დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია – მიმოხილვა

Share on Facebook136Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

0616_ig-john-maynard-keynes_1024x576

► ავტორი: ზეზვა ზანგურაშვილი, ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა

► პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა წერილები :

“უთანასწორობა თომას პიკეტის პერსპექტივიდან” 
“რატომ გვჭირდება პლურალისტური მიდგომა ეკონომიკაში”

© European.ge

  • ინგლისელი ეკონომისტი, ჯონ მეინარდ კეინზი, რომელიც სწავლობდა და შემდეგ ასწავლიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, დღეს აღიარებულია, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი.
  • მისი წიგნი – დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია – სრულიად ახალი ეკონომიკური აზროვნების საფუძველი გახდა. ნაცვლად იქამდე გაბატონებული აზრისა, რომ ეკონომიკა თვითრეგულირებადია (რაც ნიშნავს იმას, რომ არ საჭიროებს მთავრობის ჩარევას ეფექტურად ოპერირებისთვის), ზოგადი თეორია გვეუბნება, რომ ეკონომიკა მიდრეკილია ხანგრძლივი რეცესიებისა და კრიზისებისაკენ.
  • ზოგადმა თეორიამ საფუძველი ჩაუყარა კეინსიანიზმს – მიმართულებას, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომიკურ სკოლას წარმოადგენს. მისი პოპულარობა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, კვლავ გაიზარდა.

ავტორის შესახებ

ჯონ მეინარდ კეინზი, დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორიის (1936) ავტორი, დაიბადა კემბრიჯში, დიდ ბრიტანეთში, 1883 წელს. მან სწავლა დაიწყო ეტონის კოლეჯში და გააგრძელა კემბრიჯის უნივერსიტეტის კინგსის კოლეჯში. თავდაპირველად, კეინზი მათემატიკით იყო დაინტერესებული, თუმცა შემდეგ ეს მათემატიკური ცოდნა ეკონომიკაში გამოიყენა. 1906 წლიდან, ის მუშაობდა საჯარო სექტორში. 1908 წელს კი კეინზი ბრუნდება კემბრიჯში უკვე როგორც ლექტორი, სადაც მოღვაწეობს სიცოცხლის ბოლომდე (1946).

კეინზი ბისექსუალი იყო. 1925 წელს, 42 წლის ასაკში, მან იქორწინა ბალერინა ლიდია ლოპოკოვასთან, თუმცა არასდროს ჰყოლია შვილები, რაც მისი  პოლიტიკური ოპონენტებისაგან კრიტიკის საგანიც გახდა. დღეს ეს ფაქტი სასაცილოა, მაგრამ არსებობდა მოსაზრება, რომ კეინზი ეკონომიკაში გრძელვადიან პერიოდზე იმიტომ არ ფიქრობდა, რომ შთამომავლობა არ ყავდა. კემბრიჯის გარდა, კეინზი ასევე მუშაობდა ბრიტანეთის ხაზინაში  – დეპარტამენტში, რომელიც განაგებდა ბრიტანეთის ფინანსურ პოლიტიკას. იქ ის არჩეული იქნა, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე (შეხვედრა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებს შორის, სადაც უნდა შეთანხმებულიყვნენ იმ პირობებზე, რომელიც დამარცხებული ქვეყნებისთვის უნდა წარედგინათ). კონფერენციის შემდეგ, კეინზმა გამოსცა წიგნი – სამშვიდობო შეთანხმების ეკონომიკური შედეგები (The Economic Consequences of the Peace), რომელშიც სასტიკად გააკრიტიკა პარიზის სამშვიდობო შეთანხმება და სწორედ ამ წიგნის მეშვეობით მოიპოვა ის რეპუტაცია, რომელმაც შემდეგ მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან მოაზროვნედ აქცია. რობერტ სკიდელსკიმ (Robert Skidelsky) ეს წიგნი მეოცე საუკუნის  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად აღიარა.

