თორნიკე ჩივაძე: კაპიტალიზმის „მიღწევები“ პოსტსაბჭოურ საქართველოში

შესავალი

განვითარებადი ეკონომიკების ტიპიური პრობლემა გახლავთ შეზღუდული კაპიტალის აკუმულაციის დინამიკა, რომელიც მოგების ზრდას მშრომელების სამუშაო ძალის ხარჯზე ახდენს, როდესაც განვითარებული კაპიტალისტური ეკონომიკის ცენტრალური პრობლემაა გადალახოს აკუმულირებული კაპიტალის მოგების ნორმის დაცემა და კაპიტალის ინტენსივობის მეშვეობით მოახდინოს შრომის პროდუქტიულობის ექსპლუატაცია[1]. პრობლემის გადალახვა ორივე შემთხვევაში შრომის ხარჯზე ხდება, თუმცა დინამიკა სხვადასხვაა. მეორე შემთხვევა ასევე მოიაზრებს შრომის ხარჯზე (სამუშაო ძალის ცხოვრების სოციალურად და ისტორიულად განსაზღვრული სტანდარტის შემცირებით) მოგების ნორმის აწევას, როგორიცაა მაგალითად დღეს ე.წ. “ქამრების შემოჭერის პოლიტიკა”, რაც ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ურტყავს ხელფასებს, ანდაც არაპირდაპირ ე.წ. სოციალურ ხელფასებს (სახელმწიფო სოციალურ სუბსიდიებს). 1970 იან წლების შუისთვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემების მიხედვით, 16 განვითარებულ ეკონომიკაში, შრომას ეკავა ნაციონალური შემოსავლის 75%-იანი წილი . კრიზისის წინ ის 65%ამდე დაეცა. 2008-2009 წლებში ის გაიზარდა, თუმცა ზრდა თავად ეროვნული შემოსავლის ზრდის ფონზე მოხდა და შემდეგ კვლავ განაგრძო დაცემა.

Figure 1 ხელფასების და შრომის პროდუქტიულობის მიმართულება განვითარებულ ქვეყნებში . (index: 1999 = 100). წყარო: ILO Global Wage Database; ILO Trends Econometric Model, March 2012.

მას შემდეგ, რაც განვითარებულ ეკონომიკებში უთანასწორობა საშუალო ფენებსაც მტკივნეულად შეეხო, ჩვეულებრივი ამბავი გახდა ეკონომიკურ უთანასწორობაზე საუბარი მეინსტრიმული მედიიდან და ეკონომისტებისგან.

მაგალითად, პოლ კრუგმანი ერთ-ერთ წერილში აღმოაჩენს რომ ეკონომიკური უთანასწორობის გასაგებად საჭიროა მოგების და საკუთრების ფორმებს მივაქციოთ ყურადღება[2] და ნაკლები ვისაუბროთ კვალიფიკაციის სხვაობაზე. ხშირად შევხვდებით ამ საკითხის განხილვას ისეთ გამოცემებში როგორიცაა “Economist”, ”Forbes” “Financial Times” და სხვანი. ამ და სხვა მოვლენებმა, რომლებმაც გამოიწვია “სოციალური სახელმწიფოების” დაცემა და ე.წ. ნეოლიბერალური გარდაქმნა მნიშვნელოვნად შეცვალა საჯარო დისკურსი როგორც პოლიტიკაში, ისე მედიაშიც და გააჩინა რადიკალური თემების გაჟღერების შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადგილობრივი ელიტა ცდილობს ამ თემების მარგინალიზაციას, ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად საუბრობენ კლასობრივი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე. როგორც არ უნდა ცდილობდეს ძალაუფლება საჯარო პოლიტიკაში ახალი ხმების გაჩენა დემოკრატიის და პლურალიზმის განვითარებით ახსნას, აშკარაა რომ პოლიტიკური სუბიექტები აღმოცენდებიან ობიექტური პირობების განვითარების შედეგად. შესაბამისად, რაც უფრო მოძლიერდება საქართველოში კაპიტალისტური წარმოება, მით უფრო ინტენსიური და მწყობრი იქნება კლასობრივი დაპირისპირება. თუკი ვისაუბრებთ მცირე ქვეყნების თვითგამორკვევის კუთხიდან, ამ საკითხებზე ორიენტირება გაგვიყვანს ნაციონალური ბურჟუაზიის და მსოფლიო იმპერიალისტების ელიტებისთვის საკმაოდ უხერხულ საკითხამდე – ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ისტორიულად მონოპოლიური კაპიტალიზმი შეუძლებელს ხდის განვითარებადი ქვეყნებისთვის კაპიტალისტური განვითარების ტრადიციულ გზას[3]. ამ საკითხის წინ წამოწევა იდეოლოგიურ გარე საყრდენს აცლის შიდა ელიტას (მაგალითად, ჩვენში მუდმივი აპელირება დასავლეთის მიღწევებზე საქართველოს დასავლური ტელეოლოგია) და გარე ელიტებისთვის მათი ეკონომიკურ პოლიტიკას განვითარების გზაზე მყოფ ქვეყნებში (რომელსაც წარმატებით ატარებს კომპრადორი ბურჟუაზია). ეჭქვეშ დგება ზოგიერთი საკითხი დასავლური პარტნიორობის და განვითარების შესახებ.

ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს თავად ევროპულ პოლიტიკაშიც. იკვეთება ახალი ტიპის სოციალისტური პარტიები, რომლებიც დისტანცირდებიან კლასიკური სოციალ დემოკრატიული პარტიებისგან – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები იყო. საბერძნეთის არგუმენტი მარტივი ეკონომიკური ლოგიკიდან გამოდიოდა მაღალი უმუშევრობის, დეპრესიის და ზრდის შეჩერებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ვალების დაბრუნება და ითხოვდა ინსტრუმენტებს, რათა ეფექტურად წარმართულიყო ვალების დაბრუნების პროცესი, რაც შეუძლებელია დეპრესიის დროს. ერთი შეხედვით მსგავსი არგუმენტი წმინდად რაციონალური თვალსაზრისით მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ცენტრს უფრო მეტი სურს ვიდრე ვალების დაბრუნებაა. ეს მეტი კი ცენტრის და პერიფერიის კლასიკური ურთიერთობაა – საბერძნეთს სურს საკუთარი ეკონომიკის ზრდა, პროდუქტიული სექტორის წინ წამოწევა, რომელიც ასევე ვალების დაბრუნების ერთადერთი გარანტია, ხოლო ცენტრს საბერძნეთში “დაგროვების ისეთი რეჟიმის” შენარჩუნება, რომელიც ცენტრის ინტერესებშია და წინააღმდეგობაშია “პერიფერიის” (ამ სიტყვის არა ტრადიციული გაგებით) ინტერესებთან – კერძოდ, ეს ეხება ადგილობრივი ოლიგარქების და კომერციული ბანკების გადარჩენას ქამრების შემოჭერის პოლიტიკის უფრო მეტად გამწვავებით. ევროზონაში და საბერძნეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაასამარა დემოკრატიის და გლობალური კაპიტალიზმის თანაარსებობის მოჩვენებითი შესაძლებლობა.

კაპიტალისტური განვითარება ზემოთ დასახელებულ ორივე შემთხვევაში წინააღმდეგობრივია, თუმცა სუსტად განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში პირდაპირი სოციალური ზიანი უფრო მეტია, რადგანაც საქმე გვაქვს მძიმე სამუშაო პირობებთან, მასობრივ უმუშევრობასთან, სიკვდილიანობის ზრდასთან, ემიგრაციასთან (მათ შორის ე.წ. ტვინების გადინებაც) სოციალურ დაუცველობასთან, პაუპერიზაციასთან და სხვა. განვითარებულ მომწიფებულ კაპიტალიზმში ფულადი კაპიტალის მიგრაცია პროდუქტიული სექტორიდან გაედინება ფინანსურ სექტორში (მოგების მეტი შესაძლებლობის გამო), რომელშიც აკუმულირდება ვალების და ფიქტიური კაპიტალის სახით, რაც ადრე თუ გვიან კრიზისს იწვევს და ეს კრიზისი კვლავ ბრუნდება რეალურ სექტორში, თუმცა ამის განხვილვა ჩვენი წერილის მიზანი არაა.

ბოლო წლების აზიური გამოცდილება ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებს მიწოდების მხრიდან წარმოადგენენ შრომის დანაწილება (რაც პირდაპირ ასახავს შუალედური პროდუქტის ზრდას ეკონომიკური ზრდაში) და კაპიტალის აკუმულაცია (ზრდის კლასიკური თეორია), რაც წინააღმდეგობაში მოდის დასავლეთში გაბატონებულ მთლიანი ფაქტორული პროდუქტიულობის თეორიასთან, როგორც ეკონომიკური ზრდის საკვანძო ასპექტთან[4]. ამ საკითხის უფრო დეტალურ სტატისტიკურ ანალიზსს მომდევნო პოსტებში შემოგთავაზებთ. იქამდე, შეგიძლიათ გაეცნოთ მოყვანილ ბმულებს.

აზიური გამოცდილება კიდევ ერთხელ სვამს საკმაოდ საფუძვლიან კითხვას, თუ რატომ უნდა მიიღონ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებმა დასავლური რჩევები და მოახდინონ სახელმწიფოს როლის შემცირება, იმ დროს როდესაც, თავად ამას არ აკეთებენ და ისტორიულად მათი სიმდიდრეც ე.წ. კაპიტალიზმის ოქროს ხანაში პიკს აღწევდა (პერიოდი როცა ეკონომიკებში გადამწყვეტ როლს კეინზიანური მოთხოვნის მენეჯმენტი და სახელმწიფო ინვესტიციები თამაშობდნენ), ანდაც რატომ ითვლება ინფლაცია ცენტრალურ პოპულარულ პრობლემად, როდესაც ქვეყანაში “ეფექტური მოთხოვნა” დაბალია და მოსახლეობის უმრავლესობა გაღატაკებული და უმუშევარია.

 

პოლ ბარანი განვითარებადი ეკონომიკის შესახებ

ბარანის მიხედვით, განვითარებადი ეკონომიკის შემთხვევაში ჩვენ ყურადღება უნდა მივაპყროთ რესურსებს, რომლებიც გამოუყენებელია, ანდაც არასაკმარისად ეფექტურადაა უტილიზებული, რაც საჭიროებს “ეკონომიკური ნაჭარბის” (economic surplus) მობილიზებას პროდუქტიული ძალების განვითარებისთვის [5]– ამ პროცესს კი განვითარებად კაპიტალისტურ ქვეყნებში მრავალი წინააღმდეგობა ხვდება.

