დავით სამნიაშვილი – რაციონალური აზროვნების გარიჟრაჟზე

მეცნიერების ფილოსოფია ძველ საბერძნეთში

ძველი საბერძნეთი მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-V სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთს, შავი ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.

ზემოხსენებული პერიოდი კულტურის აკვნად არის მიჩნეული. განსაკუთრებით საინტერესოა ძვ.წ. მეშვიდე საუკუნიდან მოყოლებული ძვ.წ. IV საუკუნე. ეს იყო დრო, როდესაც ადამიანის გონება ფეხს იდგამდა და რაციონალური აზროვნება პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებდა.

სანამ, კონკრეტულად იმდროინდელ მეცნიერებაზე და ფილოსოფიაზე გადავიდოდე, მინდა აღვნიშნო, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ყველაფერს თითქმის ნულიდან იწყებენ. ეს არის დრო, რომელშიც ადმიანებს ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ სწამდათ, რომ თუ იმსჯელებდნენ, იფიქრებდნენ, შეძლებდნენ შიშველი გონებით ჩასწვდომოდნენ სამყაროს საიდუმლოებებს და აქედან გამომდინარე, მის შეცნობასაც არ დააყოვნებდნენ.

ალბათ დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო, რომ იმ დროინდელი ფილოსოფია შეიცავდა ორ ძირითად ფლანგს. ერთი მთელი სამყაროს ბუნებას და საფუძვლებს სწავლობდა, ხოლო მეორე ადამიანთა ცხოვრებას და ქცევას. სწორედ ეს ორი ფლანგი დაუპირისპირდება მომავალში ერთმანეთს და ეს დაპირისპირება შექმნის იმას, რასაც დღეს ჩვენ ბერძნულ ფილოსოფიას და აზროვნებას ვუწოდებთ.

შეიძლება ითქვას, რაციონალური აზროვნება, როგორც წმინდად მაგიურ ან თეოლოგიურ ახსნათა აღიარების დაპირისპირებული მცდელობა, სამყაროს პრობლემათა მხოლოდ გონებით გადაწყვეტა, დაიწყო ძვ.წ. VI საუკუნეში, მცირე აზიის სანაპიროზე, იონიის აყვავებულ სავაჭრო ქალაქში. იონიის, ანუ მელიტის, სკოლის წარმომადგენილია თალესი, ანაქსიმანდრე და ანაქსიმინე. მათ, ერთ-ერთმა პირველებმა, დაისახეს მიზანი, გაეგოთ თუ რისგან შედგებოდა სამყარო.

იონელებზე საუბრისას პირველ რიგში მაინც თალესით უნდა დავიწყოთ. თალესი დაიბადა მილეტში (ახლანდელ თურქეთში) ძვ.წ. 624 წელს და 546 წელს და ამავე ქალაქში გარდაიცვალა. მას პირველ ბერძენ ფილოსოფოსად და პირველ მათემატიკოსად მიიჩნევენ. ფუნდამენტური გარდამტეხი რაც თალესს ეკუთვნის არის თეზისი, რომ ყველაფერს საფუძვლად უდევს უბრალო ფიზიკური წესები. მისი აზრით, საწყისი ელემენტი, რისგანაც ყველაფერი შეიქმნა, წყალი უნდა ყოფილიყო. თალესი ასევე უშვებდა, რომ ვარსკვალავები შეიძლება სხვა სამყაროები ყოფილიყო. ვარაუდობენ, რომ მან ეგვიპტეშიც იმოგზაურა, ხოლო იქ ნასწავლით ძვ.წ. 585 წელს მზის დაბნელებაც იწინასწარმეტყველა.

თალესი პირველი იყო, რომელმაც რაციოანალური აზროვნებისკენ გზის გაკვლევა დაიწყო და იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებულ ფილოსოფიურ მარათონში შუქურა სხვებს გადასცა. ერთ-ერთი პირველი ვინც ეს შუქურა შეისისხლხორცა და მარათონში ჩაერთო ანაქსიმანდრე იყო, რომელზეც ვარაუდობენ, რომ მისი მოსწავლე უნდა ყოფილიყო. ანაქსიმანდრემ მთელი ცხოვრება თავისი მასწავლებლის თეზისების განვრცობას შეალია.

