ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ფინანსური ინსტრუმენტები და წყაროები ევროკავშირსა და საქართველოში

Share on Facebook58Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

10342773_742923582441772_162554142639038570_n

►ავტორი: გიორგი სიგუა –  ეკონომიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინოვაციურობა აუცილებელია განვიხილოთ, როგორც არასტანდარტული, კრეატიული იდეების რეალიზაციის ფორმა, როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ხელოვნებაში. განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება და ფუნქციონირება ხდება შემდეგი ფუნდამენტური პირობების არსებობისას:

  1. მიზანმიმართული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა (საქართველოს შემთხვევაში ეს პოლიტიკა უნდა მოიცავდეს სტრუქტურულ გარდაქმნასაც);
  2. ეფექტური სამართლებრივი სისტემა (საკანონმდებლო უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემა);
  3. მაღალკონკურენტული ბიზნეს-გარემო და მიმზიდველი კლიმატი უცხოელი და ადგილობრივი მაღალტექნოლოგიური ინვესტორებისათვის;
  4. მეწარმეთა სტრატის არსებობა – ი. შუმპეტერისა და ბ. ა. ლუნდვალის გაგებით;
  5. ფინანსური ინსტიტუტები და ფინანსური რესურსები;
  6. განვითარებული მეცნიერების, განათლების და  კადრების მომზადების სისტემა;
  7. ინოვაციური ინფრასტრუქტურა [1] [2]

აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი მე-3-ე და მე-4-ე პირობებია. საინტერესო გამონაკლისს წარმოადგენს XX საუკუნის 30-50 წლების საბჭოთა კავშირი, სადაც სახელმწიფო საკუთრების სრული დომინირებისა და შესაბამისად, შიდა კონკურენციის არარსებობის პირობებში, მართვის ტოტალიტარული მეთოდის “წყალობით”, შესაძლებელი გახდა ჩამოყალიბებულიყო ის, რასაც ჩვენ დღეს ეროვნულ ინოვაციურ სისტემას (ეის) ვუწოდებთ. ბუნებრივია, საბჭოთა მოდელი განსხვავდებოდა თანამედროვე ოთხი მოდელისაგან,  მაგრამ  სწორედ  მაშინ  სამეცნიერო-ტექნიკური  განვითარება პირველად  გახდა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის  მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს მოგვიანებით, 50-იანი წლების ბოლოს მოხდა – არა მხოლოდ აშშ-სა და ევროპაში, არამედ იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც (ლოს-ალამოსის ატომური პროექტი იყო ცალკეული, კონკრეტული პროგრამა და არა სისტემური მიდგომის ნაწილი). ამიტომ, ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ინოვაციის ეპოქა დაიწყო გასული საუკუნის ბოლო მესამედში ან მეოთხედში. რეალურად, მთელი XX საუკუნე და განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი (ავტომობილი, ავიაცია, ტელეფონი, რადიო, კინო და ტელევიზია, ატომური ელექტროსადგურები და იარაღი, პირველი ელექტრო-გამომთვლელი მანქანები, მეცნიერებისა და ეკონომიკის მრავალი სხვა დარგი წარმოიშვა სწორედ ამ პერიოდში) წარმოადგენს ეპოქას, რომელმაც ცოდნა გარდაქმნა არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ მთლიანად ცივილიზაციის ინოვაციური განვითარების ფუნდამენტად.

საბჭოთა კავშირი დაიშალა იმიტომ, რომ არსებულმა პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა მოდელმა ქვეყანა ისტორიულ ჩიხში მიიყვანა. პოლიტიკურ სფეროში კონკურენციის არარსებობამ გამოიწვია პოლიტიკური ელიტისა და მართვის სისტემის დეგრადაცია. ეკონომიკაში კონკურენციისა და იმანენტური სტიმულების არ არსებობამ, წარმოების ორიენტაციამ რაოდენობის გეგმიურ ზრდაზე და არა პროდუქციის ხარისხზე, განაპირობა ეკონომიკის სანედლეულო სტრუქტურა. ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე ხარჯავდა მსოფლიოში ყველაზე მეტს – საშუალოდ მშპ-ს 5%-ს.

