ეკონომიკური განვითარება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, ინდუსტრიული პოლიტიკა

Share on Facebook93Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

Banner Industrial Policy


► ავტორი: დავით ადეიშვილი

► ილუსტრაცია გარეკანზე: Orligame

© European.ge

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზანი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცის ამოცანის გადაწყვეტის შედეგად, ინდუსტრიული პოლიტიკის საშუალებით.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების – და შესაბამისად, პერსპექტივის – დონის შესაფასებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია დასაქმება და ახლადშექმნილი (დამატებული) ღირებულება,  ანუ, პასუხი შემდეგ კითხვებზე:

-რას ვაკეთებთ? რას ვსაქმიანობთ? რით ვართ დაკავებული და რა არის ასეთი დასაქმების ეფექტი?

-როგორია დასაქმებისა და ეკონომიკურ-ღირებულებრივი სტრუქტურა საქართველოში?

-როგორია იგივე პარამეტრები მსოფლიოში,  განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში (მცირე, საშუალო და მაღალშემოსავლიან), პოსტ-სოციალისტურ ჩვენი ზომის ქვეყნებში?

-რას უნდა ვაკეთებდეთ?

-საითაა ეკონომიკის სტრუქტურისა და დასაქმების ცვლილების ორიენტირი და რა სტადიებია   გასავლელი?

-როგორ გვესახება სტრუქტურული ტრანსფორმაცია ?

დადგენილი კანონზომიერებაა, რომ ეკონომიკის განვითარებას თან სდევს დასაქმებულთა შემცირება პირველადი დამუშავების დარგებში (primary industries-სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, მეტყევეობა, სამთო მოპოვება) და დასაქმებულთა ზრდა მეორეულ (დამამუშავებელი მრეწველობა) და მესამეულ (მომსახურება/სერვისები) სექტორებში. ამასთან, განვითარების საწყის ეტაპზე მრეწველობაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი ჯერ იზრდება, ხოლო შემდგომ  („პოსტინდუსტრიულ“ სტადიაზე) მცირდება სერვისების (მ.შ. მრეწველობის მომსახურე სერვისების)  სასარგებლოდ.

როგორც ირკვევა, განვითარების  ამ ვექტორზე სვლა ასეთი თანმიმდევრობით აუცილებელია და  „ბუნებრივი“ (სტრუქტურული ტრანსფორმაციის არტურ ლევის მოდელი; ჰარის-ტოდაროს მოდელი მიგრაციაზე სოფლიდან – ქალაქისაკენ). რაც შეეხება გადასვლას  პირველიდან მესამე სტადიაზე (ინდუსტრიალიზაციის პერიოდის ამოგდება), „სრული დასაქმების“ შენარჩუნებით ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

როგორია ვითარება ამ მხრივ ჩვენთან, საქართველოში და ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში?

საქართველოს ეკონომიკის პირველადი დამუშავების სექტორში მუშაობს ამჟამად დასაქმებულთა არანაკლებ 46%-ისა, ხოლო მეორეულ სექტორში -დაახლოებით 13%. რაც შეეხება მესამე სექტორს (41%), აღსანიშნავია, რომ სერვისების დიდი ნაწილი დაბალკვალიფიციური და დაბალპროდუქტულია განსხვავებით განვითარებული(მაღალშემოსავლიანი) ქვეყნებისაგან, სადაც ხდება ინდუსტრიების სერვისებში  გადასვლა (მომწიფებული დეინდუსტრიალიზაცია).

ჩვენ ჩამორჩენაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ „პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებით“ საქართველოში დაკავებულია მხოლოდ 21,6 ათასი კაცი (დასაქმებულთა 1,2%), ხოლო ინფორმაცია-ტელეკომუნიკაციაში დასაქმებულია 21,3 ათასი (1,2%), იხილეთ ცხრილი N1.

