ეგოიზმის ‘სპინი’ ‘საზოგადოებრივ’ არხზე

Share on Facebook65Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

უკვე სამი დღეა ქართული მედია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი სიღატაკის თემაზე ისევ და ისევ ‘ტვინის რეცხვის’ პოლიტიკას ეწევა.  აქამდე ეს თემა მათ მიერ სრულიად იგნორირებული იყო.  ახლა, მათ გადაწყვიტეს რომ სოციალურ პრობლემებზე და 77 ათას მშიერ ბავშვზე პასუხი მოთხოვონ კერძო ინსტიტუტებს – პირველ რიგში საპატრიარქოს და სხვადასხვა ქველმოქმედს.   ცხადია, ქველმოქმედება ეკლესიასაც მოეთხოვება და ნებისმიერ ჩვენთაგანსაც.  ზოგი ამას უკეთ აკეთებს და ზოგი უარესად.

თუმცა, რა არის იმის მთავარი მიზეზი რომ 77 ათასი ბავშვი მშიერ-მწყურვალია მიხეილ სააკაშვილის ‘წარმატებულ საქართველოში”?

რა არის იმის მთავარი მიზეზი რომ ნახევარ მილიონ საქართველოს მოქალაქეს არა აქვს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინები?

რა არის იმის მიზეზი რომ იუნისეფის მონაცემებით საქართველოში წელიწადში 800 5 წლამდე ასაკის ბავშვი კვდება და 300 მათგანი შიმშილის მიზეზით?

ხომ არ გგონიათ რომ ეს ეგოცენტრიზმის ყოვლისმომცველი ფილოსოფიაა, რომელსაც ნეოლიბერალიზმი ჰქვია?

sazmau17ცხადია, ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია – ‘საზოგადოებრივი მაუწყებელი’ ცდილობს მუდმივად ტვინის რეცხვის ‘სპინი’ გადაიტანოს ნეოლიბერალური სისტემის დაცვისაკენ და დამნაშავეს ყოველთვის სხვაგან ეძებს.   ამჯერად 2012 წლის საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელმაც 7 მილიარდ 623 მილიონი ლარი შეადგინა, მხოლოდ 25 მილიონის ხარჯვითი ნაწილის პატრონს, მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაკითხა და სულ ყეფა-ყეფით ქრისტიანულ მორალს უკითხავდა ერთ-ერთ სასულიერო პირს.  ამ წერილის მიზანი სულაც არ არის ეკლესიის დაცვა.  ეკლესია თავს ჩემზე უკეთ დაიცავს.  მე თვითონ მინახავს მეუფე დიმიტრის მიერ მოწყობილი ბავშვთა სახლები, სადაც ნამდვილად ზღაპრული პირობებია.  დღეისათვის, გაჭირვებული ბავშვების რჩენის საქმეში ეკლესია ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ჩვენი სახელოვანი ‘სეკულარული’ სახელმწიფო.  ახლა ეკლესიის გარეთ მყოფი აგრესიული ადამიანების სატელევიზიო შეტევები რეალურ სურათს ვერ შეცვლის.  და რეალური სურათი ასეთია:

ბოლო 9 წლის განმავლობაში და სამწუხაროდ ჯერჯერობით დღესაც საქართველოში გააფთრებული ტემპებით მკვიდრდება ნეოლიბერალური ეგოიზმის ფილოსოფია, რომელსაც ქართველ ხალხს თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიის სახელით ასაღებდნენ.  ამ ფილოსოფიის მიხედვით მშიერი ბავშვების და საერთოდ გაჭირვებული ადამიანების სოციალური დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ არის.  ამ ეგრეთწოდებული ‘ლიბერტარიანელების’ იდეოლოგიის ერთ-ერთი მამა იყო სწორედ ის ბატონი ბენდუქიძე (ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ სხვა ლიდერთან ერთად), რომელსაც ასე ღიად ჩაუდგა საზოგადოებრივი მაუწყებელი პიარის აგენტის სამსახურში.

ახლა მაინტერესებს რატომ გაუჩნდა ეკა კვესიტაძეს (ან რომელიმე სხვა კორესპონდენტს ‘ვითომ საზოგადოებრივი არხისა”) იმ სახელმწიფოსთან, რომელიც 584 მილიონ ლარს ადამიანების დაჭერაში, წამებაში, მათი პირადი საუბრების მოსმენაში და მათს დევნაში ხარჯავდა?

584 მილიონი ლარი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხმარდებოდა, ბევრად დიდი თანხაა, რომელსაც ბაჩო ახალაია, ადამიანების წამებისთვის იყენებდა – და არა მარტო ის, თუ არ ვცდები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მოვალეობაც ადამიანის დაცვაა – და ამხელა სახსრების ხარჯვა ამ ადამიანების დევნისა და გაუპატიურების მაგივრად მათს სოციალურ დაცვას რომ მოხმარებოდა, ეს ხომ უკეთესი იქნებოდა?

გაგიჩნდებათ კითხვა – კი მაგრამ როგორ?

როგორ და ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, პოლიცია არის დეცენტრალიზებული და მის ბიუჯეტიც ადგილობრივ თვითმმართველობას აწვება.  აქედან გამომდინარე ფედერალური ბიუჯეტი ზოგავს მთლიანად ამ თანხას – ანუ 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით 584 მილიონ ლარს.  მარტო ეს ერთი სამინისტროს ტრანსფორმაცია მაქვს მე მხედველობაში.  ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობს ფედერალური პოლიცია და ქართულ პოლიციაზე ცუდად არ მუშაობს.  და სადმე თუ გადაცდენა ხდება, სწორედ ადგილობრივი შერიფი და ქალაქის მერი აგებს პასუხს მის საქცელზე, რადგანაც ის დაფინანსებას უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობისგან იღებს.