გარდა ეკონომიკისა, კეინზი დაინტერესებული იყო ლიტერატურით და ხელოვნებით. ის გახლდათ „Bloomsbury Group“-ის წევრი – მწერლების, ფილოსოფოსების, ხელოვანების და ინტელექტუალების გავლენიანი ჯგუფი, რომლებსაც საერთო შეხედულებები აერთიანებდათ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ის მეგობრობდა ვირჯინია ვულფთან, ედვარდ ფორსტერთან და სხვა გამოჩენილ მწერლებთან, კრიტიკოსებთან და ხელოვანებთან. კეინზი ასევე იყო ქალთა უფლებების გამორჩეული დამცველი და გენდერული თანასწორობის მომხრე. 1925 წელს, მან მოსკოვში წაიკითხა ლექცია კონტრაცეფციის მნიშვნელობის შესახებ, რაც კომუნისტურმა აუდიტორიამ სიცილით მიიღო. თუმცა, მომდევნო წელი უფრო წარმატებული აღმოჩნდა კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში.

კეინზი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი და ინტელექტუალი იყო მეოცე საუკუნეში. სწორედ იმ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოიწვია დიდმა დეპრესიამ 1930 წელს, კეინზი თავის წიგნში – „დასაქმების სარგებლის და ფულის ზოგად თეორიაში“ – შეეცადა  ის აკადემიური მიდგომა შეეცვალა, რომელიც  მაშინდელ ეკონომიკურ სისტემას განსაზღვრავდა. წიგნმა ფუნდამენტურად შეცვალა არსებული ეკონომიკური პოლიტიკა.  კეინზის მიდგომა გულისხმობდა ეკონომიკაში მანამდე არსებული იდეებისა და თეორიების მთლიანად უარყოფას ან რადიკალურად მოდიფიცირებას.

ზოგადი თეორიის ზოგადი მიმოხილვა

ზოგადი თეორია გვეუბნება, რომ საბაზრო ეკონომიკა (ეკონომიკა, რომელშიც გადაწყვეტილებები, როგორიცაა ინვესტიცია, დისტრიბუცია და ა.შ. განპირობებულია საქონლის მიწოდებით და მასზე მოთხოვნით) არ არის თვითრეგულირებადი, რაც ნიშნავს, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ დროებითი შოკების ან რეცესიების შემდეგ, ეკონომიკაში ისევ აღდგება სრული დასაქმება – სიტუაცია, როდესაც ყველა, ვინც სამსახურს ეძებს, აქვს დასაქმების შესაძლებლობა). კეინზის მთავარი სათქმელი, ზოგად თეორიაში  ისაა, რომ საბაზრო ეკონომიკა თავისთავად არამდგრადია. ის მიდრეკილია ხანგძლივი რეცესიებისა და დეპრესიებისკენ.

კლასიკოს ეკონომისტებს სჯეროდათ, რომ საქონლისა და მომსახურების მიწოდება ყოველთვის ნაკლებია მოთხოვნაზე. შესაბამისად, მათი აზრით, მოთხოვნა ყოველთვის იარსებებს, მას შემდეგ, რაც ბაზარი საქონლის ფასს განსაზღვრავს. ეს თეორია სეის კანონის სახელით არის ცნობილი და  მას ასევე ეთანხმებოდა XIX საუკუნის ყველაზე გავლენიანი კლასიკოსი ეკონომისტი, დევიდ რიკარდო. ტრადიციულმა ეკონომისტებმა ეს თეორია ასევე მოარგეს შრომის ბაზარს, ანუ ისინი ამბობდნენ, რომ დასაქმება დამოკიდებულია შრომის ფასზე, ანუ ხელფასებზე, ან სხვა სახის შემოსავლებზე, რომელსაც იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან შრომის სანაცვლოდ. შესაბამისად, ტრადიციულ ეკონომისტებს სჯერათ, რომ უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია სწორედ შრომის ფასის შემცირებით, ანუ სახელფასო განაკვეთის დაწევით. კეინზი ეწინააღმდეგებოდა ამ აზრს  და ამბობდა, რომ დასაქმების ეს კლასიკური თეორია დგას ორ ფუნდამენტურ დაშვებაზე, რომლებსაც  „გადახედვა“ სჭირდება. პირველი ისაა, რომ კლასიკური გაგებით, ხელფასი ტოლია შრომის ზღვრული პროდუქტისა (Marginal Product of Labor), მეორე კი ისაა, რომ გადახდილი ხელფასი საკმარისია მუშების დასარწმუნებლად, რათა გაყიდონ საკუთარი სამუშაო ძალა. ამ ორი დაშვების მიხედვით, შრომის ბაზარი განსაზღვრულია სამუშაო ძალის მიწოდებით და მასზე მოთხოვნით, ანუ ბაზარი მიისწრაფვის იმ მდგომარეობისკენ, სადაც მიწოდებული სამუშაო ძალა მთლიანად შთანთქმულია მასზე მოთხოვნით. შესაბამისად, ასეთ გარემოში, უმუშევრობა არის რაღაც უჩვეულო მოვლენა, გამოწვეული ეკონომიკური შოკების მიერ, რომელიც თავისუფალი ბაზრის პირობებში შრომის ფასის (ხელფასების) შემცირების გზით მცირდება. ამ თეორიის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ დამსაქმებელიც და დასაქმებულიც  თავისუფალია ყოველგვარი რეგულაციისგან, მხოლოდ მათ შორის ხელფასზე მოლაპარაკების გზით დაუბრუნდება შრომის ბაზარი სრულ დასაქმებას.