ცხრილი 1

ცხრილი1

 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების (სტრუქტურული თვალსაზრისით) არსებული და პერსპექტიული მდგომარეობის შესაფასებლად, საინტერესოა გავეცნოთ მსოფლიო ტენდენციებს ამ ასპექტში. კერძოდ,  მსოფლიო ბანკის უხლოეს მონაცემებზე დაყრდნობით, ქვემოთ მოგვყავს ქვეყნების (ქვეყანათა ჯგუფების) ეკონომიკების სტრუქტურებისა და მათი შემოსავლის დონეების შესაბამისობის (კორელაციების) მაჩვენებელთა თვალსაჩინო ინდიკატორები.

 

photo1

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დღევანდელი მდგომარეობით განეკუთვნება საშუალო-შემოსავლიან ქვეყანას (მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 10120 $, PPP, 2017), როგორც ვხედავთ, ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის მოყვანილი პარამეტრები არსებითად განსხვავდება მსოფლიოს ანალოგიური ქვეყნების გასაშუალოებული პარამეტრებისაგან. კერძოდ, თუ საშუალო-მაღალშემოსავლიან ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი შეადგენს საშუალოდ 17%-ს, ხოლო სოფლის მეურნობის წილი მშპ-ში 6,4%, საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლები(41% და 7%) აშკარა შეუსაბამობაზე მეტყველებს.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ  ინდუსტრიაში დასაქმებულთა და დამამუშავებელი მრეწველობის (manufacturing) მაჩვენებლებზე-26% და 21%  vs  12%  და 11% * შესაბამისად. გრაფიკიდან კარგად ჩანს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურის როგორც არსებული მდგომარეობა, ისე განვითარების (ტრანსფორმაციის) მიმართულება.

ცალკეა ანალიზის საგანია საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა (მეტწილად თვითდასაქმებულთა) ასეთი მაღალი მაჩვენებლის ფენომენი (ჩემი აზრით ეს არის სოფლად ფარული უმუშევრობის აკარა გამოხატულება).

არსებითად იგივე დასკვნები კეთდება თუ  დავაკვირდებით ანალოგიურ მაჩვენებლებს ცალკეულ პოსტ-სოციალისტურ  პატარა ქვეყნებში (12 მლნ-მდე მოსახლეობით).

photo2

მთავარი კანონზომიერება: მშპ-ს სიდიდე ერთ სულზე უკუპროპორციულია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისა და დამატებული ღირებულების წილისა დასაქმებულებში და მშპ-ში შესაბამისად და  პირდაპირპროპორციული- ინდუსტრიაში დასაქმებულებისა და დამამუშავებელი მრეწველობის  წილისა მშპ-ში.

თუმცა, არის  ზოგიერთი რაოდენობრივი გადახრა კანონზომიერებიდან.  მაგალითად, 1 სულზე წარმოებული მშპ-სთან შესაბამისობის მიხედვით,  საქართველოს უნდა ყავდეს მეტი დასაქმებული ინდუსტრიაში, ან ნაკლები დასაქმებული სოფლის მეურნეობაში სასომხეთთან შედარებით; მოლდოვას უნდა ყავდეს საქართველოსთან შედარებით მეტი დასაქმებული სოფლის მეურნეობაში და ნაკლები ინდუსტრიაში და სხვა.

მიუხედავად ასეთი(მცირე) გადახრებისა, რაც საქართველოს „ამოვარდნაზე“ მიუთითებს, ზოგად-ისტორიული კანონზომიერებაა, რომ დასაქმებულთა შემცირებას სოფლის მეურნეობაში და ზრდას მრეწველობაში, ამავდროულად მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის შემცირებასა და მრეწველობის წილის გაზრდას- მოყვება ქვეყნის შემოსავლების ზრდა (მშპ-ს გაზრდა ერთ სულზე).