იმისთვის, რომ მკითხველს ანაქსიმანდრეზე მცირე შთაბეჭდლება მაინც შეექმნას მოვიყვან მაგალითს, სადაც ის სამყაროს შექმნაზე წერს. ტექსტი დათარიღებულია ძვ.წ. VI საუკუნედ:

„თავდაპირველად, ის მბრუნავი ნისლივით იყო. თანდათან ცივი და სველი ელემენტი შედედდა ღრუბელსა თუ ნისლში გახვეულ მიწის სველ ცენტრალურ მასად. ცხელი და მშრალი გარდაისახა ცეცხლის სფეროდ, რომელიც ყოველივე ამას გარს შემოერტყა და ბრუნვის პროცესში დაიშალა ცეცხლის რგოლებად, რომელთა შორის დარჩენილი სივრცეც სფეროს შიგნიდან ამოზიდულმა მუქმა ნისლმა შეავსო. ასე დაიბადნენ მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ყოველი მათგანი დედამიწას შემორტყმული ცეცხლოვანი რგოლია, მაგრამ ეს რგოლი ჩანს მხოლოდ ერთ წერტილში, სადაც დედამიწის ანაორთქლში ნახვრეტები ჩნდება და საიდანაც ცეცხლი ისევ გადმოიფრქვევა. პერიფერიული ცეცხლის ზეგავლენით მიწის ზოგიერთი ნაწილი ამოშრა და გამოეყო მის გარშემო დარჩენილ წყალს. სიცოცხლე პირველად სწორედ ამ დროს აღმოცენდა; ეს მოხდა თბილ ტალახში, შლამში. ამიტომ, პირველი ცხოველები თევზისებრნი იყვნენ და ეკლოვანი ან ქერცლოვანი გარსი ესხათ. ამათგან წარმოიშვა ხმელეთის ცხოველთა ყველა სახეობა, მათ შორის ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში რომელიღაც ჯიშის თევზისგანაა განვითარებული“.

გასაგებია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ანაქსიმანდრეს ხედვა სასაცილოდ ჟღერს, მეტიც, სრული უაზრობაა, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ამ ყველაფერს ადამიანი მხოლოდ შიშველი გონებით ახერხებს, ყველანაირი ემპირიული ცდების, თუ ტექნოლოგიების არ არსებობის ეპოქაში. მიუხედავად ამისა, გასაოცარია ანაქსიმანდრეს მსჯელობა, სადაც ის ფაქტობრივად დარვინისებურ ევოლუციას უშვებს და წინა პლანზე წევს თეზისს, რის მიხედვითაც სიცოცხლე არ არის სტატიკური, ის ფორმებისგან შედგება და ფორმებსვე იცვლის.

მიუხედავად იონიელების გამჭრიახი გონებისა და რაციონალური აზროვნებისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, ისინი დროში და რესურსებში იყვნენ შეზღუდულნი. აქედან გამომდინარე, მათ მიერ აღქმული სამყარო სხვადასხვა დაპირისპირებულ ენერგიების ბრძოლას არ გასცდენია. თუ თალესი ყველაფრის საწყისად წყალს მიიჩნევდა, მისი მოსწავლეები, ამ მისიას ცეცხლს სწამებდნენ და ასე შემდეგ.

ბერძნული ფილოსოფიის და რაციონალური აზროვნების მეორე ნაკადი პითაგორათი იწყება. პითაგორა აღმოსავლეთ საბერძნეთში დაიბადა, თუმცა მალევე ძვ.წ. 530 წელს სამხრეთ იტალიაში გადავიდა. პითაგორელებმა იონელების დაპირისპირებულ ძალებს დაუმატეს წესრიგის, პროპორციის, ზომის ცნებები, ესე იგი ყურადღება რაოდენობრივ განსხვავებებზე გადაიტანეს. მათი აზრით, ყოველი საგნის მატერია ერთი იყო, ხოლო განსხვავება ციფრებში. ამიტომ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს საგნის სტუქტურის კანონის აღმოჩენას. მატერიის მაგივრად აქ ფორმაა წინ წამოწეული. მათ თავიანთი კონცეფცია დაახლოებით ასე გამოსახეს – „საგნები რიცხვებია”? პითაგორელები სულსაც გადასწვდნენ. მათ არსს შეადგენს სულის უკვდავება და მისი განვითარება, რომლის პროცესშიც სული თანმიმდევრულად სახლდება არა მარტო ადამიანთა, არამედ სხვადასხვა ცხოველის სხეულშიც, გამომდინარე აქედან, ისინი ცხოველთა ხორცს არ ჭამდნენ.