როგორც უკვე ვახსენეთ, კეინზი  ამ თეორიას არ აღიარებს და ამბობს, რომ კლასიკური მიდგომა შრომის ბაზართან მიმართებაში დგას ცრუ რწმენებზე, ეს ცრუ რწმენები კი არის ზემოთ მოყვანილი დაშვებები. კონკრეტულად, კეინზი ამბობს: რწმენა იმის შესახებ, რომ  სამუშაო ძალის მიმწოდებელსა და მოთხოვნის მხარეებს შორის მოლაპარაკებები იქონიებს გავლენას რეალურ ხელფასზე (ხელფასი, სადაც გათვალისწინებულია ინფლაცია ანუ საქონელზე ფასების ზრდა), არის სიცრუე; რომ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ეხება მხოლოდ ნომინალურ ხელფასს (ხელფასი, რომელიც არ ითვალისწინებს ინფლაციის შედეგად საქონელზე ფასების ზრდას). აქედან გამომდინარე, თუ ხელფასი შემცირდა, ფასები კი იგივე დარჩა, მშრომელთა მსყიდველუნარიანობა იკლებს, რის შედეგადაც მოთხოვნა მცირდება, რაც კეინზის აზრით, ნიშნავს იმას, რომ კლასიკური ეკონომიკა ცდება, როდესაც ხელფასების შემცირებას განიხილავს, როგორც გამოსავალს რეცესიიდან და უმუშევრობიდან.

კლასიკური თეორიის საპირისპიროდ, კეინზი ამბობს, რომ დასაქმება დამოკიდებულია არა შრომის ფასზე, არამედ განსაზღვრულია ერთობლივი მოთხოვნით. ერთობლივ მოთხოვნაში იგულისხმება მოცემულ ეკონომიკაში არსებული მთლიანი მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე –  დროის გარკვეულ მონაკვეთში და გამოითვლება შემდეგნაირად: დანახარჯებს (C) + ინვესტიციები (I) + საბიუჯეტო ხარჯები (G) + ექსპორტი – იმპორტი (M), რაც იწერება შემდეგნაირად: AD=C+I+G+(X-M). კეინზი ამბობს, რომ რადგან დასაქმება დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე, მოთხოვნაში პატარა ჩავარდნაც კი  იწვევს უმუშევრობის ზრდას, რაც თავისთავად იწვევს მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირებას (რადგან უმუშევრებს არ აქვთ ფული, რათა იყიდონ). ეს, თავის მხრივ, უკვე გრძელვადიან რეცესიად მოგვევლინება.