აშშ-ს გადაქცევა მსოფლიოს ეკონომიკურ ლიდერად მნიშვნელოვნწილად განპირობებული იყო 1901 წელს თეოდორ რუზველტის მიერ შერმანის ანტიმონოპოლიური კანონის ამოქმედებით, რომელიც 1890 წლიდან თაროზე იდო. ამ კანონის დარღვევა ისჯებოდა 10 წლიანი ციხით და ჯარიმით 250 000 იმდროინდელი დოლარის ოდენობით. დღემდე, ამერიკის ანტიმონოპოლიური რეგულირება ყველაზე მკაცრია მსოფლიოში.

ცხადია, რომ სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ რეგულირებას  გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკის განვითარებისათვის.  აქ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვან, და შესაძლოა, ერთადერთ უპირატესობას  ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ  ეკონომიკასთან (და არა გეგმიურთან, რადგან კონკურენცია და გეგმიურობა არ გამორიცხავს ერთმანეთს) წარმოადგენს შიდა და გარე კონკურენცია.

საქართველოში, 2004 წელს, ლიბერტარიანული მანიით შეპყრობილმა მთავრობამ გააუქმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და შეწყვიტა რეგულირება. 2014 წელს, ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგა, თუმცა  მისი ეფექტიანობა ჯერ-ჯერობით არ არის მაღალი.

შიდა კონკურენცია და ეროვნული ინოვაციური სისტემა კონკურენტუნარიანი ეკონომიკის, ეკონომიკური უსაფრთხოების, და შესაბამისად, გლობალური მასშტაბით სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის აუცილებელი ფუნდამეტია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების რეიტინგში (შემუშავებულია კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ქსავიე სალა-ი-მარტინის მიერ 12 საკონტროლო მაჩვენებლით) საქართველო 67-ე ადგილს იკავებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებლები ასეთია: ესტონეთი -29, აზერბაიჯანი – 35, რუსეთი – 38, ლიტვა – 41, ლატვია – 54, ყაზახეთი – 57, სომხეთი – 73, უკრაინა – 81. რეიტინგში ლიდერობენ:  1. შვეიცარია, 2. აშშ, 3. სინგაპური, 4. ნიდერლანდები, 5. გერმანია, 6. ჰონკონგი, 7. შვეცია, 8. დიდი ბრიტანეთი, 9. იაპონია, 10. ფინეთი, 11. ნორვეგია, 12. დანია.[3]

უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს არც დანარჩენი ექვსი ფუნდამენტური პირობა, რომელიც აუცილებელია ინოვაციური ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის. არც ქვეყნის მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმაში და არც ქვეყნის ბიუჯეტში, ამ პირობების შექმნისათვის საჭირო ქმედებები არ არის გათვალისწინებული.[4]

ინოვაციური საქმინაობის ფინანსური უზრუნველყოფის წყაროები, ფორმები და მახასიათებლები განისაზღვრება ეკონომიკური დონის (მასშტაბის) მიხედვით: მიკრო დონეზე (ცალკეული საწარმოები), მაკრო და ჰიპერ დონეებზე.

საწარმოების დონეზე ასეთ წყაროებს წარმოადგენს:

  • საწარმოს მესაკუთრეთა შენატანების ფულადი ნაწილი;
  • მოგება და ამორტიზაცია: როგორც წესი, დაფინანსების ეს წყაროები არასკმარისია ძვირი ინოვაციური პროექტების რეალიზაციისათვის
  • შიდა აქტივებისა და საბრუნავი საშუალებების მობილიზაცია;
  • აქციების ემისია – ფასიანი წყარო (დივიდენდების გაცემა);
  • საქველმოქმედო შენატანები;
  • საბანკო კრედიტი;
  • კომერციული კრედიტი;
  • ლიზინგი;
  • ფრანჩაიზინგი;
  • ფორფეიტინგი;
  • უპროცენტო სესხები;
  • წილობრივი მონაწილეობა (ერთობლივი საწარმოების საფუძველზე);
  • ობლიგაციების განთავსება;
  • ვენჩურული კაპიტალი: საქართველოში ბიზნესს არ გააჩნია ვენჩურული, სარისკო კაპიტალი. ამიტომ, ჩვენთან ეს ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სახელმწიფოს მიერ, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში (შვედეთი, ფინეთი, სინგაპური და სხვ.).

სახელმწიფოს შეუძლია ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას არაპირდაპირი დაფინანსების მეთოდებით: საგადასახადო ინსტრუმენტები, შეღავათები და პრეფერენციები საწარმოებისა და დარგებისათვის, რომლებიც აწარმოებენ მეცნიერებატევად პროდუქციას.