პითაგორელებიდან ატომისტებზე გადასვლა ალბათ შესაძლებელია, მაგრამ უკეთესი იქნება თუ მანამდე ორ მოაზროვნესაც შევეხებით. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის ნამდვილი ანტიპოდი იყო, რაც მათ აზროვნებაშიც კარგად ჩანს. ჰერაკლიტე ეფესელი დაახლოებით ძვ.წ. 520 წელს უნდა დაბადებულიყო, მისი ფუნდამენტური თეზისი ბრძოლაზე იყო დაყრდნობილი. მისი ორი ცენტრალური პრინციპი იყო: ყოველივე ბრძოლაში იქმნება და ყოველივე განუწყვეტელ მიმდინარეობაშია. ცეცხლი ხომ, ერთი მხრივ, რაღაცის შთანთქმისა და განადგურების ხარჯზე არსებობს, მეორე მხრივ კი გამუდმებით იცვლის მასალას, რათა თუნდაც ერთხანს, სანთლის ალივით, საკმარისად მდგრადი და უცვლელი გამოჩნდეს. სწორედ ამას დაუპირისპირდა პარმენიდე, თუ ჰერაკლიტესთთვის ერთადერთ მოძრაობას ცვალებადობა შეადგენდა, პარმენიდე მოძრაობას შეუძლებლად თვლიდა და მთელი რეალობა ერთადერთ, უძრავსა და უცვლელ სუბსტანციაზე დაჰყავდა. მისი ერთადერთი საწყისი პოსტულატი იყო „ის არის“. ის ამბობდა „როგორ შეიძლება საგანი შეიცვალოს?“ აქედან გამომდინარე, მაგალითად ჰაერი ვერ გახდებოდა წყალი, იმიტომ რომ, ის ის არ იყო. მაშასადამე, რეალური სამყარო ყოველივე ის, რაც არის, უნდა წარმოადგენდეს ერთგვაროვანი სუბსტანციის მასას, უცვლელსა და უძრავს და მას სამარადჟამოდ უნდა შერჩეს ამგვარი მდგომარეობა. პარმენიდე ნამდვილი ლახვარი იყო იონური ფილოსოფიისთვის. ამიერიდან ფილოსოფია, რომელიც სამყაროს მატერიალისტურად აღიქვამდა, ერთ რომელიმე ელემენტს ყველაფრის საწყისად ვეღარ დაასახელებდა.

სწორედ ამ რეალობაში გამოჩნდნენ ზემოხსენებული ატომისტები. ატომისტური თეორია მიეწერება ლევკიპეს და დემოკრიტეს. თუმცა ლევკიპეზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, ზოგი კი მას საერთოდ არ არსებულად მიიჩნევს. რაც შეეხება დემოკრიტეს, მასზე ბევრად მეტი ვიცით. ის ჩრდილოელი ბერძენი იყო, დაიბადა დაახლოებით 460 წელს. ცნობილია, რომ მას არისტოტელე დიდ პატივს სცემდა. დემოკრიტეს ეკუთვნის თეზისი, რომლის თანახმადაც ელემენტები, ანუ ერთადერთი ნამდვილად არსებული, ჩვენთვის აღსაქმელად მეტისმეტად მცირე მყარი სხეულებია, რომლებიც უსაზღვრო სივრცეში უსასრულო მოძრაობისას ერთმანეთს ეჯახებიან და უკუიქცევიან. ეს “atomoi” წარმოადგენდნენ მატერიის უმცირეს არსებულ ნაწილაკებს, მკვრივს, მყარსა და დაუშლელს. ის, რაც მაგარი გვეჩვენება, მჭიდროდ დალაგებული ატომისგან შედგება. რბილ საგნებს ატომების უფრო მეჩხერი განლაგება ქმნის, მათში მეტია ცარიელი სივრცე, ამიტომაც მსგავს საგნებს შეკუმშვის უნარი გააჩნიათ. ანალოგიურად ხსნიდა დემოკრიტე თავად გემოს ფენომენსაც. მისი აზრით, ტკბილი საგნები გლუვი ატომებისგან შედგებოდა, მაშინ როდესაც სიმწარესა და სიცხარეს წვეტიანი და მოკაუჭებული ატომები განაპირობებენ, ისინი იჭრებოდნენ სხეულში და ენას გიფხაჭნიდნენ. ეს იყო თეზისი, რომელმაც ორი ათასი წელი იარსება, ასე ესმოდათ 1675 წელსაც ევროპაში.

