესაცვლელად საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვს პარლამენტში, რასაც არც ერთ მისაბაძ ქვეყანაში არ ქონია ადგილი. პრობლემა არის სახელმწიფო ვალის სიდიდის (მშპ-სთან შეფარდების) სიახლოვე დაწესებულ ზღვართან ისევე, როგორც ვალის (მშპ-ს პროცენტებში) ზრდის ტენდენცია (სურათი 7) და ვალის შემცირების ინსტრუმენტების მოშლა „თავისუფლების აქტის“ მიერ (ვგულისხმობ გადასახადების ზრდის და ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების  ზემოთხსენებულ შეზღუდვებს).

surati 7სურათი 7:  Central government debt, total (% of GDP)/ სახელმწიფო ვალი ( მშპ %); წყარო – მსოფლიო ბანკი.

როგორც გრაფიკიდან მოჩანს (სურათი 7), 2013 წლიდან (სააკაშვილის შემდგომი პერიოდი) იწყება სახელმწიფო ვალის წილის ზრდა მშპ-ში. 2013 დან 2016 წლამდე პერიოდში – 4 წელიწადში ვალი გაიზარდა მშპ-ს 10%-ით.  ვალის ამგვარი ზრდის ძირითადი მიზეზი იყო ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდის დაბალი ტემპი, რომელიც ჩამორჩებოდა ხარჯების ზრდის ტემპს, რის გამოც ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდე (მშპ-ს %) ვერ მცირდებოდა. თავის მხრივ,  მშპ-ს დაბალი ზრდის ტემპი ვერ გაიზარდა სწორედ იმიტომ, რომ „თავისუფლების აქტით“ შეზღუდულმა მთავრობამ ორიენტაცია აიღო მთავრობის ხარჯების შემცირებაზე. ჩამოყალიბდა მანკიერი წრე – მთავრობის ხარჯების შემცირება იწვევს მშპ-ს ზრდის ტემპის შემცირებას, რაც იწვევს ამ ტემპის ჩამორჩენას ხარჯების ზრდის ტემპისადმი, შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის წილის გაზრდას მშპ-ში და მშპ- პროცენტებში გამოხატული ვალის ზრდას, რაც თავის მხრივ მთავრობის ხარჯების შემცირების საბაბი ხდება.

არსებული სიტუაციის მომოხილვის შეჯამება

დღესდღეობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დგას ფაქტის წინაშე, რომ როგორც ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის ასევე  მთავრობის ხარჯების ზედა ზღვარი მიღწეულია. მაგრამ ეს „მიღწევა“ ეკუთვნის სააკაშვილის მთავრობას, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო გაუგონარი ტემპებით მთავრობის ხარჯების ზრდა[16] და ვალების აღება[17]. მიუხედავად სააკაშვილის მოყვარული მცირე მთავრობის იდეოლოგიის მიმდევრების ცრურწმენებისა, ყოველივე ეს ხდებოდა სადაგასახადო ტვირთის გაუგონრად სწრაფი ზრდის[18]პირობებში და იწვევდა ეკონომიკის  (მშპ) ზრდის მაღალი ტემპებს[19]  და მშპ-ში მთავრობის ვალების  წილის შემცირებას[20].

არადა იგივე  სააკაშვილმა შემოიღო ხელისუფლებიდან წასვლის წინ „თავისუფლების აქტი“. იგი თითქოსდა ამკვიდრებდა მცირე მთავრობის ღირებულებებს და ქამრების მოჭერის პოლტიკას, რასაც უნდა გმოეწვია ვალების შემცირება და ეკონომიკის ზრდა ბიუჯეტის დეფიციტის, მთავრობის ხარჯების და სადგადასახადო ტვირთის შეზღუდვით. სინამდვილეში ეს იყო ქამრის მოჭერა მომდევნო/დღევანდელი  მთავრობის ხელებზე და მოქლაქეების კისერზე სააკაშვილის მთავრობის მიერ, რომელსაც დიდი ხანია ქამარი შეხსნილი ქონდა ხოლო მუცელი გაშვებული.