დღეისათვის არსებობს საგადასახადო სტიმულების ფართო სპექტრი, რომლებიც განსხვავდებიან როგორც სტრუქტურით, ისე შეღავათების მოცულობით. საზღვარგარეთის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებულ სტიმულს, რომელიც მიმართულია სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის წახალისებისაკენ, პირველ რიგში განეკუთვნება:

  • საგადასახადო კრედიტი სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსების ზრდის შემთხვევაში;
  • საგადასახადო არდადაგები ინოვაციურად აქტიური მცირე და საშუალო საწარმოებისათვის;
  • ვენჩურული ინოვაციური ფონდების შექმნაზე მიმართული სახსრების დაბეგვრის შემცირება, ან მისგან სრულად განთავისუფლება;
  • სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კომერციალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე საწარმოებისათვის საგადასახადო პრეფერენციების დაწესება;
  • მცირე და საშუალო ინოვაციურ ბიზნესში მოზიდული ინვესტიციების შეღავათიანი დაბეგვრა [5; გვ. 98]

მაკროეკონომიკურ დონეზე ინოვაციური საქმიანობა ხარისხობრივად იცვლება, რადგან საქმე გვაქვს არა კონკრეტული პროდუქტის გამოშვებასთან, არამედ სახელმწიფოს ან მისი რომელიმე რეგიონის ინოვაციური განვითარების უზრუნველყოფასთან. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერების, განათლების და კადრების მომზადების სისტემის დაფინანსებას. მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეროვნული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ზემოქმედება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე პირდაპირ დამოკიდებულია მშპ-ს წილზე, რომელიც იხარჯება სამეცნიერო კვლევებზე (მშპ-ს მეცნიერებატევადობა). ამიტომ, მშპ-ს მეცნიერებატევადობა დღეს განიხილება, როგორც ქვეყნის ინოვაციურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი.

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ თუ ეს მაჩვენებელი 0,4%-ზე ნაკლებია (საქართველოში-0,2%), მეცნიერებას აღნიშნულ ქვეყანაში შეუძლია შეასრულოს მხოლოდ გარკვეული სოციო-კულტურული ფუნქცია. ამ მაჩვენებლის 0,9-1%-მდე ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია გარკვეული შემეცნებითი მნიშვნელობის მქონე შედეგების მიღება. მხოლოდ დაფინანსების შემდგომი ზრდის შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ ეკონომიკაზე ეროვნული მეცნიერების მნიშვნელოვანი ზეგავლენის შესახებ, რადგან იგი იძენს ეკონომიკურ ფუნქციას. [6; გვ. 297-298 ]

მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სახელმწიფოს ინფორმაციულ-კომუნიკაციური სისტემების შექმნასა და მოწინავე უცხოური მიღწევების გაზიარების (სესხების) უზრუნველყოფაში (მ.შ. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გარკვეული დარღვევებით), რაც ფართოდაა გავრცელებული მსოფლიო პრაქტიკაში. [7; გვ. 51-55]

სახელმწიფოს მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს აგრეთვე ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა და დაფინანსება. ინოვაციური ინფრასტრუქტურის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: ტექნოპარკები, ტექნოპოლისები, ბიზნეს-ინკუბატორები,  ტექნიკურ-დანერგვითი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები, ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრები, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრები, სასწავლო-საქმიანი ცენტრები და სხვა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნეს-ინკუბატორებს, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად დააჩქარონ ქვეყანაში ბიზნესმენთა კლასისა და მეწარმეთა მცირერიცხოვანი სტრატის ფორმირებაც კი.

