დავალება სავლესთვის

Share on Facebook31Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ უმუშევრობა, განადგურებული ჯადაცვის, განათლების სიტემები და ა.შ. ჩვენთან – ცუდი მენეჯმენტის შედეგია, და გამოსავალი კარგი მენეჯერია – ჩემი აზრით, ძალიან ღრმა გაუგებრობაში იმყოფება. ის, რასაც აკეთებდა ივანე მერაბიშვილი აქამდე –  რეპრესიული აპარატით ’ბრძოლა’ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებთან, ციხეების გავსება რეკორდულ მაჩვენებლებამდე, შიშის და ტერორის დამკვიდრება, ყველაზე მაღალი რანგის ყველაზე მძიმე დამნაშავეებზე ხელის დაფარება –  არის იმ პოლიტიკის ნაწილი, მეტიც – როგორც პრეზიდენტი იტყოდა. ’ხერხემალი’, რომელსაც არსებული ნეოლიბერალური ხელისუფლება განახორციელებს. ეს პოლიტიკა ’ნულოვან ტოლერანტობას’ უცხადებს წვრილმან დანაშაულს, მაგ. მრავალშვილიან მამას რამოდენიმე წლით ციხეში გამოამწყვდევს 2 კილო ალუმინის მოპარვისთვის, და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იგი იძულებული არ გახდეს დამშეული შვილების გამოსაკვებად უკანასკნელ გზას მიმართოს – იქურდოს. ეს პოლიტიკა მარიხუანას მოწევისათვის ციხეში ალპობს და სახლ-კარს აყიდინებს ადამიანს, და არაფერს აკეთებს იმასათვის, რომ თვითრეალიზაციის შეუძლებლობით გამოწვეული დათრგუნულობისა და სტრესების გამო იმ ახალგაზრდებმა, ვინც საზღვარგარეთ გაღწევა ვერ მოახერხეს, გამოსავალი ნარკოტიკებში არ ეძებონ.

 

ის ანტიადამიანური პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს დღემდე, შეუძლებელია მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყანაში, და შესაძლებელია მხოლოდ იქ,  სადაც მედია კონტროლდება, მშრომელთა უფლებები ფეხქვეშაა გათელილი, სტუდენტობა – შემოსავლის წყაროდ და სისტემის მომავალ რობოტებად განიხილება, შედეგად კი ბანკების და დეველოპერული-სამშენებლო ფირმების, ჯანდაცვის-ფარმაცევტული-სადაზღვევო-სამშენებლო ერთობლივი ‘ბიზნესის’ ხელმძღვანელები – ათასობით ადამიანის მოტყუებით, ჯანმრთელობის განადგურებით და ქონების წართმევით საარაკოდ მდიდრდებიან,  ერთი მუჭა ელიტის წარმომადგენლები – სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის შეგნებული და მიზანმიმართული განადგურების და მისი იმპორტით ჩანაცვლების ხარჯზე აგროვებენ მილიონებს, სახელისუფლებო ელიტა საკუთარი თავისთვის  მაღალი ხელფასებისა და უფრო მაღალი პრემიების დანიშვნით –  კორუფციის ლეგალიზებით აგროვებს ქონებას, და ა.შ.

და ამ ვითარების შესანარჩუნებლად საჭიროა რეპრესიული აპარატი, რომელიც ტერორით ალაგმავს პროტესტს, რომელიც ქუჩაში გასვლამდე – გვირგვლიანს, ვაზაგაშვილს,  ჟვანიას, იუსუპოვს, 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს  და ა.შ. გაახსენებს თითოეულ ადამიანს.
 
და ამ – რეჟიმისათვის ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქციას დღემდე ასრულებდა ივანე მერაბიშვილი.
 
დღეს მას დაევალა ამ რეჟიმის დიამეტრალურად საპირისპირო პოლიტიკა განახორციელოს, პოლიტიკა, რომელიც შეუძლებელია ადამიანთა შორის სოლიდარობის, სოფლის მეურნეობისა და ინდუსტიის განვითარების, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის, პროგრესული საგადასახადო პოლიტიკის, პრინციპულად სხვაგვარი საგარეო ურთიერთობების, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავისუფალი მედია-სივრცის  – მოკლედ, იმ ყველაფრის გარეშე, რის გასანადგურებლადაც დღემდე იბრძოდა მერაბიშვილი დანარჩენ ხელისუფლებასთან მეტად, მაგრამ – უფრო მეტი თავგამოდებით.
 
მოკლედ, სავლეს დაევალა გადაიქცეს პავლედ.
 
სავლემ ჩვეული თავმდაბლობით მიიღო დავალება, და როგორც ჩანს, უკვე ბეჯითად შეუდგა შინაგან ტრანსფორმაციას. ხალხი გაოცებამ, ზოგი – აღფრთოვანებამაც კი მოიცვა…
 
მაგრამ ასეთი გარდაქმნები შეკვეთით არ ხდება. იმის შიშს, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, შეუძლია ადამიანი უფრო ვერაგი, მზაკვარი და ულმობელი გახადოს, მაგრამ არ შეუძლია შინაგანად გარდაქმნას იგი. ამოცანა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, არაა ‘მორიგი ამოცანა’, მით უმეტეს, ‘უკეთ გასაკეთებელი საქმე’. ეს უპირველეს ყოვლისა, პრინციპულად სხვაგვარი აზროვნებაა, რომელიც ადმინისტრაციული დირექტივებით ვერასოდეს მიიღწევა. დღეს ქართული საზოგადოების ამოცანაა არა სახელების და გვარების – მათ შორის, სააკაშვილის შეცვლა – ივანიშვილით (რომელმაც თავის წვლილი შეიტანა ‘მერაბიშვილის მითოსის’ დამკვიდრებაში), არამედ – პოლიტიკური ლოგიკის რადიკალური განახლება, პოზიტიური ალტერნატივის შექმნა, პრინციპულად სხვა კურსით სვლა.
 
მაგრამ, როგორც პოლ ვალერი იტყოდა, მითი არის ის, რაც კარგად დაკვირვებისას – თოვლივით დნება. და ვინც კარგად აკვირდება სიტუაციას, მან იცის –  ხელისუფლების ეს ნაბიჯი  მის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში დამკვიდრებულ სტილს სრულად შეესაბამება, და ძალზე უკვირს, რატომ მიიღეს იგი სიურპრიზად. ახსოვს ათობით სხვა მოხსნა თუ დანიშვნა. და ამის შედეგებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავს. დაკვირვებულ ადამიანს მხოლოდ გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვა შემუძლია მათ მიმართ, ვინც წამით მაინც დაიჯერა, რომ რაიმე პრინციპულად ახალი მოხდა, რომ ხელისუფლებას რაიმე სხვა მიზეზი ან მიზანი ამოძრავებს, ვიდრე აქამდე ამოძრავებდა –  ძალაუფლების –  და მასთან დაკავშირებულ ყველა სიკეთეთა შენარჩუნება – ნებისმიერ ფასად.
 
პირველად გამოქვეყნდა ავტორის ბლოგზე http://kevles.blogspot.com/
Share on Facebook31Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*