ბარანს შემოაქვს ოპერაციული ცნება “პოტენციური ნაჭარბი”, რომელიც ერთის მხრივ გვაჩვენებს გაბატონებული წარმოების წესის ლიმიტებს (კაპიტალისტურ წარმოებაში ინვესტიციების საფუძველმდებარე მიზეზი მოგებაა და არა პროდუქტიულობა ან “სახმარი ღირებულების” წარმოება როგორც ასეთის) , მეორეს მხრივ კი “პოტენციურ ნაჭარბს” რომელიც არარეალიზებულია და მისი რეალიზება შესაძლებელი იქნებოდა თუკი აღმოვფხვრიდით შემდეგ მოვლენებს: 1- საშუალო და მაღალი ფენების ზედმეტ მოხმარებას, 2- არაპროდუქტიულ დასაქმებას, 3- არარაციონალურ და მფლანგველურ ეკონომიკას, 4- ოფიციალურ და დაფარულ უმუშევრობას (დაფარულ უმუშევრობაზე საქართველოში ქვემოთ ვისაუბრებთ). რადგანაც, არარეალიზებული “აქტუალური ნაჭარბი” განვითარებად ქვეყნებში მცირეა, დგება რადიკალური საზოგადოებრივი რეორგანიზაციის საკითხი, რომელმაც უნდა მოახდინოს მფლანგველური მოხმარების მინიმიზაცია და გაზარდოს არსებული რესურსების პროდუქტიული მოხმარება.

ბარანი ასევე განიხილავს “ეკონომიკური ნაჭარბის” აპროპრიაციის ფორმებს, სადაც შემოდის სახელმწიფოს როლი რათა მოახდინოს “ეკონომიკური ნამეტის გეგმიური” კაპიტალიზაცია, რაც შეიძლება ნაწილობრივ მივიჩნიოთ როგორც თანამედროვე ეფექტური ინდუსტრიული პოლიტიკად (უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბარანისთვის შესაძლებელია მხოლოდ სოციალისტურ საზოგადოებაში, სადაც “ეკონომიკური ნაჭარბის” დაგეგმვა ხდება და არა მონოპოლისტურ კაპიტალიზმში, დღევანდელი ჩინური ეკონომიკა ჩამოგავს ბარანის ამ კონცეფციას).

მნიშვნელოვანია, ქართველ მემარცხენე წრეებში აქტიურად განიხილებოდეს ზრდის პოლიტიკური ეკონომია, რადგანაც გაბატონებული დისკურსი მუდმივად ცდილობს ეკონომიკური ზრდის თეორიიდან გარიყოს სოციალური საკითხები.

პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის კაპიტალისტურ სამყაროსთან ინტეგრირება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ამას ბევრი ლიბერალი მოაზროვნე და ადგილობრივი “დისიდენტები” ფიქრობდნენ. როგორც გამოცდილება აჩვენებს, “შოკური თერაპიის” გაკვეთილები მხოლოდ შოკით დასრულდა და თერაპია დღემდე არ ჩანს ბევრი აღმოსავლურ-ევროპული და პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის, რაც საჭიროებს ძველი პოლიტიკების რადიკალურ გადახედვას და ახალი მიმართულებების დასახვას, რადგანაც ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების 25 წლიანი საქმიანობა გამონაკლისის გარეშე გაბანკროტებულია.

 

პოსტსაბჭოური “ტრანსისტოლოგია[6]

საქართველოში, როგორც იდეოლოგიურ ისე პოლიტიკურ დონეზე, გაბატონებულია გარდამავალი ტელეოლოგია, რომელიც ემყარება ნეოკლასიკურ და ნეოლიბერალურ ეკონომიკურ თეორიებს. ამ თეორიის მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარეობს მეტნაკლებად არაპრობლემური გადასვლა მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკამდე – კომუნიზმიდან დემოკრატიამდე. ამ დისკურსში თუკი რაიმე ისე ვერ მიდის, ეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ჩავარდნით აიხსნება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბაზრისთვის(სპონტანური ძალებისთვის) შეუფერხებელი განვითარების შესაძლებლობას. 90-იანი წლებიდან საქართველოში იწყება მასობრივი პრივატიზაცია[7] და დერეგულაციური პოლიტიკა (განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას), რომლის შედეგებსაც ჩვენ ეხლაღა ვიაზრებთ. შოკური თერაპიის მიხედვით, გარდამავალი პროცესი ჰარმონიულად განვითარდება, როდესაც ჩამოიშლება ტოტალიტარული წარსულის ნაშთები და დაუბრუნდება ბუნებრივი განვითარებას. ამ მხრივ რეფორმები 90-იან წლებში აქტიურად გატარდა.

მოკლედ მიმოვიხილოთ რამოდენიმე ასპექტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან, რომელიც გვაჩვენებს რომ ეკონომიკური ელიტა და კურსი ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებაში პროგრესული როლის თამაშს:

საქ. სტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით უმუშევრობა საქართველოში 1998 წლიდან მოყოლებული მცირე ცვლილებების მიუხედავად 2014 წელს კვლავ 12.4 % ია.

2

რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელები რეალურ მდგომომარეობას ვერ ასახავს, რადგან ამ მონაცემებში შესულია თვითდასაქმებულთა კატეგორიაც. ამ კატეგორიაში კი საქართველოში ზოგადი ეკონომიკური სურათიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ შევიდოდა მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ძალა, ძირითადად ამ კატეგორიაში წვრილი გლეხობა და სხვა საარსებო მინიმუმზე მომუშავეები შედიან. 3

ამ ნაწილის ძირითადი საარსებო წყარო სოფლის მცირე მეურნეობაა და ისეთი სახის შრომაა, რომელიც არა კაპიტალის ზრდას ემსახურება არამედ საკუთარ ფიზიკურ კვლავწარმოებას. ამას აჩვენებს ისიც, რომ სოფლად უმუშევრობის დონე ბევრად დაბალია (5%) ქალაქთან (22%) შედარებით, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი ერთიან შიდა პროდუქტში საკმაოდ დაბალია (შესაბამისად პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია). ერთი სიტყვით, ეს ფენა დასაქმების აქტიური მძებნელია, ვიდრე დასაქმებული, ამის აღწერა კი სამწუხაროდ არ ტარდება.