ყველაზე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა უნივერსიტეტებთან და ტექნოპარკებთან არსებული ბიზნეს-ინკუბატორები  (ბიზნეს-სათბურები). აშშ-ს ბიზნეს-ინკუბატორების ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, წარმატებული კომპანიების პროცენტული თანაფარდობა გაკოტრებულ კომპანიებთან (რომლებმაც ვერ მიაღწიეს 5 წლის “ასაკს”) მიმართებაში, ჩვეულებრივ პირობებში, შეადგენს 20/80-ს, ინკუბატორების პირობებში კი, 80/20-ს. ინკუბაციის საუნივერსიტეტო მოდელი იძლევა 90%-იან წარმატებას. [8] საქართველოში 2015-2016 წლებში შეიქმნა რამდენიმე ბიზნეს  ინკუბატორი, მაგრამ მათ წარმატებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული ევროპის ქვეყნების რეიტინგი მშპ-ს მეცნიერებატევადობის დონის მიხედვით ასეთია: 1. ფინეთი – 3,88; 2. შვეცია – 3,4; 3. დანია – 3,06; 4. შვეიცარაია – 2,99; 5. გერმანია – 2,82; 6. ავსტრია – 2,75; 7. ისლანდია – 2,64; 8. საფრანგეთი – 2,25; 9. სლოვენია – 2,11; 10-11. ბელგია და ნიდერლანდები – 2; 12. ირლანდია – 1,79; 13. დიდი ბრიტანეთი – 1,75; 14. ნორვეგია – 1,69. [12]

2000 წელს შემუშავებული ლისაბონის სტრატეგია მიზნად ისახავდა, მეცნიერებატევადობის საშუალო ევროპული დონის 3%-მდე გაზრდის გზით, ცოდნაზე დაფუძნებული ევროპული საერთო სამეცნიერო სივრცისა და ეკონომიკის შექმნას. 2012 წელს,  მეცნიერებატევადობის ამ მაჩვენებელმა ევროპაში 2,1%-ს მიაღწია.საინტერესოა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსებაში, მრეწველობის წილი საშუალოდ 40-45%-ს შეადგენს. კანონზომიერია, რომ ეს მაჩვენებელი მინიმალურია საბერძნეთში სუსტად განვითარებული მრეწველობით – 31% და მაქსიმალური გერმანიაში –  66%. [7; გვ .97-98]

მსოფლიოს 2007 და 2012 წლების რეიტინგებში, მრავალრიცხოვან სტატისტიკურ და ანალიტიკურ მასალებში, საქართველო არსად არ ფიგურირებს. ამის ახსნა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, “მსოფლიოს ლიდერმა-რეფორმატორებმა”, მკაცრად გაასაიდუმლეს თავიანთი “მიღწევები” ამ სფეროში – 0,16%. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამორჩებოდა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა აუტსაიდერებს (მოლდოვა – 0,53; სომხეთი – 0,27, აზერბაიჯანი – 0,25), არამედ უგანდას – 0,41, ზამბიას – 0,34; ეთიოპიას – 0,24 და ბურკინა-ფასოს – 0,20. 2016-2017 წლებში, მშპ-ს მეცნიერებატევადობამ საქართველოში, შეადგინა 0,2%. მთლიანად განათლების სისტემის დაფინანსება გაიზარდა (მ.შ. უნივერსიტეტების), მაგრამ, თავად უნივერსიტეტებში, სამეცნიერო კოლექტივებისა (კათედრების) და ლაბორატორიების არარსებობის  და  აკადემიის  ყოფილი  ინსტიტუტების ჩამორჩენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების პირობებში, პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა მოღვაწეობა არასაკმარისად შედეგიანია. აქვე დავძენ, რომ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები  ვეღარ ამზადებენ უნივერსიტეტებისთვის პროფესურის საკადრო რეზერვს, რადგან მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობა საქართველოში, 1990 წლიდან დღემდე, 50 ათასიდან 2 ათასამდე შემცირდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოს მთავარი ორიენტირი გახდა ევროპული ფასეულობები და ცხოვრების სტანდარტები. 2004-დან 2012 წლების ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა დაახლოებით 5%-ს. მაჩვენებელი ხელოვნურად იყო გაზრდილი მშპ-ს ვირტუალური მდგენელებისა (საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტა, სახელმწიფო მართვის წილის ჰიპერტროფული ზრდა და სხვ.) და ინფლაციის დონის დაწევის ხარჯზე. 2017 წელს, ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 4%, რაც დამაკმაყოფილებლად და რეალურად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ეკონომიკისა და ჩვენი ეკონომიკის ამჟამინდელი სირთულეების გათვალისწინებით. მეორეს მხრივ, ზრდის ასეთი ტემპით საქართველო მიაღწევს ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნების დღევანდელ დონეს, მშპ-ს ერთ სულზე მაჩვენებლით მხოლოდ 18-20 წლის შემდეგ.

საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, განათლების მთელ სისტემასა (სკოლამდელი დაწესებულებების ჩათვლით) და მეცნიერებაზე გამოყოფილია 1,18 მლრდ ლარი (470 მლნ აშშ დოლარი), რაც საქართველოს მშპ-ის 2,7%-ს შეადგენს. დაფინანსების აბსოლუტური ოდენობით, ეს 60-70-ჯერ ნაკლებია ვიდრე ფინეთში, დანიასა და ირლანდიაში. ნათელია, რომ კარდინალური გარდატეხის გარეშე, საქართველოს ეკონომიკა არა ინოვაციური და დამწევი, არამედ უფრო სწრაფად ჩამორჩენადი გახდება. უახლოეს წარსულში, დამწევი იყო სამხრეთ კორეის ეკონომიკა, სადაც მეცნიერების დაფინანსება 1971-88 წლებში 220-ჯერ, ხოლო მშპ 36,6-ჯერ გაიზარდა. შედეგად, ღატაკი და დამშეული კორეა, 40 წელიწადში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და განვითარებულ ქვეყნად გადაიქცა. [9].

საინტერესოა განვითარებული ქვეყნების გამოცდილება მეცნიერების დარგებზე ფინანსური რესურსების განაწილების კუთხით: ფუნდამენტურ მეცნიერებებზე – 15-20%, გამოყენებით კვლევებზე – 25-30%; საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე – 55-60%. ცხადია, რომ სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე ხდება ამ პროპორციების კორექტირება [6; გვ. 301]

ამჟამად, ინოვაციური განვითარების დონით ევროკავშირსა და დანარჩენ მსოფლიოში, გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩრდილოეთ ევროპის ხუთ ქვეყანას: სკანდინავიის ქვეყნებს და ფინეთს. ცნება “სკანდინავიური მოდელი” წარმოადგენს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების საერთო მახასიათებლების ერთობლიობას. ამ მოდელის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ წარმატება განპირობებულია არა მხოლოდ (და არა იმდენად) ეკონომიკური (მშპ-ს მეცნიერებატევადობა, ანუ დაფინანსების მაღალი მაჩვენებელი), არამედ ზოგიერთი არაეკონომიკური ფაქტორითაც, როგორიცაა: ა) სახელმწიფოს მართვაში მემარცხენე პარტიების აქტიური მონაწილეობა; ბ) კორუფციის თითქმის არარსებობა; გ) ქალების მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა; დ) კლასობრივი ანტაგონიზმის არარსებობა, ხელისუფლების, ბიზნესისა და სოციალური ფენების ჰარმონიული თანამშრომლობა და პარტნიორობა; ე) სპეციფიკური სკანდინავიური შრომის კულტურა და ფასეულობათა სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს პროტესტანტული, ლუთერანული რელიგია.

განვითარების ინოვაციურ მოდელზე ამ ქვეყნების გადასვლის წინაპირობა იყო არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ სამუშაო ძალის მაღალი ხარისხიც, როდესაც იგი იძენს ადამიანური კაპიტალის თვისებას. ადამიანური კაპიტალი წარმოიქმნება მასობრივი ინვესტიციების ხარჯზე განათლებაში, ჯანდაცვაში, ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, ოჯახების მხრდაჭერაში, პროფესიულ მობილობაში, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ადამიანის კრეატიული უნარ-ჩვევების ზრდას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2017 წლის რეიტინგში, ადამიანური განვითარების ინდექსით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის, ყველა ჩრდილოეთ ევროპული ქვეყანა წამყვან პოზიციებზეა. ამ რეიტინგში, საქართველოს 70-ე ადგილი უკავია, და ჩამორჩება ექვს პოსტ-საბჭოთა ქვეყანას (ესტონეთი – 30-ე ადგილი, ლიტვა – 37, ლატვია – 44, რუსეთი – 49, ბელარუსი –  52, ყაზახეთი – 56-ე ადგილი), თუმცა, უსწრებს მეზობლებს რეგიონში (აზერბაიჯანი – 78-ე ადგილი, სომხეთი და უკრაინა – 84 ადგილი). [10]

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებაში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორხუსისა და უფსალას უნივერსიტეტების პროფესორის  ბ.ო.  ლუნდვალის  ინოვაციის  ახალმა  ფილოსოფიამ.  მან  ი. შუმპეტერისაგან განსხვავებით (რომელმაც შექმნა “შემოქმედებითი ნგრევის” თეორია), გამოიკვლია მოხმარების როლი ინოვაციური პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტის სახით და ასევე, გვაჩვენა, რომ თანამედროვე ინოვაციის მთავარ პირობას ნაციონალური ინოვაციური სისტემები წარმოადგენენ. ამასთანავე, პირველ პლანზე გამოდის მცირე ინოვაციური ფირმები.