სააკაშვილის თავისუფლების აქტით ხელებგადაჭერილი „ქართული ოცნება“ ვეღარ ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს და მთავრობის ხარჯებს[21]. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მისი მმართველობის პერიოდში იკლებს ეკონომიკური ზრდის ტემპები და იზრდება მთავრობის ვალების წილი მშპ-ში, რაც გამოხატული ტენდენციაა. ის, რომ „თავისუფლების  აქტი“ მთავრობას დიდსულოვნად რთავს უფლებას  3 წლით მოითხოვოს გადასახადების ზრდა არაფერს არ ცვლის არსებულ სიტუაციაში. ეს „ნებართვა“ არათუ გადასახადების ზრდის საშუალებას არ იძლევა (მთავრობის ხარჯების ზედა ზღვრის მიღწევის გამო) არამედ, ბევრის გასაოცრად, ეკონომიკის ზრდის წასახალისებლად გადასახადების შემცირებასაც შეუძლებელს ხდის. მიზეზი ისაა, რომ ამ შემცირების ორივე შესაძლო შედეგი მიუღებელია: ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა (ზედა  ზღვრის მიღწევის გამო) და მთავრობის ხარჯების შემცირება (ზრდის ტემპების შენელების რეცესიაში გადაზრდის საფრთხის გამო[22]). ის, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მთავრობის ვალების დაგროვების შეუფერხებალმა ტენდენციამ, შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე სცენარად.

რას უნდა ველოდეთ?

სად მიგვიყვანს მთავრობის შემცირებას, ეკონომიკის შენელებასა და ვალების ზრდას შორის არსებული მანკიერი წრე, რომელიც შექმნა სააკაშვილის „თავისუფლების აქტმა“?

I სცენარი

ყველაზე საალბათოა დღევანდელი მაკროეკონომიური პარამეტრების ტენდენციების შენარჩუნება[23]. ეს ნიშნავს დაახლოებით 8 წელიწადში მთავრობის ვალების კონსტიტუციური ზღვარის მიღწევას რაც გამოიწვევს იმ პოლიტიკურ და ეკონომიურ კრიზისს რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ ვალების დაგროვების პრობლემის განხილვისას. ანუ, თუ 4 წელიწადში (2013-16)  ვალი გაიზარდა მშპ-ს 10% ით (ეს მოხდა მშპ-ს საშუალოდ 3,4% იანი ზრდის პირობებში), შესაბამისად, შემდეგ 8 წელიწადში გაიზრდება დაახლოებით 20% ით და მშპ-ს 60%-ს გადაჭარბებს. ეს ასე არ მოხდებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპი რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს და რეალურად შესრულდეს ეხლანდელი მთავრობის „სწრაფი ზრდის“ დასახული მიზანი. თუმცა მსოფლი ბანკის შეფასება ამ მხრივ პესიმისტურია და 2017 წლის მოსალოდნელ მაჩვენებლად ბანკი ასახელებს 3,5%.

II სცენარი

ასევე დიდი ალბათობაა იმისა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესდება და ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. ვალების დინამიკის გრაფიკიდან  (სურათი 7) ჩანს, რომ 2015 წელს, როცა ზრდის ტმპი 1,8% ით დავარდა (4,6,% დან 2,8%მდე) ვალების ზრდამ მიაღწია წელიწადში მშპ-ს 6%-ს. ასეთი ტემპის პირობებში ვალების კონსტიტუციური ზღვარი მიღწეული იქნება უახლოეს 3 წელიწადში და დადგება ზემოხსენებული კრიზისი. ასეთი ხდომილების ალბათობაზე მიუთითებს ის, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებები, როგორც წესი, ზედმეტად ოპტიმისტურია. მეორეს მხრივ, 2017 წლის პირველი კვარტლის იმედისმომცემი სტარტი ( 5% იანი ზრდა წინა წლის იგივე პერიდთან შედარებით) აპრილში უკვე ორნახევარჯერ შენელდა (2,1% იანი ზრდა).

III სცენარი

უფრო ნაკლებ საალბათო სცენარია ეკონომიკური რეცესია უახლოეს წლებში. უფრო სწორად, ასეთი რამ მოსალოდნელია, მაგრამ არავინ იცის როდის შეიძლება მოხდეს. თუ მაინც მოხდა, წინა რეცესიის გამოცდილებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა შედეგები ექნება ამას ჩვენთვის. 2008 წლის მსოფლიო რეცესია დაემთხვა საქართველოში 2008 წლის ომს. ორივე ამ ფაქტორმა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, და დასავლეთთან პარტნიორობას შეუქმნა საფრთხე, რის გამოც ამერიკამ და ევროპამ საქართველოს აღმოუჩინეს 5 მილარდი ევროს დახმარება (უფასო კრედიტებით და გრანტებით). ამ დახმარების ფოზე, რომელიც ქვეყნის მშპ-ს[24] თითქმის ნახევარს შეადგენდა, ქვეყანა სწრაფად გამოვიდა ეკონომიკური რეცესიიდან. მიუხედავად ამისა, 2009-2010 წლებში სახელმწიფო ვალი (სურათი 7) გაიზარდა ერთი მესამედით (მშპ 27% იდან  37% მდე). შეაბამისად, თუ ეს გამეორდა მსგავში პირობები, რეცესიის დაწყებიდან 1-2 წელიწადში დადგება ვალის ზედა ზღვრის პრობლემა. რამდენადც ნაკლებად სავარაოდოა, რომ განმეორებით კიდევ ვინმემ გვაჩუქოს 5 მილიარდი ევრო, მცირე რეცესიაც კი იგივე შედგებს გამოიწვევს ძალიან მოკლე დროში და „თავისუფლების აქტის“ წყალობით დაგვაყენებს პლიტიკური და ეკონომიური კრიზისის წინაშე.