4
მთლიანი შიდა პროდუქტი 2014 წ – საქ. სტატი.

 

წყარო: ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2013 წ.
წყარო: ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2013 წ.

2013 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალის დასაქმებული 85%-დან 52% თვითდასაქმებულია და თვითდასაქმებულთა რაოდენობაში თითქმის აბსულუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, როდესაც არასასოფლო მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებული სამუშაო ძალა მხოლოდ 32%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ მარტივი დასკვნა, რომ დღევანდელი საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა მალავს რეალურ უმუშევრობას, რადგან მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სამუშაოს აქტიურ მძებნელთა სიაში უნდა შედიოდეს, აქცევს დასაქმებულთა კატეგორიაში (ზემოთ მოყვანილი დაფარული უმუშევრობა).

6

2003 წლიდან მოყოლებული ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 6%იანი იყო 10 წლის განმავლობაში, თუმცა უმუშებრობის ოფიციალური მაჩვენებელი 2003 წელს 11.5%-ს შეადგენდა და 2014 წლის მონაცემებით კი, 12.4 %-ია. ასევე, საინტერესო იქნება ჯინის ინდექსის შემოყვანა, რათა გავაანალიზოთ უმუშევრობის და ეკონომიკური ზრდის ანტისოციალური ხასიათი.

7
წყარო მსოფლიო ბანკი: ჯინის ინდექსი[8].
როგორც ხედავთ, საქართველო საშემოსავლო უთანასწორობის მაჩვენებლით რუსეთს ეცილება.

ამ და სხვა სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს ეკონომიკური ზრდის ძირითადი ხასიათი, რომელსაც კარგად აღწერს ტერმინი “jobless growth”: 2003 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკურმა ზრდამ არ გამოიწვია უმუშევრობის შემცირება და დასაქმებულთა უმეტესობა კვლავ დაბალანაზღაურებად სექტორშია (მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სოფლის მეურნებაში დასაქმებულთა შემოსავალი ურბანულ ნაწილში დასაქმებულ მშრომელთა 20%-ია)[9], 2007 წელს ბუმის პიკის დროს უმუშევრობამ იკლო მხოლოდ 0.5 %-ით. სწორედ ზრდის ამგვარი ხასიათიდან გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული უთანასწორობის ხარისხიც.

ზემოთ მოყვანილი და სხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: 25 წლის განმავლობაში კერძო სექტორი და საბაზრო ძალები ძირითადად მიემართებიან ისეთი სექტორებისკენ, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივის მოცემა, ორიენტირებულნი არიან მოკლევადიან მოგებაზე, არ შეუძლიათ დასაქმების და შრომის დანაწილების ზრდა, არ ზრდიან ეფექტურ მოთხოვნას, გამოირჩევიან სპეკულაციური საქმიანობით და ცხელი ფულის დაბანდებით. ისეთ სექტორებს, როგორიც არის მრეწველობა (რომელიც რეალურად ეკონომიკის გამწევი ძალაა, როგორც დამატებული ღირებულების ისე მშპ-ში წილით) არ ექცევა ყურადღება და სამაგიეროდ ხდებოდა ტურიზმის და საბინაო მშენებლობის წახალისება, რომელიც ასევე არ გამოირჩევა ზემოთ დასახელებული კომპონენტებით. მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველოს ნაწარმის მაჩვენებელი 2007 წლისთვის 1991 წლის დონის 70%-საც ვერ აღწევდა (სავარაუდოდ ზემომოყვანილი “პოტენციური ნაჭარბი”), რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია “დსთ”-ს ქვეყნებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ინტეგრირება საბაზრო ეკონომიკაში მოხდა ნეოკოლონიური განვითარების ფორმით შიდა აგენტების მეშვეობით (ახალი ქართველი კაპიტალისტები), რომლებიც ორიენტირდნენ იაფი ნედლი მასალის გატანაზე და ახდენენ მანუფაქტურული და საკვები პროდუქტების იმპორტს, როდესაც შიდა წარმოება ჩამკვდარია და არ შეუძლია კონკურენციაში ჩაბმა, შეგნებულად მივიწყებულია განათლების სისტემა და მოსახლეობის უმრავლესობა მოსროლილია “მუშათა სარეზერვო არმიაში”. როგორც კლასიკურ ნეოკოლონიალიზის შემთხვევაში ხდება, მოგება განაწილებულია საერთაშორისო კორპორაციებს და კომპრადორი ბურჟუაზიის მიერ, რეინვესტირების და ადგილობრივი წარმოების და ეფექტური მოთხოვნის დონე საკმაოდ დაბალია და მისი ზრდის პერსპექტივა არ ჩანს.

 

უცხოური ინვესტიციები, ინვესტორთა ინტერესები და უცხოური დახმარებები.

“უნდა გვახსოვდეს ამერიკის გაწეული დახმარების მთავარი მიზანი არა სხვა ქვეყნების არამედ საკუთარი თავის დახმარებაა”.

