დემოკრატიის ბედი

ამას წინათ ჯულიეტო კიეზას შესახებ ერთ სტატიას ვკითხულობდი და აღმოვაჩინე, რომ ბევრ რამეში ჩემი შეხედულებები მისას ემთხვევა. მემარცხენე შეხედულებებს ვიზიარებ, მაგრამ ჩემი პროექტი მემარცხენე არ არისო, ასე უთქვამს. მეც იგივეს ვიტყოდი. ჩვენი შეხედულებების ძირითადი დამთხვევა იმაშია, რომ ეკონომიური ზრდის პერსპექტივებს ვუყურებთ პესიმისტურად. თუმცა მე არ ვთვლი, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება. მე მგონია, რომ აღარ იქნება ზრდა ამერიკაში და შეიძლება ევროპაშიც მანამდე, სანამ პოლიტიკური სისტემა არ შეიცვლება. ამას უბრალო მიზეზი აქვს – საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების დათბობის მერე ამ ქვეყენბმა შეწყვიტეს სერიოზული ინვესტიციები ინოვაციებში  იმიტომ, რომ ზედმეტი დაძაბვის გარეშეც დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე ცხოვრების საშუალება მიეცათ. ამას ახერებდნენ მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე დაყრდნობით. პოლიტიკური იდეოლოგიის როლს ასრულებდა ე.წ. ნეო–ლიბერალიზმი, რომელმაც 1970 წლების მერე ჩაანაცვლა კეინესიანიზმი და გზა გაუკაფა დაბალი ეკონომიკური ზრდის, გახშირებული კრიზისების, და სიმდიდრის გადანაწილების უთანასწრობის ზრდის  ეპოქას.

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ბევრი ხვდება, რომ მსოფლიოში ტენდენციები კარდინალურად შეიცვალა. თუმცა, სანამ დასავლეთის ელიტა გონზე მოვა, მანამდე მსოფლიოს ახალი ლიდერი ეყოლება ჩინეთის სახით. ამიტომ დასავლეთისთვის ეკონომიური ზრდის ხანა დამთავრებულია ალბათ. საინტერესოა რა ეშველება დემოკრატიას. ჩემის აზრით დემოკრატიის დროც დამთავრებულია მისი იმ ფორმით რასაც საარჩევნო (წარმომადგენლობითი) დემოკრატია ქვია. ძალაუფლების მოხელეებისათვის გადაცემის ეს ფორმა მხოლოდ ეკონომიკის საბაზრო სისტემაზე დამოკიდებულების შედეგია და მეტი არაფერი. მემარცხენეები და მემარჯვენეები მხოლოდ იმიტომ არსებობენ რო არსებობს ბაზარი, როგორც ეკონომიკის დომინანტური ფორმა. მას შემდეგ რაც ბაზარი აღარ იქნება დომინატური (მსგავსად უშუალო ძალადობისა რომელმაც თავის დროზე ბაზარს დაუთმო პირველობა) შეიცვლება პოლიტიკური ზედნაშენიც. მე ეხლა მარქსიზმ ლენინიზმზე და დემოკრატიულ ცენტრალიზმზე არ ვლაპარაკობ. უბრალოდ არის დემოკრატიის სხვა ფორმაც.

დემოკრატიის ეს ფორმა არის კენჭისყრა. ჩვენ სწორედ ამ სახელით ვიცნობთ დღევანდელ არჩევნებს. მაგრამ რელაურად ძველ საბერძნეთში (ათენში) კენჭისყრა მართლა კამათელის აგდება იყო. ასე ინიშნებოდნენ სახელმწიფო მოხელეები. ანუ, შემთხვევითობის პრინციპით. ამ თემაზე მშვენიერი ნაშრომი ჰქონია ბერნარდ მანინს – წარმომადგენლობითი მმართველობის პრინციპები. სამწუხაროდ, ამ ნაშრომის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგე მარინა მუსხელიშვილისაგან, როცა ეს სტატია თითქმის დაწერილი მქონდა. მართლაც საინტერესო ნაშრომია, საიდანაც იგებ, რომ დღევანდელი წარმომადგენლობითი მმართველობა სუალც არ ითვლებოდა დემოკრატიად ყოველთვის, ხოლო ათენელებს უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი ფორმები ქონდათ დემოკრატიის განსახორციელებლად ვიდრე დღევანდელ დასავლურ ‘დემოკრატიებს’. ამ ფორმებს შორის წარმომადგენლობა და არჩევითობა სულაც არ იყო წამყვანი.