დემოკრიტეს არც ფერები გამორჩენია და მას ობიექტის ზედაპირზე შემადგენელი ატომების სხვადასხვაგვარი განლაგებით ხსნიდა. რაც შეეხება ცოცხალ ორგანიმზებს, ატომისტები თვლიდნენ, რომ ყველაზე უფრო მოძრავი და ადვილად გადაადგილებადი ატომებისგან ისინი შედგებოდნენ. მათი აზრით, თვად სულიც ასეთი ატომებისგან შედგებოდა. ამრიგად, ყველა სუბსტანცია, სულიც კი, დაიყვანება მატერიალურ სუბსტანციაზე.

მიუხედავად მატერიალისტებისა და ატომისტების გარკვეულ წარმატებისა ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევარისკენ ფილოსოფოსებმა ძირითადად ზურგი აქციეს ფიზიკურ გამოკვლევებს და მზერა ადამიანის ცხოვრებაზე გადაიტანეს. მიზეზი ალბათ მარცხი იყო, გაუაზრებელი მაგრამ მაინც, მაშინდელი ადამინი თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით ჯერ ამისთვის არ იყო მზად. მას ჯერ კიდევ ორი ათას წელზე მეტი სჭირდებოდა პრობლემაზე მისაბრუნებლად. ამ დროს ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ გამოყენებით მეცნიერებაზე, სადაც კვლევები და ცდებია საჭირო. ერთი სიტყვით, აქედან დაიწყო შემობრუნება ჰუმანიზმისაკენ. ჰუმანიზმისკენ შემობრუნება უკავშირდება ახალი საზოგადოებრივი ფენის – სოფისტების გაჩენას. სოფისტები მოგზაურ მასწავლებლებსაც ეძახდნენ.

სოფისტებიდან ყველაზე ცნობილ და გავლენიან მოაზროვნეებად გორგია და პროტაგორა ითვლებიან. პროტაგორა შეიძლება ითქვას პირველი აგნოსტია, ის ამბობდა „რაც შეეხება ღმერთებს, მე არ შემიძლია ვიცოდე, არსებობენ ისინი თუ არა, ან რა ფორმისანი არიან ისინი“. მასვე ეკუთვნის გამოთქმა „ადამიანია ყველა საგნის საზომი“. აქ პროტაგორა პირდაპირ ილაშქრებს ჭეშმარიტებაზე და მას წმინდა შეფარდებითად წარმოგვიჩენს. თუმცა ის ასევე ამბობდა, რომ „თუმცა ერთი თვალსაზრისი მეორეზე უფრო ჭეშმარიტი ვერ იქნება, ის შეიძლება მასზე უკეთესი იყოს“. სოფისტები კანონის მანამდე ხელშეუხებლობასაც დაუპირისპირდნენ. ითვლებოდა, რომ კანონები რითაც სახელმწიფო სარგებლობდა თავად აპოლონის ნაკარნახევი იყო. თუმცა ძვ.წ. 443 წელს თვით პროტაგორა შეიყვანეს კომისიაში, რომელიც კონსტიტუციას უდგენდა ათენის ახალ კოლონიას. პირველად, სწორედ მან დაიწყო გავრცელება იმ თეორიის კონონების წარმოშობის შესახებ, დღეს სოციალური ხელშეკრულების თეორიის სახელით რომ ვიცნობთ. სოფისტები პირველები იყვნენ, რომლებაც წამოჭრეს თეზისი, რომლის მიხედვითაც, ყოველი ადამიანური მოქმედება მხოლოდ გამოცდილებას ემაყარება და მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებითაა ნაკარნახევი. ჭეშმარიტება და სიყალბე, სიბრძნე, სამართლიანობა და სიკეთე ცარიელი სიტყვებია, თუმცა კი ღირს კამათი იმის შესახებ, ზოგჯერ ხომ არ ჯობს ისე ვიმოქმედოთ, თითქოს მათში რაღაცა მეტი იმალებოდეს.