მცირე ფირმების ინოვაციური აქტივობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ნორვეგიული ფირმის “ნიუეგორდ”-ის წარმატება, რომელმაც შექმნა ფარმაცევტული პროდუქტი “ამიპაკი”, რის საფუძველზეც, 1990-იან წლებში, ჩამოყალიბდა სამკურნალო პრეპარატების ახალი ჯგუფი. მცირე ოჯახური ნორვეგიული ფირმა ტრანსნაციონალური ინოვაციური კომპანიის დამფუძნებლად იქცა  [11; გვ. 181-193].

ყველა ჩრდილოეთ ევროპული ქვეყანა მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების გავრცელების მხრივ. შვედეთის ამომრჩევლების უმეტესობა არჩევნებზე ხმას ელექტრონული ფოსტით აძლევს. დანია მსოფლიო ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა ქარის ენერგეტიკა, ბიოტექნოლოგია, სამედიცინო ტექნიკა და ფარმაცია, მანქანათმშენებლობის ზოგიერთი დარგი. დანიური მეცნიერებატევადი კომპანიები და ორგანიზაციები, მაგალითად ფარმაცევტული მრეწველობის დანიის ასოციაცია, დარგის მთლიანი ბრუნვის 15-18%-ს ხარჯავს კვლევით სამუშაოებზე. ქვეყანაში შექმნილია “ჩრდილოეთის ზღვის სახელმწიფო ფონდი”, რომელიც ნავთობის მოპოვებით მიღებული მოგების მნიშვნელოვან ნაწილს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს ახმარს.

ამჟამად დანიაში ფუნქციონირებს 180 ბიოტექნოლოგიური კომპანია. კერძო სექტორში კვლევით სამუშაოებზე დანახარჯების მეოთხედი ხმარდება ბიოტექნოლოგიის განვითარებას. დანიის ინოვაციურ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ახალი ევროპული რეგიონი ერესუნიც, რომელიც შეიქმნა ზღვის სრუტეზე ხიდის ექსპლუატაციაში გასვლის შემდეგ. რეგიონი, რომელიც დანიურ ზელანდიასა და შვედურ სკონეს აკავშირებს, მოზიდული ინვესტიციების ზომით ევროკავშირში მე-3-ე ადგილზეა – მასზე მოდის სკანდინავიაში მთლიანი ინვესტიციების 38%. ერესუნის რეგიონი სპეციალიზდება ინფორმაციული ტექნოლოგიების, სატელევიზიო, კომუნიკაციების, ელექტრონიკის, მედიცინის, ბიოტექნოლოგიის განვითარებაზე. შექმნილია ინოვაციური ქსელი “Medison Valley Academy”-ის სახელწოდებით,   რომელიც   აერთიანებს   300   კვლევით   კოლექტივს,  26 საავადმყოფოს, 6 სამეცნიერო პარკს, 13 უნივერსიტეტს, 115 ბიოტექნოლოგიურ კომპანიას, სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელ 130 კომპანიას. კოოპერაციის წყალობით, ამ ინოვაციური ქსელის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ სინერგიის ეფექტი დანიური სამკურნალო პრეპარატების ხარისხის ასამაღლებლად.

დანია ელექტროენერგიის მოხმარების 25%-ს ფარავს “მწვანე” წყაროების, პირველ რიგში კი, ქარის ენერგიის ხარჯზე. დანიური ფირმები აწარმოებენ მსოფლიოში საქარე ტურბინების 38%-ს, საერთო ღირებულებით 3,5 მლრდ ევრო. ამ დარგში დასაქმებულია 20 000 ადამიანი. წარმოებული ტურბინების 90% მიდის ექსპორტზე, ძირითადად გერმანიაში.