რიჩარდ ნიქსონი 1968

პოსტსაბჭოური გარდაქმნის შედეგად დასავლური კაპიტალიზმისთვის საკმაოდ დიდი სივრცე გამოთავისუფლდა, რომელშიც შესაძლებელი იყო კაპიტალის დაბანდება. ლოკალური ელიტების მუდმივი რიტორიკაც ინვესტიციების საჭიროებას და მათთვის პირობების ხელშეწყობას გულისხმობს. ეს შრომის, სატარიფო და ფისკალური პოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე მიგვითითებს. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად განვითარებად ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი გადაჭარბებულია, როგორც ეკონომიკური ზრდის საფუძველი. რეალურად, განვითარებულ კაპიტალისტური ქვეყნებში უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია კეთდება, ვიდრე განვითარებულიდან განვითარებადში.

New York Times -ის მიხედვით, 2006 წლისთვის კაპიტალის საერთო ტრანსფერი ღარიბი ქვეყნებიდან მდიდარ ქვეყნებში 784 მილიარდს აღწევს, რაც 2002 წლისთვის 229 მილიარდი იყო. უღარიბესი ქვეყნებიც კი, მაგალითად, სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებია წარმოადგენენ ფულის “ექსპორტიორებს” მდიდარ ქვეყნებში”[10]. რა თქმა უნდა, აქ წარმოების გლობალიზაციაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ დღეს საქართველოში პოლიტიკურ დონეზე საკმარისად არაა გაცნობიერებული ქვეყნის სოციალისტურიდან კაპიტალისტურ სამყაროში გადასვლის შედეგები[11]. არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ უცხოური კაპიტალი არ იქნება ინვესტირებული, სანამ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ მოიტანს ინვესტირებულზე მეტ მოგებას. კერძო უცხოური ინვესტიციები ახდენენ ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი “ნაჭარბის” რეალურ შემცირებას, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში მოხმარებული იქნებოდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, გადინების გაჩერების გამო.

როდესაც ვსაუბრობთ უცხოურ დახმარებაზე ან ინვესტიციებზე, მუდმივად უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ის, რომ მოგების ნორმა კაპიტალზე განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ მაღალია და ფასების ტრანსფერების, შრომის ღირებულებაზე დაბლა ყიდვით, გადასახადებისგან თავის არიდებით, ყალბი გადამზიდი კომპანიების, თაღლითობით და სხვა მექანიზმებით მანიპულირება მარტივია სახელმწიფოს უუნარობის გამო, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ასევე, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის, რომ კაპიტალის მოძრაობას განსაზღვრავს კაპიტალისტური ფირმების ინტერესები, რაც აუცილებლად არ გულისხმობს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ინტერესებს ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც.[12]

სახელმწიფო ვალების და დახმარებების უმრავლესობა მიდის ისეთი სფეროებისკენ (დიდი წილი ინფრასტრუქტურაში), რომლებიც არ შედის კონკურენციაში განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების პროდუქციასთან და ხშირად მათ მომგებიან ცირკულაციას ემსახურება. ეს პროცესი კი აძლიერებს ადგილობრივ ვაჭრების საშინაო ფენას, რომლის ინტერესებშიც სტატუს-კვოს შენარჩუნებაა და ამისთვის მათ საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გავლენებიც გააჩნიათ. ასევე, საჭიროა გავარჩიოთ ინვესტიციების სახე ახალ კაპიტალს ქმნიან თუ ის უბრალოდ არსებული კაპიტალის ხელიდან ხელში გადატანას ახდენს.

ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ქვეყანაში არც უცხოურ ინვესტიციებსა და დასაქმების ზრდაში გვაქვს ძლიერი კორელაცია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფოს ჩარევის და განსხვავებული ინდუსტრიული პოლიტიკის შექმნის აუცილებლობას და წარსული პრაქტიკებისგან რადიკალურ გამიჯვნას, ამის დანახვა მარტივად შეიძლება ეროვნული სტატისტიკის მონაცემებით დანახვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სპეციფიური კვლევებიც დაამტკიცებენ სუსტი კორელაციის არსებობას.

 

ინდუსტრიული ურთერთობები

თუკი ვინმე დაზარალდა პოსტსაბჭოური გარდაქმნით ეს პირველ რიგში მშრომელთა კლასია. კაპიტალისტური წარმოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა მშრომელების წარმოების საშუალებებისა და შრომის პირობებისგან ჩამოცილება (ეს პროცესი სხვადასხვა დროის და ადგილის მიხედვით სხვადასხვა ფორმით ხდება). გარდაქმნის პირველ ეტაპზე მოხდა მშრომელების წარმოების საშუალებებისგან “გათავისუფლება” (პრივატიზაციის) მეშვეობით, რასაც თავისთავად ინდუსტრიულ ურთიერთობებში იურიდიული ცვლილებები მოჰყვა, შრომის კოდექსი მკვეთრად ორიენტირებულია კაპიტალის ინტერესებზე, რაც ნოყიერ ბაზისს ქმნიდა მშრომელთა ექსპლუატაციისთვის. აქ განვიხილავ საკითხის ერთ მხარეს, რომელიც შრომის მატერიალურ პირობებს და უსაფრთხოებას ეხება.