სულ მაწუხებდა ეს საკითხი. გამოცდილება გვკარნახობს, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს ჯობია ნებისმიერი ქუჩაში გამვლელი, ხშირად უნარებითაც კი. შეიძელება აქ თეორიული დავა იყო იმაზე თუ რამდანად უნარიან და შესაფერისს კაცს მოიყვანს კენჭისყრა, თორემ ის, რომ პოლიტიკოსის დამოუკიდებლობა უფრო უკეთესია დემოკრატიისათვის ვიდრე ვიწრო ინტერესთა ჯგუფებზე დამოკიდებულება (რაც გარდაუვალი შედეგია დღევანდელ საარჩევნო დემოკრატიის მოდელში) ამაში ბევრი დამეთანხმება. მაგრამ კენჭისყრის მუღამი ისაა, რომ შეგიძლია შემთხვევითობის პრინციპით გაფილტრო მხოლოდ დამოუკიდებლობა, უნარები კი შეინარჩუნო – კენჭი უყარო მხოლოდ იმ ხალხს ვისი უნარებში დარწმუნებაც საზოგადოებას ასე თუ ისე შეუძლია. დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ნაღებიც კი, რომ დააყენო და მათგან იერარქია შემთხვევითობის პრინციპით შექმნა, გაცილებით დემოკრატიულ საზოგადოებას მოგვცემს.

ამ დროს ეს პრინციპი სულაც არ არის რაღაც ფანტასტიური ან მხოლოდ წარსულის საკუთრება. მაგალითისთვის შეიძლება მივმართოთ დღევანდელ შვეიცარიას, რომელიც ასე ყველაზე მეტად გავს ათენურ დემოკრატიას. შვეიცარიის მთავრობა მართლია ინიშნება პარლამენტის მიერ, მაგრამ მის შეგნით როლების და ძალაუფლების გადანაწილებაში შემთხვევითობის პრინციპი დიდ როლს ასრულებს. მთავრობის მეთაური (რომელიც სხვა ქვეყნებში სწრაფად ხდება ხოლმე დიქტატორი) შვეიცარიაში მორიგეობის პრინციპით ინიშნება. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ სამინისტროების გადანაწილება კაბინეტის (ფედერალური საბჭო) წევრებს შორის შემთხვეითობის პრინციპით ხდება, რომელიც შეჯვარებულია უხუცესობის პრინციპთან. ანუ, ტრადიციის მიხედვით, ჯერ ხნიერ კოლეგებს ეკითხებიან რომელი სამინისტრო გნებავთო. ამის შედეგად შვეიცარიის მთავრობა ყველაზე დამოუკიდებელი მთავრობაა მსოფლიოში (პოლიტიკოსებისაგან დამოუკიდებელი). ამას თუ დავუმატებთ, რომ პოლტიკური პარტიები კი არ ებრძვიან ერთმანეთს არამედ კონსენსუსით მართავენ და კოალიციურ მთავრობას ქმნიან, წარმოვიდგენთ ალბათ ამ დამოუკიდებლობის რეალურ მასშტაბს და გავლენას ქვეყნის კეთილდღეობაზე.  შვეიცარია ყველაზე დამოუკიდებელი, მდიდარი, ეგალიტარული, და ინოვაციებზე დამოკიდებული კონკურენტუნარიანი ქვეყანაა მსოფლიოში.

ანგლო–საქსურ კულტურაშიც კი, სადაც დაიბადა და კვდება დღევანდელი საბაზრო დემოკრატია, ხელისუფლების ერთი მესამედის შიგნით, სასამართლო სისტემაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებები ამ პრინციპით ინიშნებიან – ჟიური ანუ, ნაფიცი მსაჯულები. რა თქმა უნდა მათ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ ევალებათ, მაგრამ სისხლის სამართალიც არ არის ნაკლები ძალაუფლება. ამ სისტემის ნაკლი ანგლო საქსურ სასამათლოში ისაა, რომ ჟიურის უნარები არ კონტროლდება.

სამაგიეროდ გვაქვს ისეთი სისტემის მაგალითიც სადაც უნარები კარგად კონტროლდება, მაგრამ შერჩევა მხოლოდ გავს შემთხვევითს. ჩინეთში და სინგაპურში ბიუროკრატია ძირითადად მერიტოკრატიული პრინციპებით ინიშნება. მართალია პარტიას პოლიტიკური სადავეები უპყრია და უნარიანი ადამიანებიდან პარტია არჩევს და არა კენჭისყრა, მაგრამ პროცესი უფრო გავს კენჭისყრას, ვიდრე სხვა რამეს – არჩევნების გზით ვიწრო ინტერესების გავლენას ან იგივე გავლენას კორუფციის გზით.

რაც უფრო გამოეცლება ნიადაგი საბაზრო ეკონომიკას და იგი ინოვაციებზე დამოკიდებული გახდება ( გარკვეული ისტირიული პერიოდის მანძილზე მაინც) კენჭისყრა და მერიტოკრატიული პრინციპი სულ უფრო ჩაანაცვლებს დასვლურ არჩევნებს და ერთპარტიული ქვეყნების პარტიულ დიქტატს.