IV სცენარი

ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა, რომ უახლოეს წლებში იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და „თავისუფლების აქტით “ფისკალური პოლიტიკის“ ინსტრუმენტებზე დაწესებული შეზღუდვები არ მიგვიყვანს ვალების კრიზისამდე. თუ როგორ უკეტავს გზას, ეს შეზრუდვები, ასეთ ზრდას, უკვე აღვწერეთ, მაგრამ ხომ არსებობს ზრდის სიმულირების სხვა საშუალებებიც? ხომ შეიძლება  სწორი მონეტარული პოლიტიკის გამოყება (მონეტარული სტიმული), სავაჭრო ბალანსის გამოსწორება და ექსპორტზე ორინტირებუი ზრდა, უცხოური ინვესტიციები სტრატეგიული სტრუქტურირებით მაღალტექნოლოგიური დარგების და ამით უზრუნველყოფილი ზრდის მიღწევა? რა თქმა უნდა ასეთი გზები არსებობს, მაგრამ ამ გზებით სიარულიც შეზღუდული გვაქვს ინსტიტუციურად და ისევ და ისევ  სააკაშვილის პოლიტიკების წლების მანძილე დანერგვის შედეგად. ამ შეზღუდვებზე მსჯელობაც საჭიროა, მაგრამ ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

თუმცა, აქვე შეიძლება ითქვას, რომ „თავისუფლების აქტის“ შემოღების შემდეგი წლების ეკონომიკური ზრდის სავალალო შედეგები ამ შეზღუდვების არსებობის რეალური სამხილია.  ყველა ამ შეზრუდვის ერთობლიობა იმდენად თვალსაჩინო საფრთხეს ქმნის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც კი გამოდის მაკროეკონომიკური პოლიტიკების მეტი მოქნილობის მომხრედ და „თავისუფლების აქტის“ მიერ დაწესებული  შეზღუდვების მოწინააღმდეგედ[25].

ბოლოთქმა

მართალი გითხრათ, სანამ ამ სტატიის წერას შევუდგებოდი არ მეგონა თუ ასე ცუდად იყო საქმე, თუ ასეთ რეალურ საფრთხეებს ქმნიდა „თავისუფლების აქტი“. თავიდან მეც მხოლოდ იდეოლოგიურ დოკუმენტად აღვიქვამდი ამ ოპუსს. მეგონა ის თვალში აყრიდა ნაცარს დასავლეთს, რათა სააკაშვილი მათი ღირებულებების მიმდევარ მომჭირნე სახელმწიფო მოღვაწედ ჩაეთვალათ, მაგრამ რეალობაში არაფერი ზიანის მოყენება არ შეეძლო. ფაქტების ანალიზის შემდეგ შევეცადე წარმომედგინა ის ადამიანი, რომელმაც გარკვეული  ლოგიკით და მიზნით დაეგეგმა ნორმების ეს, ერთის შეხედვით, აბსურდული გროვა – აბსურდული ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა. ის რაც აბსურდულია წარმატების მიღწევის თვალსაზრისით, შეიძლება ლოგიკური იყოს თუ მიზანი მარცხის გამოწვევაა.

სააკაშვილი, 2011 წელს, ნამდვილად იყო ის კაცი, რომელსაც 2012 წლის არჩევნებით მოსული ხელისუფლების მომავალი მარცხი აწყობდა. ამ დროისათვის სააკაშვილი უთუოდ აცნობიერებდა, რომ მესამე ვადით ვეღარ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას გადაკეთებული კონსტიტუციის პირობებშიც[26] კი. ამის ძირითადი მიზეზი იყო დასავლეთის ნდობის და მხარდაჭერის დაკარგვა რუსეთის სასარგებლოდ 2008 წლის ომის პროვოცირების გამო.