ეკონომიკური განვითარების (შემოსავლების ზრდა დროში) კვალობაზე დასაქმების სტრუქტურული ცვლილების ზოგადი სურათი კი ასეთია: განვითარებას თან სდევს  დასაქმების შემცირება სოფლის მეურნეობაში; ინდუსტრიაში -ჯერ ზრდა,  შედეგ შემცირება; სერვისები კი განუხრელად იზრდება (მ.შ. სერვისები მრეწველობისათვის). იხ.სურათი #1.

სურათი #1

photo5

ამ სურათის (კანონზომიერების) ქვედა (იისფერი) ნაწილის სხვა რაკურსით  დანახვა შესაძლებელია რეალურ სტატისტიკურ მონაცემებზე (მსოფლიო ბანკი)  დაყრდნობითაც. თუ „განვითარებას“ შევხედავთ მრეწველობის როლის თვალსაზრისით (შექმნილი დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში), მაშინ ქვეყნების განვითარების სტადიები ასე გამოიყურება:
photo3

როგორც გრაფიკიდან ჩანს, დამამუშავებელი ინდუსტრიის წილი მშპ-ში ზოგადად შემოსავლის ყველა კატეგორიის ქვეყანაში მცირდება: დაბალშემოსავლიან ქვეყნებში დამამუშავებელი მრეწველობის წილი მშპ-ში დაახლოებით 9%-ია; დაბალსაშუალოშემოსავლიან ქვეყნებში, ანუ განვითარების პირველ ეტაპზე ეს წილი იზრდება 17-16 პროცენტამდე; განვითარების მეორე ეტაპზე  მაღალსაშულოშემოსავლიან ქვეყნებში წილი საშუალოდ 22-21 პროცენტამდე იზრდება; მაღალშემოსავლიამ ქვეყნებში კი წილი დაახლოებით 14 %-მდე ეცემა-განვითარები მესამე ეტაპი-პოსტინდუსტრიული ხანა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,  საქართველო მიეკუთვნება საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს, ამიტომ ტრენდის მიხედვით  დამამუშავებელი ინდუსტრიის წილი მშპ-ში მინიმუმ 16%-ზე მეტი უნდა იყოს,   რაც ჩვენის აზრით, ნაადრევ (ჩვენ შემთხვევაში იძულებით) დეინდუსტრიალიზაციაზე ან ჩამორჩენილ ინდუსტრიალიზაციაზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის განვითარების არამყარ საფუძველს ქმნის.

აქ ჩვენ ვერ შევჩერდებით ინდუსტრიის (უპირატესად დამამუშავებელი მრეწველობის) მამოძრავებელ (მოტორულ) როლზე ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიური პროგრესის საქმეში. ამაზე უამრავი ლიტერატურა არსებობს (აღვნიშნავთ მხოლოდ პოპულარულ ავტორებს -დანი როდრიკს,  ჰა-ჯუუნ ჩანგს და  ერიკ რეინერტის ბესტსელერს “How Rich Countries Got Rich And Why Poor Countries Stay Poor” ; იხ. აგრეთვე ჩვენი სტატიები European.ge-ზე) .

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ინდუსტრიის ჩამორჩენისა და  მისი პრიორიტეტულობის პოლიტიკურად მიუღებლობის პირობებშიც კი საქართველოს მრეწველობაში სოფლის მეურნეობასთან შედარებით დასაქმებულია ხუთჯერ ნაკლები და ქმნის 2-ჯერ მეტ დამატებულ ღირებულებას. სასტუმროებთან და რესტორნებთან შედარებით კი დასაქმებულია თითქმის 4-ჯერ მეტი  კაცი და იქმნება თითქმის 5 ჯერ მეტი დამატებული ღირებულება (ტურიზმის პრიორიტეტულობის მიუხედავად).

შევეცდებით ზოგადი პასუხი გავცეთ ჩვენთვის საინტერესო კონკრეტულ კითხვებს:

-როგორია საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობის (manufacturing) სტრუქტურა?

-როგორია განვითარების პოტენციალი ქვედარგებში და შესაბამისი პრიორიტეტები?