კეინზი ამტკიცებს, რომ საბაზრო ეკონომიკა მიდრეკილია რეცესიებისკენ. შესაბამისად, მთავრობა უნდა ჩაერთოს ეკონომიკის სტაბილიზაციაში. კერძოდ, ეს გულისხმობს იმას, რომ მთავრობას შეუძლია გაზარდოს საერთო მოთხოვნა ფისკალური (გადასახადები და სამთავრობო დანახარჯები) და მონეტარული პოლიტიკით (ეკონომიკაში არსებული ფულის კონტროლით). ასეთი პოლიტიკა ასევე შეამცირებს გასაყიდი პროდუქციის ჭარბ დაგროვებას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ინვესტორებმა თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ და შესაბამისად მოთხოვნა სამუშაო ძალაზე გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, ზოგადი თეორიის მნიშვნელობა პოლიტიკური თვალსაზრისით ისაა, რომ მთავრობას აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ეკონომიკური რესურსების  ნაყოფიერება/ეფექტიანობა. ანუ, მთავრობის ინტერვენცია ეკონომიკაში ყოველთვის არ უქმნის საფრთხეს ეკონომიკის ეფექტურად მუშაობას, როგორც კლასიკოსები ფიქრობდნენ.

კერძოდ, კეინზი ამბობდა, რომ მთავრობას შეუძლია მოაგვაროს დიდი დეპრესიით გამოწვეული კრიზისი ეგრეთწოდებული ინვესტირების წახალისებით, რაც ხდება მონეტარული პოლიტიკით, ანუ საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, ან ფისკალური პოლიტიკით, მაგალითად, ინფრასტრუქტურაზე დანახარჯების ზრდით.

კეინზი ასევე საუბრობს „იძულებითი უმუშევრობის“ შესახებ, რისი არსებობის შესაძლებლობასაც კლასიკური ეკონომიკური თეორია საერთოდ არ აღიარებს. კეინზი კი ამტკიცებს, რომ ვინაიდან „უნებლიე უმუშევრობა“ რეალურად არსებობს, ეკონომისტებმა უნდა უარყონ კლასიკური მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში. არგუმენტად კეინზი ასახელებს იმ ფაქტს, რომ საერთო დანახარჯები, ანუ ფულის ის რაოდენობა, რაც იხარჯება შემოსავლებიდან, დანაზოგის გაკეთების შემდეგ, განსაზღვრავს მთლიან მოთხოვნას და შესაბამისად – დასაქმებას. სწორედ ეს ფაქტორი ხსნის „უნებლიე უმუშევრობის“ არსებობას. რადგან, თუ ხალხი არ ხარჯავს, ბიზნესი ვერ ყიდის პროდუქტს და შესაბამისად, ვერც სამუშაო ძალას ქირაობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა ზოგად თეორიაში : დანახარჯები არ იზრდება შემოსავლების პროპორციულად. ამ იდეის ასახსნელად, კეინზი იყენებს მოხმარების ზღვრულ მიდრეკილებას  (Marginal Propensity to Consume) – ესაა საზომი, რომელიც ითვლის იმას, თუ რამდენად გაიზრდება დანახარჯები შემოსავლების ზრდის შედეგად. კეინზი ასკვნის, რომ ზღვრული მიდრეკილება დახარჯვისკენ არის ყოველთვის ერთზე ნაკლები, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლის გაზრდა არ იწვევს იმავე რაოდენობით დანახარჯების ზრდას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, არ იზრდება არც მოთხოვნა. მაგალითად, ხელფასის 1$-იანი ზრდა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენი დანახარჯები ერთი დოლარით გაიზრდება, არამედ სავსებით შესაძლებელია, რომ მხოლოდ 0.80$-ით გაიზარდოს და 0.20$ შენახულ იქნას. კეინზი ამ იდეაზე ამბობს, რომ ასეთი მიდგომა, არის ადამიანური ბუნების ფუნდამენტური ნაწილი, ისევე როგორც გამოცდილებით მიღებული პრაქტიკა, და რომ ზოგადად, ადამიანი არ არის მიდრეკილი იმისკენ, რომ გაზარდოს დანახარჯები იმავე რაოდენობით, როგორი რაოდენობითაც იზრდება მისი შემოსავლები. აქედან კეინზი მეორე დასკვნას აკეთებს, რომ ყოველი შესუსტება ხარჯვისკენ მიდრეკილებაში (Propensity to Consume), რაც ადამიანის პერმანენტული „ჩვევაა“, ამცირებს მოთხოვნას კაპიტალზე, ისევე როგორც მოხმარებაზე.