ხელისუფლების ორგანოების გარდა, დანიური ინოვაციური პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობას იღებენ ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორიცაა დანიური მრეწველობის კონფედერაცია, დანიის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემია, დანიური ბანკების ასოციაცია, მცირე და საშუალო საწარმოების ფედერაცია, ცალკეული ფირმები [11, გვ. 225-232].

ჩრდილოეთ ევროპაში თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო მცირერიცხოვანი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები იღებენ სახელმწიფო სუბსიდიებს. საყურადღებოა, რომ XX საუკუნის 60-იან წლებამდე, ფინეთში იყი მხოლოდ ორი სრულფასოვანი უნივერსიტეტი. უკვე 70-იან წლებში,  ათ სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირებდა ოცი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფინეთმა, ერთ-ერთმა პირველმა დასავლეთ ევროპაში. გამოიყენა “სილიკონის ველის” გამოცდილება :  ოულუს უნივერსიტეტთან შეიქმნა ტექნოპარკი, რომელიც აერთიანებდა განათლებას, კვლევებსა და დანერგვას. ამჟამად ასეთი ტექნოპარკები (ფინეთში მათ ზოგჯერ “ტექნოლოგიურ სოფლებსაც” უწოდებენ) 20-ზე მეტია. “სილიკონის ველის”-გან განსხვავებით მათ აფინანსებს არა კერძო კაპიტალი, არამედ სახელმწიფო.

შვედეთში ფუნქციონირებს 15 უნივერსიტეტი (13 სახელმწიფო და 2 კერძო). სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 350 ათასია, პროფესორ-მასწავლებლები კი დაახლოებით 33 ათასი (საშუალოდ 1 პედაგოგი 10 სტუდენტზე). სამეცნიერო კვლევების დაფინანსების 25% მოდის მედიცინაზე, 22% ტექნოლოგიურ დამუშავებებზე, 19% საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, 11% სოციალურ მეცნიერებებზე, 6% კი ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე. დანახარჯების 49% იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 51% გარე   წყაროებიდან.   ქალაქ   ლუნდში   ადგილობრივ   უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 1983 წელს, შეიქმნა სკანდინავიაში პირველი ტექნოპარკი “იდეონ”-ი, რომლის ძირითადი პროფილია საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები, ფარმაცია. აქციების 60% უნივერსიტეტს ეკუთვნის. ინტენსიურად ვითარდება შვედეთის უმსხვილესი ტექნოლოგიური პარკი “ჩისტე”, რომელიც 350 კომპანიასა და 10 კვლევით ინსტიტუტის აერთიანებს. ინოვაციების შემუშავებასა და დანერგვას, ბიზნესისა და აკადემიური დაწესებულებების თანამშრომლობას აფინანსებს შვედეთის სტრატეგიული კვლევების ფონდი და ინოვაციური სისტემების სამთავრობო სააგენტო “ვინნოვა”.

საინფორმაციო ტექნოლოგიები შვედეთის ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორია. სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქციის წილი ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობის 15%-ს შეადგენს. ამ სექტორის დაფინანსებაში, კერძო კომპანიებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფოც.

ბიოტექნოლოგიის სფეროში, შვედეთის უკანასკნელ მიღწევებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოჩენები გენურ ინჟინერიაში, ფუნქციურ გენომიკასა და პროტეომიკაში. შვედეთი აქტიურად მონაწილეობს ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედების კვლევებში: მსოფლიოში შექმნილი ცენტრების მესამედი სწორედ ამ ქვეყნიდან მოდის. უკანასკნელ წლებში, პრიორიტეტული გახდა კვლევები მიკრო და ნანო ტექნოლოგიებში, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფორმატიკის, კერძოდ კი კომპიუტერული სისტემების განვითარებაში [11; გვ. 206-2013]

ყურადღებას იმსახურებს ფინეთის ინოვაციური განვითარებისა და მეცნიერების დაფინანსების სახელმწიფო სისტემაც:

  1. უნივერსიტეტებისათვის პირდაპირი ასიგნებები ბიუჯეტიდან;
  2. მეცნიერებათა აკადემიის მიერ უნივერსიტეტების ბიუჯეტის დაფინანსება (16%);
  3. მეცნიერებისა და  ტექნოლოგიების  შემუშავების მხარდამჭერი სახელმწიფო ფონდები.