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის თქმით 2016 წელს „მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 პროცენტი)“, რაც მოიცავს როგორც დამამუშავებელ მრეწველობას (13%), ისე სამთომომპოვებელ, ელექტრონერგიის მწარმოებელ და წყალმომარაგების სექტორებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით  კი, იმავე წელს ინდუსტრიის (მშენებლობასთან ერთად) წილი მშპ-ში შეადგენდა 21,4%-ს (2016) და 22%(2017), საიდანაც დამამუშავებელი მრეწველობის წილად მოდიოდა მხოლოდ 10,3% და 10,5% შესაბამისად (ზემოთმოყვანილ გრაფიკებში 11%).

როგორც გრაფიკებიდანაც გამოჩნდა, სწორედ დამამუშავებელი მრეწველობაში გვაქვს ჩამორჩენა და სწორედ ამ მიმართულებითაა საჭირო სახელმწიფოს ჩარევა-ინტერვენცია (big push theories), გარკვეული- ინდუსტრიული პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც უნდა განხორციელდეს ე.წ. დაუბალანსებელი(სელექციურ სექტორებში წინმსწრები) ზრდის ტემპის სტრატეგია  და რასაც უნდა მოყვეს მლიანად ქვეყნის ეკონომიკის ჩამორჩენის დაძლევა (ჰირშმანი).

ამიტომ, მიზანშეწონილია უფრო დეტალურად განვიხილოთ დამამუშავებელი მრეწველობის სტრუქტურა, მისი ქვედარგები და შესაბამისი პარამეტრები იხ. ცხრილი N3.

ცხრილი N3. საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობის დამატებული ღირებულება (MVA), დასაქმება და შრომის ანაზღაურება, 2016

ქვედარგი მლნ ₾ % დასაქმება, კაცი % საშ.ხელფასი,₾ შენიშვნა
1.კვება და სასმელები 940.8 45,6 35655 39,5 593,5;1 056 მ.შ. სასმელები- 524 მლნ ₾, 10597 კაცი
2. არალითონური მინერალური პროდ. 319.5 15,4 8741  9,7 897,4 ცემენტი, ბეტონი...
3. ძირითადი ლითონები 164.6 7,9 9618  10,6 861,7 მეტალურგია
4.ქიმიკატები 87.3 4,2 3473 3,8 1 143,8 4+6+7=11,1% VA,11,1% დასაქმებულთა
5.ლითონის ნაწარმი 77.8 3,7 3478 3,8 993,8 3+5=11,6% VA, დასაქმებულთა 14,4%
6.რეზინი და პლასტმასი 76.4 3,6 4051 4,4 636,6
7.ფარმაცევტიკა 70.0 3,3 2615 2,9 1 180,8 მაღალი ტექნოლოგია
8.“მანქანათმშენებლობა“ 31.9 1,5 2537 2,8  859 მ.შ. მაღალი ტექნოლოგია
9.დანარჩენი 299,7 14,4 20024 22,2 ტექსტილი, ტანსაცმელი, ტყავი, თამბაქო, ხის ნაწარმი, ავეჯი, ქაღალდი, ბეჭდვა და სხვ.
10. სულ დამამუშავებელ მრეწველობაში 2068 100 90192 100 781,4 წილი მშპ-ში -5,8%. -10,5% WB მონაცემით.+701მლნ შინამეურ.=2769 მლნ ₾, 8,1% მშპ-ში(საბაზრო მიმდინრე ფასები)-12% მშპ-ში( საბაზისო ფასები)
11. MVA 1 დასაქმებულზე, 0,022928 1 სულზე-558 ლ

როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობაში დომინირებს კვებისა და სასმელების ინდუსტრია, სადაც იქმნება ამ სფეროს 45,6% დამატებული ღირებულება და დასაქმებულია 39,5%. მეორე უდიდესი სექტორია არალითონური მინერალური პროდუქტები (მ.შ. მთავარია სამშენებლო მასალები)   დამატებული ღირებულების და დასაქმების 15,4 % და 9,7% შესაბამისად. მესამეა- ძირითადი და დამუშავებული ლითონები ეთადაღებული ან ქიმიური ინდუსტრია (ქიმიკატები, რეზინი და პლასტმასები და ფარმაცევტული პროდუქტები) – 11,1% დამატებული ღირებულებით და იგივე ზომის დასაქმებულთა წილით გამამუშავებელ მრეწველობაში.