შესაბამისად, სააკაშვილს (i.e. მის მრჩევლებს) ისე უნდა დაეგეგმა/თ „თავისუფლების აქტი“, რომ იგი გარეგნულად დასავლური ეკონომიური პოლიტიკის პრინციპების გამზიარებელი ყოფილიყო. მეორეს მხრივ, ეს პრინციპები ისეთ აბსურდამდე უნდა ყოფილიყო მიყვანილი/გაზვიადებული, რომ საქრთველოს კონტექსტში გამოყენებისას ქვეყნა მიეყვანა პოლიტიკურ და ეკონომიურ კრიზისამდე. აბსურდამდე გაზვიადებული „პროდასავლური“ პრინციპების დამკვიდრებით სააკაშვილი რამდენიმე კურდღელს ერთად დაიჭერდა – „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდებოდა რაიმის შეცვლა „თავისუფლების აქტის“ გარეგნული პროდასავლურობის გამო, მის მიერ დამკვიდრებული აბსურდული ახალი ნორმების დამანგრეველ ეფექტი მიეწერებოდა დასავლეთს (რომელიც უკვე აღარ უჭერს მხარს სააკაშვილს) და დაასუსტებდა ქვეყანაში მის გავლენას, ხოლო დამდგარი კრიზისი საფუძველს გამოაცლიდა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას.

„თავისუფლების აქტის“გარეგნული პროდასავლურობა მართლაც გავლენიანი იარაღია გაუთვითცნობიერებელ ხალხზე გავლენის მოსახდენად. მართლაც, ყველამ იცის, რომ ევროკავშირი ატარებს ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას და რატომ უნდა იყოს ხალხისათვის გასაკვირი, როცა სააკაშვილის „თავისუფლების აქტის“ იგივე პოლიტიკას გვთავაზობს? მეორეს მხრივ, ცოტამ თუ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნები დათანხმდნენ „თავისუფლების აქტის“ მსგავს ზოგიერთ პრინციპს (e.g. ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ს 3%ით შეზღუდვას) მხოლოდ კავშირის წევრობის ბუნებიდან გამომდინარე აუცილებლობის გამო. სამაგიეროდ, ისინი ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებენ დახმარებას ამ პრინციპების მავნე ეფექტების გასანეიტრალებლად. როდესაც ასეთ განეიტრალებას ევროკავშირი ვერ ახერხებს, წევრი ქვეყნები უბრალოდ არ იცავენ დაწესებულ შეზღუდვას. ამავე დროს არც ევროკავშირს და არც მის წევრებს აზრადაც არ მოსვლიათ „თავისუფლების აქტის“ ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა გადასახადების ან სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის დაწესება.

შესაბამისად, დასავლეთი უთუოდ უნდა ხვდებოდეს თავისუფლების აქტის მავნებლურ ბუნებას და სააკაშვილის ჩანაფიქრის საფრთხეს მისი ავტორიტეტის მიმართ. ეს გამოვლინდა კიდეც სავალუტო ფონდის მიერ თავისუფლების აქტის კრიტიკაში.  აი მიხვდება თუ არა ყოველივე ამას  დღევანდელი „ქართული ოცნება“, ეს ნამდვილი გამოცანაა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

განმარტებები:

[1] ორგანული კანონის 2-ე მუხლის 1.ა პუნქტით შეზრუდული პარამეტრი

[2] ორგანული კანონის 2-ე მუხლის 1.გ პუნქტით შეზრუდული პარამეტრი

[3] ორგანული კანონის 2-ე მუხლის 1.ბ პუნქტით შეზრუდული პარამეტრი

[4] ამას თავისი მიზეზი აქვს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებზე დაწესებული შეზრუდვების გამო, რაც ცალკე სამსჯელო თემაა

[5] აქ ლაპრაკია იმ შემთხვევაზე, როცა ახალი ვალი ზრდის ვალის საეთო რაოდენობას (მშპ-ს % ებში); თუკი ახალი ვალი უბრალოდ ჩაანაცვლებს ძველს, ან გაზრდის ისეთივე სისწრაფით რაგორითაც იზრდება მშპ, ვალების დაგროვება და ზღვარის მიღწევა არ მოხდება, რა თქმა უნდა.

მეორეს მხრივ ვალების გადახდის პრობლემა ნიშნავს იმას, რომ არსებული ვალების ინტერესის გადასახდელად სახელმწიფოს შეიძლება არ ეყოს სავალუტო რეზერვები (ან მათი შემდგომი შემცირება შიძლება შეიძლება მიუღებელი იყოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილობის თვასაზრისით)

ის ვარიანტი, როცა უკვე აღებული ვალის ოდენობაა შესამცირებელი რეცესიის პირობებში, განხილულია ქვემო აბზაცში.