თეორიულად ეს არანაკლები დემოკრატიული შედგის მომტანი იქნება, რამდენადაც არჩევნები, ამ სისტემის ჯანსაღი მდგომარეობის დროსაც კი, ვერ აკონტროლებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს (პოლიტიკებს) და მხოლოდ გაშუალებული თეორიული გავლენა ქონდა სისტემის შიდა ძირითად პრინციპებზე გავლენის თვალსაზრისით (მემარცხენეობა მემარჯვენეობის თანამონაცვლეობა). მომავალში, როცა მემარცხენე მემარჯვენე პლიტიკების მონაცლეობას აზრი დაეკარგება, სისტემის ძირითად პრინციპებზე კონსესუსი მარტივი მისაღწევი იქნება, ხოლო შემთხვევითობის პრინციპი მოხელეების დამოუკიდებლობის გარანტი გახდება და სისტემა უკეთესად ასახავს ხალხის ინტერესებს.

შეიძლება ვინმემ მკითხოს თუ რატომ ვფიქრობ, რომ მემარჯვენობა–მემარცხენეობას აზრი დაეკარგება. იმიტომ, რომ ეს ორი დაპირისპირებული არგუმენტი მხოლოდ საბაზრო სისტემის ძირითადი ეფექტის გამოა აუცილებელი სისტემის მდგრადობისათვის. ეს ეფექტი არის ეკონომიური ზრდის დამოკიდებულება ვაჭრობით გამოწვეულ სპეციალიზაციაზე, რაც, თავის მხრივ, სოციალურ უთანასწორობას იწვევს. ანუ, მდიდრები ‘სპეციალიზდებიან’ შემოსავლიან საქმიანობაში ღარიბები კი ისეთში, თავიანთივე გუშინდელ დღსთან შედარებით რომ მოჩანს წინსვლად, სინამდვილეში კი მდიდრებისგან ჩამორჩენაა.

როდესაც სოციალური უთანასწორობა დესტაბილიზაციის საფრთხე ხდება, სისტემა მემარცხენე არგუმენტებზე დაყრდნობით ‘ორთქლს უშვებს’, ხოლო, როცა სისტემის გასკდომის საფრთხე აცილებულია, მემარჯვენეები კვლავ აბრუნებენ ძველ საბაზრო პრინციპებს.

მდიდარ ქვეყნებს რომ ბაზრის გაფართოებაზე დამოკიდებული ზრდის საშუალება არ ჰქონოდათ, სხვა ქვეყნების სიღარიბეში სპეციალიზაციის გზით, ცალკე აღებული კაპიტალისტური ქვეყანა სწრაფად წავიდოდა უკან–უკან. ბაზრის კრიზისით გამოწვეული ეკონომიკის ნგრევა მეტი იქნებოდა ვიდრე ახალი ზრდის ის საშუალება, რასაც მემარცხენე პოლიტიკა მოიტანდა. ანუ მოხდებოდა ისე, როგრც მარქსმა იწინასწარმეტყველა.

ეხლა, რამდენადაც თავისუფალი ბაზრის გაფართოება უკვე შეუძლებელია გლობალიზაციის ეფექტის გამო ( დედამიწა  მრგვალია და სასრული), ბაზარზე დამოკიდებულმა ზრდის ეფექტმა დაკარგა ძალა. შესაბამისად, ობიექტური დამკირვბლისათვის სავსებიით ცხადი გახდა, რომ  შესაძლებელია სოციალური თანასწორობის და ზრდის ერთდროულად მიღწევა. ამის საშულებას იძლევა ინოვაციებზე დამოკიდებული ეკონომიკა. აქამდე  ეს ყველასათვის კარგად დასანახი არ იყო, რამდენადაც ბაზრის გაფართოებით გამოწვეული ზრდა ნიღბავდა ინოვაციების რეალურ წარმოშობას. საბაზრო იდეოლოგები ამბობდნენ, რომ ინოვაციებს ბაზარი ბადებს და არაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებიო. შესაბამისად, სოციალურ თანასწორობას სახელმწიფოს მფლანველობის ხელშემწყობ და ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად ასაღებდნენ.

ბაზრის იმპოტენციის გამოაშკარავების მერე მემარცხენეობას აზრი დაეკარგება, რამდენადაც მემარჯვენეობის გადაშენების გამო ოპონენტს დაკარგავს. საზოგადოებრივი სიკეთე და მისი დაგროვება აღარ იქნება პოლიტიკურ დემაგოგიის საგანი, რამდნადაც წარმატებული პოლიტიკური სისტემები მერიტოკრატიულ ბიუროკრატიაზე გახდება დამოკიდებული ეკონომიკა კი დაკარგავს იდეოლოგიის ნიშანთვისებებს და უფრო გამეცნიერულდება.

ასეთი მდგომარეობა ალბათ არ გაგრძლედება უსასრულოდ. მას შემდეგ, რაც ახალი ქვეყნები (აღმოსავლეთ აზიაში)  მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური ლიდერები გახდებიან, ინოვაციების დაგროვება კვლავ შექმნის სივრცეს ბაზრების ხელახალი გაფართოებისათვის და  ისტორია განმეორდება დემაგოგ პოლიტიკოსებზე დამოკიდებული ქვეყნების ხელმეორე აღზევებით.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