კეინზი ასევე ეხება დანაზოგების და ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილების საკითხს და ამბობს, რომ როდესაც მოთხოვნა მცირდება, ასევე მცირდება ინვესტიციები, რადგან ინვესტორები ვერ ყიდიან საქონელს. ეს პროცესი შესაბამისად წარმოშობს  დანაზოგების ზრდას, რაც რესურსების არათანაბარ განაწილებას იწვევს და შესაბამისად მცირდება ეკონომიკის ზრდა, ისევე როგორც დასაქმება. კლასიკური ეკონომიკა ამ საკითხებსაც თავისუფალ ბაზარს ანდობს, მაგრამ როგორც უკვე ვახსენეთ, კეინზის აზრით, ასეთმა მიდგომამ შეიძლება სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს. კლასიკოსებს სჯეროდათ, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდებოდა, როდესაც ბანკებში არსებული სესხის კაპიტალი გაიზრდებოდა, რაც შესაბამისად შეამცირებდა დამატებითი დანაზოგების კეთებას და წაახალისებდა ინვესტიციებს. კეინზმა ეს იდეა უარყო და დაგვანახა, რომ დანაზოგები არც ისე სწრაფად მცირდება, როგორც საპროცენტო განაკვეთი. ასეთ დასკვნას ის აკეთებს ლიკვიდურობის მახის იდეაზე დაყრდნობით. ტრადიციულ ეკონომისტებს სჯეროდათ, რომ  საბანკო სისტემაში ფულის რაოდენობის ზრდა ცენტრალური ბანკისგან შეამცირებდა  საპროცენტო განაკვეთს, მაგრამ კეინზი გვეუბნება, რომ არსებობს სცენარი, ანუ ლიკვიდურობის მახე, როდესაც ფულის ბეჭვდა არ ამცირებს საპროცენტო განაკვეთს და ეს ხდება იმიტომ, რომ ხალხს ეკონომიკური დეფლაციის მოლოდინი აქვს, რის შედეგადაც ფულს  ქეშად ინახავენ, თავის დაზღვევის მიზნით. აქედან გამომდინარე, კეინზი გვეუბნება, რომ რეცესიების დროს, შედარებით უფრო ეფექტურია, როდესაც სახელმწიფო  ფულს ხარჯავს, მაგალითად, სამშენებლო სექტორში ან ინფრასტრუქტურაში. სწორედ ეს გახლავთ ის მიზეზი, რის გამოც ამბობენ, რომ კეინზი ფისკალურ პოლიტიკას მონეტარულთან შედარებით ანიჭებს უფრო დიდ უპირატესობას, როგორც საშუალებას ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა.

წიგნის გავლენა

როდესაც კეინზმა აღმოაჩინა, რომ ეკონომიკას არა აქვს ბუნებრივი მიდრეკილება თვითრეგულირებისკენ, არამედ პირიქით, არასტაბილურობით ხასიათდება, მან მისწერა ჯორჯ ბერნარდ შოუს – ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის ერთ-ერთ დამაარსებელს: „მე მჯერა, რომ ვწერ წიგნს ეკონომიკურ თეორიაში, რომელიც შეცვლის იმ აზროვნებას, როგორც უდგებიან ეკონომიკურ პრობლემებს მსოფლიოში. არ მგონია, რომ ეს მოხდება დღეს, მაგრამ აუცილებლად მოხდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში.“ მარტივად რომ ვთქვათ, კეინზმა განიზრახა ეკონომიკურ აზროვნებაში მოეხდინა ერთგვარი რევოლუცია, ანუ შეეცვალა ის ფუნდამენტური პრინციპები და იდეები, რაზეც დგას კლასიკური ეკონომიკა.