[6] ორგანული კანონის 2-ე მუხლის 3-ე პუნქტი

[7] ინდექსის მოცემულიწლის ანგარიშები ეყრდნობა წინა წლების ეკონომიურ მაჩვენებლებს. მაგალიტად 2007 წლის ანგარიშში მოყვანილია 2004 წლის მთავრობის ხარჯების შეფარდება მშპ-სთან

[8] 4%ით გადააჭარბა თავისუფლების აქტით ეხლა დაწესებულ  შეზღუდვას

[9] გადასახადების ზრდად, რაც კონსტიტუციით შეზღუდულია, ითვლება ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს საგადასახადო ტვირთის ზრდას

[10] ამ მხრივ ვუსწრებთ ყველა განვითრებულ ქვეყანას და განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილს

[11] ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიხედვით, მთავრობის შემოსავლებმა 2016 წელს მიაღწია მშპ-ს 29,5%-ს, რაც არაპირდაპირ მიუთითებს ხარჯების ზვრის (მშპ-ს 30%) მიღწევაზეც (შესაძლოა გადაჭარბებაზეც), რამდენადაც ხარჯები = შემოსავლებს + ბიუჯეტის დეფიციტი

[12] სინამდვილეში ასეც მოხდა 2017 წელს, როცა მოგების გადასახადის შემცირება გდაიგეგმა ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის, მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის შეუძლებლობის გამო მთავრობა იძულებული გახდა საკომპენსაციოდ გაეზარდა აქციზური გადასახადები და საგადასახადო ტვირთი ჯამში ვერ შეიცვალა

[13] ბიუჯეტის დეფიციტის უცვლელობის პირობებში საგადასახადო ტვირთის შემცირება შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ მთავრობის ხარჯების შემცირებით, რაც უარყოფიდად აისახებოდა ეკონომიკის ზრდაზე.

[14] იგულისხმებ ცენტრალურ ბიუჯეტს + თვითმმართველობების ბიუჯეტი

[15] საინტერესოა, 2014-15 წლებში, როდესაც ეს მაჩვენებელი იყო 3 და 4% შორის, ითვლებოდა თუ არა ეს დადგენილი 3% -იანი ზვარის გადაჭარბებად.

[16] გაზარდა თითქმის 2-ჯერ 2004-08 წლებში

[17] ბიუჯეტის დეფიციტი გაზარდა 20-ჯერ 2004-08 წლებში

[18] გაზარდა 3-ჯერ 2003-08 წლებში

[19] მშპ-ს ზრდის ტემპი გაზარდა 5,8%იდან 12,3% მდე 2004-07 წლებში

[20] 2003-2007 წლებსი შემცირდა მშპ-ს 55,8% იდან  22,6% მდე

[21] მეტიც, მშპ-ში  ამ ხარჯების წილის შემცირების კონსტიტუციური მოთხოვნის პრობლების წინაშე დგას

[22] მშპ = მთავრობის ხარჯები (მოხმარება და ინვესტიციები)+ კეძო მოხმარება და ინვესტიციები + სავაჭრო სალოდო ( ექპორტ-იმპორტი)

[23] არსებული პოლიტიკების და კონტექსტის ( რეგიონაული და გლობალური) უცვლელობის პირობებში

[24] 2008 ში საქართველოს მშპ იყო 12,8 მილიარდი მიმდინარე ამერიკულ დოლარებში

[25] “ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გადახედოს საკუთარ ფისკალურ წესებს, რათა მდგრადობასთან ერთად უზრუნველყოს ფისკალური პოლიტიკის მოქნილობა. სხვა დანარჩენთან ერთად, საჭიროა, რომ ფისკალურ წესები მიყვებოდნენ არა მხოლოდ გეგმას არამედ ფისკალურ შედეგებსაც”…. “და საჭიროა გაუქმდეს გადასახადების ზრდის რეფერენდუმით დამტკიცების პირობა” (გვ 12) https://www.imf.org/en/Publications/CR/Issues/2017/04/13/Georgia-Request-for-Extended-Arrangement-Under-the-Extended-Fund-Facility-and-Cancellation-44834

[26] სავრაუდოდ, ნაცებმა გაზარდეს პრემიერ მინისტრის უფლებამოსილებები კონსტიტუციაში, რათა ამ თანამდებობაზე შეენარჩუნებინათ სააკაშვილი, როგორც ლიდერი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