ამ სააზროვნო სამყაროში იყო სოკრატე, როდესაც ის გამოჩნდა და სწორედ ეს პოზიცია მიიჩნია მან მთავარ შეცდომად და მასთან ბრძოლა სიცოცხლის საქმედ გაიხადა. თუმცა პარადოქსი ის არის, რომ ათენელებმა ის სოფისტებში აურიეს. სოფისტები ცოდნის შეუძლებლობას ამტკიცებდნენ; სოკრატე კი ამბობდა, არაფერი იცითო. ერთი შეხედვით ეს მსგავსება კი, ფუნდამენტურად განსხვავდებოდა. სოკრატეს მოქმედება ემყარებოდა ღრმა რწმენას, რომ ცოდნა შესაძლებელია, მაგრამ სანამ მის ძიებას შევუდგებოდეთ, უნდა გავთავისუფლდეთ გონების შემაცდენელი იდეებისგან. სოფისტებისგან განსხვავებით, მან ადამიანებს „მიუღწეველი ცოდნის იდეალი“ დაუსახა. სწორედ აქედან დაიბადა მისი ფილოსოფიის მთავარი კონცეპტი, თუ ნამდვილი ცოდნის დაუფლება გვსურს, ჯერ აუცილებლად ადამიანის მიზანი და ფუნქცია უნდა აღმოვაჩინოთ და განვსაზღვროთ. ის, აქ საბოლოოდ შორდება ატომისტებს.

მიუხედავად მისი ღრმა ფილოსფიისა, სოკრატე არ წერდა და მიაჩნდა, რომ ფილოსოფია საუბრებით და კამათით უნდა ვრცდელობდეს. შემდეგში, სწორედ ეს გახდა მისი, თავად სოკრატეს, არსებობის ეჭვქვეშ დაყენების მიზეზი. ბევრი თვლიდა, რომ ის საერთოდაც არ არსებულა და მხოლოდ პლატონის გამოგონილი პერსონაჟი იყო.
რაც შეეხება თავად პლატონს, მას სურდა თავისი მასწავლებლის, სოკრატეს, გზა გაეგრძელებინა და ამავდროულად გააჩნდა მეორე მოტივიც, დაეცვა ქალქ-სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ერთეულის იდეა. პლატონიც მიზნის მისაღწევად სოფისტებს დაუპირისპირდა და თვლიდა, რომ სწორედ ისინი უთხრიდნენ ძირს სახელმწიფოს. პლატონმა დაისახა მიზნად, ფილოსოფიის ორი მხარე, მეტაფიზიკური და მორალური ერთ მთლიანობად შეექმნა. მან ფაქტობრივად გააერთიანა ჰერაკლიტეს და პარმენიდეს მოსაზრებები. აქ პლატონმა პითაგორელთა რელიგიური მცნება გააცოცხლა, რის მიხედვითაც სულს მრავალი მიწიერი ცხოვრება აქვს გამოვლილი, ხოლო მანამდე და ამ ცხოვრებათა შორის შუალედებში, სხეულისაგან თავისუფალს, საშუალება ჰქონდა თვალი შეევლო მიღმიერი სინამდვილესთვის. სხეულებრივი სიკვდილი მსითვის, ნამდვილი სიცოცხლის განახლებაა. სული ისწრაფვის გათავისუფლდეს სხეულისგან და დაუბრუნდეს იდეათა სამყაროს. პლატონი მიიჩნევდა, რომ ფილოსოფოსი უნდა შეეცადოს მაქსიმალურად უგულებელყოს სხეული და დაიმოჩილოს მისი ვნებები, რათა თავისუფლება მიანიჭოს სულს. საშუალება მისცეს მას ამაღლდეს გრძნობად სამყაროზე და დაიბრუნოს წმინდა ფორმათა ცნობიერება. ესე იგი, მას ევალება იმდენად სრულყოს სული, რომ იგი სამუდამოდ დარჩეს იდეათა სამყაროში და გადაურჩეს მოკვდავთა ნაკლულ სამყაროში კიდევ ერთხელ დაბრუნებას.