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO-იუნიდო) მეთოდოლოგიის თანახმად სწორედ აღნიშნული დარგებია პრიორიტეტული გასავითარებლად ჩვენნაირ მცირე ქვეყნებში, შემოსავლის დონის მოცემულ ეტაპზე (იხ. სურათი #2).

სურათი #2.
photo4აღსანიშნავია, რომ სურათის მიხედვით, სხვა დარგებთან ერთად, ქვეყნების მაღალსაშუალო შემოსავლის ეტაპზე, ელექტრული მანქანები და აპარატების დარგი, განეკუთვნება მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას. სამწუხაროდ, ეს ქვედაგი პრაქტიკულად “არ იძებნება” საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობის სპექტრში, სადაც მთლიანად „მანქანამშენებლობის“ წილად მოდის დამატებული ღირებულების მხოლოდ 1,5%. აღნიშნულ ქვედარგებში საქართველოში 2016 წელს  სულ რგისტრირებული იყო 585  საწარმო, მ.შ. 242 ინდმეწარმე. ამავე ქვედარგებში ელექტრულ მანქანა-აპარატებთან ერთად აღირიცხება მაგალითად, საავიაციო წარმოების „ნარჩენები“, ემავალმშენებლობა, მექნიკური ქარხნები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა (იხ. ცხრ.N3). შედარებისათვის, უკრაინაში მანქანათმშენებლობის წილი მრეწველობაში შეადგენს 11%-ს და  ამ ქვეყნის ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში იგეგმება მანქანათმსენებლობის 26 ქვედარგის შესწავლა.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ პრიორიტეტებს საქართველოსთვის, როგორც  კვლევა (დიაგნოსტიკა) აჩვენებს:

კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიზანშეწონილია და შესაძლებელია განვავითაროთ (საჭიროა  სახელმწიფო ინტერვენცია) ისეთი სექტორები, როგორებიცაა:

  • ხილისა და ბოსტნეულის დამუშავება-გადამუშავება
  • რძისა და ხორცის დამუშავება- გადამუშავება
  • თევზჭერა, აკვაკულტურა და მარიკულტურა, თევზის დამუშავება-გადამუშავება

არალითონური მინერალური სამშენებლო მასალებში

  • ცემენტი
  • აფუებული თიხა
  • აგური, კრამიტი
  • მოსაპირკეთებელი ბუნებრივი ქვები
  • კერამიკული ფილები

მანქანათმშენებლობა

  • საავიაციო მრეწველობა
  • სარკინიგზო მანქანები
  • ელექტროტექნიკა

ქიმიურ მრეწველობაში

  • ფარმაცევტიკა
  • პლატმასებისა და პოლიმერული ნაწარმი

აღნიშნული ქვედარგების განვითარება არა მხოლოდ გაზრდის დამატებულ ღირებულებას (მშპ), დასაქმებას და შეამცირებს სავაჭრო დეფიციტს, გაზრდის ექსპორტს, არამედ გააჩენს რეალურ მოთხოვნას შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებზე (განათლება) და კვლევებზე (მეცნიერება), ექნება გადადინების (spillover) ეფექტი სხვა დარგებსა თუ სფეროებში.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების პირობებში საინვესტიციო ინტერვენცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაღალი შეფასების მქონე პროექტებში. ასეთი შეფასება კი უნდა მოხდეს არა მხოლოდ ფინანსური რეზულტატებისა და კომერციული რისკების კრიტერიუმებით, არამედ უპირატესად ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა და უსაფრთხოების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ასეთი კრიტერიუმებია მაგალითად, ინოვაციურობა, დივერსიფიკაცია, კლასტერირების პოტენცია, ეკოუსაფრთხოება და რესურსდამზოგველობა/რეციკლირება, დასაქმება, საექსპორტო პოტენციალი, ეროვნული შემოსავლის ნაზრდის სიდიდე და სხვა (შემუშავებულია შესაბამისი მეთოდოლოგია).