მეცნიერებათა აკადემია თავის რესურსებს მიმართავს ფუნდამენტური კვლევების დაფინანსებისკენ, გამოყენებითი კვლევების დაფინანსების ძირითადი წყაროა ფონდი “ТЕКЕS”-ი (30%). ფონდი “SITRA” არ მონაწილეობს კვლევითი საქმიანობის ეტაპზე. იგი ვენჩურული “კაპიტალისტია”, რომელიც აფინანსებს ახალი  კომპანიების  შექმნასა  და  განვითარებას.  “SITRA”-ს  გამოცდილება ამსხვრევს ნეოლიბერალურ მითს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კომპანიები არაეფექტიანი და წამგებიანია თავისი არსით [5; გვ 101]

დასასრულს, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ყველა ჩრდილოთ ევროპის ქვეყანაში – ყველაზე ნაკლებად იგრძნობა სოციალური ფენების დიფერენციაცია. ჯინის კოეფიციენტი ამ ქვეყნებში 3-4-ჯერ დაბალია, ვიდრე მაგალიათად, აშშ-სა და სინგაპურში და დაახლოებით 2-ჯერ დაბალი, ვიდრე საქართველოში. ამ ქვეყნებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების რიცხვი მხოლოდ 3%-ს შეადგენს.

დასკვნა

1) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინოვაციურობა აუცილებელია განვიხილოთ როგორც არასტანდარტული, კრეატიული იდეების რეალიზაციის ფორმა, როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ხელოვნებაში. საქართველოში ეროვნული ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, აუცილებელია შემდეგი ფუნდამენტური პირობები:

  • მიზანმიმართული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც სტრუქტურულ გარდაქმნებს მოიცავს;
  • ეფექტური სამართლებრივი სისტემა : საკანონმდებლო უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემა;
  • უცხოელი და ადგილობრივი მაღალტექნოლოგიური ინვესტორებისათვის მაღალკონკურენტული ბიზნეს-გარემოსა და მიმზიდველი კლიმატის უზრუნველყოფა
  • მეწარმეთა სტრატის ფორმირება;
  • ფინანსური რესურსები და ინსტრუმენტები;
  • განვითარებული მეცნიერების, განათლებისა და კადრების მომზადების სისტემა;
  • ინოვაციური ინფრასტრუქტურა.

2) მიზანშეწონილია, ეტაპობრივად განხორციელდეს ქმედითი ღონისძიებები ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემის როგორც ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისათვის, ასევე, რეგიონის მეგობარ ქვეყნებთან კვლევითი საქმიანობის სფეროში კოოპერაციის განვითარების მიზნით.

გამოყენებული ლიტერატურა:

[1]  სიგუა გ. “ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ძირითადი ტენდენციები ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში”. წიგნში: თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული თბილისი: თსუ პაატა გუგუშვილის ეკონო მიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2016.
[2] Бубенко П., Гусев В. Продолжаем заговаривать инновационное развитие // Экономика Украины. – 2016. – № – С. 82-92.
[3] http://gtmarket.ru/ratings/global-competitiveness-index/info
[4] Papava Georgia’s Economy: From Optimizm to Primitivizm. Expert Opinion, № Tbilisi, GFSIS, 2017
[5]  Новая модель экономического роста Украины: Монография под редакцией Т.М. Боголиб (на украинском языке) – Киев: «ЧП Сердюк В.Л.», 2015. – 592 с.;
[6] Малицкий Б.А. Прикладное науковедение (на украинском языке). – Киев: Феникс, – 464 с;
[7] Иванов В.В. Инновационная парадигма XXI. Российская академия наук. – М.: Наука, – 239 с.
[8]  Мазур А.А. Гагауз И.Б. Современные инновационные структуры: Монография; – Харьков: CПД Либуркина Л.М., 2005. – С. 181.
[9]В. Бурдули, Р. Абесадзе. Некоторые аспекты трансформации национальных инновационных систем в развитых странах. – Сборник статей Wartości i nowoczesność w strategii odpowiedzialnego rozwoju. – Wydawnictwo KUL, Lublin, – C. 179 – 187.
[10] http://sivilink.ru/rejting-oon-po-indeksu/
[11 ]Cеверная Европа. Регион нового развития / Под ред. Ю.С. Дерябина, Н.М. Антюшиной. – М.: Издательство «Весь мир», – 512 с.
[12]
 http://gtmarket.ru/ratings/research-and-development-expenditure/info

 

 

 

Share on Facebook58Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.