პლატონის აზროვნების შესაჯამებლად, ალბათ მისივე ალეგორიაა მოსაყვანი, რომელსაც ის თავის  მხრივ სოკრატეს აყოლინებს „სახელმწიფოში“. – გამოქვაბულში მყოფი ადამინი თავს აღწევს მას, მაგრამ ის მოვალედ გრძნობს დაბრუნდეს უკან და სიცხადე იქადაგოს. სწოედ ასეთ ადამინებად ეჩვენება მას სახელმწიფოს მმართველები, იგივე ფილოსფოსები. ანუ ფილოსოფოსი, რომელმაც თავი დააღწია ჩრდილთა თამაშს, მიწიერ ცხოვრებას და გარეთ ნამდვილი სამყაროსკენ გაიჭრა, მოვალეა უკან დაბრუნდეს და სხვების თვალის ახელისთვის იბრძოლოს.

ძველი ბერძნული აზროვნების და ფილოსოფიის შესაჯამებლად სწორი იქნება არისტოტელეზე თუ გადავალთ. არისტოტელე ძვ.წ. 384 წელს დაიბადა, ჩრდილოეთ საბერძნეთში. წარმომავლობით იონელი იყო. მამამისი მაკედონიის მეფის, ამინტასის პირადი ექიმი იყო. პატარა ასაკშივე არისტოტელე პლატონის სასწავლებელში მოხვდა და იქ 20 წელი დაჰყო, მანამ სანამ თავად პლატონი ცოცხალი იყო. სასწავლებლის დატოვების შემდეგ ფილიპ მეორეს მიწვევით პატარა ალექსანდრე მაკედონელის, მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის ბიჭის, მასწავლებლად დაინიშნა.

არისტოტელეს, როგორც ფილოსოფოსს, უპირველეს ყოვლისა, საღი აზრის მძლავრობა ახასიათებდა. ახალგაზრდობაში ის პლატონის იდეებს სრულად იზიარებდა. თუმცა მოგვიანებით, როგორც უკვე დამოუკიდებელი მოაზროვნე, ვეღარ შეეგუა მისტიკურ თეორიებს. თუმცა არისტოტელეს პლატონისამებრ ეჯერა, რომ ცოდნა შესაძლებელია და ამ ცოდნის საგანი ფორმა უნდა იყოს და არა მატერია, მაგრამ არისტოტელესეული გადაწყვეტა იმ არსებითი ნიშნითაა გარმორჩეული, რომ თუ პლატონს აუცილებლად მიაჩნდა ცალკე და დამოუკიდებლად არსებული ფორმების დაშვება, რაღაც მისტიკური პროცესის შედეგად მათი სახელების მატარებელ კონკრეტულ საგნებში რომ შედიან, არისტოტელესთვის ფორმა მუდამ განუყრელადაა დაკავშირებული რაიმე ფიზიკურ სხეულთან. ფორმა არის საგნის არსება, ანუ მისი ნამდვილი ბუნება, ფორმის სრულად ფლობა კი იგივეა, რაც ფუნქციის სწორი შესრულება.

არისტოტელე თვლიდა, რომ სამყარო მარადიულად არსებობს და მისი როგორც მთელის, არსებობის საფუძველია წმინდა ფორმის – ღმერთის – მარადიული და აბსოლუტური სრულქმნილება. არისტოტელესთან ვაღწევთ ღმერთის, როგორც უძრავი მამოძრავებლის ცნებას. მსჯელობის უფრო ნათელსაყოფად, წარმოვიდგინოთ არსისტოტელესეული სამყაროს აგებულება – სამყარო სფეროსებურია, მის საზღვარს უძრავ ვარსკვალვთა სფერო შეადგენს, ცენტრში კი ასევე უძრავად ძევს აგრეთვე სფერული ფორმის დედამიწა. სამყაროს საზღვრის შიგნით ერთიმეორის მიყოლებით განლაგებულია სფეროები, რომლებზედაც მოძრაობენ პლანეტები, მზე და მთვარე. მათ შეადგენს მეხუთე ელემენტი, ანუ კვინტესენაცია, სახელდობრ – ეთერი, ცეცხლზე უფრო თხელი, უხილავი სუბსტანცია. ვარსკვლავები და პლანეტები თავიანთ წერტილებზე არიან მიმაგრებულნი და მთელი სფეროს ბრუნვასთან ერთად მოძრაობენ. ყოველი სფერო ღერძის გარშემო ბრუნავს, პლანეტების, თითქოსდა, მოუწესრიგებელი მოძრაობა კი იმით აიხსნება, რომ მათი სფეროები უძრავ ვარსკვლავთა უშორესი სფეროსაგან განსხვავებული ღერძის გარშემო და განსხვავებული სიჩქარეებით ბრუნავენ და ყოველი სფერო მოძრაობას გადასცემს თავის შიგნით მყოფ სფეროს. ამგვარად, უშორესის გარდა ყველა სხვა სფეროს მოძრაობა კომბინაციაა მისი საკუთარი ბრუნვისა და მის ზემოთ მდებარე სფეროების ბრუნვასთან; – ეს პრინციპი, ცთომილთა ერთი შეხედვით მოუწესრიგებელი მოძრაობების დაყვანა წრიულ მოძრაობათა კომბინაციაზე, რომელიც დანახულია სხვადასხვა მიმართულებით მოძრავ სფეროთა ცენტრში მდგარი დამკვირვებლის თვალით, დასავლურ ასტრონომიაში კეპლერის დრომდე იქნა შემორჩენილი.