დღესაც აქტიური დავა მიმდინარეობს „საქართველო პროფკავშირსა“ და სახელმწიფოს შორის, რათა დაინერგოს ეფექტური შრომის ინსპექცია, რომლის შექმნასაც საქართველოს მთავრობას ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. ამ მხრივ, ჩვენთვის მეტად გასათვალისწინებელია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებების გაზიარება, რათა მოხდეს საწარმოო ტრამვების მინიმუმადე დაყვანა. მაგალითად, 1998 წელს სლოვაკეთმა მოახდინა ILO C 176-ის რატიფიცირება. ამ დროისათვის, მას წლიურად სამთომოპოვებით სექტორში სამსახურეობრივი ტრავმის 1000-ზე მეტი შემთხვევა ჰქონდა. კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, საწარმოო ტრამვების მაჩვენებელმა იკლო, 2006 წელს შრომის უსაფრთხოებაზე ახალი კანონის მიღების შემდეგ ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაიკლო. ერთობლივად, ამ ზომებმა ხელი შეუწყო იმას, რომ სლოვაკეთში 2012 წელს 12 000 დასაქმებულზე მხოლოდ 2 ტრავმა აღირიცხა[13].

8

9

რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხოების დაცვა უფრო ფართო საკითხს უკავშირდება. ზოგადად, ეს არის კაპიტალის ტენდენცია, ერთის მხრივ, მოახდინოს უკვე გასაგნებული შრომის მაქსიმალური დაზოგვა (სამუშაო დანადგარები, შენობები, ვენტილაციის და ზოგადად სხვა სამუშაო პირობები) და მეორეს მხრივ, მოახდინოს ადამიანის სამუშაო ძალის, სიცოცხლის მაქსიმალური გაფლანგვა, რაც ხშირად ფატალურად სრულდება. შრომის უსაფრთხოების საკითხი ასევე ეჭქვეშ აყენებს კაპიტალის ინოვატორულ ბუნებას (რადგანაც, ის უკავშირდება არამხოლოდ უშუალოდ უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინვენტარს, არამედ ზოგადად “მუდმივი კაპიტალის” გამოყენებას). ჩვენ რეალობაში ვხედავთ, რომ როდესაც ფირმას არ გააჩნია რაიმე გარე იძულება, ის არ ახდენს ინოვაციების დანერგვას, რადგანაც ეს შეამცირებდა მოგების ნორმას (მიუხედავად იმისა, რომ გაზრდიდა ზედმეტი ღირებულების ნორმას). მაგრამ, როდესაც სხვა ფირმა აიაფებს საქონელს ტექნოლოგიური მეთოდებით, მასაც უწევს გაიაფების ტენდენციაში ჩაებას. გაიაფება შესაძლებელია მიიღწეს ორი საშუალებით: 1- ესაა შრომის დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვა, 2- ესაა სამუშაო ძალის ფასის დაპრესვა. როგორც ვხედავთ სუსტი პროფკავშირული მოძრაობის, უმუშევრობის მაღალი ხარისხის, სახელმწიფოს მიერ მუშათა მოძრაობის რეპრესიისა და სხვა ფაქტორების გამო, განვითრებად ქვეყნებში მეორე საშუალებაა გაბატონებული. კაპიტალის მოძრაობა, რომელიც ათანასწორებს მოგების ნორმას, სექტორების გარშემო იწვევს არათანაბარი განვითარების პროცესს: გათანაბრება გაცვლაში (ერთი ფასი ბაზარზე) მალავს არათანაბარი განვითარების წყებას წარმოების სფეროში – საქონლის გაიაფება ხდება ან “ცივილიზებული” ან ბარბაროსული ფომით. რა თქმა უნდა, ამ საკითხის გაშლა უფრო ფართოდაც შეიძლება, თუმცა აქ ამის ადგილი არაა (იხილეთ: მარქსი კაპიტალი 3-ე ტომი). ისე, კი უნდა ითქვას, რომ ამ საკითხშიც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. თუნდაც ძლიერი შრომის ინსპექციის შექმნამ, გარდა იმისა, რომ შეამცირებს საწარმოო მკვლელობების რიცხვს, შეიძლება აიძულოს მეწარმეებს დანერგონ ინოვაციები.

 

უმუშევრობა და ხელფასების დაპრესვა.

“სახელმწიფო ჩვენს დასაქმებას იმისთვის იყენებს, რომ ხალხი ჩუმად იყოს. თანაც ალტერნატიული დასაქმების საშუალებას არ გვაძლევენ, რომ მუდმივად ვიყოთ მიმაგრებული მაღაროს”.

ჭიათურის მაღაროს მუშა.

ის, რომ უმუშევრობა, კაპიტალისტური წარმოების თანმდევი, ქრონიკული პროცესია, მარქსმა დასაბუთებულად გადმოსცა სამუშაო ძალის “სარეზერვო არმიის” თეორიაში, რომელიც უმუშევრობის დონეს კაპიტალის აკუმულაციის დონის ცვლილებასთან აკავშირებს. რა თქმა უნდა, უმუშევრობის მუდმივი პრობლემა, მეინსტრიმულმა ეკონომისტებმაც შეამჩნიეს და საპასუხოდ შექმნეს უმუშევრობის ბუნებრივი დონის თეორია, რომელმაც, რა თქმა უნდა, პრობლემა რეალობიდან არ გააქრო, თუმცა გააქრო ეკონომიკური მსჯელობებისგან და ყველა დამშვიდდა (უმუშევრების გარდა).