ზოგადი ამოცანა უნდა იყოს – ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიული განვითარება (ISID). ეს ტერმინი(და შინაარსი) დამკვიდრებულია იუნიდოს მიერ და გაზიარებულია გაეროს ქვეყნების მიერ, როგორც  განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა და ამოცანა, რაც აისახა კიდეც გაეროს ქვენების მიერ შეთანხმებულ(2015) მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებში ( მიზანი N9). რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შეთანხმების ფარგლებში საქართველო 2030 წლისათვის, სხვა პარამეტრებთან ერთად მიზნად ისახავს მთლიან შიდა პროდუქტში დამამუშავებელი მრეწველობის წილის ( MVA) 25 %-მდე გაზრდას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამ ტერმინის შინაარსი გვეუბნება ინდუსტრიული ზრდა უნდა იყოს, ინკლუზიური და არა მხოლოდ მცირე ინდუსტრიული ჯგუფებისათვის, მაქსიმალურად მწვანე (green growth) და ინოვაციური (რაც არ გულისხმობს საშუალო და დაბალტექნოლოგიური სექტორების გამორიცხვას).

-როგორ უნდა იქნეს მიღწეული დაჩქარებული ინდუსტრიალიზაციის ეს მიზანი? რა როლი აქვს  სახელმწიფოს? როგორი ეკონომიკური პოლიტიკა გვჭირდება?

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, განვითარების ეკონომიკის თეორია და პრაქტიკა დღეს უდავოს ხდის იმ ჭეშმარიტებას რომ შეუძლებელია ეკონომიკაში ჩამორჩენის დაძლევა და გარდამტეხი წინსვლის (catch up) მიღწევა მხოლოდ ბაზრის მექანიზმებისა და თვითდინებით განვითარების იმედად ე.წ. ბაზრის ჩავარდნების (market failures) პირობებში.

დღეს უკვე აღარ დავობენ უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ინდუსტრიული პოლიტიკა. საკამათოა მხოლოდ ინდუსტრიული პოლიტიკის შინაარსი, ფორმები და მეთოდები(,,Don’t ask why, ask how,,).

უპირველესად  კი აუცილებელია მთავრობის უმაღლეს დონეზე არსებობდეს სათანადო ხედვა და პოლიტიკური ნება, შემდეგ კი ადმინიტრაციული კომპეტენციები.

რაც შეეხება ინდუსტრიული პოლიტიკის თანამედროვე ინსრუმენტებს, აქ გამოსაყენებელია შეიარაღების მთელი კომპლექსი (toolbox for industrial policy), ე.წ. ჰორიზონტალური და ვერტიკალური (სექტორული), ასევე რეგიონული პოლიტიკების სახით, რაც ზოგადად შეიძლება ასე წამოვიდგინოთ:

  • კონცეფციის, სტრატეგიისა  და სამოქმედო პროგრამის შემუშავება და მიღება; პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელსაყრელ ეკონომიკურ გარემოს მაგალითად, კონკურენტული გარემო, ინფრასტრუქტურაზე, ენეგიაზე;
  •  რესურსებზე წვდომა, კორპორაციულ დაბეგვრა, კრედიტზე წვდომა, გარემოსდაცვა და სხვ. ;
  • ინსტიტუციების ჩამოყალიბება-გაძლიერება (capacity building)  კოორდინირების,
  • ინფორმაციული უზრუნველყოფის, რეგულირების (მ.შ. სტანდარტიზაციის, ევროკავშირთან ჰარმონიზაციის) ფუნქციებით;
  • ფისკალური სტიმულები (მიზნობრივი საგადასახადო შეღავათები, სუბსიდირების სხვადასვა ფორმები);
  • სავაჭრო და მონეტარული (გაცვლითი კურსის) პოლიტიკა
  • პრიორიტეტული სექტორების/ღირებულებათა ჯაჭვის, კლასტერების, ინდუსტრიული ზონების, პარკების შექმნის, მოდერნიზაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (ITC) ინდუსტრიებში ინტეგრირების (გაციფრულების), ენერგოეფექტურობის  და სხვა ტიპის  სტრატეგიული პროგრამები, გზამკვლევები და სამოქმედო გეგმები, მ.შ. მაგალითად ისეთი  ინოვაციური მიდგომით, როგორიცაა ევროპაში აპრობირებული  ე.წ. ჭკვიანური სპეციალიზაციის პლათფორმა (smart specialization);
  • პრიორიტეტული ინვესტიციების ხელშეწყობა მ.შ. სათანადო ფინანსური მექანიზმებით. მაგალითად, ეროვნული განვითარების ბანკი-გრძელი ფულით და სარისკო კაპიტალით; პრეფერენციული სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო- კერძო სექტორის თანამშრომლობის(PPP) სხვადასხვა ფორმებით
  • განათლება/წვრთნა, კვლევები(R&D) და მეცნიერება (უნივერსიტეტების კავშირი ინდუსტრიასთან)
  • საზოგადოებასთან კომუნიკაცია (მ.შ. სექტორული ფორუმები) და სხვ.

ბუნებრივია, აქ ვერ შევჩერდებით ზემოთხსენებული ინსტრუმენტების ხმარების სპეციფიკაზე, თუმცა ხაზგასასმელია, რომ მათი გამოყენება უნდა მოხდეს კომპლექსურად, ეტაპობრივად და შერჩეული ზომით და აქცენტებით. მოკლედ, მაღალი კომპეტენციითა და ოსტატობით. საინტერესოა, რომ მაგალითად იგივე უკრაინაში ინდუსტრიული კომპლექსის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას გაანალიზეს მასთან დაკავშირებული 295 უკვე არსებული ინსტრუმენტი.

ვფიქრობთ, დაყოვნება ამ საქმეში ნიშნავს ეკონომიკური განვითარების, მითუმეტეს დაჩქარებული ზრდის შეუძლებლობას, ჩამორჩენის გახანგრძივებას და ქვეყნის მთლიანი განვითარების შეფერხებას. თუმცა, გავიმეორებთ, რომ ამ საქმის განხორციელებისათვის სათანადო ხედვასთან ერთად აუცილებელია ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო და რაც მთავარია, მთავრობის პოლიტიკური ნება.

(დანართი)

ცხრილი N2. პოსტსოციალისტური პატარა ქვეყნების ეკონომიკური სტრუქურის ინდიკატორები

ქვეყანა მოსახლეობა, მლნ მშპ ერთ სულზე, $,PPP დასაქმებულთა წილი ს/მ, % ს/მ წილი მშპ-ში,% დასაქმებულთა წილიინდუსტრიაში დამ. მრეწ.წილი მშპ-ში, %
ჩეხეთი 10,6 36,915.9 2,8 2 37,8 24
სლოვენია 2.0 34,801.6 4,93 2 32,5 21
ხორვატია 4,1 25,264.4 7,54 3 27,04 13
სლოვაკეთი 5,4 30,460.4 3 3 36 20
ლიეტუვა 2,89 32,092.5 8 3 25 18
ესტონეთი 1,3 29,743.3 4 2 30 13
მაკედონია 2,0 15,231.3 16 9,4 30 12
მოლდოვა 3,5 5,697.8 33 12,2 17 12
სასომხეთი 2,9 9,647.5 34 15 16 10
საქართველო 3,7 10,698.7 41 7 12 11
Share on Facebook93Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.