საპატრიარქოს 25 მილიონს (ბიუჯეტის პროექტში 22,8 მილიონი სწერია – ასე რომ გამოდის რომ ეკამ და მისმა მეგობრებმა 2,2 მილიონი ‘წაუმატეს’ საპატრიარქოს დაფინანსებას) რომ დასდევენ და სასულიერო პირებს მორალს რომ უკითხავენ ეს ჩვენი პატივცემული მეგობრები – რატომ არ ინტერესდებიან ბიუჯეტის სხვა ნაწილებით.

მართალია, ბოლო წლებში გაიზარდა სოციალური ხარჯები – ნათლად ჩანს რომ ეს მაინც არ არის საკმარისი ამ საყოველთაო სიღატაკის თავიდან ასაცილებლად.    დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ‘სოციალური ანტერპრენიორიზმის’ (იგივე მეწარმეობის) არაჩვეულებრივად ინოვაციური პროგრამები, რითაც ხდება სათემო დასაქმება და გაჭირვებული ოჯახებისათვის შემოსავლის გაჩენა – ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას რამდენი უფიქრია ამაზე?

ერთადერთი, რაშიც სააკაშვილის რეჟიმი ანტერპრენიორობას და მეწარმეობას იჩენდა, ეს იყო საკუთარი მოსახლეობის და ზოგჯერ უცხოეთის მოქალაქეების დატერორებაში და მათს გამუდმებულ მოსმენაში.  ამაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა, ისევე როგორც სააკაშვილის პარტიის გამუდმებულ ლობირებაში ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

მაგალითად, მწერალ და პუბლიცისტ პაატა ქურდაძეს სახლში მოსასმენი აპარატურა დაუგდეს.  დარწმუნებული ვარ ეს მოსმენები ქართველ გადამხდელს ძალიან ძვირი უჯდებოდა.  საერთოდ, ეს სატელიტური მოსმენები, რომლებსაც მერაბიშვილის და მერე ახალაიას შსს იყენებდა ძალიან ძვირადღიებული სიამოვნებაა.  და მოგეხსენებათ პაატა ქურდაძე არ არის ერთადერთი მაგალითი.

ნუთუ არ სჯობდა პაატა ქურდაძის და სხვა მწერლების, პოეტების, მუშების, გლეხების, აგრონომების თუ პროფესორების მოსმენაში დახარჯული თანხები გაჭირვებულ ბავშვებს მოხმარებოდა?

ეს კითხვა არც ერთხელ არ გასჩენია 1-ლ არხს, რომელსაც რატომღაც ‘საზოგადებრივ ტელევიზიას’ უწოდებენ.

გასაგებია რომ ტროცკისა და კოლონტაის ჩამომავალი ნაცმოძრაობის ანტი-ეკლესიური ‘ლიბერალური ინტელიგენციისათვის’ დღეს მთავარია გავიმეოროთ ბოლშევიკების 20-იანი წლების გმირობები და შეურაცხყოფა მივაყენოთ ეკლესიას, იმის მაგივრად რომ პრობლემების გამოსწორების მიზნით მასთან დიალოგში შევიდეთ, მაგრამ ისიც კარგი შეკითხვაა, რატომ არ ინტერესდება ეს ჩვენი ვარდისფერი, ლიბერალური ინტელიგენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯების გამჭვირვალეობით?  რა ის 584 მილიონი ლარი (და ერთი პერიოდი შსს დაფინანსება მილიარდსაც აჭარბებდა) ხალხის ფული არ არის?..

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ნაციონალური მოძრაობის და პირადად მიხეილ სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია – ანუ ე.წ. ‘საზოგადოებრივი მაუწყებელი’ ამ შეკითხვებსაც მთელი სიმწვავით დასვამს.

ადამიანების წამებაში, მოსმენაში, დაშანტაჟებაში დახარჯული 584 მილიონი ხალხის ფული არ არის?

მიპასუხეთ ამ კითხვაზე.

მეორე საკითხზე კი მე თვითონ გიპასუხებთ:

ჩვენი საზოგადოების ასეთ დათითოკაცებაში და თითქმის მთლიანად უზნეობის ზღვაში გადავარდნის მთავარი მიზეზი ის ნეოლიბერალური მატერიალისტურ-ეგოცენტრული ფილოსოფიაა, რომელსაც უკვე 20 წელზე მეტია უცერემონიოდ გვასწავლიან ‘საბაზრო ფუნდამენტალიზმის’ მამები და დედები საქართველოში.  დიახ, ამ ახალმა წყობამ და ანტი-განათლების სისტემამ მოიტანა ის, რომ ჩვენს კულტურაში დაიწყო აშკარა, დაუფარავი და უსირცხვილო ეგოიზმის ქადაგება – ინდივიდუალისტური პრიმატის წინ წამოწევა გარემოსა და გარშემომყოფი ადამიანების ხარჯზე.  სწორედ ბატონი ბენდუქიძის და მისი ‘სკოლის’ წყალობით მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბავშვის შიმშილით სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

თუ გვინდა რომ ნორმალური საზოგადოება გვყავდეს – ამის ალტერნატივა უნდა ვიპოვოთ – და რაც შეიძლება მალე.

Share on Facebook65Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.