უმუშევრობა ამერიკაში 1890-2010.კ.რომერი -Spurious Volatility in Historical Unemployment Data", The Journal of Political Economy
უმუშევრობა ამერიკაში 1890-2010.კ.რომერი -Spurious Volatility in Historical Unemployment Data”, The Journal of Political Economy

მიხალ კალეცკი თავის, 1943 წელს გამოქვეყნებულ ცნობილ სტატიაში, “სრული დასაქმების პოლიტიკური ასპექტები” აღწერს იმ მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება კაპიტალისტების კლასი ეწინააღმდეგებოდეს სრული დასაქმების პოლიტიკას, თუნდაც სრული დასაქმების დანრეგვა მათთვის სასარგებლო შედეგებს იძლეოდეს. კალეცკის ამტკიცებს, რომ სრული დასაქმება, მშრომელებს მაღალი ხელფასების მიღების ძალას ანიჭებს კოლექტიური მოლაპარაკების და საერთო საზოგადოებრივი წონის გაძლიერების საშუალებით. შრომის დაუცველობა კი დამსაქმებელთა ფენისთვის დისციპლინის პოლიტიკური მექანიზმია. როდესაც სამუშაო ბაზარზე კონკურენცია მეტია, რა თქმა უნდა, კაპიტალისტს შეუძლია მარტივად ჩაანაცვლოს სამუშაო ძალა და მაქსიმალურად დაპრესოს მისი ღირებულება. როდესაც არსებობს ასეთი მდგომარეობა ნებისმიერი მოთხოვნა სამუშაო პირობებზე, ხელფასების ზრდაზე და ა.შ. მარტივად იგნორირებადია დამსაქმებლებისგან, და ამიტომაც, მიუხედავად მოგების ინტერესისა, ისინი არ თმობენ ამ დისციპლინის და პოლიტიკური კონტროლის საშუალებას. ამის გამო სახელმწიფოს უწევს არჩევნის გაკეთება მიმართოს პოლიტიკა მოხმარების სტიმულირებაზე თუ გაატაროს ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, როგორც ვხედავთ დღეს მსოფლიოში ეს საკითხი მწვავედ დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების პრობლემა სხვა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით, ჩვენნაირ ქვეყნებში ამ საკითხების წინ წამოწევა გადამწყვეტია ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური განვითარებისთვის, რადგან აღარ დავუშვათ მავნებლური ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარება, რომელსაც საფუძველი 90-იანებში ჩაეყარა.

 

დასკვნის ნაცვლად

შემოსავლების არათანაბარი განაწილება განმსაზღვრელი ფაქტორია მოხმარებაში და ინვესტიციებში. რამდენს დახარჯავენ მშრომელები მოხმარებაში ეს განსიზღვრება მათი საერთო შემოსავლის მიხედვით. როგორც წესი, მათი საერთო შემოსავლის უდიდესი წილი მოდის მოხმარებაზე და არა დანაზოგზე ან ინვესტიციებზე. კაპიტალისტების კი პირიქით. აქედან გამომდინარე, როდესაც შემოსავლების უთანასწორობა მზარდია, თავს იჩენს კაპიტალიზმის კლასიკური წინააღმდეგობა: შეფერხებული სამომხმარებლო მოთხოვნა აფერხებს საქონლის გაყიდვას, რაც კაპიტალისთვის საჭიროა. მეორეს მხრივ, კი მომგებიანი ინვესტიციების შესაძლებლობა განისაზღვრება სამომხმარებლოს საქონელზე ეფექტური მოთხოვნის ზრდით, რომელიც თავის მხრივ კაპიტალის აკუმულაციის საზღვრებს ექვემდებარება. როგორც მარქსმა აღნიშნა, “ყველა კაპიტალისტმა იცის საკუთარ მშრომელზე, რომ ის მას არ განიხილავს როგორც მწარმოებელი მომხმარებელს, და (აქედან გამომდინარე) სურს შეზღუდოს მისი მოხმარება, ანუ მისი გაცვლის შესაძლებლობა, მისი ხელფასი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ სხვა კაპიტალისტების მშრომელებს მისი საქონლის მოხმარების, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. თუმცა ყველა კაპიტალისტის საკუთარ მშრომელებთან ურთიერთობა, როგორც ასეთი, შრომასა და კაპიტალს შორის ურთიერთობაა, რაც საფუძველმდებარე ურთიერთობაა. წარმოიშვება ილუზია რომ, მისი მშრომელების გარდა, მთელი მუშათა კლასი მის წინაშე წარმოდგება როგორც მომხმარებლები და გაცვლაში მონაწილენი, როგორც ფულის მხარჯველები და არა როგორც მუშები…“ ეს აჩენს მუდმივ წინააღმდეგობას წარმოების და განაწილების პროცესში, რაც დამახასიათებელია ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი წყობისთვის, რომელშიც კაპიტალისტური წარმოების წესი ბატონობს.

მაღალი დასაქმება მიიღწევა მხოლოდ შედარებით მაღალი ხელფასებით და მაღალი ინვესტიციების მაჩვენებლით. ამას როგორც ვხედავთ კერძო სექტორი არ უზრუნველყოფს, რაც უფრო და უფრო მეტ საჭიროებას ქმნის სახელმწიფოს მიერ მოქმედებისთვის, ისევე როგორც ეს ჩინეთში ხდება, სადაც უმუშევრობა მკვეთრად ეცემა, უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი გამოვიდა მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული სიღატაკის კატეგორიიდან და ხელფასების მატების ტენდენციაა განხვავებით ამერიკისგან, სადაც რეალური ხელფასების 30 წლიანი სტაგნაციაა. ჩვენ გვესაჭიროება განვლილი პოლიტიკების რადიკალური გადააზრება, რომელიც არ იქნება ნეოლიბერალურ დოგმატურ იდეებზე აგებული, ანდაც გაიმეორებს რიკარდოს თავისუფალი ვაჭრობის თეორიებს, რომელიც მხოლოდ კოლონიური ქვეყნებისთვის გამოიყენებოდა. რა თქმა უნდა, კაპიტალისტურ განვითარებას წინააღმდეგობრივი ბუნება გააჩნია და ის არ იქნება ჰარმონიული, თუმცა ჩვენი ვალია ამ პროცესების დამანგრეველი გავლენის მაქსიმალურად არიდება მშრომელებისთვის და ფართო მოსახლეობისთვის.