მექანიკურ პროცესზე არისტოტელესეული შეხედულებანი განპირობებული იყო ცდისეული დაკვირვებებით. ამ დაკვირვების მიხედვით გამოდის, რომ მექანიკური მოძრაობის დაწყებისათვის საჭიროა რაიმე ბიძგი გარედან, რომ მოძრაობა არ იწყება ამ გარეგანი ბიძგის გარეშე. ამ ემპირიულობამ განაპირობა აზრი, რომ მექანიკური პროცესი შეიძლება წარიმართოს მხოლოდ მაშინ, თუ სხეულზე იმოქმედებს გარეშე ძალა. ძალის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში სხეული შეწყვეტს მოძრაობას. მოძრაობის შესახებ არისტოტელეს მოძღვრებაში მთავარი როლი ენიჭება აგრეთვე ობიექტის ადგილმდებარეობას სამყაროში. სამყაროს არისტოტელესეული მოდელის მიხედვით, დედამიწა წარმოადგენს სფეროსებურ სხეულს, რომელიც უძრავად არის მოთავსებული სამყაროს ცენტრში, ხოლო თვით სამყარო წარმოიდგინება დედამიწის ირგვლივ განლაგებული სფეროების სახით. არისტოტელე თვლიდა, რომ ყოველ სხეულს გააჩნია თავისი ადგილი სამყაროში და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოძრაობა არის სხეულის სწრაფვა ამ ადგილისაკენ. მაგალითად, ამ თვალსაზრისის მიხედვით, ზემოთ ასროლილი ქვა იმიტომ ვარდება ძირს, რომ სურს დაიკავოს თავისი ადგილი დედამიწის ცენტრში. მაგრამ იმისათვის, რომ სხეულის შინაგანი უნარი (ისწრაფოს თავისი ადგილისაკენ) მოვიდეს მოქმედებაში, საჭიროა კიდევ გარეშე მიზეზი, გარეშე ბიძგი; მოძრაობის შესახებ არისტოტელესეულ მოძღვრებაში მთავარი ფაქტორი არის სწორედ ეს გარეგანი მიზეზი. მოძრაობის ასეთი გაგება იძლეოდა იმ დროისათვის ცდისეული ფაქტების დამაკმაყოფილებელ ახსნას და ამის გამო მიჩნეული იყო სრულიად სამართლიან მოძღვრებად. უფრო მეტიც: ის რწმენა, რომ მოძრაობას განაპირობებს ძალა (თუ სხეულზე ძალის მოქმედება შეწყდა, მოძრაობა არ იწარმოებს) შენარჩუნებულ იქნა ორი ათასი წლის მანძილზე.

დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ არისტოტელეს შემეცნება, მეცნიერება და სწავლებაა ის აპოგეა, რასაც ბერძნულმა ფილოსოფიამ მიაღწია. უფრო ზუსტად, კონკრეტულ შემთხვევაში კი, რაციონალური აზროვნების გარიჟრაჟმა. ფაქტია, გონს, შესაფერისი ტექნოლოგიური საშუალების არ ქონის პირობებში, მეტის წარმოდგენა და განსაზღვრა არ შეეძლო.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