კეინზის ნამუშევარმა მართლაც გამოიწვია ეგრეთწოდებული ინტელექტუალური მიწისძვრა, რაც კეინსიანური რევოლუციის სახელით არის ცნობილი. ამ დროს ეკონომიკური აზროვნება გაყოფილი იყო ორ ძირითად პოლუსად, სადაც ერთ მხარეს იდგნენ ლიბერალები (კლასიკური და სოციალ-ლიბერალები, რომლებიც დგანან თავისუფლების და თანასწორობის იდეებზე) და მეორე მხარეს – სოციალისტები (რომლებიც ამბობდნენ რომ წარმოების საშულებები უნდა იყოს საზოგადოების ხელში). ორივე მხარე იზიარებდა კეინზის შეხედულებას მთავრობის როლთან მიმართებაში, თუმცა არსებობდნენ კიდევ შედარებით რადიკალური კონსერვატული, მემარჯვენე ეკონომიკური სკოლები, რომელიც ძირითადად მთავრობის ეკონომიკაში ინტერვენციის პრობლემებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ დღესაც, საზოგადოების ნაწილს კეინზი ჯერ კიდევ კომუნისტი ჰგონია, მისი ზოგადი თეორია რეალურად, კაპიტალისტურ წყობას იცავდა კომუნისტური კრიტიკისგან. (ეს იყო კრიტიკა მათგან, ვისაც სჯეროდა, რომ თანასწორობისაკენ მიმავალი გზა გადიოდა მხოლოდ სოციალური კლასებისა და კერძო საკუთრების სრულ გაუქმებაზე). თუმცა, კეინზი ამას აკეთებდა საბაზრო კაპიტალიზმის გარკვეული შეზღუდვით, ანუ რეფორმების გზით, რაც იყო კაპიტალიზმის ერთადერთი გადარჩენის გზა. ზოგადი თეორია გამოიცა სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების ჟამს. ამ დროინდელმა ეკონომიკურმა რეცესიამ, რომელიც დიდი დეპრესიის სახელით არის ცნობილი, გაანადგურა საერთაშორისო ვაჭრობა და შეამცირა დასაქმება. საბაზრო ეკონომიკაზე დაყრდნობილი ისეთი დემოკრატიული ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, იაპონია და იტალია, ამ კრიზისისგან თავის დასაღწევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ტოტალიტარულ რეჟიმებს ერთადერთ გამოსავლად ხედავდნენ. ამავდროულად, კლასიკური ეკონომიკური თეორია ასევე ცდილობდა, როგორმე აეხსნა მაღალი უმუშევრობა და მისი გამოსასწორებელი გზები შემოეთავაზებინა. მათ სჯეროდათ, რომ ხელფასის განაკვეთის შემცირება  იყო სწორედ ის ფაქტორი, რაც შეამცირებდა უმუშევრობას. კეინზიც, თავის მხრივ, ამ საკითხს იკვლევდა და მისი მთავარი ამოცანა წარმოადგენდა იმის წარმოჩენას, თუ რატომ ვერ ახერხებს კლასიკური ეკონომიკური თეორია კრიზისის აღმოფხვრას; რა როლი შეეძლო ეთამაშა მთავრობას ამ მიზნის მისაღწევად ისე, რომ საბაზრო ეკონომიკის ძირითადი სტრუქტურა არ შეცვლილიყო და შესაბამისად, შენარჩუნებულიყო კაპიტალისტური წყობა. პოლ კრუგმანმა, ნობელის პრემიის მფლობელმა ეკონომიკაში, განაცხადა: “კეინზი არ არის სოციალისტი, ის მოვიდა კაპიტალიზმის გადასარჩენად და არა მის დასამარხად.“ სწორედ ამ დროს, როდესაც კლასიკური ეკონომიკა ამბობდა, რომ დასაქმება დეტერმინირებულია მხოლოდ და მხოლოდ შრომის ფასით და გრძელვადიან პერიოდში კონკურენტული ბაზრები ისევ დაუბრუნდებიან სრულ დასაქმებას, დიდმა დეპრესიამ ნათლად აჩვენა, რომ ეს თეორია არ მუშაობდა, რადგან კრიზისი, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უარესდებოდა და მაგალითად, ამერიკაში, უმუშევრობის დონე 25%-ს აღწევდა. ამ დროს გააჟღერა კეინზმა თავისი იდეა იმის შესახებ, რომ ტრადიციული ეკონომისტები ცდებიან და დასაქმების ერთადერთი და მთავარი დეტერმინანტი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება, არა სამუშაო დანახარჯებია, არამედ ერთობლივი მოთხოვნა.