ჩემს მიერ ჩამოყრილი თემები წარმოადგენს იმ საკითხების ერთგვარ მონიშვნას, რომლებსაც ჭირდება გაღრმავება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მემარცხენე ძალების განვითარებისთვის, ისე პოზიტიური პროექტის ჩამოყალიბებისთვის, რომელზეც უნდა აეგოს პოლიტიკური ბრძოლა.

 

ბიბლიოგრაფიადა განმარტებები

[1] შრომის საერთო პროდუქტიულობის ზრდა (კაპიტალის ორგანული შემადგენლობა) და მოგების ნორმის დაცემის ტენდენცია განხილულია მარქსის კაპიტალის მესამე ტომში. ისტორიული თვალსაზრისით, ამ თეზისის ყველაზე თვალნათელ მაგალითად 70-იანებში მოგების ნორმის საერთო დაცემას მოიაზრებენ (მომწიფებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში). იხილეთ: ანვარ შეიხი, ფრედ მოსელი, დომენიკე და ლევი, მაიკლ რობერტსი, დევიდ იაფე და სხვა მარქსისტი ეკონომისტები.

[2] ხშირად ვარსკვლავი ეკონომისტები აღმოაჩენენ და შემდეგ ჩვენც გვაცნობენ იმას, რაც დეკადების წინ უკვე აღმოჩენილია- http://krugman.blogs.nytimes.com/2012/12/11/human-versus-physical-capital/?_r=0

საუბარია იმაზე, რომ როდესაც ეკონომისტები შემოსავლების უთანასწორობაზე საუბრობენ, ისინი ძირითადად ამას ხსნიან კვალიფიკაციის სხვაობის საფუძველზე, ანდაც ნეოკლასიკური განაწილების ზღვრული პროდუქტიულობის თეორიით, რომელიც მიიჩნევს, რომ წარმოების ყველა ფაქტორი ანაზღაურებულია მის მიერ ნაწარმში შეტანილი წვლილის მიხედვით. იხილეთ ფრედ მოსლის კრიტიკა : http://www.paecon.net/PAEReview/issue59/Moseley59.pdf და http://www.paecon.net/PAEReview/issue61/Moseley61.pdf

[3] შეიძლება ჩემ თავს შენიშვნა მივცე იმის შესახებ, რომ კაპიტალიზმის განვითარების ტრადიციული მშვიდობიანი გზა იდეოლოგიური სურათია, რომელსაც თანამედროვე კაპიტალიზმი ქმნის. რის უკანაც იმპერიალიზმი, კლასობრივი ბრძოლა და უაღრესად დაძაბული სოციალური დინამიკა დგას თავად ამ ქვეყნებში..

[4] The Dynamics of Economic Growth: Policy Insights from Comparative Analyses in Asia Hardcover – 29 Nov 2013

by Vu Minh Khuong. ასევე იხილეთ ჯონ როსის სტატიები.

[5] ეკონომიკური ნამატი ბარანთან და სვიზისთან თითქმის იგივეა, რაც მარქსთან აგრეგირებული საერთო ნაწარმსა და შრომის რეალურ შემოსავალს შორის სხვაობა.

[6] იხ – Michael Burawoy, “The End of Sovietology and the Renaissance of Modernization Theory,” Contemporary Sociology 21:6

[7] ვლადიმერ პაპავა ნაშრომში “პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართელოს ეკონომიკა”2002 წ. ასკვნის, რომ საბჭოური საწარმოო საშუალებები და ინფრასტრუქტურა ყოვლად უვარგისი იყო. ნაწილობრივ ეს მართალია, თუმცა კვლევა არც ავტორს მოყავს და არც მე შევხვედრივარ სადმე, თანაც უნდა ითქვას ისიც, რომ საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც საბჭოური ინფრასტრუქტურით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემური საკითხია, რომელსაც ცალკე განხილვა ესაჭიროება. პრივატიზაციის პროცესის განხილვა შეუძლებელია წმინდად ტექნიკური თვალსაზრისიდან, (მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის “მორალული ცვეთა” მართლაც მაღალი იქნებოდა), როდესაც რეალურად საქმე ქონების დატაცებას ეხება, რამაც დღევანდელი ეკონომიკური ელიტა მოგვცა საქართველოში.

[8] იხ – http://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI

[9] იხ – http://www-wds.worldbank.org/external/default/WDSContentServer/WDSP/IB/2009/04/29/000350881_20090429111740/Rendered/PDF/444000ESW0P1071C0Disclosed041281091.pdf

[10] New York Times(March 25, 2007)

[11] იხილეთ ჯონ სმიტის შესანიშნავი სადოქტორო და მისი ახალგამოსული წიგნი

[12] იხილეთ პოლ ბარანის წიგნი – The Political Economy of Growth. განსაკუთრებით ვენესუელას და ამერიკის „თანამშრომლობის“ ანალიზი.

[13] (Promoting Environmental and Social Accountability in the Mining Sector in the Caucasus NGO Eco Renaissance 2014 Annex 1.1 Study of the trends and dynamics of the mining industry development in Georgia and Azerbaijan).

“შედარებითი უპირატესობის” თეორიის კრიტიკისთვის იხილეთ შემდეგი წიგნი.

აღნიშნული წერილი, თავდაპირველად შეცვლილი სახით გამოქვეყნდა შემდეგ მისამართზე

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