კეინსიანიზმმა თავის მწვერვალს  1960-იან წლებში მიაღწია. ამ დროისათვის, ის წარმოადგენდა მეინსტრიმს ეკონომიკურ პოლიტიკაში. 1966 წელს, მილტონ ფრიდმანმა, კეინზის ალბათ ყველაზე სერიოზულმა ოპონენტმა განაცხადა – „ყველანი კეინსიანელები ვართ“, რაც ასევე გაჟღერებული იქნა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მიერ, როდესაც განაცხადა: „დღეს მეც კეინსიანელი ვარ ეკონომიკურ პოლიტიკაში.“ შემდგომში, ეკონომისტებმა მილტონ ფრიდმანმა და ფრიდრიხ ვონ ჰაიეკმა, ეგრეთწოდებულმა „თავისუფალი ბაზრის ჩემპიონებმა,“ წარმატებული კონრტ-რევოლუცია განახორციელეს კეინსიანური ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ  1970-80 წლებში. მათმა იდეებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ბრიტანეთში და პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე ამერიკაში. თუმცა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, კეინსიანური ეკონომიკური პოლიტიკა ისევ გახდა ერთ-ერთი უმთავრესი დისკუსიის თემა  ეკონომიკაში.

გლობალური მიდგომა 2008-2009 წლის კრიზისთან მიმართებაში ნათლად გვაჩვენებს, თუ რამდენად აქვს გადგმული ფესვები კეინსიანურ ეკონომიკას სამთავრობო დონეზე კრიზისებთან მიმართებაში. ცნობილია, რომ მსოფლიოს მასშტაბით მთავრობებმა სერიოზული ეკონომიკური სტიმულირება განახორციელეს დეფლაციური სპირალის (ეკონომიკური ფენომენი, როდესაც ფასების ვარდნა იწვევს ხელფასების შემცირებას, რაც თავის მხრივ, ფასებს კიდევ უფრო დაბლა სწევს და ა.შ.) თავიდან ასარიდებლად. სტიმულის ობიექტი კი რა თქმა უნდა, კეინსიანური მოთხოვნა იყო, რათა უმუშევრობა შემცირებულიყო. ეს სტიმული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გზით განხორციელდა.

  • მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებაში, უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურმა ბანკებმა მსოფლიოს მასშტაბით 2,5$ ტრილიონის ოდენობის სესხი მიიღეს მთავრობებისა და ბანკებისგან. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ფულადი სტიმული, რაც კი ისტორიას ახსოვს. გარდა ამისა, ამერიკის და ევროპის მთავრობებმა 1,5$ ტრილიონის ფულადი რესურსი მიაწოდეს საკუთარ ბანკებს. ამ სტიმულირების პოლიტიკის შედეგად, საბანკო სისტემას სტაბილურობა შეუნარჩუნდა და მთავრობის ეკონომიკაში ინტერვენცია წარმატებულ პრაქტიკად ჩაითვალა.
  • რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, ამ შემთხვევაშიც, მთავრობებმა სერიოზული სესხები აიღეს და დანახარჯები გაწიეს კეინსიანური თეორიის შესაბამისად. მოგვიანებით, გაერთიანებულმა სამეფომ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ 180 გრადუსით შემოატრიალა ეკონომიკური პოლიტიკა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მიმართა, რათა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ეკონტროლებინათ, თუმცა შეერთებული შტატები კეინსიანური ფისკალური ექსპანსიის კარგ მაგალითად რჩება 2008 წლის კრიზისთან მიმართებაში. ამერიკაში ყველაზე დიდი მოცულობის ფისკალური სტიმული განხორციელდა, რამაც 787$ მილიარდი შეადგინა, რომლის მიზანიც მოთხოვნისა და დასაქმების გაზრდა იყო გადასახადების შემცირებითა და საბიუჯეტო ხარჯების ზრდით.

კეინზის იდეებმა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ეკონომიკურ სფეროში. 2011 წელს, Time Magazine-მა ზოგადი თეორია შეიყვანა 1923 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე დაწერილი წიგნების ტოპ 100-ში. Google Scholar-ის მიხედვით კი წიგნიდან ციტირება მოხდა 25,671-ჯერ, 2015 წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადი თეორია დღეს ისევ რელევანტურია ეკონომიკურ დისკურსში, განსაკუთრებით მთავრობის როლი ეკონომიკაში, ეკონომიკური რეცესიებისა და ფინანსური კრიზისების პრევენციის გზები და პოლიტ-ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხი.

მიმოხილვა მომზადებულია Macat.com-ის ანალიზის მიხედვით.

Share on Facebook136Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.